ცეისი და ალციონა
ტრახინის ახალგაზრდა მეფის ცეისის და მისი მეუღლე ალციონას კეთილგანწყობილება და ერთი–მეორის სიყვარული ყველასაგან სამაგალითოდ იყო აღიარებული. ცეისი მთელი თავისი არსებით ალციონას ეკუთვნოდა, ალციონა კი ცეისს. ტრახინის მკვიდრნი, დიდი და პატარა, კარგად გრძნობდნენ სამეფო ოჯახის კეთილგონიერ განწყობილებას, ამიტომ ყველანი დიდის სიყვერულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ ახალგაზრდა ცოლ–ქმარს. თითოეული ტრახინელი ოჯახის უფროსი თავის კერძო ცხოვრების კეთილდღეობას სამეფო ოჯახის მაგალითის მიხედვით აწესრიგებდა. ახალგაზრდა მეფე სული და გული იყო თავისი მოსიყვარულე ერისა, იგი მუდამდღე საერთო წარმატების ზრუნვაში იყო, მთელ თავის ძალღონეს საზოგადო საქმეს ახმარდა. მეფემ ერთხელ გადაწყვიტა კლაროსში გამგზავრება ზღვით. ცეისს ჰსურდა აპოლონ ღმერთისაგან გაეგო, ტრახინის სამეფოს მომავალში თუ რაიმე განსაცდელი მოელოდა. მეფემ ეს გადაწყვეტილება გამოუცხადა თავის საყვარელ მეუღლე ალციონას. ცეისის გადაწყვეტილებამ დედოფალს თავზარი დასცა. მეფის უსაზღვროდ მოსიყვარულე დედოფალი შეშინდა და მთელი სხეულის ცახცახით საზარლად ქვითინი მორთო. ალციონას თითქო გულმა უგრძნო, რომ მეფის გადაწყვეტილებას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, და ამიტომ იგი მეტად შეაწუხა ცეისის შორეული გზით გამგზავრებამ. – ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო მეგობარო! – ცრემლების ღაპაღუპით, საცოდავად ქვითინებდა საბრალო ალციონა. – განა შევძლებ უშენობას, განა ერთი წამითაც შევურიგდები შენს განშორებას, ჩემო უძვირფასესო მეგობარო?! მე გულს მიკლავს, სულს მიხუთავს შენი ასეთი სამძიმო გადაწყვეტილება, მე მაშინებს შენი შორეული გზა, და ისიც ზღვით! განა არ იცი, ჩემო კარგო, რარიგ საშიშია მოგზაურთათვის ზღვის შეუბრალებელი ზვირთები! ზღვის გაუმაძღარი უფსკრული გვირგვინოსნებსაც არ დაინდობს, და სამუდამოდ გულში ჩამიკლავს უსაზღვრო სიყვარულს, სამუდამოდ გულიდან ამომგლეჯს ჩემს ძვირფასს მეგობარს, ჩემს ძვირფასს მესაიდუმლეს! ჩემო კარგო, თუ წაუსვლელობა მაინცდამაინც შეუძლებელია, მეც თან წამიყვანე, მეც შენთან ერთად გავიზიარებ შენი შორეული მოგზაურობის ჭირსა და ლხინს! დეე, შეუბრალებელმა ზღვის ზვირთებმა შენთან ერთად მიმიბაროს თავის გაუმაძღარ უფსკრულში! დეე, მეც იქ დავიმარხო, სადაც ჩემი ერთგული მეგობარი სამუდამო მყუდრო ბინას მოსძებნის! ცეისი მეტად ჩააფიქრა ალციონას გულსაკლავმა სიტყვებმა, მაგრამ თავისი გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. ცეისს ღრმად სწამდა, რომ შორეული გზით ზღვაზე მოგზაურობა საშიში იყო, და კიდევაც ამიტომ ვერ ბედავდა ალციონას წაყვანას. ახალგაზრდა მეფემ დიდის გაჭირვებით დაარწმუნა დედოფალი, სულ მოკლე ხანში უვნებლად დავბრუნდები სამშობლოშიო. საგზაოდ გამზადებული გემი ზღვის ნაპირას იდგა. ტრახინის რჩეული მეზღვაურები გამგზავრებას მოუთმენლად მოელოდნენ. გემის დანახვაზე ალციონას თვალთ ცრემლების ნაკადული წასკდა და მწარე ქვითინი მორთო, თითქო თავისი უბედურება წინათვე იგრძნოო. ცეისი დიდხანს სიყვარულის კილოთი ეალერსებოდა დედოფალს. ალციონა სრულიად უხმოდ ამცნობდა საყვარელ მეგობარს თავის უღრმეს მწუხარებას და გულამოსკვნით საცოდავად იცრემლებოდა. დადგა განშორების საათიც. მეფე–დედოფალმა უკანასკნელი „მშვიდობით“ უთხრეს ერთი–მეორეს და განშორდნენ. მეზღვაურებმა ერთგულად მოუსვეს ხოფები წყლის ზვირთებს და ტრახინელი მეფის სამგზავრო ხომალდი ზღვის აბობოქრებულ ტალღებში შეაცურეს. ხომალდი ელვის სისწრაფით მიქროლავდა ზღვის თვალუწვდენ სივრცეში. ალციონა დიდხანს, დიდხანს მწუხარედ გასცქეროდა ზღვის აზვირთებულ ტალღებს, რომელნიც ასე გამალებით მიაქროლებდნენ ტრახინელ მეფე ცეისს შორეული უცხო ქვეყნისაკენ. მეზღვაურების მძლავრად მოქნეული ხოფების ჯარასავით ტრიალმა ხომალდი სასწრაფოდ მოაცილა სამშობლო ნაპირებს. მთელი დღის განმავლობაში ზღვას საამური ნიავი დაჰქროლავდა. ცა ერთიანად მოწმენდილი იყო. ხომალდი მარდად მისრიალებდა დაწყნარებულ ზღვის ზედაპირზე. მოახლოვდა საღამო. უეცრივ დასავლეთით ამოვარდა მძლავრი ქარი. ზღვა ერთიანად შეშფოთდა, შეტორტმანდა, ელვა და ჭექა–ქუხილი ერთიანად თავს დაატყდა მოგზაურებს. დასავლეთის ქარი შესაზარად ზუზუნებდა, ტალღები ერთი–მეორეს მძლავრად ეჯახებოდნენ. ზღვა საშიშრად შფოთავდა, მღელვარებდა, ზვირთებს ზვირთებზე ცის სიმაღლეზე ერთი–მეორეს ახლიდა. მამაცი მეზღვაურები აბობოქრებულ ზღვის ტალღებს თავდავიწყებით ეომებოდნენ, მაგრამ შეუბრალებელი ზღვის სტიქიონი ტრახინელ მოგზაურებს ოდნავაც არ ინდობდა. გამხეცებული ზღვის ტალღები უფროდაუფრო მეტის სიმძლავრით ეჯახებოდნენ ხომალდის კედლებს და ყოველ წუთს სრულ განადგურებას უქადოდენ. ზღვაოსნები შიშმა აიტანა და გამძვინვარებულ სტიქიონთან ბრძოლაში დაღლილებმა გადარჩენის იმედი სრულიად დაკარგეს.ხომალდის მძლავრი კედლები შეირყა, დაზიანდა, და ზღვის შეუბრალებელმა ტალღებმა სისწრაფით დაიწყეს დენა ხომალდის კუნჭულებში. დადგა უკანასკნელი გულსაკლავი წამი. მეზღვაურებმა ცისაკენ აღაპყრეს ხელები და ღმერთებეს საზარელი ქვითინით დახმარებას შესთხოვდნენ. თითოეული მეზღვაური ამ საშინელი განცდის დროს გულში მაგრად იკრავდა ძმის, დის, საყვარელი დედ–მამის, მეუღლისა და ნაცნობმეგობრების ხსოვნას. ცეისიც ამ საშინელ წამს თავის ძვირფას ალციონას იგონებდა და გულამოსკვნით ქვითინებდა. დასავლეთის მძლავრმა ქარმა ერთი კიდევ მძლავრად დაჰბერა, ტრახინელი მოგზაურები გამძვინვარებულ ტალღებში შეაცურა და სამუდამოდ ზღვის უფსკრულში ჩამარხა. ალციონამ საყვარელი მეუღლის დაღუპვის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, იგი მუდამ წამს ღმერთებს მხურვალე ლოცვას სწირავდა ცეისის სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებისათვის. ალციონამ თავის საყვარელ მეუღლეს ძვირფასი ქსოვილების ტანსაცმელი მოუმზადა, რომელიც ცეისს დაბრუნების შემდეგ უნდა ჩაეცვა. დედოფალი უკვე დღედღეზე მოელოდა თავის საყვარელ მეუღლეს. ამგვარ ლოდინში ატარებდა ალციონა ყოველ ცისმარე დღეს. ერთ ღამეს დედოფალმა მეტედ საზარელი სიზმარი ნახა: ალციონას საწოლის წინ იდგა მკვდარივით ფერმიხდილი და სრულიად ტიტველი ცეისი. მეტად საშიში სახე ჰქონდა ცეისს, წვერები და ულვაშები დასველებოდა და თმიდან წყალი განუწყვეტლივ წვეთ–წვეთად ჩამოსდიოდა, – „საბრალო ალციონა, იცანი შენი საყვარელი მეუღლე ცეისი? ვერა ხედავ, როგორ გამოუცვლია მისი პირისახე შეუბრალებელ სიკვდილს?“ ასე ელაპარაკებოდა სიზმრად საბრალო ალციონას მისი საყვარელი მეუღლე ცეისი. „ შენ საყვარელ მეუღლეს, შენ საყვარელ ცეისს კი არა ხედავ, არამედ მის აჩრდილს. ვერა მიშველა რა ვერც შენმა ლოცვა კურთხევამ, ვერც შენმა განუსაზღვრელმა სიყვარულმა და აღთქმამ. შენი მეუღლე არ დაგიბრუნდება. ეგეოსის ზღვის შუაგულში უეცრივ ამოვარდა მძლავრი ქარი, რომელმაც ერთიანად დაამსხვრია ჩვენი ხომალდი, და შეუბრალებელმა ზღვის ტალღებმა დამიდუმეს ტუჩები სწორედ იმ დროს, როცა ჩემი საყვარელის, ჩემი ძვირფასი ალციონას სახელს ვახსენებდი. აღსდექ, საცოდავო, შეიმოსე ძაძებით და ცრემლების ფრქვევით პატივი ეცი ჩემი სახელის ხსოვნას, რომ საიქიოს დაუტირებელი არ ჩავიდეს.“ ამ სიტყვებზე ალციონამ ძილში ღრმად ამოიოხრა და ოთახიდან გამავალ მეუღლეს მოსახვევად სასწრაფოდ გაუწვდინა ხელები. – დარჩი, ჩემო ძვირფასო, სად მიეშურები, ერთად წავიდეთ! ასე ბუტბუტებდა ალციონა, როცა გამოეღვიძა. საბრალო შეშლილივით წამოიჭრა ლოგინიდან და საზარელი, გულისგამგმირავი ქვითინი მორთო. „ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო ცეის, განა შენს შემდეგ შენი ალციონა ცოცხალი უნდა დარჩეს! არა და არა, მეც შენთან ერთად უნდა დავიმარხო, თუ ერთ კუბოში არა, ერთ საფლავში მაინც, რომლის წარწერა ყველას ამცნებს ორი გულითადი მეგობრის, ცეისისა და ალციონას, სახელთა ხსოვნას“. მშვენიერი, დაწყნარებული დილა იყო, დილის საამური ცხოველმყოფელი ნიავი ნაზად დაქროლავდა დედამიწაზე. ყველაფერი ლხინობდა, ყველაფერი ხარობდა, ყველაფერს სიხარულის ელფერი ედო. საცოდავი ალციონა კი მწუხარებით გულს იშხამავდა და ხელებდაკრებილი მწუხარედ იჯდა ზღვის პირას, სწორედ იმ ადგილას, საიდანაც ამ რამდენიმე დღის წინათ საბრალო ცეისი ხომალდით კლაროსს გაისტუმრა, და თვალცრემლიანი გასცქეროდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს. უეცრივ ზღვის ნაპირის მოშორებით ალციონამ დამხვრჩალი კაცის გვამი დაინახა. ამ სანახაობამ უფრო მეტად დაამწუხრა საცოდავი დედოფალი. „საბრალოვ, მეცოდები! განსაკუთრებით კი – თუ ამასთანავე მეუღლეცა გყავს“. ცრემლების ღაპაღუპით, შეშლილივით ესაუბრებოდა საბრალო ალციონა ზღვის ტალღებში მცურავ უცნობის გვამს. ტალღები დამხრჩვალის გვამს უფრო და უფრო უახლოვებდა ზღვის ნაპირს. აი, ტალღებმა უცნობის გვამი ალციონას მახლობლად შემოაცურეს. „ისაა“ – გიჟივით შეჰკივლა ალციონამ და ელვის სისწრაფით ტანსაცმელი ერთიანად შემოიგლიჯა: „აგრე დამიბრუნდი, ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო მეგობარო?!“ – გულსაკლავად შეჰყვირა ალციონამ და დაუყოვნებლივ აზვირთებულ ზღვის ტალღებში შეიჭრა. მაგრამ უეცრივ ალციონას ფრთები გამოესხა, იგი ჭარლად გადაიქცა და საცოდავი ჭყივილით ზღვას თვალუწვდენელ სივრცეზე მწუხარებას ჰგვრიდა. ალციონამ ცეისის გაციებული გვამი დაუყოვნებლივ მაგრად ჩაიკრა ფრთებში და თავისი ნისკარტით მეუღლის დადუმებულ ტუჩებს მძლავრად ჩაეკონა. ცეისის უსულო გვამმა კარგად იგრძნო საყვარელი მეგობრის ტკბილი ამბორი. ცეისიც ღმერთებმა ჭარლად გადააქციეს. ცეისი და ალციონა ამის შემდეგ ერთმანეთს არ განშორებიან და ისევ კვლავინდებურად ტკბილად უყვართ ერთმანეთი.
ელინური მითები
მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ