განხილვალიტერატურაწიგნები

“დიდი გეტსბი” ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ისაუბრე საკუთარ თავზე დიდხანს, დამაჯერებლად, წარბშეუხრელად, ესაუბრე განურჩევლად ყველას და ისინი აგარიდებენ ცილისწამებას, ეჭვებს. სიჩუმე აღძრავს ცნობისწადილს ღრმად შეიჭრა მეორის განცდებსა და სურვილებში. მიმზიდველია ფიქრი, რომ შენსავით სხვაც შეიძლება იყოს მკვლელი, ბუტლეგერი, მძარცველი ან მრუში. ჯეიმს გეცი ხან კაიზერ ვილჰელმის დისშვილი იყო, ხან ბიძაშვილი, ხანაც მკვლელი და ბუტლეგერი. სინამდვილეში გეცი თავმდაბალი, მოკრძალებული, მგრძნობიარე პიროვნება გახლდათ, ფიქრებსა და ოცნებებს შეჭიდებული. შეყვარებული მამაკაცი, რომელიც ებრძოდა აწმყოს და ჯიუტად ცდილობდა წარსულის დაბრუნებას. წარსულში იყო დეიზი, საუცხოო სილამაზით გამორჩეული გოგონა, მასთან გატარებული დღეები და დაპირება, რომ ერთხელაც სახელმოხვეჭილი და მდიდარი დაბრუნდებოდა. საკუთარ თავზე პლატონური წარმოსახვების მქონე ჯეიმზ გეცი თავს რჩეულად თვლიდა, ღარიბი ფერმერების ოჯახი მისთვის დროებით თავშესაფრად ქცეულიყო, ეგოცენტრულ მამაკაცს ღრმად სწამდა, რომ ოდესღაც დეიზის ღირსი გახდებოდა.

ჯეიმზ გეცი შეხვდა დენ კოდის და გახდა ჯეი გეტსბი. მისი მომნუსხველი ღიმილი და შინაგანი სითბო იზიდავდა ყველას: “იშვიათია ისეთი ღიმილი, ნდობით და რწმენით რომ აგავსებს კაცს, იშვიათად თუ შეხვდები ცხოვრებაში.”  გამდიდრებული ჯეი ყოველ შაბათ – კვირას წვეულებებს, მეჯლისებს მართავდა, გულუხვად უმასპინძლდებოდა ათასობით უცნობ სტუმარს: “სანელებლებით შეზავებული ლორი დახვავებული იყო არლეკინის სამოსელივით ჭრელი სალათების, ცომში შემწვარი გოჭებისა და მუქ ოქროსფრად დაბრაწული ინდაურების გვერდით. მთავარ დარბაზში იდგა მრავალნაირი ჯინითა და ლიქიორით, დიდი ხნის დავიწყებული ტკბილი, სურნელოვანი სასმელებით სავსე ბარი “.ამაღელვებელია, როდესაც დეიზისთან ერთი თვის სიახლოვე ხუთი წელიწადი არ ასვენებს გეტსბის, ახსოვს, უყვარს და იბრძვის “შეპყრობილივით”, ცოცხლობს “მწვანე შუქთან” მიახლოების იმედით. ლურჯ ბაღნარში ჩაკარგული სასახლე დეიზის სახლის პირისპირ დგას, ნავმისადგომთან მწვანე შუქურა ანათებს, “ტრიმალქიონი” კი იცდის და იდუმალებით მოცულ ბიუქენენების სასახლეს შეჰხარის.

ამბის მთხრობელი კარაუეი პირადად მე ძალიან მართობს, სარკასტული იუმორი, იშვიათი გულწრფელობა და მახვილგონიერება ნიკს მიმზიდველს ხდის: ” განვაგრძეთ გზა, მეხუთე ავენიუზე გავედით. აქ ისეთი სითბო იდგა, ისეთი პასტორალური სიმყუდროვე, არ გამიკვირდებოდა, რომ სადმე ქუჩის კუთხეში ცხვრის ფარა დამენახა ამ ზაფხულის კვირა დღეს” , ან “ახლა ვხვდები, რომ სხვა დროს ამ საუბარს იქნებ გარდატეხაც მოეხდინა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ისე აშკარად და უტაქტოდ შემომთავაზა გაწეული სამსახურის გასამრჯელო, მტკიცე უარის მეტი არაფერი მეთქმოდა”.  კარაუეი მესაიდუმლეა, ხელახლა გაჩაღებული სიყვარულის მონაწილე, ფრთხილი და ზომიერი.

ტომ ბიუქენენი ყურადღებას იპყრობს რასისტული, “ფილოსოფიური” შეხედულებებით. გოდარდის “ფერადკანიანთა იმპერიების აღმავლობას” აუფორიაქებია ბატონი ბიუქენენი: “გაბატონებულ რასას სიფრთხილე გვმართებს, თორემ ქვეყანას სხვა რასები დაეპატრონებიან.”  ნაწარმოების ბოლოს იმედგაცრუებული ტომი საგანგაშო წინასწარმეტყველებას ავრცელებს: “. ხვალ ყველაფერს თავდაყირა დააყენებენ და თეთრკანიანებზე შავკანიანთა დაქორწინება ჩვეულებრივ რამედ გადაიქცევა”. ტომი ავანტიურისტია, ორმაგი, მძაფრი განცდების მოტრფიალე. მამაკაცი, რომელსაც საყვარელთან გატარებული ბობოქარი ღამის შემდეგ ოჯახური სიმყუდროვე ამშვიდებს, ლამაზი, ოდნავ სევდიანი ცოლი კი სიმხნევეს მატებს. ფარისეველი მორალისტი, რომელიც ივიწყებს ძველ ცოდვებს და გემუქრებათ თქვენ, სუფთას, უცოდველს. მისტერ ბიუქენენი გამონაკლისი როდია, საკმარისია მიიხედ – მოიხედო ოჯახის ინსტიტუტის სიწმინდეზე ბევრი გამოიდებს თავს. “ათასში ერთხელ წავიცუღლუტებ ხოლმე, ვიმაიმუნებ, მაგრამ ისევ დეიზისთან მოვრბივარ, გულის სიღრმეში ყოველთვის ეგ მიყვარს.”

გეტსბი თავდაუზოგავად იბრძოდა დეიზის სიყვარულის დასაბრუნებლად, მაგრამ დიდი ხნის დაგროვილი განცდები წამში შემოეძარცვა. ტრაგედიაა, როდესაც ერთადერთი სურვილით საზრდოობ და მოულოდნელად ყველაფერი გემსხვრევა, სხვისი ცოდვებისთვის გაზღვევინებენ და ამ ერთადერთ ჭეშმარიტებაში ღრმად არიან დარწმუნებულები. მხოლოდ ნიკ კარაუეი აღმოჩნდა გეტსბის გულშემატკივარი, ჭირისუფალიც.

ნაწარმოები გამოირჩევა გმირთა ხასიათების მრავალგვარობით, ეპითეტებით, მეტაფორებითა და კონტრასტებით. ექიმ ეკლბარგის თვალები ქმნის განცდას, რომ გამუდმებით გვითვალთვალებენ. ნაცრის ფანტასტიკური ხოდაბუნები და იქ მომუშავე მამაკაცები უპირისპირდებიან ნიუ – იორკის გლამურულ სამყაროს: “4 ივლისამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და გაძვალტყავებული იტალიელი ბიჭუნა ლიანდაგებზე მწკრივად აწყობდა ჭექუნებს.”  ეს მონაკვეთი განსაკუთრებით ამძაფრებს სოციალურ კონტრასტს.

2013 წელს გადაღებული “The Great Gatsby” ლეონარდო დიკაპრიოსა და კერი მალიგანის მონაწილეობით ზუსტად ეხმიანება ნაწარმოებს, ოდნავ შეცვლილ დეტალებს თუ არ ჩავთვლით. მსახიობთან ტომ ბიუქენენის ნატურის სიახლოვე გაგაოცებთ. ამ კრიტერიუმით შემდეგი ჯორდან ბეიკერია. ფილმში დაგაკლდებათ ნიკ კარაუეისა და ჯორდან ბეიკერის სასიყვარულო ურთიერთობის სიღრმე. ვთვლი, რომ სცენარის ავტორს გეტსბისთან ერთად კარაუეის ხასიათიც მნიშვნელოვნად უნდა გამოეკვეთა, ყურადღება გაემახვილებინა მის განცდებზე. ნიკი ხომ საკუთარ თავს “ნახევრადშეყვარებულ”, მარტოსულ ადამიანს უწოდებდა.

დეიზი ბიუქენენს ახსოვდა გეტსბი და ტომ ბიუქენენს მისთხოვდა. დაბრუნდა გეტსბი, ისევ შეუყვარდა, მაგრამ მაინც ვერ გასცილდა ქმარს. დეიზი ფუქსავატი ცხოვრებით განებივრებული, გაუბედავი ქალია. ხილული სინამდვილის მიუხედავად, მას არ ჰყოფნის ძალა დაუბრუნდეს საყვარელ ადამიანს, ფიცჯერალდს აქვს გასამართლებელი პასუხი – ჯეი გეტსბიმ საკუთარ წარმოსახვებში შექმნა ოქროს გოგონა – დეიზი, შეიყვარა თავდავიწყებით, მაგრამ დეიზის არასოდეს შეკვრია სუნთქვა …

ჯორჯ უილსონი “ეკლბარგის თვალებს” ყოვლისმხედველ, ზეციურ თვალთან აიგივებს – “ღმერთი, ყველაფერს ხედავს” . მიხაელისის სიტყვები (ეგ რეკლამაა) ეჭქვეშ აყენებს უილსონის რწმენას. “ღმერთი ყველაფერს ხედავს” – უილსონი კი საკუთარი ხელებით აღასრულებს “სამართალს”.

ნაწარმოების მოტივებს რომ თავი დავანებოთ, ფილმი ფერადია, მდიდრული სასახლეები, წვეულებები, საუცხოო სილამაზით გამორჩეული ქალები და გრძნობისამშლელი ნიუ – იორკი უთუოდ მოგხიბლავთ.

თეკლე ქაროსანიძე

წყარო
https://venue.ge/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button