იაკობ გოგებაშვილი – საარაკო გადათქმა
I
იანვრის 14 საღამოა 1903 წლისა. სამეურნეო საზოგადოების ვეებერთელა დარბაზი ისე სავსეა, რომ ნემსის კუნწი არსად ჩავარდება. აქ არიან დირექტორები, ინსპექტორები, პედაგოგნი, მეურნენი, სასულიერო პირნი, ინტელიგენტი, ჟურნალისტები. არიან წარმომადგენელნი რუსთაა, ქართველთა, სომეხთა, თათართა და სხვათა ხალხთა კავკასიისათა. თავმჯდომარე კრებისა, ყველასაგან დიდად პატივცემული სულთან-კრიმ-გირეი, თვითონ კითხულობს მოხსენებას შესახებ დედა-ენის მნიშვნელობისა სწავლა-ცოდნის გავრცელებისათვის ხალხში. მოხსენება მშვენივრად არის დასურათებული და მთელს სალაროს ძლიერის არგუმენტებისას წარმოადგენს. მსმენელთა გულსა და გონებაში იგი ახდენს ღრმა შთაბეჭდილებასა. გარდა პოლიტიკანებისა, ყველანი ივსებიან სიხარულით, იმედით, მხნეობით და მადლობას ჰგრძნობენ ამ ჩინებულის მოხსენების შემადგენელთ თავმჯდომარისა და ნატროშვილისადმი თითქმის საერთო სურვილია, რომ მოხსენება მიღებულ იქნას უბაასოთ და ერთხმრივ, მაგრამ ამ დროს მოითხოვს ლაპარაკის ნებას ერთი ქართველი პედაგოგი, ბ-ნი ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი, და მოხსენებას გამოაბამს პოლიტიკანურს კუდსა. თქვენაო, ამბობს იგი, სასწორი ძლიერ გადაგიხრიათ დედაენისაკენაო, რომელზედაც სწავლება უნდა მიდიოდეს, თქვენი პროექტით, სამსა და ოთხს წელიწადსაო, ხოლო რუსული ენა-კი უნდა ისწავლებოდეს, როგორც ცალკე საგანიო. ეს მავნებელია სახელმწიფო ენის ინტერესისათვისაო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საშუალო სასწავლებლებში ნემეცურსა და ფრანგულს ენა მოწაფენი რიგიანად ვერა სწავლობენო, და იცით რატომაო? იმტიომ, რომ ამ ენებზე საგნები არ ისწავლებიანო, თუ მეორე წლიდანვე ყოველს საგანს რუსულ ენაზედაც არ ასწავლითო, და სხვანი.
თავმჯდომარე, რომელიც სრულიად არ მოელოდა ამ გვარს მსჯელობას, ამგვარს წინააღმდეგობას, მეტადრე ქართველი პედაგოგისაგან, ცხადად შეძრწუნდა. მდივანი საზოგადოებისა, ეგნატე იოსელიანი, ჩაიფუფქა; მის პრიდაპირ მჯდომი პოლიტიკანი და სხვა პოლიტიკანები წელში გაიმართნენ და ღიმილმა დაუწყო მათ თამში პირისახეზე. ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამ დრომდე ნამდვილი ბურჯივით იმედიანად იჯდა, აშკარად შეწუხდა და თავი ძირს ჩაჰღუნა. შეაძრწუნა და ააღელვა როსტომაშვილის ნათქვამმა თვით განხორციელებული მოთმიენბა, ქართველი იობი ჩვენის დროისა. “Это будет водотолчение”, ხმა-მაღლა მიაყვირა (დიაღ, მიაყვირა) როსტომაშვილს დარბაისელმა პეტრე უმიკაშვილმა, და ისე აშკარად დაარღვია წესრიგი, რომ თავმჯდომარე იძულებული გახდა შენიშვნა მიეცა მისთვის. ჩვენმა პოლიტიკანმა თავისი მსჯელობა მაინც გააგრძელა, თუმცა შერცხვენილი კილოთი-კი და ბოლოს დაჯდა.
დადგა წამი საარსო მხილებისა. ქართველი პედაგოგები ერთმანეთს სთავაზობდნენ სიტყვის წარმოთქმასა და სიჩუმემ კარგა ხანი გასტანა. ბოლოს მოვითხოვე სიტყვა და დაახლოებით შემდეგი ვსთქვი:
“ბ-ნი როსტომაშვილის აზრი, დავიწყე მე, ძირიანად ეწინააღმდეგება ყოველს პედაგოგიურს შეხედულებასა. მოგეხსენებათ, რომ ბავშვი მალეც იხსმოებს ყოველიფერს და მალეც ივიწყებს, მალეც უნათლდება აზრი და მალეც უბნელდება. ვსთქვათ, თქვენ გაკვეთილი აუხსენით დედა-ენაზე და მერე გადაუთარგმნეთ უცნობს ენაზე. რა ხდება ამ შემთხვევაში? გაუგებარი და ბნელი ენა უბნელებს ბავშვს აზრსა, რევს მას და ფუშავს მის გონებაში იმას, რაც აშენდა ცნობილი დედაენის შუამავლობით. როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა მეორე წლიდან რუსულს ენაზედაც საგნები, როცა მან იცის მხოლოდ ორმოციოდე სიტყვა, და მათ დაკავშირებას სრულიადაც არ არის შეჩვეული? მან უნდა ან ზეპირდ ისწავლოს სიტყვა-სიტყვით და კბილაობით გონება დაიშოს, ან არა და თავისი სიტყვითა სთქვას. მაგრამ ეს სიტყვა რომ არ მოიპოვება მეხსიერებაში? ბავშვი იძულებული იქნება ეწვალოს, ეწამოს, იხმაროს ყოვლად საძაგელი რუსული ჟარგონი, რომელიც ღრმად გაიდგამს ფესვებს მისს გონებაში და შემდეგშიაც კი დიდად დააბრკოლებს წმინდა რუსულის შესაწვლასა. არა ნაკლებ წვალებაში იქნება მასწავლებელიც.
“ამას გარდა, – განვაგრძე, – ის გაკვეთილი, რომელიც ბავშვმა დედა-ენაზე შეითვისა ერთი საათის განმავლობაში, რუსულ ენაზე შეთვისებისათვის მოითხოვს სამსა და ოთხს საათსა. მაშასადამე, ერთი საათის მასალას ამ შემთხვევაში ბავშვი მოუნდება ოთხს საათსა, და ამის გამო მხოლოდ მეოთხედს მოასწრებს ყოველი საგნის პროგრამიდან. ისედაც სახალხო სკოლა იძლევა ძლიერ მცირე ნაყოფსა, და ბ-ნი როსტომაშვილის აზრი რომ იქმნას მიღებული, სკოლა მოგვცემს მხოლოდ მეოთხედს ამ ღატაკი ნაყოფისას. თვით რუსთა პედაგოგი ბობროვნიკოვი ორს ენაზე საგნების სწავლებას სახალხო სკოლებში სთვლის მეტად მავნებელ ხერხად და უარ-ჰყოფს მას. თუ ჩვენი სკოლის ნაყოფიერება გვენატრება, სწავლა ყველა საგნებისა ერთს-კლასიანს სკოლაში მაინც უნდა დავაწესოთ დედა-ენაზე კურსის გათავებამდე, და რუსული ენა კი უნდა ისწავლებოდეს, როგორც ცალკე საგანი”.
როსტომაშვილს კრინტი არ დაუძრავს არც ჩემს და არც სხვების წინააღმდეგ და ამ სიჩუმით სავსებით შეამოწმა, რომ მისი ნათქვამი სრული სისწორით იყო გაგებული ყველასაგან…
მეორე-მესამე დღეს ყველა ადგილობრივმა გაზეთებმა: “ქართულმა, რუსულმა და სომხურმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ როსტომაშვილმა მოითხოვა – საგნების სწავლება მეორე წლიდგან პარალელურად რუსულ ენაზედაც იყოსო. ესევე იყო ჩაწერილი და აღბეჭდილი “სამეურნეო საზოგადოების” პროტოკოლში.
შეუძლებელი იყო, რომ საზოგადოებაში არ დაბადებულიყო დიდი დრტვინვა როსტომაშვილის წინააღმდეგ. და ასეც მოხდა.
როსტომაშვილმა კარგად იგრძნო, რომ იგი ჩავარდა იმისთანა მდგომარეობაში, რომელიც არ გამოუცდია თვით უბადრუკს გუბერნატორს მწვანე კუნძულისას. მას წინ ედო თავის დასაღწევად ერთ-ეთი ღირსეული გზა: აღიარება თავისი ცოდოსი, მონანიება და ბოდიშის მოხდა საზოგადოების წინაშე. მაგრამ ამისთანა საქციელს კარგი უნარი უნდა, და ამ გვარს უნარზე კი მწყრალად ყოფილა ჩვენი ავტორი. ხსნა მან სხვა გზით მოინდომა, მაგრამ იმისთანა გზით, რომ თავისს ერთს დიდს ცოდოს დაუმატა მეორე, უფრო კიდევ უდიდესი ცოდო. მან არც აცივა, არც აცხელა და მამაცურად, წარბშეუხრელად გამოაცხადა თავისს ჟურნალში: სმეურნეო საზოგადოებაში მე ის კი არა ვსთქვიო, რომ სახალხო სკოლებში საგნები უნდა ისწავლებოდეს რუსულს ენაზედაცაო, არამედ ისა, რომ ამ ენის სწავლება, როგორც ცალკე საგნისა, მეორე წლიდგან უნდა იწყებოდეს და არა პრიველი წლიდგან, როგორც მოხსენება ითხოვდაო; საგნების სწავლებაც ქართულს ენაზე უნდა საწრმოებდეს არა სამს-ოთხს წელსაო, არამედ ხუთსა და ექვსსაო; და იმოდენა საზოგადოებაში ვერ აღმოჩნდა იმისთანა გაბედული მოსარჩლე დედა-ენისაო, რომ ჩემი თამამი აზრისათვის მხარი დაეჭირაო.
სამოც წელიწადზედ მეტია, რაც ამ ცოდვილი მიწის სტუმარი ვარ, და ჩემს სიცოცხლეში არც ჩემს ყურს გაუგონია და არც ჩემს თვალს წაუკითხნია ასეთი წარ-შEუხრელი გადათქმა.
ამ ოინის წყალობით, ჩვენი მამაცი რედაქტორი, ერთი მხრივ, პოლიტიკანების წინაშე კრებაზე გამოვიდა უუერთგულესი მოსარჩლე სახელმწიფო ენის ინტერესებისა, და სხვას ყველას მიაყენა ჩრდილი ორგულობისა, მეორე მხრივ, თავისს ქართულს ჟურნალში მკითხველებს გამოეჭიმა, როგორც უებრო, შეუდარებელი მოსარჩლე ქართულის ენისა, და ყველა სხვა ქართველებს დასწამა გულგრილობა და დაუდევრობა ამ ეროვნულის საუნჯის დაცვაში.
“ქართველების უბედურება იმაში მდგომარეობსო, – უთხრა ერთხელ კამათის დროს ბეჭდვით როსტომაშვილმა ბ-ნს მიხეილ ნასიძეს, რომ დიპლომატია არ სმითო”. და აჰა ჩინებული გაკვეთილიც როსტომაშვილის დიპლომატიისა!
II
ბ-ნს როსტომაშვილს არამც თუ არ უთქვამს სამეურნეო საზოგადოებაში ის, რაც თავისს “მოგზაურში” დაბეჭდა, არამედ ვერც იტყოდა ვერას გზით, რადგანაც ამისთანა ნათქვამი პირდაპირ უარყოფა იქნებოდა იმ შეხედულებისა, რომელსაც ემონებოდა მთელს თავის სიცოცხლეში. საქმე ის გახლავთ, რომ მას უკან, რაც-კი იგი გადმოხტა სკოლის სკამიდგან, უერთგულესი მოსამსახურე იყო ანტიპედაგოგიურის, პოლიტიკანურის შეხედულებისა და მუდამ ეწინააღმდეგებოდა წმინდა პედაგოგიურს მიმართულებას. აი მისი უტყუარი ფაქტები:
1876 წელში მან გამოსცა პაწია არითმეტიკა ქართულს ენაზედ და პრიველი ოცეულით გაათავა საქმე. და იცით რითი გაამართლა ასეთი შეკვეცა ქართულის არითმეტიკისა? მოისმინეთ. “ეს წინადადებანი – ამოცანანი, როგორც ჰხედავს მკითხველი, შედგენილია მხოლო ოცს რიცხვამდინ. ამის მიზეზი იყო ისა, რომ ამჟამად არც ერთს სასწავლებელში და, მგონია, არც ერთს ქართულს ოჯახში არ ასწავლიან ქართულს ენაზე ანგარიშს ამაზედ ზევით”, ამბობს ჩვენი პოლიტიკანი თავის წიგნაკის წინასიტყვაობაში. და ეს სთქვა იმ დროს, როდესაც ყველა სახალხო სასწავლებლებში ყველა საგანი და, მათ შორის, არითმეტიკაც დედა-ენაზე ისწავლებოდა მთელის ხუთის წლის განმავლობაში, და გეგმაც მაშინ ასეთი არსებობდა. მაგრმ, მაშინაც იყვნენ პოლიტიკანები (მაგალითად, ზახაროვი, დირექტორი საოსტატო სემინარიისა, და ჟელიხოვსკი, დირექტორი პირველის გიმნაზიისა), რომელნიც მტრული თვალით უყურებდნენ სწავლებას დედაენაზე, აშინებდნენ თვით მაშინდელს მზრუნველს სამოსწავლო ოლქისას და ყოველს ღონისძიებას ჰხმარობდნენ, რათა სწავლება ყოველი საგნისა სახალხო სკოლებში მოეწყოთ რუსულს ენაზე მეორე წლიდგან მაინც. თვით იმ რუსს პედაგოგებს – მაგალითად, სემენოვს, სიმონოვიჩს, – რომელნიც, თანახმად დიდი პედაგოგის უშინსკის მოძღვრებისა, მოსარჩლენი იყვნენ დედა-ენაზე საგნების სწავლებისა ერთ-კლასიანის სკოლის კურსის განმავლობაში, მოღალატეობას სწამებდნენ ეს პოლიტიკანები, სდევნიდნენ და გაძევებას უირედნენ. და აი, ამ პოლიტიკანების მოწაფე და მიმდევარი გახლდათ ბ-ნი როსტომაშვილი და მათს მიმართულებას მხარს უჭერდა.
1876-79 წლებში მეტად გაძლიერდა კამათი პედაგოგიურის და პოლიტიკანურის შეხედულობის მიმდევართა შორის. პირელთა ორგანოდ ითლებოდა ყოველ-დღიური გაზეთი “Тифлис. Вестник”, რომელსაც მაშინ დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაშიაც და მმართველთა წრეშიაც; მეორეთა ორგანო იყო ოფიციალური გაზეთი “კავკაზი”. გამარჯება დარჩა “მძინარე პედაგოგის” სიმართლესა, რადგანაც მან დღესავით ცხადად დაამტკიცა გაზეთის სვეტებზე, რომ სახალხო სკოლები ქრისტიანობის აღმადგენელის საზოგადოებისა, სადაც ზახაროვი ახორციელებდა თავის პოლიტიკანურს გეგმას, ყოვლად უნაყოფონი არიან და ხალხში სიძულვილის მეტს არას ჰბადავენო. ამის გამო, ეს სკოლები ჩამოერთვა ზახაროვს, გარდაეცა სასულიერო მთავრობას და მათში სწავლება დაწესდა დედა-ენაზე…
აი ამ დროსაც ბ-ნი როსტომაშვილი გზავნიდან “Тифлис. Вестник”-ში იმისთანა წერილებს, რომელნიც ეთანხმეოდნენ ზახაროვის მ,იმართულებასა და არითმეტიკის წინასიტყაობაში მოყვანილს აზრსა და მხარს უჭერდნენ “კავკაზსა”. რასაკვირველია, ყველა ამისთანა წერილი გაიგზავნებოდა ხოლმე სარედაქციო კალათაში.
1895 წელს გაზეთ “ივერიაში” (№23 და 24) მან დაბეჭდა წერილი ამ სათაურით: “როგორ უნდა მოეწყოს სახალხო სკოლა ჩვენში?” ამ წერილში იგი ითხოვდა, პირველად, იმას, რომ თვით პირველი წლიდანვე დაწყებულიყო სწავლება ყველა საგნებისა რუსულს ენაზედაც, პარალელურად, და მეორედ იმასა, რომ ქართულის ენის სწავლება ჩამორთმეოდა მასწავლებელსა და ჩაბარებოდა მღვდელსა.
იმავე “ივერიაში” (იხილე№140 და 141) “ნაცნობმა” დღესავით ცხადად დაუმტკიცა ბ-ნს როსტომაშვილს, რომ მისი პროექტის განხორციელება სწორედ ყელს გამოსჭრის სახალხო განათლებას და სკოლას ჯოჯოხეთად გარდააქცევსო. კერძოდ, მღვდლის ხელში ქართული ენა ფაქტიურად გაუქმდებაო, რადგანაც მღვდელს არც დრო და არც მომზადება არა აქვს ამ საგნის რიგიანად სწავლეისათვისაო.
სამწუხაროდ, ბ-ნი როსტომაშვილის აზრი ქართულის ენის სწავლების შესახებ მღვდლის მიერ რამდენიმე წლის შემდეგ დაკანონდა, და რომელ სოფელშიაც-კი განხორციელდა, ყველგან სავსებით გააუქმა ქართული წერა-კითხვა ფაქტიურად, და შემდეგშიაც გააუქმებს, სადაც-კი ეს უკუღმართი წესი შემოღბული იქნება.
მაგრამ თავი დავანებოთ მომავალსაც და წარსულსაც, მთელს ვენს ზრუნვას ითხოვს აწმდგომი.
მთავარი საკითხი აწმდგომისა აი რაში მდგომარეობს: რა გზით, რა ღონისძიებით უნდა შევამციროთ ის დიდი ვნება, რომელიც ხალხის განათლების საქმეს მიაყენა ბ-ნმა როსტომაშვილმა თავისი უკუღმართი მსჯელობით “სამეურნეო საზოგადოებაში?” ისინი, ვის ხელშიაც სახალხო განათლების ბედია, დარწმუნებულნი არიან, რომ სამეურნეო საზოგადოების მიერ მიღებული გეგმა მავნებლად მიაჩნიათ რუსულის ენის ინტერესებისათვის როსტომაშვილსა და იქნებ ზოგ სხვა ქართველსაცაო. და ეს კი ასუსტებს და ხელს უშლის სამეურნეო საზოგადოების დიადს შუამდგომლობასა. ბ-ნი როტომაშვილი მოვალე იყო დაერწმუნებინა ეს პირნი რუსულს ენაზე წინააღმდეგში, თუ გულწრფელად სურდა საქმის სიკეთე. მაგრამ მან კრინტიც არ დასძრა ამისათვის. როცა თავისი საარაკო გადათქმ დასტამბა “მოგზაურში”, მან სთხოვა ქართულს გამოცემებს გადაებეჭდათ; მაგრამ, რასაკვირველია, უარი მიიღო, რადგანაც სიცურეს რომელი რედაქცია გადაბეჭდავდა, და თუნდაც გადაებეჭდათ, რა გამოვიდოდა? იქნება ქართველ საზოადოების თვალში ცოტათი გაესწორებინათ მისი სახელი, ხოლო საქმეს ვერას უშველიდნენ, რადგანაც უფლებით შემოსილნი პირნი ქართულ გაზეთებს არა ჰკითხულობენ. მიმართა სამეურნეო საზოგადოების გამგეობასაც თხოვნით, რომ პროტოკოლში ისე ჩაერთოთ მისი აზრი, როგორც მან ეს დაბეჭდა გადათქმით “მოგზაურში”. მაგრამ იქაც უთხრეს: “როგორ შეიძლება, ეგ ხომ ტყუილი იქნება, და მაგრე ჩაწერით ძლიერ ვავნებთ საქმესაც, რადგანაც იტყვიან: დახე, დახე, რა ტენდენციურად ცრუობენო: როსტომაშვილმა ერთი სთქვა და პროტოკოლში-კი სხვა ჩაუწერიათ, რათა მოწინააღმდეგეც თავის მომხრედ გამოიყვანონ და თავალები აგვიბანო. ჩვენც ისე დავბეჭდავთ, როგორც სთქვით, და თუ ახლა სხვა აზრზე დადექით, დასწერეთ ეგ აზრი ცალკე წერილში, მოიტანეთ თქვენი ხელმოწერილი და დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ადგილს ჩვენს გაზეთშიო”. მაგრამ როსტომაშვილმა არავითარი წერილი არ მიიტანა.
ახლაც ეშველება საქმეს მეტ-ნაკლებობით, რადგანაც ჯერ არ გაგზავნილა აქედგან პეტერბურგში სამეურნეო საზოგადოების შუამდგომლობა შესახებ სწავლის მოწყობისა დედაენაზე სახალხო სკოლებში. სწადიან ბ-ნს როსტომაშვილს შეამციროს ვნება, რომელიც მან დიდ-მნიშვნელოვან საქმეს მიაყენა? დაბეჭდა გაზეთს “კავკაზ”-ში ის აზრი, როგორც თავისი გულწრფელი რწმენა, რომელიც დასტამბა თავის ჟურნალ “მოგზაურში” და აცნობოს ამ სახით, სადაც ჯერ არსა, რომ მასაც საჭიროდ მიაჩნია მთელის სწავლების მოწყობა დედა-ენაზე სახალხო სკოლებში, და სხვანი.
თუ ამას იზამს, ჩვენ დავივწყებთ ყოველს მის უკუღმართობას წარსულში, გვეხსომება მხოლოდ ის სიკეთე, რაც მან მოუტანა ჩვენს საზოგადოებას წიგნაკების გამოცემით, და ვიქნებით ერთგული მოსარჩლე ყოველი მისი სასიკეთო ნაბიჯისა.
P.S. ეს ჩემი წერილი თავდება ასეთი პოსკრიპტუმით: თუმცა ბ-ნი როსტომაშვილი შეიარაღებულია თავისი საკუთარი ჟურნალით; მაგრამ “ივერიის” რედაქციას მაინც ვთხოვ მისს პასუხს ადგილი დაუთმოს თავისს გაზეთის სვეტებზედაც და უცვლელად დაუბეჭდოს იგი.