გამორჩეული ადამიანებიმეცნიერებაუცნაური

ჯოვანი ალდინი – მკვდრების ‘გამცოცხლებელი’

ჯოვანი ალდინი – იტალიელი ფიზიკოსი, მეცნიერ ლუიჯი გალვანის ძმისშვილი და მისი თეორიების უდიდესი მხარდამჭერი. ალდინის ნაშრომებმა ბიძამისის აღმოჩენებს ფართოდ გაუთქვა სახელი. დაიბადა 1972 წლის 10 აპრილს. 1798 წელს ფიზიკის დარგში პროფესორი გახდა, რაც მისი მასწავლებლის, სებასტიანო კანტერზანის (1734-1819) დამსახურება იყო.

მისი სამეცნიერო შრომები მოიცავდა გალვანიზმს და მის გამოყენებას მედიცინაში, ექსპერიმენტებს, რომლებიც ეხებოდა ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას და მატერიალური ობიექტების გადარჩენას ცეცხლისგან. ალდინი მთელ ევროპაში მოგზაურობდა და სახალხოდ ატარებდა ექსპერიმენტებს ადამიანებისა და ცხოველების გვამებზე – ახდენდა მათ ელექტრიფიცირებას. ამ ექსპერიმენტებს თეატრალური წარმოდგენის სახეს აძლევდა. შემდგომში ბოლონიაში განაგრძო საქმიანობა და სიკვდილმისჯილი პატიმრების სხეულებს იყენებდა. ელექტროენერგიის გამოყენებით ის ახერხებდა სასიცოცხლო ძალების ამუშავებას, კუნთებისა და სახის ქსოვილების ამოძრავებას. გარდაცვალებიდან საათნახევარში ალდინის შეეძლო გვამის მარჯვენა ხელი ზედაპირიდან 20 სმ-ით აეწია ჰაერში. ეს ხდებოდა მაშინაც, თუკი ამ ხელში რაიმე ნივთი იდო.

ალდინის ექსპერიმენტებს ხშირად აკვირდებოდა უამრავი ადამიანი. ძირითადად ექსპერიმენტის “მასალა” ადამიანის სხეული ან ხარის თავი იყო. ამ დროს სახის კუნთები, ხელები ან ფეხები კრუნჩხვით მოძრაობას ასრულებდა. ზოგჯერ იმავეს აკეთებდა ძაღლის, ძროხის, ცხენისა და ცხვრის თავსა და ტანზე.

გალვანიზებული გვამი

თვითმხილველის აღწერა: “ალდინმა ძაღლს თავი მოაჭრა და ელექტროენერგიის ძლიერი წყარო მიუერთა. უმნიშვნელო კონტაქტიც კი იწვევს საშინელ კრუნჩხვებს. ყბები იხსნება, კბილები კაწკაწებს, თვალები ტრიალს იწყებენ. დიდხანს თუ გაგრძელდა, ბევრი იფიქრებს, რომ ცხოველი ცოცხალია და იტანჯება.” მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად შოუმენად იცნობდნენ, ალდინი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ახერხებდა გონებრივად ავადმყოფი პაციენტების განკურნებას ელექტროშოკის ზემოქმედებით.

ეს ექსპერიმენტები ალდინმა დაწვრილებით აღწერა 1803 წელს გამოცემულ წიგნში “გალვანიზმის ბოლო პერიოდის წინსვლების ანგარიში”. ეს წიგნი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მასში პირველად აღიწერა ისეთი ექსპერიმენტები, სადაც ერთდროულად იყო გამოყენებული ვოლტასა და გალვანის მეთოდები. ეს ყველაფერი ხდებოდა დამაგნიტებული ფოლადის ნემსებით, გალვანური წრის მეშვეობით. მერი შელი კარგად იცნობდა მის ნაშრომებს, როცა დაწერა ცნობილი ნოველა ფრანკენშტეინის შესახებ.

ალდინი თავის ნაშრომებში წერდა: “თავმოკვეთილი დამნაშავეების სხეულები ჩემი ექსპერიმენტებისთვის გადმომცეს, ჩემს ლაბორატორიაში, მათი დასჯის ადგილიდან ახლოს. მათი თავები გალვანური მოქმედების შესამოწმებელი ობიექტები იქნება. ამისთვის მომზადებული მაქვს კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს ვერცხლისა და ტყვიის ასობით ნაჭერს.

ყურის შიგნითა მხარეს ვანესტიანებ მარილიანი წყლით. შემდეგ რკალს ვაკეთებ მეტალის ორი მავთულით. ისინი იწყება ყურებიდან და ერთი ბოლო კონსტრუქციის თავს უერთდება, მეორე – ბოლოს. როცა კავშირის გაყვანა დავასრულე, დავაკვირდი კუნთებს, რომლებმაც შეკუმშვა დაიწყეს. ისინი ისე არარეგულარულად მოძრაობდნენ, რომ საშინელ გრიმასებს ქმნიდნენ. ქუთუთოების მოქმედებაც ძალზედ საოცარია, თუმცა ადამიანისა ნაკლებად მგრძნობიარეა ხართან შედარებით.”

ექსპერიმენტი გვამებსა და მოკვეთილ თავებზე

ალდინის ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი ჩატარდა 1803 წელს, ლონდონის ქირურგიის სამეფო ინსტიტუტში ჩამომხრჩვალი ადამიანის, ჯორჯ ფორსტერის გვამზე. ექიმებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების თანდასწრებით ალდინმა მძლავრ ბატარეასთან შეერთებული გამტარების წყვილი აიღო და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს მიუერთა. შედეგი სანახაობრივი იყო: როცა გამტარები ფორსტერის პირსა და ყურს მიუერთდა, ყბამ ცახცახი დაიწყო, კუნთებმა გამრუდება, მარცხენა თვალი კი გაიხსნა. როცა ერთ-ერთი გამტარი სწორ ნაწლავს მიუერთდა, მთელმა სხეულმა კრუნჩხვა დაიწყო და მალე ისე გაძლიერდა, რომ სხეული ცოცხლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ალდინი ცვლიდა გამტარების მიერთების ადგილს და ბევრმა იფიქრა, რომ გვამი გაცოცხლდა. ერთ-ერთი მაყურებელი წარმოდგენის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა.

ჯოვანი ალდინიმ მრავალი სამეცნიერო ინსტრუმენტი შექმნა ექსპერიმენტების დროს. მათგან ზოგიერთი დღემდე შემონახულია. ამ ინსტრუმენტებს მოსწავლეებთანაც იყენებდა. მისი დამსახურებების პატივსაცემად ავსტრიის იმპერატორმა “რკინის გვირგვინის” რაინდის ტიტული უბოძა, ასევე მილანის მმართველი საბჭოს წევრობა. გარდაცვალების ადგილიც სწორედ ეს ქალაქი – მილანია, დრო კი 1834 წლის 17 იანვარი. მისი ანდერძის მიხედვით, დარჩენილი ქონება ბოლონიის საბუნებისმეტყველო მეცნიერების სკოლის ფონდში ჩარიცხეს.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button