პოეზია

იეთიმ გურჯი გმირი ანაბაჯის ლექსი

იეთიმ გურჯის ეს პოემა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მიეკუთვნება ეპოსის ჟანრს და მთავარი გმირის, რაინდის პოზიცია უკავია ქალს – ანას (აზერბაიჯანელებმა მას “ბაჯი”, ანუ “და” შეარქვეს თავიანთი კეთილგანწყობის გამოსახატავად).
ანა ისტორიული პიროვნება იყო და ცხოვრობდა მე–17 საუკუნის ბოლოს. მის შესახებ მონათხრობებში ბევრია მითიური და ლეგენდა, თუმცა, როგორც ჩანს ის მართლაც გამორჩეულად გონებამახვილი და უჩვეულო ფიზიკური ძალის პატრონი იყო.

გმირი ანაბაჯის ლექსი
(ფრაგმენტი)

“ანამ სთქვა: მეტი სახელი
ბაჯი მაზედა მქვიანო,
მტერს რომ მეხივით ვუხვდები
მისთვის დას მეძახიანო.”

ანა ქალის ქებას ვიტყვი, ყური იყოს გდებულია,
მის გმირობა ვის არ ახსოვს, ყველგან გაგონებულია.
თუმც მიწაში განისვენებს, სულით განათლებულია,
თფილისიდან სამხრეთითა სოფელ მუხათ დებულია,
კოდა სოფელს რომ იტყვიან მის გვერდ მოშენებულია,
ანა იყო თფილისელი, მუხათ გათხოვებულია,
მისი მსგავსი გმირი ქალი ჯერ არ დაბადებულია;
თათრები ბაჯის უძახდნენ, მისგან შეშინებულია,
ყაჩაღებსა თავსზარს სცემდა გული ფოლად გებულია
ავაზაკნი და მძარცველნი ჰყავდა დამონებულია,
მუხათისა გარეშემო რაც სოფლები დებულია,
ანაბაჯის წყალობითა იყვნენ გამარჯვებულია.
ღარი_ღატაკთ ფარად ედგა, მათთვის გადადებულია.
ყველა მის მზეს ლოცულობდა პირზედ მიკერებულია,
მის მშვენება რომ შევამკო და გმირობა ქებულია;
ტანმაღალი, შავთვალწარბა, შუბლი მირონცხებულია,
სახე გაბადრული მთვარის, ნიკაპ, ხალად ქებულია,
სიგრძე თმისა კოჭებამდის მეტად დამშვენებულია,
გული, მკერდი და მკლავები, როსტომ მიგვანებულია,
ჩვეულება მარცხნივ გვერდზე ხანჯალ დაკიდებულია,
ცხენზედ მჯდომი ვის უნახავს მისებრ გაჭენებულია,
მოთამაშე, მოჯირითე, ხმალი მოღერებულია,
ჭიდაობა, მუშტის გარტყმა, მისგან მოგონებულია.
ერთი გარტყმით წააქცევდა კამბეჩსა გაგიჟებულსა,
მთლად ვერავინ ადგებოდა მისი დახეთქებულია,
ზარის ხმაზედ იმღერიდა ტკბილად დაძახებულია.
მაგრამ სიკვდილს ვერ დასძლია, ახლა დავიწყებულია,
გვარი ბაჯიაშვილისა დღეს ხომ გამრავლებულია.
უკბდავია მის სახელი თვითონ დამიწებულია.
ანაბაჯის ამბავს მოვთვლი მსმენელნი ვალდებულია,
ახლა დავიწყებ მის ამბავს, ყურისგდება იყოს თქვენში,
თუ რა სახელი დატოვა ანამ თავის სიცოცხლეში.
ორი წლისა გათხოვილი იყო მეთვრამეტე წელში,
სტუმრად იყო მიწვეული მოკეთესთან სოფელ წყნეთში,
ისიც გითხრათ რა დრო იყო: სწორედ მარიამობის თვეში,
წყნეთის ქალ_რძალნი წავიდნენ, ანაც წაიყვანეს ტყეში.
შვინდსა კრეფდნენ, ხმაურობდნენ, მასხარობდნენ ერთმანეთში
ამ დროს ზაქარ მონადირის თოფმა დაიჭექა ხევში:
თურმე დათვსა დაახალა და მოარტყა უკან ფეხში.
ქალებსა ფერი ეცვალათ, როგორც მკვდართა სამარეში.
მტრის შემოსევა ეგონათ, როგორც წინათ იყო ჩვენში,
სუყველა ერთად შექუჩდნენ, იმ დიდ დაბურულ ფოთლებში.
სულგანაბულნი ერთმანეთს კი შესცქეროდნენ სახეში,
ამ დროს დაჭრილი დათუნა მათ მიაწყდა საფარეში.
თავსაშველად რომ გარბოდა დასამალად “საირმეში”,
კაი ხარის ტოლა იყო, დაერია თან ქალებში.
წივილ_კივილი გააბეს, ეცნენ აქა_იქ ჭალებში.
დახე, ჩვენი ანაბაჯის, ვენაცვალე იმ მკლავებში!
“ნუ გეშინიათ, ქალებო, არვის შეგრცხვეთ თქვენ თქვენს ქმრებში.”
ერთი მაგრა შეჰკივლა, და გასწორდა გმირად წელში,
გადახტა და დათუნასა მუშტი მიაკერა გვერდში:
რა რომ დათვმა შეუტია, ანა დასწვდა წინა ფეხში,
როგორც ბურთი, ისე დასცა, სუმთლად შეარყია ძვლებში,
შვინდისა ტოტი მოსტეხა, დაუშინა თავში, წელში,_
აგერ ზაქარაც გამოჩნდა, განთქმული მთელ სოფელშია
“დაჰკარ, ქალო, ყოჩაღ ქალო”! მორბოდა თოფით ხელშია.
ანამ ხანჯალი წაჰგლიჯა, დათვსა შეურჭო ყელში.
დაჰკრა, დაჰკრა, გამოუსვა, მარტო თავი შერჩა ხელში.
დათვი მოჰკლა ანა ქალმა, ხმა გავარდა მთელ სოფელში,
ეს სახელი შეიძინა სულ პირველად თვრამეტ წელში.
კოდასთან ახლო მინდვრისთავს კვირაცხოველი ჰქვიანო,
დღესაც ეტყობა ნიშნები, ნანგრევები ჰყრიანო;
აღდგომის სწორსა მლოცვანი დღეობით მოიყრიანო,
ყოველ წელს ხალხი მრავალი ხატის კარს ილხენიანო.
იქ იყო მისი დღეობა, ხალხნი საღმრთოსა ჰკვლიანო,
ურმების ძირში მიმსხდარან, ლურჯ საფარს გაიშლიანო,
სავსე ტიკები იცლება, ზოგნი სამწვადეს თლიანო,
მამაკაცები დამთვრალან, მრავალჟამს დასძახიანო.
გადი_გამოდის ყანწები, ძველსა მკვდრებს იხსენიანო,
ქალნი დაირას უკრავენ და თანაც გაუსვიანო,
იქ დასანიშნი ბიჭები სატრფოსა ინატვრიანო,
მეზურნეც უკრავს გმირულსა, ქადილსაც ემზადიანო,
ჩოხაჩაცმულსა ბიჭებსა, სარტყელი დამშვენიანო,
ყველა სოფელი იქ არის: “ჩვენ ვერვინ გაგვლახიანო”,
ზოგნი ახლად მოდიან, ცხენებით მოჰქროლიანო.
ჰა, კიდეც დაჰკრეს გმირული, ბიჭები სწორდებიანო,
სხვადასხვა სოფლის გმირები მეიდან გამოდიანო,
ზოგი გმირულად უხვდება, ზოგი ძირს ეცემიანო,
“ჩვენმა აჯობა თქვენსასა”, ერთმანეთს უყვირიანო
ახალი მოჭიდავები მზად დგანან ელოდიანო,
“ახალი ვინ ხართ, გამოდით,” შუიდან იძახიანო,
ანაბაჯია ქმარ_შვილით, ისინიც იქ არიანო;
თავის ძვირფასი სტუმრებით ილხენენ, იმღერიანო,
ანა დამღერის ტკბილადა, იმის ხმას შენატრიანო,
ჭიდაობიდან ხმა ესმათ: “მუხათო ხომ გრცხვენიანო”,
თქვენი ნაქები სიმონი გავლახეთ მუხათ ტიალო!
ანამ ეხვეწა მამამთილს: “მამავ, გენაცვა, ხნიანო,
ნება მომეცი გადავხტე, ვნახო, თუ ვინ არიანო!
სოფელი სოფელს უძახის და ძლიერ იკვეხნიანო,
ჩვენი სოფლელი სიმონი დასცეს და დაგვცინიანო.
წავლენ და დაიკვეხებენ მუხათს რა შეუძლიანო,
უნდა ვუჩვენო სეირი, თუ რომ მე ანა მქვიანო.
ჩვენი სოფელი მუხათის სახელი გავაძლიერო,
ან მეც გამლახონ ბარემღა, ან ყველა გავამტვრიანო”.
“რას ამბობ, შვილო ანაო, აბა რა შეგიძლიანო!
მანდ ისეთი ბიჭებია ლომნიც კი გაურბიანო”.
“აბა, თუ ლომნი ყოფილან, მეც ანას მეძახიანო,
დედა წამიწყდეს ძვირფასი თუ გასვლა დავაგვიანო.”
წელთ შემოირტყა სარტყელი, ხალხი სულ გაჰკვირდიანო,
გადახტა მოედანზედა, ყველა მას შესცქერიანო.
ვისია რძალი, ლამაზი, ვიცოდეთ, რა სწადიანო:
საკოცნელადა მოსულა, თორემ რა შეუძლიანო?
“არა, მე გავალ, არა, მე,” ერთმანეთს ეცილიანო,
რას შემომცქერით, ბიჭებო, ეს საჭიდაო ველია,
მე თფილისელი ქალი ვარ და რძალი მუხათელია.
რომ გამილახეთ სიმონი, ის ჩემი მეზობელია,
მუხათის ქალსაც დაუხვდით, ვისა გული გაქვთ მთელია.
აქედან ფეხს არ მოვიცვლი, რადგან რომ გამოველია,
სანამ არ დამცემთ მიწაზედ, ბარგს არ ამაკრავთ მტვერია
ვისაც გნებავდეთ, გადმოდით, ეხლა ჭიდილის ჯერია.
ერთმა თქვა: “მაგის მოხვევა ჯანისთვის მარგებელია,
თანაც ხომ ერთსაც ვაკოცებ, ისიც ზედ სარგებელია.”
გადუთამაშა გიორგიმ, ნაქები თელეთელია;
ანამ დასტაცა, ძირს დასცა, ასო არ აჰყვა მთელია,
მეორედ ჩამოუარა სოსიამ, ბარბარელია.
მაგრამ ისეთი დაეცა ვერც კი მოჰკიდა ხელია;
გადმოფრინდა მესამე ივანე ვაშლოვნელია,
ისე ჩაემტვრა გვერდები_ექიმი საშოვნელია,
გადმოხტა ბიჭი ნაქები პოღოსა დურნუკელია.
ისიც ისეთი გაუშვა, თვალები დარჩა ბნელია.
ცალთვალა ბიჭი თამაშობს, უძახდნენ გმირი “ელია”,
მასაც ცხვირიდან ადინა, რაც ესვა, რაც დაელია.
ვართანა მაგრად დახვდება, ის ბიჭი ყაზახელია!
მაგრამ ისეთი დაემხო, დასწყვიტა შინა წელია.
შაქრუა ბიჭი მოუხტა, მარდია, ქიზიყელია,
ისიც ასეთი დასთხლიშა, როგორც ნაბდისა ძველია,
ორიც ზედიზედ აგორა, ხეჩო და არაქელი.
კუმელი თედოც დაურთო, ყასაბი ქალაქელია,
სომეხ დაღეთელ ბიჭებს აღარ უვარგოდათ ტანი,
ოთხივე ისე აგორა, როგორც რომ ვირის კურტანი.
……………………………
მუხათში ქორწილი იყო, ზურნა იკვროდა ხმიანი.
ლხინი იყო და თამაში, ღამე იყო Mმთვარიანი,
უცებ ვაშლოვნის მხრიდანა თოფებმა იწყეს გრიალი,
თანაც ხალხი გამორბოდა, ისმოდა რაღაც ღრიალი
არიქათ, მუხათელებო, სადა გყავთ ანა ღვთიანი.
თათრებმა ქალი მოგვტაცეს თამრო ლამაზი თმიანი
ეს რომ ანამ გაიგო, სისხლმან დაუწყო ტრიალი,
დედას გიტირებთ, თათრებო, თუ არ მოგაყენოთ ზიანი.
თუ თქვენ ქალი გაგატანოთ, დღე აღარ ვნახო მზიანი,
ხუდავერდიანთ ცხენი ჰყავდათ, სწრაფი იყო ვით ფრთიანი,
სამსა დღესა გაივლიდა, გზა რომ ჰქონოდა თვიანი.
ტეტველა ცხენს წამოახტა, მათრახი დასცხო მწვიანი
თან მარტო ხმალი წაიღო, ცხენმაც დაიწყო ბზრიალი
მარაბდის ბოლოში თათრებს წინ გადაუდგა ხმლიანი.
სად მიგყავთ ქალი, თათრებო, იქნებ გგონიათ ტიალი,
აბა, ახლა წაიყვანეთ, თუ ბიჭები ხართ ფხიანი,
დასჭყივლა ზარის ხმაზედა, ხმალმაც დაიწყო პრიალი,
თეზნ, ყაჩაღ ანა ყზიდრ, იქნებ გადავრჩეთ მთლიანი.
ქალი უშვეს და გაიქცნენ, ორი დარჩათ სისხლიანი,
ანამ მაჰმადთან გაგზავნა ერთი უბედურ დღიანი,
მეორეც თან მიჰყვებოდა, აღარც დრო ჰქონდა გვიანი.
ანამ ცხენზედ შემოისო თამრო თექვსმეყი წლიანი,
ცხენით ვაშლოვანს მოჰფრინდა, პატრონს მოჰგვარა მთლიანი.
სუყველა ანას ლოცავდა, ქალი ანა _ სწორსამართლიანი,
სიმართლისთვის დარი იყო, ბოროტისთვის ავდრიანი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button