ლიტერატურაპოეზია

ალექსანდრე აბაშელი – ნიკო ლორთქიფანიძე

ხშირად მგონია, რომ მე მასთან შეხვედრას ველი,
რადგან არ სჯერა გულს, რომ იგი ბნელს მიეფარა.
ვინც ისე ნათლად დაგვანახა ქვეყანა ძველი,
თითქო წარსულის გასაღები იმას ებარა.

და ვფიქრობ, ალბათ გადაურჩა სიკვდილის მახეს,
მხოლოდ დროებით უცნაურად გაუჩინარდა.
ასე მგონია, რომ თვალს მოვკრავ მის მდუმარ სახეს
სადმე თეატრთან და ან ბაღში ნაცნობ ჩინართან.

შუაღამის ჟამს გამოჩნდება ჩაფიქრებული,
ნელი ნაბიჯით ამოჰყვება რუსთველის ქუჩას,
თითქოს უხილავ ჩვენებათა ახლავს კრებული,
ვერავის ამჩნევს და თვალებში ნაღველი უჩანს.

იქნებ საოცარ საიდუმლოს გულში ინახავს?
იქნებ ფიქრები აღუშფოთეს სამშობლოს მტრებმა?..
ოპერის ბაღთან, აკაკის ძეგლს რომ დაინახავს,
შეაღებს ჩუმად წარსულის კარს და უცბად ჰქრება…

იგი გადადის იმ უკუღმართ ქვეყნის არეში,
სადაც მძვინვარებს გარდასული ძველი თაობა,
მის წინ იშლება ბნელ ვნებათა მკაცრი თარეში,
ჟამთა სიავის შემზარავი სანახაობა…

ღამეა. მთვარე გადმომდგარა კლდეზე ჯიხვივით.
კოშკზე ნაბადში გახვეული კანკალებს ქალი.
ისმის ჩოჩქოლი და არჩილის ცხენის ჭიხვინი,
იულონს გულში მძულვარების ეგზნება ალი.

შემდეგ უეცრად მოწამლული ბოღმის ანთება,
სისხლის ნაკადად გადმოღვრილი გულის ვარამი.
დედასთან შვილის სასიკვდილო შეკამათება
და აივნის ქვეშ საფლავივით ღია წკვარამი.

მეფის სამსჯავრო. უნამუსო დიდებულები.
თვალებდათხრილი იულონის მწარე მუდარა.
გაუტანლობა, შური, მტრობა, ტანჯვა ულევი…
ჟამთა სიავეს სისხლის გარდა არა უნდა-რა.

მრისხანე ბატონს სისხლიანი უყვარს თამაში.
ბნელში გაზრდილი ორი კურო გამოჰყავთ გარეთ,
პირუტყვთა ზურგზე გაკრულია ქალი და ვაჟი,
ქალს თითქოს სძინავს, ვაჟი იკვნეტს მშრალ ტუჩებს მწარედ.

მზიან ეზოში დამფრთხალ კუროს ზმუილის ხმაზე
მორბის მეორე, სინათლისგან თვალდანაფეთი.
უცებ იელვებს ხანჯალივით მოქნეულ რქაზე
გაფატრულ ქალის სისხლიანი მკერდის ნაფლეთი.

და ისევ ბედით განწირულის სულის ღაღადი,
ხარზე გაკრული ვაჟის ოხვრა, წყევა-მუდარა.
გაუტანლობა, შური, მტრობა, სისხლის ნაკადი,
მრისხანე ბატონს სისხლის გარდა არა უნდა-რა…

ფითრდება ღამე. ის ბრუნდება ჩაფიქრებული,
ნელი ნაბიჯით კვლავ გადასჭრის რუსთველის ქუჩას.
თითქოს უხილავ ჩვენებათა ახლავს კრებული,
ვერავის ამჩნევს და თვალებში ნაღველი უჩანს.

17 ივნისი, 1945 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button