ხორხე ლუის ბორხესი – ყველაფერი და არაფერი
მის არსებაში არავინ იყო. მისი სახის (რომელიც თვით იმ დროის ცუდ მხატვრობაშიც კი სხვას არავის ჰგავს) და მისი სიტყვების (მრავალფეროვანის, ფანტასტიკურისა და მღელვარის) მიღმა სხვა არაფერი იდგა, თუ არა მცირეოდენი სიგრილე, ვიღაცის მიერ ვერდასიზმრებული სიზმარი. თავდაპირველად ყველა თავისნაირი ეგონა. მაგრამ გაკვირვებამ და შეცბუნებამ იმ ნაცნობთა მხრიდან, ვისაც აღუწერდა თავის სიცარიელეს, დაანახვა საკუთარი შეცდომა და სამუდამოდ ჩააგონა, რომ ცალკეული ინდივიდი არ უნდა გამოეყოს თავის სახეობას. რაღაც მომენტში იფიქრა, იქნებ წიგნებმა მიწამლონ რამეო. ამ მიზნით შეისწავლა „ცოტაოდენი ლათინური და უფრო ნაკლები ბერძნული“ (როგორც ერთ-ერთი მისი თანამედროვე ახსენებდა მოგვიანებით). მერე იფიქრა, რასაც მე ვეძებ, შეიძლება კაცობრიობის სტიქიურ რიტუალში ვიპოვოო. ასე მისცა თავის თავს უფლება, რომ ივნისის ერთ გრძელ ღამეს ზიარებოდა საიდუმლოს ანა ჰასევეის მეშვეობით.
ცხრის რაღაც წუთებზე ლონდონს გაემგზვრა. უკვე ინსტიქტურ ჩვევად ჰქცეოდა თავი ვიღაცად წარმოედგინა, რათა მისი „არავინობა“ ვერავის აღმოეჩინა. ლონდონში იპოვა საქმე, რომლისთვისაც მოწოდებული იყო: გახდა მსახიობი, ანუ ადამიანი, რომელიც სცენაზე დგას და ვიღაც სხვად ყოფნას თამაშობს იმ აუდიტორიისთვის, ვინც თამაშობს, რომ მას სხვად იღებს. მსახიობობამ ბედნიერება მოუტანა, ალბათ ცხოვრებაში პირველად. მაგრამ როდესაც უკანასკნელი სტრიქონი ითქვა და უკანასკნელი მოკლულიც აპლოდისმენტების თანხლებით გავიდა სცენიდან, არარეალობის საძაგელმა გემომ წალეკა. აღარ უნდოდა ფერექსად ან ტამბერლენად ყოფნა და ისევ „არავინობას“ დაუბრუნდა. შეშინებულმა, დევნილმა, სხვა გმირების, სხვა ტრაგიკული ზღაპრების განსახიერება დაიწყო. ამრიგად, სანამ მისი სხეული თავისი სხეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა ლონდონის საროსკიპოებსა და ტავერნებში, მის შიგნით მყოფი სული ხან კეისარი იყო და არად აგდებდა სიბილას შეგონებას, ხან ჯულიეტა, რომელსაც სძულდა ტოროლა, ხან მაკბეტი, ტორფნარში რომ ელაპარაკებოდა კუდიანებს, ანუ ბედისწერის მქსოველ სამ დას. არავინ იყო ამდენი ადამიანი, რამდენიც ეს კაცი, რომლის რეპერტუარი, ეგვიპტელი პროტევსისა არ იყოს, ყოფიერების ყველა სახეს შეადგენდა. დროდადრო, ხან აქ და ხან იქ თავის ქმნილებებში, აღსარებას ამბობდა, დარწმუნებული, რომ ვერავინ მიუხვდებოდა. რიჩარდი ამბობს, ჩემ შიგნით მრავალი ადამიანის როლს ვთამაშობო, ხოლო იაგო საგულისხმოდ გამოთქვამს: „მე არ ვარ ის, რაც ვარ“. სიცოცხლის, ოცნებისა და პერფორმანსის ძირეული იგივეობა ცნობილ პასაჟებს შთააგონებდა.
ოცი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიზანმიმართულ ჰალუცინაციაში. ერთ დილას კი დაარეტიანა ყოფიერების მოყირჭებამ და ზაფრამ, ამდენმა მეფემ, რომლებსაც ხმალი კლავს, და ამდენმა უპასუხოდ დარჩენილმა მიჯნურმა, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, შორდებიან და მელოდიურად ღაფავენ სულს. იმ დღეს გადაწყვიტა გაეყიდა თავისი თეატრი. ერთ კვირაში დაუბრუნდა მშობლიურ ადგილს, სადაც კვლავ შეუერთდა ბავშვობის დროინდელ ხეებს და მდინარეს, რომლებსაც აღარ უიგივებდა მითოლოგიური ალუზიებითა და ლათინური სიტყვებით გაზღაპრებულ ხეებსა და მდინარეებს, მანამდე რომ განედიდებინა მის მუზას. და რაკი ვიღაც მაინც უნდა ყოფილიყო, ამიტომაც გახდა გადამდგარი ბიზნესმენი, რომელსაც ფული ეშოვა და ახლა სესხები, სასამართლო პროცესები და წვრილმანი მევახშეობა აინტერესებდა. სწორედ ამ როლში იყო, როდესაც შექმნა თავისი მოსაწყენი, სადღეისოდ ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი ნება და ანდერძი, რომლიდანაც შეგნებულად გააქრო გრძნობისა თუ ლიტერატურის უმცირესი ნიშატი. ლონდონელი მეგობრები აკითხავდნენ განმარტოებულს და ისიც ერთხელ კიდევ თამაშობდა მათთვის პოეტის როლს.
ისტორია ამატებს: თურმე სიკვდილის წინ ან შემდეგ მას აღმოუჩენია, რომ ღმერთის წინაშე დგას და ეუბნება: „მე, რომელიც ამდენი კაცი ვიყავი და ასე ამაოდ, მსურს, ვიყო ერთი, ვიყო ჩემივე თავი“. ღმერთის ხმამ ქარაშოტიდან გამოსძახა: „არც მე ვარ მე. მეც ისევე მესიზმრა ქვეყნიერება, როგორც შენ – შენი საქმე, შექსპირო, და ჩემი სიზმრის ფორმებს შორის მოიპოვები შენც, რომელიც, ჩემსავით, ბევრი ხარ და, იმავდროულად, არავინ“.