იაკობ გოგებაშვილი – წადილი უფასო ცხოვრებისა
წერილი პირველი
მოგეხსენებათ, რომ რომელსამე სასარგებლო ცვლილების მოხდენას, ახალის კვალის გავლებას ცხოვრებაში განვითარებაც ეჭირვება და შემოქმედებითი ძალაც. სამაგიეროდ, წაღმა გაჩაღებულის საქმის უკუღმა დატრიალება, გაკაფულ გზის ლოდებით ავსება არაფერს არ მოითხოვს ადამიანისაგან, გარდა ჩაუფიქრებლობისა, ცუდ-უბრალო ცვლილებების ქავილისა… სამწუხაროდ, ამ უკანასკნელს მოვლენას ხშირად ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში, რომელშიაც ნათელის აზრის და შემოქმედებითის ძალის მაგიერ მუშაობს წინდაუხედველობა, ვიწრო, ბნელი აზრი და ქავილი ცუდ უბრალო ცვლილებისა. უკანასკნელ წლებში ამ გვარმა ქავილმა, სხვათა შორის, საკითხად გახადა ქართულის წერის საქმე დიდის ხნის გარდაწყვეტილი, ჭეშმარიტებს გზაზედ დაყენებული.
ქართულ წერაში წინედაც და ახლაც ოჯახობასა და სკოლებში მისდევდნენ და მისდვენ შემდეგს წესსა: პირველს ხანს მოწაფეებს აწერინებდნენ და აწერინებენ ბეჭდურს ხელსა, მსხვილსა და მრგვალსა, რომელიც სტამბურის შრიფტიდან გაირჩევა მხოლოდ სიდიდით. მერმე ამ ბეჭდურს შრიფტს მოწაფე თანდათან აპატარავებს, სიმაღლესა და სიგანეს აკლებს, ამოკლებს, ცოტაოდენად სცვლის და ათავსებს იმ ნუსხური ხელითა, რომლითაც ჩვენ ყველანი ვწერთ. ამ სახით ბავშვი, რომელიც ახლად შეუდგა სწავლასა, კითხულობს და სწერს არა სხვადასხვა შრიფტსა, არამედ ერთსა და იმავესა; შემდეგში – კი, როცა ბეჭდურს გაიკვეთავს როგორც კითხვით, ისე წერით, წერაში ადგება ცოტა განსხვავებულს გზასა, ასე რომ ბოლოს ერთს შრიფტს კითხულობს წიგნებში, მეორეს ხმარობს წერაში…
ასეთი იყო და არის წერის წესი ჩვენში, იგი ყველას მიაჩნდა გონივრულ, საუკეთესო წესად და სწვლის ხელმძღვანელნი მხოლოდ იმასა ცდილობდნენ, რომ ეს წესი კარგად განეხორციელებინათ, შეემუშავებინათ და, რაც შეიძლება, ლამაზი შრიფტით ებეჭდათ ქართული დედნები. ახლა კი სხვა წადილმა იჩინა თავი. აღმოჩნდნენ მასწავლებენლი, რომელნიც უარყოფენ ამ წესს და უმჯობესად სთვლიან პირდაპირ ნუსხურიდგან იწყონ საქმე. იგინი ამბობენ: წერის დროს ჩვენ ყველანი ნუსხურსა ვხმარობთ და არა მრგვალს ხელსა, და განა ის არა სჯობიან, რომ მრგვალ ხელზედ დრო აღარ დავაკარგვინოთ ბავშვებსა და თავდაპირველად ნუსხური ვაწერიონთ; ნუსხური ხელი რომ ძნელი იყოს მრგვალს ხელზედ, მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ იგი უფრო ადვილია და რატომ მის სწავლებას არ უნდა შევუდგეთ საქმის სათავეშივეო?
პირველ შეხედვით ეს მოსაზრება ჭკუაში დასაჯდომია. მაგრამ, როცა საქმეს ჩაუფიქრდები, გასინჯავ მას ყოველ მხრივ, დარწმუნდები, რომ წინანდელი ქართველები, რომელთაც ეხლანდელი წესი წერისა დაუმყარებიათ, სწორედ საფუძვლიანად მოქცეულან; ახლანდელი ზოგიერთა მასწავლებელნი – კი, რეფორმის სურვილით გამსჭვალულნი, საქმეს უყურებენ უვიწროეს წერტილიდგან და მათი ახალი აზრი შეადგენს არა ამერიკის აღმოჩენას, არამედ მიწვევას ჭაობისაკენ.
თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ წერას იმისი მეათედი მნიშვნელობა აღარ აქვს, რაც ჰქონდა წინეთ, ჰუტენბერგამდე, როდესაც მთელი მსოფლიო ლიტერატურა მხოლოდ ხელთნაწერებთაგან შესდგებოდა და გადამწერელნი იყვნენ ბრუჯნი მწერლობისა. წიგნთა ბეჭდვის შემდეგ გარემოება ძირითადად შეიცვალა. მწერალთა ადგილი დაიჭირეს სტამბებმა, მაშინებმა, მბეჭდავებმა, ასოთ-ამკრეფლებმა. სწავლაში, წერის მაგივრად, გამეფდა კითხვა, და წერა ჩამოხტა პირველ ადგილიდან უკანასკნელზედ. ასეც უნდა მომხდარიყო. ყოველი ნასწავლი ადამიანი ერთი ასად მეტსა კითხულობს, ვიდრე სწერს. გამოკლებას შეადგნს მცირე რიცხვი გადამწერლებისა, რომელნიც დღეს, თუ ხვალ თითქმის სრულიად გაუქმდება, რადგანაც მათ საუბედუროდ, ახლა მწერალი მანქანა მოიგონეს და დღითი-დღე ხმარებაში შემოდის.
ცხოვრებასა და სკოლაში დიდმნიშვნელობიან საგანს პატარა მნიშვნელობის საგანი უნდა ემორჩილებოდეს, როგორც გრამმატიკაში დამატებითი წინადადება ემორჩილება მთავარ წინადადებასა. სწავლაში კითხვა მეფეა, წერა კარის კაცია; უკანასკნელი პირველის გამგონე უნდა იყოს, მის ბრძანებაზედ დადიოდეს. ხოლო რასა თხოულობს კითხვა, მისი ინტერესი, მისი სწრაფად და მტკიცედ შეთვისება მოწაფეთაგან; სხვათაშორის თხოულობს მას, რომ ბავშვმა სწეროს სწორედ იმისთანა ასოები, რომელსაც კითხულობს, სწეროს მიუცილებლად ბეჭდური მრგვალი ხელი. როცა ბაშვი კითხულობს რომელსამე ასოებსა და ზედმიწევნით სწერს მათვე უცვლელად, სახე ასოებისა ერთი სამად უფრო ცხადად, უფრო გარკვევით იხატება მის წარმოდგენსაში და უფრო მტკიცედ რჩდება სახსოვარში.
ყველამ კარგად იცის, რომ საგანი გასინჯვით ისე არას დროს არ შეისწავლება, როგორც დახატვით, საკუთარის ხელით გამოსახვით. უკანასკნელს შემთხვევაში საგანი ქმნილებაა კაცის ხელისა, და არამც თუ ყოველი მთავარი ნაწილი საგნისა ზედმიწევნით გაიცნობება, არამედ თვითეული პაწაწკინტელა უმნიშვნელო ნაწილიც კარგად გაისინჯება; ამასთან ცხადი ხდება ურთიერთობა ნაწილებისა, მათი კავშირი ერთმანეთთან. საუკეთესო მაგალითს ამ აზრის დასურათებისათვის წარმოგვიდგენს ქარტის, რუკის გაცნობა. ვსთქვათ თქვენ ბეჯითად, ყურადღებით გასინჯეთ ქარტა რომლისამე ქვეყნისა, გასინჯეთ არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. სრულია თქვენს გონეაში სახე ამ ქვეყნისა? არა, წარმოდგენის ძაფი ბევრგან სწყდბა, ბევრი რამ წვრილმანი გაჰპარვია თქვენს თვალსა და თქვენ არ შეგიძლიანთ სხვას ცოცხლად, უნაკლულოდ აუწეროთ ამ ქვეყნის შენობა, მისცეთ მას უტყუარი, სრული წარმოდგენა მასზედ. მაგრამ – კი იმავე ქვეყნის ქარტა აი თქვენ დახატეთ არა რამდენჯერმე, არამედ ერთხელ მხოლოდ და რა შედეგი მიიღეთ? მთელი ქვეყანა წყლებით, მთებით, გზებით, ტბებით და სხვა კუთვნილებით თქვენ თვალ წინ იხატება ცოცხლად და გარკვევით და ეს სრული, უკანასკნელი წარმოდგენა სამუდამოდ რჩება თქვენს სახსოვარში. ასეთს დიდს განსხვავებას საგნის გასინჯვისა და გამოსახვის შუა ჰბადებს არა მარტო ის გარემოება, რომ გამარტვის ჟამს თქვენი თვალები უფრო დაწვრილებით იკვლევენ საგანსა, არამედ იმისგანაც, რომ ამ დროს მოქმედობს თვალებთან ერთად, ესრედ წოდებული კუნთთა გრძნობა.
აქედან ადვილად დაასკვნით, თუ რამდენ დახმარებას უწევს წერა კითხვასა, რავდენად აჩქარებს, აადვილებს და მტკიცედ ჰყოფს მას მაშინ, როდესაც თქვენ ბავშვს საკუთარის სახელით ასახვინებთ, აწერინებთ იმავე ასოებსს, რომელსაც ისინი წიგნში კითხულობენ, აწერინებენ ბეჭდურ, მრგვალი ხელით, რომლითაც ჩვენში წიგნები იბეჭდება. მეორე მხრივ, ადვილად მიხვდებით, თუ რავდენად უნდა აბრკოლებდეს, აძნელებდეს კითხვას წერა, როდესაც წერის ანბანი განსხვავდება ბეჭდურის ანბანისაგან, როდესაც ერთი და იგივე ხმა წიგნში გამოიხატება ერთი ასოთი და წერაში – კი სხვა ასოთი. ამ შემთხვევაში, კითხვის ჩაბეჭდილებანი არ ეთანხმებიან წერი ჩაბეჭდილებათა შლის მეორეს ბავშვის გონებაში, და მოსწავლე მოკლეუბულია შეძლებას შეჩერდეს განსაზღვრულს ნასახებზედ და მტკიცედ შეითვისოს იგინი…
ევროპის პედაგოგებს თავდაპირველადვე კარგად ჰქონდათ შეგნებული, რომ წერას შეუძლიან დიდადაც დაეხმაროს კითხვასა და დიდადაც დააბრკოლოს იგი. ამიტომ იმავე თავითვე ურთიერთობა კითხვასა და წერას შორის შეადგენდა ერთს უმთავრეს პედაგოგიურს საკიხთს წინად ამ საკითხს თავიდგან იშორებდნენ იმითი, რომ ჯერედ მარტო ბეჭდურს კითხვას ასწავლიდნენ და მხოლოდ შემდეგში, როდესაც მოსწავლე კარგად გაიტეხდა ენას კითხვაში, ხოელთ-ნაწერის წერასა დააწყებინებდნენ ხოლმე. ამ დროს წერა არც ეხმარებოდა კითხვასა და არც ხელს უშლიდა. მერმე შემოიღეს ესრედ წოდბული წერა-კითხვის მეთოდი, ხელ-ნაწერის ასოს აწრეინებდნენ და თანაც აკითხებდნენ. როცა ამ წესით ხელ-ნაწერს ანბანს გაათავებდნენ, მაშინ ბეჭდურს ანბანს ასწავლიდნენ. ბოლოს ეს მეთოდიც უარ-ჰყვეს პედაგოგებმა და ექიმებმა შემდეგი მოსაზრების ძალით: პირველად, წრა, რომელსაც ბევრად ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ხდებოდა მთავარ საგნად, იჭერდა ბავშვის გონებაში პირველ ადგილსა და შემდეგში უშლიდა სტამბურის ასოს დროით შეთვისებასა, აბრკოლებდა კითხვასა; მეორედ, გამოცდილებამ და საგანში უფრო ღრმად ჩაკვირვებამ ცხად ჰყო პედაგოგებისა და ექიმებისათვის, რომ წერა ძლიერ ძნელი პროცესია, ბევრად უფრო გასაჭირი ბავშვებისათვის, ვიდრე კითხვა, რომ ამ შემთხვევაში წინააღმდეგ პედაგოგიის მთავარის მცნებისა, საქმე ძნელად იწყება და ადვილზე გადადის, რომ თვით ბავშვის სიმართლისათვის ეს მეთოდი მავნებელია. ამ საფუძველთა ძალით უარ-ჰყვეს მეთოდი წერა-კითხვისა და დაუბრუნდნენ კითხვა-წერის მეთოდსა, რომელსაც მისდევენ არა უწინდებურად, არამედ ისე, როგორც მოითხოვს თანამედროვე პედაგოგია და ჰიგიენა. აკითხებენ დიდი სტამბურის ასოებით დაბეჭდილს სიტყვებსა სეკავშირებულს სურათებითა. ავარჯიშებენ სიტყვების კითხვაში, რომლებშიაც ახალი ასო მოქცეულია ხან თავში, ხან შუაში, ხან ბოლოში და შემდეგ სიტყვებიდან გადადიან ფრაზებად და მოთხრობებზედ.
წერას რაღას უშვებიან? პირველ ხანებში, ვიდრე ბავშვი კარგა ბლომა ნაწილს ანბანისას გაათავებდეს და კითხვის პროცესში გაიმართებოდეს, წერა სრულიად შეჩერებულია, არ ასწავლიან. სამაგიეროდ ბავშვებს ახატვინებენ იმავე ბეჭდურს ასოებს, რომელთაც კითხვას ისინი სწავლობენ. მერმე კითხვას ზედ ურთავენ წერასაც. ამ სახით არის შედგენილი, მაგალითად, ახალიდ ანბანი ბუნაკოვისა, რომელიც წინედ, უშინსკისავით, ადგა წერა-კითხვის მეთოდსა და ბოლოს წლებში – კი უარჰყო და ეს გზა მიიღო მეთოდი კითხვა-წერისა. აქ საშიროდ ვრაცხთ მოვიგონოთ, რომ ოცი წლის წინედ გამოჩენილი და ფრიად გამოცდილი რუსის პედაგოგი ბარონ კორფი თხოულობდა, რომ სკოლებში, კითხვის სწავლების გასაადვილებლად და დასაჩქარებლად, წერა კი არ ესწვლებინათ ანბანის კითხვის დროს, ეხატვინებინათ ბეჭდური რუსული ასოები და მხოლოდ შემდეგში, როცა პირველს საკითხავს წიგნში შეუდგებოდნენ ბავშვები, წერა მაშინ დაეწყებინებინათ. მაშინ ეს აზრი რუსეთში ძლიერ იუცხოვეს, ახლა – კი საღ და ჭეშმარიტ აზრად მიაჩნიათ როგორც ევროპაში, ისე რუსეთში. მხოლოდ წერას ისე ძლიერ არ აგვიანებენ, როგორც თხოულობდა კორფი. ჩვენ არა გვგონისა, რომ კორფს, ბუნაკოვს და სხვებს არ ესმოდათ და არ ესმით, რომ ხატვა ბეჭდურის კუთხიან ასოებისა აძნელებს შემდეგში ხელ-ნაწერილის ასოების წერასა, რადგანაც ხელი, თავისუფალი განსხვავებული ჩვეულებისაგან, უფრო ადვილად სწავლობს წერასა, ვიდრე ის, რომელიც ხატავს ასოებისას დაეჩვია და წერის დროს ამ ჩვეულებას უნდა ებრძოლოს. მაგრამ ხატვა ბეჭდურის ასოებისა ისე ეხმარება კითხვასა, ისე უმართავს ხელსა, რომ მეორე ხარისხის ნაკლულოვანებას ყურადღებას არ აქცევენ, რადგანაც პატარა ზიანის დიდს სიკეთეს იძენენ.
ევროპასა და რუსეთში წერა-კითხვის საქმე ძლიერ აბრკოლებენ და აბრკოლებს დიდი განსხვავება ბეჭდურსა და საწერ ანბანს შუა. ეს განსხვავება იქამის მიდის, რომ ბავშვი იძულებულია ერთსა და იმავე დროს ებრძოლოს ორის სამშობლო ანბანის შესწავლას. ამასთან ბეჭდურს ასოებს ისეთი მოხაზულობა აქვთ, ისეთი კუთხიანები არინ, რომ მათი წერა შეუძლებელია, – ისინი უნდა უთუოდ იხატებოდნენ და ხატვა – კი მათი, ძლიერ სასარგებლო კითხვისათვის, მავნებელია წერისათვის, როგორც ეს ერთის წამის წინედ შევნიშნეთ.
შეიძლება მკითხველმა იკითხოს: რას ვეძახი მე ხატვას ასოებისას და რას წერასა? სახატავია ასო მაშინ, როდესაც მისი გამოსახვის დროს კალამი უნდა რამდენჯერმე მოაშორო ქაღალდსა, რათა ყველა ნაწილი ასოსი სრულიად გამოიყვანო. საწერია ასო იმ შემთხვევაში, როცა კალმის ერთი მოსმით ქაღალდს აუშორებლივ მთელ ასოს გამოსახავთ. ავიღოთ მაგალითად, რუსული ბეჭდური Д და საწერი g . პირველის ასოს გამოსახვისათვის თქვენ ოთხჯერ-ხუთჯერ დაგჭირდებათ კალმის მოშორება ქაღალდიდგან, მეორეს – კი ერთი კალმის მოსმით სრულ ჰყოფთ. სახატავ კუთხიან ასოებიდგან შესდგება ყოველი ევროპიული ბეჭდური ანბანი საზოგადოდ და რუსული კერძოდ, და საწერ ასოებს წარმოგვიდგენს ხელნაწერი ანბანი. და სწორედ აქა გდია ვეებერთელა ლოდი სწავლების გზაზედ ევროპასა და რუსეთში: ამ მხრივ ჩვენს ქართულს ანბანს დიდი უაღრესობა აქვს ევროპიულ ანბანთან წინაშე. იგი სრულიად მოკლებულია ამ ორგვარს ხასიათსა, ბეჭდური, სახატავი ანბანი ჩვენ გვქონდა ძველს დროში, მეცხრამეტე საუკუნემდე. ეს იყო ხუცური ასომთავრული, მთლად კუთხიანი ევროპიული ანბანებისავით, რომლითაც მაშინ იხატებოდა ყოველი ქართული წიგნი, იხატებოდა-მეთქი, რადგანაც ამ კუთხიანი ასოების წერა ისევე შეუძლებელია, როგორც ეხლანდელის ევროპიულის ბეჭდურ ასოებისა. მას უკან, რაც მისი ადგილი დაიჭირა, ხელნაწერმა ხუცურმა და მეტადრე მისგან წარმომდგარმა მხედრულმა ხელმა, ჩვენ თავიდგან ავიშორეთ კუთხიანი სახატავი ანბანი და დავადგინეთ იმისთანა მრგვალი ანბანი, რომელიც საკითხავათაც ადვილია და საწერათაც: მთელს ჩვენს სტამბურში მხოლოდ ორი ასო მოიპოვება (ქ და ჭ), რომელთა დაწერის დროს კალამი უნდა ქაღალდს ააცილო და ისიც მხოლოდ ერთხელ. სხვა ყველა ჩვენი ასოები იწერებიან კალმის ერთი მოსმით.
ერთის სიტყვით, ჩვენს ბეჭდურსა და ხელნაწერ ანბანს შორის სუფევს სრული მსგავსება, ერთობა, რომელიც ევროპისა და რუსეთისათვის ჯერ-ჯერობით შეადგენს საგანსა ნატვრისასა. რა არის ნუსხური ანბანი? იგივე ბეჭდური, შემოკლებული, დაპატარავებული და გადაბმული. რა არის ბეჭდური ანბანი? იგივე ნუსხური, გადიდებული, გაფურჩქვნილი და გადაბმული. ერთი ანბანიც და მეორეც მოშორებულნი არიან კუთხიანობასა და წარმოადგენენ მრგვალს ხელსა, რომელიც თავისათვისაც საადვილოა და ხელისათვისაც. ეს ერთობ საკუთხავისა და საწერის ანბანისა სწორედ ღვთის წყალობაა მეტადრე ჩვენთვის, რადგანაც ძლიერ გვეჭირვება გაადვილება სამშობლო წერა-კითხვის შესწავლისა. ამ სახით თვით ბუნებ ჩვენის ანბანისა გვამცნებს: აწერინეთ პირველ ხანებში ბავშვს იგივე სტამური ხელი, რომელსაც იგი წიგნში კითხულობს. ამას მოითხოვს უდიდესი ინტერესი კითხვისა, რომელი მთავარ საგანს შეადგნს პირველ დაწყებით სწავლაში.
ამ მცნებას აქამომდე ქართველები მტკიცედ ვადექით, წერას ვიწყებდით სტამბურიდგან, გადავდიოდით ნუსხურზედ. მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ევროპასა და რუსეთში შეიგნეს, თუ რა მავნებელია ერთის ანბანის კითხვა და მეორის წერა, და სცდილობენ იმავე გზას დაადგნენ, რომელსაც ჩვენ აქამომდე მივდევდით, ჩვენში აღმოჩდნენ პირნი, რომელთაც იწყეს ღაღადება, რომ სტამბური უნდა ვიკითხოთ და ნუსხური ვაწერინოთ. სწორედ ჩინებული დრო შეარჩიეს უკუღმართის რეფორმის მოსახდენად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იმავე სასაცილო-სატირალ მოვლენას, რომელიც ჩვენში დაიბადა წერის მიმართულების შესახებ. ვიდრე ევროპასა და რუსეთში ალმაცერი ხელი მეფობდა და პირდაპირი ხელი სრულიად უარყოფილი იყო, ჩვენ საქებურის სიმტკიცით ვადექით პირდაპირ ხელსა. როცა ევროპაში, რუსეთსა და თვით კავკასიაში (ოფიციალური რუსი პედაგოგებიც – კი) მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ პირდაპირ წერას ყოველი უპირატესობა აქვს ალმაცერად წერასთან, როდესაც ეს უკანასკნელი წერა დღითი-დღე უქმდება და მეფობას ძალაუნებურად უთმობს სახლობასა და სკოლაში პირდაპირ წერასა, სწორედ ამ დროს აღმოჩდნენ ჩვენში პედაგოგები, რომელთაც იწყეს ქადაგება ალმაცერა ხელის შემოღებაზედ და ნახევრობით მაინც ეწიენ გულის წადილსა. მოდი და ნუ გაიმეორებ ჩვენის პოეტის ლექსს: ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?..
წერილი მეორე
ცხადია, რომ ჩვენმა წერამ უნდა იაროს იმავე გზით, რა გზაზედაც აქამდეს იდგა, მრგვალი ხელიდგან ვიწყოთ და ნუსხურზედ გადავიდეთ ხოლმე, უნდა იაროს მაშინაც-კი, თუნდა ეს მეტნაკლებობით დამაბრკოლებელი იყოს წერისათვის. ეს საჭიროა, ფრიად საჭირო, დროით და რიგიანად გამართვისათვის კითხვაში, რომელსაც, როგორც მთავარს საგანს, უფრლება აქქვს ანაცვალოს წერის ინტერესი. გარნა წარმოიდგინე, მკითხველო, რომ აქ არავითარი მსხვერპლი წერისაგან არ მოითხოვება, ამიტომ რომ ერთობას კითხვისას და წერისას ბეჭდური მრგვალი ხელით წერის დაწყებას მოითხვოს და არა მარტო კითხვის ინტერესი, არამედ წერისაცა, და თუ სრული მართალი გნებავთ – წერის სიკეთე უფრო ხმამაღლა ღაღადებს ამ წერის სასარგებლოდ, ვიდრე კითხვისა. და აი ამისი საფუძველნიც.
ძირითადი მცნება პედაგოგიისა გვიბრძანებს: იწყე ადვილიდგან და გადადი ძნელზედ. ვიკითხოთ: მრგვალი ხელის წერა უფრო ადვილია, თუ ნუსხურისა? მიუცილებლად პირველისა. და აი რადა: მრგვალი სტამბური ასოები გაფურჩქვნილია, განვითარებული, ყოველი მათი ელემენტი, ნაწილი ცხადად არის გამოსახული, დასრულებული, ერთის სიტყვით, ყოველი ბეჭდური ასო სრულ სახოვანია. ნუსხური – კი შემოკლებულია, გაუფურჩქვნელი და შედგება არ სრული ელემენტებიდგან, ნაწილებიდგან, არამედ ნახევრებიდგან, ასე რომ რუსულს რასმე წარმოგიდგენს თვალწინ. ხოლო ყოველი გაფურჩქვნილი რამე, კარგად განსაზღვრული, დასრულებული ბევრით უფრო ადვილია თვალისთვისაც, ვიდრე განუვითარებელი, ბუნდად განსაზღვრული, უდღეურის მსგავსი. მაგალითად ავიღოთ ასოები კდ და ვ, ძ და მ. ამ ორს წყვილში რომელი ასოები არიან ძნელი საწერად და რომელი უფრო ადვილი? ყველა, ვინც კი ცოტაოდნავ დაჰკვირვებია, შედარების სიძნელეს ასოების წერისას, იტყვის, რომ კ და ძ უფრო ძნელია, ვ და მ უფრო ადვილია. რად არის ესე? იმიტომ რომ უკანასკნელს ორს ასოს სრული თავი აბიათ, პირველს ორს-კი გაბმული აქვთ მხოლოდ ნახევარ-ნახევარი თავი, და სწორედ ეს ნახევრობა აძნელებს საქმესა, რადგანაც ნახევარი თავის გამოსახვა უფრო მეტი სიმარჯვით ეჭირვება, ვიდრე სრულის თავისას…
ყოველ კარგად გაცნობილის საგნის გამოსახვა ადვილია, გაუცნობელისა ძნელია. სტამბური მრგვალი ასოები ბავშვს კარგად აქვს გაცნობილი, რადგანაც მათ იგი ხედავს ხან ცალკე, ხან ერთი ასოს გვერდით, ხან მეორე ასოს გვერდით, ხან მესამისა და მათი სახე გონებაში სრულად აქვს ჩარჩენილი. ნუსხურს ასოებს ბაშვი წიგნში არა ხედავს, კითხვით იგინი კარგად არა აქვს გასინჯლი, მათს სახეს მხოლოდ წერის დროს და ბევრი-ბევრი ნახევრობით აქვს მათი მოყვანილობა შესწავლილი. ამის გამო სტამბურის ასოების გამოსახვა, როგორც სრულად ცნობილის, ბევრით უფრო ეადვილება, ვიდრე ნუსხურისა, რომელსაც მხოლოდ ნახევრობით, ბუნდად, ყოყმანობით იცნობს…
პირველს ხანებში ბავშვმა უთუოდ მოზრდილი ასოები უნდა სწეროს, რათა მის ხელს ჰქონდეს საკმარისი მოედანი ვარჯიშობისათვის, შეიძინოს მოქნილობა და თავისუფალი მოძრაობა კალმისა გაიკვეთოს. ეს უპირველესი პირობაა ჩქარის, მარდის წერის შესათვისებლად. პატარა ასოების წერა-კი ავიწროებს ბავშვსა, ნებას არ აძლევს ხელი შეაჩვიოს თავისუფალს მოძრაობასა, სიმარდე კალმისა შეიძინოს. სტამბურს ხელს მოზრდილი ასოები შეეფერება, შეესაბამება, უხდება. ნუსხურს-კი არა, ნუსხური არის დანიშნული წვრილი ხელისათვის. მაშასადამე…
გარნა წერის დაწყებას მრგვალი ხელიდგან ითხოვს კიდევ იმისთანა ბობოლა რამე, რომლის წინაშე ქუდები უნდა მოიხადონ კითხვამაც და წერამაც. ეს ბობოლა გახლავთ ბავშვის სიმართლე, როცა ბავშვი სათავეში სწერს მსხვილს, მრგვალს ასოებსა, კითხვის დროს კარგად გაცნობილსა, იგი ზის ამართული, თვალები შორს უჭირავს რვეულსა და თავის შორის ჯეროვანი მანძილი აქვს დატოვებული. წინააღმდეგ ამისა, როცა ბავშვი პირველსავე ხანში ნუსხურს ასოებსს სწერს, პატარასა, წვრილსა და ბუნდად გაცნობილსა, იგი იძულებულია წელში მოიკაკვოს, გულის სტოლზედ დააბჯინოს, თვალები ძლიერ დაუახლოვოს რვეულსა. ხოლო ამ გვარი მდგომარეობა სხეულისა, ყოველ დღე გამეორებული, უბრუნდება ბავშვს ხერხემალსა, უშლის გულის ფიცრის გაზრდასა, თვალებს უსუსტებს, შორს მჭვრეტელობას აკლებს და ბეცობას სძღვნის…
ცხადია, რომ ნუსხურიდგან წერის დაწყება შეადგენს არ მარტო ორკეცს პედაგოგიურს შეცდომას, არამედ დანაშაულობას მოზარდ თაობის წინაშე…
ამ უცნაურის რეფორმის სურვილში დიდი მონაწილეობა აქვს მოუთმენლობასა, ამ მოუთმენლობასა, რომელსაც სურს, რომ ხემ გაფურჩვნასა და აყვავებაში დრო არ დაჰკარგოს და ნაყოფი პირდაპირ მოისხას. ხოლო მოუთმენლობას ყოველთვის და ყველა საქმისათვის ხელი შეუშლია, უკუღმა დაუტრიალებია, უნაყოფობა დაუბადნია. წერაშიაც ამის მეტი არაფერი მოუტანია და არც შემდეგში მოიტანს. დავასახელებ საყურადღებო მაგალითს ჩვენივე ცხოვრებიდგან. მოგეხსენებათ, რომ ქალები უფრო მოუთმენელნი არიან. მოკლე გზა უყვართ, არ ეპიტნავებათ ქართული ანდაზა: “შორს მოუარე შინ მშვიდობით მიდიო”, და, სამაგიეროდ, ძლიერ მოსწონთ მეორე ქართული ანდაზა, უთუოდ მათგანვე მოგონილი: “ხვალინდელს ქათამს დღევანდელი კვერცხი მირჩევნიაო”. რასაკვირველია, ეს პატარა ნაკლულევანება მათ სრულიადაც არ უშლით ბევრი დიდი ღირსებით მაღლა იდგნენ მამაკაცებზედ. მაგრამ ეხლა საქმე ეს არ გახლავთ. საქმე ის არის, რომ ჩვენმა ქალებმა ეს პაწაწკინტელა ნაკულოვანება წერაშიაც გამოიჩინეს. მათ დიდი ხანია ახლანდელს რეფორმატორებს წინ უსწრეს, მათი ლოგიკა განახორციელეს, წერაში მოკლე გზა ამოირჩიეს და როდესაც მამაკაცნი მსხვილი მრგვალი ხელით იწყებდნენ წერასა, ჩვენი ქალები პირდაპირ ნუსხურს დაადგებოდნენ ხოლმე: მერე რა სიკეთE შესძღვნა მათ ამ საქციელმა? რა ნაყოფი მოჰკრიბეს გაფურჩქვნასა და აყვავების წინეთ? თქვენს მტერს ნუ დაულიოს ის სიკეთე, რაც მოუთმენელმა ქალებმა მოიმკე. ესრედ წოდებული ქალური ხელი, რომელიც წერა კი არ არის, ჯღაბნაა, მახინჯი და რომელნიც ჩვენში დიდი ხანია მასხრად არის გაკეთებული – აი შედეგი ჩვენის ქალების მოუთმენლობისა. წინედ, რავდენადაც მამაკაცნი ლამაზად სწერდნენ, იმდენად ქალთა ხელი იყო უშნო, გაურკვეველი, ულაზათო; მხოლოდ ბოლოს წლებში, როდესაც სკოლებში მოსწავლე ქალებმაც იმავე სისტემით იწყეს სწავლა წერისა, რომელსაც ვაჟები ადგნენ, მათშიაც გამოერივნენ მშვენიერის ხელის მცოდნენი, და არამც თუ გამოერივნენ, წინ გაუსწრეს მამაკაცებს, რითაც დაამტკიცეს, რომ ლამაზი წერისათვის ქალებს უფრო მეტი ნიჭი აქვთ ბუნებისაგან მინიჭებული.
წარმოიდგინეთ ავადმყოფი, რომელსაც სტომაქის სახადი სჭირს, მაგრამ ეს მან არ იცის, თავის უძლურებას აბრალებს საღს ფილტვებს, იგინი მიაჩნია სნეულად და სვამს წამალს ფილტვების მოსარჩენად, სტომაქს – კი არავითარს ყურადღებას არ ათხოვებს. რა მოუვა ამ ავადმყოფსა? რასაკვირველია, უარესს მდგომარეობაში ჩავარდება და იქნება წუთისოფელსაც მალე გამოესალმოს, თუ დროზედ არ შეიგნო თავისი შეცდომა. ჩვენს ქართულს წერსაც ლამის ეს ვაება დაატყდა თავზედ. იგი კარგად, სასურველად ვერ მიდის სკოლებში ჯერ იმიტომ, რომ ძლიერ ნაკლები დრო აქვს ნაწილადევი და ამ დროსაც უყურადღებოდ ახმარებენ და მერმე იმის გამო, რომ ბევრს სკოლებში უარჰყვეს დალოცვილი პირდაპირი ხელი და შემოიღეს ალმაცერი შრიფტი, შეუსაბამო მეტადრე ჩვენის ანბანისა, ულაზათო და უშნო. სენი აქა ბუდობს. ერთი მთავარი საღი მხარე ჩვენის წერისა გახლავთ – სტამბურიდგან დაწყება და ნუსხურზედ გადასვლა. და სწორედ ეს საღი მხარე, ეს დიდი ღირსება ჩვენის წერის წესისა უნდა ზოგიერთებს მოსპონ, გააუქმონ, საქმე უკუღმა დაატრიალონ. ვგონებთ, რომ ეს ფრიად სამწუხარო მოვლენაა.
თუ ამ საღს სისტემას სტამბურს – ნუსხურს რაიმე ეჭირვება – ეს არის მისი სასტიკი დაცვა, სრულიად, უნაკლოდ, სისტემატიურად განხორციელება. ხოლო ამ განხორციელებაში მოსდით ჩვენებს არა ერთი შეცდომა, რომელიც ამცირებს ნაყოფს.
პირველი შეცდომა გახლავთ ისა, რომ ბადეს ხმარობენ რამდენიმე წელიწადსა. ეს ბოროტად მოქმედებაა სასარგებლო ხერხისა, ღონისძიებისა და სწორედ ამ ბოროტმოქმეებამ გამოიწვია უარყოფა ბადესი ზოგიერთა განვითარებულ პირის მხრივ. გარნა ამ უარყოფას არავითარი შესაწყნარებელი საბუთი არა აქვს. წარმოიდგინეთ სახლობა, რომელიც თავის ბავშვს ჭოჭინით ატარებს რავდენიმე წლის განმავლობაში. ეს ხომ ხანგრძლივი ხმარება ჭოჭინისა მიუცილებლად დააგვიანებს თავისუფლად სიარულში გამართვასა. მაგრამ ეს განა ჭოჭინის ბრალი იქნება? სრულიადაც არა. დამნაშავენი იქნებიან მშობელნი, რომელთაც ბავშვი თავის დროზე არ მოაშორეს ჭოჭინასა. თვითონ ჭოჭინი – კი დიდად სასარგებლოა რავდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ბავშვს ასოები ჯერედ სუსტი აქვს და თავისთავად, უშემწეო სიარული არ შეუძლიან. ჭოჭინი, ხმარებული მოკლე ხნის განმავლობაში, ძლიერ ეხმარება დროზედ ფეხის ადგმასა; იგივე ჭოჭინი, დიდხანს ხმარებული, აგვიანებს თავისუფალს სიარულს ბავშვისასა. ესევე უნდა ითქვას საწერს ბადეზედაც. პირველი წლის განმავლობაში მისი ხმარება ბავშვს ძლიერ უმართავს ხელსა, დიდს შემწეობას უწევს, მეტად უადვილებს მიეჩვიოს სიმეტრიულს წერას ასოებისას, მისცეს მათ ჯეროვანი სიმაღლე და საგანი და ერთნაირს მანძილზედ დააშოროს როგორც ასოები სიტყვებში, ისე სიტყვები ერთმანეთზედ. უბადოდ თვით უნიჭიერესს ბავშვებს ძლიერ უძნელებათ სიმეტრიული წერის შესწავლა და ეჩვევიან მეტ-ნაკლებობით უშნო ხელსა.
მეორე წლის დასაწყისიდან ბავშვი თავს ანებებს ბადეს და სწერს ოთხ ხაზს შუა რამდენსამე თვეს, შემდეგ ხმარობს ორხაზიან რვეულებს, მერმე ერთ ხაზიანს და წლის დამლევს ეჩვევა უხაზოდ წერასა. ამასთან თანდათან აპატარავებს ასოებსა და ბოლოს ამოკლებს ზოგიერთსა, მაგალითად: რ და ლ-სა. გადაბმა ასოებისა ძლიერ უცვლის მათ სახესა, კითხვას აბრკოლებს და ამიტომ მას პირველს წელს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მეორე წლიდან კი საჭიროა გადაბმით ვაწერინოთ, რადგანაც გადაბმა წერას აჩქარებს, უხდებ ჩვენს ასოებსსა, ეხალისებათ ბავშვებსა და ეადვილებათ კიდეც. მეორე წლის ბოლოს ბავშვი უნდა სწერდეს წვრილი, შემოკლებული და გადაბმული მრგვალი ხელით, რომელიც არის იგივე ნუსხური. მესამე წელიწადს მოწაფენი სწავლობენ გაკრულს, ჩქარს ხელსა.
ეს, რასაკვირველია, აჩქარებული შესრულებაა სისტემისა. მაგრამ ამ აჩქარებას მოითხოვს სიმოკლე ჩვენი სახალხო სკოლის კურსისა და მეტადრე ის გარემოება, რომ მესამე წელიწადს სოფლის სკოლებსი ათში ერთი მოსწავლე აღარ რჩება, ორის წლის ყოფნით სკოლაში ათავებენ თავის სწავლებასა. თუ კითხვა-წერის გაკვეთილები სკოლებში ყოველ დღე იქმნებიან დანიშნულნი, როგორც ამას მოითხოვს ოფიციალური სამოსწავლო გეგმა საერო და სასულიერო მთავრობისა, მაშინ ეს აჩქარებული აღსრულება წერის წესისა – კარგი, ლამაზი ხელის დამკვიდრებას ჩვენს სკოლებში სრულიადაც არ დაუშლის. მაგრამ თუ ლაქიური სულმოკლეობა და მეტიჩრობა იჩენს თავსა, მაშინ თვით ჩინებული სისტემაც უძლურია საქმე დამხობიდგან დაიცვას.
გამორკვეული წესი წერისა იყო მირებული ჩვენს საწერს დედანში და ახლა იგი განხორციელებულია “დედა ენაში”, რომლისათვისაც უკვე დამზადებული გვაქვს ის ქართული წვრილი ხელი, რომლითაც უნდა გათავდეს მეორე წლის კურსი და რომელიც ბოლოში ჩაერთვის ახალს გამოცემას.
დაახლოებით ამ გვარივე სისტემა წერისა მიღებულია ტფილისის სააზნაურო სკოლაში და ყველამ, ვისაც კი შემთხვევა ჰქონია გაესინჯა რვეულები მოწაფეებისა, კარგად იცის, რომ მესამე წელს მოწაფენი სწერენ მშვენიერი წვრილი ხელით. მაგრამ იმ სკოლებში – კი, სადაც სხვა რიგს წერისას მისდევენ და ამასთან ალმაცერა ხელს ხმარობენ, წერა გამქრალია და მის მაგივრად მეფობს უგვანო ჯღაბნა…
ერთი რამ აკლდა ქართულს წერას წინედ და ახლაც აკლია. მე ვამბობ ტაქტით, აყოლით წერაზედ. დიდი ხანია ევოპასა და რუსეთში ყველა კეთილ განწყობილს სკოლაში დამკვიდრდა აყოლით წერა. ჩვენში კი იშვიათად შეხვდებით იმისთანა ღვთისნიერ მასწავლებელს, რომელიც ამ საუცხოვო ხერხს ქართულს წერაშიაც ხმარობდეს. ეს გარემოება უნდა ჩაითვალოს მეტად სანანურად. ქვეყანაზედ ძნელად იპოვნით ხალხსა, რომელსაც აყოლით მუშაობა ისე უყვარდეს, როგორც ეს უყვარს ჩვენს ხალხსა. ყურძნის წურვა გინდათ, თუ თოხნა, მკა გნებავთ, თუ თიბვა – ყველა ძნელს სამუშაოში ქართველი გლეხი ხმარობს აყოლას თავის გასამხნევებლად, წასახალისებლად, ჯაფის შესამსუბუქებლად. რა ძლიერ აადვილებს საქმეს აყოლით მუშაობა, საკმარისია მაგალითად ავიღოთ მკა. მომკალი, რომელიც უდგას გვერდით ამხანაგებს და მათთან ერთად მკის აყოლით და ჰოოპუნის ძახილით, ურფრო სწრაფად მკის, უფრო ბევრ ყანას აქცევს ძირსა და უფრო გვიან იღლება, ვიდრე ის მომკელი, რომელიც მარტოდ-მარტო მუშაობს. ეს, ვგონებ, ყველას შემჩნეული ექმნება.
წერაზედაც ესევე უნდა ვსთქვათ. აყოლით, ტაქტით წერა ჰბადავს კეთილშობილს ჯიბრს მოწაფეთა შორის, აქეზებს მათ კარგ წერაში, ახალისებს და აჩვენებს თანხმურს მოქმედებასა. ამას გარდა, აყოლა ხელს უწყობს კლასის დისციპლინასა, რიგიანობასა და კარგი ღონისძიებაა აღსაზრდელად მოზარდს თაობაში იმ ძმური მოქმედბისა ცხოვრებაში, რომლითაც ჩვენ ამ ჟამად ძლიერ ღარიბნი ვართ…
მაშ რატომ არა ვხმარობთ ტაქტს წერში? იქნება იმიტომ, რომ მისი ხმარება ძნელი იყოს? სრულიადაც არა. სამაგიეროდ ძლიერ ადვილი გახლავთ მეტადრე მასწავლებლებისათვის, რომელნიც მიჩვეულნი არიან ტაქტის ხმარებას რუსულის წერის დროს. ტაქტის საფუძვლად მიღებულია კალმის დაჭერა. რამდენჯერაც ასოს დაწერაში საჭიროა კალმის დაჭერა ქაღალდზედ, იმდენჯერ უნდა მისცეთ ბავშვს ტაქტი. წვრილი ნაილები კი ასოებისა იწერებიან ტაქტსა და ტაქტს შუა. ავიღოთ, მაგალითად, ასო გ. ამ ასოს დასმისათვის საჭიროა სამჯერ კალმის დაჭერა: ერთხელ წერტილის დასასმელად, მეორეჯერ თავის მოსახაზავად, მესამეჯერ ქვემო ტანის გამოსახვისათვის. მაშასადამე, სამი ტაქტით უნდა იწრებოდეს ეს ასო. ამ საფუძვლის ძალით ერთ ხამუშად დაიწრება შემდეგი ოთხი ქართული ასო: ა, ს, ხ, ძ. ორი ტაქტი მოუნდება ასოებსა: ბ, ე, ზ, თ, ი, კ, მ, ნ, პ, ჟ, ტ, ქ, ყ, შ, ჩ, ც; სამს ტაქტს მოვანდომებთ ასოებს: გ, დ, ვ, რ, უ, ფ, ღ, წ, ჭ, ჰ. ხოლო ოთხს ტაქტს მოინდომებენ ორი დანარჩენი ასო: ლ და ჯ. ავიღოთ კიდევ მაგალითად სიტყვები: თივა და ლაჯი. პირველი სიტყვისათვის საჭიროა რვა ტაქტი, მეორისათვის თერთმეტი… ტაქტის შემოღებას ქართულს წერაში მოითხოვს რუსულის წერის ინტერესიც. ჩვენს სკოლებში რუსულს თითქმის ყველგან ტაქტით აწერინებენ; ქართული წერა კი უტაქტოდ მიდის. ქართული უტაქტო წერა ხელს უშლის რუსულს ტაქტიან წერას, აბრკოლებს, აძნელებს. ერთობის დამყარება ამ მხრივ ქართულსა და რუსულ წერას შორის ერთსაც წინ წააყენებს და მეორესაც. ამას ისიც უნდა დავძინოთ, რომ ტაქტი ძალიან ადვილად უდგება მრგვალს ხელს. ხოლო ნუსხური ვერ შეიმშვენს მას… ქართულს თავისავე სამშობლოს ენას სკოლაში ისე ეკიდებოდნენ და ეკიდებიან, როგორც დაუპატიჟებელს აბუჩად აგდებულს სტუმარსა. გარნა ქართულის წინგის ცოდნა მაინც წინ მიდის დღითიდღე, რის გამოც მრავალი წიგნი იბეჭდება, სტამბები არამც თუ ქალაქებში, დაბებეშიაც კი იმართებიან და გამომცემლის საზოგადოებანი ფრთას იშლიან. რის მეოხებით ხდება ეს? უფრო იმის მეოხებით, რომ ქართულს კითხვასა და წერას შორის არსებობდა და არსებობს სრული ერთობა, წერა ხელს უწყობდა და უწყობს კითხვის პროცესის შესწავლასა და კითხვაც წერას ეხმარება. მოშალეთ ეს ერთობა, დააწყებინეთ კითხვა მრგვალი ხელიდგან, წერა ნუსხურიდგან, ერთმანეთშ შეახალეთ წერა და კითხვა და მალე მოესწრებით იმ მოვლენასა, რომ ქართული კითხვა შეფერხდბა, შესუსტდება, წიგნთ ბეჭდვა შემცირდება და კარგი ქართულის წერის მაგიერ უგვანო ჯღაბნა-ღა შეგვრჩება ხელში.
ეს უნდათ ჩვენს რეფორმატორებს?
საპოლოემიკოდ არ აგვიღია კალამი ხელში. ჩვენ პირდაპირ მოვალეობად ჩავთვალეთ – გამოვსარჩლებოდით სწორე გზასა, რომელიდგანაც გადახვევას ჭაობისაკენ გვირჩევენ ზოგიერთნი. ეს რჩევა, ეს ქადაგება გაისმის აგერ სამი-ოთხი წელიწადია. ჩვენ დიდხანს გაჩუმებულნი ვიყავით იმ იმედით, რომ ან თვითონ რეფორმატორები შეიგნებდნენ თავის შეცდომას და გულ ახდილად საჯაროდ აღიარებდნენ, ან რომელიმე ქართველი პედაგოგი პასუხს გასცემდა და მართალს გზას გამოესარჩლებოდა. მაგრამ ჩვენი იმედი არ აღსრულდა. უკუღმართმა აზრმა ზრდა დაიწყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ ორი წლის წინედ ერთმა სოფლის მასწავლებელმა ანბანიც კი გამოსცა საკითხავი წიგნით, რომელშიაც წერას პირდაპირ ნუსხურიდგან აწყებინებდა და წერის მაგიერად ჯღაბნის შემოღებას გვიქადდა. ბოლოს თითქმის ბანი მისცა ამ წინდაუხედველს, მოუნელებელს ქადაგებას ერთმა მასწავლებელმა იმისთანა სასწავლებისამ, საიდგანაც საზოგადოება მოელოდა და მოელის საღი პედაგოგიური აზრების დაცვასა. სიჩუმე აღარ შეიძლებოდა, საქმეს ავნებდა და ჩვენ იძულებული შევიქმენით ხმა აგვემაღლებინა.
ჩვენი აზრი ვგონებ, ცხადად გამოვსთქვით; მისი მეორედ გადაღეჭვა-გადმოღეჭვა, აზრების დაფხვნა, დანამცეცება, თუნდა პოლემიკური სახით, არც ჩვენ გვესიამოვნება და არც მკითხველთათვის იქმნება სასარგებლო. იმედი გვაქვს, რომ ის პირნი, რომელნიც მოწადინებულნი არიან სათავეში გაამეფონ ნუსხური და დაარღვიონ ერთობა კითხვასა და წერას შორის, შეიგნებენ თავის მავნებელ შეცდომას, არ გაჯიუტდებიან და თავის თავზედ არ გაამართლებენ არც ერთს სიტყვას შემდეგის მეგრულის თავისებურის წყევლისას: “ღმერთმა ისეთი შვილი მოგცეთ, არც თავისი ჭკუა ჰქონდეს და არც სხვისი ესმოდეს რამეო”…