ეგნატე ნინოშვილი – განკარგულება
მშვენიერი საღამო იყო. უსაზღვრო ცის ლურჯი კამარა დილის დამატკბობელი სიმშვიდით დაჰყურებდა იაკამად დადუმებულს მწვანე არემარეს. მაისის გრილი ჰაერი სიცოცხლეს ჰფენდა ცასქვეშეთს. მთელი დღის განმავლობაში მუშაობით მოქანცულმა კაცია მუნჯაძემ მიაყუდა თოხი კუთხეში, დაჯდა სახლის წინ ბელტზე და დაუძახა ცოლს:
- კესარიავ, თუ ქალი ხარ, დროზე გააკეთე ვახშამი! ისე ვარ მოღალული, რომ ძვალი ცაკე მაქ და ბილი ცაკე.
კაციას უმცროსმა ბავშვებმა გაიგონეს მამის ხმა თუ არა, ბაბაი მოსულა ყანიდანო, დაიძახეს, გამოცვივდნენ გარეთ პატარა, ქოხის მსგავსი სახლიდან და შემოეხვიენ თავიანთ საყვარელ ბაბას. უმცროსები ერთი იქით დაუჯდა მუხლზე და ერთი აქეთ, მესამე ბავშვი წინ გაუჩერდა და წვერების ფურჩქვნა დაუწყო. ბაბა წითელი პელანგი მომიტანე? – ეკითხებოდა სულ უმცროსი, ორწლინახევრის ვაჟი. ხვალ, ხვალ მოგიტან, შვილო! – დაჰპირდა კაცია პაწია შვილს და ალერსიანად მიიკრა გაოფლიანებულ შიშველ მკერდზე. ამასობაში კარზე მოდგა კაციას მეუღლე კესარია, ჯერ კიდევ ყმაწვილი, ლამაზი სახის ქალი და უთხრა ქმარს:
- პაწაი კიდევ და, ჰა, ახლავე გამოცხვება მჭადი.
კესარია ხედადა, რომ ქმრის დაფლეთილი პერანგი, რომელშიაც ბევრგან მოჩანდა მზისგან დამწვარი წითელი კანი, ერთობ ოფლით იყო დასველებული. ამიტომ თვითონაც ჩქარობდა, ადრე მიერთმია ქმრისთვის ვახშამი და მოესვენებია ეს შრომით დამაშვრალი ადამიანი.
- ე, კიღამ დამავიწყდა, სამშაფათს გამთენიერე მე და დათიამ გასაყიდი სიმინდი უნდა წევიღოთ ურმით. ურემი პეტრიას გამოვართვით ქირაზე. ცალი ხარი დათიესი იქნება და ცალი ჩვენი. – უთხრა კაციამ ცოლს.
- მადლობა ღმერთს! ამ საცოდავ ბაღნებს ერთს დავმოსავდეთ, თვარა მეტი რა მინდა! – სიხარულით თქვა კესარიამ. – სხვაი სხვათა და მარინაის სიცოდვემ თლა მომკლა ქალი. გუშინ, შვილო მთელი დღეი იტირა: ამხელა ქალი ვარ და ხორცის დასაფარავი აფერი მაქო. დევიწვი, სხვაი რაი!
- მე არ მწვავდა, გგონია, სიცოდვე, აგინი რომ შიშველი მყავდა! ღმერთო შენით, აგერ, სამშაფათს, იგი სიმინდი თუ პაწაი ხეირიან ფასად გევიდა, ყველას დავმოსავ, ერთ საკაბეს შენც მოგიტან. – იმედიანად თქვა კაციამ.
- მე არა, იგი პერანგი რომ არ გაცვია, ბაღნებისაზე თუ რამე მოგრჩეს, ერთი საპერანგე იყიდე შენდა, ჩემ თავს არ ვჩივი. – უთხრა კესარიამ და შებრუნდა სახლში.
მარინე, უფროსი ქალი კაციასი, ამ ლაპარაკის დროს იქვე კარებთან იდგა და ყურს უგდებდა მშობლების ლაპარაკს. ეს იყო ათი თუ თორმეტი წლისა, შავგვრემანი, მაგრამ, სამაგიეროდ, ლამაზი, ეშხიანი პირისახისა, რომელსაც ძლიერ უხდებოდა შავ-შავი დიდრონი თვალები. ვიწრო ჩითის კაბა, რომელსაც სიძველისაგან აღარც კი ეტყობოდა, რა ფერისა ყოფილიყო, ისე დახეოდა, რომ ბევრგან სხეული უჩანდა. საბრალო ქალი თავის მშობლებთანაც კი სირცხვილით ხელებს იფარავდა ტიტველა სხეულზე. როცა სტუმარს დაინახავდა, მარინე მირბოდა სახლის უკან, რომ დამალულიყო, ახლა კი, მარინემ რომ გაიგო, მამას სიმინდი მიაქვს გასაყიდად და კაბას მიყიდისო, მის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა.
მარინეს მომტანო სამ ბავშვთაგან მხოლოდ ერთს ზოლებ-ზოლებად ეკიდა წინ და უკან პერანგის ნაშთი. ორი ბავშვი კი სულ ტიტველი იყო. ესენი ხომ რა, მოსვენებას არ აძლევდენ მამას: როის გვიყიდი პერანგსო მეტადრე უმცროსი ყოველ საღამოს ჰკითხავდა ყანიდან მოსულს კაციას: ”ბაბა, პელანგი მომიტანეო”.
რამდენი ხანია ემზადებოდა კაცია, ურმით სიმინდს წავიღებ, გავყიდი და ცოლ-შვილს დავმოსავო. მაგრამ ხან ხარი ვერ იშოვა (თვითონ კაციას კი ცალი ხარი ჰყავდა), ხან ურემი, ხან წვიმა მოვიდა და იმან დაუშალა გამოწყობილი მგზავრობა, ხან კიდევ სხვა საქმე გამოეკრა და აქამომდე დარჩა კაციას შვილები დაუმოსავად. მხოლოდ ახლა კი სრული იმედი ჰქონდა კაციას, რომ ვეღარაფერი გადაეღობებოდა წინ მის მოგზაურობას, რადგანაც კარგი დარი იდგა და კაცია ყოველისფრით მზად იყო. ამ გარემოებამ დიდი სიხარული გამოიწვია კაციას ოჯახში: დიდსა და პატარას სიხარული ეხატებოდა სახეზე. გლეხკაცისას საკმარისია ერთი უბრალო რამ გამარჯვება საქმეში, რომ ოჯახში საზოგადო სიხარული გამოიწვიოს.
ის იყო, კაცია და იმისი ცოლ-შვილი ემზადებოდენ ვახშმის საჭმელად, რომ ვიღაცამ ჩაახველა ჭისკართან და კაციელაო, დაიძახა.
- დასწყევლოს ღმერთმა! ნახავ, თუ ახლა გზის სამუშაოზე არ გამიწვიონ! – გაჯავრებით თქვა კაციამ და გასწია ჭისკრისკენ.
- კაციელავ, იცი რეიზა ვარ მოსული? დღეს მამასახლისმა გამოგვიცხადა, – ამეღამ ერთი ძალიანი დიდი კაცი გეიარს მაშინით და რკინიგზაზე ყარაულები უნდა დააყენოო. რვაი კაცი უწევს ჩემ სანაცვლოს. ერთად შენ უნდა წახვიდე. მეტი გზაი არ მაქ. – უთხრა ნაცვალმა კაციას.
ეს განკარგულება – ახლომახლო სოფლებიდან რკინიგზის ლიანდაგზე დარაჯების გზავნა – კარგა ხანია არსებობდა. პირველად ბოქაულმა გამოუცხადა რკინიგზის მახლობლად მცხოვრებ გლეხებს: – რკინიგზის ლიანდაგზე მატარებელი ხშირად ეტაკება საქონელს, ამიტომ ან ღობე გაავლეთ ლიანდაგის გასწვრივ და ან დარაჯები დაუყენეთ, რომ საქონელი ვეღარ გავიდეს ლიანდაგზეო. გლეხებმა უარი განაცხადეს: არც ერთი შეგვიძლია და არც მეორეო. ამხელად ბოქაულმაც აღარ დაატანა გლეხებს ძალა და ამრიგად, თითქოს ეს განკარგულება ჩაქრა, მაგრამ რამდენსამე ხნის შემდეგ, როცა მატარებელი დაეტაკა კამეჩს, ორთქლით მავალი ლიანდაგიდან გადავარდა, რამდენიმე ვაგონი დაიმტვრა და კონდუქტორებიც დაშავდენ, მამასახლისს მოუვიდა წერილობითი განკარგულება: უეჭველად დარაჯები უნდა გზავნო რკინიგზის ლიანდაგზე, თორემ პასუხისგებაში მიეცემითო. ერთი-ორი თვის განმავლობაში ეს განკარგულება სასტიკად სრულდებოდა. შემდეგ კი, რადგანაც მეტად საძნელო იყო, შეუშვეს ხელი. თუ დიდს ვისმე მთავრობის პირთაგანს მოელოდებოდენ რკინიგზით, დააყენებდენ დარაჯებს, თვარა და იყო თავმინებებული. იმ ღამეს კი, როცა ნაცვალმა კაცია გაიწვია სადარაჯოს, უნდა გაევლო ერთ მძლავრს ამა ქვეყნისას.
- კაცო, რა არის, ყოველთვის მე რო მომახტები? კანოლით ახლა მე არ უნდა შემხვედროდა ყარაულობა. – უთხრა ნაცვალს კაციამ.
- რეიზა ყოველთვის? ამას წინათ არ იყო, სამუშაოზე წასლა რომ გაპატივე? – უპასუხა ნაცვალმა.
- მაგიერი მე ყანაში მოგეხმარე.
- ამეღამ წადი რკინიგზაზე, ერთი დღეიც შინ მომეხმარე ყანაში და იმ კვირას რომ სამუშაოზე წასლა გიწევს, იმას გაპატივებ. – უთხრა ნაცვალმა, რომელიც ხანდახან გლეხებს ერთ-ორ დღეს თავის ყანაში ამუშავებდა და, სამაგიეროდ, საზოგადო გზაზე მთელი კვირის მუშაობას ააცდენდა.
- კაი, რაღა ვქნა! წავალ ამეღამ სადარაჯოდ, – თქვა კაციამ და თან ულვაშებში ჩაიცინა, რადგანაც ერთი კვირის მუშაობა აიცდინა თავიდან და ეს კაი საქმე იყო მარტოხელა გლეხისთვის.
- აბა ჰა, არ მიღალატო, თვარა ციმბირს გაგვაგზავნიან მეც და შენც! – დააბარა ნაცვალმა.
- კაცო, როდის მომიტყუებიხარ, რომ ახლა მოგატყუო? – დააიმედა კაციამ.
- რაიო? – ჰკითხა სახლში შესვლისთანავე კესარიამ მეუღლეს.
- დიდი კაცი მობძანდება და რკინიგზაზე უნდა იდარაჯოო.
- მერე რავა შეგიძლია ამ მოღალულ კაცს?
- სამუშაოზე წასვლას გაპატიებო, პაწა საქმე არ არის ჩვენდა.
- პაწაი არა, ძალიან საქმეა, თუკი გვაპატია.
- ძალიანია ხო… მარა ისთე ვარ მოთეთქვილი, რომ… დასაქცეველი! მივალ ამეღამ აგი მოღალული კაცი, ერთს გემოით დევიძინებ-მეთქი, ვიფიქრე, მაინცადამაინც ამეღამ გამოსკდა დიდი კაცი და ყველაი!
- რა ვქნა, მე უბედურმა! ნეტაი შემეძლოს და მე წავიდოდე! – თანაგრძნობით უთხრა ცოლმა.
- კაია, რომ წახვიდოდე, იმ ყარაულებს ამეღამ თავს შეაქცევიებ, ცოდვაა, მოწყინდებათ. – ეხუმრა კაცია.
- ჰო, შენებურა დეიწყე ერთი ხუმრობა! ესე არ ვჩივი მე!
- ჩივილი რათ გინდა? თუ სიკეთეს უზამ, ბარემ უჩივლელად ჯობს.
- მოჰყევი შენებურა, შენ ფინთო, შენ! – ალერსიანად უთხრა ამ ხუმრობაზე ქმარს კესარიამ.
ვახშამზე დაწვრილებით მოილაპარაკეს კაციამ და კესარიმ, თუ რამდენი სიმინდი შეუძლიათ გაიმეტონ გასაყიდად, რა და რა სამზადისი დასჭირდება სამშაბათისთვის კაციას და სხვა.
ნავახშმევს კაციამ გამოიდვა თავისი თოფი მხარზე, ჭკუით იყავითო, დააბარა ცოლ-შვილს ჩვეულებრივად და წავიდა, „სად მიხვალ, ბაბა? წითელ პელანგს მომიტანავო“, მიაძახა უკან კაციას უმცროსმა შვილმა.
- უი მათ დიდკაცობას! ამ მოღალულ კაცს რა გააჩერებს ამეღამ უძინარათ! – თქვა კესარიამ.
კაციას ბევრჯერ ედარაჯებია რკინიგზაზე და ამიტომ იცოდა, სადაც უნდა დამდგარიყო. ის მივიდა მიჩვეულ ადგილს, დაიყუდა თოფი წინ და გაჩერდა. არ გასულა ნახევარი საათი, რომ კაშკაშა ცა გაანათა სავსე მთვარემ, რომელიც ნელ-ნელა ამოცურდა მთის იქიდან. მკრთალი, ნარნარი სინათლე საამოდ ეფინებოდა მდუმარე ქვეყანას. დიდრონი ხეების ჩრდილნი უძრავად გაწოლილიყვენ აქა-იქ, თითქოს რაღაც საიდუმლო არსებას ბუნების სიმშვიდეში ტკბილად ჩასძინებიაო, თითქოს ნანინა უნდა უგალობოს მდუმარე ქვეყანასო, ისე ამოჰკიოდა და თავგამოდებით სტვენდა ბულბული.
კაცია იდგა ერთ ადგილას და თვალგაშტერებით გაჰყურებდა ერთ კონცხის ძირს, სადაც მთვარეს შუქის მიტანა ვერ მოეხერხებია. არ იფიქრო, მკითხველო, თითქოს კაციას ფანტაზია აუთამაშდა ასეთ პოეტურ ღამეში; ის შორს წაიღო ოცნებამ და მიტომ გაჰყურებდა სადღაც თვალებგაშტერებული. კაციას არავითარი ტკბილი მოგონება არ ჰქონდა შეერთებული პოეტურ ღამესთან: არც სატრფოს ხვევნა-კოცნა, არც მწვანეზე ქეიფიანი ვახშამი, არც სატრფოს წინაშე სიყვარულის განცხადება და არც სხვა მისთანა. მას თავის დღეში არ ჰქონია მისთვის დრო, რომ სატრფოსთან ხელიხელ გაყრილი ესეირნა და დამტკბარიყო ბუნების სიმშვენიერით, ან მთვარიან ღამეს სატრფოს მოლოდინში აეტოკებია მისი გული. კაციას რომანებისა არა გაეგებოდა რა. მისი სიყვარულის ისტორია სულ ეს იყო: ერთ საღამოს დაიწერა ჯვარი თავის კესარიაზე და, იმ დღიდან დაწყებული, ეწეოდენ ორივე ცხოვრების მძიმე უღელს. თუ მთვარიანი ღამე მოაგონებდა რასმე, ისევ თოხს, სახნისს, ურემს, ღამით მუშაობას და სხვას მისთანას. მაშ რას მოასწავებდა კაციას გაშტერებული თვალები? მძიმე და ნაღვლიან ფიქრებს.
„რამდენი რა არ ტრიალებს საწყალი ყაძახის თავზე! – ეუბნებოდა ფიქრებში კაცია თავის თავს, – ცოლ-შვილი დაარჩინე, ფოშტის ფული გადიხადე, უჩიტლის, მწერლის… გზის სამუშაოზე წადი, სადარაჯოთ წადი. ყველას მორჩილება გაუწიე, ყველას ემსახურე! არა, ძალიან უბედურათ არის ყაძახის ცხოვრება მოწყობილი!.. ახლა დიდი კაცი მობრძანდებაო… ძალიან ბევრი დიდი კაცი უნდა იყოს ქვეყანაზე, რომ ამდენი სამსახური ჭირდება… დიდკაცები… ნაცვალს უკითხავს, ვინ არისო, და რა შენი საქმეაო, უთხრეს თურმე, რა ჩვენი საქმეა! ჩვენი საქმე იგია, თუ გვიბძანეს, ვუდარაჯოთ, თუ არა, ციმბირში გაგგზავნიანო… ნეტა რანაირი ადგილია იგი ციმბირი? ძალიან ფინთი კი უნდა იყოს!.. დიდკაცებს არ გზავნიან, ნეტაი, ციმბირში? ჰმ!.. რა ბრიყვი ვარ! დიდკაცები სხვებს გზავნიან, თავის თავს ხომ არ გაგზავნიან! რა უბედურობაა! ყაძახო, იხადე, ემსახურე, ემორჩილე და, თუ რამე შეგცთა, ციმბირი და შენი ჯანი! ნეტაი რას იზმენ დიდკაცები, ყაძახები რომ არ იყოს ქვეყანაზე? თუნდა კიდეც ვარ, რომ არ წამოვიდე და არ ვიდარაჯო? ვთქვათ, არ შემეშინა ციმბირის… ჰმ, რას იფიქრებს კაცი! იგი არა, ერთი დამიძახეს, წადიო და მაშინათვე აგერ გამოვძუნძულდი… ღმერთო, რა ახირებული ფიქრები მომივიდა ამეღამ!“ აქ კაციამ შეხედა ცას და თქვა: „კაი ხანი გასულა, იქნება ამეღამ არც დიდმა კაცმა გეიაროს და არც არავინ“. ამას შემდეგ კაცია გადავიდა ფიქრებით თავისი ურმით მოგზაურობაზე: „ძალიანი კარგათ არ მოეწყვა ჩემი წასლის საქმე! დღეს დილას რომ დათიეი არ მენახა, ვინ იცის, სამშაფათს კიდო ვერ წევიდოდი. ახლა, ღმერთო შენით, სამშაფათ გამთენიეს ავაჭრიალებ ურემს. ჩემ ცოლ-შვილს რომ ყანიდან მოსული შევხედავდი, კურცხალი მადგებოდა თვალზე. საქმაროა ციცაი მარინაი ახლა, ესე ქვია, და, შვილო, აქეთ-იქით ხელით იფარავს შიშველ ხორცს… ოცჯელ კაღამ შევრცხვი აგი ოცდაათი წლის კაცი, კაღამ დევიწყე მათმა მაყურადემ ბაღანასავით ტირილი!.. ამ საღამოს უმცროსმა ბიჭმა მომაძახა: ბაბა, პელანგს მომიტანავო? ღმერთო, შენ მომიწყვე ხელი! გინდა ყოლიფერი სიკეთე მეშოვოს, იგინის დამოსვის საქმე რომ გავახერხო. რაღაა, შაფათი, კვირე, ორშაფათი და სამშაფათი, სულ ოთხი დღეია შვაზე“. დიდხანს, დიდხანს ფიქრობდა კაცია ამ საგანზე. შემდეგ, ფიზიკურად და სულიერად მოქანცულს, ძილი მოეკიდა. რომ არ დანებებოდა ძილს, კაციამ დაიწყო იქით-აქეთ სიარული. „რომ არავინ გამოჩთა, იგი დასაქცეველი!“ – ეუბნებოდა ის თავის თავს.
დიდხანს დადიოდა კაცია. მთვარე გადიხარა, მაგრამ მატარებელი არსად ჩანდა. „დასაქცეველი! ცხრაი გზობა კაღამ დავეცი, ისე მინდა ძილი. დილიდან საღამომდე თოხს ვეგრიხებოდი, ეხლა თელი ღამე გაათენეო, რა კაცი გუუძლებს ამას!“ – სთქვა ფიქრებში კაციამ და შეეცადა, რომ გამაგრებოდა, მაგრამ სხეულში რაღაც მოდუნება იგრძნო, ძილის ნდომა ისე ტკბილად უვლიდა ტანში, რომ კაციას მეტი აღარ შეეძლო. „მოდი, პაწაი თვალს მოვატყუებ და მერე უმფრო ფხიზლად ვიქნები“, – იფიქრა კაციამ, დაიდვა თოფი მკლავზე, დადვა თავი რკინიგზის რელსზე და დაწვა. „თუ ვინიცობაა, მაშინა მოვიდა, რეინცაზე რომ თავი მექნება, მაშინათვე შევიტყობ და წამოვხტები“. – გაივლო ფიქრებში და დახუჭა თვალები. ედვა თავი რელსზე და ეძინა კაციას. სავსე მთვარე კი, თითქო ეტრფის მის გაბურძგნილ წვერ-ულვაშსო, ნარნარად დაჰყურებდა ზევიდან, ბულბული კი სმენის დამატკბობლად გაიძახოდა: „ტიავ, ტიავ, ტიავ!“
არ გასულა ნახევარი საათი, რომ გამოჩნდა მატარებელიც. იმისი მოვარაყებული ვაგონები თვალის წარმტაცად ბრჭყვიალებდა მთვარის შუქზე; აუარებელი სანთლების სინათლე საამურად უერთდებოდა ფანჯრებიდან მთვარის სინათლეს; ვაგონების თვალები ისე უხმაუროდ მოსრიალებდა, თითქო არ უნდა კაციას ძილი დაუფრთხოსო. აი, მიუახლოვდა კაციას მატარებელი. კაციამ სუნთქვს მოუმატა, თითქოს ეს-ეს არის, გაიღვიძებს და წამოხტება ზეზეო. მაგრამ არა, კაციას მხოლოდ დაესიზმრა ზეზე წამოვარდნა. კაცია ხედავს სიზმარში, ვითომც იმან შორს შეუტყო მატარებელს, მოდისო, წამოვარდა ზეზე, მოიმარჯვა თოფი და დგას მარდათ. ხედავს, მოდის მატარებელი, სულ ერთიანად ოქროსი; შიგ სხედან ოქროს ტანსაცმელით კაცები, მოპარსული წვერებით და მწყრომარედ უყურებენ კაციას, ვითომც და იმიტომ, რომ გაუგიათ კიდეც, კაციას ეძინაო. კაციას უნდა ბოდიში მოიხადოს, მაგრამ არ იქნა, ენა ვერ დაძრა. „ვაი დავღუპე ცოლი და შვილი! – ამბობს ვითომც კაცია თავისთვის, – ციმბირში გამგზავნიან!“ სწორედ ამ სიზმრის გამო იყო, რომ კაციამ სუნთქვას მოუმატა. მატარებლის თვლებმა გაისრიალა რელსზე, რომელზედაც კაცია იწვა, და განაგრძო გზა.
განთიადისას რკინიგზის დარაჯმა იპოვა ლიანდაგზე მკვდარი კაცი, რომელსაც თავი ჰქონდა წაგლეჯილი. – ეს იყო კაცია მუნჯაძე.