ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ირიბი ხელის უვარგისობა

ჩვენს ცხოვრებაში ხშირად გაჩნდება ხოლმე სრულიად მოულოდნელი, ყოვლად უცნაური უკუღმართობა. ფუჭი შრომა იქნება მოვუძებნოთ მას დაბადების საბუთი ან წარსულში, ან აწმდგომის ცხოვრების მოთხოვნილებაში, ან ლოგიკასა და გონებაში. არც ერთგან ამ უკუღმართობას ფესვი არა აქვს, არც ერთი დანიშნულობის შემამცირებელი საბუთი არ აბადია. მისი მოვლენა ახისნება მხოლოდ ზნეობის ერთ-გვარის სიწამხდრით, რომელსაც ძლიერ ცუდი სახელი ჰქვიან.

ამ გვარივე უცნაური უკუღმართობა დაატყდა თავს ქართულს წერასაც ამ ბოლოს ხანში. იგი ყოველთვის ყოფილა სწორე, პირ-და-პირი, მართებული. დღეს კი აღმოჩნდნენ სულიერნი სოფლად და ქალაქად, რომელნიც სცდილობენ ჩვენს წერას მოაკლონ ეს საუკეთესო მისი თვისება, დააირიბონ, წელში გადაჰხარონ, დაამახინჯონ…

ჩვენ არ გვეგულება ქართველს საზოგადოებაში იმისთანა საღი გონების პატრონი ადამიანი, რომელსაც არ ესმოდეს მავნებლობა, უკანონობა და ულაზათობა ირიბის ხელისა. მაგრამ ჩვენ მაინც გვწადია განვმარტოთ ამ ხელის სიმახინჯე იმ მოსაზრების ძალით, რომ როდესაც რომელიმე უკუღმართობა სრულიად, მთლად, ყოველ მხრივ გამოაშკარავებულია, მაშინ მას უფრო სასტიკად, უფრო გადაჭრით უარ-ჰყოფს საზოგადოება და უფრო ადრე და ადვილად ამოფხვრის ძირიანად.

როცა ადამიანი წერაში მისდევს სწორ ხელსა, იგი წერის დროს ზის პირ-და-პირ, სხეული მისი ნორმალურს მდგომარეობაშია. წინააღმდეგ ამისა, როცა ირიბად სწერს, ადამიანი იძულებულია ალმაცერად, გვერდელად იჯდეს, და ეს მავნებელია სხეულისათვის, დამამახინჯებელია მეტ-ნაკლებობით, მეტადრე პატარაობის დროსა, როცა სხეული იზრდბა და ძლიერ ეჭირვება ნორმალური მდგომარეობა.

როგორც ყველა მუშაობაში, ისე წერის დროსაც კაცმა უნდა აირჩიოს იმ გვარი სახე მოქმედებისა, რომელიც უფრო გვიან ჰღალავს და ნებას აძლევს უფრო ხანგრძლივად იმუშაოს. რა გვარი წერა უფრო ადვლად ჰღალავს კაცსა: ირიბი, თუ პირ-და-პირი? მიუცილებლად პირველი. როცა ირიბად სწერთ, უნებურად გვედელად ზიხართ, – ამის გამო სიმძიმე სხეულისა აწევს მხოლოდ მარჯვენა მხარესა; როცა პირდა-პირ სწერთ, სწორედ ხართ ამართულნი, მარცხენა ხელიც სტოლზე გიბჯენიათ, თანაბრად მარჯვენა ხელისა, და სიმძიმე სხეულისა თანასწორად არის განაწილებული მისივე ორივე ნახევარს შორის. ამიტომ პირველს შემთხვევაში თითქმის ერთი-ორად ადრე იღლება კაცი, ვიდრე მეორე შემთხვევაში.

ყველაფერი, რასაკვირველია, იმისათვის იწერება, რომ წაკითხული იქმნას; ხოლო ირიბული ხელის კითხვა ძნელია, რადგანაც ან დაწერილი რვეული უნდა დაიჭირო ირიბად, რაც მოუხერხებელია, ან თვალები დააირიბო, დაბრიცო, რაც მავნებელია მხედველობისათვის. პირ-და-პირი ხელის კითხვა კი ისეთივე ადვილია, როგორც ბეჭდურისა.

აგრეთვე ძლიერ ძნელია ერთ-გვარად დაირიბება ასოებისა: ზოგს ძლიერ დააირიბებ, ზოგს ნაკლებად. დღეს რომ მცირეოდენად დააირიბო, ხვალმ მეტად დააირიბებ. ამიტომ, ვინც ირიბად სწერს, იგი ძნელად შეისწავლის ერთ-გვარს, განსაზღვრულს, თავისებურს ხელსა. პირ-და-პირი ხელი ამ სიძნელეს მოშორებულია სრულიად. პირ-და-პირობა სასტიკად განსაზღვრული წარმოდგენაა, მეტ ნაკლებობას აცილებული. არ შეიძლება ვსთქვათ: ეს უფრო პირდაპირი ხელია, ის ხელი უფრო ნაკლებად არის პირდაპირიო. ამიტომ როდესაც ბავშვს ეუბნები: სწერე პირდაპირ, მას ეს კარგად ესმის და დაუბრკოლებრივ ასრულებს. ირიბობას კი ბევრი ხარისხი აქვს. არის ძლიერ ირიბი ხელი, საშუალო ირიბი ხელი, ნაკლებას ირიბი ხელი და სხვანი. ამის გამო, როცა ყმაწვილისაგან ითხოვ ირიბად წერასა, უთუოდ ისიც უნდა აუხსნა, რავდენად დააირიბოს ასოები; და ეს კაი სიძნელეს შეადგენს, მეტადრე ბავშვისათვის. რათა ეს სიძნელე დააძლევინოთ ბავშვებსა და დააჩვიოთ იგი ე რ თ გ ვ ა რ ს ირიბს ხელსა, საჭიროა ბადეში აწერინოთ რამდენისამე წლის განმავლობაში. ხოლო დიდის ხნობით ბადის ხმარება ყველასაგან მავნებლად არის აღიარებული, – ასე, რომ შარშან განათლების მინისტრმა ავსტრიაში სრულიად აკრძალა ბადის ხმარება ყველა სკოლებში. პირდაპირის ხელისათვის კი ბადე საჭიროა მხოლოდ ერთის წლის განმავლობაში, – და თუნდ სრულიადაც უარ-ჰყოთ ბადე, პირდაპირი წერა მაგდენს დაბრკოლებას არ განიცდის.

ბეჭდური ასოები პირდაპირია. ფრიად საჭიროა და სასარგებლოა, რომ ამ გვარივე იყოს ნაწერი ასოებიც. ამ შემთხვევაში ბეჭდური ხელის კითხვა ეწევა ნაწერის კითხვასა და ნაწერის კითხვა – ბეჭდურისასა. თუ აქ ერთობა დაირღვა, კითხვა გაძნელდება დაბეჭდილისაცა და ნაწერისაცა. აგრეთვე წიგნებში იქნება სწრაფი შესწავლა წერისა, რადგანაც იმ გვარივე ასოების წერა, რომელსაც კაცი წიგნებში ჰხედავს კითხვის დროსა, უფრო ადვილია, ვიდრე სხვა გვარისა. ერთი სიტყვით, ერთობ ბეჭდურისა და ნაწერი ხელისა კაი ღირსებაა და ამ ერთობის დარღვევას არც ერთი გონიერი ადამიანი არ მოინდომებს.

ამბობენ, რომ ირიბი ხელი უფრო სწრაფად იწერება, ვიდრე პირდაპირიო. ესეც რომ ასე იყოს. განა ცოტაოდენის სისწრაფისათვის წერას უნდა მოვაკლოთ მრავალი ღირსება და დავამახინჯოთ? მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს აზრი სრულიად უსაფუძვლოა და ამ მხრითაც უაღრესობა პირდაპირის ხელისა ყოველს ეჭვს გარეშე უნდა იყოს. თუ ვინმე ირიბს ხელს უფრო სწრაფად სწერს, ვიდრე სწორესა, ეს იმისაგან არის, რომ პატარაობიდანვე ირიბი ხელი უსწავლებიათ. აბა კაი ხანი ივარჯიშოს სწორე ხელში და ნახავენ, რომ ეს ხელი უფრო მარდად იწერება. როცა სწორე ასოებს სხამ და ქაღალდიც სწორე გიძევს, მაგიდას ეხები მხოლოდ მარჯვენა წყრთის წინა ნაწილითა და ამიტომ თითებთან ერთად ხელი ადვილად მოძრაობს მარცნივ მხრიდგან მარჯვნივ სტრიქონების გავლების დროსა. როცა ირიბად სწერ, მაშინ წყრთა ნიდაყვამდის სტოლზედ გიბჯენია, მისი მოძრაობა გაძნელებულია, და ამის გამო თვითეული სტრიქონის გაყვანის დროს წერა ორჯელ-სამჯელ უნდა შესწყვიტო, რომ ხელს ადგილი გადაუნაცვლო…

სისწრაფე პირდაპირის ხელისა კიდევ სხვა საფუძველზედაც არის დამყარებული. კაცი ყოველს ბუნებრივს, მარჯვე მდგომარეობაში უფრო მარდად მოძრაობს, ვიდრე არა-ნორმალურსა და უხერხულში. პირდაპირი წერის დროს ადამიანს მთელი სხეული ბუნებრივს მდგომარეობაში აქვს, ირიბად წერის დროს კი იგი ზის გვერდულად, არა ნორმალურად. ცხადია, რომ პირველს მდგომარეობაში უფრო მარდად, სწარაფად უნდა იმუშაოს, ვიდრე მეორეში. მაშასადამე, სიმარდეშიც ირიბი ხელი ვერ დაედრება პირდაპირს ხელსა.

ესტეტიკურს მხარეს, სილამაზეს წერაში ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს. რომელი ხელი უფრო აკმაყოფილებს ესტეტიკურს მოთხონვილებასა, ირიბი, თუ სწორე? მიუცილებლად სწორე ხელი უფრო ლამაზია, თვალისათვის საამური, ვიდრე ირიბი. ვინ არ ამჯობინებს ალვის ხეს ფშატსა და ლერწამ ტანიანს ქალს წელში მოხრილს და გვერდელა დიაცსა?

ამბობენ, მთელი ევროპა და რუსეთი ირიბად სწერსო და ჩვენც ამ ფეხის ხმას უნდა ავყვეთო. ამის მთქმელნი ყურადღებას არ აქცევენ ჯერ იმას, თუ რა დიდი განსხვავებაა ჩვენს ასოებსა და ევროპულ ასოებს შორის და მერმე იმას, თუ რას ფიქრობენ ამ ჟამად ამ საგანზედ დაწინაურებული კალიგრაფები ევროპისა და რუსეთისა.

ევროპიული ასოები შესდგება ხაზებისაგან, ჩვენ სოებს კი შეადგენენ რკალები და რგოლები, რის გამოც ქართული ხელი მრგვალია. ხაზებს დაირიბება მეტ-ნაკლებობით შეეფერება, მაგრამ სიმრგვალეს კი იგი ნამდვილად აუშნოებს და ამახინჯებს… ევროპიული და რუსული ასოები, ოთხიოდეს გარდა, ცენტრალური არის და იწერება ორ ხაზს შუა; ჩვენში კი ცენტრალური ასო მხოლოდ ოთხია (ა, ი, ო, თ), სხვანი კი ზოგი ზევით ადის, ზოგი ქვევით ჩადის. ამის გამო ევროპიულს ასოებს, როგორც უფრო მოკლეებს, დაირიბება აშკარად არ ეტყობა, ჩვენებურს ასოებს კი ეს დაირიბება ამსგავსებს ხეებსა, რომელნიც მიწაზედ იქცევიან.

თუმცა დაირიბება ევროპიულის ასოების ხასიათს მაგდენად არ ეწინააღმდეგება; მაგრამ საუკეთესო კალიგრაფები და ჰიგიენისტები ევროპისა და რუსეთისა ეხლა უკვე უარ-ჰყოფენ ირიბს ხელსა და უპირატესობას აძლევენ პირდაპირსა. თუ ჯერედ მათი აზრი განხორციელებული არ არის, ეს რუტინის ბრალია. დღეს თუ ხვალ კი ევროპაში პირდაპირი ხელი უთუოდ გაიმარჯვებს და გააუქმებს ირიბს ხელსა. განა უკიდურსი უგუნურობა არ იქნბა – ჩავიდინოთ მაიმუნობა, დავაკარგვინოთ ქართულს წერს ის სწორი გზა, რომელსაც მთელი ქართველობა იმავე თავიდან ადგა და თვით ევროპაშიაც მახლობელს მომავალშიც მიუცილებლა დაადგებიან სწორე წერასა.

ჩვენში ვინც ლამაზად სწერს, ესენი ყველანი მისდევენ სწორე ხელსა; ირიბის ხელის მიმდევრებმა კი უშნო ჯღაბნის მეტი არა იციან-რა.

ერთმა ჭკვიანმა რუსის მღვდელმა, როცა ირიბი ხელი გასინჯა ბ-ნ გაბიჩვაძის დედანში, თურმე უნებლიედ წამოიძახა: “ეს ასოები ჰგვანან ლოთების გროვასა, რომელთათვის თავებს ძლიერ დაუძლევიათ და მიწაზე ეცემიანო”. სხარტული კრიტიკა ირიბი ხელისა თუ გნებავთ, ამ მღვდელს წარმოუთქვამს.

ეროვნულ ნაკლულევანების დაცვა შეიძლება ეპატიოს კაცსა; მაგრამ ნამდვილის ეროვნულის ღირსების უარ-ყოფა კი შეადგენს ფრიად მძიმე დანაშაულობასა. ხოლო ღირსება ვენებურის წერისა წვრილმანი ღირსება არ არის. ნუ დავივიწყებთ, რომ წერა ერთ-ერთი დედა-ბოძია განათლებისა, – და ამ დედა-ბოძის გაბრუნება უვნებლად ვერ ჩაივლის ერის განათლებისათვის. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მეცნიერის უსლარის აზრი: “Грузинский алфавит едва-ли не самый совершенный из всех существующих алфавитов”, ნათქვამია ქართულს ხელ-ნაწერლს ანბანზედაც, და ამიტომ მისი ხასიათის შეცვლა და დამახინჯება ჭეშმარიტის საუნჯის გათახსირება და გაფუჭება იქნება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button