ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – სიტყვა თქმული სათავადაზნაურო სკოლის საერთო კრებაზე

ჩვენ წადილი გვაქვს პირდაპირ საქმეზედ დავიწყოთ ლაპარაკი და დავადგინოთ შემდეგი საკითხი: რა გზით და რა ღონის-ძიებით შეგვილიან იმ ნაირად მოვაწყოთ სააზნაურო სკოლის საქმე, რომ ამ ძვირფასმა ქართულმა დაწესებულებამ მისცეს ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტი სარგებლობა და უფრო მხურვალე თანაგრძნობა დაიმსახუროს ქართველს საზოგადოების თვალსი? ჩვენ უნდა ყოელთვის გვახსოვდეს, რომ ღარიბნი ვართ და ამის გამო ყოველს ჩვენს ხარჯს უნდა მოსდევდეს ბლომა სიკეთე, მცირე ფულს – ბლომა ნაყოფი. ჩვენი სააზნაურო სკოლა შესდგება მოსამზადებელი კლასებიდან და პროგიმნაზიიდან. მივაქცევ თქვენს ყურადღებას ჯერ მოსამსამზადებელ კლასებსა. კარგად მოგეხსენებათ ყველას, რომ თბილისის გუერნიაში რაც სასწავლებელი არსებობს, ყველა ინახება ესრედ წოდებული “ზემსკის” ფულით. ხოლო ეს ფული შეაქვს უმეტეს ნაწილად ქართველობას. რომელი ერიც სასწავლებლებს ინახავს, იგივე უნდა სარგებლობდეს მათით, იგივე უნდა ზრდიდეს თავისს შვილებსა ამ სასწავლებლებში. ჩვენს გარშემო კი რას ვხედავთ? ქართველის ფულით და ოფლით დაარსებულნი და წარმოებულნი სასწავლებელნი სავსენი არიან სხვა-და-სხვა ხალხის შვილებითა და მათ შორი მხოლოდ ძლიერ მცირეოდენი ნაწილი ქართველი ახალგაზრდობისა ურევია. ამაზედ სამწუხარო მოვლენა ძნელად-ღა იქნება. მაგრამ ამით არა თავდება ჩვენი უბედობა. ის თვითო-ოროლა ქართველიც, რომელიც სწავლობს მართებლობის სკოლებში, იმედენად დაშორებულია ყოველს ეროვნულს ძალას და საუნჯეს, იმდენად გაწყვეტილი აქვს კავშირი სამშობლოს წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან, რომ ხეირიანი ქართულის წერა-კითხვის ცოდნასაც-კი მოკლებულია. რაღა უნდა გვიკვირდეს ამის შემდეგ ის სამწუხარო მოვლენა, რომ კურს შესრულებულები ისე აშკარა გულ-გრილობას იჩენენ შესახებ ჩვენის ერის სიკეთისა, ჩვენი საზოგადო ინტერესებისა, ეროვნებისა!

ამ მდგომარეობაში კარგს პედაგოგიურად მოწყობილს მოსამზადებელს სკოლას, შეუძლიან დიდი სამსახური გაუწიოს ჩვენს ერსა და საზოგადოებასა. მას შეუძლიან გახდეს ფართო რეზერვუარად, სამოსწავლო აუზად, საიდგანაც ქართველი მოზარდი თაობა იწყებს დენას სხვა-და-სხვა სასწავლებლებში და ქართველთა მოსწავლეთ რაოდენობას აიყვანს ჯეროვანს სიმრავლემდე. ამავე დროს ამ გვარს სკოლას შეუძლიან აღავსოს მოსწავლენი იმისთანა ეროვნული ჩაბეჭდილებებითა და მისწრაფებითა, რომელნიც დააკავშირებენ მათ სამშობლოსთან გამაცხოველებელი მიზიდულობითა და ააცილეენ თავს იმ გულ-გრილობას, რომელიც საზოგადო სენია ჩვენი განათლებულის დასისა. უნდა ვიცოდეთ, რომ რვა წლიდგან დაწყებული ვიდრე თორმეტ წლამდე სკოლის ჩაბეჭდილებანი უფრო ღრმად მიდიან მოსწავლეთა სულსა და გულში, ვიდრე შემდეგ, და ჰყრიან საძირკველს მათის მომავალის მისწრაფებისა და მიმამრთულებისასა.

რამდენად ასრულებენ ამ დანიშნულებას ჩვენი სააზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასები? წინედ თვითეულს განყოფილებაში იყო ორმოციდგან ორმოც-და-ათამდე მოწაფე, ახლა ითვლება ოციდგან ოც-და-ათამდე. მაგრამ თვითონ ეს ფაქტი სკოლის წინააღმდეგ ვერას იტყვის. ხშირად ხდება, რომ რაოდენობით სკოლა უკან იხევს, სიკეთით კი წინ მიდის. ძალიან შესაძლებელია, რომ ჩვენს სკოლასაც ეს დაემართა. მხოლოდ ის-კი აშკარაა, რომ იმ ფულით, რომლითაც წინეთ იზრდებოდა თითქმი სამასი მოსწავლე, ახლა იზრდება ამის ნახევარი და სწავლა ერთი-ორად ძვირად ჯდება, რაც ჩვენის ღარიბი ხალხისათვის ძალიან საგრძნობელი დანაკლისია.

სხვა-და-სხვა სასწავლებლებში ჩვენი მოსამზადებელი კლასებიდგან წინედაც ნაკლებად იჭერდნენ ეგზამენებსა და ახლაც ნაკლებად იჭერენ. ეს თვითონ სკოლის უვარგისობას და უხეირობას არ მიეწერება. უმთავრესი მიზეზი აქ სხვა გახლავთ… მოგეხსენებათ, რომ სოფლის ყმაწვილები მორცხვნი და მოკრთალენი არიან და ყველა ახალს და შეუჩვეველს მდგომარეობაში იფანტებიან, ხეირიანად ვერა ხმარობენ ვერც თავის ენასა და ვერც აზრებსა. სრულიად სხვასა ვხედავთ ქალაქელ ბავშვებში, რომელნიც შეჩვეულნი არიან საზოგადოებას, გამოცდილი აქვთ სხვა-და-სხვა მდგომარეობა და ამიტომ ყველგან და ყოველთვის თამამნი არიან მიხვრა-მოხვრაში, ლაპრაკში, აზრების დალაგებით წარმოთქმაში. ჩვენის სააზნაურო სკოლის მოსწავლენი თითქმის სულ სოფლელები არიან და თავისი სოფლისა და სააზნაურო სკოლის გარდა, თითქმის არაფერი უნახავთ. და აი ამ უნახავთ, გამოუცდელთ, მორცხვთ და მოკრრთალეთა უნდა ცილაობა გაუწიონ ეგზამენის დაჭერაში ქალაქი ვაჟებსა და ისიც სადა? უცხო სასწავლებელში, უცნობის ეგზამენატორების წინაშე, შეჩვეულს და ხამს მდგომარეობაში. მათ ენაც ებმით, აზრებიც ერევათ და თავის ცოდნის მეოთხედს ნაწილსაც ვერ გამოიჩენენ ხოლმე იმისთანა მოსწავლენიც, რომელთაც მშვენივრად შეითვისეს მოსამზადებელი კურსი სააზნაურო სკოლისა, და ამის პირდაპირი შედეგი ის არის, რომ სააზნაურო სკოლიდან იმის მაგივრად, რომ ათობით და ოცობით შევიდნენ სხვა-და-სხვა სასწავლებლის პირევლს კლასში, ძლივსძლივობით თითო-ოროლა ეღირსება ხოლმე მიღებასა.

ჩვენი აზრით, ცოტაოდენი უნარი რომ გამოვიჩინოთ, ამ დაბრკოლებას თვიდგან ავაცდენთ სააზნაურო სკოლის მოსწავლეთა. კერძო სასწავლებლების კანონების მეექვსე პარაგრაფის მეორე შენიშვნა ნებას აძლევს ადგილობრივს სამოსწავლო მთავრობას კერძო გიმნაზიების მოსწავლეებს, კურსის გათავების შემდეგ, ეგზამენი უყოს მართებულობის გიმნაზების გარეშე ცალკე დანიშნულის დეპუტატების შუამავლობით და ვინც იმათ წინაშე ეგზამენს კარგად დაიჭერს, იმათ მიეცეს ატესტატი სიმწიფისა. ჩვენ უნდა ხელი ჩავჭიდოთ ამ საბუთსა და ვთხოვოთ მთავრობასა, რომ, როცა ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოსამზადებელი კურსი შეასრულონ, ეგზამენი დაიჭირონ მთავრობისაგან გამოგზავნილ დეპუტატების წინაშე სააზნაურო სკოლაშივე, და ვინც კარგად დაიჭერს ეგზამენს, იმას მთავრობის მოწმობა მიეცეს მოსამზადებელის კურსის დასრულებისა. მოწმობა, რომელიც იხსნის ყმაწვილს ეგზამენის დაჭერისაგან იმ სასწავლებელში, სადაც მას შესვლა უნდა, და გაუღებს მას მის კარებს, თუ ძლიერ ბევრნი არ აღმოჩნდებიან იმისთანანი, რომელიც საკონკურსო ეგზამენზედ მასზედ უკეთესს ბალებს მიიღებენ.

მაგრამ ჩვენ მოტყუებულნი დავრჩებით, თუ გაზვიადებულს იმედს გავყვებით და ვიფიქრებთ, რომ უმეტესი ნაწილი მოსამზადებელი კლასის მოწაფეებისა ეღირსება მართებლობის სასწავლებელში შესვლასა. არა, ზოგი დეპუტატების წინაშე ვერ დაიჭერს ეგზამენსა და მოწმობას ვერ აიღებს, ზოგი მოწმობის მქონეც მიუღებელი დარჩება უფრო ბედნიერი კონკურენტების სიმრავლის გამო, ასე, რომ ძლიერ ბევრი მოსამზადებელ კურს დასრულებული ისევ ჩვენი ამარა დარჩება, თუმცა-კი ერთი-ორად და სამად უფრო ბევრი შევა მრთებულობის სასწავლებელში, ვიდრე ეხლა შედის სააზნაურო სკოლებიდგან. რა უნდა ვუყოთ ამ დანარჩენებსა? მათთვის მიუცილებლად უნდა ვიქონიოთ ჩვენი საკუთარი საშუალო სასწავლებელი. იგი სხვაფრივაც საჭიროა ძლიერ. ეროვნული მიმართულება, რომელიც თითქმის სრულიად უარყოფილია მართებულობის ყველა საშუალო სასწავლებლებში, აქ აღიზრდება მოსწავლეთა გულსა და გონებაში ჭეშმარიტი მამობრივი მზრუნველობით და სიყვარულით და ეს სასწავლებელი იქმნება ერთი ქართველი ცენტრთაგანი (რითაც ძლიერ ღარიბნი ვართ) ჩვენი განათლებული დასისათვის, სადაც მას შეუძლიან ასცილდეს მოხელეობის უღელსა და ემსახუროს სამშობლო ქვეყნის სიკეთეს და საზოგადოებრივს ინტერესებსა.

მხოლოდ საქმე იმაშია, რა გვარი სასწავლებელი უნდა მოჰყვეს მოსამზადებელს კლასებსა? მე უარს ვყოფ პროგიმნაზიას, როგორც ნახევარ ღონეს, რომელიც შუა გზაზე დაგვტოვებს და სხვა სასწავლებლების კარების რაკუნს გავიდგან არ აგვაცილებს. პროგიმნაზია იგივე მოსამზადებელი სკოლაა გიმნაზიისათვის: გვეყოფა ერთი მოსამზადებელი სასწავლებელი, ავიცილოთ თავიდგან ეს მეორე, მით უმეტეს, რომ პროგიმნაზია მომზადებას აძლევს ვიწრო ხასიათსა, ვიწრო ორღობეში, კალაპოტში აგდებს მას. ჩემი აზრით, ჩვენთვის აუცილებელს საჭიროებას შეადგენს დამთავრებული საშუალო სასწავლებელი.

საშუალო სასწავლებელი ორგვარია: კლასიკური და რეალური, რომელი მათგანი უფრო შესაბამი და სასარგებლოა ჩვენი ერისათვის? რომელი უფრო ნაკლებ დრო, ნაკლებ ხარჯს ითხოვს და რომელი უფრო ზედ გამოჭრილია ჩვენის ერის ყოფა-ცხოვრებაზედ, მდგომარეობაზედ?

მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები მომხრე რეალური სისტემისა. იგი მიმაჩნია ყველა ერისათვის უფრო ნაყოფიერ სისტემად, მეტადრე ქართველებისათვის. კლასიკურს სისტემას უარვყოფ შემდეგთა მოსაზრებათა ძალით.

კლასიკური სისტემა ითხოვს ბევრს დროსა – რვა წელს გიმნაზიაში და ოთხს უნივერსიტეტში. იგი მთელს ევროპაში ამ ჟამად აღიარებულია ძნელ სისტემად, მძიმე ტვირთად, რომელიც ჰბადავს მოსწავლეთა შორის ესრედ წოდებულს დაქანცულობას გონებისასა. ეს აზრი ბოლოს ხანს გაისმა გერმანიის საიმპერატორო ტახტიდგანაც-კი. ყველაფრიდგან სჩანს, რომ კლასიკურს სისტემას ანდერძი ეგება თვით ევროპაში და ამ საუკუნის გასვლამდე უარყოფილი იქნება ყოველგან. და ეს მომაკვდავი სისტემა რად უნდა გადმოვრგათ ჩვენს ნიადაგზედ და მოვახმაროთ მას ჩვენი უკანასკნელი გროშები? ხოლო, თუ ევროპაში ეს სისტემა მძიმე ტვირთია, ჩვენში მისი სიმძიმე და აუტანლობა მატულობს ერთი სამად და ოთხად. ევროპიელი ბავშვი დაბადებიდგანვე იმყოფება განვითარებულის ოჯახის და საზოგადოების გავლენის ქვეშა და ამიტომ იგი ბევრით მაღლა სდგას გონებრივის ძალით ქართველ ბავშვზედ, ასე რომ იქაური რვა წლის ბავშვი უდრის ჩვენებურს ათისა და თორმეტის წლის ბავშვსა. ევროპიულს ენებს ახლო კავშირი აქვთ ძველს კლასიკურს ენებთან, მეტადრე ლათინურთან, და ამიტომ ამ უკანასკნელების შეთვისება შედარებით ეადვილებათ ევროპიელს ბავშვებსა. ჩვენი ქართული ენა-კი შეადგენს ფრიად თავისებურს ლინგვისტურს მოვლენასა და არავითარი კავშირი და მსგვავსება არა აქვს ძველს კლასიკურს ენებთანა. ეს გარემოება მეტად უძნელებს ჩვენს ბავშვებს კლასიკურსის სისტემის დაძლევასა.

ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ კლასიკური სისტემა მაშინ ეწევა თავის დანიშნულებას, როცა იგი დამთავრბულია და მის შემთვისებელი იქამდის არის მისული, რომ შეუძლიან კლასიკების თხზულებანი თავისუფლად იკითხოს. ხლო, როცა იგი შუაზე სწყდება, მთელი დრო, მონდომებული ამ ენების შესწავლაზე, დაკარგულად უნდა ჩაითვალოს, და განა ცოტა რიცხვია მოწაფეთა, რომელნიც გიმნაზიას არ ასრულებენ და გამოდიან სხვა-და-სხვა კლასებიდგან? გიმნაზიის ათას მოწაფეში ორმა კურსი შეასრულოს, კაი ქებაა, დანარჩენი რვა-კი თავს ანებებს სწავლას და ფუჭად მიუდის ის დიდი დრო, რომელიც მათ მოანდომეს ლათინურის და ბერძნულის გრამატიკის ზეპირობასა. არც იმ ორს კურს დასრულებულის მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს სახარბიელოდ. თუ იგინი იშვიათის ნიჭის პატრონნი არ არიან, გიმნაზიის გათავების შემდეგ იგრძნობენ ილაჯის გაწყვეტას, დაღლილობას და მათვთვის სიმწიფის ატესტატი იქნება ატესტატი დაქანცულობისა. რა სიკეთეს უნდა მოელოდეს სამშობლო ამ დაქანცული კლასიკებისაგან!

რეალური სისტემა ითხოვს უფრო მოკლე დროსა და უფრო ნაკლებ ხარჯსა, რაც ჩვენისთანა ხელ-მოკლე ხალხისათვის დიდი შეღავათია. რალური სისტემა ერთსა და იმავე დროს გასაღებიც არის და კლიტეცა, რადგანაც რომელიმე საბუნებისმეტყველო ნაწილის შესწავლაც ჭეშმარიტს ცოდნას აძლევს მოსწავლესა და ამიტომ არც ერთი საათი, მონდომებული ამ მეცნიერებაზედ, მას არ ეკარგება იმ შემთხვევაშიაც, როცა ის არ ასრულებს კურსსა და გამოდის რომელიმე კლასიდგანა. საუკეთესო პედაგოგების აზრით, რომელსაც დიდი პედაგოგი რუსეთისა უშინსკიც სრულიად ეთანხმება, რეალური სისტემა აძლევს მოსწავლეთა გონებას ყველა იმ სიკეთეს, რომელსაც გამოელიან კლასიკური სისტემიდგან და ბევრს სხვასაც, და ავსებს თავისს მიმდევართა ცოველი და ნაყოფიერი სწავლითა, და არა ცარიელი ფილოლოგიური ფორმულებითა. იგი არის სისტემა მომავლისა. ბოლოს, რეალური სისტემა ამზადებს მოწაფეებს სამეურნეო ცოდნის შესაძენად, ხოლო ამ ცოდნას უპირველესი მნიშნვლობა აქვს ჩვენთვის, რადგანაც მთელი საქართველო წარმოადგენს ერთს დიდს სოფელს, რომელიც მეურნეობით სცხოვრობდა, სცხოვრობს და იცხოვრებს და რომელმაც მიუცილებლად უნდა შეირჩინოს თავისი მიწა-წყალი, თუ დედამიწის პირიდგან თავისი გაქრობა არა სურს.

ჩემი აზრით, მოსამზადებელ კლასებთან უნდა დავაარსოთ რეალური სასწავლებელი ხუთი წლის კურსით, მხოლოდ იმ დამატებით, რომ თეორეთიულს სწავლებასთან ეთად მოსწავლეებმა უნდა შეითვსონ პრაქტიკულად, თვალსაჩინოდ: მებოსტნეობა, მებაღეობა, ფუტკრისა და აბრეშუმის ჭიის მოვლა და ამ სახით მოემზადნენ მაღალი სამეურნეო ცოდნის მისაღებად. მე უარ-ვყოფ ორ სპეციალურს კლასსა, რომელიც აბმენ რეალურს სასწავლებლებსა, რადგანაც ეს მოკლე კუდი უძულურია და მეტ-ნაკლებობით უსარგებლო. რეალურს სასწავლებელს უნდა მოჰყვეს მაღალი სამეურნეო სასწავლებელი, სადაც განვითარებული ქართველი ახალგაზრდობა შეისწავლის სწორედ იმ ცოდნას, რომელიც უძვირფასესია ყველა ცოდნაზედ საქართველოს ერისათვის, რომელსაც აუარებელი ბუნებრივი სიმდიდრე თვალწინ უძევს და სიღარიბით-კი შეწუხებულია შესაბამი ცოდნის უქონლობის გამო.

მაღალი სამეურნეო სასწავლებელი ფულს ბლომად მოითხოვს. ამ ფულის გამოღება მარტო აღმოსავლეთის საქართველოს თავადაზნაურობისათვის და თბილისის ბანკისათვის ძლიერ ძნელია. მაგრამ რაც განცალკევებულს ღონეს არ შეუძლიან, მას ადვილად განახორციელებს შეერთებული ძალა. თუ აქაურს კეთილშობილს წოდებას და ბანკს მიეშველება იმერი კეთილსობილი წოდება და ბანკი ქართული მაღალი სამეურნეო სასწავლებელი დაარსება ლიხის მთის ახლოს ოცნების სფეროდან დედა-მიწაზედ ჩამოვა და განხორციელებულ საქმედ შეიქნება. ამას წინედ ტრიალებდა ქართულს საზოგადოებაში აზრი შესახებ თბილისის და ქუთაისის სააზნაურო ბანკის შეერთებისა. რა გამოვიდოდა ამ შეერთებიდგან, სიკეთე, თუ მავნებლობა, ძნელია კაცმა გადაჭრით სთქვას. მხოლოს ის კი აშკარაა, რომ შეერთებული ძალით მოქმედება ორივე ბანკისა და ორივე თავად-აზნაურობისა იმისთანა მიმზიდველს და მიმტაცებელს ასპარეზზედ, როგორც არის მოფენა ჩვენს სამშობლო ქვეყანაში მაღალი სამეურნეო ცოდნისა, დიდის ნაყოფისა, დიდის სიკეთისა და დიდის მადლის მეტს ვერას მოიტანს შედეგადა.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button