ლიტერატურაპოეზია

ჰომეროსი – ქება მეთხუთმეტე. განდევნა ხომალდებიდან

გადაირბინეს სანგარი და განვლეს ძელყორე,
ბევრიც დაკარგეს განგმირული დანაელთ მიერ
და მაშინ შედგნენ თვის ეტლებთან შიშით ფერმკრთალნი
და მთრთოლვარენი. ამ დროს ადგა იდაზე ზევსი,
5 ოქროსტახტიან ქალღმერთ ჰერას ნაალერსევი.
უმალ შენიშნა ტროელნი და აქაველთ სპანი:
რიგებ არეულ ლტოლვილ ტროელთ ხარბად მისდევდნენ
არგიველები, მათთან იყო პოსეიდონიც.
ჰექტორიც ნახა ძირს განრთხმული, მასთან მწუხარედ
10 მსხდომი მოყმეც. გრძნობამიხდილს სუნთქა უჭირდა,
სისხლი მოსჩქეფდა, გაეგმირა მამაც აქაველს.
ყრმა შეეწყალა ღვთაებათა და კაცთა მამას,
ჰერას მრისხანედ მიუბრუდან და ასე უთხრა:
”შენი ხრიკია, ბოროტმქმედო, მარად ცბიერო,
15 გმირი ჰექტორის და მებრძოლი ხალხის დათრგუნვა!
ჯერ არც კი ვიცი, რას მოიმკი ამ ვერაგობით,
მაგრამ ცხადია, ელვის მათრახს ვერღარ ასცდები!
ნუთუ არ გახსოვს, ვით ეკიდე ზეცად? ფეხებზე
ორი ბორკილი გედო, ხელზე – გაუწყვეტელი
20 ოქროს ხუნდები. ეთერსა და ღრუბელთა შორის
ცად ქანაობდი. ოლიმპოზე წუხდნენ ღმერთები,
სცადეს და ვერვინ შეგეწია. ვისაც კი მივწვდი,
ზეცის ზღურბლიდან გადმოვუშვი ფრიალ-ფრიალით.
ძლივს დაჰყვათ სული. მაგრამ ამით როდი დამცხრალა
25 რისხვა ღვთაებრივ ძის – ჰერაკლეს ტანჯვათა გამო.
შენ დაადევნე ბორეასი და ქარიშხალი,
უდაბურ ზღვაზე უმზადებდი უბედურებას,
ხალხმრავალ კოოსს გადახვეწე, უცხო მხარეში.
მე დავაბრუნე სამშობლოში – ცხენმრავალ არგოსს
30 მოყმე, რომელსაც დიდი ჯაფა გდახდომია.
კარგად გახსოვდეს, მოერიდე ვერაგულ ფანდებს,
არ გმართებს ღვარძლი შეაზავო ტრფობის ალერსით,
ღმერთთაგან ჩუმად რომ მაგემე მოსახიბლავად!”

თავზარი დასცა ქალღმერთ ჰერას ზევსის ნათქვამმა
35 და მეყსეულად მიაგება ფრთიანი სიტყვა:
”მოწმედ მეყავით, დედამიწავ, ცავ უნაპიროვ,
სტიქსის ნაკადნო – საშინელნო დასაფიცარნო,
ზარის მომგვრელნო თვითონ ნეტარ ღვთაებათათვის!
შენი თავის მზემ, ზევსო, ჩვენი სასიყვარულო
40 სარეცელის მზემ, – მას ხომ ლიქნით არ შემოგფიცავ, –
პოსეიდონი მიწისმძვრელი ჩემ გამო ტროელთ
როდი ვნებს, ჰექტორს როდი სდევნის და იცავს მის მტერს!
თვითონ სწადია საკუთარი გულის კარნახით.
თვით შეებრალა აქაველნი, გემს მიჭეჭყილნი.
45 განა არა თუ? მეც ვურჩევდი, მაგრამ ყოველთვის
შენი გზით დადის, შენი ნებით, შავღრუბლიანო!”

ასე თქვა ჰერამ. ღვთაებათა და კაცთა მამას
ჩაეცინა და მიაგება ფრთიანი სიტყვა:
”ამიერინდა, დედოფალო ხარისთვალებავ,
50 უკვდავთა დასში ერთი აზრით თუ შევთანხმდებით,
პოსეიდონიც, რაც არ უნდა სხვასა ფიქრობდეს,
მყის აზრს შეიცვლის, მიენდობა ჩემსა და შენს გულს,
ახლა, მას შემდეგ, რაც გულწრფელად ფიქრი გამანდე,
გასწი ღმერთების საფიხვნოზე, უბრძანე ირისს
55 იდაზე მოსვლა, აპოლონსაც – ვერცხლისმშვილდოსანს.
მაცნე ეწვიოს აქაველთა სპას რვალისკვართიანს
და პოსეიდონს მოახსენოს ჩემი ბრძანება:
ბრძოლას მოეშვას, დაუბრუნდეს მყუდრო სავანეს.
ისევ ჩააბას ფოიბოსმა ომში ჰექტორი,
60 სიმხნევე მისცეს და განკურნოს სატანჯველისგან,
გმირი სულს რომ ფლეთს. აქაველნი გარეკოს ისევ,
აღავსოს შიშით, გააქციოს შეძრწუნებულნი.
ამ სიჩქარეში ტროელები თავს დაესხმიან
პელიდის გემებს, აქილევსი ჩააბამს ბრძოლად
65 პატროკლეს.
მას კი ილიონთან მოუღბს ბოლოს
მძლავრი ჰექტორი, ბევრ მძლეთამძლე მოყმის მძლეველი.
მტერი ჩემს ძესც – გმირ სარპედონს მოკლავს.
მას შემდეგ
შურისმგებელი აქილევსი განგმირავს ჰექტორს.
მაშინვე გემებს განვაშორებ ტროელთ მხედრობას,
70 ვეღარაფერი შემაჩერებს! და აქაველნი
ათენას რჩევით აიღებენ ქალაქ ილიონს.
მანამ ჩემს რისხვას არ დავაცხრობ და არც სხვა ღმერთებს
მივცემ უფელბას, გაუწოდონ ხელი დანაელთ.
უნდა შესრულდეს აქილევსის ნება-სურვილი:
75 ასე დავპირდი, თავის დახრით თანხმობა მივეც
თეტისს, როდესაც მუხლმოყრილი მევედრებოდა –
კოშკთა მლეწველი აქილევსის სახელ-დიდებას”.
თქვა და მორჩილად დაჰყვა ნებას ქალღმერთი ჰერა.
იდას თხემიდან ოლიმპოსკენ მსწრაფლ გაეშურა.
80 როგორც სწრაფია კაცის აზრი, რომელსაც ძალუძს
მთელი ქვეყანა მოიაროს გონების ძალით:
”აქ ვიყავიო და იქაცო” – ბევრს მოიგონებს,
ისევე სწრაფად დედოფალმა გადაიფრინა,
ოლიმპოს მწვერვალს მიაღწია. მრავალი ღმერთი
85 იხილა ზევსის სასახლეში. შემოეგებნენ
და მიესალმა თვითეული თასით დედოფალს.
ჰერამ მიიღო ღვაწლამაზი თემიდასაგან
თასი, რადგან ის გამოიჭრა ყველაზე უწინ
შესაგებებლად და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
90 ”ო, ჰერა, რატომ მოხველ ასე შიშით შეძრული?
ჩანს, კრონოსის ძემ, შენმა ქმარმა დაგცა თავზარი!”
მას უპასუხა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ:
”რად მეკითხები, ო, თემიდავ? განა არ იცი,
რა სასტიკი და გულგოროზი ვინმე ბრძანდება?
95 სჯობს დასხდეთ ღმერთნი, სავანეში მეინახენი.
უკვდავთა შორის შენც მოისმენ, რა ცუდი საქმე
ზევსს განუზრახავს. გულით ვერვინ ვერ გაიხარებს
ამა საქმითა, ვერც მოკვდავი, ვერც ღვთაება,
რა ნეტარი და მხნეც არ იყოს მოაქჟამამდე!”

100 თქვა და დაბრძანდა დედოფალი. ყველა ღვთაება
შეშფოთდა. ქალღმერთს ბაგეზე აჩნდა ღიმილი,
შავ წარბებს ზემოთ კი შუბლს სხივი არ დაჰფენია.
ანაზდად ღმერთებს მიუბრუნდა განრისხებული:
”უგნურნო! ჩვენო ხომ ზევსის სამტროდ ჭკუა არ გვყოფნის!
105 ამაოდ ვცდილობთ მის მოდრეკას სიტყვით თუ ძალით.
იგი ამჟამად ცალკეა და ჩვენზე არც ფიქრობს,
აბუჩად გვიგდებს, მიაჩნია, რომ უკვდავთ შორის
შეუდარებლად სჭარბობს ყველას ძალაუფლებით.
რა გაეწყობა, რაც არ უნდა თავს დაგვატეხოს,
110 მოთმენ გვმართებს. არ დაინდო, ვგონებ, არესიც –
დღეს ბრძოლის ველზე სანუკვარი დაეცა მოყმე,
ასკალაფოსი, არესი რომ თავის ძედ თვლიდა”.

ეს რომ თქვა, მყისვე ძარღვიანი ხელი არესმა
მოქნილ ბარძაყზე დაიკრა და გმინვით შესძახა:
115 ”ნუ გამამტუნებთ, თუ ძის გამო, ოლიმპოს მკვიდრნო,
შურისმგებელად აქაველთა გემებს ვეწვევი!
თუმც მოსჯილი მაქვს ზევსის მიერ ელვადაცემულს –
სისხლის გუბეში, მტერში ვიწვე გვამებთან ერთად!”

თქვა და უბრძანა მყისვე შიშს და საშინელებას –
120 რაშნი შეებათ ეტლში, იპყრა ხელთ საჭურველი,
ალისმფრქვეველი. მაგრამ ზევსი წინათ აროდეს
განრისხებულა ღმერთთა დასზე ასე სასტიკად.
სწორედ ამიტომ უკდავთ ბედით შეშფოთებული
ბჭესთან მივარდა მყის ათენა, დასტოვა ტახტი.
125 მკერდიდან ფარი, თავზე ზუჩი მოგლიჯა არესს,
შუბი წაართვა წამახული, გვერდზე გადადო
და მრისხანე ღმერთს შეუძახა მოგუგუნე ხმით:
”შმაგო, უგნურო, ფეთიანო, რისთვის გაქვს ყური,
თუ არა ისმენ? სირცხვილიც და ჭკუაც დაკარგე?
130 ვეღარ გაიგე, თეთრხელება ჰერა რას ამბობს?
იგი ოლიმპოს დაუბრუნდა ახლა ზევსისგან.
იქნებ გსურს, რაკი ზევსის რისხვას მაინც ვერ ასცდი,
კვლავ შეირცხვინო თავი, შამდეგ დაბრუნებულმა
თვითეულ ჩვენგანს შეამთხვიო უბედურება?
135 მალე ტროლეთა, ძალგულოვან აქაველთ ჯარზე
ხელს აიღებდა ზევსი, ღმერთებს თავზარს დაგვცემდა,
ვერ ასცდებოდა მას ვერც მრუდი და ვერც მართალი!
დამყევ ნებას და ნუ იძიებ შურს შვილის გამო,
მასზე მამაციც, მასზე მძლავრიც ბევრი დაეცა,
140 კვლავ დაეცემა ბრძოლის ველზე. სად გაგონილა,
გარდუვალ სიკვდილს კაცთა მოდგმა გადაარჩინო!”

თქვა და არესი ტახტზე დასვა გაცოფებული.
ჰერამ კი ზევსის სასახლიდან უხმო აპოლონს
და უკვდავ ღმერთთა ფეხმარდ მაცნეს, მშვენიერ ირისს.
145 ფრთიანი სიტყვა მიაგება ღმერთებს ქალღმერთმა:
”ზევსმა მიბრძანა, რომ მოგიხმოთ იდგას მწვერვალზე.
იცოდეთ, როცა მიხვალთ, ნახავთ ზევსს ღრუბელთმარეკს,
მისი სურვილი და ბრძანება მყის შეასრულეთ”.

ასე უბრძანა, სასახლეში დაბრუნდა ჰერა,
150 ტახტზე დაბრძანდა. ისინი კი გაფრინდნენ უმალ.
მყის წყალუხვ იდას, ტყის ნადირთა დედას, ეწვივნენ.
იქ, გარგაროსის თხემზე ნახეს მეუფე ზევსი.
მჯდომარე კრონიდს ადგა ღრუბლის შარავანდედი.
იდგნენ ღმერთები ღრუბელთმარეკს ზევსის წინაშე,
155 და მან მოწყალედ შემოხედა. მყის აღსრულდება
ელოდა მაცნეთ ზევსის ძვირფას ცოლის ნებისა.
პირველად ირისს მიაგება ფრთიანი სიტყვა:
”პოსეიდონთან, უსწრაფესო ირისო, გასწი,
ამცნე ყოველი, საიმედო მაცნედ მეყავ მე!
160 დაუყოვნებლივ დათმოს ბრძოლა, კვლავ დაუბრუნდეს
ან ღმერთთა კრებულს ოლიმპოზე, ან ზღვას ღვთაებრივს.
თუ არ ისურვოს შესრულება ნაბრძანებისა,
მაშინ გულს ჰკითხოს და გონებას – გაუძლებს განა
ჩემთან შეხვედრას, თვით რაც უნდა ძლიერი იყოს?
165 პოსეიდონზე ძალითაც და ხნოვანებითაც
მეტი ვარ, მაგრამ მას ერთადერთს არ ეშინა
ტოლად ჩათვალოს, ვის წინაშეც ყველა ცახცახებს!’
დაემორჩილა ირის, ქარისფეხებიანი
და იდას მთიდან მყის დაეშვა ილიონისკენ.
170 როგორც მოწყდება ღრუბელს თოვლი, ან ცივი სეტყვა.
გაეკიდება ქარ-ბორეასს, ეთერში შობილს,
ისე ანაზდად გზა ირისმა გადაიფრინა,
მივიდა, უთხრა პოსეიდონს დანაბარევი:
”მოვედი შენთან, შავთმიანო, მიწისმრყეველი,
175 დიადმა ზევსმა ფაროსანმა აქ მომავლინა.
დაუყოვნებლივ დათმე ბრძოლა, კვლავ დაუბრუნდი
ან ღმერთთა კრებულს ოლიმპოზე, ან ზღვას ღვთაებრივს.
თუ არ ისურვებ შესრულებას ნაბრძანებისა,
ზევსი გიქადის, რომ მაშინვე შესარკინებლად
180 გამოიჭრება. გირჩევს თავი არიდო ბრძოლას.
შენზე მეტია ძალითაც და ხნოვანებითაც.
ეს შენც ხომ იცი, მაგრამ მაინც არ გეშინია,
ტოლად ჩათვალო, ვის წინაშეც ყველა ცახცახებს”.
გაოგნებულმა უპასუხა მიწისმრყველემა:
185 ”ჰაი-ჰაი, რომ ძლიერია! მაგრამ თავხედობს,
რაკი ტოლი ტოლს აგერ მბოჭავს ჩემს უნებურად!
სამი ძმა გავჩნდით კრონოსისა და რეასაგან:
ზევსი, მე, შემდეგ აიდესი – ქვეშეთის ღმერთი.
სამად გაიყო ეს სამყარო, სამივეს წილად.
190 სამარადისოდ სამფლობელოდ ზვირთმოგუგუნე
ზღვა შემხვდა. ქვეშეთს, უკუნეთში მეფობს აიდეს,
ხოლო ღრუბელს და ეთერს შორის ზევსს ერგო ზეცა.
ჩემთვის საერთო დარჩა მიწა, ოლიმპოს თხემი.
არა, მე ზევსის წესი არ მწამს! ხომ დიადია
195 და ძალმოსილი, თავის წილხვედრს ფლობდეს მესამედს,
მე ნუ მაშინებს მკლავსი ძალით, ვით საწყალობელს!
ის ურჩევნია, თვის ასულებს და ვაჟიშვილებს
მიხედოს, მკაცრი სიტყვა უთხრას.
თვით გააჩინა
და სურთ თუ არა, უნდა მის წესს დაემორჩილონ!”
200 ისევ მიუგო მას ირისმა ქარისფეხებამ:
”ეს ვუთხრა განა, შავთმიანო მიწისმრყეველო,
პასუხად კრონიდს – სიტყვა მკაცრი და საშინელი?
ეგების ოდნავ შეარბილო? სათნოა გული
კეთილშობილთა. ერინიაც უფროსებს შველის”.

205 კვლავ უპასუხა პოსეიდონმა მიწისმრყეველმა:
”ქალღმერთო ირის, გონივრულად ამბობ სიმართლეს.
კარგია, როცა მაცნეს ძალუძს რჩევა კეთილი.
გამოგიტყდები, გულს მიმსჭვალავს ძლიერი წყენა,
როცა ამაყად იქადნება და პატივს აჰყრის
210 მისთვის თანასწორს და ბედითაც მასავით სვიანს.
ახლა, თუმც კი მწყინს, მმართებს დავყვე მის ნება-სურვილს.
ვაცხადებ, მაგრამ ჩავიმარხავ ამ ქადილს სულშიც:
უკეთუ ჩემდა უნებურად და ათნასი,
ჰერას, ჰერმესის და ჰეფესტოს დაუკითხავად
215 ქალაქ ილიონს შეიწყალებს მტკიცებურჯიანს,
რომ არგიველნი გამარჯვების არა ჰყოს ღირსნი,
იცოდეს, მტრობას არ ექნება ჩვენსს საზღვარი!”
ასე წარმოთქვა და დასტოვა სპა აქაველთა.
ზღვაში ჩაეშვა. ოხვრა დასცდათ არგიველთ გმირებს.
220 აპოლონს უთხრა მაშინ ზევსმა ღრუბელთმარეკმა:
”რვალისაბჯრიან გმირ ჰექტოთან წადი, ფოიბოს,
ქვეყნის მომგარსველს, მიწისმრყეველს უნებებია
ღვთაებრივ ზღვაში ჩასვლა, რისხვას გაურბის იგი.
ეჰ, რომ სმენოდათ ამ სასტიკი ბრძოლის ამბავი
225 ქვეშეთის ღმერთებს, მობინადრეთ კრონოსის ახლოს!
კიდევ კარგი, რომ, თუმც მრისხანებს, არ მეურჩება,
წინაშე ჩემსა უკან იხევს, თორემ ეს საქმე
ორივეს დიდი ოფლის ფასად დაგვიჯდებოდა!
მაგრამ, მიიღე აიგიდა ფოჩებიანი,
230 მოიღერე და მით დააფრთხე სპა აქაველთა!
შორსმოისარო, ჰექტორზე კი იზრუნე კვლავაც,
სიმტკიცე მიეც, სანამ ლტოლვილ აქაველ გმირებს
ხომალდებთან და ჰელესპონტის პირას მირეკავს.
სიტყვას ვიტყვი და ერთდროულად მოჰყვება საქმეც,
235 რომ ომის ჯაფას გადაურჩნენ აქაველები”.

ასე ბრძანა და არ ეურჩა მამას აპოლონ,
იდას ქედიდან გადმოიჭრა, ვით შევარდენი,
ქედანთა მტერი, უსწრაფესი მტაცებელთ შორის.
ველზე იხილა პრიამოსის ძე ღვთაებრივი,
240 წამომჯდარიყო, მოსულიყო გონზე ჰექტორი,
მეგობრებს სცნობდა, სულიც აღარ ეხუთებოდა
ეგიოხ ზევსის ნებით ვაჟკაცს მიეცა ძალა.
ახლოს მივიდა და მიმართა შორსმოისარმა:
”პრიამოსის ძევ, ჰექტორ! ლაშქარს განშორებული
245 დაღონებული აქ რად ზიხარ, რა დარდი გსერავს?”
მძიმედ სუნთქავდა და მიუგო გმირმა ჰექტორმა:
”ვინ ხარ, კეთილო ღმერთო, სიტყვით რომ მომეგებენ?
არა გსმენია, აქაველთა ხომალდების წინ
ლაშქარს რომ ვსპობდი, აიანტმა მკერდს შემალეწა
250 ლოდი ვეება, სიმამაცე დააცხრო ჩემი?
მეგონა უკვე ვიხილავდი ჰადესის მღვიმეს,
რაკიღა გული სანუკვარი მიბნედილიყო”.

შორსმოისარმა აპოლონმა მიუგო მოყმეს:
”მხნედ იყავ, ძლიერ ქომაგს მხედავ, კრონიდის მიერ
255 შენდა მფარველად მოვლინებულს იდას თხემიდან.
ფოიბოსი ვარ, აპოლონი ოქროსხმლიანი,
შენ და შენს ქალაქს რომ გიცავდით წინათაც მედგრად.
მიჰყევ სპას, მხედრებს მოუწოდე მრავალრიცხოვანთ,
ამოფუღრული გემებისკენ მიმართონ რაშნი.
260 წინ წარვუძღვები და თვითონვე გზას გავუკვალავ
ცხენებს, სილტოლვად სპას მივაქცევს აქაველების!”
ეს თქვა ა სპათა ბელადს ძალა შთაბერა ღმერთმა.
ცხენი რომ გაწყვეტს ხოლმე საბელს, თავლაში მდგარი,
გამოფრინდება და ფლოქვებით აჰყრის კოლბოხებს,
265 მიჭენავს, ცურვას მიჩვეული შმაგ მდინარეში,
თავი ამაყად აღუმართავს და ძლიერ ქედზე
ფაფარს აიფრენს, თვით ამაყობს თავისი მშვენებით.
მიაქროლებენ ფაშატებთან მარდი ფეხები.
მას ჰგავდა ჰექტორ, გამოიჭრა გმირი, რომ ესმა
270 ხმა ღვთაებისა, აღაგზნებდა ბრძოლად მხედრობას.
როცა მისდევენ ველურ ქუციკს, ქორბუდა ირემს
ჯიუტი, ფიცხი მწევრები და მონადირენი,
ციცაბო კბოდე, დაბურული ჭალა იფარავს
ნადირს და მდევარს დასაჭერად არ სწყალობს ბედი.
275 გამოაღვიძებს ღრიანცელი ლომს ფაფარაყრილს,
გზაზე გამოდის, ბრბოს გაფანტავს აქლოშინებულს.
ასე მისდევდნენ დანაელნი ტროელთა ძეებს,
ხმილთა და შუბით ზურგს უპობდნენ, მაგრამ შენიშნეს
გმირი ჰექტორი, გამოჭრილი მხედრობისაკენ,
280 ყველა შეკრთა და აღარ შერჩათ გული საგულეს.

ანდრიამონის ძე თოანტი სპას ამხნევებდა,
ეტოლიელი მოყმე, ისრის ტყორცნით განთქმული,
ომში მედგარი, აქაველთა კრებაზეც ბრძენი,
თუმც, ვით მჭევრმეტყველს, ბევრი ჰყავდა მოყმე მოცილე.
285 იგი, სიფიცხით აგზნებული, ასე ამბობდა:
”ბიჭოს! რა ნახა -სასწაული ჩემმა თვალებმა!
სიკვდილს გაექცა ჰექტორი და აგერ არ არის?
ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ ეს ზვიადი მოყმე
სულს გააფრთხობდა აიანტის მძლავრი მარჯვენით.
ცხადია, ღმერთმა დაიფარა და აღადგინა
290 ჰექტორი, მრავალ დანაელის მუხლთა მსხვრეველი.
რა დღეს დაგვაყრის, წინასწარ ვჭვრეთ! ზევსის ნებით დგას
ლაშქრის წინ იგი, ანთებული ბრძოლის სახმილით.
ერთ რჩევას მოგცემთ და ყველანი დამყევით ნებას.
295 ლაშქარს ვუბრძანოთ, გემებისკენ აიღონ გეზი,
ჩვენ, ვინცა-ვინ ვართ მიჩვეულნი უმამაცესად,
მტერს დავხვდეთ, ვინძლო შევაჩეროთ აღმართულ შუბით,
ვფიქრობ, გმირს, რაგინდ გზნებით გული ბრძოლად ერჩოდეს,
დანაელთ რამზში შესაჭრელად აღარ გაუწევს!”

ასე მოუბარს ყურადღებით უსმინა ყველამ.
300 მყის დიომედე და ორვე მძლე აიანტი,
ტევკროს, მეგესი, მერიონე დადგნენ საომრად,
სხვებსაც მოუხმეს – კეთილშობილ არგვიელ გმირებს,
რომ დახვედროდნენ მამაც ჰექტორს და სპას ტორელთა.
305 მათს უკან გემებს აფარებდნენ თავს აქაველნი.
მოაწყდნენ მტრები, მოუძღოდა მტკიცე ნაბიჯით
ჰექტორი, სულ წინ მოდიოდა თვით აპოლონი,
მკერდს უფარავდა სქელი ნისლი, ხოლო ხელთ ეპყრა
ღმერთს აიგიდა საშინელი, მხატვარ ჰეფესტოს
310 რომ მიუძღვნია ზევსისათვის კაცთ დასაფრთხობად.
ამ აიგიდით მოუძღოდა ლაშქარს ფოიბოს.
მჭიდრო რიგებით არგიველნი ელოდნენ მომხვდურს.
ყიჟინა დასცდა ორსავ ლაშქარს, ლარს მოსწყდა უცბად
ბასრი ისარი, გადიქროლა რვალის ოროლმა,
315 მრავალ მშვენიერ მოყმეს ტანში ჩაეჭდო შუბი,
მრავალიც გზაში, თეთრ სხეულთა დაუწაფებლად
მიწაში ჩარჩა მოცახცახე, სისხლის მწყურვალი.

სანამ აპოლონს აიგიდა ხელთ ეპყრა წყნარად,
თანაბრად ფრენდა სეფქა, მებრძოლთ თანაბრად სპობდა,
320 მაგრამ როგორც კი დანაელებს შეხედა ღმერთმა
და აიგიდა აუქნია, ხაფად დასჭექა,
სული შეეძრათ, დაავიწყდათ ზნე სამამაცო.
როგორც ხართა ჯოგს, თხათა არვეს ღამის წყვდიადში
მიმოფანთავენ მტაცებელი მხეცები უცბად,
325 როს ახლო-მახლო მათი მწყემსი არ ეგულებათ,
ისე გაფანტა აქაველნი, მოჰგვარა ძრწოლა
მათს გულებს ღმერთმა, ხოლო ჰექტორს – ძლევა-დიდება.
მებრძოლი მებრძოლს შეერკინა სასტიკ ბრძოლაში.
სტიქიოს დასცა ჰექტორმა და არკესილაოს.
330 ერთი -რვალმოსილ ბეოტიელთ ჯარის ბელადი,
მეორე – სანდო მეგობარი მენესთევსისა.
რვალს შეეწირნენ ენეასის მედონტ, იასოს.
მედონტი იყო ბუში ღმრთეებრ ოილევსისა,
ოილიადი აიანტის ძმა უმრწემესი.
335 შორს, ფილაკეში, ყრმა მას შემდეგ გადახვეწილა,
რაც დედინაცვლის ძმა მოუკლავს – ერიოპისის.
იასოსი კი ათენელთა იყო ბელადი,
ძედ სფელოსისა წოდებული, ბუკოლიონის.
პოლიტემ დასცა ექიოსი, პულიდამანტმა
340 მოკლა მეკისტე, აგენორმა კი – კლონიოსი.
პარისმა ახლოს გარბენილი დეიოქოსი
დასცა და რვალმა გაატანა მეორე მხარეს.

ტროელნი მოკლულთ რომ ძარცვავდნენ, შეშინებული
აქაველები იმ დროს ირგვლივ მიმოიფანტნენ
345 და სანგარს გაღმა გზას ეძებდნენ გადასარჩენად.
ომახიანი ხმით ჰექტორი ეტყოდა ტროელთ:
”გემებს დაჰკარით, ჯერ მოეშვით სისხლიან ნადავლს.
თუკი შევნიშნავ ვისმე ლტოლვილს ხომალდებიდან,
იქვე დავამხობ! უბედურის ცხედარს, ცხადია,
350 ცეცხლს ვერ მისცემენ ვერცა ძმები და ვეღარც დები,
არამედ ძაღლთა ხროვა დაგლეჯს ქალაქის ბჭესთნ!”

თქვა და მათრახი დასცხო ცხენებს, უმალ გაფრინდა,
ტროელთ ყიჟინით ამხნევებდა და ღრიანცელით
მიჰყვნენ წინამძღოლს მხედრები და სწრაფი ეტლები
355 საზარ გრუხუნით. აპოლონმა სპათა წინაშე
სანგრის ნაპირი მყის ტერფებით ჩამოანგრია,
თხრილში ჩაყარა, გაუკვალა ლაშქარს სავალი
ისე ფართო და ისე ვრცელი, რასაც გაიფრენს
შუბი, თუ კაცი შორს გასტყორცნის ძალის სასინჯად.
360 იქით გაიჭრნენ ფალანგები, წინ – აპოლონი,
თვის აიგიდით მოკაშკაშე. დასცა ბურჯები
ისე იოლად, ვით ყმაწვილი გაფანტავს ქვიშას.
როცა ზღვის პირას სათამაშოს რასმე აკეთებს,
შემდეგ ფეხსა ჰკრავს, თავსი ხუხულას გაფანტავს ანცი.
365 ასე, ფოიბოს, არგიველთა ნაშრომ-ნაღვაწი
შენ დააქციე და სილტოლვად მიმართე სპანი!
გემებთან ახლოს შედგნენ ბოლოს, კვლავ შემჭიდროვდნენ
ერთურთს დაუწყეს გამხნევება, აღაპყრეს ხელნი
და მსასოოვართ შეღაღადეს ღმერთებს ვედრება.
370 მეტადრე ნესტორ ლოცულობდა, აქაველთ ბურჯი,
ვარსკვლავიანი ზეცისაკენ აღეპყრო ხელი:
”მამაო ზევსო! თუ ოდესმე შენთვის არგოსში
ვისმე შეუწვავს მოზვრისა და ვერძის ფერდები,
შეგვედრებია შინ მშვიდობით კვლავ დაბრუნებას,
375 არ დაივიწყო და გვაშორე დღე იავარქმნის!
ტროელთ ბოლომდე ნუ დააცლი აქაველთ ძლევას!”

ასე ილოცა. და იქუხა ზეციდან ზევსმა,
კეთილშობილი ნელევსის ძის ლოცვა ისმინა.
ტროელთ მიიღეს კეთილ ნიშნად ეს სასწაული,
380 ბრძოლის მწყურვალნი უფრო ფიცხლად ეკვეთნენ ლაშქარს,
უზარმაზარი ზვირთი ზომაულევი ზღვისა
გემბანზე მაღლა აღზევდება, ქარიშხლის ძალით
აღბორგებული, გადაივლის ტალღაზე ტალღა. . .
ასე გაიჭრნენ ტროელები შმაგი ყიჟინით,
385 ცხენთა ჭენებით და ხომალდებს შესარკინებლად
შუბით მიაწყდნენ. მათ იმედი ჰქონდათ ეტლისა,
ამათ – გემების, მტკიცედ იდგნენ აქაველები,
საზღვაო ბრძოლის დროს სახმარი ძელშუბით შეხვდნენ,
ერკინებოდნენ შემოჭრილ მტერს თავგამეტებით.

390 გმირი პატროკლე, სანამ ტროელთ აქაველები
უმკლავდებოდნენ გალავანის კიდესთან ჯერაც,
ომის მოყვარე ევრიპილეს კარავში იჯდა,
გულს უქარვებდა საუბრით და მძიმე ჭრილობას
შავთა ტკივილით დამაცხრობელ წამალს ადებდა.
395 მაგრამ როგორც კი დაინახა გალავნის აქეთ
შმაგი ტროელნი, არგიველთა განგაშიც ესმა,
შეჰყვირა გმირმა და ბარძაყზე დაიკრა ხელი,
დარდი მოედო, მწუხარე ხმით მიმართა დაჭრილს:
”ო, ევრიპილე, აღარ ძალიძს შენთან დარჩენა,
400 რაც გინდა მთხოვო, საშინელი ბრძოლის ხმა მესმის!
ახლა მსახურმა შენ მოგხედოს, ხოლო მე წავალ
გმირ აქილევსთან, დავითანხმო ვინძლო სალაშქროდ.
ეგების, აბა რას გაიგებ, – მოულბეს გული,
დიდი ძალა აქვს მართალ სიტყვას, მეგობრის ნუგეშს”.
405 ასე მოუბარს ფერხნი უკვე მიაქროლებდნენ.
აქაველნი კი ტროელთ ისევ ებრძოდნენ მედგრად,
მათს მცირე ლაშქარს გზას უჭრიდნენ ხომალდებისკენ,
ტროელნიც ღონეს არ ზოგავდნენ, რომ დაეშალათ
მტერთა ფალანგი, შესეოდნენ გემებს და კარვებს.
410 ლარი და ხაზი გაასწორებს ხოლმე ხომალდის
მორებს ჭკვიანი ხუროს ხელში, მხატვრობის სიბრძნე
ვინც კარგად იცის, გამოწვრთნილმა ათენას მიერ.
ასე მათ შორის ბრძოლის ხაზი გაწონასწორდა,
მებრძოლი მებრძოლს შეერკინა ხომალდთა ახლოს.
415 ჰექტორი შეხვდა გმირ აიანტს, განთქმულს დიდებით.
ერთი გემისთვის შებმულიყვნენ, მაგრამ ამაოდ
ის მცველის მოკვლას, გემის დაწვას მიესწრაფოდა,
ეს კი – გაგდებას ავსულისგან მოგვრილი მტერის.
კალეტორ დასცა – კლიტიოსის ძე აიანტმა,
420 ხომალდთან ცეცხლის მომტანს შუბი აძგერა გულში.
ძირს დაეხეთქა, გაუვარდა კვარი გზნებული.
თვალი რომ მოჰკრა თვის ახლობელს გმირმა ჰექტორმა,
შავი ხომალდის წინ განგმირულს, დასჭექა მძლავრად,
ბრძოლად აღაგზნო ტროელთ სპა და ლიკიელნი:
425 ”ტროელთა ძენო, ლიკიელნო, მძლავრნო დარდანნო!
სდექ! გეშინოდეთ ამ ჭყლეტაში უკანდახევის!
უმჯობესია დაიცავით კლიტიოსის ძე,
რომ ხომალდისკენ არ წაიღოთ თორნი აქაველთ”.

ასე შესძახა და აიანტს სტყორცნა ოროლი,
430 მაგრამ აძგერა მასტორის ძეს, მამაც ლიკოფრონს,
მეაბჯრეს მისას, კითერიელს, მის სახლში მცხოვრებს
მას აქეთ, რაიც კაცი მოკლა კითერიაში.
თავის ქალაში, ყურისძირთან განგმრია იგი,
ტელამონიდის გვერდით მდგომი. გემის კიჩოდან
435 გადმოყირავდა, ყრმას დაემსხვრა სულის სიმტკიცე.
შეკრთა, უმრწემეს ძმას შესძახა მძლე აიანტმა:
”ტევკროს! დავკარგეთ, საყვარელო, წრფელი ძმობილი!
რაც კითერიდან მასტროიდი მოვიდა ჩვენთან,
ვით ძვირფას მშობლებს, ისე სცემდა მას ყველა პატივს.
440 ჰექტორმა დასცა! აბა, სად გაქვს ბასრი ისარი,
და საზარელი მშვილდი, ძღვენი აპოლონისა?”

თქვა და გაუგო ძმამაც, მყისვე მის გვერდით გაჩნდა,
მძლავრ ხელში ჰქონდა მშვილდი, ბეჭზე – მჭიდრო კაპარჭი,
სულ გაეჭედა ფრთოსან ისრით, ტროელთ მუსრავდა:
445 პეისენორის ძე კლეიტოს განგმირა მოყმემ –
პულიდამანტის მეგობარი, პანთოიდისა.
მეეტლედ ჰყავდა, დიდი ჯაფა ადგა, შმაგ ცხენებს
იქით მართავდა, სადაც მჭიდროდ იდგნენ ფალანგნი,
იღწვოდა ტროელთ საამებლად, მაგრამ სიკვდილმა
450 როცა უწია, აღარავის შეეძლო შველა.
უკან, კისერში მოხვდა სეფქა გლოვის მომგვრელი,
ძირს დაენარცხა და ცხენები უკუმიაწყდნენ,
გაიხრიგინა ცარიელმა ეტლმა. მაშინვე
პულიდამანტმა ეს შენიშნა, ცხენებს მივარდა,
455 პროტიაონის ძეს მიჰგვარა, გმირ ასტინოეს,
რომ მას სადმე შორს არ გაესვა, თვალი სჭეროდა.
თვით კი საომრად დაუბრუნდა მეწინავეებს.
ტევკროსმა სეფქა კვლავ გამართა, აბჯროსან ჰექტორს
აიძულებდა კიდეც ბრძოლის ველი დაეგდო,
460 ამოართმევდა უძლეველ გმირს სულ უეჭველად,
მაგრამ ვერ შეძლო აეცდინა ზევსის განგება –
გმრი დაიცვა და წარსტაცა დიდება ტევკროსს.
მშვიდლი გამართა მშვენიერკ, მოზიდა ლარი,
მაგრამ გაუწყდა და ისარი გაექცა გვერდზე.
465 წვერწამახული. გაუვარდა ხელიდან მშვილდი.
შეძრწუნდა ტევკროს და შესძახა ძმას შეშფოთებით:
”ვაი ჩემს თავსა! დაიმონი საბრძოლო გეგმას
მიშლის, მშვილდიც კი გამომტაცა ახლა ხელიდან!
ლარიც გაწყვიტა, მე ხომ დიდი ხანი არაა,
470 ისრის სატყორცნად მორკალულ მშვილდს მოვარგე იგი!”

ტევკროსს მიუგო აიანტმა ტელამონიდმა:
”თავი ანებე, საყვარელო, მშვილდსაც და ისარს,
რაკი დანაელთ მტრობს ღვთაება, ხელიდან გაცლის.
შუბი შემართე და მოიგდე ბეჭებზე ფარი,
475 შეები ტროელთ, წააქეზე ლაშქარიც ბრძოლად.
ეგრე იოლად ნუ შერჩები მტერს, ძლევით ამაყს,
ჩვენი გემები. კვლავ შევუდგეთ ზნეს სამამაცოს!”

ასე თქვა, მშვილდი კვლავ კარავში დატოვა გმირმა,
მხარზე მოიგდო ხორკლიანი, ოთხფენოვანი
480 ფარი. ჩაჩქანი დაიხურა, ზედ ცხენის ძუით
დამშვენებული.
ერხეოდა მრისხანედ ზუჩი.
ბასრი, სპილენძის წვერიანი შუბი ხელთ იპყრა.
ისევ დაბრუნდა და აიანტს დაუდგა გვერდით.

ნახა თუ არა დამსხვრეული მშვილდი ტევკროსის,
485 ჰექტორმა ისევ წააქეზა ტროელთ მხედრობა:
”ტროელნო და თქვენც ლიკიელნო, მძლენო დარდანნო!
იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო
ამოფუღრული გემების წინ! მე თვითონ ვნახე
სვიან მეომრის მშვილდ-ისარი ზევსმა დალეწა.
490 მუდამ ცხადია კაცისათვის ზევსის განგება,
ჩანს ხოლმე, როდის აღმაღლებს მოკვდავს დიდებით,
როდის დაამცრობს, არ დაინდობს, არ შეეწევა.
ახლაც აკნინებს არგიველებს ჩვენს სადიდებლად.
მთელი მხედრობით შევუტიოთ გემებს! თუ ვინმე
495 ხმლითა და ისრით მოიწყლა და სიკვდილს ეწია,
მოკვდეს! სახელი ხომ დარჩება, რაკი სამშობლოს
აქ შეეწირა! მაგრამ იხსნის სახლს და დედა-წულს,
შთამომავლობას გადაარჩენს, თუ აქაველნი
შავი გემებით თვის სამშობლოს მიაშურებენ!”

500 ასე ამბობდა, ყველას მისძა ძალაც, სიმხნევეც.
იქით აიანტ ღაღადებდა რაზმის წინაშე:
”გრცხვენოდეთ, ძმანო! სჯობს გავბედოთ: ან მტერს შევაკვდეთ,
ან იავარქმნა ავაცილოთ ფუღურო გემებს!
იცით, თუ გემებს ხელთ ჩაიგდებს გმირი ჰექტორი,
505 ფეხით მოუწევს ყოველ ჩვენგან ტროიდან წასვლა!
გესმით, ყიჟინით რომ აღაგზნებს ტროელთ მხედრობას
და გემის დაწვას მიესწრაფვის გამძვინვარებით?
ცხადია, როკვად როდი უხმობს სპას, ბრძოლა ნებავს!
არ დაგვრჩეია ჩვენც სხვა აზრი, სხვა საფიქრალი,
510 ვიდრე შევებათ მტერს ხელი-ხელ გადახლართულნი!
სჯობს მყის სიცოცხლე მოვიხვეჭოთ, ანუ სიკვდილი,
ვიდრე მარადღე სასტიკ ბრძოლივ ვიტანჯებოდეთ,
და ხელჩაქნეულ ლაშქარს ვახლდეთ ნავ-ხომალდებთან!”

ასე ამბობდა. ყველას მისცა ძალაც, სიმხნევეც.
515 პერიმედევსის ძე სქედიოს დასცა ჰექტორმა,
ფოკეელთ მეფე, აიანტმა – ლაოდამანტი,
ქვეით მებრძოლთა წიანმძღოლი, ანტენორის ძე.
პულიდამანტმა კილეინელ ოტოსს წარსტაცა
თორნი, მეგობარს ფილეიდის, ეპეელთ მეფეს.
520 მყის სტყორცნა გვერდით ჩამოქროლილ მეგესს ოროლი
პულიდამანტმა, ააცილა. როდი ინება
აპოლონ ღმერთმა მოყმის მოკვლა მებრძოლთა შორის.
კროისმოსს ოხვდა მკერდში შუბი წვერწამახული.
ზათქით დაეცა და მძლეველი გმირს ხსნიდა ბექთარს.
525 გმირ პულიდამანტს ლამპეტიდი დოლოპსი შეხვდა.
ლამპოსმა შობა იგი, შვილმა ლაომედონტის,
ბრძენმა, საომარ საქმეებით სახელგანთქმულმა.
შეხვდა ფილეიდს, ჯიქრუ მოსულს, ფარის შუა წრე
შუბით გაუპო, მაგრამ მოყმე დაიცვა თორნმა,
530 მკერდზე აკრულმა, ფილევსმა რომ მისცა ეფირეს
ციხე-ქალაქში, სელეენტის პირას, თემისთავ
ევფეტეს მიერ მეგობრულად ნასახსოვრები.
მისცა, სისხლისმღვრელ ომში მტრისგან რომ ეხსნა თავი.
მართლაც უშველა, იხსნა მისი ძე სიკვდილისგან.
535 მეგესმა ჩაჩქანს, იქ, სად კეფას უფარავს მებრძოლს
მრგვალი სპილენძი, გამეტებით შუბი აძგერა,
ბიბილო მოსჭრა ფაფრიანი, მტვერში გაგორდა
და გაეშალა მოკიაფე ძოწის ფოჩები.
და როცა იგი მტერს ებრძოდა ძლევის მოსურნე,
540 მძლავრი ქომაგი გამოუჩნდა – მენელაოსი.
შუბშემართულმა შეუმჩნევლად ზურგიდან მხარში
ოროლი დასცა, გაანგრია მკერდი სპილენძმა
და წინ გაიჭრა, დაენარცხა პირქვე მებრძოლი.
ორივ მივარდა, რომ სპილენძის თორნე აერთვათ,
545 მაგრამ ჰექტორმა მყის შესძახა მოყმის ახლობელთ,
არცხვენდა გმირი, მეტადრე ძეს ჰიკეტაონის,
გმირ მელანიპოსს, პერკოტეში ჯოგს რომ მწყემსავდა,
სანამ ილიონს აქაველნი შეესეოდნენ.
მაგრამ როგორც კი გემებს მოჰყვნე მრავალხოფიანს,
550 ტროას მოიჭრა ტროელთ რაზმში გამორჩეული,
ძესავით იგი შეუყვარდა მეფე პრიამოსს.
ჰექტორმა უთხრა სიტყვა მოყმეს, უკმაყოფილომ:
”ო, მელანიპოს! აქ დავტოვოთ? ნუთუ სრულიად
არ გტკივა გული განგმირული მოყვასის გამო?
555 იქნებ ვერ ხედავ, ვით იბრძვიან მისი აბჯრისთვის?
მომყევ, არ არის დრო არგიველთ შორით ვებრძოლოთ.
ჩვენ უდა ვძლიოთ, სანამ მტერმა ძირფესვიანად
არ დააქცია ილიონი და თვით არ მოგვსპო!”

თქვა ა თან გაჰყვა მყისვე მოყმე ღმრთის სადარი.
560 ხოლო არგიველთ აღაგზნებდა ტელამონიდი:
”გამაგრდით, ძმანო! და აღივსეთ სირცხვილით გული!
ყველას საგმირო სარბიელზე რცხვენოდეს მოძმის.
ვინც სირცხვილს იგრძნობს, უფრო მეტა ის გადარჩება,
ლტოლვილს არც ხსნა მიეგება, არცა სახელი!”

565 ასე თქვა, მაგრამ თვით მზად იყო სპა დასაცავად.
გულში ჩაიდეს გმირის სიტყვა, რვალის კედელი
გემს შემოავლეს. მაგრამ ზევსი მტერს აღაგზნებდა.
ყრმა ანტილოქოსს მოუწოდა მენელაოსმა:
”არვინ არის, გმირო, ჭაბუკო აქაველთ შორის
570 არც შენზე სწრაფი, არც ძლიერი შეტაკებისას.
ეჰ, წინ გაჭრილი ამ ტროელს რომ შერკინებოდი!”
უკუდგა, ოდეს წააქეზა ანტილოქოსი.
ყრმა გამოეყო მეწინავეთ. მიმოიხედა,
სტყორცნა ოროლი, ზარი დასცა ტროელთ, რა ნახეს
575 ძალა მოყმისა. არც ამაოდ გაიჭრა შუბი:
ჰიკეტაონის ძე, მამაცი მელანიპოსი,
მკერდგანგმირული, ამაყად რომ ჩაება ომში,
მიწას დაასკდა, აჟღრიალდა აბჯარ-ბექთარი.
ანტილოქოსი მას მიეჭრა, ვით ძაღლი-მოწყლულ
580 ირემს, რომელსაც მონადირემ ბუჩქიდან მხლტომელს
ისარი დასცა, მოუცარა მარდი ფეხები.
შენც, მელანიპოს, ასე შეგხვდა ანტილოქოსი,
აბჯრის მოსურნე. მაგრამ ჰექტორს ვერ დაემალა.
მისკენ გაიჭრა, გაარღვია მებრძოლთ კედელი.
585 ანტილოქოსი ეგრე ფიცხიც, ვერ გაუჩერდა,
ნადირის მსგავსად, სისაძაგლეს რომ სჩადის ხოლმე,
ქოფაკს რომ დაფლეთს, ან საქონელს ყელს გამოღადრავს,
ტყისკენ გარბის, სანამ მოვე მტელი სოფელი.
ასე გაიქცა ნესტორიდიც. დასცა ყიჟინა
590 და დააყარეს ტროელებმა ისხარი ისრის.
მტერს მიუბრუნდა, როს მეგობართ დასს მიაღწია.

ამ დროს ტროელნი, ვით ლომები, სისხლის მთქვლეფელნი,
გემეს მიეჭრნენ, აღასრულეს სურვილი ზევსის:
ის მიწყივ მათს სულს ამაღლებდა, ხოლო არგიველთ
595 ძალას ართმევდა, ტროელ სპათა წამქეზებელი.
გულით სწყუროდა ჰექტორისთვის დიდება ძლევის,
რომ მოსდებოდა ნავ-ხომალდებს შთანთქმელი ალი,
თეტისის აჯა სრულქმნილიყო საბედისწერო.
ერთი რამ სურდა ზევსს შორსმჭვრეტელს, ამას ელოდა,
600 თვალით ენახა პირველ გემის აბრიალება.
და იმ ჟამიდან გემებიდან გარდუვალ ლტოლვას
უსჯიდა ტროელთ, დანაელებს – დიდებას ძლევის.
ასე ინება. წააქეზა გმირი ჰექტორი,
თვითონაც გულით მოწადინე, ისე მძვინვარე,
605 როგორც არესი შუბოსანი და უარესი –
ცეცხლი, მთის ფერდზე მოჩახჩახე უსიერ ტევრში.

ტუჩს ქაფი ადგა, მოღუშული წარბების ქვემოთ
ცეცხლს აკვესებდნენ თვალნი მისნი, მრისხანედ ზუჩი
შეერხეოდა გრიგალივით მოვარდნილ ჰექტორს.
610 გმირის ქომაგი თვითონ ზევსი იყო ზეცაში
და მხოლოდ იგი აღაზევა მოკვდავთა შორის,
რამეთუ დიდი დღე პრიამიდს აღარ ეწერა.
უახლოებდა მას უკვე ჟამს საბედისწეროს
პელიდის ხელით თვით ათენა.
ჰექტორს სწყუროდა,
615 რომ გაეხლიჩა დანაელთა მხედრობის მწკრივი
და იქ იწევდა, სადაც მჭიდროდ სპა შეკრულიყო.
ვერ გაარღვია ვერსად რიგი დიდად მოსურნემ.
როგორც გოდოლი, იდგა ჯარი. ციცაბო ტინი
ქაფიან ზღვასთან აღმართული, ამაყად ხვდება
620 სტვენ მოვარდნილ ქარაშოტის შმაგ შემოტევას,
თავხედ ტალღებსაც, ტყლაშუნით რომ შეასკდებიან.
ასე ხვდებოდნენ დანაელნიც ტროელთ უშიშრად.
ის კი, ვით ცეცხლი მოელვარე, მიეჭრა რაზმებს
ისე მრისხანედ, როგორც ხომალდს გაქცეულს ტალღა,
625 ქარმა რომ ღრუბელს ჩამოწველა. ქანაობს გემი,
ქაფით ივსება. მოგუგუნე გრიგალის სუნთქვა
წეწავს აფქიოს, ფერდაკარგულ მენავეთ გული
შიშს წაუღია. ცურვით სიკვდილს ძლივსღა გაასწრეს.
ასე უთრთოდათ გული მკერდში მამაც აქაველთ.
630 ის კი, ვით ლომი, თავს დაესხა. რქამრუდე ხარებს,
ნამიან ველზე ათასობით რომ ბალახობენ,
ერჩის ნადირი.
ნორჩი მწყემსი თუმც ჯოგთან არის,
არ იცის ბრძოლა, რქამორკალულ საქონლის დაცვა,
გამოუცდელი ყრმა მოუვლის ჯოგს ხან წინიდან,
635 ხან უკან გარბის. მტაცებელი შუაში შედის,
ყელს გამოღადრავს ხარს და ჯოგი გაიფანტება.
ასე გაექცნენ აქაველნი ზევსსა და ჰექტორს.
გმირმა განგმირა პერიფეტი, ბრგე მიკენელი,
ძე კოპრევსისა, ვინც ერვრისთევსს ჰყავდა მსახურად
640 და ჰერაკლესთან ხშირად მაცნედ დაუდიოდა.
ამ უხეირო მამამ შობა ძე ხერხიანი –
მარდი მსრბოლელი და ბრძოლაშიც გამობრძმენდილი.
ჭკუით ბრწყინავდა იგი მუდამ მიკენელთ შორის.
დიდი სახელი მოუპოვა მებრძოლმა ჰექტორს:
645 როცა გარბოდა, ფარს წაედო ანაზდეულად,
ხელთ რომ ეჭირა, კოჭებამდე იცავდა მოყმეს.
პირქვე დაემხო, აგრუხუნდა საფეთქლის ირგვლივ
რვალის ჩაჩქანი დაცემისგან. რომ დაინახა
გმირმა ჰექტორმა, მიირბინა, წაადგა თავზე,
650 მკერდში აძგერა შუბი და გმირს მოძმეთა თვალწინ
სული აართვა. მათ ვერ შეძლეს მიშველებოდნენ,
შეძრწუნებულნი იყვნენ გმირი ჰექტორის შიშით.
იქვე ხომალდებს მოეფარნენ, ყველაზე ადრე
რომ ამოეღოთ ზღვიდან. მაგრამ მისდია გმირმა.
655 კვლავ დაიხია არგიველთა სპამ სხვა გემისკენ,
ისე წავიდა მათი საქმე. დადგნენ კარვებთან
მჭიდროდ, დაძვრად კი არ შეეძლოთ, ერთად შეკრიბა
ისინი შიშმა და სირცხვილმა. მიწყივ ერთმანეთშ
შეძახილებით ამხნევებდნენ, მეტადრე – ნესტორ,
660 თვითეულ მოყმეს ახლობელთა მზეს აფიცებდა:
”იყავით კაცნი, არგიველნო, იგრძნეთ სირცხვილი
ყველას წინაშე! გაიხსენეთ, გულით ვინც გიყვართ,
ცოლი და ბავშვი, დედა-ძენი თუ შენაძენი,
მშობლები, ყველა, ვინც მკვდარი გყავთ, ანუ ცოცხალი!
665 მათი სახელით – არ მყოფთაცა, გემუდარებით,
მაგრად დექ, სპაო! ლტოლვას, სპაო, ნუღარ ეცდები!”

ასე ამბობდა და აუნთო სიმტკიცე ყოველს.
მათ წინ გაფანტა თვით ათენამ შავი ღრუბელი
ცით მოვლენილი, შუქი გაკრთა, სივრცე გაეხსნათ
670 ხომალდთა მხარეს, ბრძოლის ველიც გამოჩნდა მაშინ.
იხილეს ჰექტორ საშინელი, და ყველა რაზმი,
რაც კი მის უკან უქმად იდგა, ისიც იხილეს –
რამდენი გმირი ხომალდებთან იბრძოდა მედგრად.

დიად აიანტს გული უკვე არ უდგებოდა
675 ვიწრო ადგილას შეჯგუფებულ აქაველთ რაზმთან.
გემბანზე ახტა და ღონივრად მიალაჯებდა,
თან იღერებდა უზარმაზარ ძელშუბს გემისა.
ოცდაოი წყრთა სიგრძე ჰქონდა იმ ძელს გარანდულს.
როს მოჯირითე, გამოწვრთნილი ცხენოსნობაში,
680 რემაში რაშებს ამოარცევს – ოთხს, ულამაზესს,
შეკაზმავს, გასწევს, გააჭენებს ქალაქისაკენ
დატკეპნილი გზით, ბრბო ყმაწვილთა, დამფრთხალ დიაცთა
მისჩერებია განცვიფრებით. მოყმე კი მარჯვედ
ჩქარი რბოლის დროს გადახტება ცხენიდან ცხენზე.
685 ასე გემიდან გემზე გმირი გადადიოდა
ფართო ნახტომით. ცას აღწევდა მისი ყიჟინი.
ტელამონიდი აქეზებდა მიწყივ დანაელთ
გემთ დასაცავად, მაგრამ ამ დროს გმირი ჰექტორი
როდი რჩებოდა უქმად ტროელ მებრძოლთა შორის.
690 შმაგი არწივი დააცხრება ხოლმე ფრთოსანთა
გადამფრენ გუნდებს, მდინარესთან რომ ისვენებენ,
ღერღეტი, წერო თუ გედები გრძელკისრიანნი.
ასე დააცხრა ჰექტორ გემებს შავჭვინტიანებს,
მას აქეზებდა, აშმაგებდა დიადი ზევსი.
695 ხოლო წინამძღოლს მოჰყვებოდა ტროელთ ლაშქარი.

კვლავ ხომალდებთან საშინელი ბრძოლა განახლდა,
გეგონებოდა, სპა იბრძვისო დასვენებული,
ისე მგზნებარედ შეერკინა მებრძოლი მებრძოლს.
ასეთი იყო მეომართა სულისკვეთება:
700 სასოწარკვეთილ აქაველებს ომში დაღუპვა
გადაეწყვიტათ, ხოლო ტროელთ, სიმხნით აღსავსეთ,
იმედი ჰქონდათ, გემებს დავწვავთ, მტრებსაც მოვსპობთო.
ასეთი აზრით შეერკინა მებრძოლი მებრძოლს.

ჰექტორმა გემის კიჩოს სტაცა მძლავრი მარჯვენა.
705 ამ მჩატე გემმა, მშვენიერმა, პროტესილაოს
ჩამოიყვანა, მამულში კი ვერ დააბრუნა.
ხომალდის ირგვლივ ტროელნი და აქაველები
ხელჩართულ ომში ჩაბმულიყვნენ, აღარ აკრთობდათ
შორით ნასროლი ისარი და შუბი ელვარე:
710 ერთურთს პირისპირ შეხვედროდნენ სულანთებულნი,
კვეთდნენ მახვილით ორლესულით, ხმლითა და ხანჯლით,
ორივე მხრიდან წამახული სპილენძის შუბით,
შავვადიანი სატევრები ბევრი ეყარა,
მებრძოლთ ხელიდან გაფრენილი, მხრიდან ახსნილი,
715 და შავი სისხლით მორწყულიყო მიწა ფხვიერი.
ჰეტორი გემს ხელს არ უშვებდა, არ სცილდებოდა,
კიჩოს კიდეზე ჩაფრენოდა, ეტყოდა ტროელთ:
”მომეცით კვარი! შემჭიდროვდით, შეებით მედგრად!
გვაჩუქა ზევსმა დღეს, სიკეთის მომნიჭებელი,
720 გვარგუნა გემნი, არა ღმერთთა ნებით მოსულნი,
ამდენი ჭირი მომ მოგვაგეს ტროელ მოხუცთა
სიფრთხილის გამო. მე მინდოდა გემებთან ბრძოლა,
ხოლო ისინი გვაკავებდნენ ციხე-ქალაქში.
მაგრამ თუ მაშინ დაგვიბნელა კრონიდმა ჭკუა,
725 ახლა თვით გვიხმობს და მიგვიძღვის ღრუბელთმარეკი!”
თქვა და არგიველთ შეუტიეს უფრო მძვინვარედ.
ვეღარ გაუძლო აიანტმა – დასცხეს ისრები.
მტერს გაეცალა გარდუვალი სიკვდილის შიშით,
გემის კიჩოდან მიაღწია მერხს შვიდტერფიანს.
730 ირგვლივ მალი-მალ თვალს ავლებდა ტროელთ და ლახვარს
ჩასცხებდა ხოლმე, ცეცხლის აღმგზნებთ გემიდან ჰყრიდა,
თან განუწყვეტილივ ამხნევებდა დანაელთ ლაშქარს:
”ო, მეგობრებო, დანაელნო, არესის სპანო,
იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!
735 იქნება ფიქრობთ, რომ ზურგს უკან ვინმე გვყავს შემწე?
ან გალავანი გეგულებათ, ჩვენ რომ დაგვიცავს?
არ არის ახლოს ციხე, კოშკით გამაგრებული,
რომ შევეფაროთ და მაშველთა იმედი გვქონდეს.
ტროელთა ველზე აბჯარასხმულ ამ ჯარს ზედ ზღვასთან
740 მივუსრესივართ, შორს სამშობლოს სანახებიდან!
ხსნა ჩვენს ხელთაა, ხსნა არ ძალუძს სულს დაკნინებულს!”

ასე თქვა. შუბით აწყდებოდა გრძელჩრდილიანით
ტროელთ, თუ ვინმე გემის კიჩოს მივარდებოდა
ხელში ჩირაღდნით, ჰექტორისგან წაქეზებული.
745 ხვდებოდა ყოველ მათგანს შუბით მძლე აიანტი,
ასე განგმირაგემების წინ თორმეტი მოყმე.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button