იაკობ გოგებაშვილი – ირიბი ხელის სარჩლის გამო
ბატონი გაბიჩვაძე არ გატყდა და გამოესარჩლა ირიბს ხელსა. ამით მან მოგვცა შემთხვევა და საბუთი ერთხელ კიდევ გავმართოთ საუბარი ამა არა-მცირედის მნიშვნელობის საგანზედ და შევავსოთ წინედ ნათქვამი. ვალის გადახდა ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ რუსული ანდაზა ხომ მოგეხსენებათ: – გივან გადახდა სჯობიან, არასოდეს გადახდასო.
ჩვენი მობაასე ცდილობს პედაგოგიური ჩხირები შეუდგას ირიბს ხელსა. მაგრამ განა ეს ხელი პედაგოგიურ ნიადაგზედ არი აღმოცენებული? სრულიადაც არა. ამიტომ ამაოდ ირჯება ბ-ნი გაბიჩვაძე. მისი კლიენტი – ირიბი ხელი – ისეთი უგვანო და მავნე არსება გამოდგა, რომ დაცვა მისი ყოვლად შეუძლებელია, თუნდაც ხუთი მჭერვ-მეტყველი ადვოკატიც დაიხმაროს. არა მარტო ბატონმა მირიანაშვილმა და ჩვენ უარ-ვყავით იგი, არამედ მას საქოლავი აუგეს საქართველოს ყოვლის მხრიდამ: ქართლიდამ, ჯავახეთიდამ, დიდმა და პატარამ, ვაჟმა და ქალმა (იხილეთ “ივერიაში” მოწერილი ამბები, სხვა-და-სხვა ნომერში).
ბ-ნი გაბიჩვაძე ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ მან ირიბი ხელი თავსი დედანში შეიტანა პრინციპიალურის მოსაზრების ძალით. ვითომ? ბატონმა გაბიჩვაძემ ეს მეოთხედ გამოსცა “დედანი”, თუმცა არც ერთი გამოცემა არ გაუყიდნია. რატომ პირველს სამს გამოცემაში ჭაჭანება არ მოიძებნებოდა ირიბის ხელისა? განა უკანასკნელის ორის წლის განმავლობაში ამ ხელმა პედაგოგების თვალში მოიგო რამე? პირ-იქით ბევრი წააგო. მას გაუმრავლდნენ მოწინააღმდეგენი, რომელიც ცდილობენ იგი უკან ჩამოაყენონ და მის მაგივრად გაავრცელონ პირდაპირი ხელი. ამას ჰმოწმობს თვითონ ის რუსული წერილი, საიდანაც უსესხნია თვისი მოსაზრება ბატონს გაბიჩვაძეს: “приобоетающее в последнее время распространение как у нас, так и в особенности на западе приямое, круглое письмо, называемое рондо, следует считать письмом калиграфическим”, – ამბობს ბატონი ვერსოვი. მაშ რამ აიძულა ბატონი გაბიჩვაძე მუხლი მოედრიკა უცებ ირიბის ხელის წინაშე და დაეთმო მისთვის თავის დედანში ვეებერთელა ადგილი?
ჩვენს წინანდელს წერილში ყოველის მხრივ შევადარეთ პირ-და-პირი ხელი ირიბთან და, ვგონებთ, ცხადად დავამტკიცეთ, რომ პირველს აქვს ყოველგვარი უაღრესობა მეორის წინაშე. დავასახელეთ და განვმარტეთ ათამდე უპირატესობა. ბ-ნი გაბიჩვაძე ცხრა უაღრესობაზე არაფერს ამბობს, მაშასადამე, ამ მხრივ იძულებულია დაგვეთანხმოს ჩვენ. იგი უარს ჰყოფს მხოლოდ მეათე უაღრესობას, სახელდობრ, ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ირიბი ხელი უფრო სწრაფად იწერება, ვიდრე პირდაპირიო. მისი მსჯელობა რომ საფუძვლიანიც იყოს ამ ერთად-ერთს შემთხვევაში, მაინც ჩვენს შეხედულებას არამც თუ ვერ დაარღვევდა, ვერც-კი შეარყევდა, რადგანაც ეს ცხრა უაღრესობის პატრონს ერთის უაღრესობის მოსაკუთრე სრულიადაც ვერ გაუწევს ცილაობასა და უნდა ქედი მოიდრიკოს მის წინაშე…
ჩვენ ერთს წამს შევაჩერებით მკითხველის ყურადღებას ერთს ძირითადს უაღრესობაზედ, რომელიც ჩვენს წინა წერილში გაკვრით ვახსენეთ. თუ წერისა და კითხვის ურთიერთობას გავშინჯავთ, რად უნდა ჩავთვალოთ პირველი და რად მეორე? პირველი არის ღონისძიება, საშუალება, მეორე – მიზანი, რისთვისაც პირველი არსებობს. ერთი სიტყვით რომ გამოვხთქვათ, ადამიანი იმიტომა სწერს, რომ თვითონაც წაიკითხოს და სხვებმაც. მაშ რაკი საქმე ასეა და წერა არის დაბადებული კითხვისათვის, ჩვენ უნდა წერის ღირსება იმითი ავწონოთ, თუ რა გვარის წერის კითხვა უფრო ადვილია, ირიბისა, თუ პირდაპირისა? მეორესი განა? აქ ხომ ეჭვი ყოვლად შეუძლებელია. პირდაპირის ხელით ნაწერს ხეირიანად, მარჯვედ ვიჭერთ, ადვილად ვარჩევთ ასოებსა, სწრაფად ვკითხულობთ და თვალებსაც ძალა არ მოსდით, რადგანაც პირდაპირ იცქირებიან, სრულიად წინააღმდეგი უნდა ითქვას ირიბს ხელზედ. ამიტომაც არის პირდაპირი ყოველი ბეჭდური ასოები, კარგი და პატიოსანი. სწერს ერთი, კითხულობს მის ნაწერს ათი და ოცი, რომელის ხელით უნდა სწეროს მან: იმითი, რომელიც მხოლოდ მას ერთად-ერთს ეხერხება, თუ ათსა და ოცსა და მათში თვითონ დამწერსაც? ჩვენა გვგონია, რომ ეს გამოცანა ძნელი არ არის და თვითონ ბ-ნ გაბიჩვაძესაც ადვილად შეუძლიან გამოიცნოს, თუ მოინდომებს და არ გაჯიუტდება… წერის სისწრაფეს გადამჭრელი ძალა უნდა ჰქონდეს მხოლოდ სტენოგრაფებისათვის და არა საზოგადოდ მოწაფეთათვის, რომელთათვის საჭიროა გარკვეული, ლამაზი და ადვილი ხელი…
მაგრამ საქმეც ის არის, რომ თვითონ სისწრაფე და სიადვილე ირიბის ხელისა შედარებით სწორე ხელთან ისეთივე მართალია, როგორც ცხრა-თავიანის მდევების არსებობა…
ბატონს გაბიჩვაძეს ჰსურს დაგვაჯეროს, როცა მრუდედ, ირიბად გვიდევს რვეული, ანუ ქაღალდი, მაშინ ნიდაყვის გადაუნაცვლელად ხელს თავისუფლად ვამოძრავებთ და გაგვყავს სწორე სტრიქონები, ხოლო როცა სწორედ გვიძევს ქაღალდი, მაშინ ნიდაყვსა უნდა ხშირად უცვალო ადგილი, თორემ სტრიქონები გამოგვივა მრუდე, რკალულიო. ეს არის ერთადერთი საბუთი ჩვენის კალიგრაფისა. მკითხველს ადვილა შეუძლიან დარწმუნდეს, რომ ამ საბუთში იოტის ოდენა სიმართლე არ მოიპოვება. ამისათვის საკმარისია აიღოთ ერთი თაბახი ქაღალდი და დასწეროთ რამდენიმე სტრიქონი ჯერედ ირიბულად, მერმე პირდაპირ. თქვენ ადვილად შეამჩნევთ, რომ ორივე შემთხვევაში ნიდაყვს ადგილი უნდა ორჯერ-სამჯერ აცვლევინოთ, სანამ სტრიქონს ბოლომდის გადაიყვანდეთ. თუ ეს არ მოახდინეთ და ნიდაყვი უძრავად დასტოვეთ ერთსა და იმავე ადგილასა, თქვენ გამოგივათ რკალური სტრიქონები მაშინაც, როცა ირიბად გედებათ ქაღალდი და მაშინაც, როდესაც იგი პირდაპირ იქმნება თქვენ წინ გაშლილი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ირიბად წერის დროს რკალი იქმნება უსწორმასწორო, პირდაპირი წერის დროს – კი სრულიად სწორე. ამასთან იმასაც შეჰნიშნავთ, რომ ირიბულად წერის დროს ტანსა და მეტადრე კისერსა და თვალებს მიდრეკილება აქვთ ისეთივე მრუდე მდგომარეობა მიიღონ, როგორ ასოებსაც სვამთ. ტანს კიდევ შეგიძლიათ ძალა დაატანოთ და სწორედ ამართული დაიკავოთ; მაგრამ თვალებსა და კისერს კი ვერას გზით ვერ შეაჩერებთ პირდაპირს მდგომარეობაში. თვალები უნებლიედ დაგებრიცებათ და კისერი დაგეღრიცებათ. რომ ეს გარემოება თვალებისათვის მეტნაკლებობით მავნებელი უნდა იყოს, ამაზედ თვითონ ბ-ნი გაბიჩვაძე უარს ვერ იტყვის და ვერც ამბობს. მაგრამ აქ ამაზედ უარესი ის არის, რომ კისერის მოღრეცის გამო სისხლის თავისუფალი დენა ტანიდან თავში ბრკოლდება, შეჩერდება და ამას ხშირად მოსდევს ძარღვების და თვით ტვინის ავად-მყოფობაც.
ბატონს გაბიჩვაძეს ის აზრი, რომ ირიბი ხელი უფრო სწრაფად იწერება, უსესხნია ბატონის ვერსოვის წერილიდგან. ამ სესხს და ხიფათს იგი სრულიად ასცილდებოდა, თუ მიხვედრილიყო რომ ამ ადამიანის წერილი იმდენადვეა აშენებული პედაგოგიურს საძირკველზედ, რამდენადაც მოსლემინების ღვთის-მეტყველების მოსაზრებანი აღშენებულნი არიან თავისუფალ გონების მოქმედებაზედ. ჩვენ კალიგრაფს რომ ბ-ნის ვერსოვის წერილის მაგივრად ერთი-ორი პეადგოგის შეხედულება შეეტყო, მაშინ უარესა ჰყოფდა ირიბის ხელის სისწრაფესა. ავიღოთ მაგალითად საუკეთესო რუსის პედაგოგის მიროპოლსკის წიგნი “Обучение письму”, გადავშალოთ 27 გვერდზედ და ჩავიკითხოთ ბოლომდისინ, აღმოჩნდება, რომ მიროპოლსკის აზრით, რამდენადაც ხელი ირიბია, იმდენად მისი წერა უფრო უძნელდებათ ბავშვებს, მეტადრე ზოგიერთებს. “Наклонение букв параллельно дйогонали дает слишком косой шрифт, который хатя и изящен, но не каждому по руке, да и не чёток, особенно для начинающих, а потому учитель, заметив прямее этого наклона, хорошо сделает, если для таких учеников будет приготовлять сетку с меньшим наклоном. Хотя косо шрифт и считается новым и более изящным; но в народной школе важен особенно вопрос о чёткости и удобстве письма, изящество-же стоит на втором плане”თუ მკითხველი ერთს წუთს ჩააკვირდება ამ სიტყვებსა, დაინახავს, რომ ბ-ნის მიროპოლსკის მოსაზრებიდგან პირდაპირ ის დასკვნა გამოდის, რომ ირიბ ხელი უფრო ძნელია როგორც საწერად, ისე საკითხავად. თუ გამოჩენილი რუსის პედაგოგი ასე სჯის რუსულის წერის შესახებ, რომელსაც მეტ-ნაკლებობით შეფერის ირიბობა, თუმცა პირდაპირობა მასაც უფრო უხდება და ეხერხება, ადვილი წარმოსადგენია, რა გვარს მსჯელობას გამოსთქვამდა იგი ქართულის წერის შესახებ, რომელსაც აირიბება ისე უხდება, როგორც ძროხას უნაგირი.
ბატონის მიროპოლსკის სიტყვებიდგან ისიც აშკარად სჩანს, რომ ირიბი ხელი შემოღებული იქმნა არა იმიტომ, ვითომც იგი სწრაფ და ადვილ ხელად მიაჩნდათ, როგროც შეცდომით ჰფიქრობს ბ-ნი გაბიჩვაძე, არამედ იმიტომ, რომ უფრო ლამაზ ხელად სთვლიდნენ. რა საფუძვლით? იქნებ ესტეტიკის კანონების მოთხოვნილებით? სრულიადაც არა. ესტეტიკა უარს ჰყოფს ამ ხელს, როგორც ბუნების წინააღმდეგს და მახინჯს, როგორც წინედაც მოვიხსენიეთ. მაშ რად სთვლიდა ირიბს ხელს ლამაზ ხელად? მოდა, მხოლოდ მოდა, ის ბრმა მოდა, რომელიც ხშირად მოქმედობს ყოველის ლოგიკის და ესტეტიკის წინააღმდეგ, – ის მოდა, რომელიც გვაჯერებს, რომ ქალებს წელ-ქვევით ვეებერთელა კუზი ამშვენებთ და ალამაზებთო. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ ჟამად თვითონ მოდამაც ზურგი შეაქცია ირიბს ხელსა, ისე როგორც კრინოლინებს რამდენისამე წლის წინად, და თხოულობს, რომ ყოველგვარი წარწერები ლამაზ ნივთებზედ, ეტიკეტები შესდგებოდნენ პირდაპირის ასოებისაგან. ამის გამო ამ ჟამად ყოველ-გვარი ეტიკეტები იწერება არა ირიბის ასოებით, არამედ რონდოთი. ამ სახით უკანასკნელი პოზიციაც დაჰკარგდა ირიბმა ხელმა და ესრეედ წოდებულის რუტინის წყალობით არსებობს კიდევ ჯერ-ჯერობით. მაგრამ მისი დიდხანს სიცოცხლე იმდენად ძნელად მოსალოდნელია, რამდენადაც ტიურნურების საუკუნოდ გაძლება.
ევროპის ერთა შორის ყველაზე ნაკლებად აირიბებენ ნაწერს ფრანცუზები. მათვე შემოიღეს და ავრცელებენ პირდაპირ ხელს – რონდოს. ვინ არ იცის, რომ ფრანცუზებს ყველა ევროპიელებზედ მეტად უყვართ სისწრაფე მოქმედებაში და შეუდარებელის გემოვნების მქონენი არიან! ირიბი ხელი რომ უფრო სწრაფი ხელი იყოს და უფრო ლამაზი, ფრანცუზები ყველაზე მეტად შეიყვარებდნენ ნამდვილს ირიბს ხელსა და იგი ექმნებოდათ ყოველთვის ხმარებაში… ეს ასე არ არის, მაშასადამე..
ბატონი გაბიჩვაძე ბრძანებს: ირიბი ხელი რომ მავნებელი იყოს თვალისათვის, ინგლისელები უნდა დაბრმავებულიყვნენ, რადგანაც ძლიერ ირიბად სწერენო… ყველამ იცის, რომ ევროპაში საზოგადოდ და ინგლისში კერძოდ თვალის ტკივილი ძლიერ არის გახშირებული და შეადგენს საგანს დიდის მზრუნველობისას. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, როგორც სხვანიც ჰფიქრობენ, რომ ამ გახშირებულს თვალის ტკივილში მონაწილეობა აქვს იმ გარემოებასაც, რომ ევროპიელნი იძულებულნი არიან ალმაცერად იხმარონ თვალები, დაბრიცონ იგინი როგორც ირიბის წერის, ისე ირიბად ნაწერის კითხვის დროსა…
ჩვენ გვერდს აუვლით არა ერთს წინააღმდეგობას, რომელიც ბ-ნის გაბიჩვაძის წერილში მოიპოვება, აგრეთვე ყურს არ ვათხოვებთ იმ ბავშვურს დაბრალებას, ვითომც ჩვენ ვურჩევდეთ ქართველებს, დაუბრუნდნენ წერაში იმ დროსა, როდესაც ქართველი დედაკაცები ბეჭზედ აწერინებდნენ ჩხირებითა, და შევჩერდებით ცოტას ხნობით საგნის ერთს მხარეზედ კიდევ.
ბატონი გაბიჩვაძე ხედავს, რომ მისგან წამოყენებული საბუთები ირიბის ხელის დასაცველად ფუჭ კაკლად არა ღირს და თავის დანაშაულის შესამცირებლად წყალწაღებულისავით ხავსს ეჭიდება: ბ-ნ გოგებაშვილმა ჩვენზედ ადრე შეიტანა თავის დედანში ირიბი ხელი და ჩვენც იმას მივბაძეთო.ცოცხალის ტყუილით რომ თავის გამართლება შეიძლებოდეს, მაშინ ხომ ყველა წმინდანებად გადაიქცეოდნენ. მაგრამ ვინც იმ იარაღს ხმარობს, მოგვაგონებს, უსუსურს გრიბულს, რომელიც წვიმისაგან შეშინებული, ვეებერთელა მდინარეში გადაეშვა. ბ-ნ გაბიჩვაძეს დაჰვიწყებია, რომ ბ-ნის გოგებაშვილის დედანის ხუთი ათასი ეგზემპლიარი უკვე მოიფინა ქართველ საზოგადოებაში და ყველა მკითველს ადვილად შეუძლიან გადაფურცლოს იგი და ჩვენს მობაასეს კუდზედ ფეხი დაადგას. მართალია, 21 გვერდზედ პირველს სტრიქონში ზოგიერთი ასოები ცოტაოდენად დაირიბებულია, მაგრამ ეს აშკარა შეცდომაა გრავიორისა, ამომჭრელისა, რაც ცხადად სჩანს იქიდამ, რომ შემდეგს სტრიქონებში იმავე გვერდზედ, გაბმულს ნუსხურს ხელში, სასტიკად არის დაცული პრიდაპირობა ხაზებისა. როდესაც ვინმე კორექტურულს შეცდომას ებღაუჭება თავის დასაცავად, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ საფანელი მას სრულიად არ აბადია.
სათქმელი სრულიად გავათავეთ და უკანასკნელს სიტყვას ვუთმობთ, ჩვეულებისამებრ, ჩვენს მოპირდაპირეს…