გერონტი ქიქოძე – ჯვარედინ გზაზე
ერთ დროს ჩვენი სამშობლო ჯვარედინ გზაზე იდგა. ერთი გზა რომ დასავლეთისაკენ მიდიოდა, მეორე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იყო მიმართული და ევროპიელ ჯვაროსანთა რაზმები თუ არაბ-სპარსელ სოვდაგართა ქარავნები ერთიმეორეს ხვდებოდნენ საქართველოს მიწა-წყალზე. ამ ხშირი მიმოსვლისა და ხანგრძლივი ურთიერთობის კვალი დღესაც ატყვია ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ეროვნული კულტურა დასავლეთ ევროპიული და წინააზიური ელემენტების თავისებური შეუღლებაა. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ხუროთმოძღვრებასა, მხატვრობასა, ლიტერატურასა, ხალხურ ჩვეულებებსა და ზნეობრივ შეხედულებებში. დედამიწის ზურგზე სხვაგან იშვიათად დაიძებნება ასეთი ორიგინალური სინთეზი.
ჩვენ გვაქვს წვეტიანი კოშკები და ციხე-სიმაგრეები, როგორც ევროპიელებს და ჩვენ გვაქვს თაღიანი ქარვასლები, როგორც არაბებს, სპარსელებსა და მცირე აზიელებს. ჩვენი საეკლესიო კედლების მხატვრობა ბიზანტიურ ფრესკებს წააგავს, ჩვენი წიგნების სამკაულები _ სპარსულ-ინდურ მინიატურებს. ჩვენს კულტურას, ევროპული კულტურის მსგავსად, ძველი ბერძნული განათლება უძევს საფუძვლად და ჩვენც ევროპიელებთან ერთად რაინდობისა და ფეოდალური წესწყობილების საფეხური განვვლეთ. მაგრამ ინდოელების სიბრძნესა, სპარსელების პოეზიასა და არაბების ფხიზელ მეცნიერებას სხვებზე ადრე დავეწაფეთ და სხვებზე უფრო ადვილად დავაღწიეთ თავი საშუალო საუკუნეებრივ ვიწროობას. ჩვენი დიდი მწერლები ერთნაირად იცნობდნენ ბერძენ ფილოსოფოსებსა და სპარსელ მგოსნებს და ჩვენი დიდი მთარგმნელები გულმოდგინედ აქართულებდნენ როგორც არისტოტელესა და ნეოპლატონიკოსებს, ისე ფირდოუსისა და ფახრედინის ნაწარმოებებს…
ჩვენი ეროვნული სახე ძალდატანებულად ყოველთვის დასავლეთისა და სამხრეთისაკენ იყო მიმართული. ზურგი, პირიქით, დიდ ბუნებრივ ზღუდეზე გვქონდა მიბჯენილი. ეს იყო მაღალი მთაგრეხილი, რომელსაც ჩრდილოეთით ცივი და ნაკლებ სტუმართმოყვარე ქვეყნები ეკრა. აქ თითქმის დღესაც ყველაფერი უცხოა ქართველებისათვის. ნიადაგის ზედაპირი ჩვენი ქვეყნის ზადაპირს არა ჰგავს, არც ჰავა ჰგავს ჩვენს ჰავას. აქ ცოტაა ისტორიული ნაშთი და მათ შორის არ მოიპოვება არც ჩვენებური მოღუშული ციხეები, არც ჩვენებური ნათელმარმარილოსებური ტაძრები. მკვიდრთათვის გაუგებარია ჩვენი რაინდული და ინდივიდუალისტური შეხედულებები. ჩვენ კიდევ მათი ბუნდოვანი მისტიციზმი და მათი უპიროვნო მორალი გვეუცხოება.
უბედურმა შემთხვევამ დაგვაახლოვა ამ უცხო ქვეყანასთან და ჩვენი სულიერი შეუღლება უკანონოა. მეცამეტე საუკუნეში სპარსეთის კულტურა ველურმა მონგოლებმა დაამხეს, მეთხუთმეტე საუკუნეში ოსმალებმა ბიზანტიის იმპერია დაიპყრეს. ჯვარედინი გზა გადაიჩეხა და საქართველო კულტუროსან კაცობრიობას მოსწყდა. ერთი ბილიკი-ღა დაგვრჩა, კავკასიის მთაგრეხილისაკენ მიმავალი. და საქართველო დიდი ყოყმანის შემდეგ იძულებული გახდა ამ გზისთვის მიემართა, მაგრამ ამ გზით სიარულმა ყველაფერი მოგვიტანა გარდა ბედნიერებისა და კულტურული აყვავებისა.
დღეს მსოფლიო ომის ცეცხლში ხელახლა იცვლება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობა. ადვილი შესაძლებელია, რომ ჩვენმა ეროვნულმა კულტურამ ხელახლა თავი დააღწიოს ვიწრო ბილიკებსა და ფართო ჯვარედინ გზაზე გამოვიდეს. როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ომი, წინა აზიის გამოღვიძება უეჭველად მოსალოდნელია. რუსეთი და გერმანია ერთგვარი ენერგიით მიისწრაფვიან შუამდინარისაკენ, სადაც ბიბლიური გადმოცემის მიხედვით ერთ დროს ამქვეყნიური სამოთხე იყო. დღეს თუ არა, ხვალ უსათუოდ დამთავრდება ბაღდადის რკინიგზა, რომელსაც გერმანელები აშენებენ და ტრაპიზონისა და ერზრუმის შტოები, რომლებიც რუსებმა დაიწყეს. ჩვენი უახლოესი ევრიპიელი მეზობელი ბალკანეთიც იღვიძებს და ევროპიული პროგრესის გზას ადგება. ეს გარემოება ჩვენს საუკეთესო იმედებს უნდა ასაზრდოებდეს. თუ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში ბარბაროსობის წყვდიადი გაიფანტა, ჩვენს თვალწინ ძველი დიდი გზები გამოჩნდებიან და ხანგრძლივი გათიშვის შემდეგ იმ კულტუროსან ოჯახს დავუბრუნდებით, რომელსაც დიდი ხანია ვეკუთვნით ჩვენის სულითა და ჩვენი წარსულით.
1916 წ.