ლიტერატურასაკითხავი

ხორხე ლუის ბორხესი – ემა ცუნცი

1922 წლის იანვარში საქსოვ ფაბრიკა „ტარბუხ და ლევენტალიდან“ დაბრუნებულ ემა ცუნცს თავისი შენობის შესასვლელის შორეულ ბოლოში წერილი დახვდა. ბრაზილიიდან ატყობინებდნენ, მამა გარდაგეცვალაო. თავდაპირველად შეცდომაში შეიყვანა კონვერტმა და მარკამ, მერე კი გული უცნობმა ხელწერამ შეუფრთხიალა. ცხრა თუ ათი გადღაბნილი სტრიქონი თითქმის მთელ გვერდს ავსებდა. მისტერ მაიერს შემთხვევით ჩაუყლაპავს ჭარბი რაოდენობის ვერონალი ბაჟეს საავადმყოფოს მესამე ინსტიტუტში. წერილს ხელს აწერდა იმ სახლის ბინადარი, რომლის ერთ-ერთი ბინა მამას ჰქონდა დაქირავებული რიუ-გრანდეში: მავანი ფეინი თუ ფაინი, რომელმაც შესაძლოა არ იცოდა, რომ ამ ამბავს გარდაცვლილი კაცის ქალიშვილს ატყობინებდა.

ემას წერილი ხელიდან გაუვარდა. უწინარეს ყოვლისა, მუცელში რაღაც ჩაუწყდა და მუხლები აუკანკალდა. ამას მოჰყვა ბრმა დანაშაულის, არარეალობის, სიცივის, შიშის შეგრძნებები, ბოლოს სურვილი: ეს დღე უკვე წარსულს ეკუთვნოდესო. მერე სწრაფად გააცნობიერა, რომ ასეთ სურვილს აზრი არ ჰქონდა, რადგან მამამისის სიკვდილი იყო ერთადერთი რამ, რაც ქვეყნიერების ზურგზე მოხდა და რაც მუდმივად და სამუდამოდ განაგრძობდა მოხდენას. ძირს დავარდნილი ფურცელი აიღო და თავისი ბინისკენ დაიძრა. ოთახში შესულმა ფურცელი ჩუმად ჩააცურა უჯრაში, თითქოს იცოდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. შეიძლება უკვე დაიწყო კიდეც იმ საგნების დანახვა, რაც ახლა მოხდებოდა: ემა უკვე ის ადამიანი იყო, რომლადაც უნდა ქცეულიყო.

მზარდ სიბნელეში, სანამ დღე მთავრდებოდა, ემა იჯდა და ქვითინით დასტიროდა მამის თვითმკვლელობას, მამის, რომელიც უფრო ბედნიერ დღეებში ემანუელ ცუნცი იყო. ემამ გაიხსენა საზაფხულო პიკნიკები გუალეგუაიას პატარა ფერმაში; გაიხსენა (ან სცადა, გაეხსენებინა) დედა; გაიხსენა აუქციონზე გაყიდული მათი პატარა სახლი ლანუსში; გაიხსენა ყვითელი ფანჯრის ყვითელი რომბები; გაიხსენა ციხის ვერდიქტი, პატივის აყრა, ანონიმური წერილები და საგაზეთო სტატია სახელად „ფონდების დატაცება ბანკის მოხელის მიერ“; გაიხსენა (და ეს არასოდეს დაავიწყდება), რომ ბოლო ღამეს მამამ დაიფიცა, ქურდი ლევენტალი იყოო, – აარონ ლევენტალი, ფაბრიკის უწინდელი მმართველი, ამჟამად მისი ერთ-ერთი მფლობელი. ამ საიდუმლოს ემა 1916 წლიდან ინახავდა. არავისთვის გაუმხელია, თვით მისი საუკეთესო მეგობრის – ელზა ურსტეინისთვისაც კი. იქნებ ჩვეულებრივი უნდობლობის გამო? იქნებ ფიქრობდა, რომ სწორედ ეს საიდუმლო იყო ბმა მასსა და მამამისს შორის? ლევენტალმა არ იცოდა, რას ინახავდა ემა, და ეს პაწაწინა ფაქტი ქალიშვილს ძალას აძლევდა.

იმ ღამეს არ უძინია. როდესაც ფანჯრის მართკუთხედი ოდნავ გაიცრიცა, ემას თავისი გეგმა უკვე მზად ჰქონდა. სცადა, ეს დღეც (დაუსრულებელი რომ ეჩვენებოდა) ყველა სხვა დღეს დამსგავსებოდა. ფაბრიკაში ხმები დადიოდა გაფიცვასთან დაკავშირებით, ემამ კი, როგორც ყოველთვის, ახლაც განაცხადა, ძალადობის ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგი ვარო. ექვს საათზე, როცა სამუშაო დღე დამთავრდა, ემა ელზასთან ერთად წავიდა ქალთა კლუბში, რომელსაც თავისი სპორტული დარბაზი და საცურაო აუზი ჰქონდა. იქ იძულებული იყო, სხვებისთვის ეთქვა და დაემარცვლა თავისი სახელი, ტაში დაეკრა უხამსი ხუმრობებისთვის, რომელიც თან ახლავს და აქეზებს შეჯიბრებას. ელზას და უმცროს კრონფუსს მოეთათბირა, რომელი ფილმით შეეძრათ გულები კვირა საღამოს. მერე სიტყვა მეგობარ ბიჭებზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ემას ეყოლებოდა ვინმე, ვისზეც ილაპარაკებდა. აპრილში ცხრამეტის ხდებოდა, მაგრამ მამაკაცები ჯერაც თითქმის პათოლოგიურ შიშს აღუძრავდნენ… შინ მოსულმა სუპი მანიოკით და ცოტაოდენი ბოსტნეულით შეასქელა, ნაადრევად ივახშმა, დაწვა და დაძინება სცადა. ასე ჩაიარა პარასკევმა, რიცხვით თხუთმეტმა, მუშაობის, გნიასისა და წვრილმანების დღემ, რომლის შემდეგ ის დღე დგებოდა.

შაბათს გააღვიძა მოუთმენლობამ (არა ნერვიულობამ ან ყოყმანმა) და შვების არაჩვეულებრივმა განცდამ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს დღეც ჩამოდგა. აღარაფერი ჰქონდა დასაგეგმი ან წარმოსადგენი: სულ რამდენიმე საათში, უბრალოდ, აღსრულებული ფაქტის წინაშე იდგებოდა. „ლა პრენსაში“ ამოიკითხა, რომ იმ ღამეს, მალმოში, მესამე ნავსაბმლიდან ღუზას იღებდა „ნორდსტიერნან“. ლევენტალს დაურეკა და მიანიშნა: გაფიცვასთან დაკავშირებით რაღაც კონფიდენციალური სათქმელი მაქვსო და შეჰპირდა, შეღამებისას თქვენს ოფისთან დაგელოდებითო. ლაპარაკის დროს ხმა უთრთოდა, თრთოლვა კი ინფორმატორს უხდება. იმ დილით სამახსოვრო აღარაფერი მომხდარა. ემა შუადღემდე მუშაობდა, მერე კი ელზასა და პერლა კრონფუსთან ერთად მოიკალათა კვირადღის პიკნიკის დეტალებზე სალაპარაკოდ. ლანჩის შემდეგ მიწვა და ჩაფიქრებულ გეგმას დახუჭული თვალებით გადახედა. ბოლო საფეხური ნაკლებად საზარელი იქნება, ვიდრე პირველიო, – ფიქრობდა. ეჭვი არ ეპარებოდა ყველაფრის კეთილად დაგვირგვინებაში, გამარჯვებისა და სამართლიანობის გემოში.
უცებ აფორიაქდა, საწოლიდან წამოხტა, ტუალეტის მაგიდასთან მიირბინა და უჯრა გამოსწია. ფაინის წერილი იქვე იპოვა, სადაც გუშინწინ ღამით დატოვა: მილტონ სილსის პორტრეტის ქვეშ. არა, აქ ვერავინ ნახავდა. ჯერ კითხვას შეუდგა, მერე დახია.
ადვილი არ არის, შესაძლოა – შეუფერებელიც, იმ საღამოს მომხდარი ამბების გადმოცემა რაღაც დონემდე მაინც რეალისტურად. ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მახასიათებელი მისი არარეალობაა, რამაც თითქოს უნდა შეამსუბუქოს იქაური საშინელებები, თუმცა, საბოლოოდ, უფრო ამძიმებს. როგორ მისცემოდა მართლმაგვარი სახე იმას, რაც არ სწამდა თვით ემას, ვისაც ეს უნდა ჩაედინა? როგორ მოეშორებინა ქაოსის ის ხანმოკლე საათები, რომელთა ხსოვნასაც დღეს ემა ცუნცის მეხსიერება უარყოფს და ხლართავს? იგი ამალგროში ცხოვრობდა, კალე ლინიერსზე. ვიცით, რომ იმ საღამოს დოკებთან ჩავიდა. სახელგატეხილ პასეო დე ხულიოს ქუჩაზე შეეძლო თავისი თავი დაენახა სარკეებში გამრავლებული, სინათლეებისგან საჯაროდ გამოფენილი, დამშეული მზერებისგან გაშიშვლებული… თუმცა უფრო მიზანშეწონილია ვიფიქროთ, რომ თავიდან შეუმჩნევლად იხეტიალა სხვადასხვა ქუჩაზე, ორ-სამ ბარში შევიდა, თვალი შეავლო რუტინას ან სხვა ქალების ქცევას. ბოლოს ნორდსტიერნანიდან ჩამოსულ რამდენიმე კაცს გადაეყარა. ერთი მათგანის – სრულებით ახალგაზრდას – შემხედვარე შეკრთა: მას შეიძლებოდა ერთგვარი სინაზე შთაეგონებინა ემასთვის. ამიტომაც სხვა შეარჩია, ალბათ ემაზე ცოტათი უფრო დაბალი და პირგამოტენილი, რათა გოგონას არანაირად არ შერბილებოდა უზადო საშინელების შეგრძნება. კაცმა ემა გაიყვანა კართან, მერე ბნელ გასასვლელში, იქიდან მიხვეულ-მოხვეულ კიბეს აუყვნენ და გავიდნენ ვესტიბიულში (ისეთივე რომბისებურ ფანჯრებიანში, ლანუსში რომ ჰქონდათ), საიდანაც დერეფანში მოხვდნენ და მიადგნენ კარს, რომელიც ზურგს უკან მიიხურა.

უდიდესი ცდომილებები დროის გარეთ დგას. იქნებ იმიტომ, რომ ასეთები წყდება უშუალოდ მათ წინმსწრებ წარსულს, ისევე, როგორც მომავალს? ან იმიტომ, რომ ამ ცდომილებათა შემადგენელი ელემენტები თითქოსდა არათანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს?

დროის მიღმა მდგარ ამ მომენტში, საზარელი და დანაწევრებული შეგრძნებების ამ ხლართში ერთხელ მაინც თუ გაიფიქრა ემა ცუნცმა სიკვდილზე, რომელმაც შთააგონა ეს მსხვერპლი? ჩემი აზრით, ერთხელ გაიფიქრა და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მისი სასოწარკვეთილი მიზანი საფრთხეში აღმოჩენილიყო. გაიფიქრა (ფიქრს ვერაფრით წყვეტდა): მამაჩემმა დედაჩემს საშინელი რამ დამართა, რაც ახლა მე მემართებაო. ეს ემამ კიდურებმოდუნებული გაოგნებით გაიფიქრა და მაშინვე საკუთარ თავბრუსხვევაში შეიყუჟა. კაცი – შვედი თუ ფინელი – ესპანურად არ ლაპარაკობდა. ის ემასთვის იარაღი იყო, ისევე, როგორც ემა – მისთვის. თუმცა ემას სიამოვნებისთვის გამოიყენებდნენ, ამ კაცს კი იმისთვის, რომ სამართალს პური ეჭამა.

როდესაც მარტო დარჩა, თვალები მაშინვე არ გაუხელია. ღამის მაგიდაზე იდო ქაღალდის ფული, რომელიც კაცმა დაუტოვა. ემა წამოჯდა და ფული ნაკუწებად აქცია, როგორც ცოტა ხნის წინ – ის წერილი. ფულის დახევა უპატივცემულობის აქტია, ისევე, როგორც პურის გადაგდება. მეორე წამსვე იფიქრა, ეს არ უნდა მექნაო… – სიამაყის აქტი ამ დღეს… ცუდი წინათგრძნობა სხეულის სევდაში, ზიზღში გადადნა. სევდა და ზიზღი ჯაჭვებივით ეკიდა ემას. მაინც ნელა წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. ოთახს არსად უჩანდა ნათელი შეფერილობა, დღის ბოლო სხივები კი უფრო დაღვრემილსაც ხდიდა. ემამ მოახერხა და შეუმჩნევლად გასხლტა გარეთ. ქუჩის კუთხეში დასავლეთისკენ მიმავალ ტრამვაიში ავიდა, იქ კი, გეგმის მიხედვით, მთლად წინა სკამზე დაჯდა, რომ ვერავის შეემჩნია მისი სახე. იქნებ ქუჩების ამ ყოველდღიურ ალიაქოთში მოხვედრილმა ნუგეში იგრძნო იმის გამო, რომ წეღანდელ ამბავს ყველაფერი არ მოეწამლა. ბნელ, შემჭიდროებულ კვარტალებს გადიოდა, ხედავდა და მეყსეულად ავიწყდებოდა, ბოლოს, ერთ გაჩერებაზე ჩავიდა ვარნესში. პარადოქსია, მაგრამ დაღლილობა ძალმოსილებად ექცა: აიძულა, კონცენტრირება მოეხდინა თავისი მისიის დეტალებზე, ხოლო ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი ბუნება და საბოლოო მიზანი დროებით შეუნიღბა.

აარონ ლევენტალი ყველას თვალში კეთილსინდისიერი კაცი იყო, რამდენიმე უახლოესისთვის კი – ძუნწების ერთი. მარტო ცხოვრობდა ფაბრიკის ზემოთ, მორყეულ ჯურღმულში, და ქურდების ეშინოდა. ფაბრიკის უკანა ეზოში დიდი ძაღლი ჰყავდა, მაგიდის უჯრაში კი, როგორც ყველამ იცოდა, რევოლვერი ედო. ერთი წლის წინ ზნეკეთილად გამოიტირა მოულოდნელად გარდაცვლილი მეუღლე, რომლისგანაც, სხვათა შორის, დიდებული მზითევი ერგო. ისე კი, მის ჭეშმარიტ ვნებას ფული შეადგენდა. ფარული დარცხვენით იცოდა: ისე მაგარი არ იყო შოვნაში, როგორც ჩაბღაუჭებაში. ყოვლად რელიგიურ კაცს, სჯეროდა, რომ იდუმალი ხელშეკრულება ჰქონდა უფალთან: მისი ლოცვებისა და მსახურების სანაცვლოდ, ეს უკანასკნელი კეთილი საქმეების კეთებისგან ათავისუფლებდა. ზორბა, მელოტი, თალხად შემოსილი, შავლინზებიანი პენსნეთი და ქერა წვერით – ახლა ფანჯარასთან იდგა და ელოდებოდა კონფიდენციალურ შეტყობინებას ოპერატორ ცუნცისგან. დაინახა, როგორ შემოაღო კარიბჭე (რომელიც მან განზრახ დატოვა ოდნავ გაღებული). დაინახა, როგორ გაიმრუდა ემამ გზა ოდნავ, როდესაც (განზრახ) დაბმული ძაღლი აყეფდა. ემას ტუჩები უმოძრავებდა, როგორც იმას, ვინც თავისთვის ლოცულობს: ეს დაღლილი ტუჩები ისევ და ისევ იმეორებდნენ ფრაზებს, სიკვდილის წინ რომ მოისმენდა ბატონი ლევენტალი.

ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ემა ცუნცი ელოდა. წინადღის დილიდან მოყოლებული, ბევრჯერ წარმოუდგა სურათი, როგორ აუკანკალებლად უმიზნებს რევოლვერს უბადრუკ არამზადას და აღიარებინებს თავის დანაშაულს, მერე კი უხსნის გაბედულ ეშმაკობას, რომლითაც ღვთიური სამართალი იზეიმებს ადამიანურზე (არა შიში, არამედ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ იარაღი იყო ამ სამართლის ხელში, აფიქრებინებდა, მე არ დავისჯებიო). დაბოლოს, შუა მკერდში დახლილი ერთადერთი ტყვია წერტილს დაუსვამდა ლევენტალის სიცოცხლეს. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

აარონ ლევენტალის წინ მჯდარმა ემამ მამისთვის შურისძიების მოთხოვნილებაზე უფრო მძაფრად შეიგრძნო სხვა მოთხოვნილება – დაესაჯა ის ძალადობა, რომელიც თვითონ იწვნია. არა, ემას არ შეეძლო არ მოეკლა ეს კაცი წარსულში მომხდარი სრული დამცირებისა და პატივაყრის შემდეგ. არც ზედმეტი მსახიობობისთვის ეცალა. მორიდებულად იჯდა ფაბრიკანტის ოფისში და მიტევებას სთხოვდა, მოუხმო (ინფორმატორის ნიღაბქვეშ) ლოიალობით ნაკარნახევ რამდენიმე ვალდებულებას, ახსენა რამდენიმე სახელი, მიანიშნა კიდევ რამდენიმე და უცებ გაჩუმდა, თითქოსდა შიშით ატანილი. ამ სპექტაკლმა გაჭრა: ლევენტალი წამოდგა და ემასთვის ჭიქა წლის შემოსატანად გავიდა. იმ მომენტისთვის, როცა სასადილო ოთახიდან დაბრუნდა, უნდობლად განწყობილი ქალის მთრთოლავი მღელვარებისადმი, თუმცა მაინც ზრუნვით აღვსილი, ემას უკვე ამოღებული ჰქონდა რევოლვერი, რომლის ჩახმახს ორჯერ გამოჰკრა. ლევენტალის ზორბა სხეული აფეთქებებითა და კვამლით მოცელილივით დაასკდა იატაკს. წყლიანი ჭიქა ნამსხვრევებად იქცა. კაცი გაოგნებული და გაშმაგებული შეჰყურებდა. მისი პირი ესპანურად და იდიშურად ლანძღავდა ემას. ბინძური სიტყვების ნაკადი არა და არ წყდებოდა და ემაც იძულებული იყო კიდევ ესროლა. ქვემოთ, ეზოში, თავის პოსტზე მიბმული ძაღლი გააფთრებით აყეფდა იმ მომენტში, როცა უხამსი ბაგეებიდან სისხლმა იხუვლა და წვერი და სამოსი მოთხვარა. ემამ პირი მოხსნა ბრალდებების გუდას („მე შური ვიძიე მამაჩემისთვის… მე არ დავისჯები…“). თუმცა არ დაუმთავრებია, რადგან ბატონი ლევენტალი მკვდარი იყო. ემამ ვერასოდეს შეიტყო, გაიგონა თუ არა მან, რატომ კლავდნენ.

ძაღლის ტირანულმა ყეფამ ემას გაახსენა, რომ აქ ვეღარ დარჩებოდა. დივანი აფუნგნა, მკვდარს პიჯაკზე ღილები შეუხსნა, სისხლით მოთხვრილი პენსნე მოაშორა და დოკუმენტების შესანახ კარადაზე დადო. მერე ტელეფონი აიღო და გაიმეორა სიტყვები, რომლებიც უკვე ამდენჯერ ჰქონდა გამეორებული ამა თუ იმ ფორმით: „რაღაც მოხდა, რაღაც დაუჯერებელი… სერ ლევენტალმა დამიბარა გაფიცვის საბაბით და გამაუპატიურა… ამიტომაც მოვკალი…“. ჰო, დაუჯერებელი ამბავი იყო… და მაინც ყველამ დაიჯერა, რადგან, არსებითად, ეს სიმართლეს შეეფერებოდა. ემა ცუნცის ხმის ტონი რეალური იყო, მისი სირცხვილი – რეალური, მისი სიძულვილი – რეალური. რეალური იყო სასტიკი უკანონობა, რომელიც მის ოჯახს დაატყდა. ცრუ იყო მხოლოდ გარემოებები, დრო და ერთი-ორი საკუთარი სახელი.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button