განხილვაკინემატოგრაფია

სიყვარულის იმიტაცია Imitation Of Life (1959)

სიცოცხლის იმიტაცია დუგლას სირკის უკანასკნელი ფილმია. დიდებული, საუცხოო ფილმი სიცოცხლეზე და სიკვდილზე… და ამერიკაზეც. ფილმის პირველი შესანიშნავი მომენტია, როდესაც ენი ეუბნება ლანა ტერნერს, რომ სარა ჯეინი მისი ქალიშვილია. ენი შავკანიანია, სარა ჯეინი კი თითქმის თეთრი. ლანა ტერნერი ჯერ წაიყოყმანებს, შემდეგ გაიაზრებს, ისევ წაიყოყმანებს და უცბად თავს მოიკატუნებს, თითქოს ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია, შავკანიან ქალს რომ თეთრი შვილი ჰყავს. მაგრამ ბუნებრივი ამ ფილმში არაფერია. არსად. ფილმში ყველა ცდილობს დაეპატრონოს საკუთარი ფიქრებსა და ოცნებებს – სარა ჯეინს იმიტომ კი არ სურს თეთრკანიანად გაასაღოს თავი, რომ თეთრი უფრი მიმზიდველი ფერია, ვიდრე შავი; არამედ იმიტომ როდესაც თეთრი ხარ, ცხოვრებაც უკეთესია. ლანა ტერნერს იმიტომ კი არ სურს მსახიობობა, რომ სიამოვნებას ღებულობს ამით, არამედ იმიტომ რომ ცხოვრება მეტ შანსს გთავაზობს, თუ წარმატებული ხარ. და ენისაც იმიტომ კი არ სურს თვალისმომჭრელი გასვენების ცერემონია, რომ რაიმე სარგოს ელის, ის ხომ უკვე მკვდარი იქნება; არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავის ფასი რეტროსპექტიულად მაინც აამაღლოს სხვების თვალში – ის რასაც მოკლებული იყო სიცოცხლის მანძილზე. ფილმის ვერც ერთი პერსონაჟი ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერი – ფიქრები, სურვილები, ოცნებები – სოციალური რეალობიდან გამომდინარეობს ან მის მიერაა მანიპულირებული. არ ვიცი სხვა არც ერთი ფილმი, სადაც ეს ფაქტი ასეთი სიზუსტით და ასეთი სასოწარკვეთითაა ფორმულირებული. უკვე დასასრულისკენ, ერთ მომენტში ენი ლანა ტერნერს ეუბნება, რომ უამრავი მეგობარი ჰყავს. ლანა საგონებელში ვარდება. ენის მეგობრები ჰყავს? ორი ქალი უკვე 10 წელია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და ლანამ არაფერი იცის ენის შესახებ. ლანა ტერნერის გაოგნება სულაც არაა გასაკვირი. ლანა ტერნერი მაშინაც გაოგნებულია, როდესაც ქალიშვილი ადანაშაულებს, რომ მუდამ მარტო ტოვებდა მას; და მაშინაც, როდესაც სარა ჯეინი თეთრი ქალღმერთის მიმართ კაპასი ხდება, რადგანაც პრობლემები აქვს და უნდა რომ სხვებმა ის სერიოზულად აღიქვან. მაშინაც კი, ერთადერთი რაც ლანა ტერნერს შეუძლია, ეს გაოგნებაა. ის მაშინაც გაოგნებულია, როცა ენი კვდება. როგორ შეეძლო ასე უბრალოდ ჩაწოლილიყო და მომკვდარიყო? უსამართლოა როდესაც რეალობას ასე უეცრად ეტაკები პირისპირ. ფილმის მეორე ნახევარშიც, ლანა გაოგნების მეტს არაფერს გამოხატავს. შედეგი კი ისაა რომ, ამიერიდან მხოლოდ დრამატული როლების შესრულებას მოისურვებს. ტკივილი, ცრემლბი, სიკვდილი – აქედანაც შეიძლება რაღაც სარგებლის გამოტანა. სწორედ აქ იქცევა ლანა ტერნერის პრობლემები, რეჟისორის პრობლემებად. ლანა მსახიობია, შესაძლოა საკმაოდ კარგიც. თუმცა ამის თაობაზე ბოლომდე დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. თავიდან, უბრალოდ საარსებო ლუკმა-პურისთვის მუშაობს. ან იქნებ კარიერის გაკეთებაც სურს? ქმრის სიკვდილს დიდი დაღი არ დაუსვია მისთვის. ერთი ის იცის რომ კარგი რეჟისორი იყო. მგონი ლანას კარიერული მიღწევები უფრო აღელვებს. ფული მისთვის მეორეხარისხოვანია, წარმატება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ჯონ გევინი ლანას პრიორიტეტების სიაში მესამე ადგილზეა. ჯონს ლანა უყვარს. ლანას გულისთვის, მისი ფინანსური მხარდაჭერა რომ შესძლებოდა, უარი თქვა არტისტულ ამბიციებზე და ფოტოგრაფად მოეწო სააგენტოში. ლანას კი არ ესმის სიყვარულის გამო ამბიციებზე როგორ უნდა თქვა უარი. ჯონიც კაი სულელია, ლანას ულტიმატუმს წაუყუენებს – ან მისი ცოლობა ან კარიერა. ლანა ამ ულტიმატუმს დრამატულად აღიქვამს და კარიერას აირჩევს.

ზუსტად ასე გრძელდება მთელი ფილმიც. გეგმებს აწყობენ ბედნიერ მომავალზე, ურთერთზრუნვაზე და სიყვარულზე…შემდეგ რეკავს ტელეფონი, ახალი სამუშაო შემოთავაზება და ლანაც ფხიზლდება. ეს ქალი უიმედო შემთხვევაა. არანაკლებია ჯონ გევინიც. თავიდანვე უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. მაგრამ მაინც ამ ქალს ებღაუჭება. ჩვენც ხომ სწორედ ისეთი ამბები გვაინტერესებს, საიდანაც არაფერი გამოვა. ჯონი შეუყვარდება ლანა ტერნერის ქალიშვილს. ის სწორედ ისეთია, როგორიც ჯონს უნდა რომ ლანა იყოს – მაგრამ ის ხომ არ არის ლანა. ეს ყველაფერი გასაგებია. ოღონდ სანდრა დის ეს არ ესმის. ალბათ შეყვარებულ ადამიანს ზოგადად დაჩლუნგებული აქვს გაგების უნარი აი მაგალითად ენის, მასაც უყვარს შვილი, მაგრამ სრულიად არ ესმის მისი.

ერთხელაც, როცა ჯეინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ერთ წვიმიან დღეს ენიმ შვილს ქოლგა მიუტანა სკოლაში. სარა ჯეინი თეთრკანიანად ასაღებდა სკოლაში თავს. სიმართლე მაშინ გაცხადდება, როდესაც დედა ქოლგით მიაკითხავს სკოლაში. სარა ჯეინს ეს არასდროს დაავიწყდება. და როდესაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ენის სურს რომ უკანასკნელად იხილოს სარა ჯეინი, მაშინაც სწორედ სიყვარული შეუშლის ხელს, რომ გაუგოს შვილს. მას თითქოს ცოდვად მიაჩნია სარა ჯეინის სურვილი, თეთრკანიანად გაასაღოს თავი. ამ სცენაში ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ რაც უფრო დაუნდობელი და სასტიკია სარა ჯეინი, მით უფრო საბრალო და საწყალია ენი. ფაქტიურად კი სწორედ საპირისპიროდაა საქმე. ზუსტად რომ დედაა სასტიკი, როდესაც შვილისადმი სიყვარულის გამო, სრული კონტროლის დამყარება სურს მასზე. და სარა ჯეინიც დედამისის ტერორისგან იცავს თავს. სისასტიკე კი იმაშია, რომ ჩვენ ორივე მათგანის გვესმის, ორივე თავის მხრივ მართლები არიან, მაგრამ მათ დახმარებას ვერავინ შეძლებს. მანამ სანამ სამყაროს არ შევცვლით. ამ სცენაზე მთელი კინოდარბაზი ვტიროდით. იმიტომ რომ სამყაროს შეცვლა არც ისე იოლია. შემდეგ ყველა ისევ ენის დაკრძალვაზე მოიყრის თავს და რამოდენიმე წუთით ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი რიგზეა. სწორეს ეს „თითქოს“ არის, რის გამოც იმავე სულელურ ყოფას განაგრძობენ, შინაგანად, გაკვრით აცნობიერებენ თუ რისკენ მიილტვიან სინამდვილეში, თუმცა ისევ მალევე ივიწყებენ ამას.

სიცოცხლის იმიტაცია იწყება როგორც ფილმი ლანა ტერნერის პერსონაჟის შესახებ და სრულიად შეუმჩნევლად გადადის ფილმში ენის, შავკანიანი ქალის შესახებ. რეჟისორმა უარი თქვა იმ პრობლემაზე რომელიც თავად მას ეხება, თემის იმ ასპექტზე რომელიც მის საქმნიანობას მოიცავს და ენის ბედისწერაში მიაგნო სიცოცხლის იმიტაციას, ბევრად უფრო სასტიკს, ვიდრე ლანას ან საკუთარ შემთხვევაში მონახავდა. ნაკლები შესაძლებლობებით. მეტი უიმედობით.

მე ვცადე დამეწერა დუგლას სირკის ექვს ფილმზე და აღმოვაჩინე რომ ძალიან რთულია წერო ფილმებზე, რომლებიც ეხება სიკვდილს და არ წარმოადგენენ ლიტერატურას. შეიძლება ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა. საკმარისი არ ვთქვი განათებაზე: როგორი ფრთხილია, როგორ ეხმარება სირკს ცვალოს ამბები. განათებაში მხოლოდ ჯოზეფ ვონ შტერნბერგია მისი ბადალი. არც დუგლას სირკის მიერ შექმნილ ინტერიერებზე მითქვამს საკმარისი. როგორ წარმოუდგენლად ზუსტია ისინი. არც ყვავილების და სარკეების მნიშვნელობაზე დავწვრილმანებულვარ და იმაზე, თუ რას გამოხატავენ ისინი სირკის მიერ მოყოლილ ამბებში. ყურადღება საკმარისად არ გამიმახვილებია იმაზე, რომ სირკი არის რეჟისორი რომელიც მაქსიმუმს წურავს მსახიობებისგან. რომ სირკის ფილმებში ისეთი ზომბებიც კი, როგორებიც მარიენ კოხი და ლიზელოტ პულვერია ემგვანებიან ცოცხალ ადამიანებს, რომლებსაც შეგვიძლია რომ ვენდოთ და გვინდა რომ ვენდოთ. ამასთან, დუგლას სირკის სულ რამოდენიმე ფილმი მინახავს. ვისურვებდი რომ ყველა, 39-ივე ფილმი მქონდეს ნანახი. შეიძლება უფრო მეტი გამეგო საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და მეგობრებზე. დუგლას სირკის მხოლოდ 6 ფილმი მაქვს ნანახი. მათ შორისაა მსოფლიოს უმშენიერესი ფილმები.

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button