Mythbusterგართობაინტერნეტი / სოც მედიაუცნაური

ინტერნეტ-მითი: აჩენენ თუ არა სუში და საშიმი ტვინში ჭიებს? [+15]

ამ უწყინარ და სასარგებლო იაპონურ კერძებს რამდენიმე წლის წინ “ბრალი დასდეს”, რომ თითქოს შესაძლებელია მათმა ჭამამ თავში, ტვინის მიდამოებში ჭიების გაჩენა გამოიწვიოს. ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა ფოტოები, სადაც ერთი იაპონელი მამაკაცის ტვინი მოჩანდა, იქ კი ჭიები დაფუთფუთობდნენ.

უმეტესად სურათებს ასეთი აღწერა ჰქონდა: “ბატონ შოტა ფუჯივარას უყვარს სუში და საშიმი, რადგან ისინი უმი და ცოცხალი ინგრედიენტებით მზადდება. ამიტომაც ხშირად მიირთმევდა მათ. ბოლო ხანებში თავის ტკივილები დაეწყო, რაც სამუშაოსგან გადაღლასა და სტრესს მიაწერა. მაგრამ მალე მდგომარეობა გაუარესდა და მოძრაობა გაუძნელდა, რის გამოც იძულებული გახდა, ექიმისთვის მიემართა. ტვინის გულდასმით დათვალიერებამ და რენტგენულმა გამოკვლევამ მნიშვნელოვანი ვერაფერი აღმოაჩინა. მაგრამ კანზე უფრო უშუალო დაკვირვებამ მცირეოდენი მოძრაობები დააფიქსირა. ამის შემდეგ ექიმმა ადგილობრივი გაუტკივარება გაუკეთა და თავის ქალა ახადა. მიზეზი მაშინვე გაირკვა – იქ ჭიები დახოხავდნენ. საჭირო გახდა გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება, რადგან შეიძლებოდა ინფექციას სავალალო შედეგები ჰქონოდა.”

ამ ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო (ისევე, როგორც დანარჩენი მითებისა) სხვადასხვა ქვეყნის ბლოგები და ფორუმები იყო. ტექსტს თან ერთვოდა ეს ორი სურათი:

რა მოხდა რეალურად?

ეს ინფორმაცია სუშის “მავნებლობაზე” 2002 წლის ბოლოს გავრცელდა, 2003 წლიდან კი სურათებიც დაერთო. ის, რომ ჭიების გაჩენა სუშიმ გამოიწვია, დეზინფორმაციაა, თუმცა ფოტოები გაყალბებული არაა. ის ნამდვილად გადაუღეს იაპონელ მამაკაცს, რომლის ტვინიც ჭიების იმპერიად იყო გადაქცეული. რამდენიმე ორგანიზაცია და საიტები, რომლებიც ინტერნეტ-მითების გაბათილებით არიან დაკავებულნი, დაინტერესდნენ ფოტოების წარმომავლობით. გაირკვა, რომ ის გადაღებული იყო 2002 წლის ოქტომბერში. ამ 70-იოდე წლის მამაკაცს სიმსივნის იშვიათი და უჩვეულო ფორმა ჰქონდა, რამაც თავის ქალის ზედა ნაწილი და ალაგ-ალაგ სკალპიც “შეუჭამა”, თუმცა ეს უკანასკნელი იმიტომ არ მიმართავდა სამედიცინო დახმარებას, რომ ტკივილს ვერ გრძნობდა. შემდგომში საავტომობილო ავარიაში მოყვა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სტენფორდის უნივერსიტეტის საადავმყოფოში და დაავადებაც (სახელად Cerebral myiasis) იქ აღმოუჩინეს, ასევე იქ მოხდა სურათების გადაღებაც.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button