ვალერიან გაფრინდაშვილი: შენიშვნები ლირიკაზე
ვალერიან გაფრინდაშვილი: შენიშვნები ლირიკაზე
ლირიკა მონოლოგია. ლირიკოსს არ ჰყავს აუდიტორია. მისი ლექსი ლოცვაა და ამ ლოცვის ავტორი ყველაზე უფრო განმარტოებულია პოეზიაში. ლირიკოსი უდაბნოში ქმნის თავის ლოცვებს. ლირიკა არის „თეატრი თავისთვის“ და აქ საჭიროა უმძაფრესი ფანტაზია, რადგანაც ლირიკოსი თვითონ არის ამ თეატრის მსახიობი, რეჟისორი, ავტორი და მაყურებელი, გავიხსენოთ დიდი მაგალითი ედგარ პო: ისე დაიწვა და დაიფერფლა თავის კოცონზე, რომ ერთხელ არ გაუგონია პარტერის თანაგრძნობა. ბოდლერი, რემბო, ლოტრეამონი დაიღუპნენ, როგორც დიდი ქალაქები თავის შემოქმედების ცეცხლში, მაგრამ აუდიტორია არ მიშველებია იმათ სევდიანი აღტაცებით. პოეტი ვერ დაივიწყებს თავსი დანიშნულებას, თავის განცალკევებულ ბუნებას, ისე როგორც ვერ დაივიწყებს თავის სქესს ქალი. პოეტი თვითონ არის თავისი მსხვერპლი და ჯალათი. თანამედროვე ლირიკა, როგორც მისტიური თვითმკვლელობა, რაინდულია.
მსოფლიოს იდუმალებამ, როგორც ლოტრეამონის საშინელმა გომბეშომ, ლირიკაში ნახა თავისი ბუდე და პოეტი – მშვენიერ გომბეშოს კავალერი – ყოველთვის იღუპება იდუმალებასთან ბრძოლაში.
ლირიკოსი „ობოლი სულია“, მაგრამ ის იწვის და მისი ცეცხლი დიდ მანძილზე ანათებს.
ლირიკა ხშირად ავტობიოგრაფიულია, მაგრამ პოეტმა უნდა გააზღაპროს თავისი ავტობიოგრაფია. ტკივილი, რომელსაც ის განიცდის მაზოლებიდან უნდა ავიდეს მსოფლიო პრობლემის სიმაღლეზე. ვინ იყო ცხოვრებაში ვერლენზე უფრო მახინჯი და წვირიანი, მაგრამ ის დღეს დიდებული კერპია, რომელსაც თაყვანს ვცემთ პოეზიის ტაძარში. ცხოვრება არის დანტეს ჯოჯოხეთი, შემოქმედება განსაწმენდელია და ხელოვნება – შორეული სამოთხე. პოეტისათვის საჭიროა პოზა, როგორც ფორმა იმის შემოქმედებისა. პოზა ნიჭის უტყუარი მაჩვენებელია. ვინც ნახა თავის ორიგინალური პოზა (ხელოვნური თუ ბუნებრივი – ეს სულერთია) ის არის ღირსი პოეტის სახელის. ვისაც არა აქვს პოზა, იმას არა აქვს პოეტური დამოკიდებულება სინამდვილესთან. ლირიკა არის პოეტის ავტოპორტრეტი და არა ფოტოგრაფია. ავტოპორტრეტი გულისხმობს პოზას და ფოტოგრაფია მხოლოდ სინამდვილის გამეორებას. ვან გოგმა, სანამ თავის ავტოპორტრეტს დახატავდა, სარკის წინ ყური მოიჭრა და ყურმოჭრილი ვან გოგი უდიდესი სიმბოლოა თანამედროვე ხელოვნების, რომელიც სინამდვილეს არ ემორჩილება. დღეს პოზა ლირიკაში სიმბოლურია, რადგანაც ლირიკას სწამს გარეგანი სინამდვილე, როგორც საშვალება, და არა როგორც მიზანი, როგორც ფენომენი და არა როგორც ნოუმენი. ჩვენ ვნახულობთ პოზას რემბოს ცხოვრებაში და ეს ლეგენდარული ცხოვრება ღირსეულად ახასიათებს მის „მთვრალ ხომალდს“, ლაфორგის პოეზია მისი ჭლექის რეზონანსია.
არის განსხვავება თანამედროვე და წარსულ ლირიკას შორის. თანამედროვე ლირიკა უეჭველად შექმნა ქალქის ბოგემამ. ბოგემელები იყვნენ ვიიონი, ბოდლერი, ედგარ პო, რემბო, როლლინა, და სხვები. ეს ლირიკა ქალაქის ქუჩაში ან კაფეში დაიბადა ელეკტრონის სინათლეზე – იმ ჰაერში, რომელიც გაჟღენთილია პუდრის მოგონებით, როსკიპების და კურტიზანკების სურნელით. ეს ლირიკა ხშირად კოშმარულია. ნევრასტენია – უსახელო ყვავილი – ბოგემის ტალახით იკვებება. კორბიერის „პარიზი დღით“ და „პარიზი ღამით“ არის ბოგემის გენიალური ქმნილება. იქ, სადაც უწინ ბატონობდა სულთანივით ამაყი ვიქტორ ჰიუგო, ახლა არის თანამედროვე პოეზიის პანი – ვერლენი, რომელიც ცხოვრობს ყავახანაში, გოსპიტალში და საპყრობილეში. ვერლენის მათხოვრობა საკვირველია და ბაირონის ცხოვრება წარმოგვიდგება ჩვენ, როგორც ყალბი ბუტაფორია. დღეს ღატაკი ბოგემა არის ნოყიერი ნიადაგი, რომელზედაც იზრდებიან პოეზიის შხამიანი ყვავილები.
წარსულში ლირიკას არ ჰქონდა დიდი პრეტენზიები და მისი წრე განსაზღვრული იყო პრიმიტიული გრძნობებით და იდეებით. დღევანდელი ლირიკა მთელ მსოფლიოს უპირდაპირებს თავის თავს, უნდა შექმნას საკუთარი სამყარო, უნდა მეტოქეობა გაუწიოს თვით ტრაგედიას. დღეს ტრაგედიის მაგივრობას ასრულებს ლირიკა, რომელსაც ჰყავს თავისი გმირები – პოეტები, თავისი მიჯაჭვული ამირანები. მეტერლინკის ლირიკული დრამები კლასიკური ტრაგედიის უარყოფაა. ლაфორგის ლექსები ლირიკული ტრაგედიებია. მაგალითად, მისი „პიეროების გამოძახება“. იმ პსიქოლოგიურ მასკარადში, რომელსაც პოეზია ჰქვია, მოწამლულ და უცხო მასკებს ატარებენ ლირიკოსები. ლირიკა, დაიარებული ძვირფასი იარებით, საუკუნეების მელანქოლიით, ამერიკანელ ყორანის “Nevermore”-ით, დაისების ჭლექით, სიგიჟით, სიმახინჯის სიყვარულით – არის აღსარება სიკვდილის წინ. ლირიკული ატირება თითქოს სავალდებულო გახდა პოეტისათვის ვერლენის შემდეგ. ბოდლერი ძვირად გვიჩვენებს თავის ცრემლებს და მისი მუზა „არასოდეს არ სტირის და არასოდეს არ იცინის“. მალარმეს თრთოლვა ხანდახან ქვითინში გადადის, თუმცა მას სურს იყოს „თოვლივით თეთრი და ყინულივით ცივი“. ბოდლერის მუზა ირონიის ნიღაბით გვევლინება, მაგრამ ჩვენი ფანტაზია ამ ირონიით გაფითრებული, აქამდი კანკალებს და ცრემლებს ღვრის. ყოველ პოეტს მოქვს თავისი პოეტიკა.
პოლ ვერლენს სწამდა მხოლოდ ლირიკა, როგორც ნაჩრდილი, დანარჩენ მწერლობას მან თავის L’Art Poetique-ში ლიტერატურა უწოდა, ამ სიტყვის დამამცირებელი მნიშვნელობით.
ხანდახან ერთი ლირიკული კვნესა გადასწონის მრავალტომიან რომანს.
ილია ჭავჭავაძის „ტყემ მოისხა ფოთოლი“ არის შედევრი, რომელსაც ვერ შეედრება ვერც მისი „განდეგილი“, ლირიკა იძლევა მთელი მსოფლიოს სევდის კვინტენსენციას.
მეოცე საუკუნეში ყოველი ლიტერატურული რევოლუცია იწყება ლირიკის სფეროში და შემდეგ პოეზიის სხვა სფეროებში იჩენს თავს.
ლირიკამ გამოიყენა ყველა საოცნებო სახელები, მთელი წარსული პოეზიის სევდა მან აღიარა, როგორც ერთი ძვირფასი ქვა, ყველა გრიგალები, ორგიები და მარადი საყვედურები მან შესთავაზა ერთ სონეტს. შექსპირის „გამლეტი“ და მალარმეს „გედი“ – ორი თანასწორი სამკაულია.
ლირიკა არის მთელი პოეზიის უკანასკნელი დასრულება და ოხვრა. ლირიკა სესხულობს სახეებს ეპოსიდან და დრამიდან, მაგრამ ეს სახეები კარგავენ თავის პირველყოფილ ხასიათს და ლირიკულ საგნებად იქცევიან. ლირიკის დაბინდულ ბაღში ჩვენ შევხვდებით ყველა წარსულ შემოდგომებს, წარსულ ყვავილებს, დეზდემონებს და ოფელიებს, დონკიხოტებს და გამლეტებს, პაჟებს და ინфანტებს. პარნასელების ლირიკას შეჰყავს თავის სასუფეველში მთელი ისტორია, როგორც მოჩვენება, ლირიკა არის ელიზიუმი, სადაც ნებივრობენ პოეზიის გმირები და აჩრდილები. ლირი – მოქანცული ბრძოლით შექსპირის ტრაგედიაში – ლირიკაში ისვენებს. ლირიკა დაეძებს იმისთანა სახეებს, რომლებიც იძლევიან მარადისობის წინათგრძნობას! ძნელი აღსადგენია რომელიმე ეპოქა ლირიკის საშუალებით. ლირიკა თითქო დროს და სივრცის გარეშეა. ლირიკამ დასწვა ყველა ხიდები და წინ მიდის. იქნებ ეს წინსვლა ლირიკის კატასტროფით გათავდეს, მაგრამ უკან დახევა შეუძლებელია. დღეს ლირიკაში სიჩუმესთან ერთად გრიგალებია, დღეს ლირიკაში ტიუტჩევის ქაოსია გამეფებული და პოეტი დაურიდებლად მიექანება წინ, თუმცა იცის, რომ დამარცხება აუცილებელია. ქართული პოეზია ჯერ ეპოსით ამაყობს, მაგრამ დგება საბედისწერო წამი, როდესაც ლირიკის გოლგოთაზე უნდა ავიდეს ქართველი პოეტი, როდესაც ქართული პოეზია, როგორც სალომეია, მოითხოვს იოქანაანის მოკვეთილ თავს.
1919 წლის დეკემბერი