იაკობ გოგებაშვილი – სწორე გზა
(წერილი რედაქციისადმი)
წინედ ქართულის ენის სახელმძღვანელოების ბედ-იღბალი ამ გზის წყდებოდა: ავტორი დაბეჭდავდა წიგნსა, წარუდგენდა გასაშინჯად და დასაფასებლად რომელსამე ქართულს დაწესებულებას, მოისმენდა მიუდგომელი კრიტიკის ვრცელს და დასაბუთებულს მსჯელობას, და თუ მისი წიგნი აღმოჩნდებოდა ღირსეულ ნაწარმოებად, მაშინ იგი მთავრობას წარუდგენდა მოსაწონებლად. ასეთი გზა გაიარა სავსებით, მაგალითად “დედა-ენამ”.
ბ-ნმა ნათაძემ სრულიად სხვა გზა ამოირჩია. მან რვეულად, ხელ-ნაწერად წარადგინა სადაც ჯერ არს თვისი წიგნი “ბავშვების მოკეთე”. ჩვენ ეს გზა უკუღმართ გზად ვაღიარეთ (და ვინ არ აღიარებს?) და ვთქვათ: ბოლოდგან საქმე იმიტომ დაიწყო, რომ მისი ღარიბი წიგნაკი ნორმალური, სწორე გზით დაბადებასაც ვერ ეღირსებოდა-თქო.
ბ-ნი ნათაძე გუშინ-წინდელს თავისს წერილში ცდილობს თავი იმართლოს ლიტონის სიტყვებითა, რომელთაც არავის თვალში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ მას უფრო უკეთესს გზას ვუჩვენებთ თავის გამართლებისათვის საზოგადოების წინასე. თუ ბ-ნს ნათაძეს მართლა საზოგადო სიკეთე ამოქმედებს, იმან უნდა ახლა მაინც აასრულოს ის, რასაც მოითხოვს წმინდა მოვალოება ხალხის განათლების წინაშე ყველა ქართველი მასწავლებლისაგან. სახელდობრ, მან უნდა წარუდგინოს თავისი ხელნაწერი გასასინჯად და დასაფასებლად ან “წერა-კითხვის საზოგადოებას”, ან თბილისის სააზნაურო სკოლის კომიტეტს პედაგოგიური რჩევითურთ, ან ქუთაისის სააზნაურო სკოლასა. ამ სამს დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ე ლ ს დაწესებულებაში ერთი რომელიმე, ბ-ნი ნათაძის მიერვე ამორჩეული, დანიშნავს კომისიასა განვითარებულის და მიუდგომელის პედაგოგებისა და ლიტერატორებისაგან, რომელნიც რამდენსამე დღის განმავლობაში გაიცნობენ “ბავშვების მოკეთეს”, შეადარებენ წიგნთან, რომელიც ახლა იხმარება სახალხო სკოლებში, მიიღებენ მხედველობაში, რომ პირველი საკითხავი წიგნი ამ სკოლებისათვის უკანასკნელიც არის, რადგან აგერ ხუთი-ექვსი წელიწადია მეორე საკითხავი წიგნი აღარ იგზავნება, და დაადგენენ სამართლიანს გადაწყვეტილებასა.
– თუ ეს გადაწყვეტილება იტყვის, რომ “ბავშვების მოკეთე” ცოტათი მაინც სჯობიან შინაარსის სიმდიდრით და ღირსებით ახლანდელს ქართულს სახელმძღვანელოს, რომლის სანაცვლოდ არის იგი დანიშნული, მაშინ ბ-ნი ნათაძე გამართლედება საზოგადოების წინაშე, ჩვენ აღარ გვეთქმის რა და მისს წიგნს ფართო გზა გაეხსნება. თუ წინააღმდეგ ამისა, დაწესებულება აღიარებს, რომ “ბავშვების მოკეთე” შედარებით ბერით დაბლა სდგას როგორც კითხვის, ისე წერის მასალის სიმდიდღით, ღირსებით, ელემენტარულის იდეალების რაოდენობით, – მექანიკურად არის შედგენილი და მისი მიღება სკოლებში ბევრად შეავიწროვებს ქართულს ენასაც, ბავშვების განვითარებასაც და ხალხის განათლებას უკან დასწევს, მაშინ მან დროებით შეაჩეროს გამოცემა თავისი წიგნისა, ვიდრე რომელიმე განვითარებული და მცოდნე პედაგოგის დახმარებით და ხელმძღვანელობით გაამდიდრებდეს და გააუკეთესებდეს მას იმდენად, რომ ნახევარი ნებიჯით მაინც წინ გადაადგმევინოს ფეხი ქართულს ენის სწავლებასა.
ამით დაიხსნის იგი საყვედურისაგან თავის თავსაც, თავის მფარველის “კვალის” რედაქციასაც და საზოგადო საქმესაც თავიდგან ააცილებს დიდს ზიანსა.
ქართულის ენის ბედი რომ ნორმალურს მდგომარეობაში იყოს, ჩვენ ყურსაც არ გავიბერტყავდით, კრინტსაც არ დავძრავდით, რადგანაც მაშინ წიგნს თავის-თავად ეწეოდა ის ბედი, რისიც ღირსია იგი.