განხილვამუსიკა

აკო ვაშალომიძე – The Collection: From Retro To Rock (2003)

instrumental rock, classic rock, guitar virtuoso

ტრეკლისტი:

  1. Tushuri (3:27)
  2. Hey, Baby (3:18)
  3. Kalakuri (5:13)
  4. Melancholy (4:11)
  5. Lu-Lu Swing (2:39)
  6. Sore (4:58)
  7. Mtskemsuri (2:38)
  8. You Again (2:36)
  9. Star Fall (2:20)
  10. I Think About You (3:25)
  11. Thirst (3:51)
  12. Hymn Of Hope (2:44)

შემადგენლობა:

  • კაკო ვაშალომიძე – აკუსტიკური და ელექტროგიტარები, სხვადასხვა ინსტრუმენტები
  • სხვ.

როდესაც ლაპარაკი ქართულ როკ-ინსტრუმენტალისტებზე ჩამოვარდება, იქ აუცილებლად ვინმე მაინც ახსენებს კაკო ვაშალომიძეს. უცნაურია, მაგრამ ასეთი „ღრმადერუდირებული“ და ზოგჯერ ცინიზმნარევი საუბრები ძირითადად რამდენიმე ყურმოკრულ ნაწარმოებს ეფუძნება ხოლმე. მართალი გითხრათ, ხალხში ამ კაცის საკმაო ცნობადობის მიუხედავად, ინტერნეტში მასზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია და მისი მუსიკის პოვნაც არაა ადვილი.

კაკო ვაშალომიძე 1952 წელს დაიბადა და სამოცდაათიანების დასაწყისისთვის უკვე უკრავდა თვითშემოქმედ, არაოფიციალურ როკ-ჯგუფებში. ამ ტიპის მუსიკოსებისგან განსხვავებით, ვაშალომიძე თვითნასწავლი არ იყო – მას ზურგს უმაგრებდა კლასიკური გიტარის ათწლედის გამოცდილება, რაც მის მუსიკალურ სტილს და ტექნიკას მართლაც ეტყობა. სამოცდაათიანების ბოლოს ის მოღვაწეობდა ანსამბლ „კოლხეთში“, ოთხმოციანების ბოლოს კი დააარსა ჰარდ-როკ ჯგუფი „ოკეანე“, რომელმაც იმ არეულ პერიოდშიც კი დიდი პოპულარობის მოხვეჭა მოახერხა.

კაკოს საბჭოთა პერიოდის ინსტრუმენტული სოლო ჩანაწერები, არც კი ვიცი, თუ არსებობს. მან ოთხმოცდაათიანებში რამდენიმე სოლო ალბომი გამოსცა, მაგრამ ვინაიდან ისინი კასეტებზე გამოვიდა, რომელთა გაციფრულებაზეც ალბათ, არავის უზრუნია. ისინი დღეს ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ვაშალომიძის შემოქმედებას კიდევ ერთი წახნაგი აქვს, რომელსაც თითქმის არავინ ეხება: ესაა დამოუკიდებელი ფილმებისთვის შექმნილი კინომუსიკა, რომელსაც იგი ჯერ კიდევ ოთხმოციანებში წერდა. მოკლედ, როგორც ხედავთ, კაკო საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკოსია, მაგრამ მისი შემოქმედებითი საქმიანობის შეფასება ძნელია, უბრალოდ ხელმისაწვდომი ჩანაწერების სიმწირის გამო.

ამიტომაც, 2003 წელს გამოცემული კრებული ამ მხრივ ძალიან ღირებულია. ამ კოლექციაში ინსტრუმენტული მუსიკაა, რომელიც ძირითადად ვაშალომიძის წინა სოლო-ალბომებში იყო შესული, თუმცა რამდენიმე ნაწარმოები, მგონი, „ოკეანე“-ს დროსაც სრულდებოდა. ყველა ნაწარმოებს აქვს მხოლოდ თავისთვის დამახასიათებელი მომენტები და პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია – ეტყობა, რომ კომპილაცია საქმის ცოდნით შეირჩა.

ალბომზე, რათქმაუნდა, გიტარა დომინირებს. ვაშალომიძის სტილი შეიძლება დახასიათდეს როგორც Rainbow-ს დროინდელი Ritchie Blackmore-ს ბლუზური ბაროკოს და Gary Moore-ს რომანტიკული ბლუზის სინთეზი; თუმცა ამ კრებულიდან სჩანს, რომ ვაშალომიძის შესაძლებლობები გაცილებით უფრო მრავალფეროვანია; განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ქართული ხალხური მოტივების საგიტარო ინსტრუმენტალთან ძალიან ბუნებრივი ადაპტირება, რომელიც ცხადჰყოფს, რომ ვაშალომიძე არ არის უბრალოდ დასავლელი მუსიკოსების მიმბაძველი – მას მუსიკაში ბევრი საკუთარი ღირებულებაც აქვს.

მიჭირს იმის თქმა, ეს ნაწარმოებები პირდაპირ წინა ალბომებიდანაა აღებული თუ კრებულისთვის თავიდანაა ჩაწერილი. ფაქტია, რომ ჟღერადობა ერთგვაროვანია, ასე რომ მე ეს სიმღერები (უმრავლესობა მაინც) თავიდან ჩაწერილი მგონია. გიტარას ხშირად ფონად სასიამოვნო, ატმოსფერული კლავიშები გასდევს; დასარტყამები ელექტრონულია, მაგრამ ამ უნებლიე ხარვეზს ვაშალომიძის გიტარის ექსპრესია, უმეტესად, ბოლომდე ინაზღაურებს.

როგორც წესი, საგიტარო ინსტრუმენტული ალბომები შემსრულებლის ტექნიკის წარმოჩენის პლაცდარმია ხოლმე. ეს ჩანაწერი სხვანაირია; აქ ვაშალომიძე სუპერტექნიციზმის მაგივრად ემოციას ანიჭებს უპირატესობას, თავის ოსტატობას კი საჭიროებისამებრ, მხოლოდ ამ გრძნობისთვის აქცენტის მისაცემად იყენებს. შედეგად, არც ატმოსფერული ნაწარმოებები ისმის პათეტიკურად და არც სწრაფი არპეჯიოები ტოვებს უსულო ბომბარდირების შთაბეჭდილებას.

მეძნელება პირადი ფავორიტების გამორჩევა, ვინაიდან დისკი თავიდან ბოლომდე ძლიერია – მაინც, ჩემთან ყველაზე ახლოს ფოლკლორულ მოტივებზე დაფუძნებული „თუშური“ და „მწყემსური“ დგას. კიდევ გამოვარჩევდი ჰიპერენერგიულ Star Fall-ს და Thirst-ს, რომელიც, ჩემი აზრით, კრებულში მოთავსებული ბალადური ნაწარმოებებიდან, საუკეთესოა.

რომ შევჯამდეთ, ჩვენს წინაშეა მრავალფეროვანი და კომპოზიციურად ძლიერი ინსტრუმენტული კრებული, სადაც მუსიკამ შესძლო, თავი აერიდებინა გიტარისტული ეგოცენტრიზმისთვის და რომელიმე ცალკეულ ინსტრუმენტზე წინ დაეყენებნა მთავარი – მუსიკა. ჭკვიანური არანჟირებების წყალობით, ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ჟღერადობის ხარვეზები დიდად არც იგრძნობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ სუსტ ნაწარმოებს უბრალოდ ვერ შეხვდებით.

ალბომი რეკომენდებულია ლამაზი ინსტრუმენტული როკის ყველა მოყვარულისთვის. ჩემი შეფასებაა 8 / 10.

ვაშალომიძე, თავისი ასაკის მიუხედავად დღესაც აგრძელებს თავის შემოქმედებით მოღვაწეობას; როგორც ვიცი, ის მუშაობს ახალ ალბომზე, რომელიც ამ კომპილაციის შემდეგ გამოსული მისი პირველი ნამუშევარი იქნება.

გადმოსაწერი ბმულიKako Vashalomidze – The Collection

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button