ზღაპარისაბავშვო

ხუთკუნჭულა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი, იყო ცხრა ძმა. ძმები ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ ხშირად ლუკმაპური ენატრებოდათ.

ძალიან რომ გაუჭირდათ შიმშილ-სიტიტვლით, უმცროსმა ძმამ, რომელსაც მეტისმეტი ეშმაკობისათვის ხუთკუნჭულას ეძახდნენ, ძმებს უთხრა, მოდი, წავიდეთ და ვისმე მოჯამაგირედ დავუდგეთ, სხვა თუ არაფერი, იქნებ ლუკმაპური მაინც მაძღრად ვიშოვოთო. დაიჯერეს ძმებმა ხუთკუნჭულას რჩევა, ჩაალაგეს ხურჯინებში თუ რამ ძველმანები ჰქონდათ შინ, გადაიკიდეს მხარზე და გაუდგნენ გზას.

ბევრი იარეს თუ ცოტა, ბოლოს ერთ უცხო ქვეყანაში გავიდნენ. გზაზე ერთი დევი შემოხვდათ, დევი მიესალმა ძმებს და ჰკითხა:

– რატომ აყრილხართ ასე დედაბუდიანად, ან სად მიდიხართო?

– სამუშაოს ვეძებთ, გვინდა მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთ და თავი შევინახოთო.

– მე დამიდექითო, – უთხრა დევმა.

– კარგიო, – დაეთანხნენ ძმები.

წაიყვანა დევმა ძმები და მიიყვანა შინ. დევს უზარმაზარი სასახლე ედგა, ჰყავდა აუარებელი საქონელი და ცხრა მზეთუნახავი ქალი.

იმ ღამეს დევმა ძმებს გემრიელი ვახშამი გაუშალა. ხუთკუნჭულამ საჩქაროდ შეჭამა საჭმელი, სუფრიდან წამოდგა და სასახლის ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა. ბოლოს დევის უმცროსი ქალის ოთახშიც შეიჭყიტა. დევის ქალს ადამიანის დანახვა ეუცხოვა და ჰკითხა:

– ვინ ხარ, რა სულიერი ხარო?

– ვინა ვარ და ადამიანი, სახელად ხუთკუნჭულას მეძახიან, ცხრა ძმაში მე ყველაზე უმცროსი ვარო.

– აქ საიდან გაჩნდი, ან რისთვის მოსულხარო? – ჰკითხა დევის ქალმა.

– ძმები სამუშაოს საძებნელად წამოვედით, – უთხრა ხუთკუნჭულამ, – გზაში მამაშენი შეგვხვდა და მოჯამაგირედ დაგვიყენაო.

– ჯაი მოჯამაგირედ დაუყენებიხართო, – უთხრა ქალმა.

– ვითომ რატომ არაო?! – გაუკვირდა ხუთკუნჭულას.

დევის ქალს ძალიან მოეწონა ხუთკუნჭულა და უთხრა:

– თუ ცოლად მითხოვ, გეტყვიო.

– გითხოვო, – შეჰპირდა ხუთკუნჭულა.

– მაშ იცოდე, – უთხრა დევის ქალმა, – მამაჩემს თქვენ შესაჭმელად ჰყევხართ მოყვანილი. როცა დაგეძინებათ, ცხრავეს შეგჭამთ. მაგრამ თუ იფხიზლებ და არ დაიძინებ, თავსაც იხსნი და ძმებსაცო.

– სიკვდილის მოლოდინში რა დამაძინებსო, – თქვა ხუთკუნჭულამ და ქალს სთხოვა, მითხარი, როგორ მოვიქცეო.

ქალმა დაარიგა, როგორც უნდა მოქცეულიყო, და გამოისტუმრა. მივიდა ხუთკუნჭულა ისევ ძმებთან. პურისჭამას რომ მორჩნენ, დევმა ძმები დარბაზში გაიყვანა დასაძინებლად და თვითონ დარბაზის კარებში დაწვა. ძმებმა მაშინვე ხვრინვა ამოუშვეს, ხუთკუნჭულას კი რა დააძინებს, საბნიდან ცალი თვალით იჭყიტება და დევს დარაკობს. ცოტა ხანი რომ გავიდა, დევმა წამოიხედა და შესძახა:

– ძმებო, გძინავთ თუ გღვიძავთო?

– მღვიძავსო, – უპასუხა ხუთკუნჭულამ.

– რა არ გაძინებსო? – ჰკითხა დევმა.

– შენი ბატების ყიყინიო! – მიუგო ხუთკუნჭულამ, როგორც ქალისაგან იყო დარიგებული.

დევი წამოხტა და მთელი ბატები ერთიანად გადაყლაპა. ისევ თავის ადგილზე დაწვა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ შესძახა:

– ძმებო, გძინავთ თუ გღვიძავთო?

– მღვიძავსო, – უპასუხა ხუთკუნჭულამ.

– რა არ გაძინებსო? – ჰკითხა ისევ დევმა.

– შენი ძროხების ფშვინვაო.

წამოვარდა ისევ დევი, დაერია ძროხებს და სულ სათითაოდ გადაყლაპა. მერე ისევ თავის ადგილას დაწვა და ცოტა ხნის შემდეგ კიდევ იკითხა:

– ძმებო, გძინავთ თუ გღვიძავთო?

– მღვიძავსო, – უპასუხა ხუთკუნჭულამ.

– რა არ გაძინებსო? – გაჯავრდა დევი.

– მინდვრიდან შენი ცხენების ჭიხვინი მესმის და ის არ მაძინებსო, – მიუგო ხუთკუნჭულამ.

დევი მაშინვე წამოვარდა და ცხენების შესაჭმელად მინდორში გაიქცა. ხუთკუნჭულამ კი დრო იხელთა და, როგორც დარიგებული იყო, დევის უმცროს ქალთან შევარდა. ქალმა ხუთკუნჭულას თავისი ტანისამოსი ჩააცვა, ძმებისთვის დების ტანსაცმელი მისცა და დევის დაბრუნებამდე სასახლიდან ყველანი გააპარა.

დაბრუნდა დევი და ძმები რომ აღარ დახვდნენ, მთლად გაცეცხლდა. გამოვარდა გარეთ და უკან გაეკიდა, ირბინა, ირბინა და მიადგა ხიდს, ნახა, რომ ძმები წყალგაღმა იყვნენ და უარესად გადაირია. ხიდი სასაზღვრო მდინარეზე იდო, იმის იქით სხვა ხელმწიფის სამფლობელო იწყებოდა და დევი იქ ვერ გადავიდოდა.

– ხუთკუნჭულავ, გამასწარ ხიდსაო? – დაუძახა კბილების კრაჭუნით.

– გაგასწარ და თვალებიც მოგთხარეო! – გამოსძახა ხუთკუნჭულამ.

რაღას იზამდა დევი, დაბრუნდა შინ გაწბილებული. ხუთკუნჭულა და იმისი ძმები კი იმ დევის მომიჯნე ხელმწიფეს დაუდგნენ მოჯამაგირედ.

ხუთკუნჭულამ ხელმწიფის სამსახურში დიდი სიბეჯითე და გულმოდგინება გამოიჩინა, რაზედაც ხელმწიფე ხშირად ასაჩუქრებდა. ნაზირ-ვეზირებს, რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ ხელმწიფესთან ხუთკუნჭულას ასეთი დაახლოება და მოინდომეს მისი თავიდან მოშორება. ერთ დღეს მივიდნენ და ხელმწიფეს მოახსენეს:

– დიდებულო ხელმწიფევ, შენი სახელმწიფო ყველაფრით სრულია, მაგრამ ჩვენს მომიჯნავე დევს რომ ერთი გულთმისანი თხა ჰყავს, ისიც რომ თქვენი იყოს, უფრო მდიდარი იქნებითო.

– მერე, ვინ მომიყვანს იმ თხასო? – იკითხა ხელმწიფემ.

– ვინა და, რა თქმა უნდა, თქვენი მოჯამაგირე ხუთკუნჭულაო.

დაიბარა ხელმწიფემ ხუთკუნჭულა და უბრძანა:

– წადი და, ჩვენს მომიჯნავე დევს რომ გულთმისანი თხა ჰყავს, ის მომიყვანე, თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩებიო.

რაღას იზამდა ხუთკუნჭულა, ადგა და წავიდა. მივიდა ჩუმად დევის სასახლეში და შეიპარა უმცროს ქალთან. ქალმა ჰკითხა: – პირობა ხომ არ დაგვიწყებიაო?

– არაო, – უთხრა ხუთკუნჭულამ.

– მაშ მითხარი, რა გაგჭირვებიაო?

ხუთკუნჭულამ უთხრა თავისი გასაჭირი. – ეგ ადვილი საქმეაო, – დაამშვიდა ქალმა და საღამომდე თავის ოთახში დამალა. თან ისიც ასწავლა, როგორ ჩაეგდო გულთმისანი თხა ხელში.

საღამოზე დევმა მორეკა ცხვარი და შერეკა გომურში. ხუთკუნჭულამ, როგორც დევის ქალისაგან იყო დარიგებული, თავი გამოყო და გულთმისან თხას დაენახვა.

– ხუთკუნჭულა, ხუთკუნჭულაო! – ატეხა თხამ კიკინი.

წამოვარდა დევი და მთელი სასახლე გადაჩხრიკა, მაგრამ ხუთკუნჭულა ვერსად იპოვა, რას იფიქრებდა, თუ მისივე ქალის ოთახში იმალებოდა. გაბრაზდა დევი, – მე შენ გიჩვენებ ხუთკუნჭულასაო, – დაუყვირა თხას და კარში გამოაგდო.

ხუთკუნჭულასაც ეს უნდოდა, გამოვიდა ჩუმად ქალის ოთახიდან, წამოიკიდა თხა და მოცოცხა ხელმწიფის სასახლისაკენ. ნაზირ-ვეზირებს, რა თქმა უნდა, არაფრად ეპიტნავათ, რომ ხუთკუნჭულამ თხაც მოიყვანა და საღსალამათიც დაბრუნდა, და ხელმწიფეს ისევ შეუჩნდნენ:

– იმ დევს ერთი ჯადოსნური ხალიჩა აქვს და ხუთკუნჭულამ ისიც მოიტანოს, ასეთი ძვირფასი ნივთი სწორედ თქვენი საკადრისიაო.

დაიბარა ხელმწიფემ ხუთკუნჭულა და უბრძანა:

– წადი და იმ დევს რომ ჯადოსნური ხალიჩა აქვს, ის მომიტანეო.

– ბატონი ბრძანდებითო, – უთხრა ხუთკუნჭულამ და წავიდა. მივიდა დევის სახლთან, შეიპარა ისევ უმცროსი ქალის ოთახში და თავისი გასაჭირი მოახსენა. ქალმა ერთი მუჭა ნემს-მახათი მისცა და დაარიგა:

– შედი მამაჩემის საწოლ ოთახში და ეს ნემსები ხალიჩას ქვეშიდან გაუყარეო.

შევიდა ხუთკუნჭულა და ის ხალიჩა სულ ნემს-მახათით გაავსო. მოვიდა საღამოზე დევი და დაჯდა ხალიჩაზე. დაჯდა და შეერჭო საჯდომზე ნემსები, იქით გაიწია, იქითაც შეერჭო, აქეთ გამოიწია და კიდევ უარესი დაემართა, გაბრაზდა დევი, დაავლო ხელი ხალიჩას და ფანჯრიდან ეზოში გადაუძახა.

გამოვიდა ხუთკუნჭულაც ქალის ოთახიდან, დასტაცა ხელი ხალიჩას და დილისთვის ხელმწიფეს მიურბენინა.

ნაზირ-ვეზირები შურით მთლად გულზე დასკდნენ. თქვეს, თუ რაღაც ხერხი არ ვიხმარეთ, ამას თავიდან ვერ მოვიშორებთო, და ხელმწიფეს მოახსენეს:

– დიდებულო ხელმწიფევ, მაგ თხისა და ხალიჩის პატრონიც რომ აქ მოიყვანოთ და მსახურად დაიყენოთ, ყველაფერს ის აჯობებსო.

– მერე, ვინ მოიყვანსო? – იკითხა ხელმწიფემ.

– ვინა და, რა თქმა უნდა, ხუთკუნჭულაო. რაკი თხა და ხალიჩა მოიტანა, არც პატრონის მოყვანა გაუჭირდებაო.

ხელმწიფეს ეს რჩევა ყველაზე მეტად მოეწონა. – მეფეთა გული ხომ გაუმაძღარია, დაიბარა ხუთკუნჭულა და უბრძანა:

– უნდა წახვიდე და თხისა და ხალიჩის პატრონიც მომგვაროო.

დაღონდა ხუთკუნჭულა ძალიან, – ვაითუ ამაზე დევის ქალი გამიწყრეს და ცოცხალი ვეღარ დავბრუნდეო, მაგრამ თავს იქით ძალა არ ჰქონდა და წავიდა. შევიდა დევის ქალთან. ქალმა დაღონება შეატყო და ჰკითხა:

– რა იყო, ისეთი რა დაგავალა შენმა ხელმწიფემ, რომ თავ-პირი ჩამოგტირისო?

ხუთკუნჭულამ უთხრა, რაც აწუხებდა.

– ჰო, ეგ კი ცოტა ძნელი საქმე დაუვალებია, – უთხრა ქალმა, – მაგრამ ნუ გეშინია, მაგასაც მოევლება. შენ ის მითხარი, პირობა ხომ არ დაგავიწყდაო?

– პირობას როგორ დავივიწყებ, კაცი ვარ და ქუდი მხურავსო! – მიუგო ხუთკუნჭულამ.

– აი, ეს მომწონსო! – თქვა ქალმა და ხუთკუნჭულას ერთი ხელი იმერული ტანსაცმელი და სადურგლო იარაღები გამოუტანა. თან დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო, და გამოისტუმრა. ხუთკუნჭულამ ჩაიცვა იმერული ტანისამოსი, დაიჭირა ხელში იარაღები და, როგორც ქალმა უთხრა, დევს ტყეში დაუხვდა.

– ვინა ხარ და ამ ჩემს ტყეში რას აკეთებო? – დასჭყივლა დევმა.

– იმერელი დურგალი ვარ და ტყეს ვათვალიერებო! – მიუგო ხუთკუნჭულამ.

– თუ მართლა იმერელი ხარ, კარგი ხელობა გეცოდინება, რას გააკეთებ საკვირველსო? – ჰკითხა დევმა.

ისეთ კიდობანს გავაკეთებ, რომ შიგ ჩაჯდე და ფიცარიც ვერ გააგდებინოო, – უთხრა ხუთკუნჭულამ.

– აბა გააკეთეო, – უბრძანა დევმა.

ხუთკუნჭულამ სასწრაფოდ გააკეთა კიდობანი და დევს უთხრა:

– აბა ჩაჯერქი და სცადე, ფიცარს თუ გააგდებინებო.

დევი ჩახტა კიდობანში და ხან ერთ ფიცარს მიაჭირა ფეხი, ხან – მეორეს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. ამასობაში ხუთკუნჭულამ კიდობანს თავი დაახურა და დალურსმნა.

– რასა შვრებიო? – გამოსძახა დევმა შიგნიდან, – თავს რად მაფარებო?

– ბარემ ზურგზე აგიკიდებ და შინამდე მიგიყვან, – უთხრა ხუთკუნჭულამ. – თავიც სწორედ იმიტომ დავლურსმნე, რომ გზაზე არ გადმოვარდეო.

დევს გაუხარდა, რომ შინამდე ფეხით აღარ მოუწევდა სიარული და აღარაფერი თქვა, ხუთკუნჭულამ კი წამოიკიდა კიდობანი და პირდაპირ ხელმწიფის ეზოში შეიტანა.

გამობრძანდა ხელმწიფე თავისი ნაზირ-ვეზირებით, მაგრამ სანამ კიდობანს გახსნიდნენ, ხუთკუნჭულა ჩუმად გაიპარა, აიღო უშველებელი მარილის ქვა და ერთ მაღალ ჭადარზე ავიდა.

ახადეს თავი კიდობანს. ამოვარდა განრისხებული დევი და ხელმწიფე და ნაზორ-ვეზირები ერთიანად გადასანსლა. მერე ხუთკუნჭულას დაუწყო ძებნა, მიხვდა, რომ ეს მისი ოინი იყო და პირიდან სულ ცეცხლს ყრიდა. ბოლოს დაინახა ჭადრის კენწეროზე მჯდომარე და შესძახა:

– ხუთკუნჭულავ, მასწავლე, მანდ როგორ ახვედიო?

– აი, ეს მარილის ლოდი დავიდე გულზე და ამოვფრინდიო, – ჩამოსძახა ხუთკუნჭულამ.

– მერე, მე სად ვიშოვო მაგისთანა ქვაო? – ჰკითხა დევმა.

– რა შოვნა გინდა, შენ გულაღმა დაწექი, მე ჩამოვუშვებ, დაგეცემა გულზე და ამოხტებიო, – ჩამოსძახა ხუთკუნჭულამ.

დაწვა დევი გულაღმა. ჩამოაგდო ხუთკუნჭულამ მარილის ქვა, დასცა დევს გულზე და ნაპურჭყალად აქცია.

ჩამოვიდა ხუთკუნჭულა ხიდან და დაეპატრონა მეფის სასახლეს. დედოფლად დევის უმცროსი ქალი მიიყვანა. სხვა ქალები თავის ძმებს შერთო და ნაზირ-ვეზირებად დააყენა. დევის მთელი სიმდიდრეც ძმებს გაუნაწილა და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება.

მთას ურემი ავიტანე,

წამოვიდა გორებითა,

აქ სიცოცხლით გამიძეხით,

საიქიოს ცხონებითა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button