ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – კავკასიელი თურქები

ამ დღეებში “ნოვოე ობოზრენიეში” მოთავსებული იყო ქობულეთიდან მიღებული კორესპოდენცია, რომელშიაც, სხვათაშორის, ნათქვამია: “აქაური თურქები ყირიმელ თათრებს არ გვანან; ეს ხალხი თავაზიანია და ზნეობრივი”. ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც ქობულეთისა და საერთოდ ყოფილი ბათუმის ოლქის მკვიდრთ კორესპონდენტები თურქებს უწოდებენ. ეს აშკარაა შეცდომაა. ამ ოლქში თურქები თითქმის სულაც არ არიან. ის დასახლებულია წმინდა ქართული მოდგმით. ქობულეთელები ყოველმხრივ ნამდვილი გურულებია და განსხვავდებიან მათგან მხოლოდ მაჰმადიანური რელიგიით, რომელიც ძალით მოახვიეს მათ თავზე თურქეთის ბატონობის დროს. ამიტომ იყო, რომ ამ ოლქს ყოველთვის უწოდებდნენ თურქეთის საქართველოს. ამ ფართო კუთხის ისეთი მკვლევარნი როგორიცაა ზაგორსკი ბაქრძე, ყაზბეგი და უსლარი ერთხმად ადასტურებენ, რომ მისი მცხოვრებნი წმინდა ქართული მოდგმისაა. უსლარი ყველაზე უფრო შორს მიდის და ადასტურებს, რომ შავი ზღვის სანაპიროები არა მარტო ტრაპეზონამდე, არამედ იმის იქითაც, დასახლებულია მეგრული შტოის ქართველი ტომით, რომელსაც ძველი დროიდანვე განუწყვეტელ ზოლად ეჭირა შავი ზღვის მთელი სანაპირო აფხაზეთის საზღვრიდან სამსუნამდე. უსლარის ცნობის მიხედვით, ეს ზოლი გაირღვა ჯერ კიდევ ისტორიის წინა დროში მეორე ქართველი შტოს – გურულების მიერ, რომლებიც ისწრაფოდნენ რა შავი ზღვისაკენ, სოლად შეიჭრენ სამეგრელოს ტერიტორიის შუაგულში და გაყვეს ის ორ ნახევრად: ჩრდილო ნაწილად, რომელიც დასახლებული იყო იმავე მეგრელებით და სამხრეთ ნაწილად, სადაც მოსახლეობდნენ ლაზები. მეგრელები და ლაზები შეადგენდნენ ქართველი მოდგმის ერთსა და იმავე შტოს და მიუხედავად ერთმანეთისაგან დიდხნის უნებლიე განცალკევებისა, არიან მახლობელი ძმები ენით, ზნე-ჩვეულებით და ყოფაცხოვრებით. საერთოდ თურქეთის საქართველო, რომლის სამხრეთ ნაწილი არ არის გაერთიანებული, – დასახლებულია ქართული მოდგმის სამი შტოთი: მეგრელებ-ლაზებით, რომლებსაც უჭირავთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილი, გურულებით, რომლებიც მოსახლეობენ სანაპიროს ცენტრალურ ალაგას და მესხელებით, რომლებიც ცხოვრობენ კონტინენტალურ ნაწილში.

მიუხედავად ამისა, კორესპოდენტები ერთმანეთში ურევენ რელიგიას და ეროვნებას და ყოფილ თურქეთის ქართველებს უწოდებენ თურქებს, რომელთანაც მათ, გარდა რელიგიისა, არაფერი აქვთ საერთო.

სასურველია, რომ ეს ყალბი შეხედულება არ გავრცელდეს მკითხველ საზოგადოებაში, რომელიც ისედაც ძალიან ცოტათი იცნობს ჩვენი მხარის გეოგრაფიასა და ეთნოგრაფიას.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button