იაკობ გოგებაშვილი – საგრამატიკო ბაასი
ამ დღეებში “ივერიამ” დაბეჭდა ბ. ნასიძის წერილი სათაურით: “ორი საგრამატიკო საგანი”. ავტორმა წერილი დააბოლოვა გამოცხადებით, რომ ამ მოკლე ხანში მეც ვაპირებ ქართულის გრამატიკის გამოცემასო.
ცხადია, ავტორს არა მარტო ის უნდოდა, რომ განეზიარა მკითხველისათვის თავისი საგრამატიკო მოსაზრებანი, არამედ ისიც სურდა, რომ მკითხველის მხრივ გამოეწვია ბეჭვითი მსჯელობა და შეეტყო, რავდენად მტკიცე ნიადაგზედ სდგას იგი და რავდენად მოწიფულად უნდა ჩაითვალოს მისი ნაწარმოები, დასაბეჭდად დამზადებული. თავისი ვალი მან უკვე შეასრულა, თავაზა გაგვიწია, – ახლა ჩვენი, მკითხველების, ჯერია სამაგიერო სიკეთE მივაგოთ და ჩვენც ჩვენი ნააზრი და ნაფიქრალი გულწრფელად განვუზიაროთ.
ნ. ნასიძის საქციელი ამ შემთხვევაში ფრიად მოსაწონია. წინ-დახედულება, სიფხიზლე და – ასე ვსთქვათ – სგრამატიკო ეგზამენის დაჭერა საზოგადოების წინაშე მიუცილებლად საჭირო ყველასათვის, ვინც კი კისრულობს ქართულის გრამატიკის შედგენას და გამდიდრებას ჩვენი ფილოლოგიურის ლიტერატურისას. გრამატიკა ფილოსოფიაა ენისა, და როგორც მოგეხსენებათ, ყოველ-გვარი ფილოსოფია ითხოვს კარგს ცოდნას, გონების განვითარებას და საგანში ღრმად ჩაკვირვებას. თვით განათლებულს ევროპაში ადვილ საქმედ მიაჩნიათ გრამატიკის მარჯვე შედგენა. რუსეთში ხომეს საქმე უფრო კიდევ ბევრად ძნელია. მარტო რუსული მართლ-წერა შეიქმნა ისეთი დაუსრულებელის ბაასის და განხეთქილების საგნად, რომ თვით სამეცნიერო აკადემიამაც ვერ გააწყო-რა. ჩვენ ამ მხრით ყველაზედ უარესს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენი გრამატიკა, როგორც თეორიული მეცნიერება, ძალიან ნაკლებად არის შემუშავებული და მოგაგონებთ დაბურულს და გაუვალს ტყესა. მოდი აქა და ნუ იხმარ სიფრთხილეს და წინ-დაუხედელობასა.
აჩქარება გრამატიკის შედგენაში, ხელად გამოცხობა მისი მხოლოდ მაშინ იქნებოდა ცოტაოდენად შესწორებული, რომ უგრამატიკოს ენის შესწავლა არ შეიძლებოდეს. მაგრამ ეს ასე არ არის. მარტო ინგლისის მეცნიერი ბენი როდი აყენებს უკან გრამატიკას ენის შესწავლაში. უფრო კიდევ ნაკლებ მნიშვნელობას უსაკუთრებენ მას სხვა მეცნიერნი, მაგალითად, ვირხოვი. ეს განთქმული ნემეცი ამბობს, რომ ვიდრე არ მოვიქნიე ყველა გრამატიკები და კუთხეში არ მივაგდე, ენები ვერ შევისწავლეო. რასაკვირველია, ვირხოვის სიტყვები საზოგადოდ გრამატიკის უვარგისობას არ ამტკიცებს, არამედ ჰმოწმობს უხეირობას იმ დროის გრამატიკებისას. მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ ამ სახელოვანმა ანტროპოლოგმა უცხო ენები მშვენივრად შეისწავლა უგრამატიკოდაც.
რაც ჩვენი სიყმაწვილის დროიდან გვახსოვს, ისიც ემოწმება ამას. ამ ოც-და-ათი წლის წინათ ჩვენს სასწავლებელში გრამატიკა იოსელიანისა ქართულის ენის სახელმძღვანელოდ იყო მიღებული. ვერ წარმოიდგენს მკითხველი, რა ჭირივით მეჯავრებოდა ქართულის ენის გაკვეთილები და რა სიძულვილი ჩამისახა გულში დედა-ენის ამ გრამატიკამ იმ დრომდინ, ვიდრე იგი არ შემაყვარეს ჩვენმა მაღალნიჭიერმა პოეტებმა და ლიტერატორებმა.
დიაღ, უმთავრესი და საუკეთესო ღონისძიება ენის შესწავლისათვის გახლავთ: ხალხის გონების ნაწარმოები, პოეზია და სიტყვა-კაზმული პროზა, ერთის სიტყვით ლიტერატურა. ლიტერატურა არის ერთად-ერთი ცხოველი წყარო ენის სიმდიდრის შეთვისებისათვის. აი რისთვის გონივრულად შედგენილს სალიტერატურო ქრისტომატიას, რომელშიაც არის მოქცეული – ესრედ ვსთქვათ – ნაღები პროზისა და პოეზიისა, შეუდარებელი მნიშვნელობა აქვს. გრამატიკა არის მხოლოდ დამხმარებელი ღონისძიება, რომელიც სარჩულად დაედება პრაქტიკულს ცოდნასა. მაგრამ გრამატიკამ რომ ეს სამსახური გაგვიწიოს, იგი უნდა იყოს შედგენილი ცოდნით და მარჯვედ და იპყრობდეს უტყუარ კანონებს ენისასა.
ახლა წარმოიდგინეთ ქვეყანა, თუნდაც ცხრა მთას და ოცს ზღვას იქით მდებარე, სადაც სამშობლო ენას მოზობილი აქვს პაწაწა მოედანი, ნაწილადები აქვს მცირე დრო, რომელიც არა ჰყოფნის უმთავრესს საგანს – ლიტერატურის შესწავლასაც წარმოიდგინეთ შემდეგ, რომ რომელსამე გულ-ჩქარმა და წინ-დაუხედავმა პირმა ხელად შეადგინა გრამატიკა, გაავსო იგი ტყვილ-კანონებით, დაბეჭდა და მიაღებინა სახელმძღვანელოდ სკოლებში. რა შედეგი ექმნება ამ ნაბიჯსა? ცხოველმა წყარომ – ლიტერატურამ – უნდა თავისი მცირე დროდგან უწილადოს ამ გრამატიკას კაი ბლომა ნაწილი და ერთი-ორად ნიჭიერ მწერლების ნაწარმოებისა, უნდ იზეპირონ: მერყეობა, კანკლედობა, უღვლილება, ნამყო უსრული, უსრულესი, მრჩობლ-სხმითი გარდასვლითი და მთელი მშრალი ტერმინოლოგია გრამატიკისა! უგრამატიკო გრამატიკა თვითონაც წაუხდენს, გაურყვნის მეტყველებას მოწაფეებსა და ლიტერატურასაც დაუშლის ენა გაუმდიდროს მათ. გამოვა ორ-გვარი ვნება, სხვა მეხი ანუ უკანასკნელი მუგუზალი ჯოჯოხეთისა, როგორც ამბობს თვით ბ. ნასიძე.
აი რის გამო ჩვენში გრამატიკის შემადგენელმა ბევრი უნდა აიღ-დაიღოს, ყველა სადაო საგანი ბეჭდვის შუამავლობით განსაჯოს და ცხრაჯერ გაზომოს, ვიდრე მოსჭრიდეს. ეს ცხრაჯერ გაზომვა ფრიად საჭიროა, კერძოდ ბ-ნი ნასიძისათვისაც.
ვიდრე ავტორის მოსაზრებათა აწონას შევუდგებოდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მან თავის წერილში გამოიჩინა მეტისმეტი პურაძვირობა. იგი შეეხო მხოლოდ ორს საგანს გრამატიკისას და ისიც იმისთანებსა, რომელსაც აქვს თეორიული მნიშვნელობა და ბევრად მარტივია სხვებზედ, – და ხმაც არ ამოურია იმისთანა რამეებზედ, რომელიც ცხოველი ინტერესით სავსეა და ყოველ-დღიურს საჭიროებას შეადგენს, მაგრამ ჯერ-ჯერობით დავჯერდეთ მას, რაც განგვიზიარა.
პირველი საგანი, რომელსაც შეჰსჭიდებია ბ-ნი ნასიძე, არის რაოდენობა ბრუნვათა. იგი თავდაპირველად უარ-ჰყოფს ძველის გრამატიკოსების შეხედულებას ამ საგანზედ, რომელიც დიდი ხანია, გამტყუნებულ იქმნა პროფესორების ჩუბინაშვილისა და ცაგარლისაგან, თავის მხრივ ეთანხმება მაღალ-პატივცემულს დიმიტრი ივანეს ძეს ყიფიანს სამის ბრუნვის გაუქმებაში და სდგება იმ აზრზედ, რომ ქართულს ენას აქვს მხოლოდ ხუთი ბრუნვაო.
უარ-ყოფილნი ბრუნვანი არიან შემდეგნი: კაცითა, კაცად, მეზობლისას.
პირველს ბრუნვას უარ-ჰყოფს დიმიტრი ივანეს ძე და მასთან ბ-ნი ნასიძე იმ მოსაზრების ძალით, რომ უკანასკნელი ასო თ არის შემოკლებული თანდებული “თურთ” და, მაშასადამე, უნდა ჩაითვალოს სახელობით ბრუნვად თანდებულის ზედ დართვით. ეს აზრი ეკუთვნის მხოლოდ ბ-ნს ყიფიანს და ეწინააღმდეგება ყველა სხვა გრამატიკოსების შეხედულობასა, რომელიც მოქმედებითსს ბრუნვას ჰრაცხდნენ და ჰრაცხვენ თვითმდგომარე ბრუნვად. რომელს მხრეს უნდა დაუჯეროთ? უმრავლესობას უსათუოდ და აი რა საბუთების ძალით:
პირველად: საიდგან სჩანს, რომ ასო თ არის შემოკლებული თანდებული “თურთ”? ეს რომ ასე იყოს, მაშინ ამ ასოს მაგიერ ყოველს შემთხვევაში შეგვეძლებოდა გვეხმარა მთელი თანდებული აზრის შეუცვლელად, აი როგორც აზრისავე გადაუსხვაფერებლად ვხმარობთ: სახლში, ნაცვლა სახლსა შინა, ხეზე, ნაცვლად ხესა ზედა, და სხვანი. მაგრამ, აბა შემდეგს ფრაზებში ასოს მაგიერ სიტყვებს მივაბათ თანდებული და ვნახოთ, რა დიდი ცვილება და უაზრობაც გამოვა: დავბარე ბარითურთ, ვთოხნე თოხითურთ, ვჭამე ენითურთ, მესმის ყურითურთ. უფრო ცხადად დავინახავთ განსხვავებასა. თუ ავიღებთ შემდეგს ვრცელ ფრაზებსა: მე მოვედი ურმით დედითურთ, – მე წავედი რკინის გზით ძმითურთ. აბა გადააკეთეთ “ურმით” და “რკინის გზით” “ურმითურთ” და “რკინის გზითურთ” და ნახავთ, რა არევა აზრისა მოხდება. ამასაც არა კმარობთ? მაშ, კარგი. ივანე მოკვდა ხოლერით. ივანე მოკვდა ხოლერითურთ. პირველს ფრაზაში ხოლერა ჰკლავს ივანესა, – მეორეში კი ივანე და ხოლერა ერთად, ძმურად იხოცებიან. რითი? აბა გამოიცანით.
მეორედ: მოქმედებითი ბრუნვის უკანასკნელი ასო რომ შემოკლებული თანდებული იყოს, იმ ასოს ბოლოზედ ვეღარ მოებმებოდა სხვა თანდებული. გარნა ამ ბრუნვას სხვა თანდებულნი ძალიან შნოიანად ებმიან, მაგალითად თანდებული გან. “პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა… ესე იყო პირველითგან ღმერთისა თანა” (სახარება იოანესი). მართალია, ახლა ჩვენ ხშირად ვცვლით ამ შემთხვევაში თ-სა დ-ზედ და ვსწერთ: პირველიდგან, – მაგრამ ეს აწინდელი შეცდომაა და არაფერს ამტკიცებს, გარდა იმისა, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ, თუ როგორ სწერდნენ და ლაპარაკობდნენ უწინდელი წმინდა ქართველები.
მესამედ: როცა რომელსამე სახელი-არსებითს ბოლოზედ დაერთვის რომელიმე თანდებული, თუნდა შემოკლებულიც, ყოვლად შეუძლებელია ბოლოზედ მიიბას ეს თანდებული ზედშესრულმა, სახელი-არსებითთან შეთანხმებულმან. მაგალითად ჩვენ ვამბობთ: დაბურული ტყიდამ, მაღალს კოშკზე, დიდს დარბაზში და არას გზით არ შეიძლება ვსთქვათ: დაბურულიდამ ტყიდამ, მაღალზე კოშკზე, დიდში დარბაზში. ამიტომ მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოება რომ შემოკლებული თანდებული იყოს, მას ახლოც არ მიიკარებდა ზედშესრული, სახელი-არსებითთან შეთანხმებული. მაგრამ საქმით რას ვხედავთ? რაც ქართულს მწიგნობრობას თავი შეუსწავლია, ჩვენი მწერლები სხვა ბრუნვების დაბოლოებას კი ხშირად ჰკვეცდნენ და ამ ბრუნვის უკანასკნელს მარცვალს-კი მთლად სწერდნენ ყველგან და ყოველთვის – მაშინაც, როდესაც ზედშესრული წინ-უძღოდა სახელი-არსებითსა და მაშინაც, როცა უკან მისდევდა. გაიხსენეთ მოქმედებითი ბრუნვის მქონე ადგილები “სახარებიდგან”, “ვეფხვის-ტყაოსნიდგან”, “გურამიანიდგან” და სხვათა ქმნილებათგან და ჩვენი აზრის სიმართლე თქვენთვის აშკარა შეიქმნება. “და ხმა ჰყო ხმითა დიდითა (იესომ) და განუტევა სული”. – “რომელმა შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა”. – “ჩემს უკან მდევართ გადვურჩი იმ წოლით დღითა სამითა” (გურამიანი) და სხვანი. რას ამტკიებს ეს ფაქტი? იმას, რომ მეხუთე საუკუნიდამ დაწყებული მთელი ქართველობა სთვლიდა მარცვალს ით მოქმედებითს ბრუნვის წმინდა დაბოლოებად და აზრადაც არავის მოსვლია მისი თანდებულად შერაცხვა. მაშასადამე…
თუ მარცვალი ით სრულიად დამოუკიდებელია თანდებულზედ “თურთ”, მაშ რად იკვეცება უკანასკნელი მისი ასო თ, როდესაც სიტყვას ბოლოზედ ებმის თანდებული? იკითხავს მკითხველი. იმ მიზეზითვე, რომ მიზეზიც ჰკვეცს მიცემითის ბრუნვის დაბოლოებას, როდესაც მას დაერთვიან თანდებულნი: ხეზე, ხეში. საფიქრებელია, რომ მოქმედებითი ბრუნვა თანდებულით “თურთ” წინედ ასე გამოითქმებოდა: დედითთურთ, მამითთურთ; მაგრამ შემდეგში კეთილ-ხმოვანებას გაუქმებია ასო თ და შეუმოკლებია ბრუნვის დაბოლოება თანდებულის წინ.
კიდეც რომ დამკიცებული იქმნას მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოების წარმოშობა თანდბულიდგან “თურთ”, მაშინაც ვერ გაუქმდება ეს ბრუნვა. ამ გზას რომ დავადგეთ, ყველა ბრუნვებს გავაუქმებთ. აღმოჩნდება, რომ მოთხრობითი ბრუნვის დაბოლოება არის ნაცვალ-სახელი “მან”, – მაშასადამე, ხიდ-ქვეშ ეს ბრუნვაც – ნათესავობითის ბრუნვის დაბოოებას (ისა) ადვილად ჩავთვლით მაჩვენებელ ნაცვალ-სახელად და ეს ბრუნვაც ჩაილულის წყალს დალევს. ხვალ-ზეგ აღმოჩნდება პრი, რომელიც ჩვენზედ კიდევ უფრო ღრმად ჩააკვირდება დროთა-უფსკრულსა, დაამტკიცებს, რომ მარცვალი სა არის ნაშთი ამა და ამ სიტყვისაო და ანდერძს აუგებს მიცემითს ბრუნვასაცა. დავრჩებით სრულიად უბრუნვებოდ და დავამგზავსებთ ჩვენს ენას, ფორმებით მდიდარსა, ჩინურს ენას, რომელიც მარტო სიტყვის ძირებიდგან შესდგება. მაშინ ჩვენს კეთილს მყოფელებს საბუთი მიეცემათ გვითხრან: რის მწიგნობრობა, რის ლიტერატურა, რის იმედი, რა მერმისი, – ბრუნვებიც არა ჰქონია თქვენს ენასო.
საქმე ის კი არ გახლავთ, თუ რა წარმოსდგა რისგან ძველის-ძველად, როდესაც ჩვენნი წინაპარნი ვანის ტბის გარშემო სცხოვრობდნენ და ლურსმებრივი ასოებით სწერდნენ; არამედ ისა, ახლა, ჩვენს დროში რა ნიშნავს რასა და ამ რამეს აქვს თუ არა საფუძველი თვით-მყოფი არსებობისა. და რომ მოქმედებითის ბრუნვის დაბოლოებას აქვს თავისი საკუთარი სახე და მნიშვნელობა და ბევრით განსხვავდება თანდებულიდგან “თურთ”, ეს მკითხველს, ვგონებ, ცხადად დავანახვეთ.
ერთი მოსაზრება კიდევ: მოქმედბა არის განუყრელი და ძირითადი თვისება კაცის არსებობისა. რა დასაჯერებელია ვიფიქროთ, რომ ჩვენი ენა მოკლებული იყოს სწორედ იმ ბრუნვას, რომელიც არის გამომხატველი ადამიანის უმთავრესის თვისებისა. ჩვენს წინაპართ სწამდათ ეს ბრუნვა, მისს არსებობაში ეჭვი არავის შეუტანია, – რად უნდა უარ-ვყოთ ჩვენ იგი, როდესაც იმათზედ ნაკლებ არ გვიჭრის მოქმედება და მხნეობა? რა გვეთქმის, ჩვენმა კეთილის-მყოფელებმა ასე რომ იოხუნჯონ ჩვენზედ: ქართველები იმდენად ზარმაცნი ყოფილან იმავ-თავით, რომ მოქმედებითი ბრუნვაც კი არ აბადია მათ ენასო.
კ ა ც ა დ. ამ ფორმის შესახებ ბატონი ყიფიანი ბრძანებს, რომ იგი ჰგავს ზმნისზედასაო და ამიტომ ბრუნვად არ უნდა ჩაითვალოსო. ბ. ნასიძე იმეორებს ამ აზრსა იმ განსხვავებით, რომ ეჭვით გამოუთქმელს და ფრთხილს მსჯელობასა გულადად და აჩქარებით აძლევს კატეგორიულს ხასიათსა და გადაჭრით სთვლის ამ ფორმას ზმნისზედად. მაგრამ ჩვენ მხოლოდ აწონილი აზრის გასინჯვას ვსთვლით საჭიროდ.
ის გარემოება, რომ დაბოლოება “ად” ამზგავსებს ბრუნვას ზმნისზედას, ნებას არ გვაძლევს უარ-ვყოთ პირველი და ჩავთვალოთ მეორედ. მსგავსებასა და იგივეობას შორის დიდი მანძილი სძევს და თუ მსგავსის ფორმების გაერთებას გავყევით, ჩვენს გრამატიკას ძლიერ გავაღატაკებთ. მართალია, როდესაც ზედ-შესრულს უნდა გადაიქცეს ზმნისზედად, ამ დაბოლოებას ხმარობს, მაგრამ სხვა სახელებს კი არც შეიძლება აქვთ და არც მიდრეკილება გახდნენ ზმნისზედად მარცვალი ად-ის წყალობით. სახელი-არსებითი სრულად სხვა ფორმებსა ხმარობს ზმნისზედად გარდაქცევისათვის. იგი, მაგალითად, მეორდება, ორ-კეცი ხდება: გზა-გზა, მთა-მთა, წყალ-წყალ, აღმართ-აღმართ, გვერდ-გვერდ, მინდორ-მინდორ, გულ-დაგულ და სხვანი. მხოლოდ აქ უნდა შევნიშნოთ ერთი გრამატიკული ფაქტი, – და ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს ბაასის დასკვნისათვის, – რომ არამც თუ ერთი რომელიმე ფორმა, არამედ ყველა ფორმები უძლურია გადააქციოს ყ ო ვ ე ლ ი სახელი-არსებითი ზმნისზედად; გადაქცევა შეიძლება მხოლოდ სიტყვათა ზოგიერთის გუნდისა. მაგალითად, შეტყუპებით ვერას გზით ვერ გახდით ზმნისზედად შემდეგს სიტყვებსა: სული, გონება, გემოვნება, სუნი, ყნოსვა და მრავალთ სხვათა. ამიტომ, თუ რომელიმე მარცვალი, თავის-თავად უმნიშვნელო, შეგიძლიათ მიაბათ ყოველს სახელი-არსებითს, ზედ-შესრულს, რიცხვით-სახელსა და ნაცვალ-სახელსა დ მისცეთ ამითი ერთი და იგივე მნიშვნელობა. ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ ეს მარცვალი მიუცილებლად არის დაბოლოვება ბრუნვისა.
მარცვალი ად თავის-თავად ყველა აზრს მოკლებულია, მაგრამ აბა სცადეთ მისი მიბმა ყოველს გვარს სახელზედ და ნახავთ, როგორ ლაზათიანად მიეკედლება და რა განსაზღვრულს აზრს გამოხატვინებს. კაც-ად, ბაღ-ად, თევზ-ად, ბულბულ-ად, ორ-ად, სამ-ად, შენ-ად, ჩემ-ად, თქვენ-ად და სხვანი, გამოდის, რომ თუ ეს მარცვალი ჩავთვალეთ ზმნისზედის დაბოლოებად, ყოველ-გვარი სახელი იქ მოიყრის თავსა და იგი ისე აშენდება, რომ კრეზზედ უმდიდრესი შეიქმნება. ამასთან ეს პაწია მარცვალი გახდბა ბისმარკზედ უარესი დესპოტი და ყოველს სახელს, რომელსაც კი ბოლოზედ კბილს მოსჭიდბს, ჩაათრევს საცღა შორს – ზმნისზედის სამფლობელოში.
სხვა მხრივაც მოვუაროთ საგანსა. ზმნისზედის ერთი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მას ვერ შეეთანხმება, მეტადრე ბრუნვებრივად, ვერც ერთი სახელი. ავიღოთ, მაგალითად, ნამდვილი ზმნისზედა “გარდიგარდმო”. აბა სცადეთ დაკავშირება მასთან რომელიმე სახელისა გინდათ თავსი, გინდ ბოლოში და დარწმუნდბით, რომ ეს ყოვლად შეუძლებელია. მივმართოთ ახლა საცილობელს ფორმას და მაგალითად ავიღოთ სიტყვა – ბაღად. რომელ სახელთანაც გნებავთ, ყველასთან დავაკავშირებთ მას. დიდ ბაღად, პატარა ბაღად, ჩემ ბაღად, შენ ბაღად, ორ ბაღად, პირველ ბაღად და სხვანი. მართალია, წინასწარ სიტყვას ამ შემთხვევაში ეკვეცება დაბოლოება ად; მაგრამ ამას სჩადის კეთილ-ხმოვანება, რომელიც სხვა ბრუნვებშიაც ამოკლებს წინა-სიტყვების დაბოლოებას, მაგალითად, კარგი წიგნები და არა: პატარამან კაცმან, მარჯვეთ მოგვერდით, კარგები წიგნები და სხანი.
ჩვენ სხვა უტყუარი ღონისძიებაცა გვაქვს დავამტკიცოთ, რომ სახელნი არსებითნი, დაბოლოებულნი მარცვალზედ ად, არას გზით არ შეიძლება დავსახოთ ზმნისზედად. ეს ღონისძიება არის ესრედ-წოდებული ლოგიკური გარჩევა. საქმე ის გახლავთ, რომ სრულიად სხვა-და-სხვა სამსახურს ეწევიან წინადადებაში ნამდვილნი ზმნისზედა და სახელი-არსებითნი, რომელნიც თავდბიან ხსენებულ მარცვალით. მაგალითად, ავიღოთ შემდეგი ორი წინადადება: სალომე ცეკვავს მშვენივრად, თოვლი იქცა წყლად. პირველ წინადადებაში ჭეშმარიტი ზმნისზედა “მშვენივრად” უგებს კითხვაზედ: როგორა ცეკვავს, და შეადგნეს ს ა ხ ე ს მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს ა ს ა. ეს ზმნისზედა რომ გამოვაკლოთ წინადადებიდგან, სრული აზრი მას მაინც შერჩება. მეორე წინადადებაში იმავე დაბოლოების პატრონი სიტყვა “წყლად” უგებს კითხვაზედ: რად იქცა, და შეადგენს შ ე მ ა ვ ს ე ბ ე ლ ს სიტყვას. წინადადებამ რომ ეს სიტყვა დაჰკარგოს, მასთან სრულს აზრსაც მოაკლდება. განა სრულიად სხვა-და-სხვა მნიშვნელობა ჰქონიათ წინადადებაში ზმინისზედას და საცილობელს ფორმასა!
სადამდინ მიდის უძლურება მარცვლისა ად სახელი-არსებითი გადააქციოს ზმნისზედად, უფრო კიდევ ცხადად სჩანს შემდეგი მაგალითიდგან: მწვადი შევწვი ხელად, – ეს ნივთი მიღირს მარჯვენა ხელად. უკანასკნელი წევრი ოირვე წინადადებისა არამც თუ ბოლოვდება ერთსა და იმავე მარცვალზედ, თვითონ სიტყვებიც ერთი და იგივეა სრულიად; მაგრამ ცოტა ჩააკვირდით და ნახავთ, რა დიდი განსხვავაებაა მათს მნიშვნელობას შორის. პირველ წინადადებაში სიტყვა “ხელად” ი მ ა ვ ე პატარა სამსახურს ეწევა, რომელსაც ზემოთ მაგალითში სიტყვა “მშვენივრად”, მეორეში-კი იგივე სიტყვა არის ფრიად საჭირო შემავსებელი წევრი, როგორც ზემოდ მოყვანილი სიტყვა “წყლად”. აშკარაა, რომ სახელი-არსებითი ბოლოზედ იბამს მარცვალს ად არა იმიტომ, რომ გადაიქცეს ზმნისზედად (ეს შეუძლებელია), არამედ იმისათვის, რომ მიიღოს სახე ერთის თავი ბრუნვისა თანახმად აზრის მოთხოვნილებისა.
მივმართოთ ერთს წამს რუსულს გრამატიკასა. Байрона я считаю великим поэтом. ბაირონი მე მიმაჩნია დიდებულ პოეტად. რუსულს ენაში поэтом სიტყვა არის ბრუნვა, ქართულს ენაშიაც იგივე სიტყვა “პოეტად”, თუ სადმე სამართალი და საფუძვლიანობაა, უთუოდ ბრუნვად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ არაო, ზმნისზედა არისო. როგორ და საიდგან? რად გინდათ, რომ ეს ფრიად სასარგებლო ბრუნვა ტოლ-ამხანაგებს, სამშობლოს გამოასალმოთ და ამოაყოფინოთ თავი საცა-ღა შორს – კამჩატკაში, მოუხეშავს ზმნისზედის სამფლობელოში? ვისთვის რა ვირი მოუპარნია ამ უბედო ბრუნვასა?
თქვენი რა მოგახსენოთ, მკითხველო და ჩვენთვის კი მათემათიკური აქსიომასავით ცხადია, რომ გამოკვლეული ფორმა შეადგენს ნამდვილს თვით-მყოფელს ბრუნვასა და აქვს ბევრით უტყუარი საბუთები თავისის ამგვარის არსებობისა, ვიდრე ზოგიერთა სხვა ბრუნვასა, რომლის უარ-ყოფა აზრად არავის არ მოსვლია.
რა სახელი უნდა დავარქვათ ამ ბრუნვასა?
ბ-ნი ჩუბინაშვილი, რომელმაც პირველმა შეიტანა იგი თავისს გრამატიკაში, მხოლოდ კენტ-სიტყვაობითაც არ გაამართლა მისი არსებობა, უწოდებს მას მეორე მოქმედების ბრუნვად. მაგრამ ეს მოსვლია მას რუსული ენის მიხედვით. რუსულს ენაში ამ ბრუნვის მსგავსი ფორმა არ არსებობს და მისი თანამდებობის აღსრულებას მინდობილი აქვს მოქმედებითს ბრუნვასა, რომელმაც უნდა ძალაუნებურად ხატოს ღონისძიებაც მოქმედებისა და ცვლილებაც საგნისა. ჩვენს ენას კი გამოუფურჩქნია ცალკე ფორმა უკანასკნელი ვალის ასრულებისათვის. რადგანაც ეს ფორმა უ მ ე ტ ე ს ნ ა წ ი ლ ა დ აღნიშნავს საგნის გარდაქცევას სხვა რადმე, გარდასხვაფერბას, ერთი სიტყვით ცვლილებასა, ამიტომ მას უნდა დაერქვას ც ვ ლ ი ლ ე ბ ი თ ი ბრუნვა. ამ ტერმინს ჰხმარობს ვით ბ-ნი ყიფიანი, როდესაც უარს-ჰყოფს ამ ბრუნვას.
ცვლილების ბრუნვის წერაში ხშირად მოსდით თვით საუკეთესო ჩვენს მწერლებს ერთი შეცდომა, რომელიც საჭიროა აღვნიშნოთ. ამ ბრუნვას აბოლოებენ დ-ს მაგივრად თ-ზედ, ან თა-ზედა და სწერენ: ბაღთა, სანთლათა, თევზათა, და სხვანი. მარცვალი თა ან ასო თ, არის მრავლობითის რიცხვის დაბოლოება (კუთა, კალოთა, მდინარეთა) და ამიტომ როდესაც ცვლილებითს ბრუნვას ათავებენ მარცვლით თა, ან ასოთი თ, მაშინ მას ეკარგება თავისი ფორმა, ებმის უცხო დაბოლოება მრავლობითი რიცხვისა და ხდება არევა ბრუნვებისა. ამიტომ მიუცილებლად საჭიროა ცვლილებათა ბრუნვა ყოველთვის ბოლოვდბოდეს მარცვლით ად და იწერებოდეს: კუდ, მდინარედ, კალოდ, ოქროდ, მიწად და არა კუთ, მდინარეთ, კალოთ, ოქროთ, მიწათ და სხვანი.
მ ე ზ ო ბ ლ ი ს ა ს ა. ამ ფორმა პროფესორი ჩუბინაშვილი სთვლის ჩვეულებრივ ბრუნვად; ბ. ნასიძე რაცხს მას ზმნისზედად, ჩვენი აზრით ერთიც შემცდარია და მეორეც. ჯერ პასუხი მივსცეთ უკანასკნელსა.
რა საბუთით ჰხედავს აქ ზმნისზედას ბ-ნი ნასიძე? “სიტყვა “მეზობლისასა” პირ-და-პირ გამოხატავსო ადგილსა, აჩვენებს მას, თუ სად ვიყავი მე; კითხვაზე სად? მიუგებს ზმნისზედა და არა არსებითი სახელი”, ბრძანებს ჩვენი ახალი გრამატიკოსი. ჯერ ერთი ესაა, რომ მოყვანილი სიტყვა უგებს პასუხს კითხვაზედ ვისას ვიყავი და არა სად ვიყავი. მეორედ: ვინ უთხრა ბ-ნ ნასიძეს, რომ კითხვა სად ითხოვს ზმნისზედას და არა სახელი-არსებითსა? რამ მიიყვანა იმ დასკვნამდის, რომ, თუ სიტყვა ნიშნავს ადგილსა, იგი უთუოდ ზმნისზედაა? რუსულმა გრამატიკამ? მართალია რუსულს ენაში მარტო ზმნისზედას შეუძლიან თავისთავად გამოხატოს ადგილი და სახელს კი – მხოლოდ თანდბულის შეწევნით; მაგრამ, თუ რუსული ალაბით ვზომეთ ქართული ენა, ნამდვილს ბაბილონის ენათა არევას მოვახდენთ.
ავიღოთ ქართული ფრაზები: მე ვიყავი ბაღში, მე ავედი ბანზედ. ამ ორივე წინადადების უკანასკნელი სიტყვები პასუხს მაძლევს კითხვაზედ – სად, მაგრამ ნუ თუ იგინი ზმნისზედანი არიან? დიახ, გადაჭრით გვიგებს ბ-ნი ნასიძე. ჩვენ სწორედ გვიკვირს როგორ ჩავარდა იგი ამისთანა ელემენტარულ შეცდომაში. რუსული გრამატიკა ამ შემთხვევაში მას კაი სამსახურს გაუწევდა, რადგან ეტყოდა, რომ წინადადებაში: я был в саду , უკანასკნელი სიტყვა აღმნიშვნელი ადგილისა და მიმგებელი კითხვაზედ – სად, ზმნისზედა კი არ არის, ბრუნვაა წინადადებითი (предложный падеж), მაგრამ დახე ხიფათსა, სწორედ ამ შემთხვევაში დავიწყებია მას პოლივანოვი.
იძულებული ვართ გავიხსენოთ ზემოთ მოყვანილი კანონი: თუ რომელიმე ფორმა უთანხმდება რომელსამე ბრუნვასა, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ იგი ფორმა შეადგენს დაბოლოებას ბრუნვისასა და სხვა არაფერსა. ჩვენს ბაღში, თქვენს სახლში, იმათს ეზოში, მაღალს ბანზედ, დაბალს ხეზედ. წინამძღოლნი სიტყვანი რომელს ბრუნვაზედ სდგანან? მიცემითზედ, აშკარაა. ეთანხმებიან, თუ არა მათ მიმდევარი სიტყვები? სრულიად. მაშასადამე – ბანზედ, ბაღში, ეზოში, სახლში არიან მიცემითი ბრუნვანი თანდებულის დართვით.
მეორე საბუთი: არც ერთს ზმნისზედას არ შეუძლიან დაიკავშიროს თავისთან რომელიმე თანდებული ვერც ბოლოში და ვერც მეტადრე თავში. აიღეთ, მაგალითად, სიტყვა “ნარდად”. მას ვერსაიდგან მიუდგება არცერთი თანდებული. მაშასადამე, თუ სიტყვებს “ბანზედ”, “ბაღში”, რომელიმე თანდებული შეუკავშირდა თავიდამაც, სჩანს, ისინი ბრუნვანი ყოფლან. ბედად, ზოგიერთა ქართულს თანდებულებს აქვს იმისთანა თვისება, რომ ბოლოშიაც დაერთვიან ხოლმე სიტყვებსა და თავშიაც, როდესაც აზრის გაძლიერბაა საჭირო. შიგ შუბლში მოვარტყი ქვა, ხეს ზედ კენწეროზედ მოვექცევი. ეს თვისება ჩვენი თანდებულებისა არც ერთს გრამატიკოსს არ შეუნიშნავს და, ვგონებთ, ჩვენ პირველად ვახსენებთ. ახლა ვკითხოთ ბ-ნ ნასიძეს: ვამბობთ თუ არა: შიგ ბაღში, ზედ ხეზედ? რას ამტკიცებს ესა? იმას, რომ ორივე სიტყვა სახელი-არსებითია და მათ თავსა და ბოლოში ახლავთ თანდებულნი.
დავუბრუნდეთ სიტყვას “მეზობლისასა”. დავაკვირდეთ დაბოლოებასა. განა ძლიერ ახლო ნაცნობია იგი და ყოველ ნაბიჯზედ ვხედავთ და ვისმენთ ყურითა? შეიძლება, თუ არა ეს დაბოლოვება (სასა) მივაბათ ყველა სიტყვასა? ძლიერ ადვილად მისასა, ძისასა, ოქროსასა, ჩვენისასა, თქვენისასა, სოფლისასა და სხვანი. რას ნიშნავს ესა? იმას, რომ ჩვენ თვალწინ არის ნამდვილი დაბოლოება ბრუნვისა.
ბ-ნი ჩუბინაშვილი, როგორც უკვე მოგეხსენებათ, ამ ფორმას ადგილს აძლევს მარტივს ბრუნვაში. მაგრამ პატივცემული პროფესორისათვის ამ შემთხვევაში უმტყუვნია საგრამატიკო ანალიზსა. თუ “მეზობლისას” არის ცალკე ბრუნვა, მაშ ამ გვარივე ცალკე ბრუნვები იქმნებიან შემდეგი ფორმები: მეზობლისანი, მეზობლისამან, მეზობლისათა, მეზობლისაო. საქმე ის არის, რომ ეს ფორმა გახლავთ ერთ-გვარი რთული, ორ-კეცი ბრუნვა, რომელიც შეადგენს ქართული ენის ერთს განსაკუთრებულს თვისებასა. ჩვენს ენაში ნათესაობითს ბრუნვას აქვს მნიშვნელობა ზედაშესრულისა და იბრუნვის ისე, როგორც დასაბამითა სახელი: სახელი უფლისა, სახელსა უფლისასა, სახელითა უფრლისათა, სახელო უფლისაო, სახელნი უფლისანი, და სხვ. ეს თვისება ნათესაობითს ბრუნვისა დიდს სამსახურს გვიწევს და, სხვათა-შორის, გვაძლევს შეძლებას მოკლედ მოვსჭრათ ჩვენი აზრი: ვალისას რას ფიქრობთ? ქალაქისას რას იტყვი? ვენხისას რას მეტყვი?
გამოდის, რომ “მეზობლისას” არის მიცემითი ფორმა ნათესაობითის ბრუნვისა და ერთი სიტყვით ჰხატავს ორი სიტყვის აზრსა: მეზობლის სახლში ზმნისზედას კი აქ არავითარი ხელი არა აქვს, სამწუხაროდ ბატ. ნასიძისა.
საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენს ახალს გრამატიკოსს საშინლად შეჰყვარებია ზმნისზედა. ყოველს სიტყვას, რომელსაც კი ბოლოზედ მოებმის ან მარცვალი ად, ან შემოკლებული თანდებული თ, ან მარცვალი “სასა” ყველას ავლებს კისერში ხელსა და მიათრევს ზმნისზედის საბრძანებელში. რადგანაც ეს სამივე დაბოლოება დაერთვის ყოველსგვარს სახელსა, როგორც უკვე იცის მკითხველმა, ამიტომ ჩვენ რომ ბატ. ნასიძეს დავეთანხმოთ, ზმნისზედას ისე უღმრთოთ გავამდიდრებთ, რომ იგი საშურველი შეიქმნება იმ მდიდარი ამერიკელი ქალისთვისაც-კი, რომელსაც მზითვად აქვს თურმე ოცი მილიონი წლიური შემოსავალი. რასაკვირველია, ეს მოხდება მაშინ, თუ ამ ლუკმას ბრმა ბედი არგუნებს რომელსამე კოტრს ქართველსა და ჩვენი ახალი რძალი გაიცნობს ბატ. ნასიძის საგრამატიკო სიბრძნესა.
შემასმენლობითს ბრუნვას დიდი ხანია ანდერძი აქვს აგებული და ბატ. ნასიძემაც საუკუნო განსვენება უთხრა. მართალია, მამანი მონატობანისანი (ზმნისზედა არ გეგონოთ) ცდილობენ თავის ქართულს გრამატიკაში მკვდრეთით აღადგინონ, მაგრამ ტყვილად ირჯებიან. არაფრობის გაცოცხლება ყოვლად შეუძლებელია. საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ ამ პატივცემულ პირთა ნაწარმოებზედ, რომ, რავდენადაც იგინი მდიდარნი არიან მხნეობით და ქართული მწიგნობრობის სიყვარულით (არა ჰგვანან ბევრს ჩვენს გულ-აცრუებულ გადაგვარებულთ), იმდენად ღარიბნი არიან ქართულის ენის კანონების ცოდნით, და მათი გრამატიკა არის რაოდენიმე ნაბიჯით უკან დახევა.
დაგვრჩა წოდებითი ბრუნვა. ამ ბრუნვის დაბოლოებასაც ო-ს, რომელიც ხშირად გადიცვლება ვ-დ, ბატონი ყიფიანი სთვლის თანდებულად და ამის გამო აუქმებს. მაგრამ არ ნებულობს ახსნას (რაც შენიშნა ბატ. ნასიძემაც), რომელი თანდებულია, ნაწილია, თუ მთელი, და რა მნიშვნელობის პატრონია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ო-ს თანდებულობის დამტკიცბა უიმედო საქმეა. სხვა რომ არა ვსთქვათ-რა, მარტო ის ფაქტი, რომ დაბოლოება ო ებმის შეთანხმებულს ზედშესრულსაც და სახელი-არსებითსაც (წმიდნა ღმერთო, ანცო ბავშვო, ბედნიერო ხელმწიფეო) ამტკიცებს, რომ მას თანდებულთან არავითარი ნათესაობა არა აქვს. თუ მაინც-და-მაინც გნებავთ გქონდეთ რაიმე აზრი მის წარმოშობაზედ, წარმოგიდგენთ ორს ჰიპოტეზას: წოდებითი ბრუნვის დაბოლოება არის ან უკანასკნელი ასო შემოკლებული ზმნისა-თქო (მოვალ-თქო, მოვალთ, ხელმწიფე-თქო, ხელმწიფე-ო), – ან არა და – შორისდებული, რომელსაც მარტოდ-მარტო ყოფნა მოსწყენია და მიჰკედლებია სახელებსა.
ასეა, თუ ისე, თანდებულმა შობა, თუ ზმნამ, თუ შორისდბულიდგან წარმოსდგა, ყოველს შემთხვევაში ახლა ო წარმოადგენს ნამდვილს ბრუნვის დაბოლოებას და სხვა არაფერსა. იგი ისე მოკლედ და კოხტად ებმის ბოლოზედ ყოველს სახელსა და ისეთს განსაკუთრებულს მნიშვნელობას აძლევს მას, რომ წოდებითის ბრუნვის არსებობას ფიქრიც არა აქვს, თუნდაც რომ მას უარ-ჰყოფდეს დიდი ავტორიტეტი. მაშ აცოცხლოს და ადღეგრძელოს უფალმან ეს ბრუნვა ქართულის ენის შესავსებლად!
გამოდის, რომ ქართულს ენას აქვს არა ოთხი ბრუნვა, როგორც ბრძანებს დიმიტრი ივანესძე, არა ხუთი, როგორც ამტკიცებს ბატ. ნასიძე, არამედ შვიდი, სახელდობრ: სახელობითი (პატარა კაცი), ნათესაობითი (პატარა კაცისა), მიცემითი (პატარა კაცსა), მოთხრობითი (პატარა კაცმან), მოქმედებითი (პატარა კაცით), ცვლილებითი (პატარა კაცად) და წოდებითი (პატარა კაცო). არც მეტი და არც ნაკლები…