ეკატერინე გაბაშვილი – უსინათლო ლექსო
ლექსო ხუთი წლის იყო, როდესაც ყვავილი დაერია ბერიკიანთ დიდ ოჯახს. ექვსი კვირის განმავლობაში დიდი თუ პატარა სულ ჭერეხებივით ელაგენ ლოგინში. რასაკვირველია, ლექსოც არ გადურჩა ამ საშინელ სენს, რადგანაც ისიც, როგორც მთელი ოჯახი, ყვავილს აუცრელი იყო. ავადმყოფობის პირველსავე დღეს ისეთი საშინელი სიცხე მისცა ლექსოს, რომ გონება დაეკარგა და მოჰყვა ბოდვას; სახეზე შავი ალმური ასდიოდა და ხელებს აქეთ-იქით აწყვეტდა.
იმისი დედა მელანო გაშრა მწუხარებისაგან, მაგრამ რას გააწყობდა, კალთაზე გადიწვინა თავისი ერთადერთი ბიჭუნა და თვალებში ჩაჰყურებდა დღე და ღამე. ავადმყოფი არცა სჭამდა, არცა სვამდა და მხოლოდ გულსაკლავად გმინავდა.
მარტის ნახევარი იყო, _ ქარი, წვიმა, თოვლი სულ ერთმანეთში ირეოდა და კორიანტელს ადენდა დედამიწას. ბერიკიანთ ფარღალალა ხის დარბაზში მარტის გიჟი ქარი თავისუფლად ნავარ¬დობდა და ყვავილით ავადმყოფებს სენს უფრო უძნელებდა. ერთ კვირაში ხუთი ბავშვი დაასაფლავეს ამათ ოჯახიდან; მელო თრთო¬და შიშით და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გულში იკრავდა ლექსოს, რომ ესეც არ წაერთმია ყმაწვილების მუხთალს მტერს, ყვავილს.
ლექსო მთლად დასივდა, ტიკჭორასავით გაიბერა და სულთმაბრძოლი შეიქნა. მელანო თითქმის ნუგეშდაკარგული იყო ლექსოს გამობრუნებაზე, მაგრამ მექვსე დღეს ბავშვს ყვავილი დააყარა; დააყარა და რა დააყარა; ნემსის კუნწი აღარ დაეტეოდა იარებშუა. ყელი, ენა, თვალები რა არის, თვალებიც კი გამოეტენა ყვავილის წყლულებით.
მელომ იავნანას მოუხშირა და იმის იავნანა უფრო მოთქმას მიაგავდა, ვიდრე სიმღერას, _ თვალებიდან შეუწყვეტელი მდუღარება სდიოდა დედას და შვილის უგრძნობელ სახეზე სცვიოდა.
მეთოთხმეტე დღეს ლექსო გამობრუნდა; სიცხე გამოელია და შიმშილი იგრძნო.
მელო სიხარულისაგან მთლად აკანკალდა და საჩქაროდ ჯამით რძე მოურბენინა. ლექსომ ჯამი ვერ დაინახა, ხელების პოტინი დაიწყო და სუსტი ხმით წამოიკნავლა: _ დედა, სანთელი აანთე, ბნელა, _ და თან ცდილობდა თვალები გაეხილა, მაგრამ ტყუილად _ იმის ქუთუთოები ერთმანეთზე შეწებებულიყო, იარას შიგნიდან ემუშავნა და თვალის სინათლე მოესპო პატარა ბიჭისათვის.
_ შვილო, ვერა ხედავ? ვაი შენს მშობელს! _ საშინლად შეჰკივლა საწყალმა მელომ და ჯამი ხელიდან გავარდა.
II
გაზაფხული დადგა. მზემ თავისი სხივების სითბოთი ააყვავა არე-მარე. ტყე ფოთლით შეიმოსა, მინდორში ჯეჯილები ბიბინებდა და ზღვასავით მწვანედ ღელავდა. გუთნისდედის ოროველა და ფრინველთა ჭიკჭიკი ერთმანეთს ბანს აძლევდა. წყლის რუები, ღელეები, ზამთრისაგან გაყინული და შემდგარი, გალხვნენ, წყლით აივსნენ და სიხარულით მირბოდნენ. ისე მიეჩქარობდნენ, თითქოს, დიდი ხნის შეჩერების შემდეგ, უნდათ ბინას მალე მიაღწიონო.
სოფლის ხალხი გამომზევდა გარეთ, დათბა, მუშაობა დაიწყო, მხოლოდ საცოდავი, ორთავ თვალით დაბრმავებული ლექსო ვეღარ ეღირსა გაბრწყინებული ბუნების ნახვას. ხელმოკიდებული გა¬მოიყვანდა ხოლმე დედა ლექსოს დერეფანში და ცრემლით სავსე თვალებით ეტყოდა: ‘‘აქ იჯექ, შვილო, უჩემოდ არ ადგე, თორემ წაიქცევი და იტკენ რასმე’‘.
ლექსო იჯდა უძრავად და მხოლოდ თავის ყურმახვილობას ატანდა ძალას; მალე მიეჩვია იმისი სმენა ყოველგვარ ხმაურობის გარჩევას. არ გამოეპარებოდა არც ჭრიჭინას ჩირიკი, არც ბეღურას ჭიკჭიკი, არც ფოთლების შრიალი, არც დუდუნა პატარა რუისა, რომელიც მათ კარებზე ჩამოწკრიალებდა და მხიარულად მიეშურებოდა თავის გზისაკენ.
მაგრამ ლექსო დიდხანს არ დაემორჩილა დედის დარიგებას და ცოტ-ცოტად დაიწყო სახლის გარშემო ბოტიალი; ბოსტანი, სათუთუნე, კალო-საბძელი მალე იპოვა და იქ ჯერ დიდი სიფრთხილითა და შემდეგ სრულიად თავისუფლად დაიწყო სეირნობა. შემდეგ სოფელთან ახლო მდებარე ტყეშიაც გადავიდა; იქ ლექსო გულაღმა გაწვებოდა ხოლმე მწვანეზე და მთელი საათობით ისმენდა მაღალი ხეების წვეროების რხევას, ფოთლის შრიალს და ათასგვარ საიდუმლო ხმებს ტყისას.
დათავთავებულ ყანებში გორვაც ძალიან უყვარდა ლექსოს და არც ყვავილებით მორთულ ველს აუვლიდა ისე, რომ კარგა ხნით შიგ არ ჩამჯდარიყო და თითის წვერებით არ ეძებნა ბალახებ შუა სურნელოვანი ია და ღრინჭოლას ტკბილი ღერო.
III
ათი წლის იყო ლექსო, რომ იმისი დედა, მელანო, გარდა¬იცვალა. დარჩა უბედური ბრმა უპატრონოდ და ობლად, მოაკლდა სამუდამოდ ტკბილი სიტყვის მთქმელი და მოალერსე მშობელი. იმისი ბიძის ცოლები საოჯახო საქმეებს და თავის ქმარ-შვილსაც ძლივს უძღვებოდნენ და პატარა ობოლი იყო ღვთის ამარად; არც არავინ დამბანი და არც არავინ დამკერებელი და დამრეცხი ჰყავდა.
ლექსოს ისედაც ძლიერ უყვარდა მარტოდმარტო სიარული და დედის სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელ დღეებს ატარებდა ტყე და ველში და შინ მხოლოდ პურის საჭმელად თუ შემოვიდოდა. მისი უსაქმურობა ოჯახს, რასაკვირველია, თვალში ეჩხირებოდა, მაგრამ ხმამაღლივ კი საყვედურს ვერავინ ეუბნებოდა. უფროსი ბიძა, გოგია, ყოველთვის მისი მოსარჩლე იყო და ‘‘ღვთის შვილის’‘* წყენას არავის დაუთმობდა.
_ ღვთის შვილია, ღვთის შვილი, ჩემი ლექსო, ხელი არავინ ახლოთ! _ სასტიკად ეტყოდა ხოლმე თავისი ბოხი ხმით დედაკაცებს გოგია და თავზე ხელს დაუსვამდა ორთავ თვალით უსინათლო ობოლს.
ერთ შემოდგომის დღეს სოფელ წაბლოვანში სავაჭრო მოიტანა ქალაქელმა ვაჭარმა, დარჩომ, და ბერიკიანთსა ჩამოხტა. საღამოზე, როდესაც სტუმარი და მასპინძელი კერის გარშემო ვახშამს შემოუსხდნენ, ვაჭარმა კუნჭულში შენიშნა პატარა ბრმა და იმისი ვინაობა იკითხა.
_ ეგ პატარა ჩემი ძმისწულია, ორთავ თვალით ბრმაა და ობოლი, უბედური, _ ამოოხვრით მიუგო გოგიამ ვაჭარს.
ვახშამს შემდეგ ვაჭარმა გოგია კარზე გაიხმო და უთხრა: _ მაგოდენა ბიჭი აგრე ტყუილუბრალოდ რას გიგდიათ სახლში? ჭამის მეტს რას გიკეთებთ? მოდი, მე მომეცით მოჯამაგირედ, ტყუილი მჭამელიც მოგაკლდებათ და ცოტაოდენ ფულსაც ჩაგიჩხრიალებთ ჯიბეში.
_ ორთავ თვალით ბრმამ რა მოჯამაგირეობა უნდა გაგიწიოს?
_ მაგისი მე ვიცი, _ ეშმაკურად გაიღიმა ვაჭარმა. —მე სიყმაწვილეში საზანდარი ვიყავი. კარგი სიმღერა და ჩონგური ვიცი. ერთ თვეში ისეთი სიმღერა და თარი ვასწავლო მაგ უსინათლოს, რომ ვინც გაიგონებს, თქვას, გიცხონდა ოსტატი-მასწავლებელიო.
_ მერე თარი და ჩონგური მოჯამაგირეს რაში უნდა გამოაყენებინო? _ ყეყეჩივით ეკითხებოდა გოგია დარჩუას.
_ რაში უნდა გამოიყენოს? მაგას მერე შეიტყობ. ახლა მოდი ხელი ხელს დაჰკარი და შენი ძმისწული მე მომე. პირველ წელიწადს ხუთი მანეთი მოგცე, მეორეს _ თუმანი, მერე _ ორი თუმანი. ამასთან, ისე ჩავაცვა, ისე, რომ შენი მოწონებული. სულ წაღით და ჩექმებით ვატარო. ჰო, კიდევ პირობაც მოგცე, რომ გამოჩენილ ექიმს ვაჩვენო და თვალებიც ავახელინო.
_ მართლა!? ოო, თუ მაგ საქმეს გვიზამ, ღმერთიც დაგიმადლებს და კაციცა. რას ამბობ, ადამიანო, თუ მაგ სიკეთეს დაგვავალებ, ჯამაგირი კი არა, ყმად გაგიხდი მაგ ერთ ბიჭსა და ის არი.
_ მაშ, მაშ! ნამდვილად თვალებს ავახელინებ.
ასე, ამრიგად გოგია დაჰყვა ვაჭარს და ლექსოს ბედი სამუდამოდ გადაწყვიტა.
IV
ჩუღურეთის ბოლოში, იქ, სადაც ქალაქის ეს ნაწილი თავდება და იწყება ავლაბარი, ნახევარზე დანგრეულ ალიზის სახლში ცხოვ¬რობს ვაჭარი დარჩო მარტირუზიანი. დარჩო სხვადასხვა ვაჭრობას ეკიდება, მაგრამ როგორღაც ბედი ხელს არ უმართავს და იმისი საქმეები ძლიერ უგვაროდ მიდის. ბრმა ლექსოს დანახვაზე წაბლოვანში, დარჩოს თავში ერთმა ფიქრმა გაუელვა და კიდეც შეუდგა იმის ასრულებას. ამან მოიფიქრა: ოთხ-ხუთ ბრმა ბიჭს შევაგროვებ, ვასწავლი სიმღერასა და ჩონგურსა და გავგზავნი ქალაქის სხვადასხვა უბნებში საგლახაოდ… და თავისი ახალი ხელობა ლექსოთი დაიწყო.
V
საწყალი სოფლელი ბიჭი, თავისუფლად აღზრდილი ბუნების უმანკო მკერდზე, ძნელად ემორჩილებოდა დარჩუას განზრახვას; ამას არც სიმღერა უნდოდა და არც ჩონგური, მაგრამ ძალა აღმართსა ხნავსო, რომ იტყვიან, ისე მოუვიდა უბედურ ლექსოს. პირველ გაკერპებაზე მისჯოხეს, მეორეზე _ მთელი დღე მშიერი დატოვეს მესამეზე _ კიდევ გასჯოხეს, კიდევ მშიერი დასტოვეს და ისიც მოტყდა, დაემორჩილა ბედისწერას.
დილით, ექვს საათიდან რვამდის, მთელს უბანში გაისმოდა დარჩოს ბოხი, დაჟღლილი ხმა და ლექსოც, ცრემლით სავსე თვალებით, იმეორებდა ოსტატის ნათქვამ კილოს. რვიდან კი ლექსო და დარჩუას უმცროსი შვილი გიქუა გაუდგებოდნენ ხოლმე ქალაქის დიდ ქუჩებს და დღეში ორმოც კარს მაინც მოივლიდნენ თავიანთი ჩონგურით.
შევიდოდნენ თუ არა გიქო და ლექსო რომელსამე ეზოში, ჯერ იმას შეიტყობდნენ, იქ რა ხალხი ცხოვრობდა, და მერე იმ ენაზე მომართავდა ლექსო თავის ჩანგსა. სასაცილო იყო, რომ სატირელი არ ყოფილიყო, ლექსოს უცნაური რუსული და უფრო სასაცილო _ დამახინჯბული სომხური სიმღერა.
თავდახრილი, გაყვითლებული და შემკრთალი ლექსო ააკანკალებდა, როგორც თავისი ჩონგურის სიმებს, ისე თავის უთავბოლო და გაუგებარ ბაიათებს, და ყოველთვის ცდილობდა მალე შეეწყვიტა თავისი ნაძალადევი სიმღერა; მაგრამ გიქო გვერდში წაჰკრავდა მუჯლუგუნს და ისიც ჭყაოდა, ჭყაოდა იქამდე, მანამ სახლის პატრონი არ შეიბრალებდა უბედურ მომღერალს და არ გადმო¬უყრიდა გროშებს.
ასე დაწანწალებდნენ საღამომდის ეს საცოდავი ბავშვები და მხოლოდ ორ-სამ კაპეიკს თუ დახარჯავდნენ და გაბედავდნენ რითიმე დანაყრებას. საღამოზე დარჩო გულმოდგინედ გადასთვლიდა ხოლმე ლექსოს შეგროვილ გროშებს და, რაც უნდა კარგი დახლი დამდგარიყო, მაინც უსაყვედურებდა ბავშვებს, ფულის გაფლანგვას და ქურდობას დასწამებდა.
VI
ლექსო დიდხანს იყო სოფელში თავისუფლად და ისეთნაირად უყვარდა მინდვრის სიო, ტყის მყუდროება, წყაროს ანკარა, გემრიელი წყალი და გუთნისდედის სევდიანი სიმღერა, თავისი სოფლის გაშლილი არე-მარე, რომ ქალაქში გადმოსახლებამ ზნეობით მთლად დააძაბუნა. საშინელი იყო იმისი მდგომარეობა უფრო მით, რომ ლექსოს დაახლოებითაც ვერ წარმოედგინა, თუ სად იყო, რა ერტყა გარშემო და რარიგ ხალხში ტრიალებდა.
ქალაქის მუდმივი მოძრაობა და გმინვა აშინებდა, უგულო და მუდამ მტუქსავი სახლის პატრონები თავზარს სცემდნენ; მუდმივი, შეუწყვეტელი სიმღერა და კარი-კარ წანწალი სრულიად ძალას ართმევდა იმის, ჯაფის შეუჩვეველ, სხეულს. შემოდგომა და ზამთარი, როგორც იყო, საცოდაობით გააჩანჩალა ლექსომ და ზაფხულში კი სრულიად მოსწყდა. მის ზნეობრივ ტანჯვასა და წუხილს თავისი სოფლისათვის, დაემატა ტფილისის საშინელი სიცხე, სულის შემხუთველი ჰაერი, დუბელა, ნადგომი წყალი და თიბათვეში, ორმოცის კი არა, ორი კარის მოვლაც აღარ შეეძლო.
თუმცა დარჩო ბევრს ცემდა, გიქო ბევრს უყვიროდა და სიარულის დროს წინ ეწეოდა, მაგრამ მოძრაობა ლექსოსთვის შეუძლებელი შეიქნა და, როგორც ძირში მოჭრილი ხე, ისე დაეცა.
ლექსოს არც სიცხე ჰქონდა, არც ახველებდა, არც მუცელსა და თავს იტკივებდა, მაგრამ მთლად კი დადნა: მაგარ, მხარბეჭგაშლილ სოფლელი ბიჭის მაგივრად მუმიად იქცა; ეგდო დარჩუას სარდაფში, ერთს ნოტიო კუნჭულში, პატარა ხალიჩის ნაგლეჯზე, ლოგინის მაგივრად, და დღითი დღე უახლოვდებოდა სამარეს.
VII
დარჩომ რომ ნახა ლექსოს ამგვარი უიმედო მდგომარეობა, შეშინდა _ იცოდა, გოგია არ აპატიებდა ამ დანაშაულს და საჩქაროდ დაიბარა ქალაქში.
თუმცა სოფლად გაცხარებული მუშაობა იყო, ჭირნახული მთლად შემოსატანი და გასალეწი ჰქონდა გოგიას, მაგრამ ყველას თავი დაანება და საჩქაროდ გამოეშურა თბილისისაკენ.
გოგიას სინდისი ძლიერ სტანჯავდა, რომ თავისი ‘‘ღვთის შვილი’‘ ვიღაცა მაწანწალა ვაჭარს ანდო და გზაში ფიქრობდა, რომ ლექსოს ცოცხალს მივუსწროო. _ ვაიმე, შვილო, თუ მშიერმა, მწყურვალმა და ხელმეორედ დაობლებულმა უცხო სახლში ვერ გასძლე და დამიჭლექდი!
ლექსომ იმ ღამეს, რა ღამესაც ბიძა უნდა ჩამოსვლოდა, საამური სიზმარი ნახა: ვითომ იმისი დედა მელანო კევრზე მოკეცილი იჯდა, კალთაში თავის ლექსოს თავი ედო და ტკბილი ხმით იავნა¬ნას ეუბნებოდა. ხარები ოდნავ მიათრევდნენ კევრს და საღამოს ნიავი სასიამოვნოდ უწეწდა ლექსოს ქოჩორს და უგრილებდა ოფლიან მხარ-ბეჭს. გოგიამ დაინახა რძლის ამგვარი ცუღლუტობა და თავისი ბოხის ხმით დაუშტიალა: მელანია, მელანია! ხარები გარეკე, კევრზე კი ნუ დაგეძინება, ხომ ხედავ, მზემ რა რიგად გადაიწიაო!
ლექსომ ამ სიტყვებზე გამოიღვიძა, წამოხტომა მოინდომა, მაგრამ სისუსტისაგან დაბარბაცდა და ძირს დაეცემოდა, რომ, ის იყო, რკინიგზიდან მოსულ გოგიას არ შეემაგრებინა.
_ რა იყო, შვილო, რისა შეგეშინდა? _ ტკბილი ალერსით უთხრა ბიძიამ ლექსოს და მხურვალედ გულში ჩაიკრა.
_ ბიძია, ბიძია, შენა? მოხველ?.. _ და ლექსო უღონოდ გოგიას გულზე დაეშვა.
_ ნუ გეშინია, ჩემო ბიჭუნავ, ყოჩაღად იყავ, ღონე მოიკრიბე და ხვალვე ჩვენ ლამაზ წაბლოვანში წაგიყვან.