ის, რასაც გლობალური დათბობა სამუდამოდ შეცვლის
დიდი ბარიერული რიფი შეიძლება 20 წელიწადში გაქრეს. დიდი ბარიერული რიფის მდგომარეობა თბილი წყლებით ისე გაუარესდება, რომ 20 წელიწადში ძნელად საცნობი გახდება. ნახშიროჟანგმა დიდი ზიანი მიაყენა რიფებს, რის გამოც სავარაუდოდ 2030-სა და 2060 წლებს შორის პერიოდში მარჯნის რიფები გაქრებიან. ეს იქნება მსოფლიოში პირველი გლობალური ეკოსისტემა, რომელიც წარსულს ჩაბარდება. მეცნიერები ამაზე უკვე აღარ დავობენ, საფრთხე საკმაოდ დიდია და რეალური.
ამაზონის ტროპიკული ტყეები უდაბნოდ იქცევა. ამაზონის ტყეები ყველაზე მასშტაბურია ტროპიკული ტყეებიდან, ის მილიონობით სახეობის თავშესაფარი და სუფთა წყლის მსოფლიო მარაგის 1/5-ის საცავია. თუმცა გლობალური დათბობა და ტყეების გაჩეხვა ამცირებს მის ეფექტურობას ჰაერის ჟანგბადით გამდიდრების საკითხში. ტერიტორიის 30-60% გარდაიქმნა მშრალ სავანად. კვლევები აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის ტყეები შეიძლება სრულიად გაქრნენ.
საჰარა შეიძლება გამწვანდეს. მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ რომ საჰარის უდაბნო და მისი მიმდებარე ტერიტორია მცენარეებით დაიფარება, რადგან თანდათან იზრდება წვიმების სიხშირე. თუკი ასე გაგრძელდა, წვიმები გამოაცოცხლებენ გვალვისგან განადგურებულ რეგიონებს, გახდიან ხელსაყრელს ფერმერული საქმიანობისთვის. სავარაუდოდ, დაბრუნდება ისეთი პირობები, როგორიც იყო 12 000 წლის წინ, სანამ საჰარა ცხელ და მშრალ ადგილად იქცეოდა.
ქარიშხლები “კატრინაზე” ძლიერები გახდებიან. დაუზუსტებელია, იყო თუ არა ქარიშხალი “კატრინა” დაკავშირებული გლობალურ დათბობასთან. მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ გლობალური დათბობის გამო V კატეგორიის ქარიშხლები გააქტიურდებიან, კატრინა კი მხოლოდ IV კატეგორიისა იყო. ქარიშხლები სიმძლავრეს თბილ ამინდში ავითარებენ, ამიტომ ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდა შესაბამის შედეგს გამოიღებს. ასევე აიწევს ზღვის დონე და შედეგები მეტად სახიფათო იქნება, რადგან ქარიშხლებს დატბორვაც მოყვება.
ლონდონი წყალქვეშ აღმოჩნდება. გლობალური დათბობა ზიანს მოუტანს მსხვილ ქალაქებსაც, მაგალითად ლონდონს. გლობალური დათბობის პროცესების დროს იცვლება ზღვის დონე, რის გამოც სანაპიროსთან მყოფი ქალაქები წყალში იძირებიან მრავალჯერადი დატბორვების გამო. ეს საფრთხე საუკუნის მიწურულს ლონდონის გარდა ბევრ ქალაქს დაემუქრება, მათ შორის ნიუ-იორკსაც. თუმცა ლონდონი მაინც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა.
ცხოველები დაპატარავდებიან. თბილი კლიმატი ცხოველების შეცვლას დაიწყებს – ისინი ზომაში დაპატარავდებიან. ევროპული ეკოსისტემის თევზების, პლანქტონებისა და ბაქტერიების შესწავლამ აჩვენა, რომ ამინდის დათბობასთან ერთად ისინი მასას კარგავენ, იგივე შედეგია შოტლანდიური ცხვრების საკითხში. ცალკეულ სახეობებს ბოლო 30 წლის მანძილზე სხეულის მასა გაუნახევრდათ. ეს ცუდად იმოქმედებს იმ მტაცებლებზეც, რომელთა საკვებ დიეტას ეს შემცირებული ზომის ცხოველები წარმოადგენენ.
ინდონეზიის 2000 კუნძული გაქრება. ინდონეზიის არქიპელაგს მინიმუმ 2000 პატარა კუნძული გამოაკლდება 2030 წლისთვის. ეს იქნება სამთო-სამადნო მშენებლობებისა და გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი სხვა საქმიანობების შედეგი. ინდონეზიას უკვე დაკარგული აქვს 24 კუნძული, ამჟამად მის შემადგენლობაში დაახლოებით 17,500 კუნძულია.
ტერორიზმი გაიზრდება. გლობალურმა დათბობამ შეიძლება გამოიწვიოს ღარიბი და მოშიმშილე ქვეყნების დესტაბილიზაცია, რასაც მოჰყვება მასიური მიგრაცია და შესანიშნავი პირობები ტერორიზმისთვის. დესტაბილიზებული ქვეყნები თანდათან დაცარიელდება და შეიძლება ტერორიზმის კერად იქცეს. ეკონომიკურ ლტოლვილებს მეტი მიზეზი ექნებათ გასაქცევად, რადგან მათ სამშობლოში მკაცრი და მცხუნვარე ამინდები იქნება. მათი მიღება კი პრობლემა იქნება, რადგან დიდ ქვეყნებს შეიძლება არ ჰქონდეთ ამის საშუალება და/ან სურვილი.
ალპური მყინვარები დადნება. გლობალური დათბობით გამოწვეულ თბილ ზამთრებსა და ცხელ ზაფხულში მყინვარები დადნებიან. ეს ცხადია უარყოფითად იმოქმედებს ზამთრის ტურიზმზე. ვარაუდობენ, რომ ალპური მყინვარები სრულად დადნებიან 2030-2050 წლებს შორის. იტალიამ და შვეიცარიამ 2009 წლის მარტში თოვლის აქტიური დნობის გამო მათ შორის საზღვარი ხელახლა გაავლეს.
მალდივის კუნძულები ჩაიძირება. ყველაზე დაბლა მყოფი და ბრტყელი ქვეყანა სანაპიროს ეროზიას განიცდის. კუნძულები ზომაში მცირდება, ზღვის დონე კი იმატებს, რაც მომავალში წყალქვეშ მოაქცევს მათ. ეს ძალიან ცუდი სიახლეა კუნძულების მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც აღტაცებაში მოდიან მალდივის თეთრი პლაჟებითა და თბილი წყლებით. მეცნიერებმა მალდივის კუნძულებს მაქსიმუმ 1 საუკუნის “სიცოცხლე” მისცეს, ამის შემდეგ ის გაუჩინარდება.