ზღაპარისაბავშვო

სიზმარა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ობოლი ბიჭი. ბიჭი ძილში შულ სიზმრებს ნახულობდა და ამის გამო სახელიც სიზმარა დაარქვეს. ბიჭს ერთი ღვთისგარეგანი დედინაცვალი ჰყავდა და ყოველდღეს სცემდა და აწამებდა.

ერთხელ დედინაცვალმა მზეზე ხორბალი გაფინა გასაშრობად და გერიც გვერდით მოუსვა, – უყურე, ქათმებმა არ აკენკონო, – სიზმარა ერთხანს თვალფხიზლად დარაჯობდა ხორბალს, მაგრამ მალე ძილი მოერია და ჩაეძინა. დაესივნენ საფქვავს ქათმები და კენკვა დაუწყეს. ამ დროს მოუსწრო დედინაცვალმა, სტაცა ხელი მძინარე ბიჭს და ცემა დაუწყო.

– რა ეშმაკმა დაგაძინა, შე სასიკვდილევ, ხორბალი დაღუპეს ქათმებმაო.

გაეღვიძა ბიჭს და დედინაცვალს შეეხვეწა:

– ნუ მცემ და სიზმარს გეტყვიო.

გაუშვა ხელი დედინაცვალმა და უთხრა:

– აბა, რა ნახე, ჩქარა მითხარიო.

ბიჭმა ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და უთხრა:

– სიზმარში ბაღდადს ვიყავი, ცალი ფეხი ბაღდადის თავს მედგა, ცალი – ბოლოს. ერთ მხარეს მზე მეჯდა, მეორე მხარეს – მთვარე და შუქურვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო.

დედინაცვალს ძალიან შეშურდა გერის სიზმარი, სტაცა სიზმარას ხელი და უთხრა, – ახლავე მომეცი ეგ სიზმარიო.

შეწუხდა სიზმარა და დედინაცვალს უთხრა:

– აბა სიზმარი როგორ მოგცეო.

დედინაცვალს მთლად ცეცხლი მოეკიდა, – სიზმარიც არ გემეტება ჩემთვის და შენგან სხვას რას უნდა მოველოდეო, – და სიზმარა სახლიდან გააგდო.

წავიდა სიზმარა დაღონებული. იარა, იარა და ბოლოს ერთ სახელმწიფოში მივიდა. გამოიხედა იმ ქვეყნის ხელმწიფემ, დაინახა უცხო ბიჭი და ჰკითხა:

– ვინა ხარ, ბიჭო, რას დადიხან, ან ვის ეძებო?

– ასე და ასეა ჩემი საქმე, სიზმარი ვნახე, დედინაცვალმა მთხოვა, ვერ მივეცი და სახლიდან ცემა-ტყეპით გამომაგდოო, – უთხრა სიზმარამ.

– მაინც რა ნახე ასეთიო? – ჰკითხა ხელმწიფემ.

– რა ვნახე, დიდებულო ხელმწიფევ და, ვითომ ბაღდადში ვიყავი, ერთი ფეხი ბაღდადის თავს მედგა, მეორე – ბაღდადის ბოლოს, აქეთ-იქიდან მზე და მთვარე მესხდნენ და შუქურვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო.

– ბიჭოს, ეს რა კარგი რამე გინახავსო, – გაოცდა ხელმწიფე და სოზმარას უბრძანა, – ეგ სიზმარი მე უნდა მომცეო.

სიზმარამ უთხრა:

– აბა როგორ მოგცე, დიდებულო ხელმწიფევ, სიზმარი იყო, გამომეღვიძა და გაქრაო.

განრისხდა ხელმწიფე და სიზმარა ხაროში ჩააგდებინა. დაღონდა საწყალი სიზმარა, ვაის გაეყარა და იუს შეეყარა, მაგრამ მართალ ადამიანს ღმერთი საბოლოოდ არ გასწირავს. ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი და ბუნებით კეთილი ქალი ჰყავდა, შეეცოდა უდანაშაულო ბიჭი და ხაროში ჩუმად საწმელს აწვდიდა.

ამ მზეთუნახავ ქალს ერთი მაღრიბელი ხელმწიფე თხოულობდა, მაგრამ ქალს არ უნდოდა და არც მამა ატანდა. მაღრიბის ხელმწიფე კი არ ისვენებდა და ქალის ხელში ჩასაგდებად სულ ახალ და ახალ ხრიკებს იგონებდა. ერთხელაც ქალის მამას ოთხი ჭაკი ცხენი გამოუგზავნა და შემოუთვალა:

– გამოიცან, რომელია მაგ ცხენში დედა, რომელი უფროსი კვიცი, რომელი შუათანა და რომელი პატარა. გამოიცნობ, კარგია, არადა, შენი ქალი უნდა მომცეო.

შეწუხდა ხელმწიფე, აბა როგორ უნდა გამოეცნო, როცა ცხენები ტანითაც და სერ-ფერითაც ერთმანეთს ჰგავდნენ. უფრო შეწუხდა მზეთუნახავი, წავიდა და თავისი გასაჭირი სიზმარას შესჩივლა.

– ნუ გეშინია, მაგის გამოცნობა არც ისე ძნელია, – უთხრა სიზმარამ, – ცხენებს ბლომა მარილი აჭამეთ და თავლაში დაამწყვდიეთ, დილას წყლის დასალევად რომ გამოუშვებთ, დააკვირდით: პირველად დედა გამოვა, დედას პატარა კვიცი გამოჰყვება, მერე გამოვა შუათანა და სულ ბოლოს უფროსი კვიცი გამოვაო.

ქალი წავიდა და ყველაფერი მამას უამბო. ხელმწიფე მართლაც ასე მოიქცა და გამოცანაც გამოიცნო.

გავიდა ხანი. მაღრიბის ხელმწიფემ ახლა რიყის ქვა გამოუგზავნა მზეთუნახავის მამას და შემოუთვალა:

– ამ რიყის ქვას თუ კოპად დაჭრი, ჩამოგეხსნები, თუ არადა, შენს მზეთუნახავ ქალს წავიყვანო.

დაღონდა ხელმწიფე, არ იცოდა, რა ექნა, როგორ უნდა დაეხია რიყის ქვა კოპად, არადა, ქალი უნდა მიეცა. ქალმა გაიგო მამის გასაჭირი და რჩევის საკითხავად ისევ სიზმარასთან გაიქცა. სიზმარამ უთხრა:

– ნუ გეშინია, მაგასაც მოევლება. მამაშენს ასე უთხარი: გაატანოს ეგ რიყის ქვა უკან და შეუთვალოს, – მე არ ვიცი, როგორი ზომის კოპი გინდა. ბრტყელი თუ წვრილი, ამიტომ ამ რიყის ქვას პირი აართვი ნიმუში გამომიგზავნე და მეც იმ ზომაზე დავხევო.

რა თქმა უნდა, მაღრიბის ხელმწიფე ქვას პირს ვერ აართმევდა და მზეთუნახავის მამა აქაც მოგებული დარჩა. მაშინ მაღრიბის ხელმწიფემ ისარი გასტყორცნა და მზეთუნახავის სასახლის წინ დაარჭო, თან ხელმწიფეს შეუთვალა:

– ან შენს სახელმწიფოში ისეთი კაცი მონახე, რომ ეს ისარი ამოაძროს, ან არადა, შენი ქალი ცოლად მიმყავსო.

შეკრიბა ხელმწიფემ ვინც კი მძლე და მკლავღონიერი ეგულებოდა სახელმწიფოში, მაგრამ ისარს ძვრაც ვერავინ იყო. მაშინ ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი ისევ სიზმარასთან გაიქცა და თავისი გასაჭირი შესჩივლა. სიზმარამ უთხრა:

– ამაღამ ჩუმად მოდი ხაროსთან, თოკი ჩამოუშვი, ამიყვანე და იმ ისარს მე ამოვაძრობო.

მართლაც დაღამდა თუ არა, ქალმა ჩაუშვა თოკი ხაროში და სიზმარა ამოიყვანა. ამ ხნის მანძილზე, რაც ხაროში იჯდა, სიზმარა გაიზარდა და საკმაოდ მკლავღონიერი ჯეილი დადგა. ხელის ერთი გაკვრით ამოაძრო ისარი და ისევ ხაროში ჩაჯდა.

გამოვიდა დილას ხელმწიფე, ნახა ამოძრობილი ისარი და ძალიან გაუკვირდა. გახარებულმა საჯაროდ გამოაცხადა:

– ვინც ეს ისარი ამოაძრო, მოვიდეს და ჩემს მზეთუნახავ ქალს ცოლად მივცემო.

შეიკრიბნენ ისევ სასახლეში ხელმწიფის გამოჩენილი ვაჟკაცები, ქალის დასაკუთრება ყველას უნდოდა და ისრის ამოძრობას ყველა თავისთვის იჩემებდა. ბოლოს ხელმწიფემ ბრძანა, – აბა, ვინც ამოაძრო ეს ისარი, ახლაც დაძრას ადგილიდანო.

ყველამ სცადა, მაგრამ ძვრაც ვერავინ იყო. მაშინ მივიდა ქალი მამასთან და უთხრა:

– მამილო, ხაროში რომ ბიჭი გიზის, იქნებ იმან ამოაძროო?

გაგზავნეს ვეზირები და მოიყვანეს სიზმარა, ისეთი ბიჭია, რომ ქალებს თვალები ზედა რჩებათ. აიღო სიზმარამ ისარი, გასტყორცნა და მაღრიბის ხელმწიფის წინ დაარჭო. აბა ხელმწიფეს რაღა ეთქმოდა. მოიწვია მთელი სახელმწიფო და თავის მზეთუნახავ ქალსა და სიზმარას იმავ დღეს ჯვარი დასწერა.

დაიწყო სიზმარამ ტკბილი და ბედნიერი ცხოვრება. ხელმწიფის სიძეს ან რა უნდა მოჰკლებოდა, ან რა საზრუნავი უნდა ჰქონოდა, იჯდა არხეინად, გვერდს ლამაზი ცოლი ჰყავდა და სხვა არც არაფერი უნდოდა. მაგრამ ერთ დღეს გაიგო, რომ მაღრიბის ხელმწიფე ჯარს აგროვებს და მზეთუნახავი ცოლის წართმევა უნდაო.

– ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, – უთხრა სიზმარამ ცოლს. – მოდი, ისევ მე დავასწრებო, – გამოემშვიდობა და წავიდა.

კარგა გზა რომ გაიარა, ერთ წყალუხვ მდინარეს მიადგა. მდინარის პირას ერთი დაღონებულ კაცი იჯდა. მივიდა სიზმარა იმ კაცთან და ჰკითხა, – რამ დაგაღონა, ან ამ მდინარის პირას რას უზიხარო?

– წყალი მწყურია და ვერ დამილევია, – უთხრა კაცმა, – ყლაპი რომ ვქნა, ყლუპი აღარ დამრჩება და რა ვქნა, არ ვიციო.

გაუკვირდა სიზმარას და უთხრა:

– კაცო, რა საკვირველი კაცი ყოფილხარ, მე გაღმა გასვლა მიჭირს, შენ კი ამოდენა მდინარე ყლუპადაც არ გყოფნის. მოდი, ჩემი ძმა იყავიო.

– შენ ვინა ხარო? – ჰკითხა კაცმა.

– მე სიზმარას მეძახიანო.

– შენ ისა ხარ, ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი რომ ცოლად შეირთე და მაღრიბის ხელმწიფეს ომს უპირებო?

– სწორედ ისა ვარო.

– შენ როგორ არ გეძმობიო, – უთხრა კაცმა და გაუდგნენ გზას ორნი.

კარგა მანძილი რომ გაიარეს, გზაზე ერთი კაცი შეხვდათ. ზღვის პირას იჯდა და სიცილით კვდებოდა. მივიდნენ ახლოს წყალიყლაპია და სიზმარა და ჰკითხეს: – რატომ ზიხარ ამ ზღვის პირას და ან რა გაცინებსო?

– როგორ არ გავიცინო, – უთხრა კაცმა, – ზღვის ფსკერზე ჭიჭყინები შეკრებილან და იმაზე მსჯელობენ, ვეშაპი როგორ დავამარცხოთ და როგორ მოვიშოროთ თავიდანო.

– რა საკვირველი კაცი ყოფილხარ, – უთხრა სიზმარამ, – ჩვენ ერთმანეთის ხმაც ძლივს გვესმის, შენ კი ზღვის ფსკერიდან ჭიჭყინების ლაპარაკიც გესმისო. მოდი და მეძმეო.

– შენ თვითონ ვინა ხარო? – ჰკითხა კაცმა.

– მე სიზმარას მეძახიანო.

– შენ როგორ არ გეძმობიო, – უთხრა კაცმა და წავიდნენ სამნი. იარეს, იარეს და გზაზე კიდევ ერთ კაცს წააწყდნენ. მიეპარეობოდა მტრედებს და ფრთებს აძრობდა, ერთის ფრთას მეორეს გაუყრიდა, მეორისას – მესამეს ისე, რომ მტრედები ვერაფერს იგებდნენ.

სიზმარას გაუკვირდა ამ კაცის სიფრთხილე და ჰკითხა:

– რა საკვირველი კაცი ყოფილხარ, მე შეუმჩნევლად კამეჩს ვერ მივეპარები და როგორ ახერხებ ამას, რომ მტრედები ვერაფერს გებულობენ? მოდი და მეძმეო.

იძმო ისიც სიზმარამ და გაუდგნენ გზას ოთხნი. ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, ბოლოს გზაზე ერთი მღვდელი შემოხვდათ. მღვდელს ზურგზე უზარმაზარი ეკლესია წამოეკიდნა, დასდგამ და ეკლესიას, სადაც მოესურვებოდა, და სწირავდა. მერე წამოიკიდებდა ისევ და გასწევდა სხვა მხარეს. სიზმარამ უთხრა:

– რა საკვირველი კაცი ყოფილხარ, ჩვენ სათლად მოვდივართ და ლამის მუხლები ჩაგვაწყდეს, შენ კი ამოდენა ეკლესია წამოგიკიდნია ზურგზე და მის სიმძიმეს ოდნავადაც არ ამჩნევ. მოდი და გვეძმეო. იძმეს ის კაციც და წავიდნენ ხუთნი.

იარეს, იარეს და მაღრიბის ხელმწიფის სასახლესაც მიადგნენ. გამოიხედა ხელმწიფემ, მიხვდა, რომ ისინი სასიკეთოდ არ იყვნენ მოსულნი და ჰკითხა:

– ვინა ხართ და ან ჩემს სახელმწიფოში რისთვის მოსულხართო?

– სიზმარა ვარ, მზეთუნახავი ქალის ქმარი, – უთხრა სიზმარამ, – ესენი ჩემი ძმები არიან და შენთან საომრად მოვედითო.

– კარგით, გამოგცდით, – უთხრა მაღრიბის ხელმწიფემ. – თუ გაიმარჯვეთ, რაღა მეთქმის, თუ არადა, თავებს დაგაყრევინებთო.

– ბრძანეთ და ჩვენც მზადა ვართო, – მიუგო ხუთივემ.

ხელმწიფემ უთხრა:

მე ერთი ექვსრუმბიანი ქვევრი მაქვს ღვინით სავსე. თუ იმ ქვევრს ერთ პურისჭამაზე დასცლით, ხომ კარგი, თუ არადა, როგორც გითხარით, თავებს დაგაჭრითო.

ძმობილებმა წყალიყლაპიას უთხრეს, აბა ახლა შენ იციო.

– თქვენ ფიქრი ნუ გაქვთ, – მიუგო წყალიყლაპიამ, – ექვსრუმბიანი კი არა, თორმეტრუმბიანიც რომ იყოს, ერთ ყლუპად არ მეყოფა და ყლაპი კიდევ მაგაზე დარჩებაო.

დასხა ხუთივენი სუფრაზე მაღრიბის ხელმწიფემ და მოატანინა ექვსრუმბიანი ღვინით გაპიპინებული ქვევრი, დაავლო ხელი წყალიყლაპიამ, მოიყუდა და ერთ ყლუპად გამოსცალა. თან ხელმწიფეს გადასძახა:

– ეს ყლაპი იყო და ყლუპი სადღააო?

განცვიფრდა მაღრიბის ხელმწიფე. თქვა გულში, ამათ თუ რაღაც ხრიკი არ მოვუხერხე, დამღუპავენო, და თავის მსახურებს უჩურჩულა, სუფრაზე მაგათთვის მოწამლული კერძები მოიტანეთო. – ეს ნაჩურჩულევი გაიგონა ყურმახვილმა და ამხანაგებს უთხრა, მოწამვლას გვიპირებენო.

ძმობილებმა ფრთაპარიას გადახედეს, უნდა გვიხსნაო. – აქა ვარ, ნუ გეშინიათო, უთხრა ფრთაპარიამ და ისე შეუცვალა თეფშებს ადგილები, რომ კაციშვილმა ვერაფერი გაიგო: თავიანთი მოწამლული კერძები ხელმწიფესა და იმის კარისკაცებს დაუდგა და იმათები კი თავიანთ წინ გადმოდგა.

ჭამეს ხელმწიფემ და კარისკაცემბა მოწამლული კერძები და სუფრაზევე ფეხები გაფშიკეს. სიზმარამა და მისმა ძმობილებმა კი მრავალჟამიერი შემოსძახეს და ქეიფი დილამდე გააგრძელეს.

დილას აიშალნენ და წასასვლელად მოემზადნენ, მაგრამ ხელმწიფის სასახლიდან ხელცარიელები ხომ არ წავიდოდნენ – გახსნეს ხაზინა და რას ხედავენ: თვალ-მარგალიტი ზვინებადა დგას. შეწუხდნენ ძალიან, ამდენი სიმდიდრე რით წავიღოთო. უცბად გაახსენდათ მღვდელი და უთხრეს, რას იზამ, ამ თვალ-მარგალიტს მოერევიო?

– თუნდა თქვენც ზედ დამასხედითო, – უთხრა მღვდელმა და ზურგი მიუშვირა, აჰკიდეს მღვდელს თვალ-მარგალიტი და წამოვიდნენ.

მოვიდნენ სიზმარასთან. სიზმარას მზეთუნახავ ცოლს ტყუპი ოქროსთმიანი ქალ-ვაჟი გასჩენოდა და მამას უკვე მოზრდილები დაახვედრა.

სიზმარამ სიმამრს უამბო მთელი თავისი თავგადასავალი და გამარჯვების საწინდრად წამოღებული თვალ-მარგალიტიც უჩვენა. მერე დაუძახა თავის ცოლ-შვილს, ერთ მხარეს ბიჭი მოისვა, მეორე მხარეს ქალიშვილი, ცოლს ოქროს სუფრა და ტაშტი მოატანინა და ხელ-პირის დაბანა დაიწყო. თან ხელმწიფე-სიმამრს მოახსენა:

– ხელმწიფევ, აი ჩემი სიზმარი: ეს მზეა და ეს მთვარე, – დაადო ხელი ქალიშვილსა და ვაჟს, მერე ცოლისკენ გაიშვირა ხელი, – ეს კიდევ შუქურვარსკვლავია და ხელ-პირს მაბანინებსო. აბა, ამათ რომ მთხოვდი, ცოცხალი როგორ დაგანებებდიო.

– ღმერთმა ყველა კეთილი სიზმარი ასე აგიხდინოსო, – უთხრა ხელმწიფემ და თავისი ტახტი და სახელმწიფო იმავ დღეს სიზმარას გადაულოცა. სიზმარამ ყურმახვილა და ფრთაპარია ქყვეყნის მცველებად დააყენა, წყალიყლაპიას მეზვრეობა უბოძა და დღეში ასი ჩაფი ღვინო დაუნიშნა. მღვდელსაც ბევრს ეხვეწა, დარჩი ჩემთანო, მაგრამ ის არ დარჩა, როგორც მიწირია, სიკვდილამდე ისე ვწირავო, – უთხრა, წამოიკიდა საყდარი და წავიდა.

სიზმარა და მისი ძმობილები დღესაც ტკბილად ცხოვრობენ და სახელმწიფოსაც გონივრულად მართავენ. წყალიყლაპია დღეში ას ჩაფ ღვინოს სვამს, ყურმახვილას არც ერთი პაწია ჩქამი არ გამოეპარება, ხოლო ფრთაპარია ისე შეუცვლის მსტოვრებს საიდუმლო ბარათებს, რომ თავიანთი საქმისას თვითონაც ვეღარაფერს იგებენ.

ხანდახან მღვდელიც ესტუმრებათ, დადგამს საყდარს, გადაიხდის წირვა-ლოცვას და წავა.

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,

ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button