ანტონ ჩეხოვი – მსუქანი და გამხდარი
(თარგმანი პ. წერეთლისა)
ნიკოლოზის რკინიგზის სადგურზე ერთმანეთს შეხვდა ორი მეგობარი: ერთი მსუქანი, მეორე გამხდარი. მსუქანმა ეს არის სადგურში ისადილა და ერბომოდებული ტუჩები მწიფე ალუბლებივით უბზინავდა. მას ხერესია და ფლორ-დ’ ორანჟის სუნი ასდიოდა, გამხდარი კი ეს არის ვაგონიდან გამოვიდა და ჩემოდნებით, ბოხჩებით და ყუთებით იყო დატვირთული. მას ლორისა და ყავის ნალექის სუნი ასდიოდა. მის ზურგს იქიდან გამხდარი, გრძელნიკაპიანი ქალი – მისი ცოლი, და მაღალი, თვალმოჭუტული გიმნაზიელი – მისი ვაჟი, იცქირებოდნენ.
– პორფირი! – შეჰყვირა მსუქანმა, როდესაც გამხდარი დაინახა, – ეს შენ ხარ? ჩემო კარგო! რამდენი ხანია არ მინახიხარ!
– ღმერთო ჩემო! – გაიოცა გამხდარმა, – მიშა! სიყრმის მეგობარო! საიდან სადაო?
მეგობრებმა სამგზის გადაკოცნეს ერთმანეთი და ცრემლმორეული თვალებით მიაშტერდნენ ურთიერთს. მოულოდნელი შეხვედრით გამოწვეულმა სიხარულმა ორივე გააბრუა.
– ჩემო კარგო! – დაიწყო გამხდარმა ამბორის შემდეგ. – ამას არ მოველოდი! აი სურპრიზი! აბა ერთი კარგად შემომხედე! ისეთივე ლამაზი ხარ, როგორც იყავი! ისეთივე საყვარელი და კოხტა! ოჰ, ღმერთო ჩემო! როგორა ხარ? გამდიდრდი? დაცოლშვილდი? მე კი, როგორც ხედავ, ცოლიანი ვარ. ეს ჩემი მეუღლეა, ლუიზა, ვანცენბახის ქალი… ლუთერანი… ეს კი ჩემი შვილი ნათანაილია, მესამე კლასის მოწაფე. ეს კი, ჩემი სიყრმის მეგობარი! გიმნაზიაში ერთად ვსწავლობდით!
ნათანაილი ცოტა ჩაფიქრდა და ქუდი მოიხადა.
– გიმნაზიაში ერთად ვსწავლობდით! – განაგრძობდა გამხდარმა, – გახსოვს, როგორ გაბრაზებდით? ჰეროსტრატეს გეძახდნენ იმისათვის, რომ სახელმწიფოსაგან მოცემული წიგნი პაპიროსის ცეცხლით გამოწვი. მე კი ეთიალეტს მეძახდნენ, რადგან ენის მიტანა მიყვარდა. ხო-ხო… რა ბავშვები ვიყავით! ნუ გეშინია, ნათანია! მიდი, ძიას მიუახლოვდი… ეს ჩემი ცოლია, ვანცენბახის ქალი… ლუთერანი…
ნათანაილმა ცოტა ხანს იფიქრა და მამას ზურგს უკან მოეფარა.
– როგორ ცხოვრობ, მეგობარო? – ჰკითხა მსუქანმა, რომელიც აღტაცებით მისჩერებოდა მეგობარს, – სად მსახურობ? დაწინაურდი?
– ვმსახურობ, ჩემო კარგო! მეორე წელიწადია კოლეჟსკი ასესორი ვარ, სტანისლავიც მივიღე. ჯამაგირი ვერა მაქვს კარგი… მაგრამ არა უშავს! ცოლი მუსიკას ასწავლის, მე კი კერძოდ ვმუშაობ, ხის პორტსიგარებს ვთლი… შესანიშნავი პორტსიგარებია! თითოს მანეთად ვყიდი. ვისაც ათი ან მეტი ცალი მიაქვს, უფრო იაფად ვუთმობ. იოლად გამოვდივართ. დეპარტამენტში ვმსახურობდი, ახლა კი აქ გადმომიყვანეს იმავე უწყებაში მაგიდის უფროსად… აქ ვიმსახურებ. შენ კი როგორა ხარ? ალბათ სტატსკი ხარ? ა?
– არა, ჩემო კარგო, უფრო მაღლა ასწიე, – თქვა მსუქანმა, – ტაინი სოვეტნიკობას მივაღწიე… ორი ვარსკვლავიცა მაქვს.
გამხდარი უეცრად გაფითრდა, გაქვავდა, მაგრამ სახე მალე ისევ მოეღრიცა და ზედ ღიმილი მოეფინა; თითქოს სახიდან და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა, თვითონ კი მოიკუნტა, მოიკუზა, დაპატარავდა… მისი ბოხჩები, ჩემოდნები და ყუთებიც მოიკუნტნენ, მოიჭმუხნენ… ცოლის ისედაც გრძელი ნიკაპი კიდევ უფრო დაგრძელდა; ნათანაილი გაიჭიმა და მუნდირის ყველა ღილი შეიკრა…
– მე, თქვენო აღმატებულებავ… ძალიან სასიამოვნოა! ასე ვთქვათ, ბავშვობის მეგობარი და უეცრად ასეთი დიდი კაცი! ხი-ხი!
– გეყოფა! – დაიღმიჭა მსუქანი, – ეგეთი კილო რა საჭიროა? ჩვენ სიყრმის მეგობრები ვართ, აბა რის მაქნისია ხარისხისადმი ამგვარი მოკრძალება?
– რასა ბრძანებთ… – ხითხითით დაიწყო გამხდარმა და კიდევ უფრო მოიკუნტა, – თქვენი აღმატებულების მოწყალე ყურადღება… აიაზმის წყალსავით… აი ეს, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი შვილი ნათანაილია… მეუღლე – ლუიზა, ლუთერანი, ერთგვარად…
მსუქანს რაღაც საწინააღმდეგოს თქმა უნდოდა, მაგრამ გამხდარის სახე იმდენ მოწიწებას, სიტკბოსა და მოკრძალებას გამოხატავდა, რომ ტაინი სოვეტნიკს გული აერია. გამხდარს ხელი გამოსამშვიდობებლად გაუწოდა და ზურგი შეაქცია.
გამხდარმა მის სამ თითს ჩაჰკიდა ხელი, მთელი სხეულით მოიდრიკა და ახითხითდა: „ხი-ხი-ხი“. მეუღლემ გაიღიმა. ნათანაილმა ფეხი ფეხს ჰკრა და ქუდი ხელიდან გაუვარდა. სამივენი სიხარულისაგან გაბრუებული იყვნენ.