ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავის მაძებარი გოგო

აშურის ხელმწიფეს ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ამ გოგოს მეტი ამ ხელმწიფეს არავინ გააჩნდა. ეს გოგო ისეთი ლამაზი ყოფილა, მისი მსგავსი კაცს არასოდეს ენახა. ქვეყანა გაოცებული იყო მისი სილამაზით. ეს ხელმწიფე ძალიან მდიდარი ყოფილა და, რამდენადაც ამ გოგოს მეტი არავინ ესვა, ძალიან თამამად ჰყოლია აღზრდილი; თურმე რასაც იტყოდა, ყველაფერს უსრულებდნენ. ამგვარად, ეს გოგო დაეჩვია და, რაც თავში მოუვიდოდა, ან ყურში ჩაწვდებობა, მოისურვებდა და მაშინვე რომ არ შეესრულებინათ, კაცს სიქას გააცლიდა, თავის ტვინს ამოართმევდა.

ერთხელ ამ გოგომ ოქროს კრავი მოითხოვა. ოქროს კრავი მინდა და მომიყვანეთო. ზოგმა თქვა, დედამ დაარიგაო, ზოგმა კი – გამდელმაო. მაგრამ სიმართლე მაინც არავინ იცოდა – დედამ წააქეზა, გამდელმა, თუ თვითონ მოჰკრა ყური და თავისით ისურვა. მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: თქვა და გათავდა. ახლა მხოლოდ ერთი გზა იყო დარჩენილი: მთელი სახელმწიფო ფეხზე უნდა დამდგარიყო და გოგოს ნათქვამი შეესრულებინათ. გაოგნებული იყო საწყალი მამა, არ იცოდა, რა ექნა.

– ეს რა მოინდომე, შვილო? ასეთი რამ არც გამიგონია და არც თავში მომსვლია არასოდეს.

– შენ თუ არ გაგიგონია, მე გამიგონია, მამავ! ვიცი, რომ არსებობს და, თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა, მომიყვანეთ. თუ მომიყვანთ, მოვრჩები, თუ არ მომიყვანთ, მოვკვდები.

აი აქეთ, აი იქით, დაფაცურდა გაჭირვებული მამა. ბოლოს გაიგეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში იყო ოქროს კრავი. მაგრამ რა ქნან? ამას ჰკითხეს, იმას ჰკითხეს, თუ საქმე როგორ მოეგვარებინათ.

ეს გოგო არც სვამს, არც ჭამს, ფეხს ურტყამს კედელს და გაუჩერებლივ იძახის, ოქროს კრავი მომიყვანეთო. როცა სხვა კრავები მიუყვანეს, კივილით აიკლო იქაურობა.

დაუძახა ხელმწიფემ ვეზირებს, იმსჯელეს, ითათბირეს და გადაწყვიტეს, კაცები გამოეგზავნათ ჩვენს სახელმწიფოში.

ხელმწიფემ მოაყვანინა ერთი კრავი და აწონა. სამჯერ იმდენი ბაჯაღლო ოქრო მეორე მხარეზე აწონა და ჩაჭედა ზანდუკში. ცალკე ხელმწიფისა და ცალკე დედოფლისათვის გამოაწყო რაც შეიძლებოდა ძვირფასი, შესაფერისი საჩუქრები, გამოაყოლა ერთი უფროსი ვეზირი და გამოგზავნა კაცები ჩვენს ხელმწიფესთან. შემოუთვალა ჩვენს ხელმწიფეს თავისი გასაჭირი და თხოვა რაიმე ეღონა.

მოვიდნენ აშურის ხელმწიფის კაცები თავიანთი ძღვენით ჩვენს ხელმწიფესთან. გამოაჩინეს მოტანილი საჩუქრები და მოახსენეს დადიანს, თუ რისთვის იყვნენ მოსული. ძალიან ეწყინა დადიანს.

– რატომაა, ბატონო, ასე რომ გეწყინათ და შეწუხდით? – ჰკითხეს გამოგზავნილმა კაცებმა.

– როგორ არ მეწყინოს და არ შევწუხდე, შვილო, – უპასუხა დადიანმა, – თქვენ ისეთ საქმეზე ხართ მოსული, რომ ვერაფერში დაგეხმარებით და ვერც ვერავინ დაგეხმარებათ. გაგიგონიათ ოდესმე, შვილო, ღმერთი გაეყიდოთ, ან ვინმესთვის ეჩუქებინოთ? ოქროს კრავი არავის ფარაში არ არის. იგი ღმერთია. გასაჩუქრება ან გაყიდვა რომ გინდოდეს, თავს ვის დააჭერინებს, ან ვინ გაბედავს დაჭერას? ასე რომ, თქვენს დიდებულ ხელმწიფეს ვერაფრით დავეხმარები. ერთი შვილი ჰყავს, სულს ურჩევნია, ავად არის, დახმარებას თხოულობს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში ამ მოსულ კაცებს, მაგრამ რა უნდა ქნან. ამ დროს გამოვიდა დედოფალი და თქვა:

– რა მოხდა, კაცებო? რამ წაგახდინათ? უსაშველო არასოდეს არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე და არც ახლა იქნება.

– თუ რამე საშველი არსებობს, ეს მხოლოდ ღმერთს ეცოდინება. მეც ეს მინდა, – თქვა დადიანმა, – სულით და გულით, თავს სასიკვდილოდაც არ დავზოგავ.

– როგორ შეიძლება ვუშველოთ? – იკითხა დედოფალმა, – ჩვენ ვიცით, რომ გოგო ავადაა. ისიც ვიცით, რომ ავადმყოფს წამალი მოუხდება. ჯერ ვუწამლოთ, შემდეგ კრავიც ვაჩვენოთ და მორჩება გოგო.

– ჭირი ღმერთმა გაშოროთ, თუ არის რაიმე წამალი, მეც ეს ,მინდა. მითხარით როგორ შეიძლება შველა?

– მართალია, კრავის დაჭერა არავის შეუძლია. ჩვენ იმის ნებაზე დავდივართ, ის კი ჩვენს ნებაზე არასოდეს გაივლის, მაგრამ, ამასთან ერთად, შენ იცი, რომ ჩვენი ვაჟი ყოველთვის ხედავს კრავს და ეთამაშება. ისიც იცი, რომ ჩვენს ვაჟს კრავის ბეწვი აქვს. გავაგზავნოთ ვაჟი, წაიღოს ბეწვი, შეულოცოს, ცოტა შუბლზე დააკრას, ცოტა კისერზე და ცოტა მკერდზეც. ეს სამჯერ უნდა გააკეთოს, დღეგამოშვებით. ვიცი, რომ ეს უშველის. თუ ამან არ უშველა, მაშინ სხვა რამე ვიღონოთ. მანამდე კი ნურც ვიკვნესებთ და ნურც ვიტირებთ.

– გაგიჟდი, ქალო? – თქვა დადიანმა, – ერთი კაკალი ვაჟიშვილი მყავს სულის მოსახსენებლად. ცაში და დედამიწაზე ღმერთს მეტი არაფერი მოუცია, ასე შორს სად გავუშვა.

– სად და ამათ ხელმწიფესთან, – მიუგო დედოფალმა, – ჩვენ რომ გაგვჭირვებოდა, ამათი ხელმწიფე ისეთია, რომ ერთი კაკალი გოგო რომ ჰყავს, იმასაც გამოგზავნიდა ჩვენს დასახმარებლად. ახლა მითხარი, როგორი იქნება, მას რომ უჭირს, ჩვენი ვაჟი არ გავაგზავნოთ მის დასახმარებლად? ბიჭისთვისაც უკეთესია, გაივლ–გამოივლის, დიდებულ ხელმწიფეს, დიდებულ დედოფალს, დიდებულ ხალხს, დიდებულ ქვეყანას გაეცნობა. ჩვენ ხომ მუდამ არ ვიქნებით და, როცა ჩვენ არ ვიქნებით, ის დიდებული ხელმწიფე და ხალხი ძმურად მხარში ამოუდგებიან.

ყველას მოეწონა დედოფლის სიტყვა და გადაწყვიტეს ასე მოქცეულიყვნენ. ამბობდნენ, რომ ჩვენს დედოფალს, ამ საქმეში, იმ მეორე სახელმწიფომდე რომ აღწევს, ისეთი კუდი ჰქონიაო.

როცა ეს უთხრეს ვაჟს, ცოტათი იუხერხულა, მაგრამ უფრო გაუხარდა, ვიდრე ეწყინა, რადგან დედამისმა ყურში რაღაც ჩაუჩურჩულა.

ეს ბიჭი ისეთია, ისეთი კარგი და ლამაზი, რომ ციდან ანგელოზები ჩამოდიან და ეთამაშებიან; როცა ტყეში წავა, ტყაში მაფები შორიდან უვლიან და ტკბილ ნერწყვს ყლაპავენ.

ხელმწიფე და დედოფლისთვის გაამზადეს ორჯერ მეტი საჩუქრები, ვიდრე იმათ გამოაგზავნეს. კრავისთვის გამოგზავნილი ოქრო დააბრუნეს, გაუშვეს ვაჟი და თან გააყოლეს ბევრი დიდებული კაცი.

სასახლეს რომ მიუახლოვდნენ, წინ მახარობელი გაუშვეს. ერთი ჩოჩქოლი ატყდა სასახლეში – ოქროს კრავი მოჰყავთო. როდესაც ესენი მივიდნენ, ნახეს, რომ ოქროს კრავი არ ჰყავდათ თან, მაგრამ ამ ბიჭის ხილვამ ყველას ყველაფერი დაავიწყა, ამაზე შერჩათ თვალი. როცა გოგოს უთხრეს, ტლინკები ჰყარა.

– სადაური ბიჭი, ვისი ბიჭი; ღმერთმა დამიფაროს, ბიჭი ექიმად მედგეს. ბიჭს როგორ გავიკარებ ახლოს, არ დამენახოსო.

როდესაც დედას არაფერი გამოუვიდა, გამდელი შევიდა, ერთი აქედან უთაქა, მეორე – იქიდან.

– ჰაიტ, შე ტლინკიავ, შე როკაპო, შე კაპუეტო. კაცის შვილად გაგზარდე თუ ქაჯად? გაისწორე მალე თმა, წარბი, თვალები განაბე, დასამიწებელი ტუჩები არ მოკუმო და ნურც ჩამოუშვებ; შეკარი, თითქოს კოცნა გინდოდეს, შავი მიწა დავაყარე შენს თვალებს, არასოდეს რომ არ დაგესიზმრებოდა, ისეთს ნახავ და კიდევ იღრინები და ტლინკებს ისვრი?

– კარგი, კარგი. რადგან საშველი არაა, კარგად შემხედე, როგორი ვარ, სირცხვილი იქნება სხვა სახელმწიფოს ხალხს უშნოდ ვეჩვენო.

– აგრე თქვი, შე პრანჭიავ, შე შემარცხვენელო, შე მზაკვარო და ისე მოიქეცი, როგორც ხელმწიფის ასულს შეშვენის.

– როგორ უნდა მოიქცეს ხელმწიფის ასული, გადიავ?

– როგორ და თაფლივით, შაქარივით, შარბათივით, ყველას რომ სანატრელად მიაჩნდეს.

გოგო მოემზადა და თან თვალები ააჟუჟუნა. შემოვიდა ვაჟი, ხელმწიფე და მოსული ხალხი – ყველანი თან ახლდნენ.

– როგორ ბრძანდებით, დიდებულო ხელმწიფის ასულო? – ჰკითხა ვაჟმა.

– როგორც სიკვდილს უნდა ისე, – მიუგო გოგომ, თან თვალების ქვემოდან ერთი მალულად შეხედა. გოგოს მაშინვე ვარდივით შეეფერა ღაწვები.

– სიკვდილის მე არ მეშინია, ბატონო, სიკვდილს თქვენთან რა უნდა.

– მე ძალიან მეშინია. კრავი რომ მოგეყვანა, მაშინ შეიძლება არ მოვმკვდარიყავი. რატომ არ მოიყვანე კრავი, თუ ჩემი შველა გინდოდა?

– თქვენ რომ კრავს თხოულობთ, ეს ნიშნავს, რომ იცოცხლებთ. სიკვდილზე ფიქრი ზედმეტია. თანა მაქვს კრავის ბეწვი და წამლად ეს იხმარეთ. იმედი მაქვს, რომ გიშველით. თუ ოდნავ მოგიხდათ, საქმე კარგად წავა. კრავის ამბავი მერე ვილაპარაკოთ, ბატონო.

– როგორ გინდათ კრავის ბეწვი წამლად იხმაროთ?

– შელოცვით, ცოტ–ცოტა შუბლზე, კისერზე და მკერდზე უნდა მიიკრათ სამჯერ, დღეგამოშვებით. მე იმედი მაქვს, დღესვე მოგიხდებათ. თუ დღეს არაფერი გამოვიდა, ხვალ აღარ შეგაწუხებთ.

– თქვენ თქვენი ხელით გინდათ წამალი გამიკეთოთ?

– გამოგზავნილი ვარ, რომ თქვენ გემსახუროთ, ბატონო, თუ საჭირო იქნა სიცოცხლესაც შემოგწირავთ. ბეწვის მიკვრა ყველას შეუძლია, მაგრამ მიკვრის დროს შელოცვა უნდა. ამის გარდა, ამ ბეწვს, რომელიც წმინდად მიაჩნიათ და მართლაც ასეა, ჩემს მეტი არავინ შეხებია ჯერ და მეშინია, ძალა არ დაეკარგოს. კიდევ უფრო მაფიქრებს და მეშინია, სხვისი შეხებით მთლად არ გაქრეს.

– თქვენ როგორ იტყვით, ჩემო დედ–მამავ?

– ეს რა საკითხავი და სალაპარაკოა, შვილო? ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოში კაცი მოვიდა თქვენს გამო და როგორ შეიძლება არ დავყვეთ მის ნათქვამს?

– კარგი, მაშინ რა გაეწყობა. როგორ გგონიათ, სხვისი თვალი ხომ არ ავნებს? – იკითხა გოგომ.

– აქ ვინცაა, იმათ თქვენთვის არცერთს ცუდი არ უნდა, არც ერთი არ დანავსავს, მაგრამ, რადგან თქვით, აღმზრდელების გარდა ყველანი თუ გავლენ, აჯობებს.

შიგნით დარჩნენ მხოლოდ დედა და გამდელი. ვაჟმა ამოიღო წამალი, გახსნა ბეწვი.

– შეიძლება ვნახო რანაირია?

– რატომ არა, ბატონო, მაგრამ ხელი არ ახლოთ.

გაახილა გოგომ თვალები, ერთი დახედა ბეწვს და შემდეგ ვაჟს გაუცინა. ვაჟმა აიღო ცოტა და შუბლზე მიადო.

– აჰ, დედა, რა ტკბილია, ცოტა ხანს არ აიღოთ ხელი.

– კარგი, ბატონო, როგორც ინებებთ.

– კისერზეც უნდაო, თქვით?

– დიახ, ბატონო.

– მაშინ იქაც დამადეთ.

ვაჟმა რომ ბეწვი მიადგო, გოგომ უთხრა ტკბილია, ძალიან ტკბილია, კიდევ ცოტა ხანს გააჩერეთ ხელიო.

ვაჟმა იქაც გააჩერა ხელი.

– მკერდის ამბავია რომ მაწუხებს, იმედია მაპატიებთ, თქვენი ჭირიმე, – თქვა გოგომ.

– როგორც გენებოთ, ბატონო, ჩემი საქმეა თქვენ გემსახუროთ.

– იქაც, ბატონო, იქაც. ამას ნუ დაუჯერებთ, ამ მზაკვარს. იქ უფრო ჭირდეს იქნება. შუბლი შუბლია, კისერი კისერია, მაგრამ თავი და ბოლო მკერდია. სიკვდილისა და სირცხვილის ჯავრი სჭირს, – თქვა გამდელმა. ამ სიტყვებს დედამაც კვერი დაუკრა.

– მე მხოლოდ წამალს გადებთ, ბატონო, აქ არაფერი სამარცხვინო და საწუხარი არ არის, – უთხრა ვაჟმა.

– მაშ შენი არ უნდა შემრცხვეს?

– სრულიადაც არა. რატომ უნდა შეგრცხვეს, როცა წამალს გადებთ?

– მაპატიეთ, ბატონო, მაშინ ისე მოიქეცით, როგორც აჯობებს. მაგრამ დაბრძანდით. მეუხერხულება ამდენ ხანს ფეხზე რომ დგახართ.

ვაჟმა ბეწვი დააფინა მკერდზე.

– რადგან ამბობთ, სირცხვილი არ არისო, თქვენი ხელი ცოტა ხანს იყოს აქ, – უთხრა გოგომ და მაგრად მიიკრა ვაჟის ხელი. ამ დროს გოგოს და ვაჟის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ენით არაფერი რომ არ უთქვამთ, ისე მთელი წლის სათქმელი – ყველაზე უფრო დიდი სათქმელი – თვალის გაელვებით უთხრეს ერთმანეთს.

– აბა, აწი ოქროს ბეწვი დამაკარით. ძალიან ტკბილი ხელი გქონიათ. თქმა არ უნდა, ეს იმ კრავის გამოა. მეტს არ შეგაწუხებთ. კრავის ამბავს როდის მომიყვებით?

– როცა ინებებთ.

– კარგი.

როდესაც ვაჟი ოთახიდან გამოვიდა, ყველანი შემოეხვივნენ და ამბავი ჰკითხეს – კრავის თმა უშველიდა თუ არა.

– ბატონებო, – თქვა ბიჭმა, – ოქროს კრავი ჩვენს ქვეყანაში ღმერთია. თქმა არ უნდა, გოგო მორჩება, რადგან ოქროს კრავი უყვარს. წამლის პირველივე შეხება მოუხდა, ასე რომ, შეიძლება, ამ პირველმა წამლობამ მოარჩინოს.

შეიქნა ხარება და წვეულებისათვის მზადება. თითო–თითოდ შედიოდნენ გოგოსთან და ულოცავდნენ მორჩენას.

სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა, გოგომ დღეგამოშვებით მაინც გაიკეთა ამ ვაჟის წამალი და, ამასთან ერთად, ოცი იმდენი კოცნა გამოსტაცა. ბოლოს გოგომ და ბიჭმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ ბიჭთან ერთად წასულიყვნენ კრავის სანახავად, რადგან გოგომ თქვა, საბოლოოდ მორჩენილი არა ვარ და უნდა მოვრჩეო.

რამდენიც ხელმწიფის შვილს შეეფერებოდა სიმდიდრე და თანმხლები პირები, იმდენით წამოვიდა ქალიშვილი ჩვენს ქვეყანაში ოქროს კრავის საძებრად და სანახავად.

დრო რომ გავიდა, დედ–მამას შეუთვალა, დადიანმა დიდებულად მიმიღო, ერთი სასახლე მთლიანად მომიჩინა, დღედაღამე კრავს დავეძებ , ისე ყველას ვუყვარვარ, ყველა თავზე მევლება, ძალიან ბედნიერი ვარ, მოვიმატე, ჯერჯერობით ვერ დავბრუნდები და თქვენ ჩემზე არ იდარდოთო.

დედას აინუნშიაც არ ჩაუგდია შვილის დაგვიანება. ბოლოს გოგომ შეუთვალა დედ–მამას, რომ მალე ჩამოვიდოდა ოქროს კრავიანად და დანიშნულ ადგილას შეხვედროდნენ. ასეც მოიქცნენ. დედ–მამამ შვილი გადაკოცნეს და გულში ჩაიკრეს. შეიქნა დიდი ხარება. მამამ იკითხა: ოქროს კრავი სად არისო. გოგომ უპასუხა, რომ სძინავს და როცა გაიღვიძებს, გაჩვენებო. ცოტა დრო რომ გავიდა, დედოფალმა უთხრა ხელმწიფეს, წავიდეთ და ვნახოთ ოქროს კრავიო. ხელმწიფე გაჰყვა უკან. დედოფალმა შეიყვანა ქმარი ოთახში, სადაც ხელმწიფემ ნახა აკვანში მწოლიარე ვაჟი – თითქოს მზე და მთვარე ერთად შეყრილიყვნენ.

– ამ ოქროს კრავისთვის იყო შენი ქალიშვილი ავად. ბოლოს ხომ ხედავ, მოიყვანა და ახლა შენი საქმეა რასაც იზამ.

– კარგი, მაგრამ თავიდანვე რატომ არ მითხარით? ამაზე უარს ვიტყოდი?

– ვიცი, რომ უარს არ გვეტყოდი, მაგრამ სიყვარული იმდენად უფრო ტკბილია, რამდენადაც დამალულია და ნამალევად გაკეთებულს ყოველთვის მეტი გემო აქვს.

– რა უნდა მოგთხოვოთ თქვენ, ჭკუა გიდელში შეინახეთ და ისიც ხეზე ჩამოჰკიდეთ. თხებს კი არა, ეშმაკებს აქვთ თქვენი ჭკუა წაღებული, სული წაუწყდა იმათ, კიდევ კარგი, მთლად არ დაგღუპეს.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როდესაც გოგოს გათხოვების დრო დადგებოდა, დაიწყებოდა გაუთავებელი მისვლა–მოსვლა, ვაჭრობა, ზომვა, იქით–აქეთ გახედვა, ამპარტავნობა, ენის ტარტალი და ლაქლაქი; ერთ მადლიერთან ასი მომდურავი გაჩნდებოდა, რაც შეიძლება სახელმწიფოს ძვირად დასჯდომოდა, ისიც შეიძლებოდა, რომ გოგო იქით გადაგვეგდო, სადაც მას არ უნდოდა. არ ვარგა ბედისაგან გაქცევა რაიმე ანგარიშით.

– კარგი, კარგი. ეს გათავებული საქმეა. ახლა ამას ლაპარაკი არ შველის. მომიყვანეთ წამლის მომტანი ბიჭი, დავლოცავ, ყველაფერს დავულოცავ, მაგრამ მინდოდა ჩემი გოგო შინ მყოლოდა. დადიანი თავის ერთადერთ შვილს აქეთ არ მოგვცემს.

– ჩვენ ხომ ჯერ სიკვდილს არ ვაპირებთ. გავზრდით ჩვენს შვილიშვილს, იგი ხომ ჩვენი სისხლი და ხორცია. მისთვის უფრო ალალი იქნება ტახტი. ამ საქმეში ღმერთის ხელი ურევია. ბედნიერად დაიწყო და ბედნიერად დამთავრდება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button