ფლორა & ფაუნა

იხვნისკარტა

იხვის, თახვისა და წავის ნაერთი ბუნების ყველაზე უცნაური ცხოველების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. მეცნიერები, რომლებიც პირველად ეცნობოდნენ ამ სახეობის წარმომადგენლებს, ფიქრობდნენ, რომ ბოროტი ხუმრობის მსხვერპლნი იყვნენ. დღესდღეობით კი მის რეალურობაში ეჭვი აღარავის ეპარება.

იხვნისკარტები სავარაუდოდ ექიდნებს გამოეყვნენ 19-48 მილიონი წლის წინ. ყველაზე ძველი ნამარხები დათარიღებულია 100 000 წლით. თანამედროვე იხვნისკარტა ძუძუმწოვრების ხის ადრეული შტოს წარმომადგენელია. ფართო საზოგადოებამ მის შესახებ გაიგო National Geographic-ის ჟურნალის 1939 წელს გამოშვებული სერიის მეშვეობით, სადაც ამ სახეობას ცალკე სტატია დაუთმეს.

იხვნისკარტა ყველაზე მეტად ჩამოჰგავს იხვს აპკოვანი ფეხებითა და ნისკარტით, თახვს – კუდით და წავს – სხეულის მოყვანილობითა და ბეწვით. მამრები შხამიანებიც არიან – უკანა ფეხების ქუსლებზე ბასრი ნესტრები აქვთ და საჭიროების შემთხვევაში პოტენციური მტრის საწინააღმდეგოდ გამოყენებაც შეუძლიათ, ნესტრებიდან საკმაოდ ძლიერი შხამის გამოშვებით.

იხვნისკარტები ნადირობენ წყალქვეშ. წინა აპკოვან ფეხებს ნიჩბებივით უსვამენ, ხოლო უკანა ფეხები და კუდი საჭის მაგივრობას სწევენ. კანის ნაკეცები თვალსა და ყურებს ფარავენ და ამგვარად იცავენ სითხის შეღწევისგან, ხოლო ნესტოები იკუმშება და წყალგაუმტარი ხდება. ასეთ მდგომარეობაში იხვნისკარტას წყალქვეშ ყოფნა 1-2 წუთის განმავლობაში შეუძლია, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მგრძნობიარე ნისკარტის მეშვეობით საკბილო მოიგდოს ხელთ.

ეს ავსტრალიური ძუძუმწოვრები ფსკერზე იკვებებიან. ისინი ამღვრევენ ქვიშას და ამგვარად ამოჰყავთ ზემოთ მწერები, ლიფსიტები, მოლუსკები და ჭიები, შემდეგ კი ყლაპავენ ხრეშთან და ლამთან ერთად. ეს ყველაფერი გროვდება ლოყის შიდა ნაკეცებში, შემდეგ კი მოსანელებლად მუშავდება. იხვნისკარტებს არ აქვთ კბილები, ამიტომ ხრეშის ნამსხვრევები ეხმარებათ საკვების “დაღეჭვაში”.

წყალში ყოფნა არასანადირო მიზეზებითაც უყვართ – უბრალოდ სიამოვნების მისაღებად. დღის განმავლობაში იხვნისკარტები 12 საათს ატარებენ წყალში, მაშინაც კი, თუკი ტემპერატურა ცელსიუსით 0 გრადუსამდე ეცემა.

ხმელეთზე იხვნისკარტები შედარებით ტლანქები და მოუქნელები არიან. თუმცა ფეხებზე არსებული აპკი ზემოთ იწევა და თათებიდან ბრჭყალები გამოდის, რაც საშუალებას აძლევთ მათ, ირბინონ. ბრჭყალებსა და თათებს ასევე იყენებენ წყლის ნაპირას ქვიშაში სოროების გასათხრელად. უმეტესად სწორედ ამ სოროებში ისვენებენ, თუმცა ხშირად მზეზეც თბებიან და სქელ ბეწვს ისწორებენ. ყველაზე აქტიურები არიან შებინდებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და განთიადამდე.

გამრავლების მხრივ უნიკალურები არიან. იხვნისკარტა ის იშვიათი ძუძუმწოვარია, რომელიც კვერცხებს დებს (მის გარდა ცნობილია მხოლოდ ერთი ასეთი ძუძუმწოვარი – ექიდნა). მდედრი იხვნისკარტები სოროს ერთ-ერთ კამერაში იმალებიან და კვერცხებს დებენ. როგორც წესი, ერთ ჯერზე მდედრი ერთ ან ორ კვერცხს დებს, იშვიათად 3-4-ს. ამის შემდეგ კი ტანითა და კუდით ეფარება მათ და ამგვარად უნარჩუნებს ტემპერატურას. დაახლოებით 10 დღეში კვერცხიდან პატარები იჩეკებიან, ამ დროს ისინი მუხუდოს ოდენები და სრულიად უმწეონი არიან. დედები მათ 3-4 თვის განმავლობაში უვლიან და რძით კვებავენ, სანამ დამოუკიდებლად ცურვას არ ისწავლიან. შეწყვილება წელიწადში ერთხელ ხდება. ჩრდილოეთის ტერიტორიაზე ეს სეზონი ივნისის მიწურულშია, სამხრეთში კი – ოქტომბერში.

წყარო
https://charlius.com/
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

ერთი კომენტარი

Leave a Reply

Back to top button
Close
Close