ლიტერატურამოთხრობა

ჰანს ქრისტიან ანდერსენი: შიშველი მეფე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა მორთვა-მოკაზმვა და მისი განახლება. იგი მთელ თავის ფულს ამაში ხარჯავდა.

ჯარისკაცების წინაშე იგი მხოლოდ იმიტომ გამოდიოდა, თეატრში თუ ტყეში იმიტომ მიიჩქაროდა, რომ თავისი ახალი მორთულობით თავი მოეწონებინა. დღის ყველა დროისათვის მას განსაკუთრებული ტანსაცმელი ჰქონდა შერჩეული. და თუ საერთოდ მეფეებზე იტყვიან: ”მეფე საბჭოშია”, მასზე ყოველთვის ამბობდნენ: ”მეფე საგარდერობოშია”.

ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა მეფე, დიდი და ხმაურიანი იყო. დღე არ გავიდოდა, ქალაქს უცხოელი სტუმრები რომ არ სწვეოდნენ და  აი როგორღაც ერთხელ მას ორი მატყუარა ესტუმრა. მათ  თავი წარადგინეს ფეიქრებად და განაცხადეს , რომ შეუძლიათ მოქსოვონ საუცხოო ქსოვილი, რომლის მსგავსსაც კაცი ვერც კი მოიფიქრებდა. შეფერილობითა და მოქარგულობით მომაჯადოებელს, თან საოცარი თვისება ექნებოდა – მისგან  შეკერილი სამოსელი უხილავი იქნებოდა ბრიყვთათვის და ასევე მათთვის, ვინც თავიანთ ადგილებზე არ სხედან.

”მართლაც რა შესანიშნავი ტანსაცმელი იქნებოდა! – გაიფიქრა მეფემ – ჩავიცვამ და იმ წუთას გამოჩნდება, ვის არ უკავია თავისი ადგილი ჩემს სამეფოში. თანაც შემეძლება გავარჩიო ჭკვიანები ბრიყვებისაგან! დიახ, დაე სასწრაფოდ მომიქსოვონ ასეთი ქსოვილი!”

და მან მატყუარებს ბევრი ფული მისცა, რათა მათ დაუყოვნებლივ დაეწყოთ მუშაობა.

მატყუარებმა ორი საფეიქრო დაზგა დადგეს და თავს იკატუნებდნენ, ვითომდა ვმუშაობთო, სინამდვილეში კი დაზგაზე გრამი ძაფიც არ ჰქონდათ. მათ მოურიდებლად მოითხოვეს წმინდა აბრეშუმი, ბაჯაღლო ოქრო, მიითვისეს ისინი და ”ქსოვა” ცარიელ დაზგებზე შუაღამემდე გააგრძელეს.

”კარგი იქნებოდა მენახა, როგორ მიდის საქმე!” – გაიფიქრა მეფემ, მაგრამ შეყოყმანდა, როდესაც გაახსენდა, რომ ბრიყვი ან ის, ვინც უვარგისია თავისი  საქმისთვის, ვერ დაინახავდა ქსოვილს. თუმცა სწამდა, რომ თვითონ საშიში არაფერი ჰქონდა, მაინც გადაწყვიტა დასაზვერად გაეგზავნა ვინმე.

უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა ქსოვილის ჯადოსნური თვისება და ყველა სულმოუთქმელად ელოდა, ენახა, თუ რა უვარგისი ან ბრიყვი მეზობელი ჰყავდა.

”ჩემს პატიოსან, მოხუცებულ მინისტრს გავგზავნი ფეიქრებთან! – გადაწყვიტა მეფემ, – აბა სხვა ვინ შესძლებს, თუ არა ის, შეამოწმოს ქსოვილი, ის ხომ ჭკვიანია და თანაც ყველაზე უფრო შეეფერება მის ადგილს!..”

და აი მხნე, მოხუცებული მინისტრი შევიდა დარბაზში, სადაც ორი მატყუარა მუშაობდა ცარიელ დაზგებზე.

”ღმერთო, შემიწყალე! – გაიფიქრა მოხუცმა მინისტრმა და თვალები გადმოკარკლა, – მე ხომ ვერანაირ ქსოვილს ვერ ვხედავ!”

მაგრამ მას ამაზე კრინტიც არ დაუძრავს.

მატყუარები კი მას უფრო ახლოს მისვლას სთავაზობდნენ, ხალისიანია თუ არა ფერები, როგორ მოსწონს ქარგა და თან ყველაფერ ამასთან ერთად ცარიელ დაზგებზე უთითებდნენ, საცოდავი მინისტრი მაგრად აჭყეტდა თვალებს, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავდა, რადგან დასანახიც არა იყო რა.

”ღმერთო ჩემო! – ფიქრობდა იგი – ნუთუ ასეთი ბრიყვი ვარ? ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას! მაგრამ აბა რა ვქნა, ქსოვილს რომ ვერ ვხედავ!”

– რატომ აღარაფერს იტყვით? – შეეკითხა ერთი ფეიქართაგანი.

– ოჰ, ძალიან მომხიბვლელია! ფრიად თვალწარმტაცი! – თქვა მოხუცმა მინისტრმა, თან გულმოდგინედ აკვირდებოდა სათვალეებიდან – რა ქარგაა, რა ფერები… დიახ, დიახ, მე მოვახსენებ მეფეს, რომ ძალიან მომწონს!

– ძალიან კარგი, ჩვენ მოხარულები ვართ!.. – თქვეს მატყუარებმა და მოჰყვნენ ფერების დასახელებას, უიშვიათესი ქარგის განმარტებას. მოხუცი მინისტრი ყურადღებით უსმენდა და იმახსოვრებდა, რათა ყოველივე ზუსტად მოეხსენებინა მეფისათვის.

იგი ასეც მოიქცა.

მატყუარებმა კი დამატებით კიდევ მოითხოვეს ფული, აბრეშუმი და ოქრო: თითქოს ეს ქსოვილისათვის ყოფილიყო საჭირო, მაგრამ ყველაფერი ისევ მიითვისეს, ქსოვილზე ერთი გრამი ძაფიც არ დაუხარჯავთ, თვითონ კი კვლავ გააგრძელეს ”ქსოვა” ცარიელ დაზგაზე.

მეფემ მალე სხვა პატიოსანი მოხელეც გააგზავნა გასაგებად, თუ როგორ მიდიოდა საქმეები და რამდენ ხანში დაამზადებდნენ ქსოვილს. ამ მოხელესაც ზუსტად იგივე დაემართა, რაც მინისტრს, მანაც დიდხანს უყურა, უყურა, მაგრამ ვერა დაინახა რა, რადგან ცარიელი დაზგების გარდა იქ სხვა არაფერი იყო.

– აბა რას იტყვით, მოგწონთ ქსოვილი? – ეკითხებიან მატყუარები და თან არარსებულ დიდებულ ქარგას უხსნიან.

”მე ხომ ბრიყვი არა ვარ! – გაიფიქრა მოხელემ – მაშასადამე, გამოდის, შესაფერისი არა ვარ იმ მშვენიერი ადგილისათვის, რომელიც მიკავია სამეფო კარზე? საკვირველია! ყოველ შემთხვევაში, არ უნდა შევიმჩნიო და იგი შეუდგა მისთვის უხილავი ქსოვილის ქებას, აღფრთოვანება გამოთქვა ფერებისა და ქარგის გამო.”

– ოჰ, ძალზე მომხიბვლელი ქსოვილია! – მოახსენა მან მეფეს.

ამის შემდეგ მთელი ქალაქი ალაპარაკდა, თუ რა შესანიშნავი ქსოვილი მოქსოვეს ფეიქრებმა.

ახლა კი მეფემაც ისურვა ქსოვილის ნახვა, სანამ ”ნაწარმს” დაზგიდან ჩამოხსნიდნენ.

სამეფო კარის რჩეულთა უზარმაზარი ამალის თანხლებით, რომელთა შორის აქ ნამყოფი ორი მოხუცი, პატიოსანი მოხელეც ერია, ხელმწიფე მოხერხებულ მატყუარებს ეწვია, რომლებიც მთელი ძალით მუშაობდნენ, თუმცა დაზგებზე ძაფის ნასახიც არ იყო.

– განა დიდებული არ არის? – ერთხმად წამოიძახა უკვე აქ ნამყოფმა ორივე მოხელემ – ნახეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რა ქარგაა, რა ფერები! – და ცარიელ დაზგებზე მიუთითეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ სხვები, ალბათ, აუცილებლად ხედავენ ქსოვილსო.

”რა ხდება? – გაიფიქრა მეფემ – მე ვერაფერს ვერ ვხედავ! რა უბედურებაა! ნუთუ ბრიყვი ვარ? ან იქნებ სამეფო ტახტისათვის არ ვვარგივარ? უარესს ვერც კი მოიფიქრებდა კაცი!”

– ოჰ, ძალიან ლამაზია! – თქვა მეფემ – ვაცხადებ ჩემს უზენაეს მოწონებას.

ის კმაყოფილებით აქნევდა თავს და თვალიერებდა ცარიელ დაზგებს, არ უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ ვერაფერს ხედავდა. მისმა თანმხლებმა ამალამაც  უყურა, უყურა და თუმცა სხვებზე მეტი ვერაფერი დაინახა, მეფეს მაინც კვერს უკრავდა: ”ოჰ, რა შესანიშნავია” – და თან ურჩევდნენ მას ამ შესანიშნავი ნაჭრისაგან შეეკერა სამოსი მოახლოებული საზეიმო მსვლელობისათვის. ”ეს ბრწყინვალეა! შესანიშნავია!” – ისმოდა ყოველი მხრიდან, ყველა აღფრთოვანებულიყო. მეფემ მატყუარებს კარის ფეიქრის წოდება და რაინდის ჯვრიანი სამკერდე ნიშანი უბოძა.

ზეიმის წინა დღეს, მთელი ღამე კერავდნენ მატყუარები და თექვსმეტზე მეტი სანთელი დახარჯეს. ყველანი ხედავდნენ, თუ როგორ ჩქარობდნენ ისინი, დათქმულ ვადაში მოესწროთ მეფისათვის სამოსელი. ისე მოხერხებულად დასტრიალებდნენ თავს სამუშაოს, რომ სრული შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დაზგებიდან ნაჭერს ხსნიან, დიდი მაკრატლით ჭრიან და ნემსით კერავენო. ბოლოს თქვეს: – ესეც ასე, მორთულობა მზადაა!

სამეფო კარზე ყველაზე დაახლოებულ დიდგვაროვანთა თანხლებით მეფე მატყუარებს ეწვია, მათ კი ხელები მაღლა აეწიათ, თითქოს რაიმე სჭეროდათ და ამბობდნენ:

– აი შარვალი! აი პერანგი! აი, მანტია! – და ასე შემდეგ,- ყველაფერი ბუმბულივით მსუბუქია! – კაცმა შეიძლება იფიქროს, არაფერი მაცვიაო, მაგრამ ამ სამოსის მთელი ეშმაკობაც ხომ ამაშია!

– დიახ, დიახ, – ამბობდნენ დიდგვაროვნები, თუმცა ისინი ვერაფერს ხედავდნენ, რადგან დასანახიც ხომ არაფერი იყო.

– ახლა კი თქვენო სამეფო აღმატებულებავ, ტანთ გახდა ინებეთ! – უთხრეს მატყუარებმა. – ჩვენ ჩაგაცმევთ ამ ახალ ჯადოსნურ სამოსელს დიდი სარკის წინ.

მეფემ გაიხადა, მატყუარებმა კი შექმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ერთიმეორის მიყოლებით აცმევდნენ მას ტანსაცმლის სხვადასხვა ნაწილებს. შემდეგ გარს შემოეხვივნენ, თითქოს წელზე რაღაცას ამაგრებდნენ – ეს იყო გრძელკუდიანი ფესვედი და მეფეც დატრიალდა, დაბზრიალდა სარკის წინ.

– ოჰ, როგორ უხდება! რა ზუსტად მოერგო! – ერთხმად იძახდა დიდგვაროვანთა ამალა. – რა ქარგაა, რა ფერები! საუცხოო კაბაა!

– საჩრდილობელი გელოდებათ, თქვენო ბრწყინვალებავ! – მოახსენა მეფეს საზეიმო ცერემონიის ხელმძღვანელმა. – საზეიმო მსვლელობი დროს იგი თავს ზემოთ გექნებათ.

– მე მზად ვარ! – თქვა მეფემ და კიდევ ერთხელ შეტრიალდა სარკის წინ. ხომ უნდა ეჩვენებინა ხალხისათვის, ყურადღებით ვათვალიერებ მორთულობასო.

პირისფარეშებმა, რომლებსაც უნდა ეტარებინათ მეფის გრძელკუდიანი ფესვედი, ხელები მოაფათურეს იატაკზე და თავი მოაჩვენეს, თითქოს აიღეს იგი, შემდეგ კი წინ გამოწვდილი ხელებით უკან დაედევნენ მას.

ასე ჩაუდგა მდიდრული საჩრდილობლის ქვეშ მყოფი მეფე სათავეში პროცესიას. ყველანი ქუჩიდან თუ ფანჯრიდან გაიძახოდნენ:

– ოჰ, რა დიდებულია მეფის ახალი სამოსელი! რა ლამაზი ფესვედია! როგორ უხდება მანტია!

არავის სურდა ეღიარებინა, რომ ვერაფერს ხედავდა, ეს ხომ იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ იგი ან ბრიყვია ან თავისი ადგილისათვის შეუფერებელი. მეფის არც ერთ სამოსელს არ გამოუწვევია ასეთი აღფრთოვანება ხალხში.

– კი მაგრამ ის ხომ ტიტველია! – თქვა მოულოდნელად ერთ-ერთმა ბავშვმა.

– ღმერთო ჩემო, გესმით, რას ამბობს უცოდველი ბალღი! – თქვა მამამისმა. ხალხმა დაუყოვნებლივ ჩურჩულით დაიწყო ბავშვის ნათქვამის ერთმანეთში გავრცელება.

– ის ტიტველია! აი ბავშვმა თქვა, რომ ის ტიტველია!

– კი მაგრამ, ის ხომ ტიტველია! – იხუვლა ბოლოსდაბოლოს ხალხმა.

მეფემ უხერხულად იგრძნო თავი: ეჩვენებოდა, რომ ხალხი მართალი იყო, მაგრამ თავისთვის ფიქრობდა: ’პროცესია ხომ უნდა მივიყვანო ბოლომდე.”

და გაჯგიმულმა, შიშველმა მეფემ, უფრო მედიდური იერით განაგრძო მსვლელობა, პირისფარეშები კი უკან მისდევდნენ არარსებული ფესვედით ხელში.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button