იაკობ გოგებაშვილი – ქართული წერის დედანი-ნაწილი
ამ დღეებში ბატ. გაბიჩვაძემ გამოსცა “დედანი ქართული წერისა”. ამ დღეებში გამოვა ჩვენი “დედანიც” ჩვენ ორივეს მეტ-ნაკლებობით შეგვისწავლია ეს საგანი, გვიფიქრნია. მასზედ, ბევრი გვიცოდილნია და ამიტომ ბევრზედ ადვილად შეგვიძლიან განვითარებული სიტყვა წარმოვსთქვათ ერთმანეთის შრომაზედ. ჩვენს ბაასს მოისმენენ მასწავლებელნი, საზოგადოება, აიღებ-დაიღებენ, ჭეშმარიტს მსჯელობას შეიწყნარებენ, უსაფუძვლო კილვას გვერდს აუვლიან და ამ გზით შესდგება საღი, უტყუარი შეხედულება საგანზედ. ჩვენ, იქნება, კრინტიც არ დაგვეძრა ამ საგანზედ, თვით ბატ. გაბიჩვაძეს რომ არ გამოვეწვიენით. მან თვითონვე დაბეჭდა წერილი “დროებაში” თავის “დედანზედ”, რომელშიაც მას რეკომენდაციას უკეთებს მასწავლებლების და საზოგადოების წინაშე და ორიოდე კენჭს ისვრის ჩვენი “დედნისაკენ”. მაგრამ ეს გარემოება ჩვენს განხილვას ვერ მისცემს ცალმხროვანის მსჯელობის თვისებას, ხასიათსა. ჩვენ მარტო ნაკლულევანებაზედ არ ვილაპარაკებთ; თუ რაიმე ნამდვილი ღირსება აღმოჩნდბა, ჩვენ არამც თუ ყურადღებას მივაქცევთ, დიდი ასოებით აღვნიშნავთ.
როცა თქვენ “დედანს” ადგენთ რომელისამე გავრცელებული “ანბანის” მიხედვით, იძულებულნი ხართ დაემორჩილოთ იმ რიგს ასოებისას, რომელიც მიღებულია ამ “ანბანში”. მაგრამ თუ თქვენი “დედანი” ამ მხრით დამოკიდებულია, იგი უთუოდ უნდა ემორჩილებოდეს ესრედწოდებულს გენეტიურს მეთოდს, რომელიც მოითხოვს წინ-ძღოლას იმ ასოებისას, რომელნიც უფრო მარტივნი არიან ელემენტებით და რთული ასოების ელემენტს შეადგენენ. გაბიჩვაძე დასდგომია ამ დამოუკიდებელს გზასა, გენეტიურს მეთოდს. კარგი და პატიოსანი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მორევია ამ მეთოდს და მეორე ნაბიჯზედვე უღალატნია მისთვის. პირველი ასო მისი დედმოსა არის ი, მეორე ა. მაგრამ განა ა შესდგება იმავე ელემენტებისაგან, რომლიდგანაც ი? სრულიადაც არა. ა არის რთული ასო, შესდგება მრუდე ხაზებისაგან და ძნელია დასაწერად. მართალია, “ანბანებში” ეს ასო თავშია მოქცეული, მაგრამ ის სხვა მოთხოვნილებას, უფრო უძლიერესს, ემორჩილება რიგი ასოებისა, და “დედანში” კი ამ მოთხოვნილებას ადგილი არა აქვს. ი-ს შემდეგ უნდა დაეჭირა ადგილი ო-სა, რომელიც არის ორ-კეცი ი და რომლის დაწერაც ძლიერ ადვილია ამ უკანასკნელი ასოს წერის შესწავლის შემდეგ. ა უნდა ჩაერთო იქ, სადაც არის პ და ჰ, რადგანაც ესენი ორჯერ და სამჯერ გამეორებულს ა-ს შეადგენენ. ფ თითქმის სულ ბოლოშია მოქცეული, როდესაც მისი დაწერა ძლიერ ადვილია მას უკან, როცა ბავშმა იცის თ და ვ-ს დაწერა. აგრეთვე ზ ბოლოში გადაუტანია და არ მიუღია სახეში, რომ რაკი ბავშვმა იცის ხ და თ-ს დაწერა, ზ მისთვის მეტად საადვილო ასოა; რ, ბ და ნ წინ უძღვიან ზ-სა და უ-სა მაშინ, როდესაც უკანასკნელნი ბევრად ადვილნი არიან წინაებზედ. შიგა და შიგ კი სწორედ მოსვლია ასოების ჩარიგება, ასე, რომ “დედნის” რიგს სრულიად ვერ დავიწუნებთ და ავ-კარგიანად უნდა ჩაითვალოს.
“დედანი” ბ. გაბიჩვაძისა დანიშნულია პირველი წლისათვის, როდესაც ბავშვები ანბანსა სწავლობენ. ყველამ იცის, რომ დღეში სკოლაში თითო ასოს გაიცნობენ ხოლმე და აკავშირებენ ამ ასოს ყოველს წინედ ნასწავლს ასოებთან. ბატ. გაბიჩვაძე კი ხუთ-ექვს ასოს ერთად აჩეჩებს ბავშვს დასაწერად. რა უნდა ჰქნას სკოლამ? ან იმოდენა ხათრი უნდა გაუწიოს “დედნის” შემდგენელსა, რომ თითო დღს ხუთი-ექვსი ასო შეასწავლონ, ან არა და ხუთ დღეს ხელი აიღოს წერაზედ, მარტო კითხვას მიჰყვეს და მხოლოდ მეექვსე დღეს ერთბაშად ისწავლოს წერა ექვსი ასოსი. ცხადია, რომ ერთიც შეუძლებელია და მეორეცა.
თვითონ ასოების დაწერა ბევრგან ეწინააღმდეგება წერის კანონებსა. არამც თუ ნასწავლმა და შეგნებულმა პირმა, არმედ თვით უკანასკნელმა უმეცარმაც კი იცის, რომ როდესაც კალამს ქვევით, დაღმა უსვამთ, მაშინ მსხვილი ხაზი გამოდის და როდესაც აღმა, ზევით მიგაქვთ, კალამი წვრილს ხაზებს სტოვებს ქაღალდზედ. ბატ. გაბიჩვიძეს კი ყველგან არ დაუცვავს ეს კანონი. მეორე მის ასოს (ა) მარცხნივ წვრილი ხაზი აქვს და მარჯვნივ მსხვილი; გარდა ამისა, იწყება წერტილითა, რომელიც ყოვლად შეუძლებელია მაშინ, როდესაც კალამი ქვევით მიგაქვსთ. ასეთი სახე ა-სა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიეცეს, როდესაც მას დასწერთ უკუღმა, მარჯვნიდგან მარცხნივ და არა მარცხნიდგან მარჯვნივ, როგორც ყველანი სწერენ; ასევე უკანონოდ არიან დაწერილნი, ანუ, სწორედ რომ ვსთქვათ, დახატულნი: ხ, რომელსაც მარჯვნივ მსხვილი ხაზი აქვს, ჩ, რომელსაც ზემო რგოლის მარჯვენა მხარე გამსხვილებული აქვს, რაც შეუძლებელია აღმავალი კალმისათვის, პ, რომელიც იწყება წერტილით და გრძელდება წვრილი, ბეწვური ხაზი, რ, რომელსაც ქვემო ნაწილი მარცხენა მხარისა წვრილი აქვს, როდესაც უნდა იყოს მსხვილი, ზ, რომელსაც მარცხენა მხარი ზემო რგოლისა მსხვილი აქვს მაშინ, როდესაც ამ რგოლს თ-ში და ფ-ში ბატ. გაბიჩვაძე სწერს მარცხენა მხრის გაწვრილებით და მარჯვენა მხრის გამსხვილებით, უ, რომელიც იწყება წერტილით, დ, ღ, ლ, რომელთაც მთელი მარცხენა მხარე თანაბრად გამსხვილებული აქვთ, როდესაც მსხვილი უნდა იყოს მხოლოდ კუდი და კუდზედ მობმული ხაზი კი – წვრილი, რადგანაც იწერება აღმავალი კალმით. დახატულია აგრეთვე ასო გ-ნი, რომელსაც იმ გვარი უცნაური სახე აქვს, რომ მისი დაწერა შეუძლებელია. დანარჩენს ასოებში წვრილი და მსხვილი ხაზები წერის კანონს ემორჩილებიან.
რაც შეეხება ასოების სილამაზეს, ზოგი მართლა მოსაწონია, მაგრამ სამაგიეროდ ზოგი ისეთი მახინჯია, რომ გეგონება უხეირო მოსამზადებელი კლასის შეგირდს დაუჯღაბნიაო. დახედეთ, მაგალითად, ტ, ვ, ე, ჭ.
ისიც ხეირიანად ვერ გაურკვევია ბატ. გაბიჩვაძეს, თუ რომელი ასო რომლის ელემენტია. მას ი ჩაუთვლია ე ელემენტად და ამიტომ იმოდენა თავი მოუბამს უკანასკნელი ასოსათვის, რომ თავ-კომბალას ჰგავს და ძლიერ უშნო ასო გამოდის. ესევე შეცდომა მოსვლია ქ-ს შესახებ, რომლისათვისაც პოღოზას მუცელი გამოუბამს. ნამდვილად კი ამ ასოების ელემენტებად უნდა ჩაითვალოს არა ი, არამედ მარჯვენა ნახევარი ო-ნისა წერტილის დამატებით თავში.
მართალია, ესრედ წოდებულ მელიქიშვილის შრიფტს აგია პირველის შეხედულებით, მაგრამ აბა ცოტათი დააცქერდით მის ე-სა და თქვენ დაინახავთ, რომ უკანასკნელს მეტად უშნო სახე აქვს. წინააღმდეგ ამისა აკადემიური შრიფტი ეთანხმება ჩვენს შეხედულებასა და თუ შეადარებთ ამ შრიფტის ე-სა მელიქიშვილის შრიფტის ე-თან, ცხადად დაინახავთ, რომ, რავდენადაც პირველი ლამაზი და თავისებურია, იმდენად მეორე საძაგელი და მოკლებულია თავისებურობას და გ-ს ძლიერ მიაგავს. ქართულს გაკრულს ხელში ე-ს თავი თითქმის სრულიად არა აქვს და ამიტომ, როდესაც მრგვალს ხელში აბამთ ვეებერთელა თავსა, ადიდებთ მანძილს ამ ორს ხელს შორის, მაშინ, როცა იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ეს მანძილი შევამოკლოთ. რომ ბატ. გაბიჩვაძე ამ შემთხვევაში შემცდარია, იქიდგანაც აშკარად სჩანს, რომ ვ-ისა და გ-სათვის იძულებული გამხდარა მოკლე თავები მოება და მათ ელემენტად ჩაეთვალა მარჯვენა ნახევარი ო-სა. დიდი თავი აუჩნოებს ასოს ყ-საც, რომელსაც ყოველ გვარს შრიფტში და საუკეთესო ხელ-ნაწერებში პატარა მოკლე თავი აბია.
ზოგიერთი სოები მეტად უხერხულად არის ჩაწერილი ბადეში, შ-სა და ნ-ს ზემო წელს უჭირავს ორი უჯრა, შუა ტანს – ერთი. აქედგან ის წარმოსდგება, რომ, როდესაც შ წინედ მოექცევა ძ, მ, ქ, ნ, მაშინ მათ შუა დარჩება ტირიფონის მინდორი. ესევე უშველებელი მანძილი დაიდება ასოებს შორის, როდესაც წ მიჰყვებიან: ხ, ს, გ, ჩ, ბ, ნ. მაგრამ მეტად სასაცილო ჭაპანწყვეტა მაშინ გამოვა, როდესაც წ-ი წინ უძღვის სიტყვაში ზ-სა და შ-სა. ამ შემთხვევაში ტირიფონის მინდორიც საკმარისი არ იქნება და იძულებული ვიქნებით წეროვნის ვაკეც დავაყოლოთ. ამ ხიფათს სრულიად ასცდებოდა ბ. გაბიჩვაძე, რომ შ-სა და წ-ს ზემო ნაწილი მოეთავსებინა უჯრა ნახევარში; ასოებიც უფრო ლაზათიანი, სიმეტრიული გამოვიდნენ და ბადეშიაც ყოველ გვარი ასოების კომბინაციის ჩაწერაც ხეირიანად მოვიდოდა.
ერთი ახალი შემოღება ბ. გაბიჩვაძისა ასოების დაწერაში ყოვლად გასაკიცხია. ასოების ნაწილები რომ ერთმანეთს შეხვდებიან, ისე როდი ებმიან, როგორც არიან გადაბმულნი ყოველს გვარს შრიფტში და ხელნაწერში, ერთმანეთზედ გადადიან და კეთდება პაწაწინა რგოლი. ამ პაწაწინა რგოლის დაწერა ყოვლად შეუძლებელია, იგი უნდა დაიხატოს უთუოდ და ამ დახატვაში პაწია მოსწავლე დაღვრის ბევრს ოფლსა და დაჰკარგავს ბევრს დროსა. რის გულისათვის? რომ ბ. გაბიჩვაძის ყოვლად შეუსაბამო ფანტაზია დააკმაყოფილოს.
ასოების სიდიდეც ეწინააღმდეგება პედაგოგიის მოთხოვნილებასა. უწინ “დედნებს” იწყებდნენ ვეებერთელა, საჟენის სიმაღლე ასოებით და ეგონათ, რომ ეს ეხმარებოდა ლამაზი წერის სწავლასა. ახლა კი იმ აზრისანი არიან, რომ დიდი ასოების წერა ჯერ ძლიერ აბრკოლებს შვიდი, რვა წლის ბავშვების პატარა თითებსა და მერმე უძნელებს მათ წვრილი ხელის სწავლასა. ვისაც რაოდენიმე წერილი ან წიგნი წაუკითხნია წერის ხელოვნებაზედ, შეტყობილი აქვს, რომ “დედანი” უნდა იწყებოდეს იმოდენა ასოებით, რომ ისინი დაახლოებით სამი ჩვეულებრივი გაკრული ხელის ასოების ოდენანი იყვნენ. ბატ. გაბიჩვაძეს კი გულუხვობა უხმარნია და ასოები დაუჭერია თითქმის ხუთჯერ მეტი წვრილ ასოებზედ. აგრეთვე ეწინააღმდეგება წერის კანონს ის გარემოება, რომ ზემო და ქვემო ნაწილები ასოებისა შუა ტანზედ თითქმის ერთი ორად მომატებულნი არიან. ნამდვილად კი ან თანასწორობა უნდა არსებობდეს მათ შორის და ან განსხვავება ასე დიდი არ უნდა იყოს.
რეცენზიის მეორე ნაწილი
“თავის დედნის ბადე ძლიერ მოსწონს ბ. გაბიჩვაძეს, მაგრამ, საუბედუროდ, აქაც შემცდარია.
ბატ. ჯუღელმა და პ. უმიკაშვილმა თავიანთ დედნებში რვა-რვა მწოლარე ხაზი ჩასთვალეს საჭიროდ. მაგრამ ეს ძლიერ გადამეტებულია. ბატ. გაბიჩვაძე სჯერდება ოთხ ხაზსა. ესეც მეორე უკიდურესობაა და ამ შეცდომაში შეუყვანია იგი რუსული წერის ბადის მიხედულობას. რუსული ასოები მართლა ოთხ ხაზშიც იწერებიან; მაგრამ ამ გარემოებას მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენთვის ძალა, როდესაც ჩვენსა და რუსულს ანბან შორის დაახლოებითი მსგავსება არსებობდეს. ნამდვილად კი მათ შორის ვხედავთ არამც თუ განსხვავებას, პირდაპირს წინააღმდეგობას. მთელი რუსული წერითი ალფავიტი შესდგება შუალა ასოებისაგან, რომელნიც ორ ხაზს შუა იწერებიან, მხოლოდ სამიოდე ასო გადასცდება ხოლმე ამ ხაზებსა და ისიც მცირეოდენ მანძილზედ. ჩვენს ანბანში კი შუალა ასო მოიპოვება მხოლოდ ოთხიოდე (ა, თ, ი, ო), დანარჩენი კი შეადგენენ ან ზემო, ან ქვემო ასოებს. ქვემო ასოები თავდებიან აღმა რკალით, ზემო ასოები უმეტესად იწყებიან ან რკალით და ან რგოლით. მიუცილებლად საჭიროა, ბავშვმა პირველ ხანებში ბეჯითად იცოდეს, რა სიდიდე მისცეს ამ რკალსა და რგოლებსა, საიდგან დაიწყოს და სად შეაჩეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრჯელ შეცდება, ბევრჯერ მისცემს ასოების თავსა და ბოლოს შეუსაბამო და უშნო სიდიდეს. ამაში ის ბევრს დროსაც დაჰკარგავს და გვარიანი ხელის შესწავლასაც გაიძნელებს, რადგანაც ყოველს შეცდომას აქვს მიდრეკილება გამეორებისადმი. ერთი ძირითადი კანონი პედაგოგიისა ამბობს: ერიდე შეცდომასაო. ისე საჭირო არსად არ არის სასტიკად დაცვა ამ კანონისა, როგორც სწავლის დასაწყისში. თუ ბავშვმა რავდენჯერმე უშნო, უკანონო ასოები დასვა, მისი ხელი დაეჩვევა მათ ცუდად წერასა და შემდეგში ძნელად გადაეჩვევა. ბატონი გაბიჩვაძის ბადე ფართო გზას უშლის ბავშვების ხელებს მრავალ შეცდომებისათვის. მარტივიაო, აქებს ბატ. გაბიჩვიძე თავის ბადეს. მარტივი ბადე მაშინ არის კარგი, როდესაც თვითონ ანბანიც მარტივია. თუ ანბანი რთულია, ბადეც რთული უნდა იყოს. როგორც ტანისამოსს ტანზედ სჭრიან, ისე ბადეც ზედ ანბანზედ უნდა იყოს გამოჭრილი. ჩვენს ასოებს სამი უმთავრესი ნაწილი აქავთ. თავი, შუა წელი და ბოლო. ბადე უთუოდ უნდა უჩვენებდეს ბავშვს, რა სიდიდე მისცეს არა მარტო შუა წელსა, არამედ თავსაცა და ბოლოსაც. ამ მოსაზრების ძალით ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ოთხი ხაზი ბადისათვის. მართალია, ცოტა არის ჭრელი ხასიათი ეძლევა ბადესა, მაგრამ რას იზამ, თუკი თვითონ ჩვენი ანბანიც ჭრელია. სიჭრელის შესუსტებისათვის არის ერთი ღონისძიება: დახაზულს რვეულებში შეიძლება მეორე და მეხუთე ხაზების მაგივრად პატარ-პატარა წერტილები გამწკრივდეს.
ბატ. გაბიჩვაძე ბრძანებს, გამოცდილებით ვიცით, რომ ბავშვები ექვს ხაზიან ბადეში იბნევიანო. ჩვენში ბოლოს ხანს ერთობ ხშირად ხმარობენ გამოცდილებას, პრაქტიკას ფარხმალად ცრუ აზრების დასამტკიცებლად და ჭეშმარიტი აზრების დასარღვევად, სწორედ ისე, როგორც გამოცდილებით, პრაქტიკით შუა-საუკუნეებში ამტკიცებდნენ ზოგი ადამიანის კუდიანობასა და სწვავდნენ ცეცხლში. საქმე იმაში მდგომრეობს, რომ საღი-გონიერი გამოცდილება ყველასათვის არ არის შესაძლებელი. აქ საჭიროა გამჭრიახი გონება, რომელსაც შეეძლოს დააფასოს მოვლენანი, შეიგნოს მათი ბუნება, გაარჩიოს შემთხვევითი ელემენტები მიუცილებელი ელემენტებისაგან, სუბიექტური შედეგები ობიექტურისაგან და დაადგინოს საგნებზედ ნამდვილი რეალური შეხედულება. წინააღმდეგ შემთხვეაში, გამოცდილების მაგიერ, შეუსაბამო ოცნებანი შეგვრჩება ხელში. ამიტომ, როდესაც რომელიმე პირი თავის საკუთარს გამოცდილება უდგამს ბოძად რომელსამე მოსაზრებას, ჯერ უნდა დაგვარწმუნოს, რომ იგი მოკლებული არ არის იმ პირობათა, რომლებზედაც არის დამოკიდებული საღი და უტყუარი გამოცდილება. ბატ. გაბიჩვაძემ ორჯელ შეადგინა ქართული წერის დედანი, საკუთარს გამოცდილებაზედ დამყარებული, და ორივე გამოცემა გამოვიდა მეტად და უცნაური. აქედგან აშკარად სჩანს, თუ რამდენად არის იგი მომზადებული გონივრული გამოცდილებისათვის და რა ფასი უნდა დასდოთ მის მოსაზრებათა, რომელნიც სურს გაამართლოს საკუთარის გამოცდილებით.
ოთხი ხაზი უფრო მომეტებულს თავისუფლებას აძლევს ბავშვსა წერაშიო, ვიდრე ექვსი ხაზიო, ბრძანებს ბატ. გაბიჩვაძე. თუ თავისუფლებაზედ მივარდა საქმე, ერთსაც და მეორესაც სრული უაზრობა ემჯობინება. ჩვენი აზრით, ექვსხაზიანი ბადე სწორედ იმდენს თავისუფლებას აძლევს წერაში, რავდენისაც მორევა ბავშვს შეუძლია პირველს თვეებში; ოთხ ხაზიანი ბადე კი ფართო გზას უშლის მახინჯი ასოების წერასა და მრავალს შეცდომასა. როგორც ჭოჭინა არ უშლის ბავშვის თავისუფალ მოძრაობას, არამედ უფრო სწრაფად ამზადებს ამ გვარს მოძრაობისათვის, ვიდრე იგი მოემზადებოდა უჭოჭინოდ. აგრეთვე ანბანზედ ზედ გამოჭრილი ბადე უადვილებს ბავშვებს ლამაზი ხელის შეთვისებასა, სწრაფად ამზადებს მარჯვე და თავისუფალი კალმის ხმარებისათვის, რაც შეეხება ბავშვების დაბნევას ეს პირველს დღეებში მოსდით ყველა დაბნეულს ბავშვებს ყოველგვარი ბადის ხმარების დროსა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მასწავლებელი ხეირიანად და ჩაგონებით არ აუხსნის ბადის ვითარებასა და ხმარებასა. ყოველს შემთხვევაში მეორე-მესამე დღეს მთელი კლასი ეჩვევა ასოების კანონიერად ჩაწერას ბადეში და რიგიანად მიჰყავს საქმე.
თუ ყურადღებით ჩააკვირდებით ბატ. გაბიჩვაძის დედანსა, დარწმუნდებით, რომ საზღვრების ჩვენება, თუ საიდგან უნდა დაწყებულ იქნას თავი ასოებისა და სად უნდა იქმნას გათავებული მათი ბოლო, საჭიროა არამცთუ ბაშვისათვის, თვით ზოგიერთი დედნის შემდგენი კალიგრაფისათვისაც. ბატ. გაბიჩვაძეს მ და შ-სათვის მომცრო თავი მიუბამს, ზ, ჩ და წ-სათვის უფრო მოზრდილი. ქვემო ასოებში მხოლოდ ერთს, სახელდობრ ჭ-ს აბია ზომიერი, მოკლე კუდი, რომელიც ქართულს შრიფტს შეეფერება; ყველა სხვა ქვემო ასოებისათვის კი მოუბავს ვეებერთელა მაღალი კუდები და დაუმგზავსებია რუსული у და д-სათვის. ეს უკანონო და უშნო უთანასწორობა მოსვლია ერთი მხრით უცოდინრობით და მეორე მხრით იმიტომ, რომ თვალს მოუტყუებია ზომაში. თუ თვით ბატ. გაბიჩვიძეს ბადის სიმარტივით ასე შეუშალა ხელი, რავდენადაც მომეტებულად შეუშლი ხელს ეს სიმარტივე ხამს ბავშვსა, რომელიც პირველად იღებს ხელში კალამსა??
რასაც ბავშვი დღეს ისწავლის, ის ხვალაც უნდა გაიმეოროს ახალს შესწავლილთან ერთად, თორემ დაავიწყდება და წარმატება მისი შეუძლებელი შეიქმნება. გამეორება დედაა სწავლისაო, ამბობდნენ უწინ დაწინაურებულნი პირნი და იმეორებენ ახლანდელი პედაგოგებიც. ამ მოთხოვნილების ძალით ყოველი ასო, რომლის დაწერაც ბავშმა დღეს შეისწავლა, შემდეგს გაკვეთილშიაც უთუოდ უნდა ერიოს. ეს მოთხოვნილება ყოველს გვარიანს დედანში სასტიკად არის დაცული. ბატ. გაბიჩვიძეს საჭიროდ არ ჩაუთვლია ყურადღება მიექცია ამ პედაგოგიური აქსიომისათვის და დედანი შეუდგენია ისე, რომ იშვიათად შეხვდებით შემდეგ გაკვეთილებში იმ ასოებს, რომელნიც დღეს შეისწავლეს ბავშვებმა. აუცილებელი შედეგი ამისა ის იქმნება, რომ რასაც დღეს ბავშვი ისწავლის, ის ხვალ დაავიწყდება, ხვალინდელი ნასწავლი ზეგ ჭკუიდან გაეპარება და მისი გონება დაემზგავსება ცხრილსა, რომელიც წყალს სრულიად ვერ იჭერს.
ყოველი დედანი, პირველი წლისათვის დანიშნული, ერთი წლის მასალას მაინც უნდა იპყრობდეს. ბატ. გაბიჩვაძეს შვიდ გვერდზედ დაუტევია სწორედ ოცდა-ერთი სტრიქონი, რომელიც შეიცავს ასოებს და მხოლოდ სიტყვებს. არც ერთი ფრაზა, არც ერთი გაბმული საწარი აქ არ მოიძებნება. ვსთქვათ, მასწავლებელმა როგორმე აკმარა ბავშვებს მხოლოდ ასოების და სიტყვების წერა, დედნის მასალას იგი მაინც და მაინც გაათავებს ანბანთან ერთად, ესე იგი ორი თვის განმავლობაში. შემდეგ, როცა პირველს საკითხავს წიგნსა შეუდგება, მაშინ რაღა ჰქმნას? მეტი ჩარა არ იქნება, უნდა მეორე ნაწილი დედნისა აყიდვინოს ბავშვებსა. და თუ მეორე ნაწილიც ასეთი მდიდარი იქმნება შინაარსით, მაშინ მესამე ნაწილის სყიდვა პირველსავე წელს მოუხდებათ…
სწორედ მოგახსენოთ, ჩვენ გაკვირვებული ვართ, როგორ მოახერხა ბატ. გაბიჩვაძემ, რომ ერთ წიწკნა დედანში დაარღვია თითქმის ყოველი კანონი წერისა, დადგენილი პედაგოგით. ჩვენი გაკვირვება უფრო ძლიერდება, როცა მოვიგონებთ, რომ ბატ. გაბიჩვაძე დიდი ხანი იყო წერის მასწავლებლად, ათი წელიწადი იქმნებოდა, როცა ცდილობს დედნის შედგენასა და ამას თან ბევრს პირს ჰკითხა რჩევა, როგორც ქუთაისში, ისე თბილისში.
ეს შემთხვევა ერთხელ კიდევ აშკარად ამტკიცებს სპენსერის და სხვა დაწინაურებული პირების აზრსა, რომელნიც აღიარებენ, რომ ყოველი პრაქტიკული გამოცდილება უსარგებლო და უაზრო მექანიკოსობაა და ამაოდ ჩაივლის, თუ მას წინ არ უძღვის მეცნიერული შესწავლა საგნისა, თუ საქმე მეცნიერულს პრინციპებზედ არ არის აშენებულიო.
ჩვენთვის პირად უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ჭეშმარიტება, ეს უტყუარი სიმართლე ბატ. გაბიჩვაძის დედანზე ვისმე სხვას წარმოეთქვა. მაგრამ სახალხო სკოლისათვის კი სულ ერთია, ვინც უნდა უთხრას დროზედ სასარგებლო სიტყვა და დაიფაროს მავნე შეცდომისაგან.
ამით ვათავებთ ჩვენს დღევანდელს საუბარსა. რავდენად სამართლიანად მოვიქეცით ჩვენს მსჯელობაში, ამას მასწავლებლები და მკითხველი საზოგადოება განსჯის.
ახლა ბატ. გაბიჩვაძეს რიგია. ახლა იგია ვალდებული ყოველი მხრით გაარჩიოს ჩვენი დედანი და გამოააშკარაოს ყოველი მისი ნაკლოვანება. თუ ჩვენ იმის პაწაწინა და მარტივ დედანში, რომელიც შეიცავს სულ 250 ასოსა, ამოვაჩინეთ ამოდენა შეცდომილება, მან ბევრად უფრო ადვილად უნდა გამოჩხრიკოს მრავალი ხინჯი რთულს დედანში, რომელიც სურათების გარდა, იპყრობს, სულ რომ უკანასკნელი ვსთქვათ, 10. 000 ასოსა. ჩვენს შემდეგ სხვანი მოიწადინებენ ბაასში ჩარევასა, და გაიმართება ცხარე და ნაყოფიერი ბაასი. მართალია, დედნის შემადგენლებს არა ერთს მწარე სიტყვას გააგონებენ, ჩვენებურათ, ახლანდებურათა; მაგრამ არა უშავსრა. საქმე ამ ბაასით ბევრს მოიგებს, არა ერთი ჭკუაში დასაჯდომი აზრი წამოითქმება ჩვენი წერის ვითარების და თვისების შესახებ და ყველა ამის შედეგი ის იქმნება, რომ ამის შემდეგ დაბეჭდილი ქართული დედანი იქმნება ბევრად უფრო უკეთესი და სასარგებლო”.