ფლორა & ფაუნა

ჩოქელა (Mantis religiosa)

ჩოქელა მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. მისი 15 ოჯახი და 2200-მდე სახეობა არსებობს. სახელი წინა ფეხების განსაკუთრებული პოზიციის გამო უწოდეს – ისინი ერთნაირადაა მოხრილი ისეთი კუთხით, რომ მლოცველის პოზიციას მოგვაგონებს. ჩოქელა საუკუნეებია, ადამიანის გვერდზე ცხოვრობს და ყოველთვის აოცებდა მათ თავისი მოქნილობითა და იდუმალებით.

უცნაურია, მაგრამ ჩოქელა ბიოლოგიურად ყველაზე ახლოს ტერმიტებთან და ტარაკნებთან დგას და არა კალიებთან. ის საკმაოდ მოხერხებული და საშიში მტაცებელია. აქვს სამკუთხა თავი, რომელიც გრძელ “კისერზე”, უფრო სწორად კი წაგრძელებულ გულმკერდზეა მიმაგრებული. მას თავის მობრუნება 180 გრადუსით შეუძლია, რისი მეშვეობითაც მთელ არემარეს ზვერავს 300 გრადუსზე 15 მეტრის რადიუსში თავისი ორი დიდი თვალით და მათ შორის მდებარე 3 პატარა მარტივი თვალით. ჩოქელა ძირითადად ყავისფერი ან მწვანე ფერისაა. მას კამუფლაჟის საოცარი თვისება აქვს. შეუძლია დაემსგავსოს ფოთოლს, ტოტს, კვირტს, ყვავილს, ხავსს და ა.შ.

ჩოქელას თვალები შედგება 10 000 თვალაკისგან, რაც მსხვეპლის შემჩნევას უიოლებს. ისინი გაუმაძღარი მტაცებლები არიან, საკვებად თითქმის ყველაფერს ეტანებიან: კალიები, ჭრიჭინები, ხვლიკები, ბაყაყები, ჩიტები, მომცრო გველები, კუები და ზოგჯერ მღრღნელებიც კი ამ არსების ყურადღების ცენტრში ექცევიან. ხანდახან ჩოქელა თანამოძმეების შეჭმაზეც არ ამბობს უარს.

სანადიროდ იყენებს წინა ფეხებს, რომლებიც კბილანებითაა აღჭურვილი. ამასთან ეს კბილანები მიმართულია შიგნითკენ. შესაბამისად, როცა ჩოქელა მსხვეპლს მოიგდებს, მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი ხდება. ის ჩუმად უსაფრდება მსხვერპლს, ნელ-ნელა მიიწევს მისკენ, შემდეგ კი საოცარი სისწრაფით იჭერს მსხვერპლს და მაშინვე პირზე არსებული უამრავი საცეცის საშუალებით მის დაგემოვნებას იწყებს. მსხვერპლი ამ დროს საშინელ ტანჯვას განიცდის: მას ხომ ცოცხლად მიირთმევენ. ჩოქელას ფეხები ისე სწრაფად მოძრაობს, რომ ადამიანის შიშველ თვალს მისი აღქმა არ შეუძლია.

ჩოქელების უმეტესობას ფეხთან აქვთ სასმენი აპარატი, რომელსაც ჭრილის ფორმა აქვს. მას დაფის ორი აპკი აქვს 25-60 კილოჰერცზეა გათვლილი, რაც საშუალებას აძლევთ, გაიგონონ ღამურების მიერ გამოცემული ბგერები და სწრაფად ჩაუსაფრდნენ.

მამრი ჩოქელები მხოლოდ ერთხელ ახერხებენ სექსუალური სიამოვნების მიღებას: მდედრები განაყოფიერებისას ან შემდეგ მამრებს ჭამენ. მამრებმა ეს იციან, თუმცა მაინც არ უფრთხიან შეწყვილებას. მდედრი განაყოფიერების შემდეგ ასობით კვერცხს დებს, საიდანაც მშობლების პატარა ასლები იჩეკებიან. ჩოქელას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელიწადს შეადგენს.

ჩოქელა მოხსენიებულია ჩინურ პოემებში. კუნგ-ფუში ჩოქელას სტილიც არსებობს. აფრიკული ტომები სანი და ხოი მას ღმერთად მიიჩნევენ. თურქულ და არაბულ კულტურებში მიჩნეულია, რომ ჩოქელას თავი მექისკენ აქვს მიმართული, ფრანგულში კი დაკარგული ბავშვის პოვნის საშუალებად ითვლება. ჩინეთში მის კვერცხებს წვავდნენ და ასე მკურნალობდნენ ძილში უნებლიე შარდვას. ჩოქელას ყველაზე ადრეული ნამარხები მიეკუთვნება ოლიგოცენის ერას – 23-34 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button