რიუნოსკე აკუტაგავა – პროლეტარული ლიტერატურა
მრავალ წელს მშვიდად ეძინა ზღაპრულ პრინცესას ციხე-კოშკში. იაპონური ლექსი, ტანკას და ჰაიკუს გარდა, ამ ზღაპრულ პრინცესას ჰგავდა. ტიოკის ფორმითაა დაწერილი “მანიოსიუ”, საიბარა, “ტაირის სახლის ტქმულება”, იოკიოკუ და ძიორური. მრავალი სალექსო ფორმა თვლემს ამ ნაწარმოებებში. ადრე ვწერდი, რომ იოკიოკუ ახლოსაა თანამედროვე ლექსის ფორმასთან. მას ახასიათებს თანამედროვე ენის რიტმი. ეგრეთ წოდებული თანამედროვე ხალხური პიესების უდიდესი ნაწილი დიდოიცუს ფორმითაა დაწერილი. მძინარე პრინცესას დანახვაც კი დიდ ცნობისწადილს აღუძრავს ადამიანს და რაღა იქნება, ის რომ გავაღვიძოთ!
დღევანდელი, ან ძველი ტერმინოლოგიით, ახალი სტილის ლექსი, ვგონებ, სწორედ ამ გზით მიემართება. ახლანდელი გრძნობების გამოსახატავად, ჩანს, ლექსის გუშინდელი ფორმა არ გამოდგება. ამავე დროს, სულაც არ ვამტკიცებ, რომ უცვლელად უნდა მივდიოთ ძველ პოეტურ ფორმას. ვგრძნობ უბრალოდ, რომ ამ პოეტურ ფორმაშიც არის რაღაც ცხოველმყოფელი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: შეგნებულად უნდა ვეცადოთ, ამ რაღაცას ჩავჭიდოთ ხელი.
ჩვენ, ყველანი, გარდამავალ ხანაში გავჩნდით და წინააღმდეგობაზე წინააღმდეგობას ვუმატებთ. სინათლე იაპონიისათვის მაინც დასავლეთიდან უფრო მოდის, ვიდრე აღმოსავლეთიდან. მაგრამ შუქი წარსულიდანაც გვეფინება… ბუნებრივია, პრინცესას გაღვიძება ყველას არ სეუძლია…
ძველ იაპონურ ლექსში არის ცინცხალი რამ, ის, რაც გამოძახილს ითხოვს. ბუნებრივია, ეს “რაღაც” ჩემს სმენას სწვდება, მაგრამ მისი ხორცშესხმა არ ძალმიძს. ლიტერატურის თვალსაზრისით შეიძლება ეს წვრილმანია, მაგრამ მე, რაგინდ უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მთელი არსებით მიველტვი ამ ბურუსით დაფარულს და მოუხელთებელს.