ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი როგორც პედაგოგი

რომელ ჩვენთაგანს, სამოციანი წლების მოღვაწეს, არ ახსოვს ის გაცხარებული და აღგზნებული პოლემიკა, რომელიც გაიმართა სამოციანი წლების დასაწყისში “სოვრემენიკსა” და “რუსკი ვესტნიკს” შორის ადამიანის ბუნების საკითხის გარშემო? როგორც ცნობილია, პირველი ატარებდა მატერიალისტურ შეხედულებას ადამიანის შესახებ, ხოლო მეორე – იდეალისტურს. მთელი მოაზროვნე რუსეთი გაიყო ორ მოწინააღმდეგე ბანაკად: “სოვრემენიკის” მხურვალე მიმდევრებად და იურკევიჩის გაშმაგებულ დამცველებად. “სოვრემენიკის” შეხედულებას ყველაზე სრულად გამოხატავდა ჩერნიშევსკის სტატია: “ანტროპოლოგიური პრინციპი ფილოსოფიაში”, რომელსაც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა არა თვით კატკოვის სტატია, არამედ კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორ იურკევიჩის ტრაქტატი სახელწოდებით – “მეცნიერებიდან ადამიანის სულის შესახებ”, რამაც უცბად წამოაყენა ავტორი პირველ პლანზე და მალე მიანიჭა მას ფილოსოფიის კათედრა მოსკოვის უნივერსიტეტში.

“სოვრემენიკმა” იურკევიჩის სტატიისადმი გამოიჩინა სრული უპატივცემულობა, შეურაცხმყოფელი დაცინვა, შეუბრალებლად დასცა მას ყიჟინა. ასევე მოეპყრა ის ამ საკითხში თითქმის ყველა თავის მოწინააღმდეგეს, რომელთაც თვლიდა უგულო, შაბლონურ, არაფულწრფელ, მეცნიერულ კეთილსინდისიერებას და ჭეშმრიტ რწმენას მოკლებულ დამცველებად.

სწორედ ამ მომენტში დაიბეჭდა არქიმანდრიტ გაბრიელ ქიქოძის მეცნიერული ნაშრომი სათაურით “ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები”. მოსალოდნელი იყო, რომ ამ შრომასაც იგივე ბედი ეწეოდა მაშინ ყველაზე უფრო პოპულარული ჟურნალის მხრივ, როგორიც იმავე იდეალისტური მიმართულების სხვა ნაწერებს, რომ ავტორსა და მის წიგნს დაცინებდნენ, ანდა უკეთეს შემთხვევაში, ამ შრომას დუმილით აუვლიდნენ გვერდს. მოხდა კი პირიქით. “სოვრემენიკმა” არათუ აღნიშნა ამ შრომის გამოსვლა, არამედ თავისი საუკეთესო კრიტიკოსის დობროლუბოვის სახით გამოიჩინა მისდამი სრული გულწრფელობა და პატივისცემა და უსურვა ავტორს შემდგომი წარმატება ფილოსოფიური საკითხების დამუშავების სარბიელზე.

რატომ დაუშვა “სოვრემენიკმა” ასეთი გამონაკლისი ჩვენი ავტორის სასარგებლოდ? იმიტომ, რომ მის ნაშრომში დაინახა არა შაბლონურობა, არამედ სრული დამაჯერებლობა და გულწრფელობა უმწიკვლო მეცნიერული კეთილსინდისიერება, აზროვნება ხერხთა თავისებურება, გადმოცემის კლასიკური სიმარტივე, საფუძვლიანი ცოდნა ფიზიოლოგიისა, რომლის მონაცემებს ავტორი საფუძვლად უდებდა თავის ფსიქოლოგიურ დასკვნებს.

“სოვრემენიკის” კარგმა დახასიათებამ და არქიმანდრიტ გაბრიელის თხზულების ორიგინალურმა ღირსებებმა, რაც ყველას თვალში ხვდებოდა, ძალიან დააინტერესა მეცნიერული საზოგადოება და მისი ყურადღება მიაპყრო ჩვენი ავტორის შრომას და პიროვნებას. ეს ინტერესი განსაკუთრებით დიდი იყო სასულიერო აკადემიისა და უნივერსიტეტის პროფესორებს შორის. მაშინ მე კიევის სასულიერო აკადემიაში ვასწავლობდი და კიევში ერთადერთი ქართველი ვიყავი.

იურკევიჩი, როცა გაეცნო “ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებს”, აღტაცებული იყო ამ წიგნის გამო და ავტორში ხედავდა უძვირფასეს მოკავშირეს, რომელიც მოულოდნელად მოევლინა შორეულ საქართველოდან. როცა იურკევიჩმა გაიგო, რომ მე ავტორის მოწაფე ვიყავი და კიევს გამგზავრების წინ ქუთაისში ვინახულე უსამღვდელოესი გაბრიელი, რომელსაც ის-იყო ჩაბარებული ჰქონოდა საეპისკოპოსო კათედრა, მან მე მიმიწვია, რათა გამეცნო მისთვის ახალი ფილოსოფიური თხზულების ავტორის პიროვნება.

როცა დანიშნულ საღამოს იურკევიჩთან გამოვცხადდი, იქ ვნახე პევნიცკი და პასტილოვი, ახლა კიევის აკადემიის დამსახურებული პროფესორები.

მასპინძლის თხოვნაზე – მეცნობებინა მისთვის რაც კი ვიცოდი ქიქოძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მე ვუპასუხე ვრცლად, რისთვისაც კარგად ვემზადებოდი რამდენიმე დღის განმავლობაში. აი ეს ნაამბობი დაახლოებით, რომელიც მე შევავსე ახალი დაწვრილებითი ცნობებით. ჩემი მიზანი იყო მეცნობებინა მათთვის განსვენებულის იმ პერიოდის ცხოვრება, რომელიც წინ უძღოდა სამწყემსმთავრო მსახურებას.

გერასიმე ქიქოძე, ბერობაში გაბრიელი, დაიბადა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას და წარმოშობით ეკუთვნის სასულიერო წოდებას. სემინარიული განათლების შემდეგ, რომელიც დაიწყო თბილისში და დაამთავრე პეტერბურგში, ის შევიდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ერთ-ერთ პირველ მაგისტრად. პირდაპირ, სასკოლო სკამიდან, 1849 წელს ის დანიშნულ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, მაგრამ სამშობლოში ჩამოვიდა არა მარტოკა, არამედ ახალგაზრდა ცოლთან, მაშინდელი პეტერბურგის მთავარეპისკოპოსი ვლადიკინის ქალიშვილთან ერთად, რომელიც, როგორც ჩანს, სიყვარულით შეირთო. შეუდგა თუ არა ინსპექტორის თანამდებობის შესრულებას მან გააუქმა დისციპლინის ყველა წვრილმანი წესი, უფრო ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები, რომელთა შესრულებას ის მთელი მგზნებარებით მოითხოვდა. კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივ და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს ის თვითონაც მკაცრად იცავდა. თავის ინტენსიურ გონებრივ შრომას ის ცვლიდა შეშის დაჭრით, რასაც ყოველდღე მიმართავდა რეგულარულად, განსაზღვრულ საათებში. მოსწავლეები ბაძავდნენ თავიანთ ინსპექტორს და თვითონაც ხშირად ჭრიდნენ შეშას, მონაწილეობდნენ სამეურნეო სამუშაოებში და ამით უმსუბუქებდნენ მსახურთ ფიზიკურ შრომას.

წინათ თამაშობას სემინარიაში უყურებდნენ როგორც გარდუვალ ბოროტებას და ყოფაქცევის მხრივ აყენებდნენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც თამაშობაში სრულებით არ მონაწილეობდნენ და თავი მოჰქონდათ მშვიდ და უწყინარ არსებად.

გერასიმე ქიქოძემ სულ სხვა თვალსაზრისი დაამყარა. ის თამაშობას თვლიდა უცილობლად სასარგებლო მეცადინეობად არა მარტო სხეულისათვის, არამედ სულისთვისაც, და ეჭვით უყურებდა იმ აღსაზრდელებს, რომლებიც უქმად ატარებდნენ დრო, როცა მათი ამხანაგები მხიარულად თამაშობდნენ სემინარიის ეზოში. ყოველდღე, ნასადილევს, რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ეზო წარმოადგენდა ფრიად მრავალგვაროვან, მაგრამ სავსებით წესიერ თამაშობათა ასპარეზს და ჰაერში გაისმოდა მოთამაშე ბავშვთა თავისუფალი წკრიალა ხმები. ინსპექტორი ამ დროს ან შეშას აპობდა მოთამაშეთა ახლოს, ანდა აივნიდან უყურებდა ბავშვებს, აქებდა იმათ, ვინც თამაშობაში უფრო მეტ მოხერხებულობასა და ღირსებას იჩენდა. ყველასთვის ცნობილ, მკაცრად განსაზღვრულ მომენტში სემინარიის ეზოში თამაშობა წყდებოდა, სრული სიწყნარე მყარდებოდა და მოსწავლეები კვლავ იწყებდნენ მეცადინეობას. რამდენიმე ხნით თამაშობა კვლავ ტარდებოდა ვახშმის შემდეგ, განსაკუთრებით, ნათელ მთვარიან ღამეებში.

ამის შემდეგ აშკარად შემცირდა ბავშვთა საიდუმლო ბიწიერებანი, რომლებიც ასე გავრცელებული იყო დახურულ სასწავლებლებში; შემცირდა აგრეთვე დაავადებათა რიცხვი, ბავსვები უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ; ძლიერ ამაღლდა მოსწავლეთა წარმატება. მოსწავლეთა წარმატების ამ ამაღლებას უმთავრესად ხელი შეუწყო მეცადინეობის ახალმა სისტემამ, რომელიც ახალგაზრდა ინსპექტორმა შემოიღო. მანამდე სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიაში გამეფებული იყო გამომყეყეჩებელი ზეპირობა, ზუთხვა. იშვიათად ესმოდა რომელიმე მოსწავლეს მექანიკურად გაზეპირებული გაკვეთილების შინაარსი. იშვიათად თუ ვისმეს შეეძლო რამდენადმე მაინც თავისუფლად გამოეთქვა აზრი რუსულად, სემინარიის კურსის დასასრულს, 12-14 წლის სწავლების შემდეგაც კი. სახელმძღვანელოების შინაარსის მექანიკური, უაზრო გაზეპირება – აი ასეთი იყო მაშინ თითქმის მთელი სწავლება. ზუთხვის აღმოსაფხვრელად ახალმა ინსპექტორმა შემოიღო შემდეგი რადიკალური ზომა. მან გამოუცხადა მოსწავლეებს, რომ მის საგნებში სახელმძღვანელოები არ შეეძინათ, გაკვეთილები კლასში არ ჩაეწერათ, არამედ ყურადღებით მოესმინათ მისი ახსნა-განმარტება კლასში და მასალა შეეთვისებინათ მისი სიტყვებით. ის გაკვეთილს ხსნიდა მთელი სიმარტივით, ზედმეტი სიტყვებისა და გამოთქმების გარეშე, გაიმეორებდა მას რამდენიმეჯერ და შემდეგ კი იმასვე გაამეორებინებდა საუკეთესო მოსწავლეებს, ვიდრე გაკვეთილი მთლიანად არ იქნებოდა შეთვისებული. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ეს მოსწავლეები, თავის მხრივ, ვალდებულნი იყვნენ ისევ ცოცხალი სიტყვის საშუალებით აეხსნათ გაკვეთილების შინაარსი დანარჩენი ამხანაგებისათვის კლასში შესწავლილი მასალის სრულ შეთვისებამდე. თითოეული მერხის თავში, რომელიც იტევდა 7-8 მოსწავლეს, იჯდა ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელი იყო თავისი ჯგუფის წარმატებისათვის. ამ სისტემამ, მართალია, მოითხოვა პროგრამის თითქმის სანახევროდ შეკვეცა, მაგრამ სამაგიეროდ ყოველივე მნიშვნელოვანს, ყოველივე არსებითს კლასი ითვისებდა და მთელი შეგნებით, ნათელი, ცოცხალი გაგებით. განსაკუთრებით მშვენიერი გავლენა მოახდინა ამან ყურადღების აღზრდაზე, რაც სკოლის უპირველესი და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ, რომ მასწავლებლის ცოცხალი სიტყვა ერთადერთი წყაროა გაკვეთილის შესათვისებლად, რომ სახელმძღვანელოებზე არ შეიძლება არავითარი იმედის დამყარება, ამიტომ ისინი სმენად და ყურადრებად იქნცეოდნენ კლასში და ეჩვეოდნენ დაძაბული ყურადღებით ყოფილიყვნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში. ცოცხალი სწავლების ეს ხერხი გადაიღო ზოგმა სხვა ახალგაზრდა მასწავლებელმაც და ძველი მკვდარი ზუთხვა გაუქმდა.

მანამდე ფიზიკაც კი სახელმძღვანელოების ზუთხვით ისწავლებოდა, ყოველგვარი ფიზიკური ცდის გარეშე, ვინაიდან სემინარიაში ფიზიკის კაბინეტი ჯერ კიდევ არ იყო. ქიქოძემ დაუყოვნებლივ დაიწყო ზრუნვა ფიზიკის ისეთი სრული კაბინეტის შესაძენად, რომლის მსგავსი მაშინ თბილისში არ იყო და რომლითაც დროგამოშვებით სარგებლობდნენ საერო სასწავლებლებიც კი.

მეტიც, შეძენილი იქნა ზოგიერთი ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელთა დახმარებით ინსპექტორი, მაშინდელი რეაქტორის არქიმანდრიტ იზრაილის მონაწილეობით, სემინარიის აივნიდან საღამოობით აწარმოებდა ასტრონომიულ დაკვირვებებს.

სემინარიაში დაიწყო აგრეთვე მიღება საუკეთესო საერო ჟურნალებისა, იწერდნენ უახლეს თხზულებებს ცოდნის სხვადასხვა დარგიდან, რის შედეგად გონებრივი საქმიანობა მოსწავლეთა შორის ფართოდ გაჩაღდა. ყოველ საღამოს სემინარიის აივანი წარმოადგენდა გაცხოველებული დავის ასპარეზს უფროსებსა და მასწავლებლებს შორის, რომლის დროს ახალგაზრდა ინსპექტორი ხშირად ამჟღავნებდა გურულ სიფიცხეს.

ეს გონებრივი საქმიანობა, რომელიც ხშირად მიმდინარეობდა მოსწავლეთა თვალწინ, ძალიან კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენდა მათზე და უღვიძებდა მათ ცნობისმოყვარეობას და ინტერესს გონებრივი შრომისადმი. ამასვე დიდად შეუწყო ხელი ქიქოძის ერთ-ერთმა რუსმა მეგობარმა ა. ა. პოზდნეევმა, მსოფლიოს ისტორიის ბრწყინვალე მასწავლებელმა, უპატიოსნესმა და უკეთილშობილესმა პიროვნებამ, რომელიც ღრმა პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქართველების, ისე რუსების მხრივ.

ქიქოძის პიროვნების გავლენას მეტად შეუწყო ხელი აგრეთვე ერთმა თვისებამ, რაც უაღრესად დიდ კეთილ გავლენას ახდენდა აღსაზრდელთა ზნეობრივ მხარეზე. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთი იყო. ნამდვილი გულწრფელობა და სამართლიანობა ახასიათებდა ყველა მის ქცევად, მოქმედებას და მთელ მის ცხოვრებას. მის ბაგეს ერთი არამართალი სიტყვაც კი არასოდეს წამოსცდებოდა. ერთხელ, ერთმა მოსწავლემ იცრუა სეიმანრიის რექტორ არქიმანდრიტ იზრაილის წინაშე. რექტორი მოსწავლეს ეუბნებოდა: “როგორ არ გრცხვენიათ, ასე რომ ცრუობთ, აიღეთ მაგალითი თქვენი ინსპექტორისაგან, რომელშიც არავითარი სიყალბე არ არის”.

წინა წლებში აღსაზრდელები ხანდახან აჯანყდებოდნენ ხოლმე, უწესობას სჩადიოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მარტო მასწავლებლებს, არამედ უფროსებსაც კი. ასე მაგალითად, სცემეს ინსპექტორ ათანასეს, რომელიც ამის შემდეგ რუსეთში გადაიყვაენს. ინსპექტორ ქიქოძის დროს ახალი წესრიგის დამყარების შედეგად კი სემინარიაში ეს უწესობანი სავსებით შეწყდა და კვლავ განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან დასტოვა ინსპექტორის პოსტი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაყვანის გამო, ხოლო სემინარიაში შეინარჩუნა მასწავლებლის თანამდებობა. ქიქოძის პირველი მოადგილე კი, რომელსაც სამმა თავზეხელაღებულმა მოსწავლემ უხერხულ ადგილზე წაასწრო, იძულებული იყო მიეცა მათთვის წერილობითი ვალდებულება, რომ არავის არ გარიცხავდნენ სემინარიიდან მათთან შეუთანხმებლად. ხოლო თუ რა გამხრწყნელი გავლენა ჰქონდა ამ ფაქტ სასწავლებელზე, ეს განუმარტებლადაც გასაგებია.

შემდგომ ინსპექტორს მკაცრად სცემა ერთმა მოსწავლემ, რომელიც დასტოვეს სემინარიაში, ნაცემმა ინსპექტორმა კი ინსპექტორის ადგილი დაკარგა და რუსეთში გადაიყვანეს სამონასტრო სამსახურში.

საერთოდ, გერასიმე ქიქოძის საინსპექტორო და სამასწავლებლო მოღვაწეობა, რომელიც ყოველთვის მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანს და არსებითს და არ ხურდავდებოდა წვრილმანებად, უაღრესად ნაყოფიერი იყო და ღრმა კვალი დასტოვა სემინარიაში. პირადად ის სარგებლობდა ყველა აღსაზრდელის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით, მიუხედავად მისი ერთი დიდი ნაკლისა გურული სიფიცხის გამო ის ხანდახან დამნაშავე მოსწავლეს პირადად სასტიკად უსწორდებოდა და სჯიდა, რასაც ის სხვას არავის აპატიებდა.

კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ქიქოძემ საქართველოს მაშინდელ ეგზარქოსის, მისი მაღალი უსამღვდელოესობის ისიდორეს წინაშე, რომლის უახლოესი მრჩეველიც ის იყო.

ასევე ეპრყობოდნენ მას სემინარიის რექტორი, რუსი და ქართველი მასწავლებლები, გარდა ერთი შურიანი ქართველისა, უძლური, წმინდა გველური სიბოროტის მონისა; მხოლოდ იგი ვერ ამჩნევდა ამ ქვენა გრძნობას ქიქოძის სახარბიელო გულისხმიერების წინააღმდეგ, რომელიც სხვა ყველას მკვეთრად ხვდებოდა თვალში, – ვერ ამჩნევდა იმიტომ, რომ თავისი თავის მიხედვით მსჯელობდა სხვებზე და სავსებით როდი იყო მოკლებული წვრილმანობასა და პატივმოყვარეობას.

სრული ოჯახური ბედნიერებით სარგებლობდა ქიქოძე და ახლოებით მხოლოდ ექვსი წელიწადს. მალე მას მოუხდა დაესაფლავებინა საყვარელი ცოლი და სამი ბავშვი, რომელთა ნიჭი ანცვიფრებდა ყველას, ვინც კი მათ იცნობდა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდი იყო ქიქოძის მწუხარება, რომელმაც დაასამარა თავისი ოჯახური ბედნიერბა ახალგაზრდობის წლებში. შეუძლებელია დავიწყება იმ უსიტყვო და ღრმა მწუხარების განსახიერებისა, როგორსაც წარმოადგენდა მღვდელი ქიქოძე, როცA იგი სასომიხდილი და მკვდარი, იდგა სემინარიის ეკლესიაში ახალგაზრდა მეუღლის კუბოსთან. შეუძლებელია ასეთი სურათის დავიწყება: მისმა უფროსმა შვილმა, ხუთი წლის პეტიამ დედის, ძმისა და დის სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი სიყვარული მასზე გადაიტანა და მისთვის სწუხდა. როცა მამა გაკვეთილებზე იყო, პეტია მალულად მიდიოდა სახლიდან, მიირბენდა სემინარიაში, წყნარად შედიოდა კლასში, გაკვეთილის დამთავრებამდე ჩუმად იჯდა კარების ახლოს და თვალს არ აშორებდა მამას. მაგრამ მამამ ეს უკანასკნელი თავისი იმედიც დამარხა და საბოლოოდ დაობლდა.

ოჯახის დაკარგვაში მღვდელმა ქიქოძემ დაინახა განგების ხელი, რომელიც მას სულ სხვა, უფრო ფართო და ნაყოფიერი გზით წარმართავდა, რის გამო მალე აღიკვეთა ბერად საქართველოს მაშინდელი ეგზაროქსის ისიდორესი და ბევრ სხვათა გასახარებლად, რომელნიც მას ახლოს იცნობდნენ და მასში ხედავდნენ საქართველოს ეკლესიის მომავალ მნათობს.

მიუხედავად თავისი 30-ზე ცოტა მეტი წლის ასაკისა და სამხრეთის მგზნებარე ტემპერამენტისა, ახალგაზრდა ბერმა, რომელიც ყოველთვის თავისი თავის სრული ბატონ-პატრონი იყო, თავიდანვე დაიწყო ისეთი მკაცრი უმწიკლო ბერული ცხოვრება, როგორი სანიმუშო მეოჯახეც ის წინათ იყო. არქიმანდიტმა ქიქოძემ, რომელიც განაგრძობდა თავის მეცნიერულ მუშაობას და ამთავრებდა თავის “ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებს”, მალე ეპისკოპოსობა მიიღო, საქართველოს ქორეპისკოპოსად (მაშინ 33 წლისა იყო) დაინიშნა, თავი მისცა უმთავრესად მქადაგებლურ მოღვაწეობას და თითქმის ყოველი წირვის დროს ისმოდა ძლიერებით, ტალანტითა და იშვიათი ცხოველმყოფელობით აღსავსე მისი ქადაგება.

ამასთან ერთად, ის დანიშნული იქნა სამღვდელო და სადიაკვნო ადგილების მაძიებელთა გამომცდელად, რაც გამოიყენა ქართველი სამღვდელოების გონებრივი დონის ასამაღლებლად. მანამდე გამოცდები არც კი იყო, არამედ იყო მხოლოდ ძღვენი, რომელიც განაპირობებდა გამომცდელთა ნიშნებს. ადგილს ღებულობდა არა ის, ვინც მეტი იცოდა და უფრო ღირი იყო, არამედ ის, ვისაც სახარება ნებას აძლევდა მოეგო გამომცდელის გული.

გასაგებია, თუ რა გამხრწნელ გავლენას იქონიებდა ეს სამღვდელოებაზე, რა დამამცირებელი იქნებოდა. არქიმანდრიტმა გაბრიელმა შეიმუშავა არართული, მაგრამ ზუსტად განსაზღვრული საგამოცდო პროგრამა, რომელიც შეიცავდა მხოლოდ არსებითს შინაარსს; იგი მკაცრად მოითხოვდა ამ პროგრამის სრულსა და შეგნებულ ცოდნას. ამასთან ერთად, მა უჩვენა უფრო მოხერხებული და პრაქტიკული გზა ასეთი გამოცდისათვის მოსამზადებლად. ეს იყო ნასადილევს სემინარიის კლასებში ჩატარებული სამედავითნო გაკვეთილები, რომლებსაც აძლევდნენ სემინარიის უფროსი კლასების საუკეთესო მოსწავლეები მცირეოდენი ჯილდოსათვის მედავითნეებისა და დიაკვნების მხრივ. ეს ჯილდო არ აღემატებოდა ძველი ძღვენის ღირებულებას, მაგრამ იძლეოდა საჭირო მომზადებას და არსებითი სარგებლობა მოჰქონდა სამღვდელოებისა და ხალხისათვის. ეს ღონისძიება სასარგებლო იყო სემინარიელებისათვისაც არა მარტო მატერიალური, არამედ გონებრივი მხრივაც; იგი აჩვევდა მათ საეკლესიო ამბების უბრალოდ და გასაგებად გადმოცემას, ჭეშმარით სარწმუნოებას და წარმოადგენდა საუკეთესო მოსამზადებელ სკოლას მომავალი სამრევლო მოღვაწეობისათვის. გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი უღირსი ვეღარ ღებულობდა ადგილს, ვიდრე გამომცდელი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც გამომცდელად დარჩა საქართველოს ქორეპისკოპოსად კურთხევის შემდგაც. ასე ამაღლებდა, აცოცხლებდა და აუმჯობესებდა ის ყველაფერს, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა.

ეს ფაქტები ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა იმერეთის კათედრაზე მის დანიშვნამდე, ახლანდელთან შედარებით უფრო მოკლედ და შემჭიდროებულად ნაამბობი მქონდა, მაგრამ მათ პროფესორებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს. პროფესორებმა გაბრიელში დაინახეს მრავალმხრივი და ცნობისმოყვარე გონებით დაჯილდოებული, ჰუმანური გულისა და ძლიერი აქტიური ნებისყოფის პიროვნება, აღჭურვილი ყველა მონაცემით ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. ისინი განსაკუთრებით განაცვიფრა ღრმა სარწმუნოების შეთავსებამ მრავალმხრივ მეცნიერულ განათლებასთან, რაც ასე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. მათ გადაწყვიტეს დაეწყოთ მასთან მიწერ-მოწერა ერთ-ერთი თავისიანის საშუალებით და, სხვათა შორის, შესთავაზეს მას დახმარება უცხო ენებზე დაწერილი საჭირო წიგნების მიწოდებით (ეპისკოპოსი გაბრიელი თავისუფლად ფლობდა ფრანგულ ენას, ესმოდა გერმანულიც თავისი მეცნიერული საქმიანობის დაუბრკოლებლივ განგრძნობისათვის).

მაგრამ 1860 წელს იმერეთ-სამეგრელო-გურია-სვანეთის საეპისკოპოსო კათედრაზე დანიშვნის შემდეგ, რომელსაც მალე შეუერთდა აფხაზეთიც, ახალგაზრდა ეპისკოპოსის სამოღვაწეო სარბიელი ისე ფართო, რთული და ძნელი იყო, რომ მოითხოვდა მისი უხვად დაჯილდოებული ნატირის მთელი ძალ-ღონის დაძაბვას. მიუხედავად ამისა მან თავის მაღალ მოწოდებას ხელი მოჰკიდა მისთვის დამახასიათებელი კეთილშობილური გატაცებით და მთელი თავდადებით, ამასთან განაგრძობდა მეცნიერული საკითხების დამუშავებას, რაშიაც ის პოულობდა ჭეშმარიტ სიტკბოებას.

იმის მეოხებით, რომ განსვენებული მწყემსმთავარი 30 წლის დამოუკიდებელი საეპისკოპოსო მოღვაწეობის მანძილზე უხვად თესდა დასავლეთ საქართველოს მრავალრიცხოვან სამწყსოში მართლმორწმუნეობის, სახარების მაღალი ზნეობის, სასიცოცხლო ცოდნის თესლს, აგრეთვე მის მიერვა დაარსებული და კონტროლირებული მრავალრიცხოვანი სკოლების საშუალებით, დაუღალავი სამოციქულო ქადაგებით ქალაქებში, კიდევ უფრო ხშირად კი სოფლად, იმის მეოხებით რომ იგი თავისი უმწიკვლო ცხოვრებით იძლეოდა სახარების ნამდვილი ზნეობის მაღალ მაგალითს, – მისი სამწყსო ამაღლდა ზნეობრივ-რელიგიური, გონებრივი და ეკონომიური მხრივ, რასაც ნათლად ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის გლეხთა მიერ რამდენიმე მილიონი მანეთის სანადელო მიწების შესყიდვა საკუთარი სახსრებით, მთავრობის დაუხმარებლად. ამ ფაქტ, სხვათა შორის, ბარონი ნიკოლაი თავის უკანასკნელ თხზულებაში თითქმის უმაგალითო მოვლენად აღირებდა მსოფლიო ისტორიაში. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ამჟამად იმდენად ჩამორჩა ყოველმხრივ დასავლეთ საქართველოს, რამდენადაც ის მასზე მაღლა იდგა 30-40 წლის წინათ.

ეს ნაყოფიერი მოღვაწეობაა მიზეზი განსვენებულის იმ გაღმერთებისა, რასაც ასე მჭერმეტყველურად გამოხატავს დღეს დაობლებული სამწყსო და რასაც ასე ერთხმად ადასტურებენ ყველა გაზეთის, მათ შორის “კავკაზის” კორესპონდენტები.

დიახ, სამწყსო ფეხზე დადგა, მაგრამ თვითონ თავგანწირულ მწყემსთამვარს, რომელმაც თავისი სამოციქულო მოღვაწეობის თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იცოდა რა იყო მოსვენება, ძვირად დაუჯდა ეს. იგი ისე იწვოდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, რომ არ შეიძლებოდა ნაადრევად არ დაფერფლილიყო. ასეც მოხდა. ცნობილია, რომ მწყემსმთავარმა გაბრიელმა, მიუხედავად თავისი მაგიერი ჯანმრთელობისა, სრულიად დაკარგა ძილი, გადაიქცა ჩონჩხად და გარდაიცვალა საშინალდ გადაღლილი.

ამგვარად, მან ზუსტად შეასრულა მხსნელის რჩევა, რომელიც მოითხოვს, რომ კეთილმა მწყემსთავარმა თავი დასდოს მისდამი რწმუნებულ სამწყსოსათვის.

განსვენებული მღვდელმთავრის დევიზმა: “ყველაფერი – სამწყსოსათვის და არაფერი – საკუთარი თავისათვის”, მშვენიერი გამოხატულება ჰპოვა მის სულიერ ანდერძშიაც, რომლითაც მან მთელი თავისი ქონება დაუტოვა სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს და გვერდი აუარა თავის მრავალრიცხოვან ნათესავებს მიუხედავად მათდამი მამობრივი დამოკიდებულებისა. და ეს თავისი ამაღლებული საქმიანობა მან დაასაბუთა ამაღელვებელი თავმდაბლობით, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. “მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა”, – წარუმძღვარა წინ თავის სულიერ ანდერძს ჩვენმა სამაგალითო მღვდელმთავარმა.

დიახ, საქართველომ დაჰკარგა უკეთილშობილესი შვილი, რომელიც ფლობდა სულის იშვიათ სიდიადეს. მგრამ მას შეუძლია თავი ინუგეშოს იმით, რომ მის წრეში ასეთ უაღრესად დაჯილდოებულ პიროვნებათა გამოვლინება მისი მომავლის საწინდარია.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button