იაკობ გოგებაშვილი – წიგნების გამოცემა შეერთებული ძალით
მოგეხსენბათ, რომ ქართულს ენაზედ არც ერთი წმინდა ქართული ნაწარმოები კალმისა, არც ერთი ორიგინალური, თავისებური ქმნილება არ არის დასურათებული, გარდა “ვეფხის-ტყაოსნისა” თუ არსებობენ სურათიანი გამოცემანი, ესენი არიან გადმოთარგმნილნი ან გადმოკეთულნი და შინაარსთან სურათებიც ნასესხები აქვთ. ეს დიდად აბრკოლებს წიგნების გავრცელებას, მეტადრე იმისთანებისას, რომელნიც დანიშნულინი არიან ხალხის და ყმაწვილებისათვის. ყველამ კარგად იცის, რომ სურათი თვალსაჩინოდ ჰხდის შინაარსს, წიგნს აძლევს სიცოცხლეს და ხალისსა. ვინ არიან ამ ნაკლულევანებაში დამნაშავენი? არა ავტორები და გამომცემელნი, არამედ ჩვენნი ნასწავლნი მხატვარნი-ესრედ წოდებულნი ხუდოჟნიკები. მათთვის არა ერთხელ მიუმართავთ ავტორებს თხოვნით დააუსურთეთ ესა და ეს ქართული წიგნი და ღირსეულს ჯილდოსაც მიიღებთო. ჩვენს ნასწავლს მხატვრებს არა ერთხელ აღუთქვამთ თხოვნის აღსრულება, დასურათებას დაჰპირებიან, მაგრამ დაპირება ცარიელ სიტყვად დარჩენილა და საქმე კი არ გაკეთებულა. რა არის ამის მიზეზი? გულ-გრილობა, ცრუ თავმოყვარეობა, თუ მოუმზადებლობა? ამბობენ, რომ დასურათებას განსაკუთრებული ნიჭი და მომზადება უნდა და ყველა მხატვარს როდი შეუძლიან იგიო. ბევრია მშვენიერი პორტრეტების დამხატავი, რომელსაც რაიმე რთული სურათის დახატვა სრულიად არ შეუძლიანო. ამგვარი ნაწარმოებისათვის კომპოზიციის კარგად ცოდნაა საჭიროო. ზოგნი იმას ამბობენ, რომ ჩვენი მხატვრები დიდს სიამოვნებას გრძნობენო, როდესაც იგინი მსხვილ-მსხვილ ვაჟბატონების პორტრეტებს ხატავენ და თავს აწონებენ მდიდრებსა; მაგრამ მათ არაფრად ეპიტნავებათ დახატვა სურათებისა, რომელნიც დანიშნული არიან გლეხთა და ბავშვთათვისო. ასეა, თუ ისე, აქამდე ქართველებს არ გამოსჩენიათ პანოვისთანა მხატვარი, რომელმაც თავისი ფრიად ნიჭიერი, მშვენიერი, ღაღანა სურთებით ერთი სამად და ოთხად მეტი მიმზიდველი ძალა მისცა ბერს რუსულს გამოცემას – სახალხოსა და საბავშვოს.
ათი წელიწადი მეტი იქნება, რაც ვცდილობდით ხან პირადად, ხან ბ-ნ ტატიშვილის შუამავლობით, რომ ჩვენს ნასწავლს მხატვრებში ინტერესი აღგვეძრა დასურათებისა სახალხო და საყმაწვილო წიგნებისა;’ მაგრამ ჩვენი ცდა ამაოდ დარჩა. ბოლოს, ამ ოთხი თვის წინედ, ჩვენ მივმართეთ ერთს ევროპიელს ნასწავლს მხატვარს, ჩვენს ქვეყანაში აღზრდილსა და მისის ავ-კარგიანობის მცოდნეს. თუმცა თავისი სავალდებულო საქმეები ბევრი აქვს, მაგრამ დიდი თავაზიანობით მიიღო ჩვენი წინადადება და დაუყოვნებლივ შეუდგა ჩვენის წიგნების დასურათებასა. პირველად მან დაასურათა ჩვენი საყმაწვილო წიგნი “იავნანამ არ ჰქმნა”, დასურათებისათვის ავირჩიეთ რვა მომენტი, ანუ შემთხვევა ამ მოთხრობისა: პირველი სურათი წარმოადგენს ქართველაძეს, მის ცოლს და მის პატარა ქალს ქეთოს თავიანთ სახლში; ქმარი თარზედ უკრავს, ცოლი დამღერის და პატარა ქალი, დედის კალთაზედ მჯდომი, უცქრის დედას პირში და სტკბება მისი სიმღერით. მეორე სურათი წარმოადგენს ქეთოს მოტაცებას ტყეში ლეკთაგან, მესამე – ქეთოს ყიდვას ნაობის მიერ; მეოთხე – მოტაცებას ქეთოსას მამის მიერ; მეხუთე – ქართველაძეს შეჰყავს მოტაცებული და მწუხარე ქეთო თავისს სახლში და აბარებს დედას; მეექვსე – მაგდანი მღერის იავ-ნანასა და ქეთო ყურს უგდებს, გონზედ მოდის, – მეშვიდე – ქეთო ცნობულობს დედასა და მირბის მისკენ; მერვე – დედა და შვილი გადახვეულნი არიან ერთმანეთთანა. ეს სურათები პეტერბურგში გაიგზავნა მაისის გასულს და ამ დღეებში უკვე მივიღეთ დამზადებული კლიშეები, ასე რომ წიგნის გამოცემას არავითარი დაბრკოლება აღარ უდგია წინა. მანამ პეტერბურგში კლიშეები მომზადდებოდა პირველი წიგნისა, ჩვენმა დაუზარებელმა მხატვარმა მეორე წიგნიც დაასურათა. ამ წიგნსა ჰქვიან: “თავდადებულნი ქართველნი, წიგნი პირველი”. იგი იპყრობს შემდეგს ოთხს ისტორიულს მოთხორბას: თავდადებული მღვდელი (თEვდორე), თავდადებული აზნაური (ზედგინიძე), თავდადებული თავადი (ცოტნე დადიანი) და დამატებაში – “გამარჯვებული დედა”. აქაც რვა მომენტი ავირჩიეთ დასასურათებლად: 1) თევდორე მღვდელი სოფლის ეკლესიას ჰკეტავს, რომ ტყეში გაქცეულს სოფელს უკან დაედევნოს, მაგრამ თათრის ჯარი მოასწრობს და დაიჭერს; 2) თათრები, რომელთაც გზა დაუბნია თევდორემ, ხმლებსა სცემენ მოსაკლავად და თევდორე, ზეცაში ხელ აღპყრობილი, ევედრება უფალსა ქვეყანა იხსნას განსაცდელისაგან; 3) სომხის მღვდელი სააკაშვილი ცხენს მიაჭენებს გორისაკენ, რათა ხიდი ჩაშალოს, და უკან მისდევს მას თათრის ჯარი; 4) ეს მღვდელი, ხიდისთაველი გლეხები და ზოგიერთი გორელები ხიდსა შლიან, – იგი ნახევრობით უკვე ჩაშლილია, როცა თათრის ჯარი მიაღწევს მტკვრის პირად); 5) ბანკი ახალციხის ახლო, გარიჟრაჟების დროს ჩუმად შედიან ზედგინიძის საწოლში მის მოსაკლავად; 6) მეფე გიორგი მერვე დილით აღებს კარებს ზედგინიძის საწოლისას და თავზარდაცემული ხდება, როცა ხედავს დაჭრილს და მომაკვადვ ზედგინიძეს, ქვეყნისათვის თავდადებულსა; 7) ლიხის მთაზედ, მოხერხებულს ადგილას კრება აქვთ მთელს საქართველოს დიდებულთა: კახეთისას, ქართლისას, მესხეთისას, იმერეთისას, გურიისას, სამეგრელოსასა და აფხაზეთისასა, იმ აზრით, რომ ააჯანყონ მონგოლთა წინააღმდეგ მთელი საქართველო და გაანთავისუფლონ იგი მტრის უღელისაგან და 8) ღალატით გაცემულნი და დატყვევებულნი დიდებულნი საქართველოსანი ანისის ახლო, მონგოლთა ურდოს გვერდით, გატიტვლებულნი სხედან ცხარე მზეზედ; მიდის ცოტნე დადიანი, რომელიც დიდებულთა დაჭერის დროს იქ არ დაესწრო და, რა დაინახავს ამ სურათსა, თითონაც იხდის ტანისამოსსა და ჯდება თავის ამხანაგთა შორის. ყველას ამპარტავნული გამომეტყველება აქვს სახისა, რადგანაც ფიქრობენ: თუ მაცხოვარი ჯვარს-ეცვა ქვეყნისათვის, რატომ ჩვენ კი არ უნდა ავიტანოთ შეურაცხ-ყოფა და ტანჯვა სამშობლოსათვისო.
ამას მოჰყვება მესამე წიგნი, სათაურით: “თავდადებულნი ქართველნი, წიგნი მეორე”: თავდადებული მეფე (დიმიტრი), თავდადებული დედოფალი (ქეთევანი), თავდადბულნი ცოლ-ქმარნი (ხორეშანი და მისი მეუღლე), თავდადებულნი ძმანი (ცხრა ძმა ხერხეულიძეები), თავდადებულნი გლეხნი (სამასი არაგველი, როემლნიც დაიხოცნენ ბრძოლაში აღა-მახომედ-ხანთან ტფილისის აღების წინედ).
მეოთხე წიგნი. თამარ მეფე, ამ წიგნში დასურათებული იქმნება: 1) სამეფო ტახტზედ ასვლა თამარისა, 2) კრება სამღვდელოებისა თამარის თავმჯდომარეობით, 3) თამარი სდგას ქვიშხწეთის ახლო მთაზედ და ხელთ-აპყრობილი ევედრება უფალსა გამარჯობა მისცეს მის ჯარს აჯანყებულებზედ, რომელნიც მიემხრენენ მის გაგდებულს ქმარს, 4) ჯვარის წერა თამარისა და დავით სოსლანისა; 5) თამარი სდგას ეკლესიაში ხატის წინ და იძრობს ძვირფასს საყურეებს, რათა შესწიროს იგი ღვთის მშობლის ხატსა; 6) თამარი ხელ-საქმეს აკეთებს, ფეხთან უწევს მოშინაურებული ლომი და ელაქუცება, 7) თამარი წინ ეგებება ტფილისში ქართველს ჯარსა, ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შინ დაბრუნებულსა; 8) სიკვდილი თამარიას; იგი მისუსტებული წევს ლოგინზედ, გარს ახვევიან მთელი საქართველოს დიდებულნი, რომელთაც უტოებს ანდერძს: ერთობისას, ძმობისა, სიყვარულისას.
მეხუთე წიგნი: “აკიდო, ანუ საყმაწვილო მოთხრობანი და იგავ-არაკნი”. მეექვსე წიგნი: “მეგობარნი და მტერნის მოსავლისა, ანუ სასარგებლო და მავნე ცხოველები”.
ეს ექვსი პატარა წიგნი შეადგენს პირველს ნაწილს ჩვენის პროგრამისას. სამ-თვეში ერთხელ გამოვა თითო წიგნი. მაშასადამე ამ ექვსის წიგნის გამოცემა მოინდომებს წელიწადს ნახევარსა. ყოველი წიგნი იქნება დასურათებული რვა სურათით და არა ნაკლებით, და დაიჭერს 32-48 გვერდსა შუა ტანისას.
სურათები ძლიერ ძვირად ჯდება და ქაღალდსაც ამ გვარი გამოცემა თხოულობს ჩინებულსა. ჩვენი სურვილი-კი არის, თითო წიგნი ღიდეს ორი შაური, ღათა ხელმისაწვდომი იყოს ყოველი ღარიბი მოწაფისა და გლეხისათვის. ეს მაშინ იქნება შესაძლო, როცა თითო წიგნი დაიბეჭდება ხუთი ზაოდი ანუ ექვსი ათასი ცალი, იმდენი, რამდენიც ყოველთვის იბეჭდება ჩვენი წიგნი “კოკორი”, მაგრამ არც ერთი ფირმა ჩვენში იმდენად მდიდარი არ არის, რომ სამ თვეში ერთხელ ბეჭდოს წიგნები აღნიშნულის რიცხვისა. აქ საჭიროა შეერთებული ძალა რამდენიმე ფირმისა. “წერა-კითხვის საზოგადოებამ” შეიძლება დაიკვეთოს ორი ათასი ცალი, ბ-მა თავართქილაძემ ამდენივე და დანარჩენი ორი ათასი შემომიკვეთონ ქუთათურმა მაღაზიებმა. წიგნებზედ დაბეჭდილი იქმნება: გამოცემა: “წერა-კითხვის საზოგადოებისა”, თავართქილაძისა, წერეთლებისა და ბეჟანიშვილისა ანუ ჭილაძისა. წიგნების დაბეჭდვას და დამზადებას მე ვკისრულობ მთლად, დამკვეთელნი მიიღებენ თითო წიგნს ორ-შაურიანს – ექვსს კაპეიკად; იმ ფასად, რასაც “წერა-კითხვის საზოგადოება” ხარჯავს თითო ცალს “კოკორზედ”. ეს შეადგენს ორმოცს პროცენტსა – მანეთზედ და იაფ-ფასიანს დასურათებულს წიგნებზედ უდიდეს დათმობად უნდა ჩაითვალოს. დამკვეთელნი გამოგზავნიან მთEლს ფასს და დაუყოვნებლივ მიიღებენ დამზადბულს წიგნებსა. რათა ყველა დამკვეთელს ერთ ფასად დაუჯდეს წიგნი და ერთი მოგება ჰქონდეს სხვებთანა, ტფილისის გარეშე მყოფს დამკვეთელებს წიგნებს გავუგზავნი ჩემი ხარჯით.
რადგანაც წიგნები დაიბეჭდება მხოლოდ სამ თვეში ერთხელ, ამის გამო ყოველი დამკვეთელი მოასწროებს პირველი წიგნი ბლომად გაჰყიდოს მეორე წიგნის გამოსვლამდე და თავისი დახარჯული თანხა უმეტეს ნაწილად უკანვე დააბრუნოს. ამ სახით არც ერთს ფირმას არ მოუნდება დიდი ფულის დაბანდება. მცირე ფულით იგი საზოგადო საქმესაც დაეხმარება და თვითონაც კარგს მოგებაში იქმნება.
ექვსი ათასი ცალი უნდა განაწილდეს ამ რიგად, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, იმ მოსაზრების ძალით, რომ აღმოსავლეთს საქართველოში იყიდება მესამედი წიგნები და ორი წილი დასავლეთში. ამ ორს წილში ნახევარს ჰყიდის ბ-ნი თავართქილაძე და ნახევარს სხვა წიგნის მაღაზიები იმერეთისა.
ვთხოვ ხსენებულს ფირმებს დაუგვიანებლივ შემატყობინონ, თანახმა არიან ჩვენს წინადადებაზედ, თუ არა?
თანხმობა შეიძლება გამოაცხადონ დამკვეთელთ ჯერ-ჯერობით ექვსი წიგნის მაგივრად, ორსა და სამზედ და ერთზედაც.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს შეერთებული ძალით გამოცემა წიგნებისა იმდენად სასარგებლო აღმოჩნდება დამკვეთელთათვის, რომ ისინი სხვა ავტორების ნაწარმოებსაც გამოსცემენ ამავე სახით და ამითი დაეხმარებიან აღორძინებას სახალხო და საყმაწვილო ლიტერატურისა ქართულს ენაზედ.