ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ო-გინი

გენის წლებში იყო თუ კანისა, ეს კია – შორეულ წარსულში ოხდა აქ მოთხრობილი ამბავი.

იმ დროს ჭეშმარიტი სარწმუნოების ამღიარებლებს, თავიანთ რწმენას თუკი გაამჟღავნებდნენ, კოცონი ამ ჯვარზე გაკვრა ელოდა. მაგრამ ეტყობა, რაც უფრო ფიცხელი იყო ქრისტიანთა დევნა, მით უფრო მოწყალედ გარდამოვიდოდა ორწმუნეთა ზედა მადლი “ყოვლისმხილველი” უფლის მფრაველობისა. საღამოობით, როცა ცაზე ჩამავალი მზის დაფიონი აენთებოდა, ანგელოზები და წმინდანები ევლინებოდნენ ნაგასაკის ირგვლივ მდებარე სოფლებს. ხალხში ხმა დაირხა, ერთხელ ურაკამელ მიგერ-იახეის თავის წისქვილში სანძიოან ბატისტაც კი გამოეცხადაო. სამაგიეროდ, იმავ დროს, ეშმაკიც არაერთგზის გამოჩენილა იმათ სოფლებში, რათა მორწმუნეთა ცხონება დაებრკოლებინა: ხან საკვირველი ზანგის სახედ იხილებოდა, ხანაც უცხოულ საწამლავად ანდა წნელით გადარაგვულ ოთხთვალად ევლინებოდა სოფელს. ისიცა თქვეს, ბნელ, უმზეო-უმთვარო დილეგში ჩაგდებულ მიგერ-იახეის რომ ვირთაგვები აწამებდნენ, სინამდვილეში ავსულთა თანამოსაგრე ჭინკები იყვნენო. გენის მერვე წელს, შემოდგომაზე, მიგერ-იახეი და თერთმეტი სხვა ქრისტიანი კოცონზე დაწვეს. გენის წლებში იყო თუ კანისა, ეს კია – შორეულ წარსულში მოხდა აქ მოთხრობილი ამბავი.

იმავე სოფელში, მთაგორიან ორაკამში, ცხოვრობდა ერთი ქალიშვილი, ო-გინი სახელად. ო-გინის მშობლები შორეულ ოსაკადან გადმოსახლებულიყვნენ ნაგასაკში, მაგრამ ვიდრე ახალ ადგილზე დაფუძნებას მოასწრებდნენ, ორივე გარდაიცვალა და ობლად დატოვეს ო-გინი. იმათ, სხვა კუთხის მცხოვრებლებს, რასაკვირველია, არც კი გაეგონათ ჭეშმარიტი სარწმუნოება, მათ მხოლოდ ბუდიზმი სწამდათ, საკია-მუნის მოზღვრება. მავანი ფრანგი იეზუიტის თქმით საკაი-მუნიმ, ბუნებით თვისით ჭურმან საცთურებისამან, მოვლო ყოველი მხარე ჩინეთისა, ბუდა ამიდას მოზღვრებას უქადაგებდა ერს და მერე ამავე მიზნით გადმოვიდა იაპონიაშიც. საკია-მუნის მოძღვრების თანახმად, ჩვენი ანიმა, იმისდა მიხედვით – მძიმეა, მსუბუქია, დიდია თუ მცირეა ჩვენი ცოდვები, ხარში განსხეულდება, ანდა ხეში. თანაც, საკია-მუნიმ დაბადებისას თავისი დედა მოაკვიდნა. ჰოდა, ეს მოძღვრება რომ უაზროა, არა არის ძნელი გასაგები; საკმაოდ სულელურიც რომ არის, ესეც უცილოა. ოღონდ, ო-გინის მშობლებს, როგორც უკვე ითქვა, არ შეეძლოთ ყოველივე ეს ცოდნოდათ. მაშინაც კი, სული რომ ამოსდიოდათ, მაინც საკია-მუნის მოძღვრება სწამდათ, პირქუში სასაფლაოს ფიჭვის ხეთა ჩრდილებში ამაოდ ოცნებობდნენ სამოთხეზე და ბაიბურშიც არ იყვნენ, რომ ინფერუნო ელოდათ.

საბედნიეროდ, ყმაწვილ ო-გინს ჩრდილი ვერ მიაყენა მშობელთა უვიცობამ. ამავე სოფლელმა გლეხმა, რახანია წმინდა წყლით თავნაპკურებმა გულმოდგინე ძიოან-მაგოსიტიმ უწოდა მას სახელი მარია. ო-გინს არ სჯეროდა, თითქოს საკია-მუნის დაბადებიდანვე თითი გაეშვიროს ცისა და მიწისაკენ და ეთქვას მჭექარედ: “ცათა შინა და მიწისა ზედა მე მხოლო ვარ ჭეშმარიტ”. სამაგიეროდ, მას მტკიცედ სწამდა, რომ “უსათნოესმა, უმოწყალესმა და უტკბესმა ქალწულმა სანტა-მარია-სამამ მუცლად იღო” უცოდველად და რომ “მოკვდინებული ჯვარცმითა, დადებული საფლავსა კლდოვანსა”, მიწაში ღრმად დამარხული ძესუსუ სამი დღის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. ასევე სწამდა, რომ ოდესმე დაჰკრავს საყვირი საშინელი სამჯავროსი და “უფალი დიდებითა დიდითა, ძალითა ძლიერითა გარდამოვალს ზეცით”, შეაერთებს კაცთა წინანდელი ანიმას აწ მტვრადქცეულ სხეულებს, ცხოველ სულს შთაბერავს მათ, აღადგენს და მართალნი ზეციურ ნეტარებას ეზიარებიან, ხოლო “ცოდვილნი შთახდებიან ჯოჯოხეთს, საცა ჰგიეს ეშმაკნი”. ყველაზე მეტად მაინც დიადი საგურამენტო სწამდა, როცა “ძალითა უფლის სიტყვისაითა”, პურისა და ღვინის ბოღლიწო, სახეშეუცვლელად, უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცევა. ამრიგად, ო-გინის სული არ ჰგავდა მისთა მშობელთა სულს, არ იყო უნაყოფო უდაბნო, ხორშაკ ქართა სანავარდო. იგი იყო ველი ნაყოფიერი, აღმომცენებელი იფქლისაც და მინდვრის წმინდა ყვავილებისაც. ობლად დარჩენილი ქალიშვილი ძიოან-მაგოსიტიმ იშვილა. მაგოტისის ცოლი ძიოანა-ო-სუმიც გულკეთილი ქალი გახლდათ. მამობილ-დედობილთან ერთად უვლიდა ო-გინი საქონელს, მოჰყავდა ქერი და მშვიდად, უშფოთველად ატარებდა თავის წუთისოფელს. ცხოვრობდნენ ასე, თან თანასოფლელთა ნამალევად არც მარხულობა და ლოცვა ავიწყდებოდათ. გამოდიოდა ო-გინი ჭასთან მდგარი ლეღვის ჩრდილში, შესცქეროდა ნამგალა მთვარეს და გულმხურვალედ ლოცულობდა. მარტივი იყო ამ თმაგაშლილი ქალიშვილის ვედრება: “მადლობა შენდა, მოწყალეო დედაო! დედამთავარ ევას დევნილი ასული გევედრები, გადმოხედე შენი მოწყალე თვალით ცრემთა ამ უბადრუკ სავანეს. ამინ!”

და აი, ერთხელ, შობა დღეს, მცველებით ხლებული ეშმაკი უეცრად შევიდა მაგოსიტის სახლში. დიდ კერაზე “სააკვნე ცეცხლი” ენთო. გაჭვარტლულ კედელზე მარტო ამ ერთი ღამით ჩამოეკიდათ ჯვარი. ეს კიდევ არაფერი: სახლის უკან, ბოსელში, ახალდაბადებული ძესუსუს განსაბანი წყლით სავსე როფი აღმოჩნდა. მცველებმაც მაშინვე თვალი უყვეს ერთმანეთს ფიცხლად მოსდეს თოკები მაგოსიტის და მის მეუღლეს. ო-გინიც გაკოჭეს. მაგრამ სამივენი მხნედ იყვნენ, შიშის ნასახიც კი არ დასტყობიათ. ოღონდ კი თავიანთი ანიმა გადაერჩინათ და წამება არად უჩნდათ. ეგონათ, უფალმა მოწყალება მოიღო მათზე: მაინცა და მაინც ამ შობის ღამეს რომ შეიპყრეს სამივე, განა ეს ზეციური მოწყალების ჭეშმარიტი ნიშანი არ იყო? სამივეს ასე სწამდა, თითქოს წინასწაარ შეთანხმებულანო. გზაშიაც, როცა ნაცვლის სასახლისაკენ გაბაწრულები მიჰყავდათ მცველებს, მხნედ მიაბიჯებდნენ და ღამეულ ქარში ერთთავად საშობაო ლოცვნებს იმეორებდნენ: “ჰოი, ვაკაგიმი-სამა, ბერენის ქვეყნად დაბადებულო, სადა ხარ ახლა! კურთხეულ იყოს სახელი შენი!”

ეშმაკმა რომ გაკოჭილები ნახა ისინი, ტაში შემოჰკრა და მორთო მხიარული ხარხარი. ოღონდ ეს კია, ცოტათი მათი სიმტკიცე აბრაზებდა. ჩამორჩა მცველებს, გადააფურთხა და წამსვე ვეება ფილთაქვად გადაიქცა, მერე გრუხუნით გაგორდა და სიბნელეს შეერია, გაქრა.

ძიოან-მაგოსი, ძიოანუ-ო-სუმი და მარია-ო-გინი მიწისქვეშა დილეგში ჩააგდეს და მისცეს ათასგვარ სატანჯველს, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებას განდგომოდნენ. წყლითაც აწამეს, ცეცხლითაც, მაგრამ ვერა და ვერ შეარყიეს მათი სიმტკიცე. არაფერია, დაიწვას კანი და ხორცი, ცოტაც და პარაისოში ვიქნებითო, სწამდათ.

მართლაც: ახსენეს თუ არა უფლის წყალობა, პირქუში დილეგი მაშინვე აღივსო პარაისოს ბრწყინვალებითა! ძილში იყო თუ ცხადში, ნათელი ანგელოზები და წმინდანები მრავალჯერ მოფრინდნენ მათდა ნუგეშად. უფრო მეტად ო-გინი ეღირსა ამა წყალობათა! ზოგჯერ იგი ხედავდა, როგორ უწვიდიდა სან-ძიოან-ბატისტა ორივე ხელით მთელ ბღუჯა მკალს და ეტყოდა: “ჭამე! ზოგჯერ იმასაც ხედავდა, როგორ მოფრინდებოდა მთავარანგელოზი გაბურიერუ, დაკეცავდა თავის სპეტაკ ფრთებს და ოქროს ჯამფილით წყალს მიაწვდიდა.

ნაცვალმა არც ჭეშმარიტი სარწმუნოება იცოდა, აღარც ბუდას მოზღვრება და ვერაფრით შეეგნო, ასე რად ჯიუტობდნენ ტყვეები. ერთი ფიქრი იფიქრა, ჭკუაზე ხომ არ შეცდნენო. ბოლოს, სამივეს რომ ჭკუათმყოფლობა დაატყო, უკვე უშველებელ მახრჩობელა გველებად და მარტორქებად ეჩვენებოდა ისინი, ყოველ შემთხვევაში – მხეცებად, არაფერი საერთო რომ არა აქვტ ადამიანთა მოდგმასთან. ასეთი მცეხების ცოცხლად გაშვება კი არათუ კანონებს ეწინააღმდეგებოდა, მთელი ქვეყნის სიმშვიდესაც საფრთხეს უქადდა. ამიტომ, ერთი თვის განმავლობაში დილეგში რომ აწამა პატიმრები, ბოლოს მათი კოცონზე დაწვა გადაწყვიტა (სიმართლე რომ ითქვას, ნაცვალი, ისევე, როგორც ჩვეულებრივი ბრბო, ერთხელაც არ დაფირქებულა, მართლა თუ ემუქრებოდა ქვეყნის სიმშვიდეს ამათი სიცოცხლე: ჯერ ერთი, საამისოდ არსებობდა კანონები, მეორეც – იყო ხალხის მორალი; ამიტომ არც ღირდა ამაზე ნამეტანი ფიქრი).

სოფლის ბოლოს დასასჯელად გაყვანილ, ძიოან-მაგოსიტის თავკაცობით მავალ სამ მორწმუნეს არც გზაში ეტყობოდა შიშის ნასახი. ისინი სასაფლაოს გვერდით მდებარე ქვიან უშენზე უნდა დაეწვათ. მოყვანისთანავე სამივეს წაუკითხეს ბრალდება და ცალ-ცალკე მიაკრეს მსხვილ, ოთხკუთხა სვეტებზე. მერე სვეტები უშენის შუა ადგილას ჩაარჭვეს მიწაში: მარჯვნივ ძიოანა-ო-სუმი, შუაში ძიოან-მაგოსიტი და მარცხნივ მარია-ო-გინი. მაგოსიტის ცოლი კიდევ უფრო მოებერებინა ხანგრძლივ წამებას. მაგოსიტისაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეცხო წვერწამოზრდილ ლოყებზე. ო-გინს თუ იკითხავთ, მათთან შედარებით არც ეგრერიგად იყო შეცვლილი. მაგრამ სამივეს, უკვე ფიჩხის გროვაზე შემაღლებულთ, მშვიდი სახე ჰქონდა.

დასჯის ადგილს რახანია შემოხვეოდა უსაქმურთა ბრბო. სასაფლაოზე კი, მოსეირეთა მიღმა, რამდენიმე ფიჭვის ხეს ცად გაეწვდინა საღვთო გავალაკთა მსგავსი შტოები.

სამზადისი რომ მოთავდა, ერთ-ერთი მცველი მედიდურად წადგა წინ და სამივეს გამოუცხადა, მოფიქრების დროს გაძლევთ, უარყავით თქვენი სარწმუნოებაო.

– კარგად დაფიქრდით თუ უარყოფთ, მაშინვე შეგხსნით თოკებს.

ბრალდებულებმა არაფერი თქვეს. მაღლა, ცისაკენ იმზირებოდნენ და ღიმილიც კი უკრთოდათ პირზე.

უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. მცველები გაჩუმდნენ. მაყურებლებიც გასუსულიყვნენ. ყველამ ბრალდებულებს მიაშტერა თვალი. ოღონდ მღელვარებამ როდი შეუკრათ სუნთქვა, სეირი უნდოდათ და ელოდნენ, ახლა კი აბრიალდება კოცონიო. მცველებსაც მოსწყინდათ ლოდინი, ლაპარაკიც კი ეზარებოდათ.

ანაზდად ყველამ გარკვევით გაიგონა:

– მე უარვყოფ ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

ო-გინის ხმა იყო.

მოსეირეებს ჩოჩქოლი შეუდგათ, მაგრამ მათი ზრიალი მალევე ჩაცხრა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. მაგოსიტი მიუბრუნდა ო-გინს და მწუხარედ უთხრა ხმაჩამწყდარმა:

– ო-გინ, ეშმაკეულმა გაცდუნა, შვილო! ცოტაც მოითმინე და უფლის სახეს იხილავ!

სიტყვა არ დაემთავრებინა, ო-სუმიმაც მოიცა საბოლოო ძალი და თითქოს შორეთიდან მოსცა ხმა:

– ეშმაკი ჩაგსახლებია გვამში, ილოცე, ო-გინ!

მაგრამ ო-გინი არ გამოპასუხებია, ბრბოს მიღმა იცქირებოდა, სასაფლაოსაკენ, სადაც რამდენიმე ფიჭვის ხეს ცად გაეწვდინა საღვთო გავალაკთა მსგავსი შტოები. ამასობაში მეორე მცველმა მისი ახსნა ბრძანა.

ეს რომ დაინახა, ძიოან-მაგოსიტიმ თვალი დახუჭა თითქოს ბედს შეურიგდაო.

– იყავ ნება შენი, უფალო, ყოვლადძლიერო!

თოკებისაგან დახსნილი ო-გინი ერთხანს იდგა და დაბნეული კვლავ სასაფლაოსაკენ იყურებოდა. მერე მაგოსიტის და ო-სუმის შეხედა და უცებ მუხლი მოიყარა მათ წინაშე. სიტყვა არ უთქვამს, ისე აქვითინდა. მაგოსიტის თვალი არ გაუხელია. ო-სუმიმაც პირი იბრუნა, შეხედვაც არ აღირსა შვილობილს.

– ჰოი, მამაო და დედაო, – ხმა ამოიღო ბოლოს ო-გინმა, – მაპატიეთ, გემუდარებით! კი განვუდექ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ ეს იმიტომ მომივიდა, რომ უცებ აი, იქ ფიჭვის ხეები დავინახე, საღვთო გავალაკებს უგავთ შტოები. იმ ხეებქვეშ განისვენებს ჩემი დედ-მამა. იმათ არაფერი იცოდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და, ალბათ, ინფერუნოში მოუწევთ ყოფნა. მაგრამ მე რომ ახლა მარტო შევსულიყავი პარაისოში, მშობლები არ მომიტევებდნენ. ამიტომ, გავყვები მე ჩემს მშობლებს ჯოჯოხეთში. ჰოი, მამაო და დედაო, წადით ძესუსუ-სამასთან და მარია-სამასთან, მე კი ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვუღალატე და მეტი აღარ შემიძლია ცხოვრება…

სლუკუნით თქვა ეს ყველაფერი და ამოუჯდა გული. მაშინ ძიოანა-ო-სუმის თვალებიდანაც იწვიმა ცრემლმა და დაედინა მის ფეხთით შემომდგარ ფიჩხს. არადა, პარაისოში შესასვლელად გამზადებულისათვის ამაოა წუხილი, არ ჰფერობს ეს მორწმუნეს. ამიტომ მჭვუნვარე ძიოან-მაგოსიტიმ ცოლს მოხედა და გაბრაზებით შესძახა:

– შენაც ეშმაკმა გადაგიბირა. არა? კარგი, თუკი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გინდა განუდგე, ჰქმენ, რაც გენებოს! მე მარტო დავიწვები თქვენს თვალწინ!

– არა, მეც შენთან ერთად მოვკვდები! – ცრემლთა ყლაპვით წამოიძახა ო-სუმიმ, – მაგრამ… მაგრამ იმიტომ კი არა, რომ პარაისოში მინდა შესვლა, არა, მე მხოლოდ შენთან ერთთად მინდა ყოფნა… მუდამ შენთან ერთად…

დიდხანს დუმდა მაგოტისი. სახე ხან უფითრდებოდა, ხან ისევ უფერიანდებოდა შუბლზე წვეთებად გამოასხდა ოფლი. შინაგანი მზერით ჭვრეტდა ახლა იგი თავის ანიმას, ხედავდა მისი სულისათვის მორკინალ ანგელოზსა და ეშმაკს. ოღონდ კი მის ფერხთით მოქვითინე ო-გინს არ აეღო ახლა თავი…მაგრამ არა, უკვე მას ამოსცქეროდა ო-გინი. უცნაური სხივი გაუკრთა ცრემლით სავსე თვალებში, დაჟIნებით უმზერდა მამობილს. ენიშნა მაგოსიტის: ადამიანის სული ელავდა ამ თვალებში, “განდევნილი დედაკაცის”, ევას სული.

– მამა, წავიდეთ ჯოჯოხეთში! ყველანი ეშმაკს მივყავართ – დედაც, მეც, ის ჩემი დედა და მამაც, წამოდი შენც.

და მაგოსიტიც გატყდა.

ხომ ამდენი გადმოცემაა შემონახული რწმენისათვის წამებულთა შესახებ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ამბავი განსაკუთრებით სამარცხვინო დაცემის მაგალითად შემოგვრჩა. დიახ, როცა სამივე განუდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მოსეირნეებმაც კი – ბებრებმა თუ ჯეელებმა, კაცებმა თუ ქალებმა, ყველამ დაძრახა ისინი, ალბათ, გული დაწყდათ, კოცონზე მათი დაწვა რომ ვერ იხილეს. აკი ამისთვის იყვნენ შეყრილნი. თქმულება ამბობს, მეტისტეტი სიხარულისაგან ეშმაკი ვეება წიგნად გადაიქცა და მთელი ღამე ზე დაჰბრუნავდა დასჯის ადგილსო. თუმცაღა, ავტორს ეეჭვება, მართლა თუ ღირდა ეს წარმატება ესოდენ შლეგურ მოლხენად.

აგვისტო, 1922წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button