National Geographic

National Geographic – 7 მილიარდიანი მოსახლეობა

პლანეტაზე მალე 7 მილიარდი ადამიანი ივლის, 2045 წელს კი ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 9 მილიარდზე ავა. შეუძლია დედამიწას ამის ატანა?

1677 წლის გაზაფხულზე, ჰოლანდიის ქალაქ დელფტში, ქსოვილების ვაჭარმა ანტუან ვან ლევენჰუკმა უეცრად შეწყვიტა ცოლთან სექსი და სამუშაო მაგიდას მიაშურა. ტანსაცმელი მისთვის ფულის შოვნის საშუალება იყო, მიკროსკოპი კი გატაცება. პირველ ცოლთან უკვე 5 შვილი ჰყავდა (თუმცა მეოთხე პატარაობისას დაიღუპა), ამიტომ მეტი შვილის გაჩენას აღარ აპირებდა. ლევენჰუკს მის მიერვე შექმნილი გამადიდებელი შუშა ჰქონდა, რომლითაც საგნებს აკვირდებოდა. ლინზა წვიმის წვეთის ხელა იყო, მაგრამ ასჯერ გადიდება შეეძლო. ასეთი მძლავრი რამ მაშინ არავის ჰქონდა.

ლონდონის სწავლული ადამიანები ცდილობდნენ, დაედგინათ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ლევენჰუკის განაცხადი “პატარა ცხოველების” შესახებ, რომლებიც ტბის ერთ წვეთში და ფრანგულ ღვინოშიც კი მილიონობით იყვნენ. თუმცა ამ მომენტში ლევენჰუკს უფრო საინტერესო ამბავი ჰქონდა მათთვის: “პატარა ცხოველებს” ადამიანის სპერმაც შეიცავდა. “ქვიშის მარცვლის ოდენა ნივთიერებაში მათი რაოდენობა ზოგჯერ ათასზე მეტია”, წერდა ის. გამადიდებელ შუშას ძვირფას ქვასავით ატრიალებდა და აკვირდებოდა მიკროსკოპულ ორგანიზმებს, რომლებიც ერთ დროს მის სხეულში ცხოვრობდნენ. უყურებდა, როგორ იქნევდნენ გრძელ კუდებს.

ამის შემდეგ ანტუანი შეპყრობილი გახდა. რადგანაც მისი პაწაწინა საჭვრეტელა საშუალებას აძლევდა, დაენახა მანამდე უცნობი მიკროსკოპული სამყარო, უამრავ დროს ატარებდა იმათ დაკვირვებაში, რასაც ახლა სპერმატოზოიდებს ეძახიან. ერთხელ კი, როდესაც ვირთაგვას სათესლე სითხეს აკვირდებოდა, სრულიად შემთხვევით, თავში აზრად მოუვიდა, გამოეთვალა, რამდენ ადამიანს შეიძლებოდა ეცხოვრა დედამიწაზე.

ამაზე მაშინ წარმოდგენა არავის ჰქონდა, მხოლოდ რამდენიმე პატარა აღწერა იყო ჩატარებული. ლევენჰუკმა დაიწყო გამოთვლები იმ დაშვებით, რომ ჰოლანდიაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. რუკებისა და სფერული გეომეტრიის დახმარებით მან გამოითვალა, რომ დედამიწის დასახლებული ტერიტორია შეადგენდა ჰოლანდიაზე 13385-ჯერ მეტს. თუმცა ცხადია, ყველგან ჰოლანდიის მსგავსი სიმჭიდროვე ვერ იქნებოდა. ლევენჰუკმა დაადგინა, რომ მსოფლიო მოსახლეობა არ იქნებოდა 13.385 მილიარდზე მეტი. ეს ძალიან დიდი რიცხვი იყო ვირთევზას 150 მილიონ სპერმის უჯრედთან შედარებით. ეს პატარა გამოთვლა გახლდათ პირველი მცდელობა, გაცემულიყო რიცხვობრივი პასუხი კითხვაზე – რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია დედამიწას?

ისტორიკოსების გამოთვლით, ლევენჰუკის დროს მსოფლიოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ეს რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა მანამდე ათასწლეულების განმავლობაში, შემდეგ კი ზრდის სწრაფი ტემპი დაიწყო. 150 წლის შემდეგ, როცა სხვა მეცნიერმა აღმოაჩინა ადამიანის კვერცხუჯრედი, მსოფლიო მოსახლეობა გაორმაგებული იყო – მათი რაოდენობა მილიარდზე მეტს შეადგენდა. კიდევ ერთი საუკუნის შემდეგ, 1930 წელს, ისევ გაორმაგდა და 2 მილიარდი გახდა. მას შემდეგ ზრდის ტემპი გასაოცარია. XX საუკუნემდე არავინ მოსწრებია სიცოცხლის განმავლობაში მოსახლეობის გაორმაგებას, მაგრამ დღეს ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ეს სამჯერ იხილა. 2011 წლის მიწურულისთვის ჰომო საპიენსთა რიცხვი 7 მილიარდს მიაღწევს.

ამჟამად ზრდის ტემპი ნელდება, თუმცა შედეგები მაინც საგრძნობია. ადამიანები უფრო მეტს ცოცხლობენ, ბევრი ქალი – დაახლოებით 1.8 მილიარდი – ბავშვის გაჩენისთვის ხელსაყრელ ასაკშია. ამის გამო შემდეგ დეკადაში მოსახლეობის ზრდა კვლავ თვალშისაცემი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საშუალოდ ქალები იმაზე ნაკლებ შვილებს აჩენენ, ვიდრე მათი წინა თაობები. 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 10.5 მილიარდზე ავა, ან შეიძლება 8 მილიარდზე შეჩერდეს – ეს დამოკიდებულია ერთ ქალზე ბავშვის საშუალო რაოდენობაზე. თუმცა გაეროს დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ ყველაზე რეალური მაჩვენებელია 9 მილიარდი 2045 წლისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ყოველ წელიწადს 80 მილიონით იზრდება, თანდათან ეს საკითხი საგანგაშო ხდება. ამ მომენტში დედამიწაზე გრუნტის წყლები იკლებს, ნიადაგი ეროზიისგან “იჭმება”, მყინვარები დნება, თევზების სახეობები ქრება. ყოველდღე დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი შიმშილობს. ათწლეულების შემდეგ კიდევ რამდენიმე მილიარდი ადამიანი შეემატება მათ, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იცხოვრებენ. თუკი გაგრძელდება მდიდარი ქვეყნების ტენდენცია – ხეების ჩეხვა, ნახშირისა და ნავთობის წვა, სასუქისა და პესტიციდების გაფანტვა – პლანეტის ბუნებრივი რესურსები ძლიერ დაზარალდება.

შეიძლება ნუგეში მოგვგვაროს იმის გაგებამ, რომ ამ საკითხზე მეცნიერები კარგა ხანია, ფხიზლობენ. ფრანგი დემოგრაფი ლე ბრასი ამბობს, რომ მოსახლეობის ზრდა უმეტესად აპოკალიფსის შიშთან იყო დაკავშირებული. ფილოსოფოსისა და ეკონომისტის, სერ უილიამ პეტის მიერ შექმნილ ნაშრომებში, რომლებიც ლევენჰუკის აღმოჩენაზე ცოტათი ძველია, წერია, რომ განკითხვის დღემდე მოსახლეობა ექვსჯერ გაიზრდებოდა. ეს სავარაუდოდ 2000 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. პეტის აზრით, ეს იქნებოდა 20 მილიონით მეტი, ვიდრე დედამიწას შეუძლია დაიტიოს. “ამის შემდეგ კი, წმინდა წერილის მიხედვით, დაიწყება ომები, სისხლისღვრა და ა.შ.”, წერდა ის.

მსგავსი რელიგიური ‘წინასწარმეტყველებები’ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით თანდათან დავიწყებას მიეცა, რაც ლე ბრასის აზრით, მოსახლეობის ზრდის გამო მოხდა. ამან შეანელა ძველი შიშები (ზოგისთვის კი იმედები) სამყაროს აღსასრულზე. 1798 წელს ინგლისელმა მღვდელმა და ეკონომისტმა ტომას მალთუსმა შეიმუშავა მოსახლეობის ზრდის ძირითადი პრინციპი: მოსახლეობა იზრდება საკვების მიწოდებასთან შეუსაბამოდ, სანამ ომები, შიმშილობა და ავადმყოფობა არ შეამცირებს და დააბალანსებს მათ. როცა მალთუსი ამას წერდა, ჭირის ბოლო ეპიდემიებს უკვე ჩაევლო, რამაც მსოფლიოს თავისი კვალი დაატყო. ისტორიკოსების აზრით, XIV საუკუნის შავი ჭირის (შავი სიკვდილის) შემდეგ მოსახლეობა არ შემცირებულა.

2 საუკუნის შემდეგ, რაც მალთუსმა გამოაცხადა, რომ მოსახლეობის ზრდის ტემპი უნდა შეჩერებულიყო, დაიწყო პროცესები, რომლის შედეგსაც დღეს ვეძახით განვითარებულ ქვეყანას. გავრცელდა “ახალი ქვეყნის” (ამერიკის) მარცვლები, ანუ სიმინდი და კარტოფილი. შექმნეს და გააუმჯობესეს ქიმიური სასუქები. ამან ხელი შეუწყო ევროპაში შიმშილობის აღმოფხვრას. დასაწყისში ამან ქალაქების დაბინძურება გამოიწვია, მაგრამ XIX საუკუნის შუახანებში საკანალიზაციო მილები გაიყვანეს. მოგვიანებით კი სასმელი წყლის დამუშავება – ფილტრაცია და დაქლორვა – დაიწყეს. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ტიფისა და ქოლერის გავრცელება.

1798 წელს მალთუსის თანამემამულემ ედვარდ ჯენერმა დაავადება ყვავილის ვაქცინა აღწერა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების ისტორიაში, რადგან შემდგომში ამას დაემატა სანიტარული პირობების გაუმჯობესება და კვების რეჟიმის შეცვლა, რამაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ინდუსტრიულ ქვეყნებში გააორმაგა – მაშინდელი 35 წლიანი მაჩვენებელი დღეს 77-ია. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამაში ცუდს ხედავდნენ. “სამედიცინო მეცნიერების განვითარება ის ჯოხი იყო, რომელმაც აქლემს ზურგი ჩაუნგრია.” – წერდა გერმანელი მეცნიერი პაულ ერლიხი 1968 წელს.

ერლიხის წიგნმა “მოსახლეობის ბომბი” აქცია ის ყველაზე ცნობილ თანამედროვე მალთუსიანად. 1970-იანებში ერლიხი წერდა: “ასობით მილიონი ადამიანი იშიმშილებს და ეს მათ სიკვდილს გამოიწვევს. მოსახლეობის სწრაფი ზრდა ის კიბოა, რომელიც უნდა ამოიკვეთოს ძალდატანებით, თუკი ცხადია, თავისით არ დარეგულირდება.” ერლიხი წერდა, რომ აშშ-ის მომავალი საფრთხეში იყო. წიგნი ბესტსელერი გახდა, მალთუსის ნაშრომების მსგავსად. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ეს “ბომბი” ფუჭი იყო. იწყებოდა მწვანე რევოლუცია – ნაყოფიერი თესლების, ირიგაციისა და სასუქის ნაზავი, რაც მოსავალს აორმაგებდა. გამოუკვებავი ადამიანები დღესაც არიან, თუმცა მასიური შიმშილობა იშვიათია.

ერლიხი მართალი იყო იმაში, რომ მედიცინის წინსვლა მოსახლეობის ზრდას შეუწყობდა ხელს, რადგან დაავადებებისგან განკურნება და სიკვდილისგან გადარჩენა უფრო ხშირ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. II მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და UNICEF-ის მეშვეობით სამედიცინო დახმარება მიიღეს – პენიცილინი, ყვავილის ვაქცინა, DDT (რომელმაც მილიონობით ადამიანი იხსნა ტიფისა და მალარიისგან). ინდოეთში 1952 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 38 წელს, დღეს კი 64-ზეა ასული. ჩინეთში იგივე მაჩვენებელი 41-დან 73-მდე გაიზარდა. მილიონობით ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში სიკვდილი ემუქრებოდა, არამარტო გადარჩა, არამედ თავად ეყოლათ შვილები. სწორედ ამიტომ გაიზარდა მოსახლეობის მატების სიხშირე პლანეტის მასშტაბით – სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაეცა.

ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ქალებს ბავშვის გაჩენის აღარ ეშინოდათ, ამიტომ შობადობას ისევ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მე-18 საუკუნის ევროპაში ან მე-20 საუკუნის აზიაში ქალები საშუალოდ 6 ბავშვს აჩენდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი მოზრდილობის ასაკს ვერ აღწევდა. დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში ერთ დედაზე 2.1 ბავშვი მოდის, მაგრამ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, ეს მაჩვენებელი მოსახლეობის მტკიცე ზრდას უზრუნველყოფს.

დემოგრაფები ამ ევოლუციას უწოდებენ დემოგრაფიის გარდამავალ პერიოდს. მას, ადრე თუ გვიან, ყველა ქვეყანა გაივლის. ეს ადამიანური პროგრესის დამღაა: ქვეყანას, რომელიც დაასრულებს გარდამავალ პერიოდს, შეუძლია შობადობისა და სიკვდილიანობის კონტროლი. მსოფლიო მოსახლეობის სწრაფი ზრდა გარდაუვალი ეტაპია, რომელსაც, ზოგის აზრით, ჩვენი ცივილიზაცია ვერ გაუძლებს. მაგრამ ზრდის მაჩვენებლის პიკი სწორედ იმ დროს იყო, როცა ერლიხმა განგაშის ზარებს შემოჰკრა. 1970-იანების დასაწყისში ნაყოფიერების სიხშირემ იმაზე სწრაფად დაიწყო ვარდნა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. მას შემდეგ, ზრდის ტემპის მაჩვენებელი შემცირდა 40%-ით.

ეს პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს დაიწყო. პირველი იყო საფრანგეთი. XVIII საუკუნის დასაწყისში სამეფო კარის კათილშობილი ქალბატონები ხორციელ ვნებებს ისე ეძლეოდნენ, რომ 2 შვილზე მეტს არ აჩენდნენ. ამისთვის იმავე მეთოდს იყენებდნენ, რასაც ლევენჰუკი თავის ცოლთან – მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოღება ეაკულაციამდე. ჩანაწერები გვამცნობს, რომ ეს ტენდენცია გავრცელდა XVIII საუკუნის ბოლომდე. XIX საუკუნის მიწურულს ერთ ფრანგ ქალს საშუალოდ სამი შვილი ჰყავდა და ეს ხდებოდა თანამედროვე კონტრაცეპტივების გარეშე.

საფრანგეთს ფეხი აუწყეს დასავლეთის ქვეყნებმა. II მსოფლიო ომის შეტევებმაც იმოქმედა ამ საკითხზე და მოსახლეობის შემცირებასთან ერთად შობადობაც დაეცა. შემდეგ კი მოხდა გასაოცარი მოვლენა, რომელსაც ბავშვების ბუმს უწოდებენ და რამაც დემოგრაფებს პირი დააღებინა. მაგრამ მოგვიანებით შობადობის სიხშირე ისევ მკვეთრად დაეცა და 1990-იანების ბოლოს ევროპაში 1.4 შეადგინა.

ბავშვების ბუმის მოვლენის დასრულებას ორი დიდი ეფექტი ჰქონდა ეკონომიკაზე. დასრულდა ის დეკადები, როცა სამუშაო ძალის უმრავლესობას ახალგაზრდები შეადგენდნენ და ასაკოვნები ძალიან იშვიათად იყვნენ. მეორე ეფექტი ის იყო, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო სამსახურიდან წასვლა. საპენსიო ასაკის შემცირება არის პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც განვითარებულ სამყაროში არსებობს: როგორ დაეხმარონ დაბერებულ მოსახლეობას? ჰოლანდიის ინტერდისციპლინური დემოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფრანს ვილკენსი ამბობს: “იქნება თუ არა 2050 წლისთვის საკმარისი სამუშაო ძალა იმისთვის, რომ პენსიებისთვის თანხა იხადონ? პასუხია არა.”

ინდუსტრიულ ქვეყნებში რამდენიმე თაობაში რეგულირების შემდეგ შობადობა ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდა (replacement level – დონე, როცა შობადობის რაოდენობა ისეთი დაბალია, რომ შემდეგ თაობაში მოსახლეობის სრულად ჩანაცვლება არ შეუძლია). იგივე ემართება სხვა ქვეყნებსაც. დემოგრაფები განცვიფრებულნი არიან, როგორი სწრაფი ტემპით ხდება ეს პროცესი. ჩინეთში, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის მატებაა, ბოლო 20 წელია, შობადობა ზღვარს ქვემოთაა, რაც 1979 წელს მიღებული კანონის შედეგია ერთ ოჯახში ერთი შვილის ყოლის შესახებ. 1965 წელს საშუალო ჩინელ ქალს 6 შვილი ჰყავდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1.5-მდეა ჩამოსული. ირანში, ისლამური რეჟიმის დახმარებით, 80-იანების შემდეგ შობადობის მაჩვენებელი 70%-ით შემცირდა. კათოლიკურ და დემოკრატიულ ბრაზილიაში შობადობის მაჩვენებელი განახევრდა საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. “ჯერ კიდევ გაუგებარია ჩვენთვის, რატომ შემცირდა ასე მკვეთრად შობადობა სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული კულტურა და რელიგიებია. ეს ფრიად ტვინის ამრევი საკითხია.” – ამბობს ჰანია ზლოტნიკი, ევროკავშირის დემოგრაფიული საკითხების ხელმძღვანელი.

“თუკი შეიძლება ითქვას, რომ დღესაც არსებობს შობადობის მაღალი მაჩვენებლის პრობლემა, ეს მსოფლიოს მხოლოდ 16%-ს ეხება და ძირითადი წილი აფრიკაზეა. სამხრეთ საჰარაში ერთ დედაზე 5 შვილი მოდის. ნიგერიაში ეს მაჩვენებელი არის 7. თუმცა რეგიონში 17 ქვეყნის მოსახლეობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 50 წელი ან ნაკლებია. ევროკავშირის ვარაუდით, მსოფლიო შობადობის ზღვარს (replacement level) მიაღწევს 2030 წელს. მსოფლიო მოსახლეობა ნელ-ნელა ზრდის ტემპის დაკლებას დაიწყებს, რაც კარგი სიახლეა.”

ცუდი სიახლე ისაა, რომ 2030 წლამდე სულ ორი დეკადა გვაშორებს და ამ მომენტში ყმაწვილთა თაობა, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ისტორიაში, განაყოფიერებისთვის საჭირო ასაკში იქნება. თუკი მათგან თითოეულ ქალს მხოლოდ 2 შვილი ეყოლება, მომდევნო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობა მაინც ზრდის ტემპით წავა. შეძლებენ მაშინ ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრებას ისე, რომ გარემოს დიდი ზიანი არ მიაყენონ? ერთი რამ ნათელია: ყოველი მეექვსე ადამიანი ინდოელი იქნება.

“მოსახლეობის ზრდის საკითხს დროთა განმავლობაში ვაკვირდებოდი ინტელექტუალურად. ერთ მყრალ ცხელ ღამეს, როცა ტემპერატურა ცელსიუსით 37 გრადუსი იყო, ქალაქ დელის ჰაერი მტვრისა და კვამლის ნისლით გაჟღენთილიყო. ქუჩებს მოსიარულე ხალხი აცოცხლებდა. ხალხი ჭამდა, ხალხი ბანაობდა, ხალხს ეძინა, ხალხი სტუმრად მიდიოდა, ხალხი კამათობდა და ყვიროდა, ხალხი გარედან ტაქსის ფანჯარაში ხელს ჰყოფდა და ფულს მთხოვდა, ხალხი იცლებოდა და შარდავდა, ხალხი ავტობუსს ებღაუჭებოდა, ხალხი ცხოველებს მიერეკებოდა. ხალხი, ხალხი, ხალხი, ხალხი..” – პაულ ერლიხი.

1966 წელს, როცა პაულმა ტაქსით იმგზავრა, ინდოეთის მოსახლეობა ნახევარ მილიარდს შეადგენდა, ახლა კი – 1.2 მილიარდს. დელის მოსახლეობაც სწრაფად გაიზარდა რამდენიმე მილიონით, რადგან მას მოაწყდა ხალხი პატარა ქალაქებიდან და სოფლებიდან. ახლა აქ უამრავი შენობაა, ბევრი გზატკეცილი. ოჯახები მოტოციკლებით გაადგილდებიან, ქალებს ყელსახვევები ალამივით უფრიალებთ. ბაზარში ცალფეხა ბავშვები მათხოვრობენ და დახმარებას ითხოვენ. დღევანდელი დელი ძლიერ განსხვავდება ერლიხის ნანახისგან, და ასევე საოცრად ჰგავს.

ძველი დელის განაპირას, ლოკ ჰაიაკის საავადმყოფოში უამრავი ადამიანი შედის და გამოდის ყოველდღე, ტკეპნის მის შესასვლელს. “განა ვინც ამას იხილავს, არ აღელდება ინდოეთის მოსახლეობის საკითხზე?” – კითხულობს ქირურგი ჩანდან ბორტამული. “მოსახლეობა უდიდესი პრობლემაა.” ბორტამული მონაწილეობას იღებდა იმ ომში, რომელიც დაახლოებით 60 წელი გრძელდებოდა. 1952 წელს, 5 წლის შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ინდოეთი იქცა პირველ ქვეყნად, რომელმაც მოსახლეობის კონტროლის პოლიტიკა შემოიღო. მას შემდეგ მთავრობა ამბიციურ მიზნებს ისახავდა, მაგრამ ყოველთვის კოვზი ნაცარში უვარდებოდა. 2000 წელს განაცხადეს, რომ 10 წელიწადში ერთ ინდოელ ქალზე 2.1 შვილი მოვიდოდა. მაგრამ ამ ნიშნულამდე ჩამოსვლა მინიმუმ შემდეგი 10 წლის განმავლობაში არ მოხდება. ევროკავშირის ვარაუდით, 2050 წელს ინდოეთის მოსახლეობა 1.6 მილიარდს გადააჭარბებს. “გარდაუვალია ის, რომ 2030 წელს ინდოელი მოსახლეობა ჩინეთისაზე მეტი იქნება. ამის შეცვლა შეუძლია მხოლოდ დიდ კატასტროფას, ბირთვულს ან რაიმე მსგავსს.” – აცხადებს ა. რ. ნანდა, ინდოეთის მოსახლეობის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი.

დღესდღეობით ინდოეთში შობადობის კონტროლის ყველაზე გავრცელებული გზაა ქალებზე ჩატარებული დროებითი სტერილიზაცია (განაყოფიერების უნარის მოსპობა ქირურგიული გზით). მთავრობა ცდილობს, ეს შეცვალოს და დანერგოს ვაზექტომია (სათესლე სადინარის მონაკვეთის ამოკვეთა), რომელიც კაცებზე ტარდება, უფრო მარტივია და გაცილებით იაფი ჯდება. ჩანდან ბორტამული მსგავს ოპერაციებს სტუდენტების თვალწინ ატარებს. “როგორც ამბობენ, ნემსის ჩხვლეტა ჭიანჭველას კბენას ჰგავს” – ხსნის ის, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაციენტი უარს ამბობს ადგილობრივ გაუტკივარებაზე. “ამის შემდეგ კი ძირითადად უმტკივნეულოა, ეს უსისხლო ოპერაციაა.” ქირურგიული მაშის დახმარებით ექიმი სათესლის პარკის კანზე ნახვრეტს აკეთებს და ამოაქვს ბოჭკოვანი სადინარი – სპერმის გადამცემი მილი მარჯვენა საკვერცხედან. შემდეგ ორივე ბოლოს შავი ძაფით კერავს და ერთმანეთთან აახლოვებს, რის შემდეგაც ისევ კანის ქვეშ უშვებს. 7 წუთში პაციენტი უკვე ჩვეულებრივად მოძრაობს. სახელმწიფო მას გადაუხდის 1100 რუპიას (დაახ. $25), რაც 1 კვირის ხელფასია მუშისთვის.

ინდოეთის მთავრობამ ვაზექტომიის დანერგვა მანამდეც სცადა, 1970-იანებში, როცა მღელვარება მოსახლეობის ზრდის შესახებ უფრო ძლიერი იყო. პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი და მისი შვილი სანჯაი შეეცადნენ ხელოვნურად გაეზარდათ სტერილიზაციის შემთხვევები. 1976-77 წლებში ამგვარი ოპერაციების რიცხვი გასამმაგდა და 8 მილიონს გაცდა. მათგან 6 მილიონი ვაზექტომია იყო. რამდენიმე შტატში სტერილიზაციის ჩატარება ხალხისთვის სახელმწიფოსგან ფულადი თანხის მიღების საშუალება გახდა. ზოგჯერ პოლიცია შეკრებდა ღარიბ მოსახლეობას და სტერილიზაციის ბანაკებისკენ გაუშვებდა. უარყოფითი განწყობის მიუხედავად, პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და შობადობა შემცირდა, თუმცა ისე სწრაფად არა, როგორც ჩინეთში. ამჟამად ერთ ქალზე 2.6 შვილი მოდის. ეს ორჯერ ნაკლებია იმ პერიოდისაზე, როცა ერლიხი ესტუმრა ინდოეთს. ქვეყნის სამხრეთი ნაწილი და ჩრდილოეთის რამდენიმე შტატი შობადობის ზღვარზე ან მის ქვემოთაა.

კერალაში, სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთის შტატში, ჯანდაცვასა და განათლებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო მაჩვენებლის 1.7-ზე ჩამოსვლას. ამის მიზეზი, როგორც დემოგრაფები ამბობენ, ქალების განათლების დონეა: მათ 90%-ს უმაღლესი განათლება აქვს. გოგონები, რომლებიც სკოლაში დადიან, უფრო გვიან აჩენენ ბავშვებს, ვიდრე ისინი, რომლებიც არ იღებენ დაწყებით განათლებას. უფრო მეტად ერკვევიან კონტრაცეპციის საკითხშიც.

თუმცა ეს ტენდენცია არ შეხებია ინდოეთის ღარიბულ მხარეებს. მოსახლეობის ზრდის ნახევარი წილი რაჯასტანზე, მადია პრადეშზე, ბიჰარსა და უთარ პრადეშზეა, სადაც ერთ ქალზე 3 ან 4 შვილი მოდის. ამ არეალში ქალების ნახევარზე მეტი გაუნათლებელია, უმეტესობა კი 18 წლამდე ქორწინდება. შვილების ყოლით ისინი სოციალურ სტატუსს იღებენ და არ ჩერდებიან, სანამ მინიმუმ ერთი ვაჟი არ გაუჩნდებათ.

ანდრა პრადეშის შტატში 70-იანებში შემოიღეს სტერილიზაციის ბანაკები და ოპერაციის ჩატარების სიხშირე ისევ მაღალი იყო მას შემდეგ, რაც ბანაკები კეთილმოწყობილი საავადმყოფოებით შეცვალეს. ადრეული 90-იანებისთვის ერთ ქალზე სამის ნაცვლად 2-ზე ნაკლები შვილი მოდიოდა. კერალასგან განსხვავებით, აქ ქალების უმეტესობა გაუნათლებელია. მშობელთა უსაფრთხოების ეროვნული ფონდის (NPSF) ხელმძღვანელის, ამარჯით სინგის, გამოთვლით გამოდის, რომ თუკი შობადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე (ე.წ. “ინდური სარტყელის”) 4 ყველაზე დიდი შტატი მიბაძავდა ანდრა პრადეშის მაგალითს, 40 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიბადებოდა. ამით თავიდან აიცილებდნენ ბავშვების სიკვდილიანობასაც, რომლის წილიც 40 მილიონიდან 2.5 მილიონი იყო. ხოლო თუკი მთელ ინდოეთში გავრცელდება მსგავსი საავადმყოფოები, 2050 წელს 1.6 მილიარდის ნაცვლად მოსახლეობა იქნება 1.4 მილიარდი.

ამერიკის მოსახლეობის ასოციაციის (PAA) შეკრება ერთ-ერთი მოვლენაა, სადაც თავს იყრიან მთელი მსოფლიოს დემოგრაფები. გასული წლის აპრილში დემოგრაფიული საკითხების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ჰერვე ლე ბრასმა, განაცხადა, რომ მათი მოლოდინით, ამ საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდება ისტორიის უნიკალური მონაკვეთი – მოსახლეობის “აფეთქება” – და დაიწყება ახალი ეტაპი, რომლის პერიოდშიც მოსახლეობის მატება შეჩერდება, ან შეიძლება კლებაც დაიწყოს.

რამდენად ბევრნი ვიქნებით? სიმჭიდროვის მხრივ ნიუ-იორკივით დასახლებული რომ იყოს, დღევანდელი მოსახლეობა ტეხასის შტატში დაეტეოდა. თუკი 2045 წელს 9 მილიარდი ვიქნებით, იგივე პრინციპით, ისინი საფრანგეთის ნახევარს დაიკავებენ. ამჟამად 21 ქალაქია, რომლის მოსახლეობაც აჭარბებს 10 მილიონს, 2050 წლისთვის კი მათი რაოდენობა მეტი იქნება. დელი ყოველ წელს ასობით ათას მიგრანტს იღებს. ქალაქი დაკა ბანგლადეშში და კინშასა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დღეს 40-ჯერ უფრო დიდები არიან, ვიდრე 1950 წელს. მათი ჯურღმულები ივსება სასოწარკვეთილი ღარიბი ხალხით, რომლებიც უარეს პირობებს გამოექცნენ.

დღესდღეობით ბანგლადეში შედის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში. ამის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ კლიმატის ცვლილებას დიდი გავლენა აქვს. ზღვის დონის მატების გამო შეიძლება ათობით მილიონ ბანგლადეშელს იძულებითი გადაადგილება მოუწიოს. რუანდაც მსგავს სიტუაციაშია. ამერიკელი მეცნიერი ჯარედ დიამონდი წიგნში “Collapse: How Societies Choose to Fail or Succeed” წერს, რომ 1994 წლის რუანდის გენოციდს, რომლის დროსაც 800 000 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ ეთნიკური ნიშნით დევნა არ ედო საფუძვლად. საქმე იმაშია, რომ ფერმერთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო, ხოლო მიწის ფართობთან შედარებით თითოეულს პატარა ნაწილი ხვდებოდა, რაც ფერმერს უძნელებდა ოჯახის შენახვას. “მალთუსის ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება რეალობად იქცეს” – ასკვნის დიამონდი.

ბევრი ადამიანი შიშობს, რომ მალთუსის ვარაუდი სწორი აღმოჩნდება მსოფლიო მასშტაბით – პლანეტა ვერ შეძლებს, გამოკვებოს 9 მილიარდი ადამიანი. Worldwatch Institute-ის დამაარსებელი, ლესტერ ბრაუნი, ფიქრობს, რომ საკვების დეფიციტი ცივილიზაციის ნგრევას გამოიწვევს. ადამიანები ბუნებრივ სარგებელზე არიან დამოკიდებულნი. ნიადაგი “იჭმება” და მიწისქვეშა წყლები ცოტავდება. ეს ფაქტორები მალე შეზღუდავს საკვების წარმოებას. ბრაუნის გეგმა B მსოფლიოს გადასარჩენად არის მასიური გადასვლა საომარ რეჟიმზე, ისე, როგორც აშშ იყო პერლ ჰარბორის ამბების შემდეგ. ეს კლიმატის სტაბილიზაციასა და ეკოლოგიური ზიანის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. თუკი მოსახლეობა არ შეჩერდება 8 მილიარდზე შობადობის შემცირებით, მაშინ სიკვდილიანობა იმატებს.

8 მილიარდი შეესაბამება ევროკავშირის ვარაუდებიდან ყველაზე მცირერიცხოვანს 2050 წლისთვის. ამ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ბანგლადეშს 2050 წელს ნაყოფიერების შეფასება ექნება 1.35, თუმცა დღევანდელთან შედარებით მოსახლეობა 25 მილიონით გაიზრდება. რუანდას ნაყოფიერების შეფასებაც დაიკლებს და შეიძლება ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდეს, თუმცა მოსახლეობა მაინც ორჯერ მეტი იქნება იმასთან შედარებით, რაც გენოციდამდე იყო. თუკი ეს ოპტიმისტური სცენარია, ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ მომავალი საკმაოდ სუსხიანია.

თუმცა ამ ყველაფრიდან სხვა დასკვნის გამოტანაც შეიძლება – რომ მომავალთან დასაპირისპირებლად რიცხვებზე ორიენტირება არაა საუკეთესო გზა. ჯურღმულებში მყოფ ხალხს დახმარება ესაჭიროება, მთავარი გადასაჭრელი პრობლემა კი სიღარიბე და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა უფროა, ვიდრე მოსახლეობის სწრაფი ზრდა. ყოველი ქალისთვის ორსულობის დაგეგმვის საშუალების მიცემა კარგი იდეაა, ამას მნიშვნელოვნად შეუძლია ყოფა-ცხოვრება შეცვალოს. მაგრამ შობადობის კონტროლის ყველაზე ეფექტური გზაც კი ვერ იხსნის ბანგლადეშს ზღვის დონის მატებისგან, რუანდას – მომდევნო გენოციდისგან და ყველა ჩვენგანს – მასშტაბური ეკოლოგიური პრობლემებისგან.

გლობალური დათბობა კარგი მაგალითია. წიაღისეული საწვავისგან გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობა მუდმივად იმატებს ჩინეთში, რასაც მის ზრდად ეკონომიკას უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა შობადობის მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთაა, მოსახლეობის კონტროლთან დაკავშირებით მეტი ზომა ვერ გატარდება. სადაც მოსახლეობის ზრდა ყველაზე სწრაფად ხდება – სუბსაჰარულ აფრიკაში, გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობა ერთ სულზე გაცილებით ნაკლებია აშშ-ის მაჩვენებელზე. ასე რომ მოსახლეობის კონტროლი აქ ვერ შეცვლის გარემოს. ბრაიან ო’ნილის (ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრიდან) დაანგარიშებით, თუკი 2050 წელს მოსახლეობა 8.9 მილიარდის ნაცვლად იქნება 7.4 მილიარდი, გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობა შემცირდება 15%-ით. “ვისაც ჰგონია, რომ მთელი პრობლემა მოსახლეობაშია, ცდება” – აცხადებს ჯოელ კოჰენი. “ეს მთავარი პრობლემაც კი არ არის. გლობალური დათბობის შესაჩერებლად წიაღისეული საწვავიდან ალტერნატიულ ენერგიაზე უნდა გადავერთოთ.”

თუმცა მოსახლეობის რაოდენობას ცხადია, აქვს მნიშვნელობა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მოიხმარს ხალხი რესურსებს. ზოგიერთი ჩვენგანი უფრო დიდ ნაკვალევს ტოვებს, ვიდრე სხვა. მომავლის უმთავრესი პრობლემაა, როგორ დააღწიოს ხალხმა თავი სიღარიბეს – ჯურღმულის ბინადრებმა დელიში და ფერმერებმა რუანდაში. ეს უნდა მოხდეს თითოეული ჩვენგანის მიერ ბუნებაზე მოხდენილი გავლენის შემცირებით.

მსოფლიო ბანკის წინასწარმეტყველებით, 2030 წელს მილიარდზე მეტი ადამიანი იქნება “საშუალო კლასში”. ეს მაჩვენებელი 2005 წელს 400 მილიონს შეადგენდა. ეს კარგი სიახლეა. მაგრამ საკითხი გართულდება, თუკი მათი უმეტესობა ხორცისმჭამელი იქნება და ბენზინზე ან გაზზე მომუშავე ავტომობილები ეყოლებათ. 2030 წლის საშუალო კლასის შემადგენელი ადამიანების ნაწილი უკვე დაიბადა, ვინც აწი უნდა დაიბადოს, იმათზე კონტროლი ვერ მოხერხდება. თუმცა არც ისე გვიანია, შევცვალოთ საკვებისა და ენერგის მოხმარების სისტემა.

რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია დედამიწას? ჯოელ კოჰენმა ამ საკითხის კვლევას წლები მიუძღვნა. “მე წიგნი დავწერე, სადაც მეგონა, რომ პასუხს გავცემდი ამ კითხვას. თუმცა აღმოვაჩინე, რომ თანამედროვე ცოდნის საფუძველზე ამის გამოთვლა შეუძლებელია.”

საუკუნეების განმავლობაში პესიმისტები მუდმივად უხსენებდნენ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებებს იმ ოპტიმისტებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ კაცობრიობა შეძლებდა პრობლემების აღმოფხვრას. საბედნიეროდ, ისტორია ოპტიმისტების სასარგებლოდ მიედინებოდა, თუმცა ცხადია, ისტორია არ წარმოადგენს ზუსტ სახელმძღვანელოს მომავლისთვის. არც მეცნიერება. მეცნიერებას არ ძალუძს, დაადგინოს, როგორ დასრულდება ბრძოლა: საზოგადოება VS დედამიწა, რადგან ამ მოვლენის ფაქტები – რამდენი ჩვენგანი იქნება და როგორ ვიცხოვრებთ – დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე.

ტომას მალთუსმა წიგნის ბოლოს, გარდა იმ რკინის კანონისა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უკონტროლო ზრდა გამოიწვევს მასიურ შიმშილობას, პოზიტიური რაღაცაც ჩააქსოვა: ეს მოვლენები გვაიძულებს ვიმოქმედოთ და საბოლოდ, ჩვენ მსოფლიოს დავიპყრობთ. “მუშაობის გარეშე ადამიანი ხდება უსიცოცხლო, მოდუნებული და ზანტი. მუშაობა კი აუცილებლობის გამო ხდება. იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს, კაცს უწევს შრომა, რაც აღვიძებს ისეთ უნარებსა და ნიჭებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მიძინებული იქნებოდა. ახალი და საგანგებო სიტუაციები გონებას აქცევს შესაბამისად იმ გარემოსთან, რომელშიც მუშაობა უწევს და აიძულებს მას, დაძლიოს სირთულეები.”

მალე 7 მილიარდი ვიქნებით, 2045 წელს – 9 მილიარდი. ვიქონიოთ იმედი, რომ მალთუსი ჩვენი გამჭრიახობის შესახებ მართალი იყო.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button