ეკატერინე გაბაშვილი – თინას ლეკური
I
გიორგობის თვეა, გიორგობა დღე. საშინლად ცივა; თუმცა ჯერ ზამთარი არ დამდგარა, მაგრამ მისი წინამორბედი რთვილით მთლად გადაპენტილია მთელი სოფელი ზედაშენი.
სუსხი ძვალსა და რბილში უვარდება კაცს და სიცივით ჰკუნტავს, ხელებს უბეში აყოფინებს და ჩვეულებრივ ქართულ მძიმე ნაბიჯს აჩქარებინებს.
ყოველი ბინიდგან ძლიერი კომლი ამოდის, დიდი და პატარა ცეცხლს აჩაღებს, რომ მისის სხივით მაინც ინუგეშოს გაბუტულ პატარძალივით ღრუბლებში მიმალულ მზის გამოჯავრებული.
მთელ სოფელში მარტო თინას კერაა გაცივებული, მარტო მისი შვილიშვილები სიცივისაგან გალურჯებულნი სხედან ცივ კერასთან და ძველ ნაგლეჯ საბანში გახვეულნი მშიერი მგლის ლეკვებივით ყმუიან: “დიდედო, ცივა, ცივა! დიდედო, გვშია, გვშია!… ”
რა ჰქნას საწყალმა თინამ, რა უშველოს, საიდგან გააჩინოს ან ცეცხლი და ან ლუკმა? ვის მიმართოს, ვის სთხოვოს ნუგეში! გაუჭირა საქმე მეზობლებს ჩინჩხერის თხოვნით, სხვის კარ-მიდამოზე ნაფოტის კრეფით; ვენახების ღობეზე ფიჩხის მტვრევისათვის ხომ არა ერთხელ იყო ნალანძღ-ნათრევი! სხვის ვენახებიდან ჩუმად სარების გამოტანა ხომ მძიმე ცოდვად ადევს თინას კისერზე.
აი ორიოდე ჩანახი ფქვილი კიდევ უყრია გოდრის ძირში, მაგრამ რითი გამოაცხოს? აგერ დღენახევარია თვალი უჭირავს, რომ ეგებ – ვინმე მეზობელმა თონე გაახუროს, რომ გაციებულ თონეზე ლავაშები მაინც მიუკრას ბალღებს, მაგრამ სად არის? ყველამ სადღესასწაულოდ ადრე დაიმზადა ნამცხვარი და ახლა არხეინად სხედან.
– ნეტა ღონე მაინც მქონდეს, რომ აი გაღმა ჭალაში გავიდე, გამხმარი ჩირგვები, ძეძვები მივჩეხ-მოვჩეხო და სული როგორმე მოვიბრუნო, – ტუტუნებს საწყალი თინა, – მაგრამ ეს წყეული გულის კანკალი მკლავს, მუხლებს მიდუნებს, კლავები სულ ძირსა მცვივა; ბევრჯერ ისე შემიხუთავს გულს, ისე წამიჭერს ყელში, რომ, აჰა, გავთავდი დედაკაცი და ეს არის! ამ მწუხარებამ ხომ სულ ერთიან ძალა გამომაცალა: “ოხ, წყეული იყავ და შეჩვენებული, ჩემო რძალო, რომ უნამუსობამ წაგძლია, გათხოვდი და ეს უსუსური ბავშვები მე, უსუსურს და ცოცხალ-მკვდარ დედაკაცს მომიყარე!”
– ბები, პური, ერთი ბეწო პური! – გაიძახოდნენ დამშეული ბავშვები.
– რა ვქნა, რომელ წყალში გადავვარდე? – უნუგეშოდ გადმოყარა ცრემლები თინამ და თან დაუმატა: – ერთი ბატონიანთამდინაც ვეღარ ავედი, რომ ხელი გამენძრია, გამეკეთებინა რამე. დღეს ბატონის დღეობაა, მრავალ სტუმრებს თურმე მოელიან. ერთ-ორ გროშს მაინც ვიშოვიდი, ორიოდე ღერ შეშას მაინც გამოვთხოვდი! მაგრამ იმ მაღლობზე როგორ ავიდე, როგორ ავატანო ამ გულის კანკალის გადამკიდე.
– ბები, პური, ერთი ბეწო პური! – საცოდავად იღმიჭებოდნენ ბავშვები.
– ოჰ, ღმერთო, შენ მიიბარე ჩემი ცოდვილი სული და ამ საცოდაობას მომარჩინე! – ისეთი სასოებით და სასოწარკვეთილებით შეჰვედრა თინამ მაცხოვარს, რომ ბავშვებმაც კი იგრძნეს იმ ვაების ძლიერება და ტირილს უფრო მოუმატეს: “რათა, ბები, რათა? ჩვენ რაღა გვეშველება, ჩვენ ვიღა გვაჭმევს ლუკმას!..”
უცებ დუდუკის ხმა მოისმა შორი-ახლო მდგომ ბატონის სახლიდგან და მისმა მხიარულმა, ეშხით სავსე წკრიალმა ქაჯის ხარხარივით გაირბინა ამ უბედურთა სადგურში და თითქო მწარის დაცინვით ხმა მისცა მის დამშეულ მცხოვრებთა ტირილს.
თინას ამ ხმაზე თითქო რაღაც გაახსენდა, იმის ათასად დაღარულ, გაყვითლებულ პირისახეზე ღიმილმა გადაირბინა; მის ნუგეშდაკარგულ გულში რაღაც იმედმა გაახილა თვალი და წამს წინათ დავრდომილი და მკვნესავი ფეხზე ააყენა.
თინამ პირი დაიბანა, თავზე სუფთა, ათასის საკერებლით დაკონკილი თეთრი ჯალაშის ლეჩაქი მოიხვია, ფეხებზე სუფთა ღაზლის წინდები ჩაიცვა, ფოსტლების ნაგლეჯში ფეხები წაჰყო და დუდუკის ხმისაკენ გაეშურა.
ბატონიანთ სახლი კარგა მაღლობ სერზე იდგა და თინა თავისის გულის ავადმყოფობის მიზეზით დიდის ვაგლახით და გაჭირვებით მიაბიჯებდა, მაგრამ მის თვალ წინ მის გონებას ისეთი საოცნებო, ისეთი ფერად-ფერადი ზოლებით მოქარგული სურათი ეხატებოდა, რომ თავის გაქანებულ ქშენას, ყელში მობჯენილ სულს ყურს აღარ უგდებდა და მხოლოდ მოგონებით გამოწვეულ სიტკბოებაში იფლოდა.
მის სამოცი წლის მოწყალებით დაბინდულ თვალებში თითქო ცეცხლიც კი აინთო, მის მიწისფრად ქცეულ პირისახეს ალის ფერმა გადაჰკრა, უკბილობით ჩავარდნილი მოკუმული ტუჩები ოდნავ გაეღო და ზედ ნეტარების ღიმილი დაჰხაროდა: “ნეტა იმ დღეს! – გულის სიღრმიდგან ოხვრიდა საწყალი თინა, – სწორედ ორმოცი წელიწადია მას აქეთ, ისე მახსოვს, როგორც გუშინდელი დღე და ან როგორ უნდა დამვიწყებოდა! იმაზე უკეთესი რა უნახავს ჩემს თვალებს.
თუმცა ამ პატარა ბატონმა თავისი მამისეული სახლი გააახლა, გაადიდა, გაამშვენიერა, მაგრამ ისევ იმ ალაგას კი სდგას და ამაყად გადმოჰყურებს მთელ ჩართულას ხეობას. ცხონებული დიდი ბატონი მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მშვენიერ დიდი გვარიშვილის ქალზე იწერდა ჯვარს და დიდებული ქორწილი გადაიხადა. მაშინაც სწორედ ეს გიორგობის თვე იყო. თუმცა ასე არა ციოდა, მაგრამ გიორგობული სუსხი კი მაინც ტრიალებდა. თავადებს გარდა, შვიდი სოფლის გლეხკაცობა ჰყავდა მოწვეული, მე სულ წლის მოყვანილი პატარძალი ვიყავ. მწვანე ფარჩის კაბა მეცვა, ალისფერი სარტყელ-გულისპირით, ფეხებზე ალისფერი ახალციხური წუღები. ჰაი, დედასა, მე კი არ ვიყავ აბა ყმაწვილი ქალი! მთელ ქორწილის ხალხში ისე ვირჩეოდი, როგორც ობოლი მარგალიტი. “აი დაილოცა შენი მშობელ-გამზრდელიო”, მომესმოდა აქეთ-იქიდგან და ძოწისავით ვწითლდებოდი…
– აბა პატარძალს პატარძლების ლეკური უჩვენეთო! – ბრძანა დიდმა ქალბატონმა და ჩვენც იმ დარბაზში შეგვიყვანეს, რომელშიაც ნეფე-დედოფალი ბრძანდებოდნენ. მე თავჩაღუნული, მორცხვად სხვებს ვეფარებოდი და სხვა სოფლის პატარძლები კიდევ ერთმანეთს. უკან დედამთილები და უფროსები გვიდგნენ. გაისმა დაირა და დიპლიპიტო და თითო-თითოდ გამოვედით პატარძლები სათამაშოდ.
როცა ჩემი ჯერი მოდგა, მუხლები ამიკანკალდა, გული ამითამაშდა, სახეზე ცეცხლი წამეკიდა, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა, გამოველ, აქეთ-იქით დაბლად თავი დავუკარ და მკლავები გავშალე, გავშალე და დავტრიალდი. აქეთ-იქიდგან ვაშა, ვაშას ძახილი მოისმა, დამკვრელებმა საკრავების დაკვრას მოუმატეს, ტაში გაძლიერდა… შემდეგ რას ჩავდიოდი, აღარ მახსოვს, გონს მხოლოდ მაშინ მოველ, როდესაც დედამთილმა ჩამომძახა: “აკრიფე ე შაბაშის ფული და ბატონებს მადლი გადუხადეო”. ჩემს წინ ექვსი თუ შვიდი ჯვრიანი ვერცხლის მანეთიანი პრიალებდა და ქართული ორაბაზიანები ხომ რამდენიმე…” ამ ალაგას შესწყდა თინას ბრწყინვალე მოგონება და დროც იყო, ის ბატონიანთ კარებზე იდგა და ქაქანით იხრჩობოდა. “ღმერთო, ეს რა მემართება, ეს რა უცნაურად, რა მძლავრად ადის და ჩადის გულის ფიცარი! სულიც მეხუთება, ორთავ მკლავები მწყდება, გული მისკდება ტკივილით, ძარღვებში თითქო სისხლი მეყინება! ნუთუ ჩემი აღსასრულის დღე დადგა?.. ბავშვები, ბავშვებს რაღა ეშველებათ?”
გალურჯებული, თვალებჩასისხლიანებული თინა კიბეზე იჯდა. თავისს ბერკეტზე დაბჯენილი, სიკვდილის მოახლოვებას ჰგრძნობდა, და, როგორც ყოველი მომაკვდავი, შიშით ძრწოდა. გარშემო ადამიანის ჭაჭანება არსად მოსჩანდა, ყველა სულდგმული სახლში იყო და იქ გამეფებულ ლხინს შეჰყურებდა და შეჰხაროდა.
დიდხანს იყო თინა სიკვდილისა და სიცოცხლის შუა. შემდეგ გული ნელ-ნელა დაუწყნარდა, სისხლმა ჩვეულებრივ უწყო მოძრაობა, სუნთქვა გაუადვილდა, მკლავების ტკივილი დაეშვა, სიკვდილის შიშმა გადაუარა და ის წყნარად შევიდა სახლში და მოსამსახურეთა ჯგუფში შეერია.
II
დიდი ლხინია, დიდი! ჩვენებური, ძველებური, უზომო და განიერი.
პურადი, უხვი მასპინძელი მზესავით გაბრწყინვალებულის სახით თავს დასტრიალებს თავის აუარებელს სტუმრებს და ყველას ერთად და თითოეულს განსაკუთრებით ტკბილის სიტყვით, მიმზიდველის ღიმილით იწვევს, ახალისებს სალხინოდ და სალაღობოდ. ორას-სამას კაცამდე წვეულნი უმაღლეს მხიარულების წერტილამდის არიან მისულნი.
ალაგ-ალაგ ხმაშეწყობილი, ტკბილი ღიღინი მოისმის, ალაგ-ალაგ ლოთური “ჰარი-ჰარალი! ” შორს, დარბაზის კუთხეში, დუდუკი შიქასტას ღუღუნებს, საზანდარი “რაჰაბს” მღერის.
ქალნი ნაზობენ, კეკლუცობენ, თვალთაგან ცეცხლებს აფრქვევენ. ვაჟკაცნი შეზარხოშებულნი მათ თვალთ გიშრისა ტბაში სიამოვნებით ჰბანაობენ, ტოლუმბაში, ღირსეული მეთაური ღირსეულის კრებულისა, ღირსეულად ასრულებს თავისს მაღალ დანიშნულებას და ისეთის მჭერმეტყველებით და გატაცებით წარმოსთქვამს სადღეგრძელოებს, რომ სუყველანი ერთმხრივ, დაუყოვნებლივ, ასრულებენ მის ბრძანებას და სიამოვნებით სცლიან ლალისფერ ღვინით ავსილს ჭიქა-სტაქანს.
ლხინი იქამდის მივიდა, როდესაც კაცის ბუნება ვეღარ იტანს ერთ ალაგას ჯდომას და უფრო მძლავრს მოძრაობას, უფრო მძლავრ გამოხატულებას, მხიარულებას ებრძვის.
– აბა, ოსეფავ, ლეკური! – დაიღრიალა ვიღაცამ და მონასტერი აირია. ხალხი აიშალ-დაიშალა, სტოლები მისწი-მოსწიეს, ძვირფასად მოწყობილი სუფრა მგლების ნასუფრალივით გაიღეღ-გამოიღეღა. შეიქნა მისვლა-მოსვლა, სიცილ-კისკისი, ხარხარი. ლეკურმა უცბად შესცვალა დუდუკის წყნარი შიქასტა.
საჩქაროდ გაკეთებულ წრეში გამოჩნდა მშვენიერი ახალგაზრდა, ალვის ხის მსგავსი ტანადი; მან არწივივით გაშალა თავისი მძლავრი მკლავები, კისერი კეკლუცად მიმოხარა და ნელ-ნელა რხევით, ფრთებისმაგვარად მკლავების ქნევით ჩოხის კალთების შრიალ-ფრიალით ლეკური ჩამოუარა; ის აქეთ-იქით ავლებდა თავის მშვენიერ შავ ბრიალა თვალებს და თითქო ვიღაცას ეძებდა მრავალთა მშვენიერთა შორის ლეკურში გამოსაწვევად.
დარბაზის გაღებულ კარებში მრავალი მოსამსახურენი იდგნენ და პირდაღებულნი უცქეროდნენ ბატონების ლხინს და ნადიმს; ამათში ორიოდე გლეხკაცის ჭუჭყიანი მაზარაც მოსჩანდა და მათ შორის დედაკაცებიც მორცხვად გამოიყურებოდნენ. უცებ ამ კარებიდან წამოვიდა ბებერი თინათინა, ოთახის კუთხეში მიაყუდა თავისი ბერკეტი, იქვე ფლოსტები წაიძრო და მარტო წინდების ამარა ყმაწვილ მოთამაშეს გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს, დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო, სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებული იდგა და არ იცოდა, რა ექნა, გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი და აღტაცებული ყიჟინი.
თინა კი ამასობაში, ხელებგაშლილი, თავაღებული, ტუჩებმოკუმული, სერიოზულათ, ციბრუტივით ტრიალებდა, ძველებურად ბუქნით უვლიდა დავლურს. თავმომწონე ვაჟკაცი არ შეკრთა, არ იუკადრისა დაგლეჯილ, ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში და საერთო სიცილ-ხარხარით გახელებულმა დაჰკიჟინა და დაჰკიჟინა თავის მშვენიერ დამას, განივრად გაშლილი მკლავები თავზე გადააწყო და მოღიმარი თვალები, ვითომ არშიყობით, დამჭკნარ, მკვდრისფრად ქცეულ სახეზე დააშტერა. სიცილ-ხარხარმა სიგიჟემდის მიაღწია.
ქალებს მეტი სიცილით თვალებიდგან ცრემლები სდიოდათ, კაცების ტაშისკვრით და ვაშას ძახილით სახლი ზანზარებდა. მოსამსახურეები შეუნიშნავად ბატონებში აირივნენ და მათთან ერთად ჟივილ-ხიოდნენ.
დედაბერი უცებ შესდგა, თვალები გადაატრიალა, ჰაერში დაწყვეტილივით მკლავები გადაიქნია, ერთი მძლავრად ამოიფშვინა და იატაკზე დაეცა.
საკრავის ხმა შეწყდა. მოკიჟინე ქალ-ვაჟთ ულმობელი სურათის წინ ბაგე შეეკრათ. მხიარული სახლის პატრონი მთლად დაიბნა.
წამის წინათ ცამდის აწვდილი ბედნიერთა მხიარულება უკიდურეს მდუმარებით შეიცვალა.
იატაკზე გაშეშებული ეგდო სათამაშოდ ხელებგაშლილი, თვალებდაჭყეტილი, საოცარის ტანჯვით ჯვარცმული თინათინა და თავის საზარელის შეხედულებით იქ მყოფთა გულში რაღაც სინდისის ქენჯნას იწვევდა.
არც ერთი მოძრაობა, არც ერთი ხმა არ არღვევდა იმ საშინელ სურათს, რომელსაც სიკვდილი და მხოლოდ სიკვდილი წარმოუდგენს ხოლმე ცოცხლებს და გაახსენებს სოფლის ამაოებას.
– ბები, ბები! მართლა მოკვდი?! პურს ვინღა გვაჭმევს! – გაისმა ამ საოცარ სიჩუმეში და ბებიის მოლოდინით გაბეზრებული ორი მშიერი ტიტლიკანა, სიცივისაგან გალურჯებული ბალღი შემოვარდა ოთახში და ღრიალით დაეკონა გაციებულ გვამს. სურათი შემზარავი იყო; აქამომდე გამეფებული მდუმარება დაარღვია საერთო ტირილმა და წამს წინათ ხარხარით მოღალული საზოგადოება ეხლა გულწრფელად ღვრიდა მდუღარებას.
– მოწყალება ობლებს! – ვიღაცამ წამოაყრანტალა.
გულგალმობიერებულმა საზოგადოებამ ხელი იკრა ჯიბეს და უხვად გასცა მოწყალება.
თინას ლოცვა ასრულდა. იმან სამუდამოდ განისვენა და მისმა უკანასკნელმა “შაბაშმა” მის ობლებს ლუკმა გაუჩინა.