ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – პასუხი ბტ.გოთუას

ყურადღებით გადავიკითხე თქვენი ღია წერილი, რომელშიაც სამწუაროდ, ყველაფერი ძლიერ გაზვიადებულია. ბოდიშს ითხოვთ ჩემგან წერილის თავშიაც და ბოლოშიაც. არ დავიშურებდი, მოგართმევდით, გაამებდით; მაგრამ საბოდიშო რომ არაფერი ჩამიდენია?

მე საზოგადო კრებაზე იძულებული გავხდი, გარემოებათა ძალდატანებით, მეთქვა კავკავის სკოლის შესახებ, რომლის გამგედ თქვენა ბრძანდებით, ის, რაშიაც ღრმად ვიყავი დარწმუნებული და ახლაც ვარ როგორც პრინციპიალურად, ისე ფაქტიურად.

მე ყოვლად შეუძლებლად მიმაჩნდა და მიმაჩნია ჯეროვანი წარმატება ყოველის ჩვენის დაბალის სკოლისა, რომელშიაც პირდაპირ ბატონობს და გამგებლობს გარეშე პირი, მოსამსახურე სხვა საშუალო სასწავლებელში, მცხოვრები გარედ, დატვირთული ხუთი-ექვსი გარეშე გაკვეთილით, მოკლებული თავისუფალს დროსა, და ამასთან დაშორებული იმ სპეციალურს მომზადებას, რომელიც აუცილებლად საჭიროა დაბალის სკოლის ხელმძღვანელობისათვის. დაუმატეთ ამას პირდაპირი დამოკიდებულება ამ პირისა სხვა, გარეშე, ძალაზე და ჩემი აზრის სრული საფუძვლიანობა ცხადი შეიქმნება.

ამისთანა პირი შეიძლება იყოს ჩინებული მზრუნველი სკოლისა, მშვენიერი კონტროლიორი და რევიზორი, და არა მისი მმართველი და გამგე.

მართალი ბრძანებაა, რომ საზოგადო კრებაზე ამ საგნის შესახებ ბაასის ატეხა საჩოთირო და უხერხული იყო; მაგრამ ეს ბაასი მე არც დამიწყია, არც გამიგრძელებია დ არც გამითავებია. იგი ასტყდა ჩემ უნებლიედ და ჩემ მოულოდნელად. აღძრა ერთმა საკითხი, მხარი დაუჭირა მეორემ, მესამემ და თვით თავმჯდომარემაც ბ-მა ცხვედაძემ ასეთი აზრი გადაჭრილი კილოთი წარმოსთქვა: “ეს წესი არამც თუ კავკავში უნდა დავიცვათ, ბათუმშიაც უნდა შემოვიღოთო”. ჩვენი ბათუმის სკოლა დღემდინ ითვლება ყველასაგან ისეთსავე სამაგალითო სკოლად, როგორიც იყო კავკავის სკოლის წინად, როცა ფაქტიურად მას განაგებდა მისი უფროსი მასწავლებელი. ამ აზრის განხორციელება ხომ ბათუმის სკოლასაც ძირს დასწევს მეთქი, ვიფიქრე და მოვითხოვე სიტყვა. ამისთანა შემთვევაში კაცი აბსტრაქტულს სფერაში ვერ დარჩება, იგი უნებლიედ გადადის კონკრეტულს ნიადაგზე და მეც იძულებული ვიყავი დამესახელებინა დაქვეითება კავკავის სკოლისა, როგორც პირდაპირი შედეგი იმ ანორმალურის გამგეობისა, რომლითაც დაჯილდოვებას უპირებდნენ ბათუმის სკოლასაც. პირდად თქვენი დასამცირებელი არამც თუ არა მითქვამს-რა, პირიქით სასიქადულო შედარებაც ვიხმარე. თვით ბრწყინვალე პროფესორი უნივერსიტეტისა, უშინსკის აზრით, ვერ შესძლებს ჯეროვნულად უხელმძღვანელოს პირველ-დაწყებითს სკოლას, რომლისთვისაც საჭიროა სპეციალური მომზადებაო – ვსთქვი.

თქვენი შეხედულებით კი გარდა მოსამსახურეს და დამოუკიდებელს პირს უნდა ებაროს გამგებლობა და ხელმძღვანელობა სკოლისა; მას მეტი განათლება მიუღიაო, ბრძანებთ, და მეტი გავლენაც აქვს საზოგადოებაში, ვიდრე სკოლის უფროსს მასაწვლებელსაო.

აი სწორედ ეს ბრუდე აზრი რევდა და რევს დღემდინ საქმესა. დიახაც რომ გიმნაზიის მასწავლებელს მეტი განათლება მიუღია; მაგრამ რა გვარი? საზოგადო და არა სპეციალური, ხოლო სპეციალური მომზადება ჩვენშიაც, რუსეთშიაც და ევროპაშიაც მიაჩნიათ აუცილებელ საჭიროებად დაბალის სკოლების სწავლებიას, ხელმძღვანელობისა და მართვისათვის. სწორედ ამის გამო არსებობენ ყველგან საოსტატო ინსტიტუტები და სემინარიები. რომ ამ საქმისათვის საკმარისი ყოფილიყო საზოგადო განათლება, ეს სპეციალური სასწავლებლები არც გაჩნდებოდნენ და ვერც იცოცხლებდნენ. მართალია, საზოგადო განათლების მქონე პირმა პრაქტიკის წყალობით შეიძლება მშვენივრად შეითვისოს პირველი დაწყებითი მეთოდიკა და ჩინებულ სპეციალისტად გარდაიქცეს; მაგრამ ამისათვის საჭიროა ხანგრძლივი სამსახური თვით პირველ-დაწყებითს სკოლაში და არა გიმნაზიაში.

რაც შეეხება ფაქტიურს მხარეს, აქაც თქვენი ბრალდება საფუძველს მოკლებულია. მე ჩემს სიტყვაში არც წიხლი მიკრავს სკოლისათვის, არც მასწავლებელნი გამომილანძღავს, არც თქვენთვის მომიყენებია შეურაცხყოფა, როგორც ამას ამბობთ თქვენს წერილში საოცარი გაზვიდებით. ჩემი ნათქვამი არ შეეხებოდა არც უფროსს მასწავლებელს და არც შუათანას. აღვნიშნე მხოლოდ უმცროსი მასწავლებლის უვიცობა, რომელიც, სხვათა შორის, აშკარად სჩანს მისგანვე წარმოდგენილი არითმეტიკის და წერის რვეულებიდან და მისი არა მოსათმენი მოპყრობა მოსწავლე ბავშვებისადმი, რაზედაც გამგეობას მოუვიდა წარსულს ზაფხულს ორი კოლექტიური საჩივარი კავკაველის ქართველებისა, მოსწავლეთა მშობლებისა და ნათესავებისა, რომელთაც საჩივრებზე უწერიათ სრული თავისი სახელ-გვარები. ამ საჩივრებმა ჩემზე უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა, მით უმეტეს, რომ კავკავში მყოფი ქართველები გულმტკივნეულად ამოწმებდნენ საჩივრის სიმართლესა. თვით საზოგადო კრებაზე ერთმა ქართველმა იურისგმა, კავკავში ნამყოფმა, განაცხდა, რომ კავკავის ქართველობა ძლიერ უჩივსი სკოლის უპატრონობასაო.

თვითონ ის ფაქტი, რომ უფროსი განყოფილების მოწაფეები რუსულს ენაში სუსტობენ, რაც აღნიშნა ბ-ნმა იოსელიანმა თავის სარევიზიო ანგარიშში, საქმეში ჩახედულს პირისათვის ნამდვილს საბუთს წარმოადგენს ჩემის აზრის გასამართლებლად. საქმე ის არის, როცა ეს მოწაფენი მეორე განყოფილებაში იყვნენ, მათ მასწავლებლად მოწვეულ იქმნა მაშინდელის გამგის მიერ ხამი ვინმე, რომელსაც ძლიერ ესაჭიროებოდა ყოველ დღიური ხელმძღვანელობა; მაგრამ რადგანაც ეს ხელმძღვანელობა ვერ გაუწია იმ გარეშე გამგემ, ხამმა მასწავლებელმა ვერაფერი ასწავლა თავის მოწაფეებს. ამის გამო ოფიციალური რევიზიის დროს ბ-ნი ლაპატინსკის მიერ, კავკავის სკოლა, მანამდის ყველასაგან ქებული, წუნ დადებულ იქმნა. მეორე განყოფილებიდან ბავშვები მოუმზადებელნი გადავიდნენ შემდეგ განყოფიელბაში და, რასაკვირველია, აქაც რიგიანად ვერ შეითვისებდნენ საგნებსა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამწუხარო ფაქტს არც მეორე განყოფილებაში ექმნებოდა ადგილი და არც შემდეგში, სკოლას რომ თავისი საკუთარი გამგე, შინაური ხელმძღვანელი ჰყოლოდა.

იცით, რა უფრო ხმამაღლა ღაღადებს კავკავის სკოლის ეხლანდელის მართვის სისტემის შეუსაბამობას? ის გარემოება, რომ ამ სისტემამ ჯეროვანი ნაყოფი ვერ გამოიღო იმისთანა ნიჭირეი და განათლებულის ქართველების ხელში, როგორც ბრძანდებით თქვენ, ბ-ნი კახიძე… და ამისთანა ფაქტების გამოქვეყნება წინადაც ძლიერ მეძნელებოდა და ახლაც მეძნელება, მაგრამ რა ვქნა, რომ ამას მოითხოვს სიმართლის აღდგენა, სკოლის სიკეთე, მინიჭება მისთვის ნორმალურის მდგომარეობისა, აყვანა მისი უწინდელს სიმაღლემდე.

ამ კეთილ-შობილის მიზნის მიღწევა არც ისე ძნელია. სურვილი იყოს, თორემ საქმეს ადვილად მოევლება. საკმარისია ადგენილ იქმნას ფაქტიური წინანდელი წესი სკლის მართვისა, სახელდობრ: თქვენ იქნებით მზრუნველი, კონტროლიორი და რევიზორი სკოლისა, ხოლო შინაური გამგებლობა მისი და ხელმძღვენელობა უმცროსი მასწავლებლებისა ჩაჰბარდება სავსებით უფროს მასწავლებელს, როგორც ეს ერის ყველა სხვა დაბალს სასწავლებელში. ამისთანა ცვლილება, რომლისათვისაც მაგდენად საჭირო არ არის ოფიციალური ნებართვაც, დააკმაყოფილებს ყველა მხარეს, თქვენც მოგანიჭებთ უფრო კიდევ ღირსეულს როსლა, იხსნის სკოლას თვით გამგებლობის პრინციპების შელახვისაგან, და ხელს შეუწყობს მის ჯეროვანს წარმატებასა.

ასეთი იყო ჩვენი აზრი წინად, ასეთია ეხლაც, და თქვენ არამც თუ სხვებზე უკეთ იცით იგი, არამედ როცა სკოლის გამგელობას კისრულობდით, სრულს იმედს იძლეოდით, რომ ამ სასარგებლო პირინციპს განახორციელებდით ფაქტიურად. მაგრამ იმედი-იმედად დარჩა, და თქვენ ამჯობინეთ პირ-და-პირ ბატონობა სკოლაში, პირ-და-პირ გამგებლობა მისი, და სწორედ ეს გარემოება შეიქმნა წასაფორხილებელ ქვად.

შემდეგ თქევნ ბრძანებთ: როცა მე ინიციდენტის შემდეგ ტელეგრამა მოვსწერე “წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას”, უარს ვამბობ გამგის ადგილზე და სამზრუნველოს თავმჯდომარეობაზე, გამგეობის ყველა წევრმა მთხოვეს დავრჩენილიყავო. სწორედ მართალი ბრძანებაა და მთხოვენელთა შორის ერთი პირველთაგანი მეც გახლდით. მაგრამ სიმართლე მოითხოვს აღვიარო, რომ თქვენმა, მეტად მყვირალა ტელეგრამამ, რომელიც ერთსა და იმაე დროს მოუვიდა გამგეობასაც და ორს გაზეთის რედაქციასაც, მოახდინა ყველა წევრებზე იმისთანა შთაბეჭიდილება, რომელიც თქვენთვის სასიქადულო არ იყო. ამას ჩემი მხრივ დავუმატებ მეორე მართალსაც, თქვენთვის სასარგებლოსა. როცა ახალი გამგეობა შესდგა და თქვენ, წესისამებრ, მასაც გაუმეორეთ თქვენი თხოვნა, იმანაც გთხოვათ არ დაგეტოვებინათ თქვენი თანამდებობანი. მეც რომ ამ გამგეობაში მოვქცეულიყავ, ჩემს ხმასაც შევუერთებდი სხვების ხმებსა. მაგრამ ამ ჩემს მოქმედებაში წინააღმდეგობას დაინახავს მხოლოდ საქმეში ჩაუხედველი პირი, ან გამსჭვალული არა კეთილი განზრახვითა. საქმე ის გახლავთ, რომ არც მე და არც სხვებს არ გვდომებია, რომ თქვენ, ბ-ნო პართენ, ხელი აგეღოთ სამზრუნველოს თავმჯდომარეობაზე არამც თუ ეხლა, შემდეგშიაც, რადგანაც თქვენზე უკეთესს ამ საქმისათვის ჩვენ ვერ ვიშოვნიდით. თვით სკოლის გამგებლობის რეორგანიზაცია უხერხულად მიმაჩნდა მიმდინარე სამოსწავლო წლის შუაგულში, მეტადრე მაშინ, როცა წყლის ამღვრევი გარემოებანი ჩაერივნენ საქმეში. ეს რეორგანიზაცია უნდა მომზადებულიყო და განხორციელებულიყო მომავლის სამოსწავლო წლისათვის, და იქნობამდის კი თქვენ უნდა დარჩენილიყავით ორსავე თანამდებობახე. ხოლო თქვენ თვითონ თითქმის ჰკრავთ კეთილს გასავალს ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან იმითი, რომ ორსავე თანამდებობას აერთებთ, ორსავეზე ხელს იღებთ და თითქმის ასე ამბობთ: რადგანაც გამგეთ აღარ ვიქნები, არც სამზრუნველო თავმჯდომარეობა მინდა, და ამ წუთშივე ორსავეს ვტოვებო. ხოლო ამ ორს თანამდებობის ყოფნა კი ერთსა და იმავე ხელში წარმოადგენს ნამდვილს ანომალიას, რადგანაც სამზრუვნელოს თავმჯდომარე პატივცემული პართენი გამოდის უფროსად და კონტროლიორად იმავე პატივცემულის პართენისა, როგორც სკოლს გამგისა.

თუ მიუხედავად მრავლის უსიამოვნებისა, ვსცდილობდი, რათა კავკავის სკოლა მოქცეულიყო ნორმალურს კალაპოტში და მინიჭებოდა მას ის კეთილ-წყობილება, რომელიც მიუცილებლად საჭიროა სამაგალითო წარმატებისათვის, ეს იმიტომაც, პრინციპის გარდა, რომ ამ სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოადგენს ერთად ერთს გონებრივს ლამპარს, რომელიც უნათებს ცხოვრების წყვდიადს მთელს ჩრდილო კავკასიაში გადახვეწილს ქართველობას. იგი ერთად ერთი ცენტრია, რომელიც თავისს გარშემო იზიდავს მთელს ამ ქართველობასა. ამავე დროს ამ სკოლამ უნდა სავსებით გაამართლოს ჩვენი სამოსწავლო გეგმის და ჩვენი პროგრამების გონივრობა, ქართული პედაგოგიის და სახელმძღვანელოების Eღირსებანი. ეს მით უფრო საჭიროა, რომ კავკავი ერთაშორისი ქალაქია, აქ სკოლები აქვთ რუსებსაც, სომხებსაც, ბერძნებსაც, ოსებსაც. საჭიროა, ფრიად საჭირო, რომ ამ სკოლათა რიგში ქართულს სკოლას ეჭიროს საპატიო ადგილი. წნად კიდეც ეჭირა და სამაგალითო სასწავლებლად ითვლებოდა, ეხლა კი ძირს არის ჩამოსული. რად? მხოლოდ იმიტომ რომ ეს სკოალ წინად ფაქტიურად სარგებლობდა იმავე თვით-გამგებლობით, რომელიც მინიჭებული აქვს ყველა იქაურს სკოლას, – ახლა კი იგი ამ თვით-გამგეობას მოკლებულია ფაქტიურდაც.

როგორ მოხდა ეს? ინსტრუქცია ამას მოითხოვსო, ამბობთ. საზოგადო კანონი კი სხვას ითხოვს, სახელდობრ თვით გამგეობას. რომელს უნდა უფრო მივსდიოთ, გონივრულს კანონს, თუ უგვარო ინსტრუქციას, რომელიც უბედურს დროს იქნა შედგენილი უკანონო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

უსაფუძვლო აზრი ვითომც ძნელი იყო კანონიერი წესწყობილების აღდგენა კავკავის სკოლაში. ეს წესი არსებობს ყველა ოფიციალურს სკოლაში და ჩვენსაშიაც სასურველი უნდა იყოს მთავრობისათვის, მეტადრე ეხლა, როდესაც გრუშევსკის მაგივრად დანიშნულია კეთილ-გონიერი და განათლებული დირექტორი.

თვით-გამგეობის გაუქმება კავკავის სკოლაში კიდევ ცოტაოდნად შესაწყნარებელი იქნებოდა, თუ რომ მისი უფროსი მასწავლებელი მდარე ვინემე იყოს. მაგრამ ყველამ იცის, ვინც კი საქმეში ჩახედულია, რომ ბ-ნი ბოცვაძე ერთი საუკეთესო პირია გამოცდილ და დამსახურებულ მასწავლებელთა შორის. იგი არამც თუ აღიარებულია ჩვენი რევიზორების და დირექციის წევრების მიერ ჩინებულ მასწავლებლად, არამედ ცნობილია განათლებულს საზოგადოებაში, როგორც განვითარებული პედაგოგი, რომელიც საქმის კურსში სდგას, როგორც იტყვიან. მისი ხელიდან გამოვიდნენ მეტად საფუძვლიანი პედაგოგიური წერილები რუსულს და ქართულს ენაზე და ისიც რა გვარ საკითხებზე? რომელნიც შეეხებიან შუაგულს ხალხის განათლებისას და ცენტრალური მნიშვნელობა აქვთ. საკმარისია დავასახელოთ მისი სტატია “Неестественность естественного метода” და მისი წრევანდელი კამათი, რომელიც მან გაუმართა ” Новое обозрение “-ს ფურცლებზე ერთს ამ გაზეთის მუდმივ თანამშრომელს, ნიჭიერს და ნაცადს რუსის ლიტერატორსა შესახებ რუსული ენის სწავლების საქართველოში. მისმა საკამათო წერილებმა განსაკუთრებული ყურადღება და სიმპატია დაიმსახურეს მკითხველთა შორის, რაც აღნიშნა თვითონ რედაქციამ ამ გაზეთისამ ერთ სარედაქციო წერილში. გარდა ამისა იგივე მასწავლებელი კაი ხანია აწარმოვებს საკვირაო სკოლას ბ-ნი სარაჯიშვილის ზაოდში და შეძლებას აძლევს მუშა ხალხს ასობით დაეწაფოს სწავლა-განათლებასა. ასე გასინჯეთ, თბილისის სახალხო აუდიტორიასაც კი ნამდვილს სამსახურს უწევს. იგი ჩინებულა ასურათებინებს თითქმს მუქთად თავისს მეგობარს ხელოვან ფრანგ მხატვარს ქართულს სახალხო წიგნებს, საუკეთესო თხზულებებს (როგორც, მაგალითად, დიმიტრი თავდადებული, თორნიკე ერისთავი) და უგზავნის თბილისის სახალხო აუდიტორიის გამგებელთ სახალხო საკითხავებზე სახმარებლად. ასეთი დასურათება სახალხო წიგნებისა თბილისში და ქუთაისში ინტელიგენციის მთელმა გუნდმა ვერ მოახერხა, და კავკავში კი ერთმა მასწავლებელმა განახორციელა.

კავკავის ქართველობა, თავის სასახელოდ, დიდად აფასებს ბ-ნი ბოცვაძის ნიჭს, გამოცდილებას, მხნეობას, მამულიშვილობას, და თავისი ხარჯით იგი გაგზავნა ხუთის წლის წინად მაკარიის გამოფენაზე და შარშან პარიზის გამოფენაზე, პედაგოგიურის ნაწილის დასათვალიერებლად და შესასწავლად. ‘

განა საბრალისი არ არის სკოლა, რომელიც მოკლებულია უფლებას – სავსებით ისარგებლოს ამისთანა მასწავლებლის ნიჭით და გამოცდილებით, იწარმოვოს მის ხელმძღვანელობის ქვეშ და სასიქადულო სასწავლებლად შეიქმნეს?..

ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, ბ-ნო პართენ, ჩემი სიტყვები, საზოგადო კრებაზედ წარმოთქმული შესახებ კავკავის სკოლის ნაკლისა, საწყენად დაგრჩენიათ. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ამ სიტყვების გამო მე ათჯერ მეტი უსიამოვნება მომაყენეს, და განა ამისთანა ამბავი ახალია? პირიქით, ძალიან ძველია. რაც მე საზოგადო ასპარეზზე გამოვსულვარ, მას უკან, ოცდა ჩვიდმეტის წლის განმავლობაში, იშვიათად აღმოაჩენთ წელსა, რომელშიაც ჩემს კიცხვას, დევნას და ბაიბურობას ბლომა ადგილი არ ეჭიროს… მაგრამ ყველა ამას მალე ვივიწყებდი წინად და ვივიწყებ ახლაც. თქვენც გირჩევთ და გთხოვთ დავიწყებას მისცეთ მომხდარი უსიამოვნება, მშვიდობიანად განაგრძოთ თქვენი უსასყიდლო შრომა კავკავის სკოლის სასარგებლოდ და ამასთან თვითონ თქვენ იკისროთ თაოსნობა შესახებ თვით-გამგებლობის აღდგენისა ამ სკოლაში, რითაც მადლობას დაიმსახურებთ ყველა კეთილ-გონიერი ქართველისაგან და უფრო კი ყველა სახალხო მასწავლებლისაგან, რომელთა უფლება უამისოდაც ძლიერ შევიწროებულია.

არას დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ სკოლის გამგის ადგილი ერთად ერთი ასამაღლებელი საფეხურია სახალხო მასწავლებლისათვის. ეს ამაღლება ერთი მხრივ სამართლიანად აჯილდოებს დამსახურებულ მასწავლებლის ღვაწლსა, მეორეს მხრივ, აძლევს მას ნებასა და უფლებასა – თვისი ზედამიწევნითი ცოდნა და ხანგრძლივი გამოცდილება წამლად დაადოს მთელს სკოლას, ყოველ დღე უნათოს უმცროსს მასწავლებლებს გზა ჭეშმარიტის სწავლისა და აღზრდისა და დაუბრკოლებლივ სთესოს მადლი თავისი სკოლის ასამაღლებლად.

მოაკელით სახალხო მასწავლებლებს ეს იმედი ამაღლების და დიდის სიკეთის თესვისა და თქვენ მათ შეაკვეცავთ ფრთებსა და დიდს ზიანს მიაყენებთ იმ დიდებულს საქმეს, რომელსაც ჰქვიან ხალხის განათლება.

სწორედ ამის გამო ყველგან დაბალის სკოლის გამგედ ინიშნება მისი დამსახურებული მოღვაწე და არა გიმნაზიის მასწავლებელი.

დასასრულ, ვთხოვ კავკავის ქართველობას თავისი სასიქადულო ზრუნვა თავისს საყვარელს სკოლაზე გაასამკეცოს ამ გაჭირვების ჟამსა და ყოველი ღონისძიება იხმაროს, რომ მასში სუფევდეს სრული მშვიდობიანობა და შეუშფოთებელი მოქმედება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი გამგეობა სავსებით შეისწავლის საქმის გარემოებას, ახლო მომავალში ჩააყენებს კავკავის სკოლას ნორმალურს კალაპოტში და თავიდან აიცილებს ყოველს დაბრკოლებას, რომელიც კი ეღობება მისს სასიქადულო წარმატებას.

ვეცდები მეტი აღარაფერი დავბეჭდო ამ საგანზედ, და სხვებსაც ვურჩევ ბაასის გაჭინურებას ერიდნენ…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button