ეკატერინე გაბაშვილი – ორ-ენა და ქუჩე
I
ყველაზე გვიან ვარდის-უბანში ნოზაძემ გაათავა კალო. დღეს, შაბათს, უკანასკნელად შეხვეტა ბზე და ამისათვის იმის კალო ისე პრიალებს, როგორც ახლად პირმოპარსულის ვაჟკაცის სახე და ფეხს ისე იცურვებს, როგორც ძალზე გაყინული ფრონის პირი იანვარში.
ამიტომაც მთელის სოფლის ახალგაზრდობამ ამ კვირაძალზე იქ მოიყარა თავი სალხინოდ. დღეს ერთი იმ მშვენიერი, ტკბილი და მყუდრო ღვინობისთვის საღამოებისა იყო, როგორც ხშირად იცის ჩვენმა დალოცვილმა ქვეყანამ. ნოზაძის კალო მაღლობზე მდებარეობს და გადმოჰყურებს დაბლა სოფელს. გვერდით უდევს ბუჩქნარი ტყე და ცოტა მოშორებით ძველი ნანგრევი ეკლესია, რომლის კედლებიდგანაც აქა-იქ გამოიყურებიან კარგა მოზრდილი ხეები და შეუწყვეტლივი მტრედის ღუღუნი გამოისმის.
ჩამავალი მზე უხვად ჰფენს თავისს წითელ სხივებს და ფანტასტიკურად ანათებს შემოდგომის გაყვითლებულ ტყეს, თეთრ ეკლესიის კედლებს და სიცოცხლით სავსე, გოგო-ბიჭების სახეებს. ისინი უკრავენ დაირას, “ბუზიკას” და დამა და კავალერი ახალმოდურად გაქანებულ ცეკვას უვლიან.
– ეგრე, ეგრე, გენაცვალე, – შეუკივლებდნენ ხოლმე ბიჭები მოთამაშეებს, – აგრე, შენი ჭირიმე!
და მართლაც რომ სასიმოვნო წყვილი იყო ეს მოთამაშენი. ქალი მაღალი, კოპწია, მაისის ვარდივით გადაშლილ ლოყა-ტუჩებით; თეთრის სუფთა კაბით და თავზე ყვითელ-ბაღდადმოხვეული, რომლის ქვეშიდგანაც ექვსი მსხვილი ნაწნავი დაშვებულიყვნენ და ფეხის თამაშის შესაფერად ბეჭებზე ცელქურად ჰხტოდნენ. ბიჭი ლომი, მხარ-ბეჭებგადაჭიმული, ახლად ულვაშაყვავებული, პატარა კალმუხის “გარიბალდით” გვერდზე წამოდებული; მოვის გულისპირით, შავი ახალუხით და აქლემის ყელის ჩოხით, ვერცხლის ქამარში კალთებჩაკეცილი და წუღა-საცვეთებით ლაზათიანად გაწყობილი. ესენი ეშხით დასტრიალებდნენ ერთმანეთს. თედო ხანდისხან აღტაცებული ცდილობდა ხელი როგორმე წამოეკრა ქუჩესთვის, მაგრამ ის მარჯვედ გაუსხლტებოდა ხოლმე ხელიდგან და ამით გამოიწვევდა გულითად სიცილს ამხანაგებისას.
ქუჩე იყო დედისერთა, მზითვიანი ქალი. იმის მამა გოგია აზნაურებს აღერებდა თავისს გოგოს. თედო კი ერთი სხვა მხრიდან გადმოვარდნილი ბიჭი იყო და ლუკმა-პურს მოჯამაგირეობით შოულობდა. მთელ თავისს ჯამაგირს ის თავისს მორთვას ანდომებდა და ამიტომ დღემდის თავისს ბედობაზე გროში არსად გააჩნდა. ის იყო საშინელი ყბედი, ლაზღანდარა და ამისათვის სოფელში ორ-ენა დაერქვა; პირველი მოჭიდავე, ჩინებული ზურნის დამკვრელი და ამისათვის ყველა ლხინის და ჯვარობების მოთავე. ის აგერ ერთი წელიწადია, რაც გოგიას ძმას, იმის კარის მეზობელს, მოჯამაგირედ დაუდგა და იმ დღიდგანვე ლამაზ ქუჩეს გაუმიჯნურდა. ქუჩეც, რასაკვირველია, უგულოდ არ ეკიდებოდა დარდიმანდ თედოს, მაგრამ საქმროდ კი რა საფიქრალი იყო! ამას გულშიაც არ გაივლებდა. ეს პირველი საპატარძლო სოფელში, ჯიბის ფულით და ის მოჯამაგირე ბიჭი! მდიდარი გლეხის ამაყობისთვის ეს შეუძლებელი იყო და ამისათვის თითქმის ყურს არც კი უგდებდნენ იმათ დაახლოვებას და სიცილად არ ჰყოფნიდათ თედოს მიჯნურობა.
რამდენიც ბინდმა მოატანა, ლხინი უფრო გაცხოველდა, მოთამაშეებს თხოვნა აღარ უნდოდათ, ყველანი თავ-თავისად გამორბოდნენ, ხანდისხან ორი ქალი და მარტო კი იშვიათად ვინმე თამაშობდა. დაბნელდა, მაგრამ დიდი ხნით არა, ახლა მთვარემ იწყო ნელ-ნელა ამოსვლა და თავისი მკრთალის შუქით დაჰფერა სასიამოვნო სურათი. გათავდა დაირა, გაიმართა “ცანგალა”. გაუჯიბრდნენ ლექსებში გოგოები და ბიჭები. თითო მოლექსე აირჩიეს, ესენი ერთმანეთს გაუჯიბრდნენ ლექსების თქმაში და დანარჩენნი ბანს აძლევდნენ. სიმღერა ქიშპით უფრო და უფრო ცხოველდებოდა, ხმები უფრო მაღლდებოდნენ და მთელ სოფელს გადასწკრიალებდნენ თავზედ. ბევრი დედამთილი, ბევრი მოხუცებული მამა ბუტბუტებდა კერასთან ყმაწვილების ამგვარ სიცოცხლის სიჭარბეზედ, მაგრამ გაბედვით კი ვერავინ ბედავდა ხელი შეეშალათ და ლხინი შეეჩერებინათ. შემოდგომის შუაღამის სიცივემ კი უბოდიშოდ ძალზე მოუჭირა, სიყმაწვილის აღგზნებულმა სისხლმაც ვერ შეუძლო და ლხინი დაიშალა.
– გოგოებო, – სთქვა ქუჩემ, – მოდი, ხვალ ბროლოსანში წავიდეთ პანტაზედ.
– მართლა, მართლა! – მოისმა ერთხმივი თანხმობა.
– თითო ხარი შევაბათ ოჯახიდგან, ერთი-ორი ურმები გავმართოთ, საგძალი წავიღოთ, პანტაც მოვკრიფოთ და ლხინიც ვნახოთ, – დაუმატა ერთმა ბიჭმა.
– ვინც არა, ღმერთმა ნუ გაუთენოს ხვალ დილა, – სთქვა ქუჩემ.
– კარგი, კარგი. გათენებისას ამ კალოზე შევგროვდეთ და მოადრებით გავუდგეთ გზას. მარტო ორიოდე უფროსი უნდა წავიყვანოთ ვინმე.
– წავიყვანოთ მაშა! აი ნოზაური და ხარაზაული. სიხარულითაც წამოვლენ და არც იყაყანებენ ჩვენს გიჟობაზე.
– ეგ თქვენ იცით, – სთქვეს ბიჭებმა. – ჩვენ კი ურემს მოვამზადებთ.
– ღამე მშვიდობისა, ღამე მშვიდობისა!
– ძილი ნებისა, რწყილი კბენისა! – გოგოებმა ერთიერთმანეთს ბეჭებში ჩაჰკრეს და გაჰქროლდნენ სოფლისკენ.
უნდა მოგახსენოთ, რომ სოფელი ვარდის-უბანი ერთი იმ ბედნიერ კუთხეთაგანი იყო, რომელიც იშვიათად, მაგრამ მოიპოვებიან კი ჩვენის ქვეყნის ზოგიერთ მხარეებში. აქ სცხოვრობს ორმოციოდე სახელმწიფო გლეხი, საბატონო მამულზე, ეულად. ზოგს ამათგანს საკუთრებაცა აქვს შეძენილი. თითქმის ყველანი ამ სოფლის მცხოვრებნი გაკეთებული გლეხები არიან. მრავალი ძროხა, ხარი და წვრილფეხობა დატრიალებს ამათ საძოვარზე, ლაზათიანი ხის ჭდეულები ამშვენებენ ამ სოფელს და კვირაობით სუფთად ჩაცმული და მხიარული ქალ-კაცი ამტკიცებენ საერთო კეთილმდგომარეობას: გულმოგებული გლეხები უშურველად აქცევენ თავისს ოფლს დედამიწას და სრულის ბედნიერებით ხმარობენ თავიანთ ნამუშევარს. ვარდის-უბნის გზა ჯერ გაუვლელია სომხისაგან და ურია სააღდგომოდ და საშობაოდ თუ მოვა თავისი ფართალ-ფურთლის გასასაღებლად. ვარდის-უბნელები დიდი ხნის გადმოსახლებულნი არიან და ამისათვის თითქმის მთელ სოფელს ერთმანეთში მოყვრობა და ნათელ-მირონობა აქვს. ეს არის მიზეზი, რომ ქალი და კაცი მოურიდებლად ერთად ატარებენ დროს და ისე გაცალკევებული არ არიან, როგორც ყოველგან არის მიღებული ჩვენში.
II
ირიჟრაჟა თუ არა, ნოზაძის კალომ ისევ მოძრაობა იწყო. თუმცა მზემ დაუყოვნებლივ თავი ამოჰყო, მაგრამ ხელის სისქე რთვილი იდო და სიცივე ამის გამო ძლიერ საგრძნობელი იყო. გოგოები წაფუთნულნი ძველ-ძვულებში, ხელთათმანებით, მობუზულიყვნენ საბძელთან და ბიჭები ურმებს ამზადებდნენ.
ბროლოსანი უზარმაზარი ტყეა. იმის დიდ ნაწილს ვაშლის და პანტის ხეები შეადგენენ და, რადგანაც ვარდის-უბანი მთაა და ვაზი არა ხარობს, იქ მცხოვრებნი უფრო მომეტებულად არაყს ეწყობიან. ამისათვის ყოველ წლივ მრავალ პანტა-ვაშლს ეზიდებიან საარაყედ. სოფლის ბოლოსა აქვთ გამართული საზოგადოდ ორიოდე “ზავოდი” და ყველა ოჯახში თუ პურის “ოტკა” არა, პანტის რიგიანი არაყი ყოველთვის მოინახება. დღესაც თითქმის მთელმა სოფლის ახალთაობამ მიიღო მონაწილეობა პანტაზე მგზავრობაში. ყველაზე ბოლოს მოვიდა ქუჩე, ფერ-უმარილწასმული, ლეჩაქ-ყურგადაგდებული. გოგოებმა ეს მაშინვე შენიშნეს და ერთმანეთს გადახედეს.
– ქა, რას გამოპრანჭულხარ, გოგო? – უთხრა ერთმა იმათგანმა, – ჯვარობას ხომ არ მიხვალ, არ იცი, რომ მთელი დღე პანტა უნდა ჰკრიფო?
– რადა ვკრეფავ, – უპასუხა ქუჩემ. – მამაჩემი პანტის არაყს არ ეწყობა, მე მარტო სალხინოდ მოვალ.
– ქა, ბეჩა და გული როგორ გაგიძლებს ისე ჯდომას, როცა დიდი და პატარა წაკუზული მუშაობაში ვიქნებით, – უთხრა მეორემ.
– რას ჩამაცივდით, ქა, თუ ჩემი გშურთ, თქვენც მოირთენით.
– ურემი მზად არის, გოგოებო, გასწით! – დაიყვირა ხარაზაულმა. – არაყი ხომ ბლომად მოგაქვთ? უიმისოდ ბევრს ვერაფერს აგიკრეფთ.
– ბლომად არის, ნუ გეშინიან, – მიუგო ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და ხარებს შოლტი გაუტლაშუნა. ურმები დაიძრნენ და ყველანი უკან გაჰყვნენ. მეურმემ ურმული დაიღიღინა. ჯერ ყველანი დიდხანს გაჩუმებულნი მიდიოდნენ და თითქოს გულსა და თვალს ატკბობდნენ ბუნების გაღვიძების სიმშვენიერით, მერე ნელ-ნელა ღიღინი მოისმა და შემდეგ საერთო სიმღერად გადაიქცა.
წირვის დრო იყო, როდესაც ჩვენი ურმები შევიდნენ ბროლოსნის ტყეში. დიდებული იყო ეს ახოვანი ტყე ამ მშვენიერ ტაროსში. აქ სრული სიჩუმე სუფევდა, ნიავიც კი არ შეარხევდა მაღალის ხეების ტოტებს. არც ერთი ფრინველი არ დასჭიკჭიკებდა ამ უდაბნოს და არ აძლევდა სიცოცხლის ნიშანს. პანტით და ვაშლით სავსე იყო მთლად გაყვითლებული ტყე. ძირსაც გაყვითლებული მოთელილი ბალახი ეგო და ზედ ყვავილების მაგივრად ყვითელი პანტა და წითელი ვაშლი იყო გაშლილი. მგზავრებმა ერთი დიდი მუხა აირჩიეს და იმის ქვეშ ცეცხლი გააჩაღეს. ურმები გამოუშვეს და საუზმის სამზადისს შეუდგნენ. მალე დატრიალდა ირგვლივ ღორის მწვადების სუნი და ყველანი ცეცხლს შემოუსხდნენ. ქალებმა მთელ-მთელი პურები გადმოყარეს ბალახზე. მაგრა მოხარშული კვერცხები, ყვითელი ყველი და შავი არყის ბოთლები აჭრელებდნენ ბუნებისაგან გაშლილ სუფრას, ყველამ მადიანად გაუსვა ხელი საგძალს. თითო-ოროლა ყანწი არაყიც გადუსვეს და შემდეგ მოჰყვნენ ბაასს. ბევრი ითქვა ამ მთისა და იმ ბარისა. ადგომას თითქო არავინ აპირებდა. ყველას პირისახეზედ სრული კმაყოფილება იყო გამოხატული. მარტო ქუჩე იჯდა ბოლოს პირდაღმეჭილი და გულის ფანცქალით თითქო რაღაცას ელოდებოდა.
– კარგია, შვილო, – სთქვა ხარაზაულმა და ფეხზე წამოდგა. – აგრე რომ გააბათ, ე პანტა თითონ ხომ არ ჩაგვეკრიფება გოდრებში?
ყველანი მსწრაფლად წამოხტნენ. ბიჭები აცოცდნენ ხეებზედ დასაბერტყად და ქალები კრეფას შეუდგნენ. დიდხანს იკრიფა პანტა ბეჯითად, რამდენიმე გოდორი აივსო პირამდის და ხმა არავის დაუძრავს. ქუჩე კი უსაქმოდ აქა-იქ დაეხეტებოდა და დაუყენებლივ პანტას ჯიჯგნიდა. სამხრობამ მოატანა. მზემ ძალზედ გადიწია. ურმები რიგიანად დაიტვირთნენ და მუშებიც გასწორდნენ წელში.
– ეხლა კი კმარა, მე და ჩემმა ღმერთმა! ყოჩაღად იმუშავეთ, ჩემო გოგოებო, თქვენცა, ბიჭებო, – სთქვა ნოზაურმა. – ახლა ლუკმა შევჭამოთ და გავუდგეთ გზას, თორემ დაგვიღამდება და სიცივე ძალიან მოგვიჭერს.
– კმარა, კმარა, ნათლიაჩემო. აბა ერთი სამხარი და მერე გავკრათ.
სამხრისთვის კიდევ ცეცხლი აპრიალდა და, როდესაც გარს შემოუსხდნენ, ქუჩე აღარსად სჩანდა. ბევრი იყვირეს, ბევრი ეძებეს გარშემო, მაგრამ ამაოდ. მეტი ღონე არ იყო, უიმისოდ დასხდნენ საჭმელად. ამ ხელობად სუფრას ისეთი მხიარული შეხედულება აღარა ჰქონდა, როგორც დილას. ქუჩეს დაკლება უნებურად ყველას აწუხებდა. ყველანი მალე აიშალნენ და გაუდგნენ გზას.
– უი, დამიდგეს თვალები, – მუხლებში იცემდა ნოზაური, – რაღა პასუხი უნდა მივცე იმის თვალდამდგარ დედას: ხომ მე მომეკითხება?
– არა, შენ რაზე მოგეკითხება, ბეჩა? – უპასუხა ხარაზაულმა. – ის ყოველთვის ეგრე თავაწყვეტილია და ჩვენ რა ვქნათ?
– ნუ გეშინიანთ, ადამიანო, ის გზას არ დაჰკარგავს, ეხლა ვინ იცის, შინაცა ზის, – დაუმატა მეორემ.
ამ ლაპარაკში ურმები ტყეს გასცდნენ და ქუჩეს თავს წაადგნენ. ის წამოწოლილიყო მხარზედ და თავისს ამხანაგებს ელოდა. ყველამ იმის დანახვაზე შეჰკივლეს და საყვედურით მიმართეს: “რა ღმერთი გაგიწყრა, რაზედ გამოგვეპარე? ჩვენ გვეგონა, დათვებმა ხომ არსად გამოგფაშვესო”.
ქუჩე, ჩიხტი-კოპ გვერდზე მოქცეული, გაწითლებულის ლოყებით და პწკრიალა თვალებით თავჩაღუნული იდგა და პასუხის მაგივრად ფიქრში იყო წასული, ის თითქო აქ არ იმყოფებოდა და იმას არ შეეხებოდა ეს სიტყვები. ამ ყაყანში და ალიაქოთში თავს წამოადგათ ორ-ენაც, რომელსაც დღევანდელ მოგზაურობაში არ მიუღია მონაწილეობა.
– გამარჯვება თქვენი, ბიჭებო! ჩემი ჭოტა მოზვერი ხომ არსად დაგინახავთ, ჰა?
ამ კითხვაზე პასუხის მაგივრად მოისმა საშინელი, გაუთავებელი სიცილი. – გვინახავს, გვინახავს, – ისმოდა თითო-ოროლა სიტყვა და შემდეგ კიდევ გაუთავებელი ხარხარი. ყველას გვერდები ეჭირა ხელით და თვალებიდგან ღაპა-ღუპით ცრემლები სდიოდა სიცილისაგან.
თედომ და ქუჩემ ერთმანეთს გადახედეს და მიხვდნენ, რომ საიდუმლო გაუცხადდათ.
– ვაი თქვენ და ვარამი, – გაჯავრებულმა წაიტუტუნა ორ-ენამ და გაუდგა თავისს გზას და დანარჩენნი, სიცილისგან დაღალულნი, თავიანთსას.
მეორე დღესვე ეს ამბავი მთელმა სოფელმა შეიტყო. გაჩნდა ერთი საშინელი ჭორაობა და ალიაქოთი. ვარდის-უბანი ამაყობდა თავისს კეთილზნეობით და, როგორ მოხდა, რომ მოთრეულმა მოჯამაგირე ბიჭმა ლაფი დაასხა მთელ სოფელს! რასაკვირველია, ეს ამბავი ქუჩეს დედ-მამასაც მალე აცნობეს. ამ დღიდან ქუჩე აღარავის უნახავს სოფელში. ამბობდნენ, მამამ ისე სცემა, რომ ლოგინად ჩავარდაო. ორ-ენამ მეორე დღესვე გოგიას კაცი მიუგზავნა, მაგრამ იმან ქალის მიცემის მაგივრად მოკვლა დაუპირა. ამის შემდეგ ორ-ენა გაჰქრა სოფლიდგან. ამბობდნენ, რომ მილიციაში ჩაეწერა და ომში წავიდაო.
III
დადგა გიორგობის თვე და გაიმართა სოფლის ქორწილები. ვარდის-უბანშიაც მოიყვანეს ორიოდ პატარძალი და გაისტუმრეს რამდენიმე ქალი, მაგრამ არც ერთ ქორწილში ქუჩე არავის უნახავს. აღების-ღამე დღეს მოულოდნელად სოფელმა შეიტყო, რომ გოგიას ქორწილი აქვსო და ამაღამ ქუჩეს ისტუმრებსო. ვის აძლევს? როდის მოახერხა? ეს ვერავინ შეიტყო. ბინდისას ჩარდახიანი ურემი, რიგიანად მზითვით დადებული გავიდა სოფლიდგან და გაუდგა შარა-გზას, არც მაყრები, არც მეჯვარე, არც მდადე არ მისდევდნენ პატარძალს და არც ვარაყიანი გვირგვინის ტოტები უმშვენებდნენ მას კეკლუც კისერს. გვერდით უჯდა შუა ხნის კაცი, ხშირ ჭაღარამორეული. ის იყო ორმოცდაათის წლის ჭარმაგი, ნაქვრივალი და ოთხი შვილის მამა. სულ ექვს თვეს არ გაეარა, რაც ეს კაცი დაქვრივებულიყო, მაგრამ შვილების მომვლელად დედაკაცი იყო საჭირო და ბედმა ქუჩეზედ მიახეტა.
IV
გავიდა ექვსი თვე, ერთ მაისის საღამოს, როდესაც წვიმას წყნარად ჟუჟუნი გაუდიოდა ვარდის-უბნის არე-მარეზე, გოგია და ნინო ცეცხლა პირას ისხდნენ. ნინო შეჭამანდს ზელდა და გოგია ჩიბუხით ხელში გუზგუზა ცეცხლს შესცქეროდა; იმის სახეზედ რაღაც ჭმუნვა და მწუხარება გამოიხატებოდა. ამ დროს მძიმედ შემოიღო დიდი მუხის კარები დარბაზისა და ჩუმად შემოვიდნენ ორნი. ბნელაში მასპინძლებმა ვერ გაარჩიეს სტუმრები და სტუმრებიც ხმას არ იღებდნენ თავის გამოსაცნობად. ნინომ საჩქაროდ სანთელი აანთო და საშინლად შეჰკივლა, როდესაც შუა ბოძთან თავისი თავჩაღუნული ქალი დაინახა და მასთან სახეგანრისხებული სიძე. გოგიაც ფეხზე წამოხტა.
– ეს რა ამბავია? – ჰკითხა გოგიამ სიძეს.
– ეგ შენ უკეთ უნდა იცოდე, ჩემო ბატონო, მინამ მე, – მიუგო მან. – ღმერთმა ისე ხელი შენ მოგიმართოს, როგორც მე შენ მომატყუე და ჩემი შვილების მოვალე იყავ საუკუნოდ. დღემდის პატიოსანი ოჯახი შემირცხვინე და კერაზედ წყალი დამისხი. ჩაიბარე ეს შენი პატიოსანი ქალი. ეცადე, კარგად მოალოგინო და თავანკარა არ დაუზიანო.
– რას ამბობ, რასა? – ერთხმივ შესძახეს ცოლ-ქმარმა. ქუჩემ თავი უფრო ძირს დაღუნა.
– მზითევი, – გააგრძელა სიძემ, – რაც წამიღია, უკლისად უკან გაახლეთ. მშვიდობით.
გოგია და ნინო გაოცებულნი, პირდაღებულნი იდგნენ და პასუხსაც ვერ ახერხებდნენ. სიძე საჩქაროდ გავიდა გარეთ, შეახტა ცხენს და თვალის დახამხამებამდის მიიმალა სიბნელეში. ქუჩე ბოძთანვე ჩაჯდა, თვალზე ხელი მიიფარა და მოჰყვა მწარე ქვითქვითს. იმისმა ტირილმა გამოიყვანა დედ-მამა ფიქრისაგან და ორთავენი ერთად მხეცებივით დაეტაკნენ ქუჩეს. როგორ? შერცხვენილი და თავლაფდასხმული ქალი უკან დაუბრუნდათ! რა უნდა ეთქვათ ქვეყნისთვის და რა პირით უნდა შეეხედნათ მეზობლებისათვის? გაცოფებულნი ამაყობის დამცირებით, ესენი შეუბრალებლივ სტანჯავდნენ ქუჩეს. პირი, ხელი, ნაწნავები, ერთის სიტყვით, რაც კი ხელქვეშ მოხვდებოდათ, შეუბრალებლივ იბდღვნებოდა.
– აი, შე ოჯახქორო, შენა, შენი საქმე ეგრე იყო და არაფერს ამბობდი? – გაცოფებული დორბლებს ჰყრიდა გოგია და გვერდებს უზელდა წიხლით.
– მოკვდი, მოკვდი, შე გაგლეჯილო, რად მინდიხარ შერცხვენილი? მოკვდი, – ეუბნებოდა ნინო და აგლეჯდა კიკინებს.
გაჩუმებული თუ გულწასული ეგდო ქუჩე მიწაზედ და უსიტყვოდ იტანდა გამხეცებული ღვიძლი მშობლებისაგან ტანჯვას.
ბოლოს, როდესაც გული რიგიანად მოიოხეს, დაავლეს ხელი ორთავემ და გულწასული გოგო ბოსელში შეათრიეს. გამოიხურეს კარები და დასხდნენ კერასთან. ნინო მოჰყვა ღრიალს და გოგია თავ-პირში ცემას. ამ ხმაურობაზე მეზობლები შემოვიდნენ, დაიწყეს გამოკითხვა, ნუგეშისცემა და ხმამაღლივ წუწუნი: ერთ წამზე მთელი სახლი პირამდის სავსე იყო მთელი სოფლის მცხოვრებლებით. დიდი და პატარა ცდილობდა ნუგეში ეცა დედ-მამისთვის და ვაგლახი გადაეყარა უბედური შვილისთვის. ერთ კაცს ფიქრად არ მოსვლია ის ადამიანური აზრი, რომ მიეხედნათ პირმუცელ მომდგარ ქალისათვის და შემწეობა მიეცათ რამე. კარგა შუაღამისას დაიშალნენ ვარდის-უბნელები ამ მოულოდნელის ჯვარობიდგან. ნინო და გოგია მალე მიეცნენ ტკბილს თუ არა, კარგა ლაზათიან მაგარ ხვრინვას და ვერ გაიგეს, თუ რა დრამა ხდებოდა იმათ გვერდით.
როდესაც ქუჩე გონს მოვიდა, მიიხედ-მოიხედა და ნახა თავისი თავი საშინელ სიბნელეში, ცარიელ ნოტიო ალაგზე, პატარა ხბორების და მოზვრების გვერდით. შორით ჯუჯუტანიდან მოჩანდა შუქი და რაღაც ხმაურობა ისმოდა. იმან გაოცებულმა დაუგდო ყური და სივაგლახით გაიგონა, რომ დიდი და პატარა საქოლავს უგებდა მას. არც ერთი მოსარჩლე, არც ერთი ნუგეშისმცემელი მთელ სოფელში არავინ ჰყავდა. ის უნუგეშოდ მიწას დაასკდა და ცხვირპირიდგან სისხლი წასკდა. სამი დღის პურუჭმელმა დღეს ორმოცი ვერსი გამოიარა ცხენით, ზედაც ეს ნუგეში და ვაგლახი მდგომარეობა დაერთო, სრულიად წაართვა ძალა და კიდევ გულს შემოეყარა. განთიადზე ქუჩემ საშინელი ტკივილები იგრძნო. მთელს იმის გვამში ჯოჯოხეთი აღიგზნა და ცეცხლს უკიდებდა.
– რა ვქნა? რა ვუშველო ჩემს უბედურ თავს, – საცოდავად კვნესოდა ქუჩე და სიმწრით ხელებს იმტვრევდა. – თოკი მაინც მქონდეს, რომ თავი ჩამოვიხრჩო და მოვრჩე ამ გამოუთქმელ ტანჯვას. მეყო, მეტი აღარ შემიძლიან! მიშველეთ, ქრისტიანებო, მიშველეთ. – ამ სიტყვებზედ კიდევ წაუვიდა გული. როდესაც გონზე მოვიდა, ბოსელში მზის შუქი შემომდგარიყო და ანათებდა ამის უწყალო მდგომარეობას. გვერდით ეგდო პაწაწინა გალურჯებული ქმნილება და საცოდავად ჰკნაოდა. ის გიჟივით დააფრინდა პატარას, საჩქაროდ მიიკრა გულზედ. ალერსით დაეკონა და ისევ საჩქაროდ დაახეთქა ზღვეებზედ. ბავშვმა ერთი კი დაიკნავლა და საუკუნოდ გაჩუმდა. სწორედ ამ დროს შემოაღო ბოსლის კარი ერთმა მეზობელმა ბებერმა და ყველაფერი დაინახა.
V
ქუჩე ერთი საათის შემდეგ უგრძნობლად გამოიტანეს ბოსლიდგან. მთელი სამი კვირა ძაფზედ ეკიდა იმის სიცოცხლე. ბევრი მწარე დღეები გაატარეს გოგიამ და ნინომ იმის გვერდით. ამათ მარტო ეხლა იგრძნეს თავიანთი დანაშაული, მარტო ეხლა გაიღვიძა მათში მშობლიურმა გრძნობამ თავიანთ საყვარელის ერთ შვილისადმი. მარტო ეხლა გრძნობდნენ, რომ ისინი და ისევ ისინი იყვნენ მიზეზნი თავიანთი შვილის დაღუპვისა და თუ ამათი უზომო ამაყობა არა, ქუჩე იქნებოდა ბედნიერი და რიგიანი დედაკაცი. მარტო ეხლა გრძნობდნენ ამას და საყვედურით შესტიროდნენ ერთმანეთს. მაგრამ გვიანღა იყო მათი სინანული. იმათი პირმშო შვილი განწირული იყო საზოგადოებისაგან და იმისი ცხოვრება საუკუნოდ დაფუშული. ქუჩე მორჩა, მაგრამ ვაი იმ მორჩენას, რომ იმას დღე მოელოდა. რაწამს ფეხზე ადგომა შეიძლო, ვარდის-უბანში ვიღაცას მეცადინეობით მოვიდა გამომძიებელი. ქუჩეს ბავშვი საფლავიდგან ამოიღეს. ექიმმა შეამოწმა იმის ძალათი სიკვდილი და ქუჩე, როგორც ბრალდებული, წარუდგა გამომძიებელს. ვინღა იცნობდა ამაში ჯანით და სიკეკლუცით სავსე გოგოს. ის აჩრდილიც აღარ იყო იმ დედაკაცისა, რომელიც ამ ცხრისა თუ ათის თვის წინათ სიცოცხლით სავსე უვლიდა ცეკვას. ფერმიხდილი, ზურგში წახრილი, დაბინდებულის თვალებით ძლივსღა იდგა ფეხზედ და წამ-და-უწუმ ტორტმანებდა.
– დაჯექ, რადგან არ შეგიძლიან, – უთხრა გამომძიებელმა. – რად მოიმოქმედე ეს საშინელი საქმე?
– იმიტომ, რომ……
– რატომ? სუყველაფერი სიმართლითა სთქვი. ეგ დანაშაულს შეგიმსუბუქებს.
– იმიტომ, რომ მე მინდოდა დავსჯილიყავ, იმიტომ, რომ მე მინდოდა იმისთვის ამეცილებინა ჩემი ბედი და იმის სიკვდილით შემემოკლებინა ჩემი მწარე დღეები. მე მინდა, რომ მომკლათ, ამ წუთისოფელს მომარჩინოთ. მომკალით, ბატონებო, მომკალით თქვენის ღვთის-გულისათვის. მე სიცოცხლე აღარ მინდა.
– არა, სუყველაფერი უნდა სწორედა სთქვათ.
– მე მოვკალი ბავშვი. ამაზე მეტს ვერას ვიტყვი და არცარა მაქვს რა სათქმელი. ჩამომახრჩეთ, გევედრებით, ჩამომახრჩეთ.
მოწმეებმა ყველამ დაამტკიცეს, რომ ქუჩემ დედამიწას დაახეთქა თავისი შვილი და იმითი მოჰკლაო. იმაზედ, თუ რამ მიიყვანა იქამდის, რასაკვირველია, ხმა არავის ამოუღია.
VI
როცა ქუჩე თბილისს წიყვანეს და ციხეში შეამწყვდიეს, ნინო და გოგია გაგიჟებულივით გაცვივდნენ ქალაქს, თან წაიღეს რაც კი სულს აქეთ ებადათ. ბევრსა ცდილობდნენ შვილის განთავისუფლებას, მაგრამ ტყუილი იყო: მართლ-მსაჯულება შეუსყიდველია და ქუჩეს ათი წლით ციმბირი გადაუწყვიტეს.
სასამართლოს დარბაზი სრულიად ცარიელი იყო. სულ ათი კაცი არ დასწრებია ამ საქმის გარჩევას. აბა რა ღირსსაცნობი იყო საწყალი გლეხის გოგოს ამბავი? ქუჩე რომ დიდის ოჯახის ასული ყოფილიყო, მაშინ ადვოკატები მჭევრმეტყველებაში ივარჯიშებდნენ, მაშინ სასამართლო ბევრს შემამსუბუქებელს საშუალებას მიიღებდა მხედველობაში! ეხლა კი გოგიამ ვიღაცა საეჭვო პატიოსნების “ადუკანტი” მოიწვია, რომელიც სასამართლოს წინ თრთოდა, გამართლების მაგივრად თავის მომწვევლებისთვის შებრალებას თხოულობდა. შებრალებას! შებრალებას იქიდგან, სადაც კაცის გული გაქვავებულია და სადაც სხვისი ჭირი მხოლოდ გამართობელი საგანია! ქუჩე ტუსაღის ტანისამოსით, თვალებზე შალჩამოფაფხული უგრნობლად იჯდა. იმან ამ დღეს მარტო ორჯერ აიხედა მაღლა: ერთი მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებაზე გოგიამ და ნინომ ტირილი მორთეს, – და საშინელი იყო ეს გადახედვა! ამ გადახედვაში და მწარე ღიმილში გამოცხადდა სრული სიძულვილი და ზიზღი იმის ამ დღემდის მიმყვანთა ცრემლების უალაგობაზე; და მეორე მაშინ, როდესაც ის ორს შტიკიან სალდათს ჩამოჰყავდათ სასამართლოს კიბეზე; იქ, კუნჭულში იდგა გაყვითლებული, დაგლეჯილის ტანისამოსით, ცალხელა ყმაწვილი ბიჭი და ხელგაშვერილი მოწყალებას თხოულობდა. ქუჩეს გააჟრჟოლა. ის ერთის წამით შესდგა, უნუგეშოდ თავი გაიქნია და ეხლა კი ცრემლები ვეღარ შეიმაგრა. იქნება წარმოიდგინა ის წამები, როდესაც ესენი ზეცამდის ბედნიერნი იყვნენ მარტო სიყვარულით და ეხლა კი იმავე სიყვარულისა და ადამიანის სიბრიყვის წყალობით უფსკრულამდის უბედურნი. ერთის წლის წინათ სავსენი სიცოცხლით, სილამაზით და სიჭაბუკით ერთმანეთს შესტრფიალებდნენ და კაცის თვალს ატკბობდნენ, ეხლა კი დამახინჯებულნი იმავე ხალხის მოწყალებით განიწირებოდნენ საზოგადოებიდგან.
ქუჩე წაიყვანეს. თედომ სწრაფად გაიწია იმის შესაგებებლად, მაგრამ ხელზედ დაიხედა, მწარედ გაიღიმა და უნუგეშოდ, თითქოს საყვედურით, ზეცას შეხედა.
1883