საკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ჩვენი თავადაზნაურების განათლების შესახებ

I

ამ უკანასკნელ დროს უმაღლესმა მთავრობამ ყურადღება მიაქცია ქართველ თავად-აზნაურთა უნუგეშო მდგომარეობას და მოიწადინა მათში სწავლა-განათლების გავრცელება. წინადაც არა ერთხელ და ორჯელ მოუსურვებია მთავრობას ამ აზრის განხორციელება და სისრულეში მოყვანა, მაგრამ.. თავად-აზნაურთა უმეტესობა დღესაც, როგორც წინად, მოკლებულია სწავლა-განათლებას, იმ წყაროს, ურომლისოდაც შეუძლებელია წარმატება და კეთილდღეობა როგორც კერძო წოდებისა, აგრეთვე მთელი ერისა და სახელმწიფოსი. ყველაზედ ნათლად ამას ტფილისის გუბერნიის საშუალო სასწავლებლებში მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ცნობები ამტკიცებენ. ეს გუბერნია, როგორც ყველას მოეხსენება, საქართველოს აღმოსავლეთ ნახევარია და მკვიდრთა უმეტესობას ქართველები შეადგენენ, მაშასადამე, სახელმწიფო და საერობო ხარჯის უმთავრესი გადამხდელნი თბილისი გუბერნიაში ქართველებივე უნდა იყვნენ. აშკარაა აქედან, რომ ამ გუბერნიის სასწავლებლებში მოსწავლეთა შორის ქართველები უმეტესობას უნდა შეადგენდნენ, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის. როგორც ამას წინად გამოსულს ოფიციალურის წიგნიდგან: “Статистическия сведения по учебным заведениям Кавказского учебного округа за пятнадцатилетний период 1879-1893 годы”, სჩანს, ქართველები თბილისის გუბერნიის საშუალო სასწავლებლებში მოსწავლეთა საერთო რიცხვის ერთ მეხუთედზე ცოტა ნაკლებნი არიან. მაგალითად, ვაჟთა გიმნაზიაში ქართველები 18,4% შეადგენენ, რეალურ სასწავლებლებში – 3,3% და დედათა გიმნაზიაში – 12%. ამასთანავე დიდი ყურადღების ღირსია ის გარემოებაც, რომ წლის განმავლობაში თუმცა საზოგადოდ იმატა კიცედ, მაგრამ კერძოდ ზოგიერთ სასწავლებლებში შესამჩნევად დაიწია ქალაქის სხვა წოდებათა და მოხელეთა სასარგებლოდ. მაგალითად, 1878 წელს რეალურ სასწავლებლებში ქართველები შეადგენდნენ 4,6 %, 1893 წელს კი მხოლოდ 2,6%; საოსტატო ინსტიტუტში ამავე ხნის განმავლოაში ქართველ მოსწავლეთა პროცენტმა 39,5%-დან 28,6%-მდე დაიწია; საოსტატო სემინარიაში – 29%-დან 19%-მდე; სამაზრო სასწავლებლებში 1879 წელს ქართველები 18% შეადგენდნენ, 1885 წელს კი მხოლოდ – 7,2%. კერძოდ ქ. თბილისის სასწავლებლებს თუ ავიღებთ, შედეგი უფრო სავალალო და სამწუხარო გამოვა. მაგალითად, ვაჟთა პირველ გიმნაზიას 770 მოსწავლეთა შორის ქართველი მხოლოდ 117-ია; მეორე გიმნაზიაში 658 მოსწავლეა და მათ შორის ქართევლი 123; მესამე გიმნაზიაში სულ 592 მოსწავლე სწავლობს და ქართველი კი 62 მეტი არ არის; რეალურ სასწავლებლის 524 მოსწავლეში ქართველი მხოლოდ 63-ია. სულ თბილისის ამ ოთხ სასწავლებლებში 2544 მოსწავლეა და მათ შორის ქართველი მარტი 365, ესე იგი ერთ მერვედზედ ცოტა მეტი.

უფრო ნაკლებია ქართველთა პროცენტი კავკასიის სამოსწავლო ოლქის იმ სტიპენდიანტთა შორის, რომელნიც იმპერიის სხვა-და-სხვა მაღალს და სპეციალურს სასწავლებლებში სწავლობენ. იმპერატორის ნიკოლოზ პავლეს ძის 1849 წლის 11 ივნისის უმაღლესის ბრძანებით, იმპერიის სხვა-და-სხვა მაღალსა და სპეციალურს სასწავლებლებში უნდა აღზრდილიყო სახელმწიფო ხარჯით 41 რუსი და 115 აქაური მკვიდრი. ამ უკანასკნელთ რიცხვში მარტო ქართველ თავად-აზნაურთა შვილნი უნდა მოჰყოლოდნენ, როგორც ერთადერთი კეთილშობილი წოდების წარმომადგენელნი კავკასიაში. ამ ჟამად კი კავკასიის სტიპენდიანტი სულ 125, მაშასადამე, წინანდელზე გაცილებით ცოტა, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ საშუალო სასწავლებლები ერთი-სამად და ოთხად ცოტა იყო მაშინ, ვიდრე ეხლა. ამ სტიპენდიანტთა შორის ქართველთა რიცხვი სულ მცირეა. ერთი სიტყვით, ქართველები საზოგადოდ და თავად-აზნაურობა კერძოდ მეტად ცოტანი სწავლობენ დაბალს, საშუალო და განსაკუთრებულ მაღალს სასაწვლებლებში.

ასეთი მოვლენა მარტო ქართველებისათვის არ არის თავში საცემი და სავალალო, იგი სახელმწიფოსთვისაც მავნებელია. ქართველები თავისს ნებით შეუერთდნენ რუსთის სახელმწიფოს და ამ ჟამად კავკასიაში საუკეთესო ელემენტს წარმოადგენენ, რომლის დაწყნარება და დამშვიდებაში მათ რუსებთან ერთად აუარებელი სისხლი დაღვარეს. ამიტომ ფრიად სასურველია იმ მიზეზთა გამორკვევა, რომელნიც ასე აფერხებენ და ეღობებიან ქართველებს, რომ შემდეგში მაინც თავიდან მოვიშოროთ იგინი და სწავლა-განათლების საქმე კარგსა და ნაყოფიერს ნიადაგზედ დავაყენოთ ჩვენში.

II

ზემო აღნიშნულის მოვლენის მიზეზი ორი უმთავრესი გარემოებაა. პირველი ის, რომ ქართველებს შვილები რუსულს ენასა და სხვა საგნებში იმდენად ვერ მოუმზადებიათ, რომ მათ შეეძლოთ შესვლა სხვა-და-სხვა სასწავლებლებში, სადაც ეხლა პირველ კლასი იმოდენივე ცოდნაა საჭირო, რაც წინად მეორე და მესამე კლასში იყო. საშუალო სასწავლებლებში ან სულ არ არის მოსამზადებელი კლასები, როგორც, მაგალითად, კადეტთა კორპუსში, ან, თუ არის, ისიც უფოსი განყოფილება. ამ უკანასკნელში შესასვლელად კი მეტად რთულს საკონკურსო ეგზამენის დაჭერაა საჭირო, რომელზედაც, სხვათა შორის, რუსულის ენის კარგად ცოდნას უმთავრესი ალაგი უჭირავს. აი სწორედ ქართველ თავად-აზნაურთა შვილების ამ საგნებში – რუსულს ენასა და პირველ-დაწყებით ცნობებში – მომზადებაა ძნელი და გასაჭირი.

ქალაქში მცხოვრებნი და მოხელენი ან თვითონ ამზადებენ შვილებს, ან ქალაქის ინტელიგენტთაგან დახელოვნებული და საქმის მცოდნე მასწავლებელი ჰყავთ, რომელიც სულ ცოტა ხანში მოამზადებს მათ, ან არა-და ისეთს პირველ-დაწყებითს საქალაქო სასავლებლებში მიაბარებენ ბავშვს, საიდანაც საშუალო სასწავლებლის პირველ კლასში ადვილად გადავა. სულ სხვა პირობებშია სოფლის თავად-აზნაურობა. მომეტებულ ნაწილს თვით არ მიუღია სწავლა-განათლება, მაშასადამე, შვილების აღზრდა და მომზადება სულ არ შეუძლიან. აგრეთვე იშვიათ სოფელში შეხვდებით ინტელიგენტს, რომელსაც შეეძლოს ბავშვების რუსულის ენასა და სხვა საგნებში მომზადება. სოფლის პირველ-დაწყებითი სკოლები, რომელსაც შეეძლოს ამ ნაკლის შევსება, თბილისის გუბერნიაში იმდენად ცოტაა, რომ ერთი ასს სოფელზე ძლივს მოდის და სწავლის საქმე მათში ისე ცუდად არის დაყენებული, რომ ბავშვი თითქმის ვერავითარს ცოდნას ვერ იძენს. გარდა ამისა სოფლის სკოლას თავისი სპეციალური დანიშნულება აქვს და თავად-აზნაურთა შვილების მომზადებას საშუალო სასწავლებლებში შესასვლელად მათ ვერ მოვთხოვთ. ამ რიგად მოსამზადებელი კლასების უქონლობა საშუალო სასწავლებლის კარებს უკეტავს თავად-აზნაურთა შვილებს, ერთის მხრით, და იგივე გარემოება, მეორეს მხრით, ყველა სასწავლებლებს ქალაქის წოდებათა და მოხელეთა საკუთრებადა ხდის, იმისდა მიუხედავად, რომ თბილისის გუბერნიის უმეტესობა ქართველები არიან.

მეორე მიზეზი ქართველ თავად-აზნაურთა შვილების სიმცირისა თბილისის გუბერნიის საშუალო სასწავლებლებში – მათი სიღარიბეა. ბავშვის აღზრდა და შენახვა ქალაქში მეტად დიდ ხარჯსა და გასავალს თხოულობს, ჩვენი თავად-აზნაურობა კი მატერიალურად ისე დაქვეითებულია, რომ, თუ ყველას არა, მეტ ნაწილს მაინც, არ შეუძლიან ამ ხარჯის გაწევა. თავად-აზნაურობა ქონებრივად ამ ბოლო დროს იმდენად დაეცა, რომ არამც თუ შვილების ქალაქში შენახვა და აღზრდადდ აღარ შეუძლიან, არამედ ოჯახის ცოტად თუ ბევრად რიგიანად მოწყობა და ცოლ-შვილის წლითი-წლამდე გამოკვებაც კი უჭირდება. მიზეზი ასეთის გაღარიბებისა მრავალია და უმთავრესი მათ შორის ის წეს-წყობილობაა, რომელიც ბატონ-ყმობის გადავარდნამ და გლეხსა და ბატონს შორის ახალმა დამოკიდბულებამ გამოიწვია. ამავე სიღარიბეს არა ნაკლებად ხელს უწყობს მამულებიდან შემოსულის დაკლება, ვაზის სხვა-და-სხვა ავადმყოფობა, რომელმაც ერთით სამად და ოთხად შეამცირა ვენახის შემოსავალი. მამა-პაპური ჩვეულება ხვნა-თესვა და მრავალი სხვა. ქართველი თავად-აზნაური ან სულ არ აძლევს თავის შვილის სასწავლებელში ან და თუ მისცა, არ შეუძლიან, სიღარიბის გამო, შესაფერისად მოაწყოს იმის ყოფა-მდგომარეობა, ურომლისოდაც ბავშვს ძალიან გაუჭირდბა სწავლა. იმის შვილები მუდამ გაჭირვებასა და სიღარიბეში არიან: ან ტანისამოსი აკლიათ, ან სასმელ-საჭმელი, ან ხეირიანი ბინა არა აქვთ და ყველა ამის გამო სწავლაში მეტოქეობას ვეღარ უწევენ სხვა მოწაფეებს, ქალაქის მკვიდრთა შვილებს. სწორედ ამით აიხსნება ის სამწუხარო მოვლენა, რომ უმეტესი ნაწილი ქართველებისა, რომლებიც ასე თუ ისე მოხვდებიან სასწავლებელში ვეღარ ათავებენ და მესამე ან მეოთხე კლასიდან უკანვე გამოდიან.

ამ რიგად, ყველა ზემოდ დასახელებულის მიზეზების გამო, ქართველები ცოტანი შედიან სასწავლებლებში, უფრო წოტანი ათავებენ მას და სულ მცირედი ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში მიდის, სადაც მეტი გაჭირვება და ტანჯვა-ვაება უნდა გამოიაროს.

III

როგორ უნდა იქნას აცილებული აღნიშნული უსამართლობა და რა ზომების მიღებაა საჭირო, რომ ყველა სასწავლებლის კარები გაეღოს ქართველთა და ქართლვე თავად-აზნაურთა შვილებს?

უპირველეს ყოვლისა საჭიროა თავად-აზნაურთ მიეცეთ შეძლება იმდენად კარგად მოამზადონ თავიანთი შვილები, რომ საშუალო სასწავლებლის პირველ კლასში შესვლა აღარ გაუჭირდეთ. უამისოდ ყოველი შრომა უნაყოფო იქნება. ამ მიზნის მისღწევად ტფილისის გუბერნიის ყველა სასწავლებლებთან უნდა დაარსდეს, მარტო ქართველებისათვის, როგორც მკვიდრთა უმეტესობისათვის, სამაგალითო მოსამზადებელი კლასები, თავისი საკუთარი პანსიონით. ვამბოთ “მარტო ქართველებისათვის” იმიტომ, რომ საზოგადო მოსამზადებელ კლასებში, სადაც სწავლობენ ერთად რუსები, სომხები და ქართველები, ეს უკანასკნელნი იძულებულნი არიან ჩამორჩენ პირველებს იმ გარემოების წყალობით, რომ მოქალაქეთა და რუსების შვილებმა კარგად იციან რუსული ენა, ხოლო ქართველები, როგორც სოფლის მცხოვრებნი, მოკლებულნი არიან ამას. რაც უნდა ნიჭიერი, ბუნებით დაჯილდოებული იყოს ქართველი ბალღი იგი მაინც ვერ მიჰყვება ქალაქში გაზრდილს, რადგანაც ის მოკლებულია ამ უკანასკნელის უპირატესობას – რუსული ენის ცოდნას, რომელზედაც ყველა საგნებს ასწავლიან მოსამზადებელ კლასებში. თუ ზემოხსენებულის კლასების გახსნა ბევრს ხარჯს და გასავალს მოითხოვს, მაშინ შეიძლება მხოლოდ ორი მოსამზადებელი სასწავლებელი იქმნას დაარსებული: ერთი ქართველ თავად-აზნაურთა შვილთათვის ქ. გორში და მეორე – კახელებისათვის – ქ. თელავში. თვით სასწავლებელის შესანახად უნდა გადაიდოს ოცი ათასი მანეთი, იმ პირობით, რომ დანარჩენი, რაც დასჭირდება, თავად-აზნაურობამ თავის ჯიბიდან შეავსოს. აქვე უნდა დავუმატოთ, რომ ეს სასწავლებელნი თავად-აზნაურთა საკუთრებას არ უნდა შეადგენდნენ. მათში უპირატესობა თავად-აზნაუთა შვილებს მიეცემა, ხოლო სხვა წოდების შვილთაც შეეძლებათ შესვლა. იმ მოწაფეებს, რომელნიც ხსენებულს მოსამზადებელს კლასებს ანუ სასავლებლებს გაათავებენ, სრული უფლება უნდა მიეცეთ უკონკურსოდ ამა თუ იმ სასწავლებლის პირველ კლასში შესვლისა. ასეთივე უფლებანი უნდა მიენიჭოთ იმათ, ვინც თბილისის სათავად-აზნაურო კერძო სასწავლებელთან დაარსებულს მოსამზადებელს კლასებს კარგად გაათავებს, თუნდა იმ პირობით, რომ უკანასკნელს ეგზამენს ამ სკოლაი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის რწმუნებულნი ანუ წარმომადგენელნი დაესწრნენ ხოლმე.

აქვე არ შეგვიძლიან არ მოვიყვანოთ პირველი კლასიკური გიმნაზიის მთავრობის აზრი, გიმნაზიაში ქართველ მოსწავლეეთა რიცხვის შემცირების შესახებ. “ამ მოვლენის (ქართველ მოსწავლეთა შემცირების), – ამბობს მთავრობა, – ერთადერთ მიზეზად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ უკანასკნელ დროს პირველ კლასში შესასვლელად საკონკურსო ეგზამენები იქმნა შემოღებული (1893 წლის ანგ., გვ. 63).

ამ რიგად, როდესაც საკმაო რიცხვი კარგად მომზადებული, ყველა საგნებში საზოგადოდ და რუსულს ენაში კერძოდ, ქართველი მოსწავლენი გვეყოლებიან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაწესდეს, რომ სასწავლებელშ, რომელსაც თბილისის გუბერნიის მცხოვრებელთა სწავლა-განათლების მოთხოვნილების დაკმაყოფილება აქვს აზრად, ქართველების რიცხვი ყველა მოსწავლეთა ერთ მესამედზე ნაკლები არ იყოს, ხოლო სახელმწიფო პანსიონერებისა – ნახევარზედ. ეს წესი უნდა მიღებულ იქმნას არა მარტო აწ არსებულ სასწავლებლებში, არამედ იმათშიაც, რომელნიც მომავალში დაარსებიან, განსაკუთრებულ კი სოფლის სამეურნეო სასწავლებლებში, რომელთაც უპირველესი ადგილი უჭირავთ ხალხში რაციონალურის სამეურნეო განკარგება-გაუმჯობესობის საქმეში. აქ მეტი არ იქნება მოვიხსენიოთ ის ფაქტი, რომ ასეთი განაწილება სახელმწიფო ვაკანსიებისა თვით მთავრობისაგან არის დაწესებული; თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 65 ასეთ ვაკანსიებიდან ოც და ათი ქართველ თავად-აზნაურთა შვილებს ეკუთვნის სახელმწიფო ვაკანსიების შესახებ დებულების ძალით (1893 წლის ანგ., გვ. 317). რაც შეეხება სახელმწიფო სტიპენდიებს მაღალსა და სპეციალურს სასწავლებლებში, მათი რიცხვი ორასამდის უნდა იქმნას გამრავლებული და მათში სულ ცოტა ერთი-მესამედი იქ ქართველებს უნდა დაეთმოს, რომელნიც საშუალო სასწავლებლებს კარგად გაათავებენ. ამასთანავე, რადგანაც ქართველები ხშირად იმიტომ ანებებენ თავს მაღალს სასწავლებლებს, რომ სწავლის ფული, სიღარიბის გამო, ვერ შეაქვთ, განკარგულება უნდა მოხდეს, რომ ეს გადასახადი მხოლოდ შეძლებულ ნაწილს გამოერთვას, ხოლო შეუძლებელიდ განთავისუფლებულ იქმნას. საკვირველი და ღირსშესანიშნავი ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყნის მოსავალ-მოუსვლელობას და ქართველ მოწაფეთა სწავლა-მეცადინეობას დიდი კავშირი აქვთ ერთმანეთში. მოუსავლიან წელიწადს ქართველები სხვა ეროვნების მოსწავლეებზე ნაკლებ სწავლობენ და მათი მეცადინეობა 66% არ აღემატება, როგორც ეს 1890 წელს მოხდა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში (ანგარ., გვ. 64), ხოლო მოსავლიან წელიწადს ისინი რუსებსა და სომხებზედ, თუ არა უკეთ, ნაკლებ არა სწავლობენ და მათი მეცადინეობა 82% ადის, როგორც იმავე გიმნაზიის 1893 წლის ანგარიში გვიჩვენებს (გვ. 64).

IV

შემდეგ, სამართლიანობის, ადგილობრივ და სახელმწიფო სარგებლობისათვის და აგრეთვე ქართველ მოსწავლეთა სწავლაში მუყაითობისათვის, საჭიროა გუბერნიის სასწავლებლების ყველა კლასებში, როგორც დაბალს, აგრეთვე მაღალში, აღდგენილ იქმნას ქართული ენის სწავლება. ამას საჭიროდ ჰყოფენ შემდეგი მაგალითები და საბუთები: 1. მშობლიური ენის გონივრულად სწავლება მეტად აადვილებს და აჩქარებს სახელმწიფო ენის შეთვისებას, რაიცა მტკიცდება, სხვათა შორის, იქიდანაც, რომ იმ ქართველებმა, რომლებიც 70 წლებში სწავლობდნენ, როდესაც ქართული ენა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ყველა სასწავლებლებში სავალდებულო საგნად ითვლებოდა, შეუდარებლად უკეთ იცოდნენ და იციან რუსული ენა, ვიდრე ეხლა მოზარდ თაობამ იცის. 2. სწავლება ისეთი მშობლიური ენისა, როგორიც არის ქართული, რომელიც მეოთხე საუკუნიდანვე დიდად განვითარებულ და ქრისტიანობრივ-კულტურულ ენად ითვლება, მეტად კარგს გავლენას იქონიებს მოსწავლეებზედ. 3. თვით უმაღლესმა მთავრობამ საჭიროდ სცნო 1895 წელს საშუალო აზიის ყველა სასწავლებლებში სავალდებულო გაეხადა სარტთა ენის სწავლება და ამ ენის მასწავლებელთ ისეთივე უფლებანი მიანიჭა, როგორიც სხვა საგნების მასწავლებელთა აქვთ. მით უფრო სამართლიანი და საჭიროა ასეთი განკარგულების მოხდენა ჩვენში იმ ენის შესახებ, რომელზედაც მართლ-მადიდებელ ქრისტიანობის და მონარქიულ წეს-წყობილების სწავლით გამსჭვალული ათასის წლის ლიტერატურა არსებობს. 4. ყველა სხვა ეროვნების შვილნი საღმრთო წერილს თავიანთ სამშობლო ენაზე სწავლობენ, ქართველები კი იძულებულნი არიან რუსებთან ერთად რუსულ ენაზედ შეისწავლონ, რასაც ქართველი ენის დავიწყება მოსდდევს. 5. რუსის ადმინისტრაცია და სამართალი დიდ გაჭირვებაშია ჩვენს ქვეყანაში კარგის თარჯიმანების უყოლობის გამო. ამას წინად კავკასიის იურიდიულ საზოგადოების წლიურ კრებაზე ერთმა რუსმა იურისტმა ვრცელი მოხსენება წაიკითხა იმის შესახებ, თუ რამდენად შეცდომაში შედის სამართალი ისთის თარჯიმნების უყოლობით, რომელთაც საკმაოდ კარგა იცოდნენ როგორც ადგილობრივი, აგრეთვე რუსული ენები. და წარუდგინეს კიდეც კრებას ახალი სასწავლებლის ანუ დაწესებულების დაარსების პროექტი, სადაც შესაძლებელი იქმნება შესაფერისი თარჯიმანების მომზადება. ეს მართლაც და დიდი და ძნელი დაბრკოლება ადვილად შეიძლება აცილებულ იქმნას ქართულის ენის აღდგენით, რომელის სწავლებაც სავალდებულო უნდა იყვეს ყველა ქართველ მოსწავლისათვის და რომელიც შეუძლიან შეისწავლოს როგორც რუსებმა, აგრეთვე, სხვა ეროვნების მოსწავლეებმა. ის რუსები, რომელნიც, ამ რიგად, ქართულ ენას შეისწვლიან, შემდეგში სამაგალითო ადმინისტრატორები და მოსამართლენი გამოვლენ. მათთვის სულ მეტი იქნება თარჯიმნების სამსახური, რის გამოც ყოველ გვარი საქმე უფრო სამართლიანად და ჭეშმარიტად იქმნება გადაწყვეტილ-შესრულებული.

V

რაც შეეხება ქართველთ თავად-აზნაურთა შვილების სამხედრო განათლებას, ისიც არა ნაკლებ ხელის შეწყობას და გაძლიერებას თხოულობს. თავად ვარანცოვის “ნამესტნიკობის” დროს სამხედრო მოსწავლეთა სასწავლებლებში 600 მოსწავლე იყო ხოლმე, რომელთა მეტ ნაწილს ქართველ თავადაზნაურთა შვილები შეადგენდნენ. თბილისში კადეტთა კორპუსის დაარსებამდის, ქართველ თავად-აზნაურთა წოდების ორმოცი ახალგაზრდა იგზავნებოდა ყოველ წელიწადს რუსეთის შიდა გუბერნიების სხვა-და-სხვა კადეტთა კორპუსში. დღეს კი აღარც სტიპენდიები ქართველთათვის რუსეთის კადეტთა კორპუსში შესასვლელად. თვით ტფილისის კადეტთა კორპუსის 375 მოსწავლეთა შორის ქართველი მხოლოდ 102-ია. მართალია, სამოქალაქო სასწავლებლებთან შედარებით ეს პროპორცია გაცილებით სანუგეშოა ქართველთათვის, მაგრამ მაინც სამხედრო სწვლა გაძლიერებასა თხოულობს იმ მოსაზრების გამო, რომ ქართველი თავად-აზნაურობა სამხედრო საქმეში დიდ ნიჭს, უნარს და ვაჟკაცობას იჩენდა და იჩენს ხოლმე, რასაც კავკასიის ომები უტყუარი ისტორია ნათლად ამტკიცებს. ამიტომ საჭიროა, როგორც თავად-აზნაურთა, აგრეთვე სახელმწიფოს სარგებლობისათვის, ერთხელ და სამუდამოდ დაწესებულ იქმნას, რომ თბილისის კადეტთა კორპუსში მოსწავლეთა საერთო რიცხვის ერთს მესამედს უეჭველად ქართველები შეადგენენ. გარდა ამისა ყოველ წელიწადს სახელმწიფო ხარჯით უნდა გაიგზავნოს რუსეთის სხვა-და-სხვა კადეტთა კორპსუში, განსაკუთრებულ სამხრეთისაში, ადგილობრივ კადეტთა კორპუსის მოსამზადებელ კლასში კურსდამთავრებული ოცი იმ თავად-აზნაურთა შვილები, რომელნიც სახელმწიფო სამსახურში არ არიან.

VI

არა ნაკლებ ყურადღების ღირსია უნუგეშო მდგომარეობა დედათა განათლებისა საქართველოში. თბილისის დედათა პირველ გიმნაზიაში სულ 880 მოსწავლე ქალია და მათ შორის ქართველი მხოლოდ – 130. თბილისის ორ სხვა დედათა გიმნაზიაში ქართველები უფრო ნაკლებნი არიან. მაგ., მესამე გიმნაზიაში ქართველები სულ 7.7% შეადგენენ. ყელა ამის გამო ასს ქართველ კეთილშობილ შთამომავლობის ქალთა შორის ერთი თუ ეღირსება განათლებას! ქართველ დედათა სწავლა განათლების საქმე უფრო უნუგეშო მდგომარეობაშია ჩვენში, ვიდრე ვაჟთა. ამის შედეგი კი ოჯახის დაცემა და განადგურებაა, რომელმაც, დროის მოთხოვნილებისა გამო, ძველი, მამა-პაპური წმინდა შEუმწიკვლელი ხასიათი დაჰკარგა და ახალ კულტურულ ნიადაგსაც ვერ დაადგა. ქართველ დედებს ვერ მოუხერხებიათ დააყენონ ოჯახი მტკიცე და შეურყეველ ნიადაგზედ, აღზარდონ შვილები ისე, როგორც აწინდელი სწავლა-მეცნიერბა მოითხოვს, შეასწავლონ მათ რუსული ენა და მოამზადონ სკოლისა და ცხოვრებისათვის. ყევლა ამისათვის საჭიროა სწავლა-განათლება, ქართველი დედები კი მოკლებულნი არიან მას. ამიტომ დედათა სწავლა-განათლების გასაძლიერებლად იგივე ზომები უნდა იქმნას მიღებული, რაც აღვიშნეთ მამა-კაცთა შესახებ, ე.ი. ქალებისათვისაც უნდა დაარსდეს ერთი სამაგალითო მოსამზადებელი სასწავლებელი-პანსიონი და ვინც ამ სასწავლებელს გაათავებს, უნდა მიეცეს ისეთი მოწმობა, რომლის წყალობით შეეძლოს გიმნაზიის პირველ კლასში შესვლა. შემდეგ, როგორც ვაჟთა გიმნაზიებში, აქაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაწესდე, რომ ერთი მესმედი საერთო ვაკანსიებისა ქართველ მოსწავლე ქალებს დაეთმოთ. არ უნდა დავივიწყოთ აგრეთვე ისიც, რომ ქართველი მოსწავლე ქალები საღმრთო წერილს რუსებთან ერთად რუსულს ენაზედ სწავლობენ, მაშინ როდესაც სხვა ეროვნების ქალები ამ ნაკლულევანებას აცილებულნი არიან და თითქმის ყველა სასწავლებლებში სამღვთო წერილს თავიანთ სამშობლო ენაზედ სწავლობენ. თვით ქართული ენა ქალთა გიმნაზიებში, როგორც ვაჟთა, ან განდევნილია, ან არა და სულ მცირე დროა იმის სწავლებაზე გადადებული, რის გამოც ქართველი ქალი იმდენად ივიწყებს ყველაფერს ქართულს, რომ სწავლის გათავების შემდეგ აღარც ლოცვა შეუძლიან, აღარც წერა და კითხვა თავის მშობლიურ ენაზედ.ყლვე ეს კი მეტად ცუდად მოქმედობს ქალის ხსიათსა, ზნესა და ჩვეულებაზედ და ოჯახისათვის იგი სრულიად გამოუსადეგარი გამოჰყავს. აი სწორედ ამიტომ ფრიად საჭიროა ყველა დედათა სასაწვლებლებში ქართველ ქალებს, როგორც სხვა ეროვნების მოსწავლეთ, საღმრთო წერილი სამშობლო ენაზე ასწავლონ, ან, ამის ნაცვლად, ყველა კლასებში ქართული ენის სწავლება იქმნას შემოღებული, კვირაში ორი გაკვეთილი მაინც.

VII

მაგრამ ყველა ზემოდ ჩამოთვლილი საშუალებანი მაინც სავსებით ვერ დააკმაყოფილებენ თავად-აზნაურთა სწავლა-განათლებისადმი წყურვილს. მრავალი მათგანი, განსაკუთრებულ სოფლის წვრილ-ფეხა თავად-აზნაური, რომელიც ქონებით გლეხზე მაღლა არა სდგას, სამუდამოდ უსწავლელი დარჩება. მაშ რა უნდა ვიღონოთ, რომ მცირედი ნაწილი მაინც ამ კეთილშობილ შთამომავალთა განათლების სხივს არ მოვაკლოთ? რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ იმაშ თვილებმა თავდაპირველი, ელემენტარული განათლება მიიღონ? ამ მხრივ თავად-აზნაურობას რაციონალურად გამართული სოფლის სკოლები სამეურნეო და სახელოსნო განყოფილებებით დაუფაასებელი ღვაწლს გაუწევენ, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ზემოდაც შევნიშნეთ, სოფლის სკოლების რიცხვი იმდენად მცირეა გუბერნიაში, რომ ერთი 10.000 სულზე ზლივს მოდის, გარდა ამისა ამ სკოლებმა მათი არსებობის ოცი წლის განმავლობაში ქართული წერა-კითხვაც კი ვერ გაავრცელეს იმ სოფლებში, სადაც დაარსებულნი არიან. სწორედ ამით აიხსნება ის სამწუხარო მოვლენა, რომ გლეხ-კაცობა უმეტეს ნაწილად წინააღმდეგია სოფლის სკოლისა და ეჭვი არ არის, რომ ორიოდე აწ არსებულ სკოლასაც გააუქმებდა, რომ ადმინისტრაცია ძალას არ ატანდეს. ამიტომ საჭიროა ძირითადად შეიცვალოს ყველა სოფლის სკოლა და უფრო კარგად და ნაყოფიერად მოეწყოს იგი. ამ მიზნის განსახორციელებლად სკოლებში უნდა იქმნას მიღებული ოფიციალური სამოსწავლო გეგმა, მთავრობისაგან შემუშავებული და დამტკიცებული მისი იმპერატორობით უმაღლესობის დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის ნამესტნიკობის დროს. ამასთანავე დრო სამის წლის მაგიერ ოთხი წელიწადი უნდა იყვეს, რადგანაც სწავლის ცოტა დრო უმთავრესი მიზეზია სოფლის სკოლების უნაყოფობისა. შემდეგ, დირექციის წევრთა შორის მკვიდრთა ენის, ყოფა-მდგომარეობის და საჭიროების მცოდნე კაცები უნდა იყვნენ, რომ მათ ხალხს თავიანთ სამშობლო ენაზედ უქადაგონ სწავლა-განათლების სარგებლობა და ამით ახალი სკოლები დაარსებინონ. ესენივე თვალ-ყურს ადევნებენ უკვე დაარსებულ სკოლებს და დრო-გამოშვებით კონტროლობას გაუწევენ. ამ მიზნით უფრო სამართლიანი და საქმისათვის სასარგებლო იქმნება, რომ რუსის დირექტორს თანაშემწედ ქართველები დაენიშნოს, რომელთაც უმაღლესი სწავლა მიუღიათ და საპედაგოგო მოქმედებისათვის მომზადებულნი არიან.

ამ სასწავლებლებში გლეხი-კაცის შვილებთან ერთად თავად-აზნაურთა შვილებიც მიიღებენ სწავლად და ამ რიგად ელემენტარული განათლების გავრცელება, სამეურნეო და სახელოსნო ცოდნასთან ერთად, ეჭვი არ არის, გააუმჯობესებს თავად-აზნაურთა უნუგეშო მდგომარეობას და აამაღლებს მას, როგორც გონებრივ, აგრეთვე ზნეობრივ და ეკონომიურად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button