პიკი
ლათინთა ახალგაზრდა მეფე პიკი მთელს სახელმწიფოში სახელგანთქმული იყო იშვიათი გმირობით. ამ სიკეთესთან ერთად მეფე კალმით აუწერელი ლამაზი და ტანადი კაცი იყო. პიკის სილამაზეს სახელმწიფოს მთელი მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი, ახალგაზრდა და მოხუცი, ყველანი დიდს აღტაცებაში მოჰყავდა. მეფეს განუსაზღვრელად უყვარდა თავისი სახელმწიფოს მკვიდრნი, იგი მუდამ სახელმწიფოს მკვიდრთა კეთილდღეობაზე ზრუნავდა. მთელი ერი აფასებდა თავდადებული მეფის სიყვარულსა და ხალხისათვის ზრუნვას და ამიტომაც სახელმწიფოს მკვიდრნი ყველგან და ყოველთვის დიდის პატივისცემით იხსენიებდნენ თავის საყვარელ მეფეს. ახალგაზრდა მეფის მეუღლე კანენტა მთელს სახელმწიფოში გამოჩენილ მომღერლად იყო მიჩნეული. დედოფლის ნაზი, საამური და მომხიბვლელი ხმა მთელ დედამიწას ფიანდაზად ეფინებოდა. პიტალო კლდეები, ხეები, ტყის ნადირნი სულგანაბულნი უგდებდნენ ყურს საოცნებო სიმღერას და განუწყვეტლივ ტკბებოდნენ დედოფლის ნაზი ხმის მოსმენით. როცა კანენტას სიმღერის საამური ნაზი ხმა უტყვი და მეტყველი ბუნების ყურთასმენას სწვდებოდა, მდინარეები წყალთა დენას აჩერებდნენ, ფრინველები ჰაერში უმოძრაოდ ეკიდნენ და დედოფლის საუცხოო ხმით ტკბებოდნენ. ახალგაზრდა მეფეს დედოფალი უსაზღვროდ უყვარდა. დედოფალიც სამაგალითო მოსიყვარულე მეუღლე იყო და მთელი თავისი არსებით თავის საყვარელ და ძვირფასი ხასიათის მეუღლეს ეკუთვნოდა. მეფე–დედოფლის კეთილგონიერი განწყობილება მთელი სახელმწიფოს მკვიდრთათვის სამაგალითო და საგულისხმო იყო. ერთხელ მეფე თავისი მრავალრიცხოვანი მხლებლებით მახლობელ დაბურულ ტყეში ნადირობდა. პიკი ამაყად იჯდა ბედაურზე და მარცხენა ხელში ორი საუცხოო მშვილდ–ისარი ეპყრა. ძვირფასი სანადირო ტანსაცმელი ახალგაზრდა მეფეს ერთიორად ამშვენებდა. სწორედ იმ დროს, როცა ახალგაზრდა მეფემ თავისი მხლებლებით უდაბნო ტყეში ფართოდ გაშალა ბრწყინვალე ნადირობის ქსელი, იქვე მახლობლად ბალახ–ბულახებს კრეფდა ჰელიოს ღმერთის ქალიშვილი საუცხოო კირკე. ახალგაზრდა მეფის კალმით აუწერელმა სილამაზემ ერთბაშად მოხიბლა სილამაზითვე სახელგანთქმული მშვენიერი კირკე. კირკემ როგორც–კი თვალი მოჰკრა ლათინთა ახალგაზრდა მეფეს, მყისვე განუსაზღვრელი სიყვარულით აღიგზნო და გადაწყვიტა: აუცილებლად ახალგაზრდა მეფის მეუღლე უნდა გავხდეო. ქალღმერთის კირკეს თხოვნით, ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა დაბურული ტყე, საცა ლათინთა ახალგაზრდა მეფე თავისი მხლებლებით ნადირობდა, სქელი ნისლით დაფარა. მეფის მხლებლებმა ბურუსით მოცულ ტყეში გზა დაკარგეს და მეფე პიკს ჩამოშორდნენ. მშვენიერი კირკე ფეხაკრეფით მიიჭრა ლათინთა ახალგაზრდა მეფესთან და თავისი გულისთქმა გაუმჟღავნა. – „ახალგაზრდა მეფევ, ნუ გასთელავ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს! ჩემო გონებიდან განუყრელო ღვთაებავ, სულითა და გულით შენ გეკუთვნი! მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ! მიყვარხარ ისე, რომ უშენოდ ჩემი დარჩენა წარმოუდგენლად მიმაჩნია! ჩემო ძვირფასო და საყვარელო მეგობარო, იცოდე, რომ უშენოდ ჩემი სიცოცხლე განუწყვეტელი ტანჯვა და წამება იქნება კიდევაც ამიტომ ვკადნიერდები და მსურს გადაგიშალო ჩემი გულის საიდუმლო კუნჭულები და სამუდამოდ მეგობრად, სამუდამოდ განუყრელ მეუღლედ გაგიხდე! ამასთანავე ნუ დაგავიწყდება, ჩემო ტკბილო და საოცნებო მეგობარო, რომ სიმამრად ბრწყინვალე მზის ღმერთი, ყოვლად შემძლებელი ჰელიოს ღმერთი გეყოლება!“ ლათინთა ახალგაზრდა თავმომწონე მეფემ ზიზღით უარყო ქალღმერთის კირკეს ასე აშკარა და გაბედული წინადადება. „ჩემთვის სულერთია, ვინ ან ვისი ქალიც არ უნდა იყო!“ – გადაჭრით უპასუხა პიკმა სიყვარულით აღგზნებულ ახალგაზრდა კირკეს: „ჩემი მგძნობიარე გული სხვას ეკუთვნის, სხვას ემორჩილება! მე სულ სხვა მიყვარს, მე სულ სხვა ვისმეს ვეთაყვანები! სანამ პირში სული მიდგას, მე ჩემს ძვირფასს, ჩემს გონებიდან განუყრელ კანენტას, ჩემს გულითადს მეუღლესა და მეგობარს ვეკუთვნი!“ კირკე მეტად გააბრაზა ლათინთა მეფის გადაჭრილმა უარმა. – „მაშ ასეა?“ – სასოწარკვეთილებით მწუხარედ ამოიკვნესა საბრალო ქალღმერთმა: „იცოდე, სამუდამოდ გახსოვდეს, მეფეო, რომ იაფად არ დაგიჯდება ჩემი ასეთი შეურაცხყოფა! გარწმუნებ, რომ ამიერიდან შენ ვერ იხილავ შენს გულითად მეგობარს, შენს კანენტას! ახლავე თვითონვე დარწმუნდები, თუ რა შესძლებია მწარედ შეურაცხყოფილ დედაკაცს, რომლის წმინდათა წმინდა გრძნობები შენ ასე შეუბრალებლად, ასე უხეშად დაჰგმე და ფეხქვეშ გასთელე!“ ამ სიტყვებთან ერთად კვერთხით შეეხო ლათინთა მეფეს. პიკი ფეხაკრეფით ჩამოშორდა უსაზღვროდ განრისხებულ ქალღმერთს და თავის გზას გაუდგა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! ლათინთა ახალგაზრდა მეფეს მთელი სხეული ფრთებითა და ბუმბულით შეემოსა, თავი დაუპატარავდა, ზედ გრძელი ყვითელი ნისკარტი გამოება. მეფე პიკი კოდალად გადაიქცა და თავის გრძელ და ყვითელ ნისკარტს დაბურული ტყის ხეების ტოტებს განუწყვეტლივ უნისკარტებდა და უნისკარტებდა. პიკის მხლებელნი ამაოდ დაეძებდნენ თავის საყვარელ მეფეს. მზემ და ქარმა გაფანტეს სქელი ნისლი, რომლითაც დაფარული იყო მთელი ტყე. მეფის მხლებლებმა დაინახეს თუ არა ქალღმერთი კირკე, უმალვე გარს შემოერტყნენ და იარაღით ხელში მუქარით მოსთხოვეს თავისი საყვარელი მეფის დაკარგვის შესახებ უტყუარი ცნობების მოცემა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! მზე ერთბაშად დაბნელდა. ტყეები შეინძრნენ და ახმაურდნენ. ხეების მწვანე ფოთლები ჩამოხმენ, მცენარეები სისხლის ღვარებით დაიფარნენ, ძაღლებმა საზარლად ატეხეს ყეფა, ქვემძრომნი ბალახებში გულსაკლავად სისინებდნენ. უძრავი ლოდებიც ჩაბმულიყვნენ ამ საერთო ფერხულში და საზარელი გმინვით დედამიწას მწუხრის ზეწარს ჰფენდნენ. ქალღმერთი კირკე თავისი გრძნეული კვერთხით შეეხო ლათინთა მეფის მხლებლებს და ყველანი ტყის ნადირებად გადააქცია. მზე უკვე დიდებულად ჩაესვენა დასავლეთით, ახალგაზრდა პიკი კი არ დაბრუნებულიყო. დედოფალი კანენტა მოუთმენლად მოელოდა თავისი ძვირფასი მეუღლის დაბრუნებას. კიდევაც დაღამდა, მეფე კი არსად ჩანდა. სასახლის კარისკაცები დედოფლის ბრძანებით მოედვნენ ფარნებით ტყესა და ველს, მაგრამ თავისი საყვარელი მეფის შესახებ ვერაფერი გაიგეს. დედოფლის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, საბრალო მოსიყვარულე მეუღლე ტიროდა, ქვითინებდა, პირისახეს იკაწრავდა, თმებს შეუბრალებლად იგლეჯდა. მთელი ექვსი დღის განმავლობაში საბრალო დედოფალი სასახლეს არ მოჰკარებია, იგი უსმელ–უჭმელი დაეძებდა თავის გულითად მეგობარს, თავის ერთგულ მეუღლეს. ბოლოს და ბოლოს დაღლილი, დაქანცული, სრულიად გონებამიხდილი საბრალო კანენტა ტიბერისის ნაპირას მწუხარედ ჩამოჯდა და სულ განმარტოებული საცოდავად შესტიროდა წყლის აზვირთებულ ტალღებს თავისი გულითადი მეგობრის უგზოუკვლოდ დაკარგვის სამწუხარო ამბავს. სამწუხარო და გულსაკლავი იყო საბრალო დედოფლის ამგვარი დღისითა და ღამით გულის აღმაშფოთებელი გმინვა და წუხილი და ვერავინ გვერდს ვერ აუხვევდა ამ მწუხარებით მოცულ ადგილს, რომ გულამოსკვნით არ აცრემლებულიყო
ელინური მითები
მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ