რიუნოსკე აკუტაგავა – MENZURA ZOILI
ვიღაც უცნაური კაცის პირდაპირ ვუზივარ გემის სალონის შუაში მდგარ მაგიდას.
მოიცადეთ! ვამბობ, გემის საოლონში-მეთქი, მაგრამ არა მჯერა, თუმცა ფანჯარაში დანახული ზღვა და მთელი გარემოცვა მაიძულებს ასე ვთქვა, თორემ შემიძლია დავუშვა, რომ ეს ჩვეულებრივი ოთახია. არა, ეს ნამდვილად გემის სალონია! სხვა შემთხვევაში ასე არ იქანავებდა. მე არა ვარ კინოსიტა მოკუტარო და არ შემიძლია ზუსტად, სანტიმეტრობით განვსაზღვრო რყევის სიმაღლე, მაგრამ ხომ ვირწევი. თუ გეჩვენებათ, რომ ვტყუი, შეხედეთ, ფანჯრის მიღმა ჰორიზონტის ხაზი ხან ზემოთ ადის, ხან დაბლა ეშვება. ცა მოღრუბლულია და ზღვის ზედაპირს განივად გადაჰკვრია მწვანე სიმღვრივე, მაგრამ ის ხაზი, რომელითაც ამღვრეული ზღვა რუხ ღრუბლებს უერთდება, მოქანავე ქორდით ჰკვეთს ილუმინატორის წრეს. ხოლო ცისფერი არსებანი, ამღვრეულ ზღვაზე რომ დაფრინავენ, ალბათ თოლიებია.
მაგრამ ვუბრუნდები უცნაურ ადამიანს, ჩემს პირდაპირ რომ ზის. მან ბეცთათვის განკუთვნილი დიდი სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და მოწყენილი გაზეთს ჩააცქერდა. ხშირი წვერი და კვადრატული ნიკაპი აქვს და მეჩვენება, რომ სადღაც შემხვედრია, მაგრამ ვერასგზით გამიხსენებია, სად. გრძელი, გაბურძგნული თმის გამო, ის შეიძლება მწერლად ან მხატვრად მიგვეჩნია. მაგრამ ამ ვარაუდს გამორიცხავს მისი ყავისფერი პიჯაკი.
რაღაც დროის განმავლობაში მალულად ვუთვალთვალებდი ამ კაცს და პატარა ყლუპებით ვსვამდი ჭიქაში ჩასმულ ევროპულ არაყს. მოწყენილი ვიყავი, ძლიერ მინდოდა გამოლაპარაკება, მაგრამ ვერ ვბედავდი მისი ნამეტანი შეუხედავი გარეგნობის გამო.
ანაზდად კვადრატულ ნიკაპიანმა ბატონმა ფეხები გაჭიმა და თითქოს მთქნარებას იკავებსო, წარმოთქვა:
_ მოწყენილობაა! _ შემდეგ, სათვალის ქვემოდან მზერა მესროლა და კვლავ განაგრძო გაზეთის კითხვა. ამ წუთში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სადღაც მენახა.
სალონში ჩვენ ორს გარდა, არავინ იყო.
ცოტა ხნის შემდეგ ამ უცნაურმა ადამიანმა ისევ წარმოთქვა:
_ ოჰ, მოწყენილობაა! _ ამჯერად გაზეთი მაგიდაზე გადააგდო და დაბნეული მიყურებდა, როგორ ვსვამდი არაყს. მაშინ შევთავაზე:
_ ხომ არ შესვამთ ერთ ჭიქას?
_ გმადლობთ… _ არც “დიახ” უთქვამს, არც “არა”, თავი ოდნავ დამიკრა, _ მაგარი მოწყენილობაა! მისვლამდე შეიძლება სული ამოგძვრეს.
მე დავეთანხმე.
_ სანამ ზოილეს მიწაზე ფეხს დავაბიჯებთ, კვირაზე მეტი გავა. ხომალდმა თავი მომაძულა.
_ რა თქვით? ზოილეს?
_ დიახ, ზოილეს რესპუბლიკა.
_ განა არის ასეთი ქვეყანა?
_ გამოგიტყდებით, მიკვირს! თქვენ განა არ გაგიგონიათ ზოილე? უცნაურია, არ ვიცი საით გაგიწევიათ, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ ეს გემი შედის ძველი მარშრუტით ზოილეს ნავსადგურში.
შევცბუნდი. არსებითად, მე არც კი ვიცოდი, რატომ ვიმყოფებოდი ამ გემზე. ხოლო “ზოილე” _ ასეთი სახელწოდება წინათ არ გამოგინია.
_ როგორ თუ?
_ ჰო, რა თქმა უნდა! ზოილე ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა. როგორც იცით, სწორედ ერთმა აქაურმა მეცნიერმა უსაშველოდ გამოლანძღა ჰომეროსი. მის საპატივცემლოდ ზოილეს დედაქალაქში ახლაც დგას მშვენიერი მემორიალური დაფა.
მისი გარეგნობის შემყურე ასეთ ერუდიციას არ მოველოდი და სახტად დავრჩი.
_ როგორც ჩანს, ეს ძალზე ძველი სახელმწიფოა?
_ დიახ, ძალიან ძველია! მითებს თუ დავუჯერებთ, ამ ქვეყანაში პირველად მხოლოდ ბაყაყები ცხოვრობდნენ, მაგრამ ათინა-პალადამ ისინი ადამიანებად გადააქცია, ამიტომ ზოგი ამტკიცებს, რომ ზოილეს მცხოვრებთ ბაყაყის ყიყინს მიუგავთ ხმა. თუმცა ეს არცთუ სავსებით სარწმუნოა. მგონი, მატიანეებში ზოილეს ყველაზე ადრეული ხსენება დაკავშირებულია იმ გმირთან, რომელიც ჰომეროსს უარყოფდა.
_ მაშასადამე, ახლა იგი საკმაოდ კულტურული ქვეყანაა?
_ რა თქმა უნდა, მაგალითად, ზოილეს დედაქალაქის უნივერსიტეტი, სადაც მეცნიერთა ნაღებია თავმოყრილი, ტოლს არ უდებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს. და ნამდვილად, ისეთი ხელსაწყო, როგორიც ღირებულებათა გამზომია, ახლახანს იქაურმა პროფესორებმა რომ გამოიგონეს, დედამიწის ახალ საოცრებად ითვლება. თუმცა, ამას მხოლოდ “ზოილეს მაცნეს” მიხედვით ვლაპარაკობ.
_ რა არის “ღირებულებათა გამზომი”?
_ ზუსტად რომ ვთქვათ, ესაა ღირებულებათა გამზომი აპატი. მართალია, ის, ვგონებ, უმთავრესად გამოიყენება რომანებისა და სურათების ღირებულებათა გასაზომად.
_ რისი ღირებულების?
_ უმთავრესად, მხატვრულისა, თუმც, მას სხვა სახის ღირებულებათა გაზომვაც შეუძლია. ზოილეში, ცნობილი წინაპრის საპატივცემულოდ, აპარატს უწოდეს Menzura Zoili.
_ თვენ ის აპარატი გინახავთ?
_ არა. მინახია მხოლოდ “ზოილეს მაცნეს” ილუსტრაციებში… გარეგნულად ის არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამედიცინო სასწორისაგან. ბაქანზე, სადაც ჩვეულებრივად ადამიანი დგება, დებენ წიგნებს ან ტილოებს. ჩარჩოები დაყდები ოდნავ ხელს უშლის ზუტს გაზომვას, მაგრამ შემდეგ ამ ხარვეზს ასწორებენ, ასე რომ ყველაფერი რიგზეა.
_ კარგი ხელსაწყო ყოფილა!
_ ძალზე კარგი, ასე ვთქვათ, კულტურის იარაღია! _ კვადრატულ ნიკაპიანმა კაცმა პაპიროსი ამოიღო და პირში გაიჩარა. _ იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეს ხელსაწყო გამოიგონეს, ყველა მწერალსა და მხატვარს, რომლებიც ძაღლის ხორცით ვაჭრობენ მას ცხვრის ხორცად ასაღებენ, მაზანდა წაუვიდათ. ღირებულების ზომა ხომ თვალნათლივ გამოისახება ციფრებით. ძალზე ჭკვიანურად მოიქცა ზოილეს ხალხი, აპარატები საბაჟოებში რომ დადგა.
_ ეს რატომღა დაჭირდათ?
_ იმიტომ, რო ყველა ხელნაწერი და სურათი, რომელიც საზღვარგარეთიდან შეაქვთ, მოწმდება ამ აპარატით და ღირებულებას მოკლებული ნაწარმოებთა შეტანა იკრძალება. ამბობენ, რომ ახლახანს ერთსა და იმავე დროს გაზომეს იაპონიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნაწარმოებნი და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნაწარმოებნი და სიმართლე რომ ვთქვათ, იაპონურ ნაწარმოებთა შეფასების შედეგები ძალზე დაბალია. ჩვენი მიკერძოებული შეხედულებისამებრ კი, იაპონიაში არიან მწერლები და მხატვრები, რომელთა ატანაც შეიძლება.
ამ საუბარში ვიყავით, რომ კარი გაიღო და სალონში შემოვიდა ზანგის ბიჭი. იღლიაში გაზეთები ამოეჩარა. ამ მკვირცხლ ბიჭს საზაფხულო მუქლურჯი კოსტიუმი ეცვა. ბიჭმა უხმაუროდ დააწყო გაზეთები მაგიდაზე და კარს უკან გაუჩინარდა.
კვადრატულ ნიკაპიანმა კაცმა სიგარას ფერფლი გააყრევინა და გაზეთი გაშალა. ეს იყო ეგრეთ წოდებული “ზოილეს მაცნე”, უცნაური ლურსმულის მსგავსი ნიშნებიანი სტრიქონებით აჭრელებული. კვლავ გამაკვირვა ამ კაცის ერუდიციამ, ასეთი უნაური შრიფტის წაკითხვა რომ შეეძლო.
_ ისევ მხოლოს Menzura Zoili-ზე წერენ, _ თქვა მან, თან გაზეთს თვალს ავლებდა. _ ოჰო, იაპონიაში წინა თვის მანძილზე გამოქვეყნებულ მოთხრობათა ღირებულებაა დაბეჭდილი! თანაც ინჟინერ-მზომელთა ანგარიში აქვს დართული.
_ კუმეს გვარს ახსენებენ? _ ვკითხე მეგობრის ბედით შეშფოთებულმა.
_ კუმე? მოთხრობა “ვერცხლის მონეტა”? არის.
_ მერე? როგორია მისი ღირებულება?
_ არაფრად ვარგა! ჯერ ერთი, ნაწარმოების იმპულსად გვევლინება აღმოჩენა, რომ უაზრობაა ადამიანის ცხოვრება; გარდა ამისა, მთელ ნაწამოებს აუფასურებს განათლებული ავტორის მენტორული ტონი.
მეწყინა.
_ მაპატიეთ, ძალზე ვწუხვარ, _ კვადრატულ ნიკაპიანმა კაცმა დამცინავად გაიღიმა, _ მაგრამ თქვენი “ჩიბუხიცაა” ნახსენები.
_ რას წერენ?
_ თითქმის იმავეს, რომ მასში არაფერია, გარდა ზოგადი აღწერისა.
_ ჰმ!..
_ და აი კიდევ რა წერია: “ეს ახალგაზრდა მწერალი ძალზე ნაყოფიერია…”
_ ოო!..
რაღაც ნაღვლიანი, შეიძლება ითქვას, სულელური გრძნობაც კი დამეუფლა.
_ მარტო თქვენ კი არა, ნებისმიერ მწერალს ან მხატვარს, რომელიც ამ საწყაულზე მოხვდება, გაუჭირდება: არავითარი თვალთმაქცობა არ გადის. რამდენიც უნდა აქოს ავტრმა თავისი ნაწარმოები, საწყაული უჩვენებს ჭეშმარიტ ღირებულებას და ყველა მცდელობა წყალში ეყრება. ცხადია, ძმაკაცთა ერთსულოვან ხოტბასაც არ შეუძლია მრიცხველის ჩვენების შეცვლა. რას იზამთ, მოგიწევთ, სამუშაოს ჩაუჯდეთ და დაიწყოთ ღირებულ ნაწარმოებთა წერა!
_ როგორ ადგენენ, რომ საწყაულის შეფასებანი სწორია?
_ ამისათვის საკმარისია სასწორზე რომელიმე შედევრი დადონ. მოპასანის “ცხოვრებას” დადებენ და ისარი მაშინვე აჩვენებს ყველაზე მაღალ ღირებულებას.
_ მხოლოდ ესაა?
_ მხოლოდ ესაა.
გავჩუმდი. მომეჩვენა, რომ ჩემი თანამოსაუბრე მზადარ იყო თეორიული აზროვნებისთვის, რომ ახალი კითხვა დამებადა:
_ განა ზოილელ მხატვართა ნაწარმოებებსაც ამ საწყაულზე ზომავენ?
_ ამას კრძალავს ზოილეს კანონები.
_ რატომ?
_ იძულებულნი იყვნენ აეკრძალათ, იმიტომ, რომ ზოილეს ხალხი ამაზე არ თანხმდება: ზოილე ოდითგანვე რესპუბლიკაა, “Vox pupoli, vox dei” _ ამ პრინციპს ზუსტად იცავენ. _ კვადრატულ ნიკაპიანმა კაცმა რაღაც უცნაურად გაიღიმა. _ ხმები დადის, როცა მათი ნაწარმოებნი გაზომეს, ისარმა მინიმალური ღირებულება აჩვენაო. რაკი ასეა, ზოილელები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: ან უნდა უარჰყონ საწყაულის შეუცდომლობა, ან უნდა უარჰყონ საკუთარი ნაწარმოებები, არც ერთი და არც მეორე მათ ხელს არ აძლევდა. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია.
უცებ გემი ძლიერ გადაქანდა. და კვადრატულ ნიკაპიანმა კაცმა საკმიდან ძირს მოადინა ზღართანი. ზედ მაგიდა დაეცა. გადაყირავდა ბოთლი და ჭიქები. გაზეთები მიმოიშალნენ. ფანჯარაში ჰორიზონტი გაქრა. თეფშების მსხვრევის, გადაყირავებული სკამების რახრახი და გემზე მინარცხებული ტალღების ხმაური გაისმა. ვიძირებით. ეს ჩაძირვაა! ან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვებაა…
გონს რომ მოვედი, დავინახე, რომ კაბინეტში, მოქანავე სავარძელზე ვიჯექი: აღმოჩნდა, რომ St. Iohn Ewine `The critics`-ს ვკითხულობდი და თურმე ჩამთვლიმა. ჩემი თავი გემზე იმიტომ მეზმანა, რომ სავარძელი ოდნავ ქანაობდა.
ხოლო კვადრატულ ნიკაპიანი კაცი… ზოგჯერ მგონია, რომ ეს იყო კუმე, ზოგჯერ კი ვფიქრობ, რომ ის არ იყო. აქამდე ვერ გამირკვევია.
იანვარი, 1917წ.