ზღაპარისაბავშვო

ოსკარ უაილდი – ვარსკვლავ ბიჭუნა

ერთხელ, დიდი ხნის წინათ, უზარმაზარ ფიჭვის ტყეში შინისაკენ გზას მიიკვლევდა ორი ღარიბი შეშისმჭრელი. ზამთრის ცივი ღამე იყო, თოვლი სქლად იდო მიწაზე და ხეების ტოტებზე: გზის ორივე მხარეს პატარა შტოებს ტკაცატკუცი გაჰქონდათ ყინვისაგან. და როდესაც შეშისმჭრელები მთის მდინარესთან მივიდნენ, ნახეს, რომ მას საძრაობა დაჰკარგოდა, რადგან მეფე-ყინულს ეკოცნა მისთვის.

ისე ციოდა, რომ ცხოველებმა და ფრინველებმაც კი აღარ იცოდნენ რა ექნათ…

– უუჰ! -ყმუოდა მგელი და კუდამოძუებული კოჭლობით მიძვრებოდა ჩირგვებში, – მართლაც რომ ჯოჯოხეთური ამინდია. ნეტა მთავრობა რას უყურებს?

– უიით! უიით! უიით! – ჟღურტულებდნენ მწვანე ბზეწვიები, – ბებერი დედამიწა მომკვდარა და მისთვის თეთრი სუდარა გადაუფარებიათ.

– დედამიწა ჯვარს იწერს და ეს მისი საპატარძლო ტანსაცმელია, – ერთმანეთს გადაუჩურჩულეს გვრიტებმა. პატარა ვარდისფერი ფეხები სულ მთლად დასძროდათ ყინვისაგან, მაგრამ თავის მოვალეობად მიიჩნიეს რომანტიკულად აეხსნათ არსებული მდგომარეობა.

– სისულელეა! – დაიღრინა მგელმა, – გეუბნებით, რომ ეს სულ მთავრობის ბრალია და ჩემი არ გჯერათ, შეგჭამთ. – მგელი ზედმიწევნით პრაქტიკული ჭკუისა იყო და არასდროს არ უჭირდა დამაჯერებელი არგუმენტის გამონახვა.

– მე რომ მკითხოთ, – თქვა კოდალამ, რომელიც დაბადებით ფილოსოფოსი იყო, – განმარტების ატომური თეორიის თაყვანისმცემელი არ გახლავართ. რაც არის, არის და ამჟამად საშინლად ცივა.

მართლაც საშინლად ციოდა. პატარა ციყვები, რომლებიც მაღალი ნაძვის ხის ფუღუროში ცხოვრობდნენ, განუწყვეტლივ უსრესდნენ ერთმანეთს ცხვირს, იქნებ როგორმე გავთბეთო. ბაჭიები სოროებში მოკუნტულიყვნენ და გარეთ ცხვირის გამოყოფასაც ვერ ბედავდნენ. მხოლოდ დიდ რქოსან ჭოტებს თითქოს სიამოვნებდათ კიდეც სიცივე. დათრთვილული ბუმბული მთლად გაშეშებოდათ, მაგრამ ამას აინუნშიაც არ აგდებდნენ. დიდ ყვითელ თვალებს აბრიალებდნენ და ერთმანეთს გასძახოდნენ ტყეში:

– თუ-ით, თუ-ჰუუ! თუ-ით თუ-ჰუუ! რა შესანიშნავი ამინდი დაგვიდგა!

ორი შეშისმჭრელი სულ წინ და წინ მიიწევდა, თან გაშმაგებით იორთქლავდნენ თითებს. მათ რკინით აჭედილ უზარმაზარ ჩექმებს გაყინულ თოვლზე ბაკაბუკი გაჰქონდა.

ერთხელ ნამქერში ჩაიფლნენ, და როდესაც იქიდან ამოძვრნენ, სწორედ ფქვილში ამოგანგლულ მეწისქვილეებსა ჰგავდნენ. ერთხელაც ფეხი აუსხლტათ გაყინული ტბის მაგარ და გლუვ ყინულზე. გუდურა დაეშალათ, შეშა დაებნათ. ხელახლა აკრიფეს შეშა და ხელახლა შეკრეს. მერე ეგონათ, გზა დავკარგეთო და საზარელმა შიშმა აიტანა შეშისმჭრელები, რადგან იცოდნენ, რომ თოვლი არ ინდობს მას, ვისაც მის მკერდზე მიეძინება. ისინი მიენდვნენ მო.გზაურთა მფარველ კეთილ წმინდა მარტინს, თავისსავე ნაკვალევს დაადგნენ და ფრთხილად განაგრძეს გზა; ბოლოს ტყის ნაპირს მიაღწიეს და ქვემოთ მინდორში თავისი სოფლის სინათლეები დაინახეს.

შეშისმჭრელებს ისე გაეხარდათ სამშვიდობოს გასვლა, რომ ხმამაღლა დაიწყეს სიცილი და დედამიწა ვერცხლის ყვავილად მოეჩვენათ, მთვარე კი – ოქროს ყვავილად.

მაგრამ, როდესაც თავისი სიღატაკე მოაგონდათ, დანაღვლიანდნენ და ერთმა მეორეს უთხრა:

– რა გვამხიარულებს, როდესაც ვხედავთ, რომ ცხოვრება მდიდრებისაა და არა ჩვენისთანებისა. ისევ სჯობდა სიცივით დავხოცილიყავით ტყეში, ან რომელიმე მხეცის ლუკმა გავმხდარიყავით.

– მართალს ამბობ, – გამოეპასუხა მეგობარი, – ზოგს ბევრი აქვს, ზოგს კი ცოტა. უსამართლობას დაუნაწილებია ქვეყანა და მწუხარების გარდა არაფერი დაურიგებია თანაბრად.

მაგრამ, როდესაც შეშისმჭრელები თავის გაჭირვებას შესჩიოდნენ ერთმანეთს, უცნაური რამ მოხდა. ცას მეტად კაშკაშა და ლამაზი ვარსკვლავი მოსწყდა, ცაზე ჩამოსრიალდა, სხვა ვარსკვლავებს ჩამოუქროლა და როგორც მოეჩვენათ განცვიფრებულ შეშისმჭრელებს, ჩაეშვა ტირიფის ხეებს იქით, რომლებიც ჯგუფად იდგნენ პატარა ფარებთან, სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით.

– აჰა, ესეც შენი საუნჯე, თუკი იპოვი, – შესძახეს შეშისმჭრელებმა და უმალ გაიქცნენ – ისე სწყუროდათ სიმდიდრე.

და ერთმა შეშისმჭრელმა, რომელიც თავის მეგობარზე მარდად გარბოდა, გაუსწრო მეორეს. ტირიფებში გზა გაიკვლია და ჰოი, საკვირველებავ! თეთრ თოვლში მართლა რაღაც ოქროს საგანი დაინახა; მისკენ გაეშურა, დაიხარა და ხელით შეეხო. ეს იყო მრავალჯერ დაკეცილი ოქროქსოვილის წამოსასხამი, რომელზედაც ვარსკკლავები იყო ამოქარგული უცხოდ. შეშისმჭრელმა მეგობარს გასძახა, ციდან ჩამოვარდნილი საუნჯე ვიპოვეო, და როდესაც მისი მეგობარი მივიდა, ისინი თოვლში ჩასხდნენ და წამოსასხამი გაშალეს, რათა ოქრო გაეყოთ. მაგრამ, დახეთ უბედურებას! იმ წამოსასხამში არც ოქრო იყო, არც ვერცხლი და არც სხვა რამ საუნჯე, არამედ მხოლოდ პატარა მძინარე ბავშვი.

და მაშან ერთმა უთხრა მეორეს:

– გაცუდდა ჩვენი იმედი. ბედიც არა გვქონია. აბა, პატარა ბავშვი რაში გამოგვადგება? ეგ აქ დავტოვოთ და ჩვენი გზით წავიდეთ. ჩვენ ხომ ღარიბები ვართ და რა უფლება გვაქვს სხვას მივცეთ ჩვენი შვილების ლუკმაპური.

მეორემ კი მიუგო:

– ბავშვი რომ აქ დავტოვოთ, თოვლში დაიღუპება, და დიდ ბოროტებად ჩაგვეთვლება. თუმცა მე შენსავით ღარიბი ვარ და ბევრი სული მყავს სარჩენი, ქოთანში კი არაფერი მიყრია, ბავშვს თან წავიყვან და ჩემს ცოლს ჩავაბარებ.

მან მეტად ნაზად აიყვანა ბავშვი, კარგად შეფუთნა, რათა სიცივისაგან დაეცვა და მთიდან სოფლისაკენ დაეშვა; მეორე შეშისმჭრელს დიდად უკვირდა მეგობრის სიბრიყვე და გულჩვილობა.

როდესაც სოფელს მიაღწიეს, ამხანაგმა უთხრა:

– ბავშვი ხომ შენა გყავს, მე კი წამოსასხამი მომეცი. თანაბრად არ უნდა გაგვეყო ნაპოენი?

შეშისმჭრელმა მიუგო:

– არა, წამოსახამი არც შენია და არც ჩემი, იგი ბავშეს ეკუთვნის.

მან გამარჯვება უსურვა ამხანაგს, თავის სახლთან მივიდა და დააკაკუნა.

როდესაც შეშისმჭრელის ცოლმა კარი გააღო და დაინახა, რომ ქმარი მშვიდობით დაუბრუნდა, კისერზე მოეხვია და აკოცა. მერე შეშის გუდურა ჩამოართვა, ჩექმებზე თოვლი ჩამოუბერტყა და შინ შეუძღვა.

– მე რაღაც ვიპოვე ტყეში და შენ მოგიტანე, უნდა მოუარო, – უთხრა შეშისმჭრელმა, რომელიც ზღუდეს არ შორდებოდა.

– რა არის? – შესძასა ქალმა. – აბა, მაჩვენე, სახლი ცარიელი გვაქვს, ჩვენ კი ბევრი რამ გვჭირდება.

შეშისმჭრელმა წამოსასხამი გადასწია და ცოლს უჩვენა მძინარე ბავშვი.

– შე უბედურო! – წაილუღლუღა ქალმა, ჩვენი ღვიძლი შვილები არ გვეყოფა, რომ ეს ნაპოვნი ბავშვი არ დავისვათ კერასთან! ვინ იცის, იქნებ რაიმე უბედურებაც მოგვიტანოს? როგორ უნდა გავზარდოთ? – და ცოლი ძალიან გაუწყრა ქმარს.

– არა, ეს ხომ ვარსკვლავ-ბიჭუნაა, – მიუგო შეშისმჭრელმა და უამბო როგორ უცნაურად იპოვეს იგი.

მაგრამ ცოლი მაინც ვერ დამშვიდებულიყო, ქმარს სასაცილოდ იგდებდა და გაბრაზებით ეუბნებოდა:

– ჩვენი შვილები ვერ დაგვიპურებია, სხვის შვილს რა უნდა ვაჭამოთ? ჩვენზე რომ არავინ ზრუნავს, ჩვენ რომ არავინ გვაძლევს ლუკმას?

– ღმერთი ბეღურებზედაც კი ფიქრობს და საკვებს არ აკლებს, – უპასუხა ქმარმა.

– განა ზამთარში ბეღურები შიმშილით არ კვდებიან? – იკითხა ქალმა, – და განა ზამთარი არ არის ახლა? – მაგრამ ქმარმა არაფერი უპასუხა და არც ფეხი მოიცვალა ადგილიდან.

ტყიდან მონაბერი სუსხიანი ქარი ოთახში შემოიჭრა, რადგან კარი ღია იყო. ქალი სიცივემ აიტანა და ცახცახი დააწყებინა.

– კარს არ დახურავ? სუსხიანი ქარი უბერავს და მცივა, – თქვა მან.

– განა მუდამ სუსხიანი ქარი არ უბერავს სახლს, სადაც გულცივი ადამიანი ცხოვრობს? – ჰკითხა ქმარმა. ქალს არაფერი უთქვამს, ოღონდ ცეცხლთან მიიწია.

ცოტა ხნის შემდეგ ქალი მობრუნდა და ქმარს შეხედა: თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მაშინ შეშისმჭრელი სწრაფად შევიდა ოთახში და ბავშვი ხელში მისცა. ქალმა აკოცა მას და იმ საწოლზე დააწვინა, სადაც მის უმცროს ბავშვს ეძინა. მეორე დილით შეშისმჭრელმა ოქროს უცნაური წამოსასხამი აიღო და დიდ სკივრში შეინახა, ცოლმა კი ბავშვს კისერზე ქარვის მძივი შეხსნა და ისიც სკივრში ჩადო.

ამგვარად, ვარსკვლავ-ბიჭუნა შეშისმჭრელის შვილებთან ერთად იზრდებოდა, მათთან ერთად ჭამდა და თამაშობდა. და რაც წლები გადიოდა, სულ უფრო მშვენდებოდა; ისე რომ ყველა, ვინც იმ სოფელში ცხოვრობდა, გაოცებული იყო, რადგან თავად შავგვრემანი პირისახე და შავი თმა ჰქონდათ, ხოლო ბიჭი იყო სპილოს ძვალივით თეთრი და ნაზი; კულულები ყვითელი ნარგიზის გრაგნილებს მიუგავდა. მისი ტუჩები წითელი ყვავილის ფურცლებს მოაგონებდა ადამიანს, თვალები კი – იას, გამჭვირვალე მდინარესთან რომ იზრდება, და სხეული კი – მინდვრის ნარგიზს, რომელზედაც მთიბავს ჯერ არ გაუვლია.

და სწორედ სილამაზემ მოუტანა მას ვნება. იგი გაიზარდა გოროზი, უწყალო და თავკერძა. ეზიზღებოდა შეშისმჭრელის შვილები და სოფლის სხვა ბავშვები. რადგან, როგორც ამბობდა, ისინი მდაბიო წარმოშობისა იყვნენ; თვითონ კი თავი კეთილშობილად მოჰქონდა. ხშირად უთქვამს, ვარსკვლავის ჩამომავალი ვარო. ბავშვებს გაუდიდგულდა და თავის მსახურთ უწოდებდა მათ. არც ღარიბები ებრალებოდა, არც ბრმები და ხეიბრები და არც სხვა ბედკრულები. ქვებს უშენდა, შარაგზაზე აგდებდა, სხვაგან ითხოვეთ მოწყალებაო. ასე, რომ ამ სოფელში ორჯერ ვერავინ ითხოვდა მოწყალებას, თუ არა თავზეხელაღებული. ვარსკვლავ-ბიჭუნა სილამაზის ნამდვილი ტრფიალი გახლდათ. იგი დასცინოდა უძლურთ და მასხრად იგდებდა უსახურთ. საკუთარი თავი კი უყვარდა და ზაფხულში, როდესაც ქარი არა ქროდა, იგი დაწვებოდა ხოლმე წყაროსთან მღვდლის ბაღნარში და დაჰყურებდა საოცრად ლამაზ საკუთარ სახეს და იცინოდა თავისი სილამაზით აღტაცებული.

ხშირად ტუქსავდნენ მას შეშისმჭრელი და მისი ცოლი:

– ჩვენ ისე არ მოგქცევივართ, როგორც შენ ექცევი უბედურთ, რომელთაც პატრონი არავინა ჰყავთ. რატომ ხარ ასეთი ულმობელი და არ გებრალება ის, ვინც სიბრალულს იმსახურებს? – ეუბნებოდნენ ისინი.

ხშირად მოიხმობდა ხოლმე მას მოხუცი მოძღვარი და ცდილობდა ყოველივე ცოცხალის სიყვარული ჩაენერგა მისთვის. ასე ეტყოდა ხოლმე:

– ბუზი ძმაა შენი, ნურას დაუშავებ. გარეული ჩიტები, ტყეში რომ დაძრწიან, თავისუფალნი არიან, მაშ ნუ დაუგებ მახეს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის. ღვთის გაჩენილია და ღმერთმავე მიუჩინა თითოეულს თავისი ადგილი. შენ რა ნება გაქვს, რომ ტანჯვა მოგაქვს ღვთისაგან გაჩენილ ქვეყანაში, როდესაც მინდვრად რომ ჯოგია, ისიც კი ხოტბას ასხამს უფალს.

მაგრამ ვარსკვლავ-ბიჭუნა ყურადღებას არ აქცევდა მათ სიტყვებს. წარბს შეიკრავდა ხოლმე და დასცინოდა, შემდეგ კი თავის ამხანაგებს დაუბრუნდებოდა და თავის ჭკუაზე ათამაშებდა მათ. ბიჭები მის ნება-სურვილს მისდევდნენ, რადგან ის იყო ლამაზი, მარდი, იცოდა ცეკვა, სალამურზე დაკვრა და მუსიკის შეთხზვაც შეეძლო. სადაც კი უნდა წაეყვანა ვარსკვლავ-ბიჭუნას ბავშვები, ისინი მიჰყვებოდნენ და რაც უნდა ებრძანებინა მათთვის, ასრულებდნენ მის ბრძანებას.

როდესაც ის წვეტიანი ლერწმით თხუნელას მქრქალ თვალებს თხრიდა, ბავშვები იცინოდნენ, როდესაც კეთროვანს ქვებს ესროდა, ისინი ისევ იცინოდნენ. ყველაფერში მათი მოთავე იყო და ბავშგები ისევე გულქვანი გახდნენ, როგორც თვით ვარსკვლავ-ბიჭუნა.

* * *

ერთხელ სოფელში საბრალო მათხოვარმა ქალმა გამოიარა. მას ტანსაცმელი შემოფლეთოდა და ძონძებად ეკიდა, ფეხები კი ქვებზე სიარულით დასისხლიანებოდა. ის საბრალო შესახედავი იყო და წაბლის ხის ძირას ჩამოჯდა დასასვენებლად.

– როდესაც ვარსკვლავ-ბიჭუნამ დაინახა იგი, თვის ამხანაგებს უთხრა:

– შეხედეთ აგერ მშვენიერი ამწვანებული ხის ქვეშ ვიღაც ბინძური მათხოვარი ზის. მოდი, აქედან გავაგდოთ. ის ხომ გონჯი და საზიზღარია.

ვარსკვლავ-ბიჭუნა მათხოვართან მივიდა, ქვები დაუშინა და სიცილი დააყარა. ქალი კი შეძრწუნებული უყურებდა და თვალი ვერ მოეშორებინა მისთვის. ეს დაინახა შეშისმჭრელმა, რომელიც იქვე შეშას ჩეხდა, ბიჭთან მიირბინა და დატუქსა:

– მართლაც რომ გულქვა და შეუბრალებელი ხარ, თორემ აბა რა დაგიშავა ამ საბრალო ქალმა, ასეთნაირად რომ ექცევი?

ვარსკვლავ-ბიჭუნა ბრაზით წამოწითლდა და მიწაზე ფეხი დააბაკუნა.

– რა შენი საქმეა, მე როგორ ვიქცევი? მე შენი შვილი არა ვარ შენი ბრძანება რომ შევასრულო – შესძახა მან.

– შენ მართალს ამბობ, – მიუგო შეშისმჭრელმა, – მე კი მაინც შემეცოდე, ტყეში რომ გიპოვე.

ამ სიტყვების გაგონებაზე მათხოვარმა ხმამაღლა შეჰყვირა და გული შეუწუხდა. შეშისმჭრელმა იგი თავის სახლში წაიყვანა, მისმა ცოლმა კი მოუარა. და როდესაც მათხოვარი დედაკაცი გონს მოვიდა, ხორცი და სასმელი შესთავაზეს და სთხოვეს, დაწყნარდიო.

მაგრამ დედაკაცს საჭმლისთვის პირი არ დაუკარებია, ოღონდ შეშისმჭრელსა ჰკითხა:

– შენ არა თქვი, ბავშვი ტყეში ვიპოვეო? სწორედ ათი წლის წინათ ხომ არ მოხდა ეგ ამბავი?

– დიახ, სწორედ ტყეში ვიპოვე იგი და ეს მოხდა ათი წლის წინათ, – მიუგო შეშისმჭრელმა.

– კიდევ ხომ არაფერი გიპოვია ბავშვთან ერთად? – შესძახა ქალმა, – ქარვის მძივი ხომ არ ეკეთა ყელზე და ოქროქსოვილის წამოსასხამში ხომ არ იყო გახვეული?

– სწორედ ეგრე იყო, როგორც შენ ამბობ, – უპასუხა შეშისმჭრელმა. სკივრიდან წამოსასხამი და ქარვის მძივი ამოიღო და მათხოვარს უჩვენა.

მათ დანახვაზე ქალი სიხარულით ატირდა და შეშისმჭრელს უთხრა:

– ეს ჩემი პატარა ბიჭია, რომელიც ტყეში დავკარგე. გემუდარებით, ჩქარა მომიყვანეთ, მის ძებნაში მთელი ქვეყანა შემოვიარე.

შეშისმჭრელი და მისა ცოლი გარეთ გავიდნენ, ვარსკვლავ-ბიჭუნას დაუძახეს და უთხრეს:

– წადი შინ, იქ დედაშენი გელოდება.

განცვიფრებული და გახარებული ვარსკვლავ-ბიჭუნა სახლში შევარდა, მაგრამ როდესაც ნახა, ვინც ელოდებოდა, ზიზღით გაიცინა და თქვა:

– კი, მაგრამ, სად არის დედაჩემი? მე ამ საზიზღარი მათხოვრის მეტს აქ ვერავის ვხედავ.

ქალმა კი უპასუხა:

– მე ვარ დედაშენი.

– გეტყობა, შეშლილი ხარ, ამას რომ ამბობ! – გაჯავრებით დაიძახა ვარსკვლავ-ბიჭუნამ. – მე არა ვარ შენი შვილი, რადგან შენა ხარ მათხოვარი და გონჯი და ძონძები გაცვია. აქედან გაეთრიე, ეგ ბინძური სახე აღარ დამანახო.

– არა, შენ ნამდვილად ჩემი პატარა შვილი ხარ, რომელიც ტყეში ვშობე, -შესძახა ქალმა, მუხლზე დაეცა და ბავშვისკენ გაიწვდინა ხელები. – ყაჩაღებმა ჯერ მოგიტაცეს, მერე კი სასიკვდილოდ გაგწირეს, – ლუღლუღებდა იგი. – გნახე თუ არა, იმწამსვე გიცანი, შენი ოქროქსოვილის წამოსასხამი და ქარვის მძივიც ვიცანი. გევედრები, წამომყევი, მე მთელი ქვეყანა შემოვიარე შენს ძებნაში. წამომყევი, ჩემო შვილო, მე მჭირდება შენი სიყვარული.

მაგრამ ვარსკვლავ-ბიჭუნა ადგილიდან არ იძროდა, გულის კარი დახშული ჰქონდა დედისთვის, სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ქალის მწარე ტირილი არღვევდა.

ბოლოს ბიჭი მათხოვარს გამოელაპარაკა და მისი ხმა მტკიცე და შეუბრალებელი იყო.

– თუ შენ მართლა დედაჩემი ხარ, – თქვა მან, – სჯობდა სულ არ მოსულიყავი. ჩემდა სამარცხვინოდ. მე მეგონა, რომ რომელიღაც ვარსკვლავის შვილი ვიყავი და არა ვიღაც მათხოვრისა, როგორც შენ ამბობ. ამიტომ აქაურობას მოშორდი და მეტი აღარ დამენახო.

– ვაი, ჩემო შვილო, – შესძახა დედაკაცმა, – ნუთუ ისე გამისტუმრებ, რომ ერთსაც არ მაკოცებ. რამდენი რამ გადამხდა თავს, სანამ გიპოვიდი.

– არა, – მიუგო ბიჭმა, – შენ მეტისმეტად შემზარავი შესახედი ხარ, უმალ ჭრელ გველს ან გომბეშოს ვაკოცებ.

ქალი წამოდგა და მწარედ ატირებული ტყისკენ გაემართა.

როდესაც ეს დაინახა ვარსკვლავ-ბიჭუნამ, გაეხარდა, კვლავ თავის მეგობრებს მიაშურა, რათა თამაში განეგრძო. მაგრამ როდესაც მისმა ამხანაგებმა დაინახეს ვარსკვლავ-ბიჭუნა, დასცინეს:

– ეგ რა მოგსვლია? გომბეშოსავით საზიზღარი და ჭრელი გველივით საზარელი ხარ. აქედან გაგვეცალე, თორემ სულ ერთია, ჩვენთან არ გათამაშებთ.

და მათ ვარსკვლავ-ბიჭუნა ბაღიდან გააგდეს.

ვარსკვლავ-ბიჭუნამ წარბი შეიკრა და ჩაილაპარაკა:

– ნეტა რას ამბობენ? წავალ, ჭაში ჩავიხედავ და ის მეტყვის ჩემს სილამაზეს.

იგი ჭასთან მივიდა და წყალში ჩაიხედა. მაგრამ, ჰოი, საშინელებავ! სახით გომბეშოს დამსგავსებოდა, სხეული კი გველის ქერცლით დაფაროდა. ვარსკვლავ-ბიჭუნა ბალახზე დაემხო და ატირდა:

– უთუოდ ცოდვამ მიწია. მე ხომ დედა უარვყავი და გავაგდე კიდეც, ისე ქედმაღლურად და გულქვად მოვექეცი. ახლა კი მთელ ქვეყანას შევაჯერებ, ოღონდ ვიპოვო იგი და ვიდრე არ ვიპოვი, ვერ მოვისვენებ.

ამ დროს მასთან შეშისმჭრელის პატარა გოგონა მივიდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– რა ვუყოთ, რომ შენ სილამაზე დაჰკარგე? დარჩი ჩვენთან, მე არ დაგცინებ.

ბიჭმა კი უთხრა: .

– არა, მე უწყალოდ მოვექეცი დედას. და ეს ჩემი სასჯელია. ახლა კი ქვეყნად უნდა ვიხეტიალო, ვიდრე არ ვიპოვი დედაჩემს, რომ პატიება ვთხოვო.

ვარსკვლავ-ბიჭუნა ტყეში გაიქცა. დედას უძახდა და სთხოვდა დაბრუნებულიყო, მაგრამ პასუხი არ ისმოდა. მთელი დღე უხმობდა იგი დედას და როდესაც მზე ჩავიდა, ფოთლების სარეცელზე დაწვა. ჩიტები და ცხოველები გაურბოდნენ მას, რადგან კარგად ახსოვდათ მისი ბოროტება და ის სულ მარტო იყო. მხოლოდ გომბეშო უთვალთვალებდა, და ჭრელი გველი, რომელმაც ნელინელ ჩაუსრიალა შორიახლოს. დილით ბიჭი ადგა, ხეებზე მწარე კენკრა დაკრიფა და შეჭამა. შემდეგ გულსაკლავი ტირილით დაბურულ ტყეს მიაშურა.

ვარსკვლავ-ბიჭუნამ თხუნელას უთხრა:

– შენ შეგიძლია მიწის სიღრმეში ჩახვიდე. მითხარ, დედაჩემი ხომ არ არის იქ?

თხუნელამ კი მიუგო:

– აბა საიდან მეცოდინება, შენ ხომ თვალები დამთხარე.

მაშინ ბზეწვიას მიმართა:

-შენ მაღალ ხეებზე უფრო მაღლა დაფრინავ და მთელი ქვეყნის დანახვა შეგიძლია. მითხარ, დედაჩემს ხომ ვერსად ხედავ?

მაგრამ ბზეწვიამ მიუგო:

-შენ ხომ ფრთები დამაჭერი თავის შესაქცევად, როგორღა ავფრინდე ასე მაღლა?

პატარა ციყვს, რომელიც ნაძვის ხეზე ცხოვრობდა განმარტოებით, ჰკითხა ბიჭმა:

-სად არის დედაჩემი?

ციყვმა უპასუხა:

– რაო, მოსაკლავად ხომ არ დაეძებ დედაშენს? შენ ხომ დედა მომიკალი.

ვარსკვლავ-ბიჭუნა ატირდა და დაბლა დახარა თავი, რომ ღვთის ქმნილებათათვის პატიება ეთხოვა. შემდეგ ტყეში გზა განაგრძო და სულ მათხოვარ დედაკაცს ეძებდა. მესამე დღეს ტყის მეორე ბოლოში გავიდა და ველისაკენ დაეშვა. სოფელ-სოფელ დაეხეტებოდა ვარსკვლავ-ბიჭუნა. ბავშვები დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, გლეხები კი ბოსელშიც არ აწვენდნენ იმის შიშით, რომ წერნაკი არ გაეჩინა იქ შენახული მარცვლისათვის, ისეთი შემზარავი იყო იგი. არავის შებრალებია და მოჯამაგირეებმაც კი გააგდეს. დედისა ვერა გაიგო რა, თუმცა უკვე სამი წელი შესრულდა, რაც დედამიწის ზურგი შეაჯერა ხეტიალით. ვარსკვლავ-ბიჭუნას ხშირად ეჩვენებოდა დედა გზაში, გამოეკიდებოდა ხოლმე, უხმობდა, სანამ წვეტიან ქვებზე ფეხები არ დაუსისხლიანდებოდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაეწია. გზის პირას მცხოვრებნი კი ირწმუნებოდნენ, არავინ გვინახავს მაგის მსგავსიო, და სიცილად არ ჰყოფნიდათ ბიჭის უბედურება.

მთელი სამი წელი დაეხეტებოდა იგი ქვეყნად, მაგრამ არსად უნახავს არც სიყვარული, არც თანაგრძნობა და არც სიბრალული. ქვეყანა იყო ისეთი, როგორიც მან თვითონ შექმნა, როდესაც უდიდესი ამპარტავნებით იყო შეპყრობილი.

* * *

ერთ საღამოს ვარსკვლავ-ბიჭუნა მდინარის პირას გაშენებული, კარგად გამაგრებული ქალაქის კარს მიადგა და თუმც დაღლილი იყო და ფეხზედაც იარები გასჩენოდა, ქალაქში შესვლა მოინდომა. მაგრამ საგუშაგოზე მდგომი ჯარისკაცები აფთებით გადაეღობნენ წინ და უხეშად ჰკითხეს:

– ამ ქალაქში რა გესაქმება?

– დედას დავეძებ, – მიუგო ბიჭმა, – გთხოვთ, შემიშვათ, იქნებ სწორედ ამ ქალაქში იყოს დედაჩემი.

მაგრამ ჯარისკაცებმა სასაცილოდ აიგდეს. ერთერთმა მათგანმა კი შავი წვერი შეარხია, ფარი დაბლა დაუშვა და შესძახა:

– რა გაეხარდება დედაშენს შენი ნახვა! შენ უფრო შემზარავი ხარ, ვიდრე გომბეშო და ჭრელი გველი, ჭაობში რომ ბუდობენ. გასწი, გაეთრიე აქედან. დედაშენი აქ არა ცხოვრობს.

მეორე გუშაგმა, რომელსაც ხელში ყვითელი დროშა ეჭირა, ბიჭსა ჰკითხა:

– ვინ არის დედაშენი და რატომ დაეძებ მას?

და ვარსკვლავ-ბიჭუნამ მიუგო:

– დედაჩემი ჩემსავით მათხოვარია, მე კი ცუდად მოვეპყარი. გემუდარებით, შემიშვით, რომ პატიება ვთხოვო, თუ ამ ქალაქშია.

მაგრამ ჯარისკაცებმა არ შეუშვეს და შუბებით დაჩხვლიტეს იგი.

ვარსკვლავ-ბიჭუნა ატირდა და უკან წასვლა დააპირა. ამ დროს გუშაგებს მიუახლოვდა კაცი, რომლის აბჯარი ოქროს ყვავილებით იყო მოვარაყებული და ჩაჩქანზე ფრთოსანი ლომი ჰქონდა გამოკვეთილი. მან იკითხა, ვის უნდა ქალაქში შემოსვლაო, და ჯარისკაცებმა უპასუხეს: მათხოვარია, მათხოვრის შვილია და ჩვენ გავაგდეთო.

– არა, – სიცილით შესძახა მან, – ჩვენ მონად გავყიდით ამ ბინძურ ქმნილებას და იმ ფულით ერთ ფიალა ტკბილ ღვინოს მაინც დავლევთ.

და ამ დროს გამოიარა ბოროტი სახის მქონე მოხუცმა კაცმა და თქვა:

– მე ვიყიდი მაგ ბიჭს ამ ფასად, – და როდესაც მან ფული გადაიხადა, ხელი ჩასჭიდა ვარსკვლავ-ბიჭუნას და ქალაქში შეიყვანა.

როდესაც მრავალი ქუჩა გაიარეს, კედელში დატანებულ პატარა კარს მიადგნენ. კედელს ბროწეულის ხე ფარავდა. მოხუცი ეშმის მოჩუქურთმებული ბეჭდით შეეხო კარს და იგი გაიღო. მათ სპილენძის ხუთი საფეხური აიარეს და აღმოჩნდნენ ბაღში, რომელიც შავი ყაყაჩოთი და გამომწვარი თიხის მწვანე დოქებით იყო სავსე. და მაშინ თავისი ჩალმიდან მოხუცმა ნაყშიანი აბრეშუმის ხილაბანდი ამოიღო, ვარსკვლვ-ბიჭუნას თვალები აუხვია და წინ გაიგდო. როდესაც ხილაბანდი მოხსნეს, იგი აღმოჩნდა დილეგში, რომელიც რქის სანათით იყო განათებული.

მოხუცმა ტაბლით ცოტაოდენი ობმოკიდებული პური დაუდგა წინ და უთხრა, ჭამეო: ფინჯნით მარილიანი წყალი მოუტანა და უთხრა, დალიეო. და როდესაც ბიჭმა ჭამა გაათავა, მოხუცი დილეგიდან გავიდა და კარი რკინის ჯაჭვით ჩაკეტა.

* * *

და მეორე დილას მოხუცი, რომელიც ნამდვილად ლიბიის უდიდესი გრძნეული იყო და თავისი ხელობა ნილოსის სამარხებში მცხოვრები ერთი კაცისაგან შეესწავლა, ბიჭთან მივიდა, მკაცრად შეხედა და უთხრა:

– ტყეში, რომელიც გიაურთა ქალაქის კარის მახლობლადაა, ოქროს სამი ფულია. ერთი თეთრი ოქროსია, მეორე ყვითლისა და მესამე კი წითელი ოქროსი. დღეს თეთრი ოქროს ფულს მომიტან და თუ ვერ მოიტანე, ას წკეპლას დაგარტყამ. აბა, ახლა ჩქარა წადი. მე კი მზის ჩასვლისას ბაღის კარებთან დაგელოდები. იცოდე, თეთრი ოქრო მოიტანე, თორემ ცუდად იქნება შენი საქმე. შენ ხომ ჩემი მონა ხარ და მე ერთი ფიალა ტკბილი ღვინის ფასად გიყიდე. -და მან ნაყშიანი აბრეშუმის ხბლაბანდით შეუხვია თვალები ვარსკვლავ-ბიჭუნას და გამოიყვანა სახლიდან, შემდეგ ყაყაჩოს ბაღიდან და სპილენძის ხუთი საფეხური აატარა. შემდეგ თავისი ბეჭდით პატარა კარი გააღო და ბიჭი ქუჩაში გაუშვა.

* * *

ვარსკვლავ-ბიჭუნა ქალაქის კარს გასცილდა და მალე იმ ტყესთან მივიდა, გრძნეულმა რომ მიასწავლა.

ტყე შორიდან ძალიან ლამაზი მოჩანდა და სავსე უნდა ყოფილიყო მგალობელი ჩიტებითა და სურნელოვანი ყვავილებით. ვარსკვლავ-ბიჭუნა საამოვნებით შევიდა ტყეში, მაგრამ ეს სილამაზე მხოლოდ მოჩვენებითი გამოდგა, რადგან საითაც კი გადადგამდა ნაბიჯს, დედამიწიდან ამოიმართებოდნენ ასკილის წვეტიანი ბუჩქები და ეკლები და გარს ერტყმოდნენ, უკეთური ჭინჭარი სუსხავდა მას და შავი ნარი ნემსებივით ესობოდა. იგი დიდად იტანჯებოდა, თეთრ ოქროს ფულს კი, გრძნეულმა რომ უთხრა, ვერსად მიაგნო, თუმცა დილადან შუადღემდე და შუადღიდან მზის ჩასვლამდე ეძებდა მას. და როცა მზე ჩავიდა, მან პირი სახლისკენ იბრუნა, თან მწარედ ტიროდა, რადგან იცოდა, რაც მოელოდა.

როდესაც ტყის პირს მიაღწია, ტევრიდან ვიღაც ჭირში მყოფის ყვირილი მოესმა. და ვარსკვლავ-ბიჭუნას დაავიწყდა საკუთარი უბედურება, იგი სირბილით დაბრუნდა უკან და დაინახა, რომ პატარა კურდღელი გაბმულიყო ვიღაც მონადირის მიერ დაგებულ მახეში.

ვარსკვლავ-ბიჭუნას შეებრალა იგი, გაათავისუფლა და უთხრა:

– მე თვითონ მხოლოდ მონა ვარ, მაგრამ მაინც შემიძლია თავისუფლება დაგიბრუნო.

კურდღელმა მიუგო:

– შენ თავისუფლება მომანიჭე. მითხარ, რითი შემიძლია სამაგიერო მოგიზღო?

ვარსკვლავ-ბიჭუნამ უთხრა:

– თეთრ ოქროს ფულს დავეძებ და ვერსად მიპოვნია. შინ რომ ხელცარიელი დავბრუნდე, პატრონი შავ დღეს დამაყრის.

– წამომყევი, – უთხრა კურდღელმა, – მე გიჩვენებ თეთრ ოქროს ფულს, რადგან ვიცი, სად არის ის ფული და ისიც ვიცი, რისთვის დამალეს იქ.

ვარსკვლავ-ბიჭუნა წაჰყვა კურდღელს და ჰოი, საკვირველებავ; დიდი მუხის ხის ნაპრალში დაინახა თეთრი ოქრო, რომელსაც ეძებდა. იგი სიხარულით აღივსო, ოქროს ხელი წაატანა და კურდღელს შესძახა:

– ჩემი სამსახურის წილ მრავლის უმეტესი მომაგე და ჩემი შენზე სიკეთე ასგზის გადამიხადე.

– არა, – მიუგო კურდღელმა, – მე მხოლოდ სამაგიერო გადაგიხადე, – და მან მოკურცხლა, ვარსკვლავ-ბიჭუნა კი ქალაქისკენ გაემართა.

ქალაქის კართან კეთროვანი იჯდა. სახეზე ნაცრისფერი ტილო ჰქონდა ჩამოფარებული და ნახვრეტებიდან ნაკვერცხლებივით უელავდნენ თვალები; როცა მან მომავალი ვარსკვლავ-ბიჭუნა დაინახა, ხის თასს ხელი დაჰკრა, ზარი ააწკარუნა და ასე უთხრა:

– მომეცი ფული, თორემ შიმშილით მოვკვდები. ქალაქიდან გამომაძევეს და არავის ვებრალები.

– ვაი, რომ ჩემს შულდაკში მხოლოდ ერთი ცალი ფულია და ის რომ ჩემს პატრონს არ მივუტანო, მცემს, რადგან მისი მონა ვარ, – უთხრა ბიჭმა.

მაგრამ კეთროვანი იმდენი ევედრა, სანამ ვარსკვლავ-ბაჭუნას არ შეებრალა და თეთრი ოქროს ფული არ მისცა.

როდესაც ვარსკვლავ-ბიჭუნა გრძნეულის სახლს მიუახლოვდა, გრძნეულმა კარი გაუღო, შიგ შეიყვანა და ჰკითხა: –

– მოიტანე თეთრი ოქროს ფული?

ბიჭმა უპასუხა:

– არა, არ მომიტანია.

მაშინ გრძნეული მივარდა და ცემა დაუწყო. შემდეგ წინ ცარიელი ტაბლა დაუდგა და უთხრა, ჭამეო. ცარიელი ფინჯანი მიუგდო და უთხრა, დალიეო, და ისევ დილეგში დაამწყვდია.

მეორე დილას გრძნეული დილეგში შევიდა დაბიჭს უთხრა:

– დღეს რომ არ მოიტანო ყვითელი ოქროს ფული, სამუდამოდ მონად გიყოლიებ და სამას წკეპლას დაგარტყამ.

ვარსკვლავ-ბიჭუნა ტყეში წავიდა და მთელი დღე ეძებდა ყვითელ ოქროს ფულს, მაგრამ ვერსად იპოვა. როცა მზე ჩავიდა, დაჯდა და ტირილი დაიწყო. ამ დროს ის პატარა კურდღელი მიუახლოვდა, რომელიც ხაფანგს გადაარჩინა.

კურდღელმა ჰკითხა:

– რა გატირებს? ან რას დაეძებ ტყეში?

და ბიჭმა მიუგო:

– მე ვეძებ აქ დამალულ ყვითელ ოქროს ფულს და თუ ვერ ვიპოვე, ჩემი პატრონი მცემს და ისევ მისი მონა ვიქნები.

– გამომყევი, – შესძახა კურდღელმა, წინ გაიქცა და ტყეში ერთ გუბურასთან მიირბინა, რომლის ფსკერზე ყვითელი ოქროს ფული იდო.

– რითი გადაგიხადო მადლობა? – შესძახა ვარსკვლავ-ბიჭუნამ. – ეს უკვე მეორედ მიხსენი.

– არა, შენ პირველმა შემიცოდე, – მიუგო კურდღელმა და გაიქცა.

ვარსკვლავ-ბიჭუნამ აიღო ყვითელი ოქროს ფული, შულდაკში ჩააგდო და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ქალაქისაკენ. კეთროვანმა ბიჭი შენიშნა, მისკენ გამოქანდა. წინ დაუჩოქა და შესძახა:

– მომეცი ფული, თორემ შიმშილით მოვკვდები.

ვარსკვლავ-ბიჭუნამ კი მიუგო:

– ჩემს შულდაკში მხოლოდ ერთი ყვითელი ოქროს ფულია და ის რომ ჩემს პატრონს არ მივუტანო, მცემს და სამუდამოდ მონად დამტოვებს.

მაგრამ კეთროვანი იმდენ ხანს ევედრა, სანამ ბიჭს არ შეეცოდა და ყვითელი ოქროს ფული არ მისცა.

და როდესაც ბიჭი გრძნეულის სახლს მიუახლოვდა, პატრონმა კარი გაუღო, შიგ შეუშვა და ჰკითხა:

– მოიტანე ყვითელი ოქროს ფული?

და ვარსკვლავ-ბიჭუნამ უპასუხა:

– არა, არ მომიტანია.

მაშინ გრძნეული მივარდა და ცემა დაუწყო. შემდეგ ბორკილები დაადო და ისევ დილეგში ჩააგდო.

მეორე დილას გრძნეული ვარსკვლავ-ბაჭუნასთან მივიდა და უთხრა:

– დღეს თუ წითელ ოქროს ფულს მომიტან, თავისუფლებას დაგიბრუნებ, ხოლო თუ ხელცარიელი დაბრუნდი, ცოცხალი არ გადამირჩები.

ვარსკვლავ-ბიჭუნა ტყეში წავიდა და მთელი დღე ეძებდა წითელ ოქროს ფულს, მაგრამ ვერსად იპოვა. საღამოთი იგი დაჯდა და ტირილი დაიწყო. უცბად მასთან პატარა კურდღელმა მიირბინა.

და კურდღელმა უთხრა:

– წითელი ოქროს ფული, რომელსაც ეძებ, შენს უკან რომ მღვამეა, იქ არის. მაშ ნუღარ ტირი, გამხიარულდი.

– რითი გადაგიხადო სამაგიერო? – შესძახა ბიჭმა, – შენ სამჯერ მიხსენი.

– არა, შენ პარველმა შემიცოდე, – მიუგო კურდღელმა და გაიქცა.

და ვარსკვლავ-ბიჭუნა მღვიმეში შევიდა და მის უშორეს კუთხეში წითელი ოქროს ფული იპოვა. მან იგი თავის შულდაკში ჩააგდო და ქალაქისაკენ გაეშურა. და როდესაც კეთროვანმა დაინახა იგი, შუაგზაზე გამოვიდა და დაუძახა:

– მომეცი წითელი ოქროს ფული, თორემ სიკვდილი მელის, – და ვარსკვლავ-ბიჭუნას კვლავ შეეცოდა კეთროვანი, წითელი ოქროს ფული მისცა და უთხრა, შენ ჩემზე მეტად გიჭირსო. გული კი მეტად დამძიმებული ჰქონდა, რადგან იცოდა, რაც მოელოდა.

* * *

მაგრამ, ჰოი საკვირველებავ! როდესაც ვარსკვლავ-ბიჭუნა ქალაქში შევიდა, მცველებმა მორჩილების ნიშნად თაყვანი სცეს. თან დასძინეს:

– რა მშვენიერია ჩვენი ბატონი.

მოქალაქეების ბრბო კი მისდევდა და გაიძახოდა:

– ქვეყნად არავინ გვეგულება ასეთი ლამაზი.

ვარსკვლავ-ბიჭუნა კი ატირდა, რადგან იფიქრა, დამცინიან და ჩემს უბედურებასაც არაფრად აგდებენო. ხალხის ნაკადი კი ისეთი დიდი იყო, რომ ბიჭუნა გზას ასცდა და ბოლოს აღმოჩნდა დად მოედანზე, სადაც აღმართულიყო მეფის სასახლე.

და სასახლის კარიბჭე გაიღო და ვარსკვლავ-ბიჭუნას გამოეგებნენ ქურუმნი და დიდებულნი. მათ თაყვანი სცეს და მოახსენეს:

– შენ ხარ ჩვენი ბატონი, – რომელსაც ველოდებოდით, და უფლისწული ჩვენი.

ვარსკვლავ-ბიჭუნამ კი უპასუხა:

– მე უფლისწული არა ვარ, ღარიბი მათხოვარი ქალის შვილი ვარ. და როგორ მეუბნებით, ლამაზი ხარო, როდესაც ვიცი, რომ საზარელი სანახავი ვარ.

მაშინ მან, რომლის აბჯარი ოქროს ყვავილებით იყო მოჭედილი და ჩაჩქანზე მწოლიარე ფრთოსანი ლომი იყო გამოხატული, ფარი ასწია და შესძახა:

– რად ბრძანებს, ჩემი ბატონი, რომ ლამაზი არ არის?

ვარსკვლავ-ბიჭუნამ ფარში ჩაიხედა და ჰოი, საოცრებავ. მისი სახე ისეთივე იყო, როგორც წინათ, სილამაზე დაბრუნებოდა, თვალებში კი ისეთი რამ დაინახა, რაც წინათ არ უნახავს.

ქურუმებმა და დიდებულებმა მუხლი მოიყარეს მის წინაშე და მოახსენეს:

– ძველთაგანვე იყო თქმული, რომ დღეისდღეს მოვიდოდა ის, ვინც იქნებოდა მბრძანებელი ჩვენი. მიიღე, ჩვენო უფალო, ეს გვირგვინი და სკიპტრა და იყავ სამართლიანი და მოწყალე მეუფე ჩვენი.

მაგრამ ვარსკვლავ-ბიჭუნამ მიუგო:

– მე არა ვარ ამისი ღირსი, რადგან უარვყავი დედა, რომელმაც მშობა. ვერც მოვისვენებ, ვიდრე არ ვიპოვი და მიტევებას არ მივიღებ მისგან. ამიტომ გამიშვით, ისევ უნდა ვიხეტიალო ქვეყნად. აქ ვერ დავრჩები, თუმც გვირგვინსა და სკიპტრას მთავაზობთ.

და როდესაც ამას ამბობდა, ბიჭმა ქალაქის კარისაკენ მიმავალ ქუჩას გახედა და ჰოი, საკვირველებავ! ბრბოში, რომელიც ჯარისკაცებს გარს შემორტყმოდა, მან დაინახა მათხოვარი ქალი, რომელიც დედამისი იყო. მის გვერდით კი იდგა კეთროვანი, რომელიც გზის პირს იჯდა ხოლმე.

სიხარულის შეძახილი მოსწყდა ვარსკვლავ-ბიჭუნას ბაგეს, იგი გაიქცა, დაიჩოქა და დაწყლულებული ფეხები დაუკოცნა დედამისს და თავისი ცრემლით დაულბო ისინი. მან თავი დაბლა დახარა და ისე აქვითინდა, თითქოს გული უნდა გაუსკდესო. ბოლოს უთხრა:

– დედა, მე უარგყავ შენ, როცა გულზვიადი ვიყავი. მიმიღე ჩემი დამცირების ჟამს. დედა, მე სიძულვილი დაგახვედრე, შენ კი სიყვარული მომაგე. დედა, მე ხელი გკარი. მიმიღე ახლა შენი შვილი.

მათხოვარი ქალი დუმდა.

და ვარსკგლავ-ბიჭუნამ ხელები გაიწვდინა, კეთროვანის თეთრ ფეხებს მოეხვია და უთხრა:

– მე ხომ სამჯერ შეგიბრალე, სთხოვე დედაჩემს ერთხელ მაინც გამცეს ხმა.

კეთროვანსაც ხმა არ ამოუღია პასუხად.

და ვარსკვლავ-ბიჭუნა კვლავ აქვითინდა და თქვა:

– დედა, ჩემი ტანჯვა ჩემს ძალას აღემატება. შემინდე და ისევ ტყეში გამიშვი.

მათხოვარმა ქალმა თავზე დაადო ხელი და უთხრა:

– ადექ.

– ადექიო, – უთხრა კეთროვანმა და მანაც თავზე დაადო ხელი.

ვარსკვლავ-ბიჭუნა ადგა და შეხედა მათ. ისინი იყვნენ მეფე და დედოფალი.

და დედოფალმა უთხრა მას:

– ეს მამაშენია, რომელსაც დაეხმარე გაჭირვების ჟამს.

და მეფემ უთხრა:

– ეს დედაშენია, რომლის ფეხები საკუთარი ცრემლით განბანე.

და ორივენი შემოეხვივნენ ვარსკვლავ-ბიჭუნას და დაჰკოცნეს იგი. შემდეგ სასახლეში წაიყვანეს, დიდებულად შემოსეს, თავს გვირგვინი დაადგეს და ხელში სკიპტრა მისცეს. და გახდა ის მდინარის პირას მდგომი ქალაქის პატრონი და მბრძანებელი. იგი სამართლიანი და მოწყალე იყო ყველასადმი. ბოროტი გრძნეული განდევნა, ხოლო შეშირმჭრელსა და მის ცოლს ბევრი ძვირფასი საჩუქარი გაუგზავნა, მათ შვილებს კი მაღალი თანამდებობანი უბოძა. იგი ვერ ითმენდა, თუ ვინმე სასტიკად მოექცეოდა ჩიტსა თუ მხეცს, ქადაგებდა სიყვარულს, გულკეთილობასა და გულმოწყალებას.

ღარიბთ პურს აძლევდა, შიშველთ მოსავდა და მის ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა და სუფევდა სიუხვე.

მაგრამ მას დიდხანს არ უმეფნია: ესოდენ დიდი იყო მის მიერ განვლილი ტანჯვა და ესოდენ მწველი მის მიერ განცდილი ცეცხლი, რომ იგი სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ხოლო ის, ვინც მის შემდეგ გამეფდა, კვლავ ბოროტად მართავდა ქვეყანას.

(თარგმანი ნათელა ჩიგოგიძისა)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button