იაკობ გოგებაშვილი – სამახარებლო ერგება თუ არა
(ვუძღვნი “კვალის” რედაქციასა)
ამას წინად “კვალმა” დაბეჭდა ახალს ამბებში შემდგი ცნობა: ჩვენ მკითხველებს უნდა ვახაროთ ერთი სასიამოვნო ამბავი: მთავრობას მოუწონებია სკოლებში სახმარებლად პირველ-დაწყებითი სახელმძღვანელო ქართულის ენისა სახელად “ბავშვების მოკეთე”.
ხსენებული წიგნი ჯერ დაბეჭდილი არ არის. იგი პირდაპირ ხელთნაწერის სახით არის წარდგენილი მთავრობის წინაშე მოსაწონებლად სკოლების ხმარებისათვის. წინად ჩვენში სრულიად სხვა რიგით მიდიოდა წიგნების მოწონების საქმე. ავტორი ჯერ დაბეჭდავდა თავისს წიგნსა, გამოაქვეყნებდა, მოისმენდა მსჯელობას ქართველთა ლიტერატორებისას და პედაგოგებისას, და თუ მისი წიგნი აღმოჩნდებოდა სასარგებლო, ღირსეული, ნაბიჯის წინ გადადგმა იქნებოდა აღიარებული, მაშინ წარუდგენდა მთავრობას მოსაწონებლად და სკოლებში სახმარებლად. სწორედ ეს გზა გაიარა სავსებით “დედა-ენამ”. დამწერმა იგი დაბეჭდა და წარუდგინა კერძო ქართველ ლიტერატორთა და პედაგოგთა კომიტეტსა (მაშინ არ არსებობდა არც “წერა-კითხვის საზოგადოება” და არც სააზნაურო სკოლები), რომლის თავმჯდომარედ იყო, როგორც გვახსოვს, ყველასაგან პატივცემული კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე. ამ კომიტეტმა მოიწონა “დედა-ენა” და სცნო იგი ღირსად ზარაფიშვილის ოცთუმნიანის პრემიისა.
აქ საჭიროდ ვრაცხთ მკითხველს მოვაგონოთ ღვაწლი ბ-ნის ზარაფიშვილისა, იგი მაშინ მდიდარი ახალგაზრდა იყო და უხვად ხარჯავდა თავისს ქონებას გაზეთის “დროების” გაუმჯობესობასა და ქართულის წიგნების გამრავლებაზედ. ეს ღვაწლი ახლა გაღარიბებულის ქართველისა არ უნდა დაივიწყოს ქართველმა საზოგადოებამ. კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ “დროებაში” დაბეჭდა რეცენზია “დედა-ენის” შესახებ ერთმა ახალგაზრდა ქართველმა, რომელიც რამდენსამე წელიწადს შვეიცარიაში სწავლობდა, სხვათა შორის პედაგოგიას და სკოლის საქმეს, და დაადარა იგი საუკეთესო სახელმძღვანელოებს ევრპისასა. ამასთანავე რეცენზია დაბეჭდა “Тифлисский вестник”-შო ერთმა ქართულის ენის მასწავლებელმა. მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინა ავტორმა “დედა-ენა” მთავრობას მოსაწონებლად. მაგრამ ვიდრე ეს წარდგენა მოხდებოდა, ერთმა მასწავლებელმა სახელმწიფო სკოლისამ მიართვა კავკასიის სამოსწავლოს ოლქის მზრუნველს ხელნაწერად ქართულ-რუსული სახელმძღვანელო, “ლუშნუ” ანბანის სისტემაზედ შედგენილი.
მაშინდელი ქართული ლიტერატურა ფხიზლად იყო სწავლა-განათლების საქმეში და ამ სახელმძღვანელოს უკუღმართობა მაშინვე გამოააშკარავეს “ივერიამ” და “დროებამ”. მაშინ რეცენზენტად იყო ქართველი, საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, განვითარებული პედაგოგი, ბ-ნი ცისკარიშვილი, ამან გამოიჩინა იმდენი გაბედულობა და სამოქალაქო უნარი, რომ სულ მიწასთან გაასწორა თავისს რეცენზიაში მონდობილი ხელთ-ნაწერი წიგნაკი და ბოლოს დაუმატა: ამ ყოვლად შეუსაბამო წიგნაკის მოწონებას და დაბეჭდვას მთავრობის ხარჯით ისა სჯობიან, რომ მიღებულ იქნას სახელმძღვანელოდ “დედა-ენა”, რომელიც ამ დღეებში გამოვიდა სტამბიდან, პედაგოგიურად არის შედგენილი და არავითარს ხარჯს არა სთხოვს მთავრობასაო.
რამდენსამე დღის შემდეგ “დედა-ენა” წარედგინა მთავრობას გასასინჯად და მოსაწონებლად. მან ამ წიგნის განხილვა და დაფასება მიანდო იმავე ცისკარაშვილსა და გიორგი ნიკოლოზის ძეს იოსელიანსა. ამათ ვრცელი მოხსენება მიართვეს ამ საგანზედ, წიგნი დასახეს ფრიად სასარგებლო სახელმძღვანელოდ და იგი მოწონებულ იქმნა სკოლებში სახმარებლად. ეს ვრცელი მოხსენება შემდეგ დაბეჭდა ბ-ნმა იოსელიანმა გაზეთ “კავკაზში” ორ ფელეტონად.
ამავე სწორე, ღირსეულს და სასარგებლო გზას ადგენენ სხვა შემადგენელნიცა სახელმძღვანელოებისა. ადგნენ არა მარტო დამოუკიდებელნი პირნი, არამედ იმისთანაც, რომელთა ოფიციალური თანამდებობა ეჭირათ. “ბავშვების მოკეთეს” შემადგენელმა კი სხვა გზა ამოირჩია, თუმცა იგი თავისუფალი და დამოუკიდებელი სასწავლებლის მასწავლებელია.
“კვალს” რაღად მოსწონს ეს გზა? ნუ თუ არ ესმის, რომ იგი მიასუსტებს ქართულს ენას სკოლებში და მტკიცე ნიადაგს გამოაცლის ფეხ-ქვეშიდგან ქართულს მწიგნობრობას, ლიტერატურას და თვით “კვალ-ჯეჯილსა”? პირადი და საზოგადო ინტერესი მოითხოვდა, რათა რედაქციას უარ-ეყო ეს გზა; მაგრამ ამის ნაცვლად იგი იწონებს იმას და ამით აქეზებს სხვებსაც ამ გზას დადგნენ. რისთვის?
საქმე ის არის, რომ “ბავშვების მოკეთე” იპყრობს ანბანსა და პირველს საკითხავს წიგნსა და “დედა-ენის” სამაგიეროდ არის დანიშნული. მაგრამ იქნება “მოკეთე” იყოს უფრო მდიდარი “დედა-ენაზედ” და ქართულის ენის პროგრამის გაგანიერებას და გაძლიერებას გვიქადდეს? სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. “კვალმა” ყველაზედ კარგად იცის, რომ “მოკეთე” შეიცავს საკითხავ მასალას მხოლოდ პირველის წლისას და ამასთან სრულიად მოკლებულია საწერს დედანსა, რომელიც მიუცილებელი კუთვნილებაა ყოველი რიგიანის სახელმძღვანელოსი ევროპასა და რუსეთში და რომელიც ჩვენის სკოლებისათვის ყოვლად უსაჭიროესია, რადგან ცალკე დედნის გაგზავნით თავს არავი გაიცხელებს, და ამის გამო ქართული წერა სრულიად გაუქმდება სკოლაში და დარჩება მხოლოდ კითხვა, ისიც მარტო პირველის წლის განმავლობაში. ეს იმიტომ მოხდება, რომ ეს ხუთი-ექვსი წელიწადია, რაც სახალხო სკოლებში იგზავნება მხოლოდ პირველი წიგნი, და თან იმასაც იმდურებიან, რად არის იგი დიდიო.
“კვალმა” ისიც კარგად იცის, რომ “დედა-ენაში” მოთავსებულია ორი წლის კურსი როგორც კითხვისა, ისე წერისა, და ბავშვი, რომელიც მას რიგიანად ათავებს, კარგად იმართება კითხვაშიაც და წერაშიაც. საზოგადო მასალის გარდა, “დედა-ენა” იპყრობს სასულიერო-ზნეობრივს განყოფილებას, ეტიკურს მოთხოვნილებებს და ლექსებს, რომელთაც ყველგან დიდს მნიშვნელობას აძლევენ. თვით პედაგოგიის სამშობლოში, გერმანიაშიც, როგორც ეს განმარტა თავისს მშვენიერს წერილებში საზღვარ-გარეთელმა. თუ ამისთანა საკითხავი საჭიროდ მიაჩნიათ გერმანიაში, სადაც ოჯახობის რიგიანობა, უმაღლესს წერტილამდინ არის ასული, მით უმეტეს იგი საჭიროა ქართველთათვის, რომელთა ოჯახი შერყეულია ძირამდინ და მოკლებული მტკიცე ეტიკურს პრინციპებსა. ეს კარგად ესმით ყველა შეგნებულს მასწავლებელს და ისინი სასულიერო-ზნეობრივს განყოფილებას “დედა-ენაში” უფრო მეტის ყურადღებით ეპყრობიან და ცდილობენ ჩანერგონ მისი შინაარსი ღრმად მოწაფეთა გულში.
ამ განყოფილებას მისდევენ უმთავრესი მოთხრობანი საღმრთო ისტორიიდან, რომელსაც საჭიროდ ხდის ჩვენის სკოლებისათვის, სხვათა შორის, ის გარემოება, რომ ეს რამდენიმე წელიწადია, რაც სადირექციო სკოლებში საღმრთო სჯულის სახელმძღვანელოებს მხოლოდ რუსულს ენაზედ გზავნიან. ამ მოთხრობების წყალობით ბავშვი თავისს “დედა-ენაზედ” იძენს ერთს ნაწილს მაინც საღმრთო სჯულისას. შემდეგ არის დაბეჭდილი საუკეთესო ზნეობრივი ადგილები დაბადებიდან და სახარებიდგან, რომელნიც ბავშვს ამზადებენ სახარების საკითხავად სკოლიდგან გასვლის შემდეგ შინაობაში. ყველამ ამას “მოკეთე” მოკლებულია, და ეს ყველაზედ კარგად უწყის “კვალის” რედაქციამ.
რადგანაც “ბავშვების მოკეთე” იპყრობს მხოლოდ ერთის წლის საკითხავ მასალასა და სრულიად მოკლებულია საწერს დედანსა, იგი უნდა ჩაითვალოს მეოთხედად “დედა-ენისა” და აი ამ მეოთხედის მოწონებას და მიღებას მთელის მაგივრად ქართული გაზეთი დიდის სიხრულით ეგებება. ეგებება მაშინ, როდესაც კარგად იცის, რომ დიდი ხანია, რაც სახალხო სკოლებს მეორე საკითხავი ქართული წიგნი აღარ ეგზავნებათ, ასე რომ პირველი წიგნი უკანასკნელიც არის სკოლებისათვის. ამის გამო ხსენებული მეოთხედ წიგნაკით შესწყდბა ქათულის ენის სწავლება პირველსავე წელიწადს სკოლებში და შემდეგ წლებში, შჩედრინისა არ იყოს, будет чисто.
არა ნაკლებს ვნებას მოუტანს პატარა, ღარიბი სახელმძღვანელო იმ მრავალ მოწაფეებს, რომელნიც მხოლოდ ერთს წელიწადს რჩებიან სკოლაში. როცა ეს ბავშვები ხმარობენ იმისთანა დიდს სახელმძღვანელოს, რომელსაც მხოლოდ ნახევრობით ასწრობენ პირველს წელიწადსა, მაშინ ისინი მეორე ნახევარს ამ ნაცნობის წიგნაკისას ათავებენ შინ და ამით ემზადებიან სხვა წიგნების კითხვისათვის. პატარა წიგნაკი კი ამ სამსახურს ვერ გაუწევს, და პირველის წლის შემდგ ბავშვები დარჩებიან უწიგნოდ და მალე დაივიწყებენ იმასაც, რაც პირველს წელიწადს ისწავლეს. ეს ორივე თვალით ბრმათათვისაც კი ცხადი უნდა იყოს.
აი ამას სანატრელ მოვლენად სთვლის “კვალი” და სიხარულით ეგებება. რად? ამის საიდუმლო წამოსცდა თვით ბ-ნ გიორგი წერეთელს საახალწლო ნომერში. იგი ჰგოდებს და ნიანგის ცრემლებს ღვრის იმაზედ, რომ ქართველებიო სულ უბრალო მიზეზის გამო ინდაურივით გადავეკიდებით ერთმანეთსაო და თავს ვუვლით სიკვდილამდეო. ერთმა “კვალის” მკითხველმა რომ ეს წაიკითხა, სთქვა: თვალ წინ წამომიდგა ახლავე ის გმირი კრილოვისა, რომელმაც სარკეში ჩაიხედა, დაინახა საკუთარი სახე, შეეზარა იგი და მეზობლებს გასძახა: მე რომ ამ მახინჯს ვგავდე, ჯავრით თავს დავიხარჩობდიო. მაგრამ მაიმუნს ის უაღრესობა ჰქონდა ჩვენს მეცნიერზედ, რომ გულწრფელად სცდებოდა; ჩვენი გიორგი ბრძენი-კი მისდევს ქართულს ანდაზასა: ჩემი შენ გითხარიო…
დიაღ, ჩვენში საქმის გაკეთება ბევრად ძნელია, ვიდრე სხვაგან, უფრო კიდე ძნელია დაცვა გაკეთებულის საქმისა გაფუჭებისაგან, რადგან გამფუჭებელნი ჩვენში წინ გეღობებიან ყოველს ნაბიჯზედა. და როდესაც ამ გამფუჭებლების უკუღმართობას და უმეცრებას გამოაშკარავებ, წმინდა მოვალეობის აღსასრულებლად საზოგადოების წინაშე, ცბიერნი და ვერაგნი მორთავენ ხოლმე ყვრილისა: დახე! დახე! ახალგაზრდა ტალანტებს გზას უკრავსო. და ამის შედეგად რად გვიკვირს, როდესაც ცხადად ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში გახრწნილების ნიშნებსა!