იაკობ გოგებაშვილი – ხრიკების ხუხულა
სწორედ ღირსეული მოკავშირე აღმოუჩნდა ჩემ წინააღმდეგ ჩვენი სახელოვანი ისტორიკოსს, ბელეტრისტს, კომერსანტ და ყოველ-გვარი მეცნიერების და ოსტატობის აუზს ბ-ნს გიორგი წერეთელსა. ეს მოკავშირე გახლავს ინფლოენცა, რომელიც სწორედ მაშინ მეწვია, როცა ჩვენი მეცნიერი გოროხების გროვას მიმიზნებდა სამეცნიერო გაზეთის “კვალის” ფურცლებიდგან. ჭეშმარიტად, მარჯვე დროს იშოვა მოკავშირე, და ისიც როგორი? იმისთანა, რომელიც საოცრად ჰგავს მას ერთი მხრივ. აიღეთ ხველა-სურდო, ზედ დაუმატეთ ციება, დაურთეთ მათ სუნთქვის ორგანოების ანთება და გამოვა სრული ინფლოენცა. აღეთ მეექვსედი ბელტრისტრისა, მიაწებეთ მას მეექვსედი ისტორიკოსისა, შეაზავეთ კომერსანტის მეექსვედით და თქვენ წინ იქმნება გამოჭიმული ბატონი გიორგი წერეთელი.
დიდი ხანია ნათქვამია: მსგავსი მსგავსს შობსო. ჩვენს ჭრელს სწავლულსაც შეუქმნია ნამდვილი ჭრიანტელი შემდეგი რეცეპტით: აუღია მთელი ბოყვი ინსიუნაციებისა, გადაურევია შიგ იმდენივე გადასხვაფერება ჩვენის სიტყვებისა, შეუზავებია მოჭორილი სიცრუითა და აუშენებია ჭრელი ხუხულა ხრიკებისა.
თვით სახელიც-კი ხრიკიანი დაურქმევია თავისი წერილისათვის, იგი სწერს: “ბ-ნი იაკობ გოგებაშვილი და მისი ტყუპი ნ ა ც ნ ო ბ ი”. ვისთვის სწერს ამას? მკითხველისათვის? სრულიადაც არა. მკითხველმა დიდი ხანია იცის, რაც უნდა იცოდეს, მაგრამ აქ ეს ნამდვილად არ იციან, და საჭიროა-კი შეიტყონ, რათა გააძლიერონ დევნა ერთის მხრივ, და მეორე მხრივ წაქეზება “კვალის” კლიენტისა, რომელიც აჰყოლია იმ ქარის მიმართულებას, რომელიც გაიზუზუნებს: რაც უღატაკესია ქართული სახელმძღვანელო, ის უკეთესიაო.
ეს ხრიკების ხუხულა, დაბეჭდილი “კვალში” 25 იანვარსა, გამოწვეულია ჩვენი ფელეტონით: “სამახარობლო ერგება, თუ არა?” რომელიც დაიბეჭდა იანვრის 17-ს “ივერიაში”. ამ ჩვენს წერილს თავის სამართლიანობით ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია “კვალის” რედაქციაზე, რომ ბ-ნი წერეთელი სწერს “ბ-მა გოგებაშვილმა გამოისროლა ჩვეულებრივად მწარე წამალი გატენილი ყუმბარაო”. მერე რა პასუხს აძლევს ამ “ყუმბარას”, რას ამბობს თავის გასამარტლებლად იმ საქციელის შესახებ, რომ მან დიდი სიამოვნებით ახარა მკითველებს მოწონება “დედა-ენის” მაგიერად იმისთანა ღატაკი წიგნაკისა, რომელიც მისს მეოთხედს შეადგენს და რომელიც დაეხმარა ერთი ოთხად ქართულის ენის შემოკლებას სკოლებში? არაფერს. ამ მთავარს საგანს ბაასისას იგი თავს არიდებს, გვერდს უხვევს, სიტყვას ბანზედ აგდებს, რადგანაც გრძნობს და იცის, რომ აქ უკუღმართობა “კვალისა” აშკარაა და თავის გამართლება ყოვლად შეუძლებელია. მთავარ საგანზედ პასუხის მაგივრად ბ-ნი წერეთელი ხრიკსა ხმარობს. იგი ეტოტინება წარსულს წელიწადს “ცნობის ფურცელში” დაბეჭდილს ჩვენს წერილს და ასე გვაბეზღებს ახლა სხვა პირებთანა: “ეს წერილი მუქრა იყო ქართველ პედაგოგების წინააღმდეგ, რომელთაც ის უკრძალავდა საერო პოეზიიდან მასალის ხმარებას მათ მიერ შედგენილ ხელ-სამძღვანელოებში”. ამისთანა ხრიკებით სავსეა მთEლი წერილი ჩვენის მეცნიერისა და ისე მოსწონს ეს ხრიკები, რომ თავის თავს უწოდებს იქვე მეფისტოფლად. მაგრამ ამისთანა ოინით ბავსვებსაც კი ვერ მოატყუებს. ნუ თუ თავისი მკითხველები “კვალს” ისე უგუნურებად მიაჩნია, რომ მათ დაუჯწერონ, ვითომ მე ვისმე ვუკრძალავდე საერო პოეზიიდგან მასალის ხმარებასა? ან იქნებ პედაგოგებში ეგულება ისეთი გლახაკი გონებითა, რომ ეს ხრიკი ღირსეულად ვერ დააფასოს, წატყუებულ იქმნას და ცეცხლიდგან ნაკვერჩხალი იღოს საკუთარი ხელებით “კვალის” სასიამოვნოდ და სასარგებლოდ? იმისთანა უგუნური აკრძალვა ჩვენ არამც თუ ფიქრდაც არ მოგვსვლია, არამედ იმ წერილში ჩვენ პირდაპირ გამოვაცხადეთ: “ჩვენ სრულს ნებას, სრულს უფლებას ვაძლევთ “დედა-ენიდგან” ისარგებლოს იმ პედაგოგმა, რომელიც შეადგენს უფრო უკეთესს სახელმძღვანელოსაო”. ამ უფლებას არ ვაძლევთ მხოლოდ იმ “გზირს”, რედაქციისას, და მის მსგავსთა, რომელიც აჰყოლია ზემოთ ხსენებულის ქარის მიმართულებას და სურს პირადს ინტგერესებს შესწიროს სიკეთე ქართულის ენისა.
“კვალის” რედაქცია-კი სწორედ ამ უკანასკნელს პირებს აქეზებს თითქმის ამ სიტყვებით: ბეჭდეთ “დედა-ენიდგან”, რამდენიც გინდათ, და სთქვით: ჩვენ თვითონ შევკრიბეთ ხალხში “მოვი ვნახო ვენახი”, “რწყილი და ჭიანჭველა” და სხვანი, და გოგებაშვილს რა ხელი აქვს ჩვენთანაო. აი სწორედ ამ დღისათვის დარჩა საიდუმლოდ ერთი საბუთი, რომელთა ცხადად დავამტკიცებ სიცრუეს გიორგი წერეთლისასაც და მის პედაგოგ-გზირებისაც. საქმე ის გახლავთ, რომ სახალხო პოეზია “დედა-ენაში” ხელ-უხლებლად არ არის შეტანილი. თანახმად პედაგოგიის მოთხოვნილებისა, რედაქცია მათი შეცვლილია ჩემ მიერ. ხალხის პირსი “მოდი ვნახო ვენახი” არც ასე იწყება და არც ასე თავდება, როგორც “დედა-ენში”; “რწყილი და ჭიანჭველასაც” სხვა სათაური აქვთ, სხვა ცხოველი მოქმედობს. ზოგს სახალხო ლექსებსაც აგრეთვე ცვლლება დასჭირდებათ. თუ ჩვენს რედაქციას ბ-ნი წერეთელი და მისი კლიენტი სთვლიან ხალხის ხელ-უხლებელ ქმნილებად, ეს იმის უტყუარი საბუთია, რომ მათ მხოლოდ “დედა-ენიდგან” აქვსთ გაცნობილნი სახალხო ნაწარმოებნი, მაშასადამე, სტყუიან, როცა ამბობენ, რომ თვითონ ხალხისაგან ვისწავლეთო.
ამ სახით, ორ-კეცი შრომა მიმიძღვის ხალხის ნაწარმოებზედა; ჯერ ერთი ესა, რომ შემიკრებნია ისინი ხალხში, მეორე ესა, რომ რედაქცია მათი შემიცვლია, თანახმად ბავშვების ბუნების მოთხოვნილებისა. ეს ისეთს სრულს უფლებას საკუთრებისას გვაძლევს ჩვენ, რომ დღეის შემდეგ არც ერთი რიგიანი და მართებული პირი, ჩვენ ნება-დაურთველად, არ იკადრებს ისესხოს “დედა-ენიდგან” ხალხის ნაწარმოებნი და სხვა მასალა.
ეს ჩვენი გამჟღავნება ერთი მხრით გაუხარდება ბ-ნს წერეთელსა. იგი იტყვის უთუოდ: “დახე, დახე, “დედა-ენაში” თურმე დამახინჯებული ყოფილა ხალხის ნაწარმოებიო! მაგრამ ტყუილი სიხარული იქნება. ის გარემოება, რომ დღემდინ ყველანი, მათ შორის ჩვენი მეცნიერიც, ხალხის ყველა ნაწარმოებს, “დედა-ენაშო დაბეჭდილს, სთვლიდნენ ხელ-უხლებლად, მოწამეა იმისა, რომ ყოველი ჩვენი ცვლილება ხალხურს გემოს და ხასიათს შეესაბამება და წარმოადგენს იმგვარს გადასხვაფერებას, რომელსაც თვითონ ხალხი მოახდენდა, თუ ბავშვებისათვის დანიშნავდა მათ. თუ ეს ასე არ არის, აბა ბ-ნმა წერეთელმა გამოიცნოს. სად არის შეცვლილი ჩვენ მიერ ხალხის ნაწარმოები და სად უცვლელად არის დატოვებული.
ჩვენ ამ აზრს სხვა მხრივაც ცხად ვჰყოფთ. “დედა-ენაში” არის დაბეჭდილი ათამდე პატარა ლექსი ჩვენი სახელოვანი პოეტისა აკაკის რედაქციით. წინედ ეს ლექსები ჩემი რედაქციით იბეჭდებოდნენ, მაგრამ რადგან მათი ფორმა არ მაკმაყოფილებდა, ამის გამო ვსთოვე აკაკის, ჩაეცმია მათთვის თავისებური პოეტური ტანისამოსი. მანაც დაუზარებლად ამისრულა თხოვნა და ზოგი ძლიერ შესცვალა, ზოგი უფრო ნაკლებად. როცა მივიღე აკაკისაგან რვეული ამ ლექსებისა, მისი ხელით სუფთად გადაწერილი, მე ვთხოვე მას, ნება მოეცა ცვლილებისა, თუ პედაგოგიური მოსაზრებით ამას საჭიროდ დავინახავდი და კიდეც მივიღე იგი. ამ ნება დართვით ვისარგებლე და შიგა-და-შიგ შევცვალე სიტყვები და ფრაზები სიმარტივის გასაძლიერებლად. როცა აკაკისს თხზულებებს ბეჭდავდა გამომცემელი ამხანაგობა, ეს ლექსებიც ამოეწერა “დედა-ენიდგან” და სხვებთან ერთად წარედგინა ავტორისათვის. აკაკის, რომელმაც თურმე არ იცოდა, საიდგან იყო ეს ლექსეი ამოწერილი, გადაეკითხნა იგინი და არც ერთის ჩვენის ცვლილებისათვის ხელი არ ეხლო. ეს ცხადად ამტკიცებს, რომ ჩვენ იმდენად კარგად გვაქვს შესწავლილი ჩვენის სახელოვანის პოეტის თხზულებანი, რომ როცა ვცვლით ლექსსა, ისევ აკაკისებურს ლექსსა ვხმარობთ და ჰარმონიას არ ვარღვევთ. ხალხის ნაწარმოებსა სწორედ ასე ვეპყრობით და ერთს ხალხის გამოხატულებას ვცვლით მეორე გამოხატულებაზედ, აგრეთვე ხალხურზედ, მაგრამ უფრო მარტივად და ბავშვებისათვის ადვილზედ .
ჩვენ ეს შენიშვნა სხვა აზრითაც მოვიყვანეთ, რადგანაც აკაკის რედაქციით დაბეჭდილი ლექსები “დედა-ენაში” შინაარსით ჩვენ გვეკუთვნიან, რადგანაც მათში ჯეროვანი ჰონორარი მიგვიცია პოეტისათვის და თვითონ ფორმაც ცოტაოდენად მაინც შეცვლილია, ამიტომ იგი საზიარო საკუთრებას შეადგენენ და მათი გადაბეჭდვის უფლება “დედა-ენიდგან”, გარდა თვითონ აკაკისა, არავის არა აქვს ჩვენ ნებადაურთველად. ეს ისეთი ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ თვით ბ-ნი გიორგი წერეთლის სოფისტიკაც-კი უნდა დადუმდეს…
ბ-ნი გიორგი წერეთელი პირველად როდი ცდილობს ყოვლად უსაფუძვლო ინსინუაციით გააღვიძოს ძლიერ დაბალი ინსტიქტი ჩემს წინააღმდეგ, პირველად როდი მაბრალებს რაღაც მუქარას მასწავლებელთადმი, რომელთაც მე ვითომც ხელს ვუშლი სახელმძღვანელოების შედგენაში. ამ ინსინუაციის მიზანი ყველას კარგად ესმის: ჩამოაგდონ ჩვენში განხეთქილება, ერთმანეთის მტრობა, შინაური ომი. იმას როდიღა ფიქრობს, გატაცებული თავისი დაბალი განზრახვით, რომ შინაური ბრძოლის შედეგი იქნბა დაუბრკოლებელი გაძლიერება იმ უკუღმართობისა, რომელიც ლამობს ჩვენი ხალხის განათლება გარდააქციოს ხალხის დაბნელებად. არც იმას დაგიდევს, თუ რა ყოფაში დაბრუნდებიან მისგან გაბრიყვებულნი ლაშქრობიდგან. “კვალს” არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია ამ ინსინუაციის გასამართლებლად და ვერც მოიყვანს. ჩვენ-კი შეგვიძლიან მთელი რიგი უტყუარი ფაქტები ჩავამწკრივოთ და ყველა სვინდისიერი ქართველისათვის დღესავით ცხადი ვჰყოთ, რომ ჩვენ ყოველთვის ხელი მოგვიმართნია ყოველი ქართველის პედაგოგისათვის, რომელიც-კი სწორე გზას დასდგომია ხალხის განათლებაში. და თუ წინააღმდგობა გაგვიწევია, მხოლოდ იმისთანა სულიერებისათვის, რომელნიც თქვენგან ცნობილის ქარის ყურმოჭრილი ყმები გამხდარან. მეორე მხრივ, მრავალი უტყუარი ფაქტი დაგვემოწმება, რომ ბ-ნი წერეთელი თვითონ ეღობებოდა წინ ყოველს ნიჭიერს და ღირსეულს ქართველს და თუ აქებდა, მხოლოდ იმისთანებს, რომელიც მასზედ უარესნი იყვნენ, რათა ქონდრის კაცებში იგი გულივერად გამოჩენილიყო.
აი ეს ფაქტები.
ბ-ნს გრიქუროვს, ჩვენის წიგნების გამომცემელს, დაბეჭდილი აქვს თავისი ხარჯით ათამდე ქართული სახელმძღვანელო და წიგნი, – მათ შორის არ მოიპოვება თითქმის არც ერთი, რომელიც ჩვენი რჩევით არ იყოს გამოცემული.
ამ ათის წლის წინად ჩვენ ვსწერდით ქართულს გრამატიკას და ნახევარი შრომა უკვე გათავებული გვქონდა, როცა შევიტყვეთ, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ და ბ-ნმა ქუთათელაძემ ქართული გრამატიკები შეადგინესო. ჩვენ მაშინვე შევაჩერეთ გრამატიკის გათავება, რომ ამ პირებისათვის კონკურენცია არ გაგვეწია და ვურჩიეთ გრიქუროვს და ხიდიკელს დაებეჭდათ ეს გრამატიკები, თუმცა არა ერთი პირი გვავალებდა და ეხლაც გვავალებს გრამატიკის გამოცემასა.
ერთს დროს ჩვენ ხელი მივყავით საღმრთო ისტორიის შედგენას, რადგანაც კარგად შემუშავებულს საღმრთო მოთხრობებს აღმზრდელი გავლენა აქვთ ყმაწილვებზე. ძველი აღთქმა უკვე გათავებული გვქონდა და გამომცემელთანაც პირობა შეკრული, როცა ბ-ნი იოსელიანისაგან შევიტყვეთ, რომ მას უკვე მზადა აქვს დასაბეჭდად საღმრთო ისტორია. ამის შემდეგ ჩვენის შრომის გათავებაზედ არამც თუ ხელი ავიღეთ, არამედ ბ-ნი იოსელიანი მივიყვანეთ გამომცემელთან და ამ უკანასკნელს ვურჩიეთ დაებეჭდა მისი წიგნი და იმედი აღარ ჰქონოდა ჩვენგან ისტორიის გათავებისა.
როცა არითმეტიკა ბ-ნი ჯაჯანაშვილისა და ბ-ნი ნატროშვილისა შესდგა, ჩვენ დაწყებული გვქონდა, ელემენტარული არითმეტიკა სახალხო სკოლეისათვის; მაგრამ მისი დამთავრება აღარ მოვინდომეთ, რათა ამ პირებისათვის ხელი არ შეგვეშალა.
ქართული დედანი ჩვენ დამზადებული გვქონდა 1882 წელიწადსა და პირობაც შეკრული გამომცემელთან და ლიტოგრაფ დემუროვთან, როდესაც ბ-მა გაბიჩვაძემ თბილისში ჩამოიტანა თავისი ქართული დედანი. ჩვენ არამც თუ უკან დავიხიეთ, არამედ ხელის მოწერაც გავმართეთ, ბ-ნი გაბიჩვაძის სასარგებლოდ “დროების” რედაქციაში, და პირადად გადავეცით ბ-ნს გაბიჩვაძეს ჩვენი საკუთარი 12 მანათი, რათა მიგვეცა ღონისძიება დედნის გამოცემისა. მხოლოდ, როცა ბ-ნი გაბიჩვაძის დედანმა არავინ არ დააკმაყოფილა და თვითონ შემდგენელიც დარწმუნდა მისს გამოუსადეგრობაში, ჩვენ დავბეჭდეთ ქართული დედანი.
მართალია, ჩვენ მტკიცედ ვიცავდით ჩვენს სახელმძღვანელოებს ქართულის ენისას მტრული მოქმედებებისაგან; მაგრამ “კვალის” რედაქცია ვერ დაგვისახელებს ვერც ერთს შემთხვევასა, როდესაც-კი ამ დაცვას არ მოითხოვდა თვით ინტერესი ქართულის ენისა.
ბევრს კარგად ახსოვს, თუ რა სიხარულით მივეგებეთ პირველის საბავშვო ჟურნალის “ნობათის” დაარსებას, რა გულიანად ვაქებდით ჩვენს კრიტიკულს განხილვაში ყოველს ცოტაოდნად მაინც სასარგებლო წერილს, რათა გაგვემხნევებინა ახალი რედაქცია, გაგვეძლიერებინა საზოგადოებაში თანაგრძნობა “ნობათისადმი” და გაგვემრავლებინა დამბარებელთა რიცხვი.
უფრო კიდევ მეტი სიხარულით მივეგებენით მეორე საბავშვო ჟურნალს “ჯეჯილს”. ჩვენ დაახლოებული მონაწილეობა მივიღეთ მის დაარსებაში, მის პროგრამის შემუშავებაში და მთავრობასთან საშუამდგომლო ქაღალდების შედგენაში. დაარსების შემდეგ ვიყავით მისი თანამშრომელი, აგრეთვე თანამშრომელი “კვალისა”, და არამც თუ არას ვართმევდით რედაქციას, ორივე ჟურნალის ფასიც შეგვქონდა ყოველ წლივ. ამასთან ჩვენს სურათების კლიშეებს ისე ხმარობდა რედაქცია, როგორც საკუთებასა. ხოლო რითი გადაგვიხადა ეს დახმარება, ეს სიკეთე ცოლ-ქმარმა, ეს კარგად იცის საზოგადოებამ.
ამგვარს ფაქტებს სხვასაც ბევრს წარვუდგენთ მკითხველსა; მაგრამ დასახელებულნიც სრულიად საკმარისნი არიან ბ-ნი წერეთლის ინსინუაციის გასაცრუებლად.
ჩვენ არც ამდენს ყურადღებას მივაქცევდით ბ-ნი წერეთლის წერილსა და და არც ამოდენა დროს დავკარგავდით მისს გამტყუნებაში თუ რომ მეორე უწყებაშიაც, მისი გავლენის წყალობით, მკვდრეთით არ ამდგარიყო ამ ბოლოს ხანს იმისთანა მავნე და უკუღმართი აზრი ქართულის ენის სწავლების შესახებ, რომელიც ქართულმა ლიტერატურამ კარგა ხანია შეერთებული ძალით დამარხა – მაშ განვაგრძოთ ჩვენი სიტყვა.
რად გვინდოდა, რომ ქართული სახელმძღვანელონი, რომელთა შედგენა ჩვენთვის ადვილი იყო და არის, სხვა განვითარებულს ქართველებს შეედგინათ? ერთი მიზეზი ამისი ის გახლავთ, რომ ჩვენ არ გვინდოდა, მარტონი ვყოფილიყავით ბრძოლაში იმ შავის ბედის წინააღმდეგ, რომელიც მაჯლაჯუნასავით აწვებოდა ხალხის განათლებას ჩვენში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სახელმძღვანელოების შემადგენელნი მხურვლე მონაწილეობას მიიღებდნენ პედაგოგიურის პრინციპების დაცვაში, გაუმკლავდებოდნენ უკუღმართ ქარსა, ფესვეზედ იზრუნავდნენ და ტვირთს შეგვიმსუბუქებდნენ. ასე ვფიქრობდით იმის გამო, რომ ეს ქარი მათ წარმოებასაც ემუქრებოდა გაუქმებასა, გაქრობასა. ხოლო რამდენად აგვისრულდა ეს მოლოდინი, გვერდში ამოგვიდგა ვინმე, თუ ამ მძიმე უღლის წევაში თითქმის მარტონი დავრჩით, ამის გადაწყვეტა მიგვინდია თვითონ მკითხველისათვის. ამ მიზეზითვე აიხსნება ის მოვლენა, თუ რად ვეწინააღმდეგებით იმ უვიცი პირების კუნტრუშს განათლების სფეროში, რომელნიც მხოლოდ ცულდის ტარად გამოდგებოდნენ უკუღმართთა ხელში.
სხვა მიზეზიც მოქმედებდა აქა. ჩვენი სამშობლო ისე პატარაა და განათლების მიმდევარი ისე მცირეა, რომ აქ შეუძლიან იცოცხლოს სრული სიცოცხლით მხოლოდ თითო სახელმძღვანელომ ამა, თუ იმა საგნისამა. ამიტომ თუ რომელიმე სახელმძღვნელო შესაბამია და იაფი მას მეტოქეს არც ერც ერთი კეთილგონიერი ქართველი არ გაუჩენს, თუ იგი მეტოქე არა სჯობიან არსებულს წიგნსა და არ შეუძლიან მთლად დაიჭიროს მისი ადგილი უფრო მეტი სარგებლობით საზოგადოებისათვის. ავიღოთ, მაგალითად, “დედა-ენა”. იგი დიდი წიგნია და ფასი კი პატარა აძევს, რად? იმიტომ, რომ ბევრი იბეჭდება და იყიდება. შეამცირეთ მისი გასავალი რომელიმე მდარე წიგნაკის მეტოქეობით და მაშინ “დედა-ენა” ან უნდა დაპატარავდეს, ან ფასმა მისმა იმატოს. და ამ ორივე შემთხვევაში წაგებაში იქნება საზოგადოება.
აი რა მიზეზით ჩვენ ვერიდებით მეტოქეობა გაგვეწია მათთვის, ვინც დაგვასწრებდა ხოლმე რიგიანის სახელმძღვანელოს შედგენას, თუმცა სრულს შეძლებას გვაძლევდა ამ მეტოქეობისათვის ის გარემოება, რომ მთელის თორმეტის წლის განმავლობაში პირადად გვისწავლებია სხვა-და-სხვა საგნები მოსამზადებელი კლასიდგან დაწყებული მეექვსე კლასამდე.
მაშ საიდგან მოაჭორა ბ-ნმა წერეთელმა, ვითომც ჩვენ ვუშლიდეთ ქართველს პედაგოგებს ქართულის სახელმძღვანელოების შედგენას? საიდგან და იქიდგან, რომ თავის საკუთარი ბუნების ძირითადი თვისება ჩვენ გადმოგვაბრალა, ის თვისება, რომლის წყალობით იგივე ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება ყოველს საზოგადო საქმეს და საზოგადო მოღვაწეს, თუ ამას მოითხოვდა მისი პირადი ინტერესი, პირადი ვნება.
ამის დასამტკიცებლად ფაქტები იმდენია, რომ ვეებერთელა ცალკე წერილი გაიჭიკნება და ამიტომ ამ ჟამად გვედი უნდა ავუქციოთ მათ დასახელებას და განმარტებასა.
ისე დამღუპველი და დამამხობელი არსად არის, როგორც ხალხის განათლებაში, ძებნა პირადი ინტერესებისა. ნივთიერი სახსრის გაძლიერებისა, ფულის მოპოვებისა, – მეტადრე იქ, სადაც დედა-ენას ზოგიერთნი ეპყრობიან ისე, როგორც ავი დედინაცვალი ეპყრობა თავის მოძულებულს გერსა, პირი, ანგარებით გამოწვეული ამ ასპარეზზედ, ვნების მეტს არას მოიტანს. აქ საჭიროა მოქმედება იმისთანა მოღვაწეებისა, რომელნიც მონანი არიან თავისი წმინდა მოვალეობისა, პრინციპებს დროშა მაღლა უჭირავთ და ხალხში სინათლის მოფენა არის მთავარი მიზანი მათის მისწრაფებისა. ბ-ნი გიორგი წერეთEლი ამისთანა პირებს როდი იწვევს ხალხის განათლების სარბიელზედ. იგი უხმობს იმათ, ვინც სახსრის გაძლიერებაზედ ფიქრობს, ცხოვრების წყაროს ეძებს, გამსჭვალულია ფულის ინტერესით. იგი ეუბნება: “იხმარეთ სახალხო ლექსები ისე, როგორც ბ-ნ გოგებაშვილს უხმარია თავის სახელმძღვანელოებში, ბეჭდეთ ხალხური არაკები პატარ-პატარა მოთხრობები, გადმოაკეთეთ ისინი რუსული საპედაგოგო ლიტერატურიდგან ისე, როგორც გოგებაშვილმი შვრება (ესე იგი სცარცვეთ “დედა-ენა”, საკუთარს მასალას ნუ შეაგროვებთ). იქნებ ღმერთმა მოგვხედოს და ასში ერთმა მაინც წინ წაუსწროს ბ-ნს იკაობ გოგბაშვილს და თქვენი ნაწარმოებით ცხოვრების წყარო გაიჩინოთ”.
უყურეთ, რა დაბალ ინსტინქტზედ ასხმას ნავთსა და რა დაბალს მისწრაფებას აპრიალებს! ის როდი-ღა ახსოვს, რომ ვინც ასპარეზზედ გამოდის ცხოვრების წყაროს გასაჩენად, იგი უთუოდ იარაღად დ მონად გახდება იმ ქარისა, რომელზედაც არის დამოკიდებული გზის გახსნა წიგნებისათვის და რომლის მიმართულება კარგად ვიცით. აღარც ის აგონდება, რომ თვითონ ბ-ნს გიორგი წერეთელს ამ კუჭის პრინციპებმა ბევრი არა საქები საქციელი ჩაადენინა. სწორედ ამ კუჭის პინციპმა გახადა ის მოსარჩლე ბ-ნი ჩიკოიძისა, რომელმაც ისე შეუწყო ხელი დემორილიზაციას დასავლეთ საქართველოში და ქუთაისის სააზნაურო ბანკი თითქმის გაუქმებამდე მიიყვანა. ამავე პრინციპებმა ალანძღვინა მას “კვალის” დაარსების შემდეგ “ივერიაც” და “მოამბეც”, მანვე აკადრებინა მას კიცხვით და ლანძღვით დახვეროდა “ცნობის ფურცლის” დაარსებას, მაშინ როდესაც სხვა ყველა გამოცემანი სიხარულით მიეგებნენ ახალს მოძმესა. ამავე პრინციპმა ატოვებინა მას ორივე მისი ჟურნალი და შეატოპინა კომერციაში, და სხვანი და სხვანი.
თუ ამისთანა რამეები ჩაადენინა კუჭის პრინციპმა თვით ბ-ნს წერეთელს, რამდენად მეტს ღვარძლს დაათესინებს იმათ, ვინც ბევრად ღატაკნი არიან ჩვენს მეცნიერებზედ ცოდნით, განათლებით და მისწრაფებით?
ჩვენი ლიტერატურა, როგორც ყველას მოეხსენებ, ძლიერ ღარიბია. არ გვაქვს არც გეოგრაფია, არც მსოფლიო ისტორია, არც ბოტანიკა, არც ზოოლოგია, არც ფიზიკა, არც ქიმია, არც სალიტერატურო ქრესტომატია, ერთი სიტყვით, თითქმის არც ერთი საგნის სახელმძღვანელო. ვენი მოწინააღმდეგე ამ გულსაკლავის ნაკლის შესავსებლად კი არ უხმობს მასწავლებლებს, და პედაგოგებს; ეს საქმეზედ ზრუნვა იქნბოდა, და ბ-ნი წერეთელი კი ჯიბრს დაუტყვევებია. არც აწუხებს მას, რომ მისს სამშობლოში ქართულმა ენამ თორმეტი კანონიერი გაკვეთილიდგან კვირაში დაჰკარგა ათი და შერჩა მხოლოდ ორი, რის გამოც ჩვენი მწიგნობრობას და ლიტერატურას ფესვები ეცვლება ძირითგან. იგი მთელს ასს კაცს იწვევს (ამაზედ მეტი მთელს საქართველოში არც კი მოიპოვება) საომრად “დედა-ენის” წინააღმდეგ და ვალად ადებს ყველაფერი დაივიწყეთ, ასი მეტოქე გაუჩინეთ “დედა-ენას”. ეგები ერთი მაინც უკეთესი აღმოჩნდეს. იმას როდიღა ფიქრობს, რომ ასში სულ ტყვილად იშრომებს 99 კაცი და გაიმარჯვებს მხოლოდ ის, რომელიც ყველაზედ უარესს, უღატაკესს წიგნაკს გამოსცემს და მთლად დააკმაყოფილებს ერთს გვარს სურვილსა.
ახლა ვკითხოთ: რა დაუშავებია “დედა-ენასა?” იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე მას მდარე წიგნად სთვლიდეს? სრულიადაც არა. იგიც ისე მაღლა აყენებს ამ წიგნსა, რომ, მისი სიტყვით, მხოლოდ იქნება ასში ერთმა პედაგოგმა შეადგინოს უკეთესი, ისიც მაშინ, თუ ღმერთი დაეხმარება, მოხედავსო. მაშ რა მიზეზი ამ მტრობისა? რად ავრცელებს “კვალის” ფურცლებიდან “დედა-ენის” შესახებ თავის გზირის კალმით იმისთანა მავნე ჭორსა, ვითომ ეს წიგნი ხალხური სიმღერით: “მოდი ვნახო ვენახი” ქადაგებდეს ერთმანეთის ჭამასა, დარვინის თეორიასა? – რად აძლევს ცრუ საბუთს ხელში მათ, რომელთაც “დედა-ენა” არ ეპრიანებათ, სხვათა შორის, იმიტომ, რომ დიდი წიგნიაო? “დედა-ენას” აქვს ერთი დიდი ნაკლულევანება: იგი შედგენილია იაკობ გოგებაშვილისაგან და სათავეა მისი წიგნებისა. ხოლო გოგებაშვილს თურმე მიუძღვის “კვალის” წინაშე საშინელი დანაშაულობა. რაში მდგომარეობს იგი? ამის პასუხს ერთი პატარა ისტორია მოგცემთ.
ვხედავდი რა სხვებთან ერთად საცოდავს მდგომარეობას “ჯეჯილისას”, წარსულს ზაფხულს დავივიწყე ყოველი უსიამოვნება, “კვალის” მიერ მოყვანილი, და გავუგზავნე ერთი საყმაწვილო მოთხრობა: “მეფე ერეკლე და ინგილო ქალი” ჩვენს საბავშვო ჟურნალში დასაბეჭდად. მოწადინებული ვიყავი შემდეგშიაც მებეჭდა მასში საყმაწვილო მოთრობანი, გამეახლებინა ჩემი თანამშრომლობა. რამდენსამე დღეს შემდეგ მივიღე უკანვე მოთხრობა ორ-გვარი პასუხით. ქალბატონს შემოეთვალა: თქვენ არავის აძლევთ ნებას ენას შეეხონ, ჩვენ კი უცვლელად არავის ვუბეჭდავთ ამ ბოლოს ხანებშიო. ბატონისაგან კი უფრო გულ-წრფელმა და საგულისხმიერო პასუხმა მოახსია ჩემამდინ: “მან ქვეყანაში თავი მომჭრა, ახლა მოთხრობას მიგზავნისო”.
აი თურმე რაში მდგომრეობს ჩვენი მიუტოვებელი დანაშაულობა! ბ-ნი წერეთელი ივიწყებს, რომ მან იძულებყკუ განხდარა ერთი სამწუხარო, მაგრამ უნამდვილესი, ფაქტი გამომემჟღავნებინა, გამხადა იმათი, რომ ასტეხა ჩვენ წინააღმდეგ პოლემიკა, უსაბუთოდ ბეჭდა და აბეჭდინა თავისს მარქაფებს მთელის ექვსი თვის განმავლობაში და შემდგშიაც ჭორი, სიცრუე, ინსინუაცია, და ყოველი ღონისძიება იხმარა, რათა საზოგადოების თვალში დავემცირებინე და ამით თავისი თავი აემაღლებინა და როდესაც ჩვენ, გაბრაზებულმა ყველა ამითი, ჭეშმარიტების გამოქვეყნებით ვუპასუხეთ, ჩავაგდეთ იგი სწორედ იმ ორმოში, რომელსაც ჩვენ გვითხრიდა, იგი აღივსო ჩვენდამი უკურნებელი ბოროტებით და მზად არის თვით ინტერესი ქართულის ენისაც შესწიროს ამ ბოროტების დაკმაყოფილებას.
ბ-ნი გიორგი წერეთელი არ ამბობს და ვერც იტყვის (თუმცა ცდილობს-კი, რომ ეს აფიქრებინოს მკითხველს), ვითომც ჩვენს სახსრის მოსაპოვებლად დაგვეწყოს ქართულის სახელმძღვანელოების შედგენა, რადგანაც კარგად იცის შემდეგი ფაქტები:
1) როცა ხელი მივჰყავით ქართულის წიგნების გამოცემას, ჩვენ გვეჭირა ოფიციალური თანამდებობა ჯერ მასწავლებლისა და მერე უფროსისა, რომელიც გვაძლევდა საკმაო სახსარს ცხოვრებისასა. ამის გამო ჩვენ 1865 წლიდან, როდესაც გამოვეცით პირველი ქართული წიგნი, 1874 წლამდე, როდესაც სამსახური დავკარგეთ, არავითარს ჯილდოს არ ვიღებდით წიგნებში. წიგნის ხარჯის ფულს ემატებოდა მხოლოდ გამომცემლის მოგება.
2) როცა სამსახური დავკარგეთ და სახელმძღვანელონი გახდნენ ერთად-ერთ სახსრად ცხოვრებისათვის, მაშინაც მათ ვყიდდით ბევრად უფრო იაფად, ვიდრ უცხო ქვეყნის პედაგოგები. მაგალითად: “დედა-ენა” თავისი სივრცით და შემკობილობით თითქმის სამჯერ დიდია “Родное слово”-ზედ (რომელშიაც 100 გვერდია, 28 სტრიქონიანი, მაშინ, როდესაც “დედა-ენა” იპყრობს 224 გვერდს და თითო გვერდზედ 33 სტრიქონია) და სომხურს დედა-ენაზედ, რომელთაგან პირველი ავტორის სიცოცხლის დროს იყიდებოდა შვიდ შაურად და ახლა იყიდება ექვს შაურად, როგორც “დედა-ენა”, და მეორე-კი შვიდ შაურად ღირს დღესაცა.
3) ჩვენი ქართული დედანი ბლომად იყიდებოდა და დიდი მოთხოვნილებაც იყო მისი; მაგრამ ჩვენ იგი მთლად შევუერთეთ “დედა-ენასა”, რათა წერა-კითხვის სწავლება ქართველის ხალიხისათვის ერთი-ორად გაგვეიაფებინა. წინად “დედა-ენაში” აძლევდნენ ექვსს შაურსა და ამდენსავე “დედანში” იხდიდნენ, ახლა-კი ორივეში ხარჯავენ მხოლოდ ექვს შაურსა. ამითი ჩვენ მოვსპეთ არა მარტო შემოსავალი დედნისა, არამედ “დედა-ენის” ჰონორარიც იმდენადვე შევიმცირეთ, რამდენადაც წიგნის სიდიდემ და ხარჯმა იმატა. ჩვენ ბევრს მოვაკლდით, ხალხმა მოიგო, მაშასადამე…
4) ჩვენ ყოველთვის კვალში ვუდექით უკუღმართობას ხალხის განათლებაში, შეიძლების დაგვარად მაღლა გვეჭირა დროშა პედაგოგიის პრინციპებისა, ვამჟღავნებდით და ვმარტავდით მიმართულებას ერთის მავნე ქარისას, თუმცა ვიცოდით, რომ ყველა ამას შეეძლო ევნო ჩვენი სახელმძღვანელოებისათვის და სახსარიც ცხოვრების დაეშრო ჩვენთვის.
ასე რომ სახელმძღვანელოების შედგენა იყო მხოლოდ ერთი შტო ჩვენის მოქმედებისა ხალხის განათლების ასპარეზზედ. ხოლო რამ გამოგვიყვანა ამ ასპარეზზედ, ამის საიდუმლო წამოსცდა ამ თხუთმეტი წლის წინად “დროებაში” ბ-ნს გიორგი კურდღელაშვილს, რომელმაც ერთს თავისს წერილში გაურია ასეთი ფრაზა: “ღმერთმა სავსებით შეასრულებინოს გოგებაშვილს თავისი მოწოდებაო”.
“კვალის” ბატონი-კი, იმის მაგივრად, რომ განაძლიეროს ქართველთა შორის მ ო წ ო დ ე ბ ი ს პრინციპი, გამოიწვიოს ხალხის განათლების ასპარეზზედ მოწოდების კაცნი, უხმობს, გაჰკივის და იწვევს მათ, ვინც გამსჭვალულნი არიან სახსრის ტრფიალითა, კუჭის პრინციპითა და ცნობილ ქარის ერთგულ მოსამსახურედ გამოდგებიან.
ხოლო მოწოდების გამებება ყველა სფეროში არა მარტო საზოგადოებისათვის არის სანატრელი და სასარეგბლო, რადგანაც იგი შეუძლებლად ხდის სწორე გზიდან გადახვევას, მოვალეობის ღალატს მოქმედების პირის-მიერ, არამედ თვითონ ამ პირებისათვისა, ევროპის გამოჩენილ მეცნიერთა თხზულებაში არა ერთგან ამოიკითხავთ იმ აზრსა, რომ კაცი, რომელიც მოწოდებით შრომობს, და მაშასადამე უყვარს თავისი არჩეული საგანი, ბევრად უფრო მეტს ტანჯვას იტანს, უფრო დიდხანს უძლებს პირუტყულს დევნას სულდაბალი ინტრიგანებისას, ბევრად გვიან ტყდება გულით, ვიდრე ის, რომელიც გამსჭვალულია პრაქტიკული, ეგოისტური მისწრაფებითა. ნივთიერი ინტერესითა.
– და აი სწორედ ამ ნივთიერის ინტერესის გამეფებას უწყობს ხელს “კვალი”, როდესაც სიხარულით ეგებება მოწოდებას იმისთანა წიგნაკისას, რომელიც შეადგენს მეოთხედს “დედა-ენისას” და რომელიც კარგს იარაღს აძლევს ხელში ქართულის ენის შემოკლებისას, დამცირებისას სკოლებში.
ახლა ვიკითხოთ: რითი მართლულობს “კვალი” და იმ უკუღმართობაში, რომ იგი სიხარულით მიეგება მეოთხედის მოწონებას მთელს წიგნის მაგიერ? არაფრით და ვერც გაიმართლებს თავსა. იგი მხოლოდ ცდილობს თვისი ცოდო სხვასაც მოახვიოს კისერზედ. მას მოჰყავს გაზეთის “ივერიის” მექრონიკეს აზრი შესახებ ხსენებული წიგნაკისა, დაბეჭდილი ახალ ამბებში ხუთის წლის წინა. მაგრამ ეს ხერხი იმ ხავსადაც არ გამოდგება, რომელსა ეჭიდებოდ წყალ-წაღებული.
ჯერ ერთი ესა, რომ მაშინ “ბავშვების მოკეთე” მეოთხედს-კი არ წარმოადგენდა “დედა-ენისას”, არამედ ნახევარს, რადგანაც იპყრობდა ერთი წლის კურსს როგორც კითხვისას, ისე წერისაც; ახლა-კი შერჩა მას მხოლოდ კითხვის მასალა, წერისა-კი გაქრა.
მეორედ, მაშინ შემდგენელი ნიშნავდ თავისს წიგნაკს უფრო ოჯახისათვის და წარდგენას უპირებდა მოსაწონებლად “წერა-კითხვის საზოგადოებას”, როგორც ეს მოხენებულია “ივერიაში”, მერმე-კი სკოლებისათვის დანიშნა და მოსაწონებლად წარადგინა რვეული სრულიად სხვა დაწესებულებაში.
მესამედ, მაშინ უსაფუძვლო მოწონება და ქება რომელიმე უვარგისი წიგნაკისა ახალ ამბებში მექრონიკეს მიერ, რომელიც მოკლებულია შეძლებას და დროს რვეული გადაშინჯოს და დააფასოს და ხშირად ავტორის კარნახით სწერს თავისს შენიშვნასა, ვნებას ვერ მოუტანდა სკოლებსა, და ახლა კი შხამია მათთვის, რადგანაც მაშინ მასწავლებლებს, რომელნიც კარგად არჩევენ კარგს ავისაგან, ჰქონდათ სრული უფლება მოწონებულ წიგნთა შორის ეხმარნათ მხოლოდ ის, რომელსაც უფრო ღირსეულად სთვლიდნენ, და ახლა-კი ეს უფლება მათ დაჰკარგეს სავსებით, და აი ამის ფაქტებიცა.
ამ ხუთის წლის წინად “ქართული ანბანი” გულისაშვილისა არამც თუ მოწონებული იქმნა, არამედ სახაზინო ფულითაც გამოიცა. ესეც არ იკმარეს, და ყველა მასწავლებლებს დაეკითხნენ: არა სჯობიან, რომ “დედა-ენის” მაგივრად ეს წიგნი იხმაროთო. მაგრამ მასწავლებელმა უარ-ჰყვეს, იგი ერთხმივ და წიგნზედ დახარჯულმა სახაზინო ფულმა ფუჭად ჩაიარა. ეს მოხდა იმიტომ, რომ მაშინდელმა დირექტორმა ბ-მა დარსკიმ არ ინდომა ძირითადი უფლება მასწავლებლებისა დაეთრგუნა. ახლა-კი სრულიად სხვასა ვხედავთ. ქუთაისის გუბერნიაში ვერ მოსძებნით მასწავლებელს, რომელსაც ესრეთ წოდებული Курс-ი უვარგისად არ მიაჩნდეს, მაგრამ ყველანი-კი მას ხმარობენ. აღმოსავლეთის საქართველოში “ბუნების კარს” მასწავლებელნი დაჟინებით თხოულობენ და თხოულობენ, მაგრამ აღარ ეგზავნებათ ეს რამდენიმე წელიწადია.
წარსულს ზაფხულში, ყველა მასწავლებელმა დაიბარა “Русское слово”. მაგრამ მის მაგივრად გაგზავნილ იქმნა ჩერნიაევსკის წიგნი. დრონი, როგორც ხედავთ, იცვალნენ, და ძლიერაცა.
ასე რომ ამ ჟამად სწორედ ზედ გამოჭრილია ჩვენს მასწავლებლებზედ სიტყვები კიევის პედაგოგის და სახალხო სკოლების ინსპექტორის ლუბენცკისა, რომელსაც შარშან ზაფხულს მაკარიის საპედაგოგო გამოფენაზედ თავისს ლექციაში უთქვამს: “Нет ничего печальнее положения того учителя, которому приходится учить и разъяснять ту книгу, которой он не чувствует ни влечения, ни уважения”
ამიტომ, როცა “კვალი” ამბობს: თუ “ბავშვების მოკეთე” მოწონების და დაბეჭდვის შემდეგ ღატაკი წიგნი აღმოჩნდება, ჩვენ მას გაუმკლავდებითო, ბავშვურ საქციელს ჩადის და სხვა არაფერსა. ჯერ ერთი ესა, რომ ეს თავისი ნაფურთხის ალოკვა იქნება; მეორედ, რა მნიშვნელობა ექნება მაშინ დაწუნებას და გაკიცხვას? არავითარი, როგორც სიკვდილის შემდდეგ მონანებასა. ვიზედაც შეუძლიან იმოქმედოს “კვალის” სიტყვამ, იმათ არჩევანის უფლება უკვე დაკარგული აქვთ და იძულებულნი იქნებიან თავისი აზრის წინააღმდეგ იმოქმედონ.
ჩვენის მეცნიერის წერილში ამისთანა მარგალიტიც ბრჭყვიალებს: “მწერლობაში მხოლოდ შოთა რუსთაველის “ვეფხის-ტყაოსანი” გვეგონა შეუდარებელი ნაწარმოები და ისიც კი ამ ბოლო დროს დაგვიძველდა. მაშ რაღა გამოჩნდა ეს “დედა-ენა”, რომ ამას დრო და ჟამის ქარცეცხლი არ უნდა ეკარებოდეს?” საიდან სადაო, წმინდა საბაო, სად “ვეფხის-ტყაოსანი”, პოეტური ქმნილება, შვიდასი წლის წინად დაწერილი და მასუკან ხელ-უხლებლად დარჩენილი, და სად “დედა-ენა”, რომელიც ოცის წლის წინად დაიბადა, იზარდა და მხოლოდ გუშინ, 1896 წლის დამლევს, მიიღო თავისი უკანასკნელი სახე. წინედ ეს წიგნი იპყრობდა 160 გვერდსა, მოკლებული იყო საწერს დედანსა, სასულიერო-ზნეობრივ განყოფილებასა, მხოლოდ აქა-იქ იყო დასურათებული ორმოც-სამოცი სურათით, ახლა-კი იპყრობს 224 გვერდსა, სრულს კურსს საწერი დედნისასა, ვრცელს სასულიერო-ზნეობრივს განყოფილებასა და 360 სურათსა. ამ შემთხვევაში ბ-ნი თავრთქილაძისა, რომელიც ნატრობდა მის უბედურებასა, – და როცა ეს ნატვრა ვერ აუსრულდა, ჯავრის ამოსაყრელად გაზეთში დაბეჭდა: თავართქილაძეს სახლიც გადაებუგა და ცოლიც დაეწვაო. ჩვენი მეცნიერიც კაი ხანია გულით და სულით ნატრობს ჩვენს უბედურებას, “დედა-ენის” დაძველებასა, “თაროზე თაგვებისაგან შეჭმას”, მაგრამ, რადგან ეს ნატვრა არ უსრულდება და “დედა-ენა” არამც თუ არ ძველდება, არამედ სრულდება და ახლდება, ამიტომ, გულის მოსაფხანად, ჭორს უგონებს და ავრცელებს – დაძველდაო. ინუგეშოს.
ამაზე კიდევ გულ-ჩამთუთქავს რასმე ვეტყვით ბ-ნს წერეთელსა: კაი ხანი გაივლის კიდევ, ვიდრე “დედა-ენა” დაძველდებოდეს. და აი რადა: უშინსკის “Родное слово” დაიბეჭდა ორმოცის წლის წინად, პატრონი მოუკვდა ოცი წლის წინად და ყოველს გაუკეთესობას მოაკლდა; მიუხედავად ამისა, ეხლაც იგი საუკეთესო და სამაგალითო წიგნად მიაჩნიათ რუსეთში. ეს ღირსება აღიარებული იქმნა, სხვათა შორის შარშან მაკარიის საპედაგოგიო გამოფენაზედაც. ევროპაში, სადაც პედაგოგიის წინ მსვლელობა ერთი ათად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვენში, ყოველი სახელმძღვანელო, რიგიანად და შესაბამისად შედგენილი სძლებს ნახევარ-საუკუნესა და ხმარებიდან არ გამოდის ამ ხნის განმავლობაში. ამდენი ხანი იცოცხლა და ახლაც ცოცხალია, სხვათა შორის შვეიცარიის პედაგოგის შერის წიგნი, რომლის მიბაძვით არის შემდგარი “Родное слово” უშინსკისა.
ასე რომ თქვენი სიკვდილის შემდეგაც, როცა “დედა-ენა” მოაკლდება გაუკეთესებას, მას შეუძლიან იცოცხლოს რამდენიმე ათი წელიწადი? გულ-გახეთქილი იკითხავს ჩვენი გიორგი ბრძენი. – დიახ, ბატონო, თვით იმ შემთხვევაშიაც, თუნდ თქვენმა დუეტმა იმ ქართან იმატოს და გაორკეცდეს: ეს მოხდება იმის გამო, რომ ცნობილი უკუღმართობა იმარჯვებს მხოლოდ გახრწნილს და მამაკვდავს საზოგადოებაში; და ამისთანა სენით, იმედია, შეპყრობილი არ არის ჩვენი საზოგადოება.
დიაღ, “დედა-ენა” დაუთმობს თავისს ალაგს არა რომელსამე ღატაკს წიგნაკს, “კვალი” და იმ ქარის მიერ მოწონებულს, არამედ იმისთანას, რომელიც უფრო მდიდარი იქნება მასზედ, იქნება უფრო სრული სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა ერთად, უფრო უკეთესად დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას იქითა და აქეთა საქართველოისასა, საერო და სამრევლო სკოლებისასა ერთად, და უფრო მეტად დაეხმარება გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა ს ჩვენის ქვეყნის სხვა-და-სხვა კუთხეებისას. და აი ამისთანა სახელმძღვანელოს შემდგენელს სრულს ნებას ვაძლევთ ისარგებლოს “დედა-ენის” მასალითა, რამდენიც ნებავდეს.
ევროპასა და რუსეთში ხელმძღვანელობას ხალხის განათლებაში და
სახელმძღვანელოების შედგენას სკოლებისა და ოჯახობისათვის კისრულოენ: პესტალოცები, შერები, ჟაკოტოები, დისტერვეგები, უშინსკები, კორფები, ვოდოვოზოვები, ბუნაკოვები და სხვა მაღალი განათლებით აღჭურვილნი პირნი. და აკი კიდეც წინ მიდის მდევის ნაბიჯით იქ სწავლის საქმე, “კვალი”-კი ამისთანა პირებს როდი იწვევს ხალხის განათლების ასპარეზზედ, -სარჩელს უწევს იმისთანას, რომელიც იმდენად განუვითარებელია, რომ სამარცხვინო სასიქადულოდ მიაჩნია, და საჯაროდ კვეხულობს: ოცი თუმანი აღმითქვეს ჩემის წიგნაკის დასაბეჭდადაო.
დასასრულ, ბ-ნი წერეთელი ჩივის: გოგებაშვილმა გამომლანძღა, ცბიერი და ვერაგი დამიძახაო. ჩვენ ეს სიტყვები საზოგადოდ ვსთქვით და თუ ჩემი მოქიშპე ისაკუთრებს მათ, ჩვენ აქ იმდენადვე ვართ ბრალი, რამდენადაც ის მამასახლისი, რომელმაც დაიძახა ხალხში: დახე, დახე, ქურდს ქუდი ეწვისო, და ქურდმა თავისს ქუდს ხელი იტაცა. ამაზედ უფრო საოცარი ის გახლავთ, რომ იქვე ბ-ნი წერეთელი თავისს თავს თავმომწონეობით მეფისტოფელს ეძახის. ხოლო ყველამ იცის, რომ მეფისტოფელში მოიპოვებოდა არა მარტო ვერაგობა და ცბიერება, არამედ სიბოროტე, ჭორიკანაობა, ჯიბრი, შური და ყოველი ბიწიერება. ამიტომ, როდესაც ჩვენი მეცნიერი ისაკუთრებს მეფისტოფელობას, იგი თავისს თავს აღიარებს ბუდედ ყოველი სიცუდისა. აი ნამდვილი თავისი გალანძღვა ამასა ჰქვიან. ხოლო ჩვენ აქაც ვერ დავეთანხმებით და ვიტყვით, რომ იგი თავისს თავს ცილსა სწამებს, რადგანაც მასში ყოველი ნაკლი არ მოიპოვება – თითო-ოროლა ღირსებასაც აღმოაჩენთ, თუ ხათრიჯამობას გაუწევთ.
უკანასკნელად, ერთს კარგს წინადადებას მივსცემთ “კვალის” რედაქციას ჩვენის ბაასის დასაბოლოებლად. ქართველი პროფესორები და ქართველი სტუდენტები ბლომად არიან სამს უნივერსიტეტში: ოდესაში, მოსკოვში და პეტერბურგში. ამასთნ ისინი მოშორებულნი არიან ყოველს პირადობას, სვიან-ნათლიობას, მტრობა-მეგობრობას და ევროპიული ენები კარგად იციან და არა მარტო პროფესორებმა, არამედ სტუდენტებმაც, უმეტესობამ მაინც და სრული შეძლება აქვთ პირუთვნელი და სამართლიანი მსჯავრი დაადგინონ. მოდით, ერთს რომელსამე უნივერსიტეტის ქართველებს (არჩევანი მიგვინდვია თვით “კვალის” რედაქციისათვის) ვსთხოვოთ პასუხი მოგვცენ შემდეგ ორს კითხვაზედ:
1) უდრის თუ არა “დედა-ენა” თავისი ღირსებით ამ ჟამად საუკეთესო სახელმღვანელოებს ევროპისასა?
2) მდარეა თუ არა “კვალი” და “ჯეჯილი” თვით უმდარესს ევროპულს მსგავსს გამოცემაზედ?
თუ ამ ორივე კითხვაზედ ჰო სთქვეს, “კვალი-ჯეჯილის” რედაქციამ გადასცეს თავისი საბავშვო ჟურნალი “წერა-კითხვის საზოგადოებასა”, თუ არა და მე გადავცემ ამავე საზოგადოებას “დედა-ენას” საკუთრებად. რედაქცია თუ გამტყუვნდა, მოიშორებს მძიმე ტვირთსა, რომლის ზიდვა ღირსეულად არ შეუძლიან, და რომელიც ზარალის მეტს არას აძლევს, როგორც თვითონ წუწუნებენ; გამარჯვება-კი მისი დამაკარგვინებს საკუთრებასა, დასრულებულსა და შემოსავლიანსა და მთლად დააკმაყოფილებს მისს სიბრაზეს ჩემდამი.
როგორც ხედავთ, პირობა ჩემთვის ძლიერ მძიმეა, მოწინააღმდეგისათვის-კი ფრიად ადვილი, და ამიტომ სრული სიამოვნებით უნდა იქმნას მიღებული “კვალის” რედაქციის მიერ, თუ იგი თვითონვე ღრმად არ არის დარწმუნებული თავისს უსამართლობასა და პირშაობაში ჩემს წინაშე და “დედა-ენის” შესახებ.
მეორე ხუხულა
ბ-ნი გიორგი წერეთლისა
“კვალის” ბატონმა ჩვენს წერილს პირდაპირი პასუხი ვერ გასცა. ვერც ერთს საბუთს ვერ შეეჭიდა, ვერც ერთს ფაქტს, ჩემგან დასახელებულს, ვერ შეეხო, უნივერსიტეტის სამართალს შეუშინდა და გაუფთხა. აშკარაა, მან თავისი პირველი ხუხულა ჩაფუშულად იცნო და თავისი თავი გაცრუებულად. სხვა უიმისო გაჩუმდებოდა. მაგრამ ბ-ნი გიორგი, ღარიბი მართებული აზრებით, მდიდარია ხრიკებით, და ამიტომ მან ახლა მეორე ხუხულა დაასკუპა “კვალის” ფურცლებზედ. ეს მეორე ხუხულაც მან გაავსო იმისთანა ბავშვური სიცრუითა, რომლის გაქარწყლებისათვის ხუთიოდე წამია საკმარისი.
“გოგებაშვილს “დედა-ენიდგან” წლითი-წლობამდის შემოუდის (?) ორას ორმოც-და-ათ თუმნამდე”, ბრძანებს ჩვენი სამართლის მოყვარე ბატონი. ეს რომ ნახევრობით მაინც მართალი იყოს, მე ეხლა მდიდარი ქართველი ვიქნებოდი. ავიღოთ, მაგალითად, უკანასკნელი გამოცემა “დედა-ენისა”, რომელიც 18, 000 დაიბეჭდა. “წერა-კითხვის საზოგადოებას” ამ გამოცემაზედ ჩემი ჰონორარითურთ უნდა დაეხარჯნა, პირობისამებრ, 3600 მანეთი. აქედგან წიგნის გამოცემას მოუნდა 2200 მანეთი და ჩემ წილად დარჩა 1400 მანათი, რომელიც მე უნდა მეძლიოს თვიურად, ვიდრე წიგნი გაიყიდებოდეს. რადგანაც “დედა-ენა” ამ ჟამად იყიდება ათი ათასამდე წელიწადში, ამიტომ უკანასკნელის გამოცემის გასაღებას მოუნდება თითქმის ორი წელიწადი. მაშასადამე წელიწადში “დედა-ენა” მაძლევს 700-800 მანეთსა და არა 2500 მანეთსა. საზოგადოდ ქართულის ენის აკრძალვამ მეგრულს სახალხო სკოლებში, შევიწროვებამ სხვა სკოლებში და ფაქტიურმა გაუქმებამ ზოგს სასწავლებლებში ისე შეამცირა ჩემი წლიური შემოსავალი, რომ იგი ძლივსღა მყოფნის, თუმცა წინანდელზე უფრო ხელმოჭერილად ვცხოვრობ, და მოკლებული ვარ შეიძლებას, ჩემდა სამწუხაროდ, ხელი გაუმართო ზოგიერთა გაჭირვებულს მოსწავლესა.
“ბევრმა ქართველმა პედაგოგმა განიზრახა მისი (“დედა-ენის”) კრიტიკული დაფასება, მაგრამ ასეთმა განხილვამ ყოველთვის გამოიწვია გოგებაშვილის მხრით საპოლემიკო ქარცეცხლი”, განაძრობს ბ-ნი წერეთელი. ფაქტები კი სრულიად წინააღმდეგს ქადაგებენ. ბ-ნმა ივენე მესხიმ დაბეჭდა კრიტიკული განხილვა “დედა-ენისა” და მე კრინტიც არ დამიძრავს წინააღმდეგ, თუმცა ზოგიერთა ნაკლულევანებამ, ჩემის აზრით, შეცდომით იყო ნაჩვენები. ბ-ნმა მიხეილ ნასიძემ გაჰკილა “დედა-ენა” და მე უპასუხოდ დავტოვე; ბ-ნმა დოდაშვილმა “კვალში” ლაღად გაინავარდა ჩემს წიგნზედ და მე ყურიც არ გავიბერტყე. ამავე გაზეთის კლიენტმა უმანკო სახალხო ლექსს, “მოდი ვნახოთ ვენახი”, დარვინის თეორიის ქადაგება დასწამა და ჩვენ არც მაშინ გავწყვიტეთ დუმილი, და სხვანი. საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ოთხს კრიტიკოსში მხოლოდ ერთს ვაძლევდით პასუხს. ეს ჩვენი პასუხი ყოველთვის იყო თავაზიანი, თუ კრიტიკოსი მართებულად, ობიექტურად გვეპყრობოდა ჩვენ და ჩვენ წიგნსა. მაგალითად: წარსულის წლის მაისში ერთმა ახალციხელმა მასწავლებელმა დაბეჭდა “ივერიაში” ვრცელი შენიშვნები “დედა-ენის” შესახებ. შენიშვნები იყო დაწერილი გულწრფელად, საგნის სიყვარულით, მიუდგომლად და მიუფერებლად. ჩვენც ასეთისავე ხასიათის შენიშვნები დავუწერეთ “მოამბეში” და სრული თავაზიანობით მოვეპყარით. როცა “კვალმა” ჩვენ წინააღმდეგ ასტეხა პოლემიკა, ბ-ნნი: აკაკი წერეთელი, სილოვან ხუნდაძე, დუტუ მეგრელი სრული რიგიანობით გვებაასებოდნენ, საგანს იკვლევდნენ, პირად კიცხვა-კილვას ერიდებოდნენ, და ჩვენც სწორედ ამისთანავე ხასიათი მივეცით ჩვენს პასუხებსა. ბ-ნმა გიორგი წერეთელმა და დოდაშვილმა ჩვენი პირადი დამცირება მოინდომეს მკითხველის თვალში და ჩვენ მიერ თვითონ იქმნენ დამცირებულნი სრული სამართლიანობით. რომელი საწყაულით მოგვიწყავენ ხოლმე, იამავე საწყაულით მიიღებენ ხოლმე ვალსა.
აი ახლაც “კვალმა” ლიტერატურულ გზას გადაუხვია, ფსიქიატრიაში შეტოპა და ტვინის ადუღებაზედ, განდიდების მანიაზედ ჩამოაგდო სიტყვა. ასე იქცეოდნენ ხოლმე უძლურნი და გულღვარძლა ადამიანები, როდესაც მათ გააცრუებდნენ. ესეთი ოინი უყვეს უღირსმა მოწინააღმდეგეებმა ჩაადაევს, რომლის წერილებს პასუხი ვერ გასცეს, ისეთი სამართლიანობით იყვნენ იგინი სავსენი. მაგრამ შერცხვენა თვითონვე მოიმკეს. ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბავშვური წინდაუხედველობით წაავლო ხელი ისეთს იარაღს, რომელიც მისთვის უფრო საშინელია.
რითი ასაბუთებს იგი ჩვენს მანიას განდიდებისას? იმას მოჰყავს შემდეგი სიტყვები, ვითომც ჩემ მიერ ნათქვამი: “მე, დიდ პედაგოგს იაკობ გოგებაშვილს, პესტალოცისა და დისტერვეგის უზენაესის ნიჭით შემკულსა”. ეს, რასაკვირველია სიცრუეა, ტყუილი, განზრახ შეთხზული ჩვენი მეცნიერის მიერ. ამისთანა აშკარა ჭორს საღი ტვინის პატრონი თავის დღეში არ იკადრებს. ის-კი სრული მართალია, რომ ბ-ნი გიორგი წერეთლის თხზულებანი სავსენი არიან ტრაბახით, თავის თავის ქებით, მედიდურობით. ჩვენ მოვიყვანთ მხოლოდ ერთს მაგალითს, რომელიც ბევრს უნდა ახსოვდეს. როდესაც ამ ორის წლის წინად ერთმა კრიტიკოსმა “კვალში” ბ-ნი წერეთელი ქებით მოიხსენია, რედაქციამ, რომლის ბატონია იგი, ქბა იცოდავა და ასეთი შენიშვნა გაუკეთა სქოლიოში: ჯერ გიორგი წერეთელს კარგად ვერ იცნობენ; ხოლო მომავალში შეიძლებენ მის ღირსეულად დაფასებასაო. აი ნამდვილი მანიაკის საქციელი თუ გნებავთ, ეს არის. მეორე ფაქტი. ამ ოცდა-ხუთის წლის წინად მამია გურიელს თხოვნის ბარათი მიუწერი ბ-ნი გიორგი წერეთლისათვის და შიგ კომპლიმენტი მოუქცევია შესახებ მისი ესტეტიკური გემოსი (ესტეტიკა და ჩვენი გიორგი!). ამ კომპლიმენტს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მეტადრე თუ მოვიგონებთ, რომ მაშინ ბ-ნი წერეთელი, ვგონებ, რედაქტორი იყო და რედაქტორებს, როგორც მოგეხსენებათ, ნაკლები ნიჭის მწერალნი ხშირად კომპლიმენტებს ეუბნებიან, რათა ამათაც ქებით მოიხსენიონ მათი ნაწერები. კრილოვისა არ იყოს, გუგულინ აქებს ნანაკსამ რათა მამალმაც აქოს იგი თავისს საბრძანებელში. ჩვენს გიორგის ეს კომპლიმენტი შეუნახვს მთელის ოც-და-ხუთის წლის განმავლობაში და როცა შეუტყვია, ბ-ნი იონა მეუნარგია სწერს მამიას ბიოგრაფიასო, მაშინვე მისკენ გაუქანებია ბარათი, რათა მას ჩაერთო და ქვეყნისათვის ეცნობებინა ბ-ნი წერეთლის უზენაესი ესტეტიკური გემო. ნუ თუ აქაც არა ჩანს სულ-წასულობა თავისი ქებისათვის, განდიდებისათვის, რომელიც შეადგენს ძირითად თვისებას მანიაკისას? სხვების სტოლის უჯრაში იპოვნით არა ერთის, ორის სა დამის საუკეთესო მამულიშვილების ვრცელს წერილებს, სადაც იგინი ლიტონი კომპლემენტებით-კი არ აქებენ მათ, არამედ დასაბუთებულს მხურვალე თანაგრძნობას უცხადებენ მათს ნაწერებს, აზრებს, მიმართულებას, მოქმედებას; მაგრამ ამ წერილების მქონენი მეგობრებსაც კი იშვიათად წააკითხებე ხოლმე.