ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – ხელოვნებით შეპყრობილი

1

ტემპოს მეორე წლის მეცხრე თვის დილა. კანადაში, დობოტეს ქუჩაზე, საზოგადოებრივ აბანოში, როგორც წესი, დილიდანვე ხალხმრავლობაა. “საერთო აბანო… აქ ყოველივე ერთმანეთში არეულა: ღმერთის სალოცავი ჰიმნები და ბუდას ლოცვები, სიყვარული და ღალატი…” – წერდა თავის ერთ-ერთ იუმორისტულ მოთხრობაში სიკიტაი სამბა და დღესაც შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ.

აგერ, ერთ-ერთი მობანავე, “ქალის კულულების” მოდური ვარცხნილობა რომ აქვს, წყალში ჩამდგარა და უტაძაიმონს მღერის. მეორე – “ტომაგე ხონდას” ვარცხნილობით, ეს-ესაა წყლიდან ამოსულა და პირსახოცს წურავს. ვიღაც შუბლგაპარსული კაცი, “ოოიტოს” მოდაზე რომ დაუყენებია თმა, ქაფქაფა წყალს ისხამს სვირინგან ზურგზე. უფრო მოშორებით, “იოსიბეი იაკოს” ვარცხნილობიანი კაცი შესაშური სიდინჯით იხეხავს სახეს; ვიცი წყლით სავსე სათლიდან თავგადაპარსული ბერი ზის და თავზე ისხამს წყალს; ბიჭუნა, თმები გაფრენილ ფუტკარს თუ ჭრიჭინას რომ მიუგავს, გატაცებით თამაშობს ლერწმის პინაკითა და თიხის თასით… ამ ვიწრო აბანოში ერთად მოუყრიათ თავი ესოდენ განსხვავებულ ადამიანებს, ერთგვარად არიან შემობურვილნი ბლანტი ორთქლის ბოლქვებით და სარკმელში შემოჭრილი შემოდგომის მზის სხივებით.

აბანოში ხმაურიც თავისებურია. უმთავრესად წყლის ჩხრიალი, სანთლების რაჩხარუჩხი, ადამიანთა მობუბუნე ლაპარაკი და ღიღინი ისმის. ჟამიჟამ სარეკელას რაკარუკიც გაისმის ხოლმე სადარაჯოდან. ერთი სიტყვით, ტიხრის ორივე მხარეს, აბანოს ფუროდ და საბანაო ოთახად რომ ყოფს, ისეთი გნიასი დგას, ბრძოლის ველი ეგონება კაცს, წარამარა ჭრიალებს კარი, ხელზე მოვაჭრენი თუ მათხოვრები შემორბიან, უთავჟამოდ გადი-გამოდიან მობანავეებიც. და აი, ამ გნიასში…

აი, ამ გნიასში კუთხეში მიყუჟულა ვიღაც ბერიკაცი. სამოცს უნდა იყოს გადაცილებული. საფეთქელზე შერჩენილი ჭაღარა უსიამოდ შეყვითლებია, თვალის კაკლებზე ლიბრი გადაკვრია. გამხდარი კაცია, მაგრამ ჯანმაგარი და ღონიერი, მოდუნებულ, კანმოფლაშულ ხელფეხს მაინც ეტყობა ის ძალა, ასე უთანასწოროდ რომ შებრძოლებია სიბერეს, ძლიერ ნიკაპსა და ფართო პირსაც, როგორც ჯეელობაში, კვლავ რომელიღაც გარეული ცხოველის გავეშება შემორჩენია.

მან დინჯად დაიზილა გულ-მკერდი და ახლა ტანს იბანდა, ხის პინაკით ივლებდა წყალს. მერე დიდხანს, გულმოდგინედ იზილა წვივები შავი აბრეშუმის ჭინჭით, თუმცა მის გამომშრალ, დანაოჭებულ კანს ჭუჭყის ნასახი არ გასცლია. ანაზდად შემოდგომის ნაღვლიანი ქროლვა შეიგრძნო. ფეხი გადაიბანა, ნამიანი პირსახოცით შეიწმინდა და გახევდა – ერთბაშად დაეწრიტა ძალა, საპნიანი წყლით სავსე სათლში თვალისმომჭრელი ნათელი ცა და ხურმის ხასხას ნაყოფი ირეკლებოდა. კრამიტის სახურავის აპრეხილ კიდეებზე გადმოკონწიალებული ხურმის ტოტები ალგ-ალაგ ერთმანეთს მიტყუპებოდნენ და ეხუტებოდნენ.

წამისად სიკვდილის ლანდი ჩამოემხო ბერიკაცს, ეს სიკვდილი არც ბოროტებას უქადდა, არც რაღაც ისეთს, ადრე თავზარს რომ სცემდა ხოლმე. არყოფნის შეგრძნება ამ სათლში არეკლილი ნათელ ცასავით ჩუმი, სასურველი და უშფოთველი იყო. ო, რა ნეტარი ლტოლვით ეწადა განდგომა ამ მშფოთვარე ყოფნის ცოდვებს, სატანჯველს და სიკვდილის ჩრდილქვეშ მინებებოდა ძილს, იმ უსიზმრო ძილს, მხოლოდ უცოდველ ბავშვებს რომ ეწვევა ხოლმე. ცხოვრებამ ქანცი გაულია. უფრო სწორად, ამ მრავალ ათწლეულში მოყოლებულმა ხელოვნებით ტანჯვამ დაუწრიტა უკანასკნელი ძალი და ღონე…

გონს მოეგო და სასომიხდილმა თვალი აარიდა სათლს. ირგვლივ კვლავ მხიარული ხმები ისმოდა. მზერაშეუღწეველ ორთქლში თავბრუდამხვევი სისწრაფით მიმორბოდა ხალხი. ტიხარს იქიდან მოდენილ უტაძაიმონს ახლა მოდური სიმღერაც აჰყვა. ამ გნიასში ცხადია, ნასახიც არ იყო იმ მარადისობისა, წუთის წინ რომ გაუნათა სული.

– სენსეი, არ მეგონა თუ აქ გიხილავდით! სიზმარშიც ვერ დავიჯერებდი, რომ კიოკუტეი-სენსეი დილაუთენია მობრძანდებოდა აბანოში.

ბერკაცი შემობრუნდა და საშუალო ტანის, ლოყებაღაჟღაჟებული, “ხოსიოტეს” ვარცხნილობიანი კაცი დაინახა. კაცს ხის პინა ეპყრა ხელთ, მხარზე პირსახოცი ჰქონდა გადაკიდებული და მხიარულად უღიმოდა. ეტყობოდა, ის-ის იყო ბანაობა დაემთავრებნა და სუფთა წყლის გადავლებას აპირებდა.

– მიხარია, რომ კარგ გუნებაზე ვხედავთ, – ოღონდ შესამჩნევი ირონიით უთხრა გაღიმებულმა ბეკინ საკიტაო ტაკიძავამ.

2

ასე მცირედით გახარება რა სათქმელია? – ჭეშმარიტად გასახარელი მხოლოდ ის გახლავ, რომ “რვა ძაღლის” ახალი თავები იბეჭდება და ყველა ერთმანეთზე საინტერესოა, – ბაკინის თანამოსაუბრემ პირსახოცი სათლში ჩააგდო და უფრო ხმამაღლა განაგრძო:

– რა საოცარია! ფუნამუსი კობუნგოს მოკვლას განიზრახავს, ბრმა მომღერალ ქალად ასაღებს თავს, მაგრამ ბოლო წუთებში, როცა კობუნგოს დაიჭერენ და აწამებენ, ისევ სოსკე ეხმარება. რა კარგად არის მოფიქრებული! თანაც ეს შემთხვევა სოსკეს ერთხელ კიდევ ახვედრებს კობუნგოსთან. მე საგალანტერიო საქონლის ერთი უბრალო ვაჭარი გახლავართ, ომია ჰეიკიტი, და მაინც, “იომიხონის” მცოდნედ და თაყვანისმცემლად მიმაჩნია თავი. მერწმუნეთ, მეც კი ვერ შეგედავებით ვერაფერში… ყველაფერი მომწონს… ო, მომიტევეთ, რომ თავს უფლებას ვაძლევ ისეთ საკითხებზე ვიმსჯელო, რაც თითქოს არც არის ჩემი საქმე…

ბაკინი დადუმდა და მეორე ფეხის ბანვა დაიწყო. რა დასამალი იყო და, კარგა ხანია გულგრილად ვეღარ ხვდებოდა თავისი ნიჭის თაყვანისმცემლებს. თუმცა ბრძენ და გამჭრიახ ბაკინს ეს სულაც არ უშლიდა ხელს, ფხიზლად და მიუკერძოებლად ემსჯელა ამ ხალხზე. და რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს, ადამიანთა ფხიზლად შეფასების უნარი, თავის მხრივ, სულაც არ უშლიდა ხელს თაყვანისმცემლებისადმი კეთილად ყოფილიყო განწყობილი. ამიტომაც ზოგჯერ ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად ეზიზღებოდა და უყვარდა კიდეც. სწორედ ასეთი კაცი იყო ომია ჰეიტიკიც.

– დარწმუნებული ვარ, თქვენებურად წერა უდიდეს ძალას და მოთმინებას მოითხოვს. რაც უნდა თქვან, თქვენ ხართ ჩვენი იაპონელი ლო გუან-ჯუნი. ოჰ, მაპატეთ, მგონი, ისევ ზედმეტი წამომცდა, – ჰეიკიტიმ გადაიხარხარა, იქვე მობანავე კაცმა მოიხედა – ელამი, შავთვალა ხორბლისფერსახიანი კაცი იყო, “კოიოტის” ვარცხნილობა ჰქონდა. მან ნაკინისა და ჰეიკიტისკენ იქცია პირი, ერთ ხანს მორიგეობით შესცქეროდა მათ, მერე სახე მომანჭა და ზიზღით გადააწიტა.

– თქვენ ისევ ჰოკუს წერთ? – ბაკინმა მოუხერხებლად შეცვალა საუბრის თემა, თუმცა ელამი კაცის ბოროტი გამოხედვა არც შეუნიშნავს, – ცუდად ხედავდა.

– ძალზე მსიამოვნებს თქვენი ყურადღება, მაგრამ გულახდილად უნდა მოგახსენოთ: მე მხოლოდ და მხოლოდ მოყვარული ვარ და სინდისის ქენჯნის გარეშე ვაკეთებ იმას, რაც ძალმიძს. ხან ერთ პოეტურ კრებულს მივაწყდები, ხან მეორეს, მაგრამ ჩემს ლექსებს მაინც აკლია რაღაც. თუმცა, სენსეი, თქვენ მგონი ტანკა და ჰოკუ ნაკლებ უნდა გიტაცებდეთ?

– არ გამომდის. თუმცა ერთ დროს მეც ვწერდი ლექსებს.

– თქვენ ალბათ ხუმრობთ.

– არა, ტანკა საჩემო საქმე არ არის. ლექსების წერისას დღემდე იმ ბრმად მიმაჩნდა თავი, ღობის ჭუჭრუტანაში შეხედვას რომ ცდილობს, – ბაკინმა ხაზგასმით უთხრა, საჩემო საქმე არ არისო, მაგრამ სულაც არ თვლიდა, რომ სხვაზე ნაკლებ შეეძლო ჰოკუს ან ტანკას თხზვა. რა ხანია გული აუცრუვდა პოეზიაზე, ერთგვარი ქედმაღლური ზიზღით უცქერდა მას. რადგან ტანკაც და ჰოკუც ძალზე მცირე იყო მისი ნააზრევის ჩასატევად. სამსტრიქონიანი იქნებოდა ლექსი თუ ხუთსტრიქონიანი, ლირიკული თუ პეიზაჟური, მისი პროზაული ნაწარმოებების რამდენიმე სტრიქონის თანაფარდი იყო მხოლოდ. ამიტომ თვლიდა პოეზიას მეორეხარისხოვან პიროვნებად, ეს იყო და ეს.

3

მისი ზიზღი იმაშიაც გამოიხატა, ხაზგამით რომ წარმოთქვა, საჩემო საქმე არ არისო, მაგრამ სამწუხაროდ, ომია ჰეიკიტი ვერ მიუხვდა ნათქვამს.

– აი რაში ყოფილა საქმე, – თითქოს მოუბოდიშა მოსაუბრემ და ისედაც აწითლებული ტანი პირსახოცით დაიზილა, – გამოგიტყდებით, მე კი მეგონა, რომ თქვენებრ ბრძენს ყველაფერი ხელეწიფება. ალბათ სიმართლეს ამბობენ, განგება ყველა სიკეთით არ დააჯილდოვებს ადამიანსო.

ბაკინმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, სწორად რომ ვერ გაუგეს ნაფიქრი. არც ჰეიკიტის მობოდიშებასავით ნათქვამი მოწონა. პირსახოცი და აბრეშუმის ჭინჭი ტაშტში ჩაყარა, ოდნავ გაიმართა წელში, ნაწყენმა შეყარა წარბები და წამოენთო:

– მაინც მგონა, დღევანდელ სახელოვან პოეტებზე ნაკლებ ლექსებს არც მე დავწერდი.

თქვა და ბავშვივით დაირცხვინა. განა სულ ახლახანს არ აქებდა და ადიდებდა ჰეიკიტი მის წიგნს, მაგრამ განსაკუთრებული აღფრთოვანება არ უგრძვნია. ახლა კი ის ეწყინა, ლექსების ცუდ მთხზველად რომ მიიჩნიეს. აშკარა შეუსაბამობა იყო. ბაკინმა იმავ წამს გააცნობიერა თავისი გაღიზიანების მიზეზი, აწრიალდა, სასწრაფოდ გადაისხა წყალი, თითქოს ამით ცდილობდა დაბნეულობის დაფარვას.

– მაშასადამე, თქვენ მაინც წერთ ლექსებს, ასეც ვფიქრობდი. სხვაგვარად ალბათ ვერ შეძლებდით “რვა ძაღლის” მსგავი შედევრის შექმნას. ტრაბახად არ ჩამოთვალოთ, მაგრამ მართლაც დაკვირვებული კაცი ვარ.

ჰეიკიტიმ ისევ გადიხარხარა. ის ელამი აღარსად ჩანდა, მისი ნაწიტიც წყალმა წაიღო. ამ სიტყვებმა უფრო აუფორიაქა სული.

– ძალზე გამიტაცა თქვენმა საუბარმა, ახლა კი ფუროში ჩავხტები.

ბაკინს ეუხრხულებოდა, რცხვენოდა ამ გულკეთილი კაცის, და ნელა წამოდგა, დამშვიდობებას აპირებდა. ჰეიკიტი კი ისევ სიტყვამრავლობდა და, როგორც ტალანტის ჭეშმარიტ თაყვანისმცმელს შეჰფერის, ძალზე თავდაჯერებულიც იყო.

– კარგად ბრძანდებოდეთ, სენსეი, ძალიან გთხოვთ, უახლოეს ხანებში აუცილებლად დაწეროთ ლექსი. შევთანხმდით? არ დაგავიწყდეთ! ახლა კი ნება მომეცით, დაგემშვიდობოთ. ვიცი, ძალზე დაკავებული ბრძანდებით და მაინც, თუ შემთხვევით გზა იქით დაგირჩათ, გთხოვ მესტუმროთ. თუ ნებას მომცემთ, მეც გეწვევით, – მისძახოდა ბაკინს. მერე წყალში კიდევ ერთხელ ამოავლო პირახოცი, ტიხრისკენ მიმავალ ნაკინს თვალი გააყოლა და იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოუყვებოდა ცოლს კოკუტეი-სანსეისთან შეხვედრას.

4

არც ტიხრის მიღმა ჩანდა რაიმე. ორთქლის ბუღი იდგა. ბაკინი მობინავეთა შორის ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას. რის ვაი-ვაგლახით მიაღწია ფურომდე, იქაც კუთხეში მიიყუჟა და წყალს მიანდო თავისი დანაოჭებული სხეული.

ამჯერად წყალი ჩვეულებრივზე ცხელი ეჩვენა, ფეხის თითებამდე დაეფუფქა ტანი. მერე ღრმად ჩაისუნთქა და ფუროს ზანტად მოავლო თვალი, ბინდბუნდში ძლივს ჩანდა მობანავეთა თავები, შვიდნი იყვნენ, იქნებ რვანიც. ზოგი მღეროდა, ლაპარაკობდა, თავებს შორის კი მშვიდად და ზომიერად ირხეოდა ზედაპირზე მოდებული ზინტლი. წყალში ტიხარს იქიდან შემოჭრილი მქრქალი შუქიც ირეკლებოდა, “საერთო აბანოს გულისამრევი სუნი” იდგა ირგვლლივ.

ოცნება უყვარდა ბაკინს. ახლაც წყალს მინებდა, სხეული მოადუნა და თავისი მომავალი წიგნის ერთი სურათი დაუდგა ვალწინ:

…ბინდი წვება ზღვაზე და ანაზდად მოვარდნილი ქარი ტალღებს ქოჩრავს. ტალღა ყრუ კვნესით ეხეთქება გემის კედლებს. უზარმაზარი ღამურის ფრთებივით ფათქუნობდა ქარში ატყლაშუნებული აფრაც. მეზღვაური შიშით გასცქერის ზღვას. ჩამოქუფრულ ცაში ეულად და ნაღვლიანად ჰკიდია მთვარის ნამგალი…

ანაზდად გაქრა გონებაში გაცხადებული სურათი. იქვე ახლოს ვიღაც ზედმეტად ხმამაღლა, ბაკინის გასაგონად ლანძღავდა მის წიგნს. ბაკინმა ერთი პირობა ფუროდან ამოსვლა გადაწყვტა, მაგრამ გადაიფიქრა და სმენად იქცა.

– რას არ უწოდებენ ბაკინს, “კიოკუტემის ოსტატს” თუ “ლიტერატურის ტაძრის ქურუმს”. მისი წიგნები კი მხოლოდ და მხოლოდ სხვისი ნაწარმოებების გადმომღერებაა. “რვა ძაღლი” ნაჩქარევად გადმოკეთებული “მდინარის განთიადებია”. ამას თუ არ გავითვალისწინებთ, თავისთავად “რვა ძაღლში” საინტერესო ადგილებიც შეგხვდება. მაგრამ ჩინური რომანი “რვა ძაღლზე” ადრეა დაწერილი. ასე რომ, ბაკინის დამსახურება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ორიგინალის წაკითხვა იქნება. არც კიოდენიდან მოპარვას თაკილობს. აბა როგორ არ აღშფოთდები!

ბაკინი დაჟინებით აცქერდება იმ ადგილს, საიდანაც ლანძღვა ესმოდა. დაბოლქვილ ორთქლში ძნელი იყო მოჯაყის დანახვა, მაგრამ მისი მაძაგებელი ის ელამი კაცი უნდა ყოფილიყო, “კოიტოს” ვარცხნილობიანი ალბათ იმან გააცოფა, ჰეიკიი რამდენიმე წუთის წინ “რვა ძაღლს” რომ ადიდებდა და გადაწყვიტა, ბაკინზე ეყარა ჯავრი.

– ყველაფერი, რაც ბაკინს დაუწერია, მხოლოდ გულმოდგინების ნაყოფია, ეგ არის და ეგ. სულს იქით არაფერი გააჩნია და თუ გააჩია, მხოლოდ ოთხწიგნეულისა და ხუთწიგნეულის კომენტარები, რომელიც სამრევლო სკოლის მასწალებელს უფრო შეეფერება, ვიდრე დიდ მწერალს. არც თანამედროვე ცხოვრება ესმის – ამას თუმდაც ის მოწმობს, რომ ყველა რონამში გასული საუკუნეების ამბებს აღწერს. უბრალოდ და ნათლად კი არ იტყვის: “ოსიმე და ხისამაცუ”, არა! აუცილებლად უნდა გატყლარჭოს – “შემოდგომის შვიდი ბალახი, ანუ ხისამაცუა და ოსიმეს სიყვარულის ამბავი”. ასეთი მაგალითები, თუკი “დიდებული” ბაკინის ენით ვიტყვით, “უზღვავია” მის ნაწარმოებებში.

საკუთარი აღმატებულობის გრძნობა აშკარად ხელს უშლიდა მოლაპარაკეს, მთელი ბოღმა ბაკინზე დაენთხია. თვით ბაკინსაც, თუმცა მოლაპარაკის ნათქვამმა გული დაუსერა, რატომღაც სიძულვილი არ უგრძვნია. მხოლოდ ეწადა, როგორმე ზიზღი გამოეხატა, მაგრამ თავისი ასაკი არ აძლევდა ამის უფლებას.

– თუ საქმე საქმეზე მიდგა, იკუ და სამბა არიან ჭეშმარიტი მწერლები. მათ წიგნებში ცოცხალი და ნამდვილი ადამიანები მოქმედებენ. მათი ნაწერები ოინბაზობაა და მცირეოდენ ცოდნაზე როდია დამყარებული. სწორედ ამით განსხვავდებიან სარიუკენ ინძასნაირი მწერლებისაგან.

ბაკინმა გამოცდილებით იცოდა, რომ საკუთარ წიგნებზე აუგის მოსმენა არა მარტო უსიამო საქმიანობა იყო, არამედ საკმაოდ სახიფათოც. არც ის იყო უმთავრესი, რომ აუგის მოსმენის შემდეგ შეიძლება სასო წარკვეთოდა, პირიქით, მან კარგად იცოდა, რომ ამ დაუფარავი ქირდვის გამო ამიერიდან მის შემოქმედებით ლტოლვას ერთგვარი უკუქმედებაც დაჰყვებოდა და ეშინოდა, რომ ამ ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალთა შეპირისპირებით სულიერად მახინჯი ნაწარმოები იშვებოდა. შემოქმედებითი ძალით აღსავსე ნებისმიერი მწერალი, და არა ისინი, ვინც მხოლოდ დროის ფეხის ხმას იყვნენ აყოლილნი, ძალაუნებურად დგებოდა ამ საფრთხის წინაშე. ალბათ ამიტომაც, ბაკინი არასოდეს კითხულობდა მის ნაწარმოებებზე დაწერილ კრიტიკულ გამოხმაურებებს, თუმცა ხანდახან ძალზე ეწადა კიდეც წაკითხვა. დღეს კი სხვათა ნააზრევის მოსმენის იმ ოდინდელ ცდუნებას მინებდა, ამიტომ დარჩა ფუროში და “კოიტოს” ვარცხნილობიანი კაცის ლაყბობას უგდო ყური.

ამას რომ მიხვდა, ბაკინმა იმავ წამს სულმოკლეობა უსაყვედურა საკუთარ თავს. ელამის გააფთრებული მსჯელობისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია და დაჯერებული ნაბიჯით გაიარა ფურო. აქ, ორთქლის ბოლქვებს მიღმა, სარკმლიდან მოჩანდა ცისფერი ცა, მის ფონზე კი მზის თბილ სხივებში გახვეული ხურმის ნაყოფი ხასხასებდა. ბაკინი სათლით მივიდა და აუჩქარებლად გადაივლო წყალი.

– ჩვენი ბაკინი მხოლოდ და მხოლოდ მოხერხებული თაღლითია, აკი მოახერხა კიდეც იაპონელ ლო გუან-ჯუნად გაესაღებინა თავი! – ისევ ცოფს ჰყრიდა ელამი, რადგან ბაკინი იქვე ეგუმებოდა. ვერც კი შენიშნა, მისგან წყევლის მწერალი როგორ მიეფარა ტიხარს.

5

აბანოდან გუნებაწამხდარი გამოვიდა. ელამის აუგი მიზანს მოხვდა. შემოდგომის მზით განათებულ ედოს ქუჩებს დაუყვა, ცდილობდა მშვიდად და აუღელვებლად გაეაზრებია ფუროში მოსმენილი. თვალისდახამხამებაში შეეძლო დაემტკიცებინა, რომ ის, რასაც ელამი უკიჟინებდა, მტკნარი სისულელე იყო, საფიქრალადაც არ ღირდა და მაინც, ძალზე გაუჭირდა ასე მოულოდნელად დარღვეული სულიერი სიმშვიდის მოპოვება.

მოღუშული უცქეროდა ქუჩის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ სახლებს. ამ სახლებში მცხოვრებთ სულაც არ ენაღვლებოდათ ბაკინი, თავიანთი საწუხარი, სადარდებელი გააჩნიათ. ნარინჯისფერი აბრა: “მთელს პროვინციაში საუკეთესო თამბაქო”, ნიჩბისმაგვარ ფიცარზე ამოკვეთილი: “საუკეთესო დაფნის ხე”, ფარანზე წარწერილი: “პალანკინები”, დროშა სამკითხაო ჯოხებითა და წარწერით: “მკითხაობა” – ეს ყოველივე რაღაც უაზროდ ჩამორიგებულიყო. მისი ხედვის მიღმა წალიკდებოდა და ყურადღებას არ ითხოვდა.

“რატომ ხდება, რომ ამ ლანძღვა-გინებამ, რომელიც არსებითად არც შემეხებია, მაინც ამოიფორიაქა სული? – თავს დაეკითხა ბაკინი, – უპირველესად, უკვე უსიამოვნოა, რომ იმ ელამს, რა მიზეზიც არ უნდა გააჩნდეს, ვეჯავრებ და ვეღარაფერს გააწყობ…”

ბაკინს კვლავ შერცხვა საკუთარი სულმოკლეობისა და მართლაც, ალბათ ამქვეყნად ცოტა თუ მოიძებნება მასავით ამაყი და ამავე დროს, მასავით მგრძნობიარე კაცი. ბაკინმა რა ხანია შენიშნა, რომ მომხდარისადმი მისი დამოკიდბულების ამ თითქოსდა ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობებს, დიამეტრალურ საწინააღმდეგო ძიებებს, სინამდვილეში ერთი და იგივე მიზეზი გააჩნია ყოველივე ერთი და იგივე ნერვული მდგომარეობით აიხსნება.

“თუმცა ახლა ისიც მთრგუნავს, – ფიქრს განაგრძობდა ბაკინი, – რომ საკადრისი პასუხი ვერ მივაგე ელამს. აი, ეს არ მიყვარს. ამავე მიზეზით არ მიყვარს აზარტული თამაშებიც”.

უეცრად, ფიქრმა დინება იცვალა, მჭიდროდ მოკუმული ტუჩებიც კი გაუპო მოულოდნელობით.

“და ბოლოს, უდაოდ, ის მანაღვლებს, რომ ჩემი მოწინააღმდეგე სწორედ ის ელამი აღმოჩნდა. უფრო ღირსეული კაცი რომ ყოფილიყო, ალბათ წყენას დავიოკებდი და იოლად მოვიგერიებდი. მაგრამ ასეთ მოწინააღმდეგესთან ძალაუნებურად ჩიხში მოემწყვდევი”.

ბაკინს მწარედ ჩაეცინა და მაღალ ცას ახედა. ციდან, მზის სხივებთან ერთად, მოულოდნელად ღვართქაფივით ჩამოიღვარა მიწაზე არწივის ყურისწამღები ყიპყიპი და ბერიკაცს უცებ მოეშვა გულზე.

“როგორც უნდა მლანძღოს ელამმა, – ფიქრობდა ბაკინი, – მხოლოდ გულს მატკენს. რამდენიც უნდა იყვიროს არწივმა, მზეს მაინც ვერ გააჩერებს. აუცილებლად დავასრულებ “რვა ძაღლს” და იაპონია მიიღებს იმ რომანს, რომლის მსგავსიც არ ჰქონია და არც ექნება”.

ბაკინმა კვლავმოპოვებული საკუთარი თავის რწმენა ჩაისათუთა გულში და მიხვეულ-მოხვეულ, ვიწრო ბილიკს გაუყვა შენისაკენ.

6

შინმოსულმა, წინკარის ჩაბნელებულ კუთხეში ზორტებაბურდულ სანდლებს ჰკიდა თვალი და წამისად გაიცხადა მათი პატრონის მრგვალი, ლავაშივით სახე. იმავ წამს ისიც იფიქრა, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი დრო წაართმევდა.

“დღევანდელი დილაც დაიკარგა”, – დანანებით გადააქნია თავი და წინკარში შეაბიჯა. მაშინვე შეეგება მსახური ქალი სუგი, მოწიწებით დაუკრა თავი და წელშიგაუმართავად შეხედა სახეში.

– ბატონი იძუმია გეახლათ.

ბაკინმა თავი დაუქნია და სველი პირსახოცი მიაწოდა. კაბინეტში შესვლა არ უნდოდა, ფეხს ითრევდა, ამიტომ ჰკითხა:

– ო-ჰიაკუ სად არის?

– ქალბატონი ეკლედსიაში წაბრძანდა.

– ო-მოტისთან ერთად?

– დიახ, ბავშვიც თან წაიყვანა.

– ვაჟიშვილი სადღაა?

ბატონ იამამოტოსთან გახლავთ.

მაშ ასე, შინაურებიც გაკრეფილან და ბაკინს უეცრად იმედის გაცრუების მაგვარი გრძნობა დაეუფლა. სხვა გზა აღარ რჩებოდა, ბოლოს და ბოლოს კაბინეტის ფუსუმა გადასწია, იქვე, წინკარში რომ იყო.

შუა ოთახში გაჯგიმული კაცი იჯდა თავმომწონედ, თეთრი სახე ულაპლაპებდა, ვერცხლის წვრილი ყალიონი გაეჩარა კბილებში. კაბინეტში განსაკუთრებული არაფერი იდგა, შირმაზე აკრული ლითოგრაფიისა და ნიშაში ჩამოკიდებული ტყუპი კაკემონის გარდა, რომელზეც ნეკერჩხლის მეწამული, შემოდგომისეული ფოთლები და ყვითელი ქრიზანთემები იყო გამოსახული. კედლის გასწვრივ ათას ჭირვარამგამოვლილი, ხებუერას კარიანი ორმოცდაათამდე წიგნის კარადა იყო გაყოლებული. სიოძის ქაღალდი, ეტყობოდა, შარშანდელი ზამთრის შემდეგ არ გამოეცვალათ, ალაგ-ალაგ გახეულიყო და ზედ გადამტვრეული უზარმაზარი ბანანის ხის ირიბი ჩრდილი ირხეოდა.. სტუმრის გადაპრანჭული ჩაცმულობა სულაც არ ეხამებოდა კაბინეტის მოწყობილობას.

როგორც კი ფუსუმა გადაიწია, სტუმარმა მოწიწებით დახარა თავი და ალერსიანად უთხრა:

– ძალზე მიხარია თქვენი ნახვა, სენსეი, – სტუმარი წიგნის გამომცემელი იტირეი იძუმია იყო, ბაკინის ერთ-ერთ წიგნს, “ძინ, პინ და მეის” რომ ამზადებდა გამოსაცემად. ამ წიგნზეც დიდ იმედებს ამყარებდა მწერალი.

– ალბათ დიდი ხანია მელოდებით. დღეს რატომღაც დილიდანვე აბანოში გადავწყვიტე წასვლა, – უთხრა ბაკინმა, ძალაუნებურად სახე მოეღუშა, მაგრამ, როგორც ზრდილობა მოითხოვდა, მაინც დაჯდა სტუმრის წინ.

– დილიდანვე აბანოში წაბრძანდით? შესანიშნავია! – წამოიძახა იტიბეიმ. იშვიათად შეხვდებოდით ადამიანს, იტიბეის მსგავსად აღფრთოვანებულიყო სულ უბრალო, უმნიშვნელო ამბებით, უფრო ზუსტად, ასე შეეძლებოდა აღფრთოვანების გამოხატვა.

ბაკინმა აუჩქარებლად გააბოლა და როგორც მოსალოდნელი იყო, საქმეზე დაიწყო ლაპარაკი. მუდამ ეჩოთირებოდა იძუმიას ეს აღფრთოვანება.

– დღეს რამ მოგიყვანათ ჩემთან?

– მინდა ახალი წიგნის დაწერა გთხოვოთ, – ქალივით მიეკეკლუცა იტიბეი და ყალიონს თითი დაუსვა. საინტერესო ხასიათის კაცი იყო: უმეტეს შემთხვევაში მისი ქცევა არ ეხამებოდა მის გულისწადილს, პირიქით, ეწინააღმდეგებოდა კიდეც; უკვე გადაწყვეტილად და უდრეკად რომ იცოდა რაღაც, მაინც ლბილი, შემპარავი ხმით იწყებდა ლაპარას.

ამ ხმამ ისევ წარბი შეაკვრევინა ბაკინს.

– თუ საქმე ახალ წიგნს ეხება, ტყუილად გარჯილხართ.

– რატომ? რაიმე გასაკუთრებული მიზეზი გიშლით ხელს?

– არა, უბრალოდ, წელს ადრე დაწყებული წიგნების დასრულებას ვაპირებ და ახლას ვეღარ მოვასწრებ.

– ცხადია, ცხადი. ვიცი, ძალზე დაკავებული ბრძანდებით, – საპასუხოდ ჩაილუღლუღა იტიბეიმ დ ჩიბუხი დაფერთხა. თითქოს ჩიბუხის დაფერთხვა თავისებური ნიშანი იყო, უეცრად თავი ისე დაიჭირა, ვითომ აღარც კი ახსოვდა რაზე საუბრობდნენ და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ნეძუმი კოძო ძიროდაუზე ჩამოუგდო სიტყვა.

7

ნეძუმი კოძო ძიროდაუ ცნობილი ყაჩაღი იყო, ვაჟკაცობით მთელს ქვეყანაში სახელგანთქმული. ამ წლის მეხუთე თვეს დაიჭირეს, მერვე თვის შუა რიცხვებში კი ყაჩაღის თავი ციხის კარიბჭეზე გადმოკიდეს ხალხის დასანახად. ყაჩაღი მხოლოდ თავადებს ძარცვავდა და ნაძარცვს ღარიბებეს ურიგებდა. ამიტომ იყო, ხალხმა მისი ნამდვილი სახელი დაივიწყა და “კეთილშობილ ყაჩაღს” უწოდებდნენ მოწიწებით.

– სენსეი, წარმოგიდგენიათ? ამბობენ, სამოცდაექვსი თავადის სახლ-კარი გაძარცვა და ფულად სამიათას ასოთხმოცი რიო და ორი ბუ წამოიღოო. უბრალოდ, დაუჯერებელია! ცხადია, ყაჩაღი იყო და ხალხი უნდა ეძარცვა, მარამ ჩვეულებრივი ადამიანისათვის ძალზე წარმოუდგენელი ჩანს ეს ყოველივე.

ბაკინმა ვერც შენიშნა, თანდათან როგორ გაიტაცა საუბარმა. იტიბეი დაუფარავი კმაყოფილებით ყვებოდა, სიამოვნებდა, ახალ მასალას რომ აწვდიდა მწერალს. ბაკინმა იმავ წამს იგრძნო ეს კმაყოფილება და გაღიზიანება, მაგრამ მაინც გულისყურით უსმენდა. არც გასაკვირია, ჭეშმარიტი ტალანტით მადლცხებული, ხელოვნებით შეპყრობილი ბაკინის მსგავსი კაცისათის თავისთავად საინტერესო იყო ყოველი ადამიანის ბედი.

– მართლაც საოცარი კაცი ყოფილა რა არ მსმენია მასზე, მაგრამ ამდენს კი ვეღარ წარმოვიდგენდი.

– მართალს ბრძანებთ, ყაჩაღობაში ბადალი არ ჰყავდა. ამბობენ, თითქოს ყმაწვილკაცობაში ტაძიმის პროვინციის მმართველის, ბატონ არაოს მცველი ყოფილა, ამდენად, საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა თავადთა სასახლეებს. სასჯელის წინ ქალაქში ჩაატარეს, ხალხი გააოცა მისმა ახოვანებამ და სილამაზემ. თეთრ აბრეშუმის კიმონოზე მეორე, ლურჯი კიმონო ჰქონდა შემოცმული და ამაყად მოაბიჯებდა… ამ კაცზე აუცილებლად უნდა დაწეროთ, თუნდაც იმ წიგნში, ახლა რომ ამთავრებთ…

ბაკინმა რაღაც ჩაიბუბუნა და ისევ გააბოლა. მაგრამ იტიბეი ის კაცი როდი იყო, ბანზე აგდებულ სიტყვას არ გამოდევნებოდა.

– რას იტყვით? იქნებ ძიროდაუს ამბავი “ძინ, პინ და მეიში” ჩართოთ? კარგად მესმის, ძალზე დაკავებული ბრძანდებით, მაგრამ, მგონია, უნდა დამთანხმდეთ.

ნეძუმი კოძოზე საუბარმა ისევ თავდაპირველ თემას მიუბრუნა მოსაუბრეები. იძუმია ისევ ახალი რომანის დაწერას სთხოვდა ბაკინს. მაგრამ ბაკინი კარგად იცობდა იძუმიას და არ ნებდებოდა. უკვე საბოლოოდ წაუხდა გუნება. თავს უწყრებოდა, იტიბეის დაგებულ მახეში რომ გაება და ასე გაიტაცა მონათხრობმა, მერე ზანტად მოქაჩა ჩიბუხი და უთხრა: – ნაძალადევად არაფერი გამომდის. უინტერესო წიგნი კი თქვენთვისაც არ იქნება ხელსაყრელი, ვეღარ გაყიდით. დამიჯერეთ, ორივესთვის ასე აჯობებს.

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ თავს ნებას მივცემ გთხოვოთ, იქნებ ერთხელ კიდევ, უკანასკნელად გაიჭირვოთ. თანახმა ხართ?

იძუმია თითქოს თვალებთ “მიეფერა” ბაკინს (ბაკინი “მიფერებას” მის ერთ უჩვეულო, მხოლოდ იძუმიასთვის ნიშნეულ გამოხედვას ეძახდა) და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოუშვა ცხვირიდან ბოლი.

– არა, არ შემიძლია. დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. დრო არა მაქვს.

– ძალზე დამწყვიტეთ გული, – უთხრა იძუმიამ და სრულიად მოულოდნელად ნაცნობ მწერლებზე დასუწყო ლაპარაკი. კბილებში ისევ ვერცხლის ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი.

8

– ამბობენ, მალე ტანეჰიკოს წიგნი უნდა გამოვიდესო. ალბათ ეს რომანიც დახვეწილი და ნაღვლიანი იქნება. ვგონებ, დამეთანხმებით, სხვას არავის შეუძლია ასე წერა.

იტიბეი რატომღაც ყოველგვარი წოდების გარეშე, მხოლოდ სახელებით იხსენიებდა ხოლმე ნაცნობ მწერლებს და ბაკინი ასეთ დროს წაირმოიდგენდა, სხვებთან საუბარში მას როგორ უწოდებდა “ბაკინს”. გაღიზიანების ჟამს არაერთხელ აღშფოთებულა და თავს დაკითხვია: “როგორ შეიძლება ასეთ თვალთმაქცთან გქონდეს საქმე, რომელიც მწერლებს საკუთარი ხელოსნებივით ეპყრობა და იმასაც ბედავს, უპატივცემულოდ მოიხსენიოს მათი სახელები?” ახლაც უსიამოდ მოეღუშა სახე, მაგრამ იტიბეის წარბიც არ შეუხრია.

– ვფიქრობ, სუნსუის წიგნი ხომ არ გამოვცეთ. თუმცა, მგონი, თქვენ მისი ნაწერები არ უნდა მოგწონდეთ, მისი წიგნები ხომ ობივატელებისთვის არის განკუთვნილი.

– მართალს ბრძანებთ… – ბაკინს უეცრად თვალწინ დაუდგა სუნსუის გროტესკულად მობრეცილი სახე. ისიც გაახენდა, რას ამბობდა სუნსუი თავის შემოქმედებაზე: “მე მწერალი არ გახლავართ. მხოლოდ ხელოსანი ვარ, რომელიც ბრბოს მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად წერს სასიყარულო წიგნებს”. ცხადია, გულის სიღრმეში სუნსუის არც თვლიდა მწერლად, ეზიზღებოდა კიდეც, და მაინც, მწერლის ესდენ უპატივცემულოდ მოხსენიებამ უსაზღვროდ აღაშფოთა.

– თუმცა რაც უნდა თქვათ, – განაგრძობდა იტიბეი, – სასიყვარულო ამბების თხზვაში ვერავინ შეედრება. თან ძალზე ნაყოფიერი მწერალიცაა, – მან ბაკინისაკენ გააპარა თვალი და მაშინვე თავის ვერცხლის ჩიბუხს დახედა. შემაზრზენი სახე ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ბაკინს ასე მოეჩვენა.

– თუმცა, თუკი მუდამ ერთსა და იმავეს წერ, კალამი ალბათ თავისით ხაზავს ასოებს, გაგიჭირდება კიდეც ქაღალდს მოსწყვიტო. თქვენ, სენსეი, სწრაფად წერთ?

ბაკინმა მხოლოდ შეურაცხყოფა კი არა, მუქარაც იგრძნო ამ შეკითხვაში. პატივმოყვარე ბაკინი ფიქრადაც ვერ დაუშვებდა, თუ სუნსუის ან ტანეჰიკოს შეადარებდნენ. ისიც მნიშვნელოვანი იყო, თუ ისე, ამ საკითხებში ჩარევის უფლებას არავის მისცემდა. მან ნეკერჩხლის ვასვასა ფოთლებსა და ყვითელ ქრიზანთემებს გახედა ნიშაში და, თითქოს ამოიოხრაო, უპასუხა:

– როდის როგორ. ხან სწრაფად გამომდის, ხან ნელა.

– დიახ, დიახ, გასაგებია, – უკვე მერამდენედ აღფრთოვანდა იტიბეი. ისიც ცხადი იყო, რომ ამჯერადაც მხოლოდ აღფრთოვანებას არ დასჯერდა. და მართლაც, იმავ წამს შეტევაზე გადავიდა:

– იქნებ მაინც დამთანხმდეთ და ახალ წიგნს მოჰკიდოთ ხელი? თქვენს ადგილას სუნსუი…

– მე და ბატონი სუნსუი სხვადასხვა ჯურის ხალხი ვართ.

გაბრაზებისას ბაკინს ქვედა ტუჩი მარჯვნივ ექცეოდა. ახლაც მოებრიცა.

– მაპატიეთ… სუგი! უკვე მოაწესრიგე ბატონი იძუმაის სანდლები?

იტიბეი რომ გაისტუმრა, ბაკინი აივნის ბოძს მიეყრდნო, სახლის წინ გაშლილ მცირე ბაღს გადახედა და დამშვიდება სცადა. მზეჩამდგარი ბაღის სიღრმეში ბამბუკის და სოჭის სიმწვანეს შერეული უკვე ფოთლებდახეთქილი ბანანის ხე და გაძარცული ხებუერა ჩაღვრილიყო შემოდგომის თბილ ფერებად. ხელის საბან ტაშტთან, მიწაზე გართხმულ ლოტოსებს ყვავილობა მოემთავრებინათ, სამაგიეროდ, დაბალი ღობის გადაღმა წამოყელყელავებული ზეთისხილი მოტკბო სურნელს ჰფენდა ბაღს. მაღალი, ცისფერი ციდან რამდენჯერმე უკვე მოსწვდა სმენას არწივის ყიპყიპი, შორეული ფლეიტის ბგერების მსგავსი.

ბაკინმა ანაზდად განსაკუთრებული სიცხადით შეიგრძნო ადამიანთა არასრულყოფილება, ესოდენ რომ არ ეხამებოდა ბუნების ამ სურათს. ამ მიწისპირზე მცხოვრებ ადამანთა უბედურების სათავე ხომ ის არის, რომ სამყაროს არასრულფასოვნება ტანჯვით და მაინც, მისი ზემოქმედებით წამოისვრიან ხოლმე ავ სიტყვას, ან საძრახ საქციელს ჩაიდენენ. განა ახლახანს ბაკინი იძულებული არ შეიქნა სახლიდან დაეთხოვა იტიბეი იძუმია? ცხადია, ამ საქციელს კეთლშობილურს ვერ უწოდებ. მაგრამ ამ მდაბალი საქციელისკენ თვით სტუმრის სიმდაბლემ უბიძგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავადაც იტიბეის სიმდაბლემდე დაიმდაბლა თავი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იძულებულ შეიქნა, ზნეობრივად დაცემულყო.

ისევ ამასწინანდელი ამბავი გამახსენდა. გასულ გაზაფხულს საგამის პროვინციის რომელიღაც სოფლიდან წერილი მიიღო, ვინმე მასაბეი ნაგასიმა შეგირდად აყვანას სთხოვდა. წერილიდან შეიტყო, რომ ეს კაცი ოცდაერთი წლისა დაყრუებულიყო და, რადგანაც აუცილებლად ეწადა სახელის მოხვეჭა, მწერლობისათვის მოეკიდა ხელი, “იომიხონს” წერდა. მისი საყვარელი წიგნები “რვა ძაღლი” და “კუნძულებზე მოგზაურობის ჩანაწერები” იყო. წერილის ავტორი ატყობინებდა, რომ იმ მიყრუებულ სოფელში ძალზე უჭირდა ლიტერატურული ოსტატობის სრულყოფა. ამიტომ სთხოვდა ბაკინს მდგმურად მიეღო სახლში. მას უკვე, წერდა შემდეგ, ექვსნაწილიანი რომანი დაესრულებინა, და თუკი ბაკინი თავის გაწაფულ ხელს გაუკრავდა, ეგებ წიგნად გამოცემაც მოეხერხებინა..

აი, ასეთი იყო არსებითად ეს წერილი. ბაკინი აღაშფოთა უცნობის თავხედობამ. მაგრამ ამ კაცის სიყრუემ გული შეუძრა ავად სანახევროდ ჩიდაკარგულს. ამიტომ ძალზე თავაზიანი პასუხი მისწერა, ატყობინებდა, რომ დიდი თანაგრძნობის მიუხედავად, მისი სურვილის აღსრულებას ვერ შეძლებდა. მერე მეორე წერილიც მიიღო ნაგასიმასაგან. ახლა იგი სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა.

“მე, – ნათქვამი იყო ამ წერილში, – მოთმინებით წავიკითხე თქვენი უნიჭო და უსაშველოდ გაჭიანურებული ნაჯღაბნები, თქვენ კი იმაზე უარს მეუბნებით, თვალი გადაავლოთ ჩემს წიგნს. აი, ეს ამჟღავნებს თქვენს სულმდაბლობას…” ასე იწყებოდა წერილი, დასასრულს კი ეწერა: “თქვენ ბილწი და მდაბალი საქციელი ჩაიდინეთ, როცა უარი თქვით უმცროსი თანამეკალმის შინ მიღებაზე”.

განრისხებულმა ბაკინმა მაშინვე მისწერა საპასუხო წერილი, რომელშიც, სხვათა შორის წერდა: “მე საკუთარი თავის დიდ დამცირებად ვთვლი, რომ თქვენნაირი თვალთმაქცი და ორპირი კაცი ჩემი წიგნების მკთხველი აღმოჩნდა”.

მას შემდეგ ნაგასიმას აღარ შეუწუხებია. ალბათ, ისევ წერს თავის რომანს და იმედოვნებს, რომ ოდესმე მთელ ქვეყანას გააცნობს თავის ნაწარმოებებს…

ამ მოგონებამ ორმაგი ტანჯვა მჰგვარა ბაკინს – გული მოეწურა ნაგასიმასადმი გამოვლენილი საკუთარი სისატიკისა და თავად ნაგასიმას მიერ ჩადენილი სისასტიკის გამო. ანაზდად ენითუთქმელმა სასოწარკვეთამ აუვსო სული.

მზე კი თავის სხივებში ალღობდა მოღაღანე ზეთისხილის სურნელს. ფოთოლიც არ შერხევია ბანანის ხეს და ხებუერას. არწივის ყიპყიპიც სიმჭვირვალემდე წმინდად ეღვრებოდა მიწას. ბუნება და ადამიანი… რაოდენ დაშორებულია ერთურთისაგან ეს ორი მცნება და რაოდენ შეუწონასწორებელი!

ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იდგებოდა აივანზე ასე სასოწარკვეთილი, ათიოდე წუთის შემდეგ მსახურ ქალს სადილად რომ არ მიეწვია.

9

სრულიად მარტომ ისადილა და ბოლოს როგორც იქნა განმარტოვდა კაბინეტში. ჯერ ისევ წამხდარი ჰქონდა გუნებადა გულიდან დარდის გადასაყრელად, მრავალი დღის შემდეგ პირველად გადაშალა “მდინარის განთიადები”. ალალბედზე გადაშალა, სწორედ იმ ადგილას, სადაც მოთხრობილი იყო ქარიშხლის დროს როგორ შეეფარა მთის სულის ტაძარს ავაზასთავიანი ლინ ჩუ და მის თვალწინ როგორ იწვოდა სილოსის საწყობი. ამ დრამატული ეპიზოდის კითხვამ, როგორც ყოველთვის, ახლაც გაიტაცა. თუმცა, რამდენიმე გვერდის შემდეგ, უცებ გაურკვეველი შფოთვა იგრძნო.

შინაურები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ ტაძრიდან. სახლში მდუმარებას დაესადგურებინა. ბაკინმა სცადა სახიდან ნაღველი გაედევნა, უსიამოდ გააბოლა ჩიბუხი, ისევ გადაშლილ წიგნს ჩახედა და იმაზე დაფიქრდა, რაც კარგა ხანია მოსვენებას აღარ აძლევდა.

მასში არსებული ორი სხვადასხვა ადამიანის რთული და აბურდული ერთობა იყო ამ შფოთის წყარო. პირველი ბაკინი მაღალანაზღაურებრივი მორალისტი იყო, მეორე – ხელოვნების მსახური, შემოქმედი. ბაკინს ეჭვი არასოდეს შეპარვია “ყოფილ მმართველთა გზის” ჭეშმარიტებაში. და მისი ნაწარმოებებიც, როგორც თავად აცხადებდა, სწორედ “ყოფილ მმართველ გზის” გამოვლენა იყო ხელოვნებაში. აქ ერთმანეთს ეთანხმებოდა ეს ორი პიროვნება. მაგრამ ის უნდა გაერკვია, რა იყო უმთავრესი ხელოვნებისათვის: “ყოფილ მმართველთა გზა”, თუ საკუთარი განცდები. ბაკინში მოსახლე მორალისტი თვლიდა, რომ პირველი იყო უმთავრესი, ხელოვანი კი, ცხადია, არსებითად მეორეს მიიჩნევდა. ბაკინიც, ალბათ, შეძლებდა კიდეც ეს წინააღმდეგობა სულიერი კომპრომოსის მეშეობით გადაეჭრა, არაერთხელ ცდილა ჰარმონიაზე ბუნდოვანი მსჯელობით დაეფარა ხელოვნებისადმი თავისი ჭეშმარიტი დამოკიდებულება.

მაგრამ სხვები თუ ტყუვდებოდნენ, საკუთარ თავს მაინც ვერ მოატყუებდა. “გესაკუს” ლიტერატურას არასოდეს თვლიდა მაღალ ხელოვნებად და ერთთავად “სიკეთის წამქეზებელ და ცოდვის დამგმობ იარაღს” უწოდებდა, თუმცა ხელოვნებით შეპყრობის ჟამს ანაზდად შეიგრძნობდა ხოლმე გაურკვეველ შფოთვასა და ეჭვს. ახლაც სწორედ ამით აიხსნებოდა “მდინარის განთიადების” სრულიად მოულოდნელი ზემოქმედება.

კვლავ იგივე, ეჭვნარევი შიში მოეძალა ბაკინს, გააბოლა და თავი აიძულა, შინაურებზე ეფიქრა. მაგრამ წინ მისი შფოთვის წყარო – “მდინარის განთიადები” ედო, ვერა და ვერ მოახერხა ფიქრის განდევნა.

საბედნიეროდ, ანაზდად, დიდი ხნის უნახავი ვატანაბე კაძან ნობორუ ეწვია. სტუმარს, წესისამებრ, განიერი შარვალი და მოსასხამი ეცვა, იღლიაში იისფერი ფუთა ამოედო. ალბათ, წიგნები დაუბრუნა ბაკინს, მწერალი ძალზე გაახარა ძვირფასი მეგობრის მოსვლამ და წინკარში შეეგება მას.

– სანახავად გეახელით, თან დიდი მადლიერების გრძნობით გიბრუნებთ წიგნებს, – კაბინეტში შესვლისთანავე უთხრა კაძანმა. ბაკინმა შენიშნა, წიგნების გარდა, ხელში დაგორგლილი ქაღალდიც ეჭირა.

– თუ მოიცლით, პატივი დამდეთ და ნახეთ.

– დიდი სიამოვნებთ!

კაძანმა სცადა ღიმილით დაეფარა მღელვარება, ქაღალდიდან აბრეშუმის გრაგნილი ამოიღო და ბაკინს მიაწოდა. სურათზე რამდენიმე ნაღველისმომგვრელი, გაძარცული ხის ქვეშ ორი კაცი იდგა. მიწას ყვითელი ფოთლები ეფინა. ხის ტოტებზე აქა-იქ ჩამომსხდარიყვნენ ყვავები. შემოდგომის ცივი მიუსაფრობა დიოდა სურათიდან.

ბაკინი ამ მკაცრ, საოცრად დახვეწილ სურათს დასცქეროდა, თვალები დაენამა.

– მშვენიერია! თქვენმა ნახატმა ვან მო-ძეს ლექსი გამახსენა: “მოვლიეთ სუფრა, ქვის ზარი გრგვინავს, ზეცას აასკდნენ სადღაც ყვავები. უკაცურ ტყეში მივაბიჯებ, წყვდიადი წვება. ობლად შრაშურუნობს დაცვენილი ფოთოლი ტყეში”.

10

– გუშინ დავასრულე ეს ნახატი, მომეწონა და, თუ ნებას დამრთავთ, მინდა გისახსოვროთ, – თქვა კმაყოფილმა კაძანმა და გაპარსულ ნიკაპზე მოისვა ხელი. – მგონი, ამ ბოლო ხანებში ამაზე უკეთესი არაფერი დამიხატია. იშვიათად ხდება, როცა ჩანაფიქრის სრულ ხორცშესხმას ახერხებს მხატვარი.

– დიდ მადლობას მოგახსენებთ, ოღონდ გულახდილად გეტყვით, ძალზე მეუხერხულება, საჩუქრებით რომ ამავსეთ, – ცხვირში ჩაიდუდნა ბაკინმა და ნახატს თვალი ვერ მოსწყვიტა. იმავ წამს რატომღაც თავისი დაუმთავრებელი რომანი გაახსენდა. მაგრამ კაძანი ისევ თავის ნახატზე ლაპარაკობდა.

– ძველი მხატვრების ნამუშევრებს რომ ვუყურებ, მუდამ ერთი და იგივე გაოცება მიპყრობს: როგორ ახერხებდნენ ასე ხატვას? ყველაფერი, ხეც, ქვაც, ადამიანიც ცოცხალი და სრულყოფილი ჩანს. მეტსაც გეტყვით: მათგან შეიგრძნობ მხატვრის დიად სულს. აი, ეს არის ნამდვილი ხელოვნება. ძველ მხატვრებთან შედარებით თავი უმწიფარ ბავშვად მიმაჩნია.

– ტყუილად კი არ ამბობდნენ ძველები: “გვეშინის იმითი, ვინც მოვალს”, – გაიხუმრა ბაკინმა და შურით გახედა კაძანს, ასე ერთიანად რომ გაეტაცა საკუთარ ნამუშევარს.

– მაგრამ ჩვენ, უკვე მოსულებსაც გვეშინია. ჩვენ ხომ წარსულსა და მომავალს შუა ვართ გამომწყვდეულები, ხელის განძრევაც არ ძალგვიძს და მხოლოდ მაშინ წავდგამთ ნაბიჯს წინ, თუ ზურგში ვინმე გვიბიძგებს. თუმცა მარტო ჩვენ არ გვიწერია ეს უბედურება: ასეთ დღეში იყვნენ ძველებიც. ალბათ იგივე ელით იმათ, ჩვენს შემდეგ რომ მოვლენ.

– მართალს ბრძანებთ. წინ თუ არ წახვალ, აუცილებლად დაეცემი. ყველაზე მთავარია სცადო, ერთი ნაბიჯით მაინც წაიწიო წინ.

– ჭეშმარიტებაა, აი, ეს არის მთავარი.

აღელვებული მასპინძელი და სტუმარი ერთხანს დუმდნენ და დაძაბულნი აყურადებდნენ შემოდგომის დღის მდუმარებას.

პირველად კაძანი ალაპარაკდა, სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი:

– როგორ მიდის მუშაობა “რვა ძაღლზე”? ისეთივე წარმატებით წერთ?

– რას ბრძანებთ! პირიქით. მგონი, ამ საკითხში, მეც ვერაფრით მოვიწონებ თავს წინაპრებთან.

– სამწუხაროა ამის მოსმენა.

– დამერწმუნეთ, მე უფრო მაწუხებს ეს ამბავი, ვიდრე სხვას. მაგრამ რას იზამ. მაინც უნდა იმუშაო, ვიდრე ძალა შეგწევს. ასე რომ, გადაწყვეტილი მაქვს, “რვა ძაღლთან” შერკინებით შევხვდე სიკვდილს, – ბაკინმა მწარედ ჩაიცინა, თითქოს საკუთარი ნათქვამის შერცხვაო, – ხანდახან იფიქრებ: წიგნის დანიშნულება ხომ მკითხველის გართობაა, და მაინც ვერ ეთანხმები ამ აზრს.

– იგივეს ვფიქრობ ხატვისას. მაგრამ რადგანაც ეს ხელობა ავირჩიე, მინდა ბოლომდე პატიოსნად განევლო გზა.

– მაშასადამე, გადაწყვეტილია, ერთად დავიხოცოთ ბრძოლაში.

ახარხარდნენ, მაგრამ ამ სიცილში მხოლოდ ამ ორისათვის გასაგები ნაღველიც ჟღერდა.

– და მაინც, მშურს მხატვრების. თქვენ ავსიტყვათაგან ხართ დაზღვეული, ეს კი, თავისთავად, უკვე დიდი ბედნიერებაა, – ახლა ბაკნმა გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.

11

– მართალს ბრძანებთ, მაგრამ რამდენადაც გამეგება, არც თქვენ უნდა გაშინებდეთ საკუთარ ნაწარმოებთა ბედი.

– ამაში კი ცდებით! – წამოიძახა ბაკინმა და ცენზურის სიბრიყვის მაგალითად მოუთხრო, როგორ აიძულეს რომანიდან უზარმაზარი თავი ამოეღო, მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ვიღაც ჩინოვნიკ-მექრთამეზე იყო მოთხრობილი და დასძინა:

– რაც უფრო გედავება ცენზორი, მით უკეთ ხედავ მის ჭეშმარიტ სახე. საინტერესოა, არა? თავად უარს არ იტყვის ქრთამზე, ამიტომ საკმარისია მწერალმა გაკვრით ახსენოს მექრთამეობა, უკმაყოფილო სახეს მიიღებენ და გიბრძანებენ, გადააკეთო ანდა, თვითონ აქვთ სულში მდაბალი, უხეში ლტოლვები და სიყვარულის თემას თუ შეეხე, იმავ წამს “გარყვნილებას” დაგწამებენ. სურთ მწერალზე ზნეკეთილად გაჩვენონ თავი. შორიდან რომ უცქირო, ძალზე სასაცილო და საბრალონი არიან. მაიმუნიც, სარკეში საკუთარ სიგონჯეს რომ დაინახავს, კბილებს კრეჭს და იჯღანება. ასევე ცოფდებიან ცენზორები, საკუთარ სიმდაბლეს რომ დაანახვებ.

ბაკინი გაცხარებული ლაპარაკობდა და ამ სიცხარემ ღიმილი მოჰგვარა კაძანს:

– მართალს ბრძანებთ, ამგვარი რამ ხშირად ხდება. და მაინც, თუკი გაიძულებენ ჩაასწოროთ ესა თუ ის თავი, ამით თქვენ უსინდისობას არ ჩადიხართ. რაც უნდა თქვან ცენზორებმა, უნაკლო ნაწარმეობი მაინც უნაკლოდ დარჩება.

– ეს კი ასეა, მაგრამ ცენზურის თავგასულობა ხანდახან ყოველგვარ საზღვარს სცილდება. ერთხელ აღვწერე, როგორ მიჰქონდათ ციხეში ტანსაცმელი და საჭმელი. იცით, ეს ხუთი თუ ექვსი სრტიქონი ამოიღეს, – ბაკინმა კაძანს შეხედა და ორივემ ჩაიცინა.

– ორმოცდაათი ან ასი წლის შემდეგ ცენზორები აღარ იარსებებენ, თქვენი რომანი კი დარჩება.

– არ ვიცი ჩემი რომანი დარჩება თუ არა, მაგრამ ცენზურა კი არასოდეს მოისპობა.

– ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ.

– უფრო სწორად, მინდოდა მეთქვა, რომ ცენზორები შეიძლება აღარ იყვნენ, მაგრამ მათი მსგავსნი მაინც იარსებებენ ყველა საუკუნეში. შეცდომა იქნებოდა გეფიქრა, თითქოს წიგნების დაწვა და განათლებულ ადამიანთა სიკვდილით დასჯა წარსულ საუკუნეებს ჩაბარდა.

– როგორც გატყობთ, ამ ბოლო ხანებში ნაღველი მოგძალებიათ.

– მე კი არა, ცხოვრებაა ნაღვლიანი. სადაც ცენზორების მსგავსი ადამიანები მოლხენით ცხოვრობენ.

– ასეთ შემთხვევაში, სამუშაოში უნდა ჰპოვოთ სულის სიმშვიდე.

– დიახ, დიახ, ალბათ სხვა გზა არც არსებობს.

– მაშ, მოდით, ერთად დავიხოცოთ ბრძოლაში.

ამჯერად აღარ გაუცინიათ. ბაკინი მოიღუშა კიდეც და დაჟინებით შეხედა სტუმარს. კაძანის ხუმრობა ძალზე სერიოზულად ჟღერდა.

– ახალგაზრდებს უფრო შეჰფერით იმაზე ფიქრი, როგორ იცხოვრონ. ჩვენ კი სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებთ, – ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა ბაკინმა. კარგად იცოდა კაძანის პოლიტიკური შეხედულებანი და ახლა, რატომღაც, შიში მოჰგვარა ამ ყველაფერმა. კაძანმა კი პასუხად მხოლოდ გაუღიმა, ეტყობოდა, არც აპირებდა წინააღმდეგობის გაწევას.

12

კაძანი გააცილა და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა. ძალზე მოესურვა, მუშაობა გაეგრძელებინა. მეგობართან საუბრის შემდეგ დარჩენილი განწყობაც უთუოდ ხელს შეუწყობდა. ბაკინს რა ხანია ჩვევად ჰქონდა, მუშაობის დაწყებამდე ადრე დაწერილი გადაეკითხა. ახლაც აუჩქარებლად ჩაიკითხა სტრიქონებს შორის ჩასწორებებით აჭრელებული რამდენიმე ფურცელი.

ნაწერმა არ დააკმაყოფილა. მოეჩვენა, თითქოს ნიშნებს შორის სივრცეში რაღაც უცხო, ზედმეტი ჩამალული და ეს არღვევდა მთლიან ჰარმონიას. ჯერ ეს შეგრძნება საკუთარ გაღიზიანებას დააბრალა. “ალბათ ცუდ გუნებაზე ვარ, ისე კი ყველაფერი თავის ადგილზეა”, – გაიფიქრა ბაკინმა და ხელახლა გადაიკითხა მთელი ნაწყვეტი. ამჯერადაც იგივე უკმარისობა შეიგრძნო, უფრო აუფორიაქდა სული, უფრო მოეძალა ხაშიშესულთათვის უჩვეულო ღელვა.

“ადრე რა იყო?” წინა ნაწილი გადაიკითხა. არეული, დაუდევარი, ერთმანეთთან ძლივს შეკოწიწებული ფრაზები. კითხულობდა და ხვდებოდა, რომ ეპიზოდები მოუხერხებლად იყო შეთხზული და წინადადებები ქაოტურად მიმოფანტული. ეს იყო პეიზაჟი, არანაირ ხილულ სახეს რომ არ იწვევდა, იყო აღფრთოვანება, ჭეშმარიტ გრძნობას რომ არ გადმოსცემდა, იყო კამათი, აზროვნების ლოგიკას რომ არ ემორჩილებოდა. ყოველივე, რასაც ამ უკანასკნელ ხანს წერდა, ახლა უაზრი სიტყვების რახარუხად ეჩვენა. ენითუთქმელი ტანჯვით შეეკუმშა გული.

“ყველაფერი უნდა გადაკეთდეს!” – უხმოდ იყვირა, ზიზღით მოიშორა ნაწერი და ხელებს დააყრდნო თავი. მზერა ვეღარ მოწყვიტა მაგიდას. ამ მაგიდასთანნ დაწერა “მთვარის ნამგალი” და “სიზმარი ნანკეს სახელმწიფოზე”, ამავე მაგიდაზე წერდა ახლა “რვა ძაღლს”. ძვირფასი სატუშე, ურჩხულის ფორმის პრეს-პაპიე, გომბეშოს თავს მიმსგავსებული სპილენძის ხაპი, ლომებითა და პიონებით მოხატული მოცისფრო-მომწვანო ფაიფურის საჩრდილობელი, ორქიდეების მოხატულობით გრავირებული კალმების ჩასაწყობი ლერწმის თასი – ეს საგნები მისი ძველი მეგობრები იყვნენ, მისი ტანჯვის მოწმენი. ნაკინი ახლა მათ უცქერდა და ვერა და ვერ იშორებდა იმ შეგრძნებას, რომ აწინდელი მისი დამარცხება შავად ჩრდილავდა მთელი ცხოვრების ნაშრომს, ეჭვქვეშ აყენებდა მის ნიჭს.

“მე კი მთელი სიცოცხლე ვიმედოვნებდი, რომ ისეთი ნაწარმოებს დავწერდი, რომელსაც ბადალი არ მოეძებნებოდა ჩვენს ქვეყანაში. სინამდვილეში კი ეს იმედი მხოლოდ ჩვეულებრივი ნაღველი შემოაწვა. გონებით მუდამ ეთაყვანებოდა იაპონიისა და ჩინეთის დიდ მწერლებს და არც ის ავიწყდებოდა, რაოდენ უმნიშვნელო იყო მისი ნიჭი ამ უზენაეს ტალანტებთან შედარებით. თავის თანამედროვეთ კი, წვრილმანებზე დახურდავებულ მწერლებს, ქედმაღლურად დასცქეროდა, საკუთარ აღმატებულებას გრძნობდა. და რა მწარე იყო ახლა მისი აღიარება, რომ ბოლოს და ბოლოს არაფრით განირჩეოდა მათგან. რა ძნელი იყო დაჯერება, რომ მხოლოდ შეზღუდული ადამიანისათვის ნიშნეულ სამარცხვინო ყოყოჩობას დამონებოდა. და მაინც, მის ძლიერ “მეს” უზომოდ ეწადა “გასხვიბოსნებასა” და “თავდავიწყებაში” ენახა ხსნა.

ასე იჯდა მაგიდასთან, ჩალის ფასად ღირებულ თავის ხელნაწერს ისე დასცქეროდა, როგორც დაღუპული გემის კაპიტანი გასცქერის ხოლმე წყალში ჩაძირულ გემს, და მაინც ცდილობდა პირთამდე მომდგარ სასოწარკვეთას გამკლავებოდა. დიდხანს იქნებოდა ალბათ ასე, ალბათ ვერც დააღწევდა თავს ნაღველის ქსელს, მოულოდნელად, ზურგს უკან ხმაურით რომ არ გადაწეულიყო ფუსუმა და ბავშვის ნაზი, პატარ ხელები კისერზე არ შემოხვეოდა. ტარო ბავშვებისათვის დამახასიათებელი სითამამით და გულუბრყვილობით მაშინვე მუხლებზე ააფორთხდა ბაკინს.

– პაპიკო, აი, მეც მოვედი!

– კარგია, რომ დაბრუნდი, – უთხრა “რვა ძაღლის” ავტორმა, დაღარულ სახეზე სიხარული გაუკრთა, ერთიანად გადაასხვაფერა.

13

სასადილოდან ო-ჰიაკუს მყივანი ხმა და ო-მოტის მორცხვი პასუხები ისმოდა: ქალები რაღაცას ლაპარაკობდნენ. დროდადრო მამაკაცის ბოხი ხმაც უერთდებოდა – მაშასადამე, სოჰაკუც დაბრუნებულა. ტარო მოხუცს მუხლებზე ააფორთხდა, უეცრად დასერიოზულდა და ისე მიაჩერდა ჭერს, თითქოს უფროსების საუბარს აყურადებსო. სუფთა ჰაერზე ლოყები აღაჟღაჟებოდა, პატარა ცხვირის წვერი ყოველ ამოსუნთქვაზე უთრთოდა, წაბლისა და ქლიავის ყვავილისფერი კიმონო ეცვა.

– პაპიკო, პაპიკო!.. – უეცრად უთხრა ბავშვმა, ძლივს დაიოკა სიცილი, ღრმა ნასვრეტები გაუჩნდა ლოყებზე.

შვილიშვილის შემხედვარეს, ბაკინსაც მოერია ღიმილი.

– პაპიკო, შენ ყოველ დღე…

– რა ყოველ დღე?

– უნდა იმუშაო.

ბაკინმა ხმამაღლა გადაიხარხარა და ჰკითხა:

– მერე რაო?

– მერე ის, რომ… როგორ გითხრა… ნაბრძანები გაქვს მოთმინება არ დაკარგო…

– აი, რაში ყოფილა საქმე. სულ ეგ არის?

– არა… – ტარომ ნაწნავიანი თავი უკან გადაიგდო და წკრიალა ხმით გაიცინა.

თვალმოჭუტული იცინოდა, თეთრად უბზინავდა ქათქათა კბილები და პუტკუნა ლოყებზე ნასვრეტები უთრთოდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ოდესმე, მრავალი წლის შემდეგ, მის სახესაც დააჩნდებოდა დედამიწის ბინადართათვის ესოდენ ბუნებრივი ნაღველი… ასე ფიქრობდა ბაკინი და უეცრად მოძალებულ ბედნიერებას ანებებდა საკუთარ საფიქრალსა და სატანჯველს.

– კიდევ რა მაქვს ნაბრძანები?

– ბევრი რამ.

– რაო, მაინც?

– ოო, შენ, პაპიკო… უფრო სახელოვანი შეიქნები, ვიდრე ახლა ხარ და ამიტომაც.

– სახელოვანი? მერე?

– ნაბრძანები გაქვს მოთმინება არ დაკარგო.

– მე ისედაც მოთმინებით ვიტან ყველაფერს, – მოულოდნელად სერიოზულად უპასუხა ბაკინმა.

– კიდევ, კიდევ უფრო უნდა მოითმინო!

– ვინ მიბრძანა ეს ყველაფერი?

– ვინ და… – ტარომ ეშმაკურად შეხედა პაპას, გაუცინა, – თვითონ მიხვდი, ვინ გიბრძანა!

– ეგრე იყოს. დღეს თქვენ ტაძარში იყავით და ალბათ ეს ყველაფერი ბატონმა მღვდელმა ბრძანა.

– შეგეშალა! – ტარომ ღონივრად გააქნია თავი, სანახევროდ ჩამოფორთხა პაპის მუხლიდან, ნიკაპი წინ გაიშვირა და განაგრძო: – გითხრა, ვინ გიბრძანა?

– ცხადია, მალე მითხარი!

– კანნონ-სამამ, ასაკუსას ტაძარში! – ბიჭუნამ გადაიკისკისა, ბაკინს გაუსხლტა ხელიდან და თითქოს შეეშინდა არ დამიჭიროსო, უკანმოუხედავად გაიქცა. გახარებული იყო, პაპის გაცრუება რომ შეძლო, ტაში შემოჰკრა და ასკინკილით გასწია სასადილოსკენ.

იმავ წამს რაღაც საზეიმო და დიადი გაუკრთა გულში ბაკინს, ტუჩებზე ბედნიერი ღიმილი აუთამაშდა. თვალები ცრემლით დაენამა. სულ არ აინტერესებდა, თვითონ ტარომ მოიგონა ეს ხუმრობა თუ დედამ დაარიგა, ოღონდ ის, რაც ახლა შვილიშვილის ბაგეთაგან მოისმინა, საოცრება იყო. “ღმერთქალმა ნანნონმა მუშაობა მიბრძანა. მიბრძანა, მოთმინება არ დავკარგო, უშუშრად შევხედე სატანჯველს”.

სამოცი წლის მოხუცი მწერალი თვალზე ცრემლმომდგარი ხარხარებდა და პატარა ბავშვივით აქნევდა თავს.

14

იმავე დღის საღამო.

ქაღალდის მრგვარი ფარნის მქრქალ შუქზე განათებულ მაგიდასთან ბაკინი “რვა ძაღლის” ხელნაწერს ასწორებდა. შინაურები მუშაობაში ხელს არასოდეს უშლიდნენ. ახლაც, კაბინეტში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ პატრუქის ძლივს შესამჩნევი ტკაცუნი არღვევდა, ჭრიჭინების ჭრიახს ერწყმოდა და შემოდგომის ხანგრძლივი ღამის უკუნ მდუმარებას აწონასწორებდა.

კალამი აიღო თუ არა, გონებაში სუსტი ციმციმით აენთო რაღაც, თანდათან იმატა, უფრო ალაპლაპდა და გაცხოველდა. ბაკინმა კარგად იცოდა, რა იყო ეს ციმციმი და საოცარი სიფრთხილით წერდა. შთაგონებაც ხომ იგივე კოცონია: უცოდინარის ხელით გაღვივებული მაშინვე ქრება…

– ნუ ჩქარობ, შეიცადე და დაუფიქრდი, როგორ აჯობებს, – ჩურჩულებდა ბაკინი და წინ გავარდნილ კალამს აკავებდა, მაგრამ მის გონებაში აციმციმებული ათინათი უკვე უზარმაზარი სინათლის პატარ-პატარა ვარსკვლავებად ნაწევრდებოდა, უკვე ნიაღვარივით მოშხუოდა, წამი-წამს უკრეფდა ძალას და ბაკინსაც თან იტაცებდა.

სმენის მიღმა დარჩა ჭრიჭინების ჭრიახი, აღარც ფარნის მქრქალი შუქი აღიზიანებდა. კალამი თავისთავადი, განცალკევებული სიცოცხლით ცოცხლობდა უკვე მის ხელში და შეუჩერებლად დასრიალებდა ქაღალდზე. ახლა უკვე გავეშებული წერდა, თითქოს ღმერთი და კაცი შერწყმოდა მასში ერთურთს. ცად დასალტული ირმის ნახტომის სისწრაფით ჩამოფრქვეული, ათინათიდან შობილი ჩანჩქერი უფრო და უფრო წყალუხვი ხდებოდა. თან აშინებდა ეს შემზარავი სტიქია, ძალა აღარ შესწევდა ამ უძლიერესი ჩანჩქერის შემოხლისათვის გაეძლო. ამიტომ თითებს მაგრად უჭერდა კალამს და თავს იოკებდა: “წერე, ვიდრე ძალა შეგწევს! ახლა თუU არა, ვეღარასოდეს შეძლებ წერას!”

მაგრამ ნისლად მოდენილი, მოციმციმე ჩანჩქერი თავბრუდამხვევი შხუილით ნთქავდა გზად ყოველივეს და მთელი ძალით ეხლებოდა ბაკინს. ბოლოს ერთიანად მინებდა მწერალი, ამქვეყნიური ყველაფერი გადაავიწყდა და კალამიც მიუშვა სტიქიის ნებაზე.

იმ წუთას მის გამარჯვებულ მზერაში ის დიადი ჩანდა, რაიც შენაძენისა და დანაკარგის, სიყვარულისა და სიძულვილის მიღმა დგას. აღარც შფოთვა ეტყობოდა – ამ ნიაღვარმა წალეკა ქირდვაცა და ქებაც. მხოლოდ ზეციური სიხარულით უციმციმებდა თვალები, უფრო ზუსტად – პათეტიკური აღმაფრენით. ვისაც მსგავსი აღმაფრენა არ განუცდია, ვერა და ვერ მისწდება იმ საოცრებას, ხელოვნების პყრობა რომ ეწოდება. და ვერც თავის დიდებულებაში გამკაცრებულ ხელოვანს გაუგებს. და მაინც, სწორედ ამგვარ წამს სწვდება მწერლის მზერა ყოველგვარი ზედმეტობისა და ზიზილ-პიპილოსაგან განთავისუფლებული ცხოვრების არსს, ესოდენ რომ ჩამოჰგავს ახალდაბადებულ, ძვირფას ქვას…

***

სასადილოში კი, ერთმანეთის პირისპირ, ქაღალდის ფარნის შუქზე ქარგავდნენ რძალ-დედამთილი. ტაროს ეძინა. ოდნავ მოშორებით სოჰაკუ წამლის აბებს აგორგოლავებდა.

– მამა ჯერ არ დაწოლილა, – უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა ო-ჰოკუმ და თმის ზეთი წასცხო ნემსის წვერს.

– ჰო, ალბათ ისევ წერს. მუშაობა თუ გაიტაცებს, ყველაფერი ავიწყდება ამქვეყნად, – თავაუღებლად უპასუხა ო-მოტიმ.

– რა ბედენაა! ოჯახისათვის რიგიანი შემოსავალი მაინც რომ მოჰქონდეს… – თქვა ო-ჰოკუმ და შვილსა და რძალს გახედა. სოჰაკიმ თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი გაეგოს, ო-მოტიც დუმდა. აქაც და იქაც ცხადლივ ისმოდა, როგორ იფრქვეოდა ღამეში ჭრიჭინობელათა უთავჟამო მოძახილი.

ნოემბერი, 1917წ.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button