ლიტერატურამოთხრობა

გერონტი ქიქოძე ჩაქუჩიანი მამაკაცი

ქვაბლიანის ხეობაში, ასწლოვანი კაკლის ხეებქვეშ ჭულების მონასტერი სთვლემს მთის წყაროს რაკრაკში. ამ მონასტრის კედლებზე ჩაქუჩიანი მამაკაცის ქანდაკება აღმოაჩინეს. ზევით წარწერა ჰქონდა: ხურციძე ბასილი. ამავე გვარს ზარმზმის მონასტრის ერთ წარწერაში ვხვდებით. ბასილ ხურციძე ალბათ ამ ორი მონასტრის ხუროთმოძღვარი იყო. ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ ზარზმა და ჭულები მცირე მანძილზეა ერთმანეთისაგან დაშორებული და ორივე ტაძარს ერთი და იგივე გეგმა უძევს საფუძვლად.

მაგრამ ეს რელიეფი საყურადღებოა თავისთავად. ჩაქუჩიანი მამაკაცი ძველი საქართველოს ნათელი სიმბოლოა, ისევე, როგორც მახვილიანი ან ჯვრიანი მამაკაცი.

დღეს ძველ საქართველოს შესახებ მეტისმეტად ცალმხრივი წარმოდგენა გვაქვს. გვგონია, რომ ჩვენი წინაპრები გამუდმებით სისხლს ღვრიდნენ ურწმუნოებთან ბრძოლაში ან კიდევ ფეხთმოკეცილნი დავითნსა და ვეფხისტყაოსანს კითხულობდნენ. ჩვენს ფანტაზიაში ნათლად ვხედავთ იმ ძველ საქართველოს, რომელიც იბრძოდა და ოცნებობდა, მაგრამ ხშირად ვეღარ ვამჩნევთ იმას, რომელიც აზროვნებდა და მოქმედებდა. ეს კი ძლიერ დიდი უმრავლესობაა. კულტურული შემოქმედების ნიჭი ჩვენს ძველებს დიდად ჰქონდათ განვითარებული. ამით აიხსნება, რომ მათ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უთვალავი ძეგლებით მოჰფინეს მთელი საქართველო.

დედამიწის ზუგრზე ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც ასე მცირე ტერიტორიაზე ამდენი ნაშთი მოიპოვებოდეს. ერთი უცხოელი მეცნიერი, რომელმაც ჩვენი სამშობლო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოვლო, ამტკიცებს, რომ მარტო ეკლესიების რიცხვი ორიათასს უნდა აღემატებოდეს. ეს ციფრი არაა გადაჭარბებული. ბევრი ძველი ტაძარი გავერანებულია და უდაბნოებში ან უღან ტყეებშია დაკარგული, ბევრი გადაკეთებულია მაჰმადიანების ჯამედ, სომხების სამლოცველოდ ან რუსის ბერების სავანედ.

ჩვენ სრულიად არ ჩაგვიბარებია წინაპრებისმიერ დატოვებული მემკვიდრეობა. თავისთავად ის მეტისმეტად მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ძველი ქართველები მარტო ტაძრებს როდი აშენებდნენ, მათ ბევრი საუცხოო ციხე-გალავანი, დარბაზი, კოშკი, ქარვასლა, ხიდი და არხი გააკეთეს. ეს შენობები უმეტეს ნაწილად ადრე მოიშალა და გაქრა: მტრები მათ ნაკლები მოკრძალებით ექცეოდნენ, ვიდრე ეკლესიებსა და მონასტრებს.

შეცდომაა იმის ფიქრი, თითქო ძველ საქართველოში საერო ხუროთმოძღვრება ნაკლებ ყოფილიყო განვითარებული. თუ უცხო და ქართველ მემატიანეებს დაეჯერება, არტანუჯი, ნეკრესი, გრემი, ურბნისი, მცხეთა, ქუთაისი, თბილისი მშვენივრად გაშენებული ქალაქები უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი მათგანი ალბათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ანისს. მაგრამ ანისის ნაშთი მაინც გადაარჩინა შემთხვევამ, ჩვენი ქალაქები კი რამდენჯერმე გადათელეს ველურმა ურდოებმა.

ვინ იცის, რამდენი საუნჯეა  დამალული დედამიწის გულში იქ, სადაც წინათ ქალაქები იყო და ახლა მხოლოდ ნაქალაქევებია? ურბნისის ნიადაგი ოციოდე წლის წინათ ზეზერეულად მოჩიჩქნეს რუსის მკვლევარებმა და შიგ გიშრის ბეჟმენდის და აყიყის მძივები აღმოაჩინეს, ბროლის ლარნაკები და საცრემლეები, ოქროს და ვერცხლის რგოლები, ბეჭდები და საყურეები, ბრინჯაოს კლიტეები და ზარები. ეჭვი არ არის, ამ ნიადაგქვეშ დიდი შენობების ფუძეებიც იქნება დამარხული. ადამიანები, რომელნიც ძვირფას სამკაულით ირთობოდნენ და მშვენიერ ლარნაკებს ხმარობდნენ, უბრალო ქოხმახებში არ იცხოვრებდნენ. მათ ალბათ თაღიანი დარბაზები ექნებოდათ, აუზიანი ბაღები და ქვაფენილიანი ქუჩები თუ მოედნები.

და მართლა, სრა-სასახლეების, კოშკების, აბანოების და ქარვასლების ნაშთები ნიადაგის ზედაპირზეც საკმაოდ აღმოაჩინეს მკვლევარებმა. მაგრამ საჭიროა ცხოველი ფანტაზია, რომ ამ ნაშთების მიხედვით მთელი ჩვენი ნივთიერი კულტურის ბრწყინვალება წარმოვიდგინოთ. საჭიროა, აგრეთვე ის ნიჭი განჭვრეტისა, რომლის შემწეობით ადამიანი ნაწილში მთელს ხედავს, ხოლო ხილულში – უხილავს. მხოლოდ იმას, ვისაც ეს ნიჭი და ეს ფანტაზია აქვს, შეუძლია დაახლოებით მაინც გაზომოს ის უტეხი ენერგია, რომელიც დუღდა ძველ საქართველოში.

ზოგიერთ ერს თავისი თავი დევგმირების და ცალთვალა ციკლოპების შთამომავლად მიაჩნდა. მათ მიაწერდა ვეებერთელა ყორეების და მიწის ზვინების გაკეთებას. ამ რწმენას საქართველოში არანაკლებ მტკიცე საფუძველი აქვს, ვიდრე სხვაგან. ჩვენი წინაპრები მართლაც, ცალთვალა დევების მსგავსი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. ვახუშტი ბატონიშვილი ზოგიერთ ქართულ ტაძარს სამართლიანად გმირთნაკვეთს უწოდებს: მათი ბოძები, თაღები და კედლის ლოდები ისეთი ზომისაა, რომ მხოლოდ გმირებს შეეძლოთ მათი გამოკვეთა. ასეთი იყო მაგალითად, ბანის ტაძარი ტაოში, არტანუჯის – კლარჯეთში, ბაგრატისა – იმერეთში, თიღვისა ქართლში. მაგრამ გასაოცარი იყო ისიც, თუ სად და რა პირობებში აშენებდნენ ტაძრებს და სხვა შენობებს. ზოგიერთი ტაძარი და ციხე სიმაგრე თვალუწვდენელ კლდეზეა აზიდული, ზოგიერთი მონასტერი უდაბნოშია გაშენებული, ან კიდევ ისეთ მივარდნილ ადგილას, სადაც ”არა აქუნდათ ცული და წერაქვი, არცა სხვაი ეგე ვითარი სახმარი. . . და არცა მსოფლიოში ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა”. მაგრამ შეუდრეკელი ენერგიის წყალობით ჩვენი წინაპრები ყოველგვარ დაბრკოლებას სძლევდნენ: ქვა და კირი ”ფიცხელ კლდეზე” ზურგით აჰქონდათ, წყალი არხებითა და მილებით აჰყავდათ, ხოლო საქმის დასაჩქარებლად დღესა და ღამეს ასწორებდნენ. ”რაც შეძლება მქონდა დღე და ღამე მოუსვენრად ვშრომობდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა ვიდრემდის განასრულებდნენ მონასტერსა ამას”, ამბობს ანანურის ტაძრის ერთს წარწერაში ხუროთმოძღვარი ბაღსარაშვილი.

გასაკვირი არ არი, რომ ამ თავდადებულმა ხუროთმოძღვრებმა საუცხოო სასახლეები და ტაძრები ააგეს, ან კიდევ მიუვალი სიმაგრეები, რომელთაც შემდეგ ქაჯებისა და მგლების ციხეებს უწოდებდნენ. თუ საქართველომ მრავალი საუკუნეთა განმავლობაში მტრის გაშმაგებულ იერიშებს გაუძლო, ამას მარტო ფარ-ხმლიან რაინდებს როდი უნდა ვუმადლოდეთ: მათ ჩაქუჩიანი და ცულდიანი ოსტატები ედგათ გვერდში; და სწორედ ეს ოსტატები კვეთდნენ იმ გალავანს, რომელზედაც იმსხვრეოდნენ შემოსეული ურდოები.

მაგრამ თუმცა ქართველ ხუროთმოძღვარს ხელში მძიმე ლითონის იარაღი ეჭირა, მისი სული მაინც თავისუფლად მიისწრაფოდა მაღალი უცნობი სფეროებისაკენ. ამ მხირვ ის ღვიძლი შვილი იყო ძველი ქართველობისა, რომელშიაც სიფხიზლე და აღფრთოვანება იყო შეუღლებული. ძლიერ დამახასიათებელია ის მშვენიერი ლეგენდა, რომელიც ხერთვისის ციხესთან არის დაკავშირებული:

”ხერთვისის ლამაზ ციხეს ორი დიდი კოშკი აქვს, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. კოშკების აშენების ამბავს ხერთვისელები ასე მოგვითხრობენ: თამარ მეფემ უბრძანა ორ კალატოზს აეშენებინათ  ორი კოშკი. ერთი იყო ოსტატი და მეორე მისი შეგირდი. ოსტატს უნდა აეშენებინა აღმოსავლეთის კოშკი, ხოლო შეგირდს – დასავლეთისა. მეფე დაჰპირდა, – უხვად დავაჯილდოვებ, ვინც უფრო კოხტა და ლამაზ კოშკს ააგებსო. ოსტატი და შეგირდი გულმოდგინედ შეუდგნენ საქმეს. ჯერ არ დაემთავრებინათ ხელოსნებს მუშაობა, რომ ხალხმა ყაყანი დაიწყო, – შეგირდის ნაშენობა სჯობია ოსტატისასო. მართლაც, თამარს შეგირდის კოშკი უფრო მოეწონა და წინდაწინვე უხვად დააჯილდოვა ხელოსანი. საშინლად გაბრაზდა ოსტატი, იხელთა დრო და თავის შეგირდს კიბე გამოაცალა სწორედ მაშინ, როდესაც შეგირდი კოშკის თავს ასრულებდა. რა ექნა შეგირდს? რაკი უკიბოდ ძირს ვეღარ ჩამოვიდოდა, ადგა და გაიკეთა ფრთები ორიოდე დარჩენილი ფიცრისაგან. ცულდი წელში გაირჭო და გაფრინდა ჯავახეთის მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. მაგრამ ძირს ისე უხერხულად დაეშვა, რომ ცულდით დაიჭრა და გარდაიცვალა. ამ ადგილს ხერთვისელები ახლაც მსხვერპლის ადგილს ეძახიან”. (ა. ფრონელი, ”დიდებული მესხეთი”).

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button