იაკობ გოგებაშვილი – ღვთისმიერი აზრი
(Три мира, Ламанского)
მკითხველს ეხსომება ჩვენი წერილი ხალხის განათლების შესახება დაბეჭდილი წარსულ წელიწადს “მოამბის” მეთერთმეტე ნომარში. ამ წერილის მთავარი აზრი ის იყო, რომ სახალხო სკოლა უძლურია იმდენად შეასწავლოს რუსული ენა ქართველს ბავშვებს, რომ მათ შეეძლოთ ლაპარაკი ამ ენაზე და შეგნებით კითხვა რუსული წიგნებისა და ცოდნის შეძენა. ის საყველპურო რუსული, რომელსაც რის ვაი-ვაგლახით სწავლობენ სოფლის ბავშვები, მალე უქრებათ გონებიდან სკოლის დატოვების შემდეგ და რჩებიან სრულიად ხელცარიელნი, ვამბობდით. ერთად-ერთი სიკეთე, და დიდი სიკეთეც, რის მოტანა შეუძლიან სასოფლო სკოლასა, არის გავრცელება ხალხში გონიერი ქართულის წერა-კითხვისა, შეგნებით კითხვა ქართული სახალხო წიგნებისა, რომელნიც ხალხში ცოდნასაც მოჰფენენ და მაღალ-გრძნობებსაც აღზრდიან-მეთქი. ამიტომ ვუმატებდი, თუ სახალხო სკოლამ ზურგი შეაქცია დედა-ენას და გამოუდგა უმთავრესად რუსულის ენის შესწავლას, იგი ამ მიზანსაც ვერ მოეწევა, ქართულ წიგნსაც ასცდდება, და გარდაიქცევა უნაყოფო და მავნე დაწესებულებად-მეთქი.
ამ საგნებზედ ბევრჯელ გვიბაასნია ამ ოც-და-ათის წლის განმავლობაში თითქმის ყველა ქართულს პერიოდულს გამოცემაში და მოგვიყვანია შესამოწმებლად ჩვენის აზრებისა, სხვათა შორის, საუკეთესო რუსი პედაგოგების მსჯელობანი. ამ ჟამად ჩვენ უნდა დავიმოწმოთ ერთი გამოჩენილი რუსი მწერალი, არც პედაგოგი, არც რადიკალი და ლიბერალი, არამედ კონსერვატორი, სლავიანოფილი; მაგრამ ყველასაგან პატივცემული თავისი მართებულობის და გულწრფელობის გამო. ეს მწერალი არის პროფესორი ლამანსკი, რომელიც თავის უკანასკნელ თხზულებაში ” Три мира” , სხვათა შორის ეხება სახალხო სკოლას რუსეთთან შეერთებულს უცხო ტომთა შორის და იმისთანა ღვთისნიერს აზრსა ჰქადაგებს, რომელიც სავსებით ეწინააღმდეგება ყოველ მხრივ მუნჯოვის, მტევნოვის და კამპანიის უკუღმართობასა. ჩვენ ამ ფრიად შესანიშნავს აზრს მოვიყვანთ.
“ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ და სწერენ რუსული ენის გავრცელებაზედ უცხო ტომთა შორის. ყოველი ენა ვრცელდბა თავისი ბუნებრივი მიწა-წყლის გარეშე სხვადასხვა ღონის ძიებით და გზითა. რამდენიც უფრო მდიდარია ხალხი განათლებით, რამდენიც უფრო მაღალია და მრავალ-ფეროვანი მისი ლიტერატურა, მით უფრო მეტი ხალისით სწავლობენ უცხო ტომნი მის ენასა. გზები, აღებ-მიცემითი მისვლა-მოსვლა, სკოლაც-რომ არ იყოს, ძლიერ ეხმარება მთავარის ხალხის ენის გავრცელებას სახელმწიფოში. მერმე, სკოლა, მეტადრე საშუალო და უმაღლესი, სრულს სიმკვიდრეს აძლევს ამ ენის ცოდნას განათლებულ უცხოთა შორის. მაგრამ დაბალი, პირველ-დაწყებითი სკოლა იქ, სადაც უცხონი სცხოვრობენ მიყრუებულს ადგილებში, რომელნიც მოშორებულნი არიან შარაგზებსა და რუსულს ახალ-შენს სოფლებსა, იქ, რასაკვირველია, ამ სკოლას არ ძალუძს გაავრცელოს და დანერგოს რუსულის ენის ცოდნა უცხოელებში. რასაც ორს, სამ წელიწადს ისწავლიან ექვსის თვის სიარულის დროს სკოლაში (ჩვენში, ზამთრის სიმოკლის გამო წელიწადში სრულ ოთხს თვესაც ვერ დადიან სკოლაში), შემდგ დაივიწყებენ: ამისთანა სკოლა ვერას დროს ვერ ასწავლის უცხო ბავშვებს რუსულს ენას. შინ რო დაბრუნდებიან, ბავშვები ილაპარაკებენ მხოლოდ თავის დედა-ენაზედ დედამისთან, და-ძმასთან, სახლში და ქუჩაში ტოლ-ამხანაგებთან. ეს ასეც უნდა იყოს, სხვა გვარად საქმე ვერ მოეწყობა, და აქ სანანურიც არაფერია. ზოგი სპეციალები ამბობენ, რომ რუსულის ენის გასავრცელებლად უცხო ტომთა სკოლებში რუსები უნდა დავნიშნოთ მასწავლებლად, იმისთანანი, რომელთაც ადგილობრივი ენებისა არაფერი გაეგებათო. ეს შეცდომაა, დიდი გაუგებრობა სკოლის დანიშნულებისა, და დიდი ცოდოც. როგორც მღვდელი, ისე მასწავლებელი ერთნაირად უნდა იყვნენ დაახლოებულნი სამწყსოსთან, მოწაფეებთან, მათ დედ-მამასთან, უნდა ჰქონდეთ მათი ნდობა და სიყვარული, უნდა დაკავშირებულნი იყვნენ მათთან სულიერადაც და ენის ერთობითაც. სახალხო სკოლამ უნდა ყველგან და ყოველთვის მისცეს პირველდაწყებითი განათლება ქრისტიანული, ადამიანური და მამულიშვილური. სკოლას რომ უპირველეს მოვალეობად კისერზე დაადო რუსულის ენის სწავლება, მთელი დრო სკოლაში სწავლებისა უნაყოფოდ ჩაივლის. რასაც ასწავლიან ბავშვს, მალე დაივიწყებს, და რაც უნდა ასწავლოს სკოლამ, იმისას კი ვერას გაიგებს. “მაშ რუსეთის ქვეშევრდომთა როგორ არ უნდა იცოდნენ, მერმე კი გაიცნობენ და შეისწავლიან, როცა ახალი გზები, ვაჭრობა და ეკონომიური კავშირი რუსებთანა, ან დასახლება რუსებისა მათს მახლობლად – ერთი სიტყვით ცოცხალნი ურთიერთობანი გაუკვლევს გზას რუსულს ენას ამ მიყრუებულს ადგილებში. პატივის-ცემას რუსეთისას და მისი ხელმწიფისას დიდი ხანია დაჩვეულნი არიან ათასნი, ათი-ათასნი და ასი-ათასნი უცხო ტომნი რუსეთისანი, თუმცა რუსული ენა არც წინედ იცოდნენ და არც ახლა იციან. პატივის-ცემას და სიყვარულს უფრო ჩქარა დანერგავს და გააძლიერებს სახალხო სკოლა, რომელიც დამყარებულია დედა-ენაზე. რაც უნდა სადა, ღარიბი და მოუხეშავი იყოს ეს უცხო ტომის ენა ჩვენს თვალში, იგი ძვირფასია და საყვარელი ბავშვებისა და მათი დედ-მამისათვის. ამისთანა საყვარელი სკოლისათვის კიდევ უფრო მეტად შეიყვარებენ რუსეთსაც და მისს ხელმწიფესაც. არას დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ უცხო ადამიანი, რომელიც აბუჩალაკად იგდებს თავის ხალხოსნობას დანჯღრეულს რუსულს ენაზე, წარმოადგენს ღრმად საზიზღარს მოვლენასა, და ყოველი ფხიზელი, რიგიანი გლეხი უცხო ტომისა, რომელმაც ერთი სიტყვაც არ იცის რუსული, ასჯერ და ათასჯერ უფრო სასარგებლოა თვით რუსეთისათვის, ვიდრე განზედ გამდგარი თავისი ხალხისაგან, ლაღი და რიგიანობას მოკლებული უცხო ტომის შვილი, თუნდა ამან კარგადაც იცოდეს რუსული ენა. ხშირად გაისმის რუსის საზოგადოების ბლომს ნაწილში ხეპრული და ველური კიცხვა უცხო ტომთა ხალხებისა. ეს სრულიად ქრისტიანული საქციელი არ არის და დიდს შეცდომასაც შეადგენს. მეტსაც ვიტყვი: ეს ჩვენი უბედურობაა. დროა, დიდი ხანია დროა გავიგოთ, რომ სხვა-და-სხვა ფერობის პრინციპი ავსებს და ანაყოფიერებს ერთობის პრინციპს. ყოველი ცალკე ხალხოსნობა, მექონე თავისი საკუთარი ცხოვრებისა და მეტყველებისა, შეიძლება დავადაროთ, თანახმად სრეზნევსკის მშვენიერი გამოხატულობისა, ცალკე ნოტას ანუ ხმას მუსიკისას. ყველი ნოტა, ხმა საჭიროა, თავისებურია, თვით მდგომარეა, თუმცა შეთანხმებული, შეერთებულია სხვებთანა”.
ახლა წარმოიდგინეთ, მკითხველი, რომ რომელსამე ქვეყანაში სახალხო სკოლა მოწყობილია სრულიად წინააღმდეგ ლამანსკის ღვთისნიერი აზრისა; დედა-ენა სულ ბოლოში არის მოქცეული, საგნები ისწვლება სახელმწიფო ენაზე, ესევე ენა შეადგენს არამც თუ მთავარს, არამედ თითქმის ერთად-ერთს საგანს სკოლის კურსისა და მასწავლებლები მას ანდომებენ თითქმის მთელს დროსა, ხელმძღვანელები სკოლებისა არიან უცხო ტომის პირნი, მოკლებულნი ყოველგვარს კავშირს ხალხთან, ნიშნავენ ზოგს სკოლებში იმისთანა მასწავლებლებს, რომელთაც ხალხის ენა სრულიად არ იციან, – რას მოუტანს ხალხს ამისთანა სკოლა? სრულიად არაფერსა. იგი ვერც სახელმწიფო ენის ცოდნას გაავრცელებს და დედა-ენაზედ წიგნის ცოდნასაც ააცდენს ბავშვებსა. ბავშვი ტყუილად მოსცდება რამდენსამე წელიწადსა, გადაეჩვევა ფიზიკურს შრომას, უცხო ენაზედ უგუნური სწავლება გონებას დაუხშობს, მეტყველებას დაუქვეითებს და იგი სკოლიდან გამოვა უფრო უარესი იმაზე, რაც იყო მასში შესვლამდინ. ამისთანა სკოლა წყაროა ხალხის უკან დახევისა, გაველურებისა, უბედურებისა და ბევრად უკეთესია, რომ ხალხი სრულიად მოკლებული იყო სკოლასა, ვიდრე ამისთანა სკოლებზე ეწეოდეს ხარჯსა, თავისს უკანასკნელს გროშებს ახმარებდეს მას. თუ რომელსამე ხალხს ამისთანა უკუღმართი სკოლა არგუნეს წილად, მან ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს, ხმა-მაღლა და დაჟინებით იღაღადოს, ითხოვოს იშუამდგომლოს, ემუდაროს, რათა მისი სკოლა დაყენებულ იქმნას პედაგოგიურ გზაზედ, წაღმართად მოეწყოს და გახდეს წყაროდ ცოდნისა, ღვთისა და კაცის სიყვარულისა, მაღალი გრძნობისა და მისწრაფებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი დაქვეითდება, უკან ჩამორჩება მეტოქე ხალხსა და წააგებს საარსებო ბრძოლასა.