იაკობ გოგებაშვილი – ქართული ხელნაწერი ნიმუშების შესახებ
ამ ჟამად ვბეჭდავთ “დედანს ქართულ წერისას”. ამ “დედნის” უკანასკნელს განყოფილებას შეადგენს ნიმუშები საუკეთესო ხელნაწერების, ძველისა და ახლისა. ამგვარი ნიმუშები ბლომად იპოვება “ქართველთა შორის წერა-კითხის გამავრცელებელი საზოგადოების” ბიბლიოთეკაში, სადაც მოგროვილია მრავალ გვარი ხელ-ნაწერი, მაგრამ შეიძლება, რომ ქართველს საზოგადოებაში ზოგიერთ პირებს ჰქონდათ კიდევ უფრო ჩინებული ხელ-ნაწერები. დიდად დაგვავალებენ ეს პირნი, თუ თავის ხელ-ნაწერები. დიდად დაგვავალებენ ეს პირნი, თუ თავის ხელ-ნაწერებს მოგვაწოდებენ ჩვენ მცირე ოდენის ვადით. უნდა გამოიგზავნოს ან მთელი ხელ-ნაწერი, თუ იგი წიგნად არის შეკრული, ან ცალკე ფურცელი მისი და ან პირი, ხელოვნურად გადაღებული. თვითეული ხელნაწერისა საკმარისია მივიღოთ ათიოდე სტრიქონი. თბილისის გარეშე მცხოვრებნი პირნი ჩვენგან მიიღებენ გაგზავნის ფასსა, ან პირის გადაღებისას, თუ იგი მცოდნე პირის ხელით სწორედ ასლად იქნება გადაღებული. ნიმუშები გამოგზავნილ უნდა იქნას მომავალი მარტის თხუთმეტამდის, რადგანაც ამ დროიდგან დაიწყება “დედნის” უკანასკნელი განყოფილების მოთხრა ლიტოგრაფიის ქვაზედ. ნიმუშები დაუბრუნდებათ გამომგზავნელთ მომავალი აპრილის დამლევამდის უთუოდ. ჩვენს დროს კალიგრაფების ხელიც იქნება ჩართული “დედნის” ბოლოს, სახელისა და გვარის გამოცხადებით. ამიტომ, თუ რომელიმე კალიგრაფი მოისურვებს თავისი ხელი მოაქციოს ჩვენს “დედანში” და ამით დაეხმაროს მის სისრულეს, უნდა შვიდიოდე სტრიქონი საუკეთესო წერილი ნუსხურის ხელით დასწეროს და გამოაგზავნოს.
ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, სხვათა შორის, “დედანში” მოვაქციოთ განსვენებული არქიმანდრიტ ტარასის ხელი, რომელიც მშვენივრად სწერდა ქართულსა. ამისთვის წერსულ ზაფხულს ქვათახევის მონასტრიდგან წამოვიღეთ ერთი მისი ხელნაწერი, მაგრამ მონასტრის ბერებმა გვითხრეს, რომ ნამდვილი მისი ხელი, საგანგებოდ დაწერილი, იპოება მისგან შედგენილს “დედანშიო”. ეს ‘დედანი”, თურმე რამდენიმე წელიწადია ბატ. გიორგი წერეთლის ხელშია. ვთხოვთ ბატ. გიორგი წერეთელს ცოტას ხნობით გამოგვიგზავნოს ან მთელი “დედანი” არქიმანდრიტ ტარასისა, ან ის ფურცელი, რომელზედაც არის მოქცეული მისი ნუსხური ხელი… ჩვენი ადრესი: თბილისს, იაკობ გოგებაშვილს, “წერა-კითხვის საზოგადოების” კანცელარიაში.